„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
ნიკა ლაშხია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
ამბობს, რომ ნოსტალგიების სამყაროდანაა, წიგნამდე და პოეზიამდე ბავშვობაში პასუხგაუცემელმა კითხვებმა მიიყვანა. ფიქრისთვის რომ ბევრი დრო დარჩეს, ცდილობს განმარტოვდეს ხოლმე. ნიჭიერი პოეტია და ყველასგან მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს დურგლობა დაიწყო.

ფიქრობს, რომ ეს საქმე უკვე კარგად გამოსდის. თანაც, სახელოსნოში, სიმშვიდის მარწუხებში მოქცეული, გონებაში გაჩენილ მეტაფორებსაც აშალაშინებს... ლექსების კრებულს „დონორი“ უწოდა და როგორც უკვე თქვეს, მართლაც „ახალი სისხლია ქართული პოეზიისთვის“.  

რადგან სათქმელს უჩვეულო ფორმას უძებნის და მნიშვნელოვან აზრს მინიმალისტურად გადმოსცემს, ამიტომ ჩემი კითხვებიც მინიმალისტური და „გამომარგლულია“...

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია

- საიდან მოვიდა ნიკა ლაშხია, ანუ როგორია სამყარო, საიდანაც თავისი სათქმელით გაჩნდა „აქ“?

- მე ნოსტალგიების სამყაროდან ვარ. ყველაზე ხშირად ჩემს ბავშვობას დავტრიალებ. ბავშვობას, რომელიც უამრავი კითხვის ნიშნით იყო სავსე, უფროსები კი გულწრფელ პასუხებს აგვიანებდნენ. როცა მოგონებების სკივრში ვიხედები, ვფიქრობ, რომ ამ პასუხგაუცემელმა კითხვებმა მიმიყვანა ჯერ წიგნამდე და მერე პოეზიამდე. წარმოიდგინე, არ არის შუქი, არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ ოდესმე შესაძლოა განათდეს სახლი, ქუჩა, ქალაქი... უკვე ნასროლი ტყვიები რომ გიყრია კარადაში, რომლებსაც ხვალ აუცილებლად გადმოიღებ, რათა სიხარულით ჩასტვინო და ბედნიერება მოიგონო. იმ ნასროლი ტყვიებით ის სამხედროები გვამარაგებდნენ ხოლმე, რომლებიც ჩვენს ქუჩაზე იდგნენ. ლამის მთელი ბავშვობა ომობანას თამაშში გავლიე, თუმცა იმდენად ტკბილი იყო ყველაფერი, რომ სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ ბავშვობაში. მთავარია, არც ერთ ასაკში არ ჩაკლა შენში ბავშვი, რომ ადამიანის სახე არ დაკარგო...

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია

- იმ „ომობანას“ დროს პოეზია როგორ გაჩნდა ცხოვრებაში, ან პოეზიაში როგორ აღმოჩნდი თავად?

- ხშირად მახსნდება ხოლმე, როგორ გადმომაქვს თაროებიდან გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო და სამყარო, რასაც პოეზია ჰქვია, როგორ მიზიდავს. იმდენად, რომ თავს ვერ ვაღწევ, ვცდილობ მივბაძო მათ, ხან ერთს მოვპარავ რითმას, ხან მეორეს, შემდეგ მეტაფორების დრო დგება და ლექსიც ნელ-ნელა მჟღავნდება – მაშინ ალბათ საუკეთესო, დღეს, შესაძლოა, ღიმილისმომგვრელი. ჩვენ, ადამიანები ამბების შემგროვებლები ვართ. დიახ, იმ სამყაროდან ვარ, სადაც უხვად იყრიდნენ თავს ამბები და ახლა მოგონებების თაროებიდან ასე ფრაგმენტებად გადმომაქვს ისინი, როცა აწმყოში არაფერი ხდება და სიცარიელეს ვგრძნობ. სიცარიელე კი საშინლად მძიმეა!

- ერთ ლექსში „უ’მოძრაობა“ წერ:

„პოლიტიკოსი დგას,

ტელევიზორი დგას,

მამაჩემი დგას,

საქართველო დგას,

ჩემი შვილები დარბიან“...

როგორია შენი რეალობა და როგორ ახერხებ, რომ ის პოეტურ ყალიბში მოაქციო?

- ვერ ვიტყვი, რომ ვინმესგან განსხვავებულია, ან ვინმეს მსგავსი. თითქმის ყოველდღე ვცდილობ განმარტოებას, რათა ფიქრისთვის მეტი დრო დამრჩეს. ბოლო დროს დურგლობა დავიწყე. მართალია, ჯერ დილეტანტი ვარ, მაგრამ აშკარაა – გამომდის ეს საქმე და დღითი დღე ვიზრდები. თან ვეებერთელა თერაპიაა. სიმშვიდის მარწუხებში ვექცევი, როცა სახელოსნოში ვმუშაობ. ნახსენები მეტაფორებიც იქვე ტრიალებენ. რამე ხელჩასაჭიდი თუ გამოჩნდა, ტელეფონში ვინიშნავ, რომ ღამე ჩავუჯდე და ლექსის ფორმა მივცე.

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია

- სიცოცხლე რომ საინტერესო იყოს...

- როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, ყოველ დღეს ისე აღვიქვამ, თითქოს უკანასკნელი იყოს. ასე უფრო საინტერესოა სიცოცხლე, რადგან შეუძლებელია სიყვარული, მონატრება ხვალისთვის გადადო. როგორც პაულ ცელანის ერთ-ერთ ლექსშია „ისე ახლოს ხარ, თითქოს დამტოვე". აი, ასე ახლოს უნდა იყოს სამყარო ჩვენთან, ასე უნდა გვიყვარდეს. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიურობის მხატვრები ვართ, შესაძლოა, შედევრებს ვერ ვქნიდეთ, მაგრამ საინტერესო პროცესში ვიყოთ და ხელები საღებავებით გასვრილი გვქონდეს.

- „ქუჩა კი, თავის მხრივ, ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო, თუ, რა თქმა უნდა, ნაცნობი არ შეგხვდა“... რითი მოგაბეზრა თავი „ნაცნობმა“?

- ზოგჯერ ისე ვარ, საკუთარი თავი მბეზრდება და ყველას და ყველაფერს მინდა გავექცე. ეპოქა და ქვეყანა, სადაც ცხოვრება გვიწევს, სამწუხაროდ, გვაძლევს იმის „ფუფუნებას", რომ ეს სურვილი მუდამ სუფევდეს ჩვენში. წარმოიდგინე, ქუჩაში მიდიხარ, ფიქრობ, მომავლის სარკეში იხედები, სადაც დღევანდელ რეალობას ბევრად ჯობიხარ და უცებ ნაცნობი გხვდება, რომელიც გახსენებს, რომ ის ხარ, ვინც მომავლის სარკეში ჩახედვამდე იყავი. გახსენებს, რომ აწმყოში ხარ. არადა, მართლა საჭიროა ხოლმე, ყველას და ყველაფერს გავექცეთ, ან F5 ღილაკს დავაჭიროთ, გადავტვირთოთ. ბესიკ ხარანაულის ლექსი გამახსენდა:

„ის როგორღაა,

როცა შენს თავსაც ემალები

ვარსკვლავებსაც –

და იატაკი მაინც ჭრიალებს“...

სადაც უნდა გავიხედოთ, რასაც არ უნდა ავეფაროთ, ვჩანვართ. ჰოდა, ვისურვებდი, დაე, ისეთები ვჩანდეთ, როგორებიც მართლა ვართ.

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია შემოქმედბით შეხვედრაზე
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია შემოქმედბით შეხვედრაზე

- თუ იცი, იმედის იმედად როდის არ უნდა დარჩე?

- გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთ მოთხრობაშია მატარებლის ჭერზე შემორჩენილი იმედის ლაქა. ყოველთვის, როცა ახსენებენ იმედს, რატომღაც ეს ლაქა მახსენდება. ლაქა, რომელსაც ვერაფერი ამორეცხავს, ვერაფერი წაშლის. ამ ლაქასავითაა ადამიანში იმედი. თუმცა არიან იმედები, რომლებიც გვატყუებენ, ან კვდებიან. უნდა განასხვავო ისინი, რამდენადაც შესაძლებელია, ხელი ჩასჭიდო და მიენდო. იქნებ ხავსია, რომელიც ბოლოს არაფერში ჩაგითრევს, იქ, სადაც მარტო მზერის ამარა რჩები, ცოდო ხარ, ვერ გაუძლებ...

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია

- „სხვადასხვა კადრებისგან შექმნილი ფილმივით ვარსებობდით”... რა ჟანრის ფილმია „ნიკა ლაშხია“ და მასში ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი რომელია?

- ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმე ჟანრს მიეკუთვნება. რაც მთავარია, მძაფრსიუჟეტიანი და საშინელებათა ჟანრი არ არის. შესაძლოა იყოს კომედია, დრამა, ტრაგიკომედია, მაგრამ მე ყველგან ის ჯიმ კერი ვარ, კომედიური ფილმებიდან რომ გვახსოვს. ვცდილობ პოზიტიური ვიყო. ვცდილობ ბევრი რამ არ შემეტყოს. შესაძლოა გამომდის, მაგრამ პოეზიაში ვერაფერს გაექცევი. იქ უფრო ვჩანვარ, ვიდრე ყოველდღიურ რუტინაში, მეგობრებთან ურთიერთობაში. ნებისმიერ ჟანრში უნდა გავიღიმოთ, გადამდებად გავიღიმოთ, ბოლომდე, დაუფარავად, რაც უნდა ძნელი იყოს, სხვაგვარად გავაფრენთ!..

- იცი, როგორ იყო ბედნიერი?

- მე ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და ალბათ ესაა ბედნიერება. შინაგანად უნდა იყო ბედნიერი და ღიმილიც არ დაიცდის...

© photo: courtresy of Nika Lashkhiaნიკა ლაშხია
„გადამდებად უნდა გავიღიმოთ – სხვაგვარად გავაფრენთ!“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ნიკა ლაშხია

- „ჩემი ცხოვრების ადამიანი“ - ვისზე შეგიძლია ასეთი რამ თქვა?

- ყველა იმ ადამიანზე, ვისი წაკითხვაც, ასე თუ ისე, მოვახერხე, ვინც ახლაა „გადაშლილი და ვკითხულობ“. არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან და მზერის გარდა არაფერს ტოვებენ. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაყურადებენ და ვერ ცდები მათ ნაპირებს. თუმცა, თუ ჩავუღმავდები და თუ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ ადამიანზე უნდა ვისაუბრო, ვიტყვი, რომ ეს დედაჩემია, მთელი თავისი რთული, სამართლიანი ცხოვრებით. მისგან ვისწავლე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, რომ შეიძლება ყველაფერი ქარმა წალეკოს, მაგრამ სადღაც უძრავად დგანან მთები...

 

ყველა ახალი ამბავი
0