ქეთი გვარამაძე

ქართული ბრენდი „ანაგერა“ და დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელს ხელით ხატავს

737
(განახლებულია 18:44 03.05.2021)
დიზაინერი ქეთი გვარამაძე მათ შორისაა, ვინც დღეს თავის პატარა გუნდთან ერთად ქართულ პროდუქციას ქმნის.

ეს ხარისხიანი მასალით შეკერილი, მისივე დიზაინით შექმნილი და  მოხატული ფეხსაცმელია, რომელსაც სერიულად აწარმოებენ. „ანაგერას“ ქართულ ნაწარმზე უკვე დიდი მოთხოვნაა. ისინი ძირითადად საქართველოს დიდ ქალაქებში იგზავნება. თუმცა პანდემიის დროს მათ მიმართ ინტერესი უცხოეთიდანაც წამოვიდა.

ქეთი გვარამაძე
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძე

-ქეთი, როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

- ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში, მაშინ დაახლოებით ათი წლის ვიყავი, გადავწყვიტე, დიზაინერი გავმხდარიყავი. მოგვიანებით სურვილი ავისრულე და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. სტუდენტობის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ერთ-ერთ ცნობილ ფეხსაცმლის მაღაზიაში მეგობარს მოდელს ვურჩევდი, იმ დროს ყურადღება მომაქცია გამყიდველმა. მან მითხრა, რომ ისინი დამწყებ დიზაინერსა და კონსტრუქტორს ეძებდნენ. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მოდის ამ სფეროში.

ქეთი გვარამაძე
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძე

- საკუთარი საწარმო როდის გახსენით?

- ეს ცოტა მოგვინებით მოხდა. ამ სფეროში გავიცანი მომავალი მეუღლე. სწორედ მისი დაჟინებული სურვილით და ამ საქმისადმი დიდი სიყვარულით ხუთი წლის წინ, ჩვენი პატარა საწარმო გავხსენით. აქ ვკერავთ ქალისა და ბავშვის (გოგოს) ფეხსაცმელს, რომელიც მხოლოდ ნატურალური მასალისგან მზადდება. ვცდილობთ, რომ ფერის, ფაქტურისა და კონსტრუქციის გათვალისწინებით, თანამედროვე მოთხოვნები და სტანდარტები დავიცვათ.

ქეთი გვარამაძის ნამუშევარი
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძის ნამუშევარი

- როგორ ფეხსაცმელზეა დღეს ჩვენთან მოთხოვნა?

- ეხლა არის ტენდეცია, რომ ფეხსაცმელი უფრო მსუბუქი და რბილი იყოს ვიდრე ათი წლის წინ. თუმცა ამ სტანდარტების დაცვის დროს, საკუთარ ხელწერასაც არ ვკარგავთ. ეს კი ჩვენს ფეხსაცმელს სხვებისგან გამორჩეულს ხდის. რაც მთავარია, ფეხსაცმელს მხოლოდ საკუთარი დიზაინით ვკერავთ.

ქეთი გვარამაძის ნამუშევარი
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძის ნამუშევარი

- ეს სახელწოდება რატომ შეურჩიეთ?

-„ანაგერა“ ჩვენი ფეხსაცმლის მარკის სახელია, რომელსაც ასე, სიმბოლურად, ჩვენი შვილის სახელისა და გვარის მიხედვით დავარქვით. ჩვენს პატარა ბუდეში, (ასე ვეძახი საწარმოს) სულ ხუთი ადამიანი ვართ დასაქმებული. იქ სერიულად ვაწარმოებთ ფეხსაცმელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ნაწილდება ბაზარზე. თუმცა ვმუშაობთ ასევე ინდივიდუალ შეკვეთებზე, მაგალითად, პრობლემურ ფეხზე მორგებით ან როცა მომხმარებელს რამე განსხვავებული ნაწარმი უნდა.

ქეთი გვარამაძის ნამუშევარი
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძის ნამუშევარი

- პირველად რა და როდის შექმენით?

-პირველად ფუნჯით ნახატი დავახატე ბავშვის ჩექმაზე, ამან ჩემში დიდი ემოცია დატოვა. მაშინ გავიფიქრე: ძირს პრინტი! ეს იყო საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრისგან გამოწვეული სიამოვნება და სიხარული. მას შემდეგ ძალიან ბევრი და განსხვავებული შეკვეთა შევასრულეთ. არის განსაკუთრებული შეკვეთები, რომლებიც ეხლაც მახსოვს.

ქეთი გვარამაძის ნამუშევარი
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძის ნამუშევარი

- რომელმა ნამუშევარმა მოგიტანათ მეტი ცნობადობა?

- მიჭირს მათგან ერთი კონკრეტულის გამოყოფა. რადგან განსხვავებულ პროდუქციას ვქმნით და ის მოთხოვნადიცა. თუმცა ცნობადები უფრო ხელით ნაქსოვი მწვანე კედებით გავხდით.

ქეთი გვარამაძის ნამუშევარი
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძის ნამუშევარი

-ხელოვნებისადმი თქვენი მიდრეკილება გენეტიკურია?

-როცა სახლში დავრჩი ჯინსზე ხატვა დავიწყე. სხვათა შორია, მე ტყუპის ცალი მყავს და ისიც ხატავს. ბედნიერებაა გყავდეს ტყუპისცალი და შენს სულს სხვაში გრძნობდე.

ქეთი გვარამაძე
photo: courtesy of Keti Gvaramadze
ქეთი გვარამაძე

- პანდემიის დროს თუ გაიზარდა თქვენი ცნობადობა?

- პანდემიიდან გამომდინარე, უფრო აქტუალური გახდა ონ-ლაინით შეკვეთები. როდესაც ჩვენი ნაწარმი გამოვფინეთ სოციალურ ქსელებში, ძალიან მალე გაგვიჩნდა ბევრი გამომწერი. მათ შორის, მიხარია, რომ ჩვენი ემიგრანტები არიან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და ამერიკიდან. მათთვის ალბათ გაცილებით სასიამოვნოა, როცა სამამულო წარმოების, ხარისხიან, ქართულ პროდუქციას იძენენ.

 

 

737
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“ ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

734
(განახლებულია 19:39 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმია. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ ამ დროს გაიხსენა ბავშვობის დროინელი გატაცება. და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რაც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპონდენტის ადგილზე ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვაა ჩემი მოვალეობა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21-წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და, ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

- პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ ამას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ-პაციენტის მიღების შემდეგ ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო, ოჯახის წევრებს საფრთხე რომ არ შევუქმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემ პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რამაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს, ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე - რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად აღდგომის ის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ!..

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

734
ჯაბა გეგეშიძე

პრაღის ნაციონალური თეატრის ქართველი მომღერალი, ანუ როცა ოცნებაზე უარს არ ამბობ

944
(განახლებულია 21:20 05.05.2021)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად პრაღის საოპერო თეატრის ქართველ მომღერალს ჯაბა გეგეშიძეს გაგაცნობთ.

რაც თავი ახსოვს, მუსიკით ცხოვრობდა, სცენა მისი ოცნება იყო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ გარკვეულ გარემოებებს გაუწია ანგარიში, როდესაც საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მუსიკაზე ფიქრს სწავლის წარჩინებით დამთავრების მერეც ვერ შეელია და მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ამიტომ ერთ დღესაც ახლობლები ფაქტის წინაშე დააყენა – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე სოლო აკადემიური სიმღერის, ანუ მისთვის საოცნებო სპეციალობაზე ჩააბარა.

თბილისის კონსერვატორიის შემდეგ იყო ლისტის მუსიკის აკადემია... დღეს კი ჯაბა გეგეშიძე პრაღის ნაციონალური თეატრის წარმატებული საოპერო მომღერალია და თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული.

რაც მთავარია, ახლა ზუსტად იცის: თუ გინდა ბედნიერი და შემდგარი პიროვნება იყო, საკუთარ ოცნებაზე უარი არასოდეს უნდა თქვა!

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- ბატონო ჯაბა, როცა გავიგე, რომ სცენამდე იურისტობა გქონდათ გადაწყვეტილი, გამიკვირდა...

- საქმე ისაა, რომ ბავშვობიდან ვიზრდებოდი მამიდასთან, რომელსაც საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. იგი უაღრესად ნაკითხი და განათლებული პიროვნებაა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ საშუალო განათლების დამთავრებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მეც წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მას სურდა არა იურისტი, არამედ, როგორც თავად ამბობდა, „მცოდნე ადამიანი აღეზარდა“. აღნიშნული ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე. სიმღერა კი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მამიდაჩემი მუსიკისადმი ჩემ დამოკიდებულებას სერიოზულად ვერ აღიქვამდა.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- კონსერვატორიაში ჩაბარების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

- ერთ დღეს განვაცხადე, რომ მსურდა კონსერვატორიაში ჩაბარება, რაზეც მამიდამ მიპასუხა, რომ ეს იყო შეუძლებელი – ეს იურისტობისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიააო. თუმცა ამავე დროს მიხვდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება გულწრფელი და საბოლოო იყო. მისთვის დაუჯერებელი იყო, როდესაც შევატყობინე, რომ მე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო-აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თანაც უფასოზე. აი, მაშინ ყველა დარწმუნდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მეც დიდი ხნის ოცნება ავისრულე.

ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე
ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე

- ვინ არის ის ხალხი, ვინც შემოქმედებით გზაზე შემოგხვდათ და თქვენ პროფესიულ ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი შეიტანა?

- ადამიანები, რომელთაც ჩემ პიროვნულ ზრდაზე გავლენა იქონიეს, ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი და ქალბატონი მანანა დოიჯაშვილია. ჩემი, როგორც მომავალი მომღერლის, განვითარება–ჩამოყალიბებაში მათი უდიდესი დამსახურებაა. მოსამზადებელ პერიოდში ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა ქალბატონები ვალენტინა ნაკაიძე, ჟუჟუნა ახობაძე, მაია ტაბლიაშვილი, ეკა ონიანი, მარიკა ნადარეიშვილი, ნანა კალანდაძე, ნანა შარიქაძე, რომელიც დღეს კონსერვატორიის მოქმედი რექტორია. უღრმესი მადლობა მათ გაწეული შრომისათვის. ამავე პერიოდში მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მარინა ჭანიშვილთან, თემურ ელიავასთან და მარინა შენგელიასთან, ასევე უღრმესი მადლობა მათ გაწეული ღვაწლისთვის. სწავლის ოთხწლიანი პერიოდი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ უსამართლობას შევეჩეხე. თუმცა ამან უდიდესი ბრძოლისუნარიანობა შემმატა, რათა ჩემი გადაწყვეტილების სიზუსტე დამემტკიცებინა ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდგომ მათთვის, ვინც მუდმივად მიქმნიდა ბარიერს, ძალა შემმატა, რომ წინ წავსულიყავი.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- კონსერვატორიის შემდეგ იყო ლისტის მუსიკის აკადემია, როგორ აღმოჩნდით იქ?

- ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. სწორედ ამ დროს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა შარიქაძემ შემომთავაზა, რომ დეპარტამენტის საიტზე დავრეგისტრირებულიყავი და ჩემი მონაცემები და ჩანაწერები გამეგზავნა. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედი არ მქონდა, მაგრამ მალე მაცნობეს, რომ ფერენც ლისტის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში გაცვლითი პროგრამით მოვხვდი და მეც უნგრეთში, ბუდაპეშტში გავემგზავრე.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- რა მოგცათ ლისტის მუსიკის აკადემიაში სწავლის პერიოდმა?

- ეს იყო ცხოვრებაში დაუვიწყარი პერიოდი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა. ამავე აკადემიაში დავესწარი მსოფლიო ხუთეულში შესული და აღიარებული სოპრანოს ევა მარტონის ღია მასტერ-კლასს, რამაც ჩემ პროფესიულ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მახსოვს, მას ისე ყურადღებით ვუსმენდი, რომ პირველივე მასტერ-კლასზე შემამჩნია, თავისთან მიხმო და გამესაუბრა. როდესაც მომისმინა, უფასოდ და სრულიად უანგაროდ ჩამიტარა რამდენიმე გაკვეთილი და მითხრა, ძალიან მუსიკალური ხარ და ლამაზი ხმა გაქვსო.

ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად
ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად

- თბილისში მიღებული ცოდნა-გამოცდილება თუ დაგეხმარათ?

- აკადემიაში სწავლის პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა რეჟისორებსა და დირიჟორებთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას. ამაში უდავოდ გამომადგა საქართველოში, საოპერო სტუდიაში სწავლის დროს მიღებული გამოცდილება. ეს დიდი დამსახურებაა იმ ადამიანებისა, ვისი საშუალებითაც შევიძინე ამგვარი ცოდნა-გამოცდილება, ესენი არიან: დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ჭიჭინაძე, პაპუნა ღვაბერიძე, რეჟისორები მაია გაჩეჩილაძე და ლელა გვარიშვილი, კონცერტმაისტერი მაია რეხვიაშვილი. სწორედ მათთან მიღებული ცოდნა დამეხმარა იმაში, რომ იმ უდიდეს აკადემიაში წარმატებისთვის მიმეღწია.

ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე
ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე

- პრაღის ნაციონალურ თეატრში როგორ აღმოჩნდით?

- უნგრეთში სწავლის პერიოდში გავიცანი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მოვასმენინე ჩემი ნამღერი, მათ მაცნობეს, რომ შემდგომი სეზონისთვის კონკურსი ჩეხეთში, ქალაქ პრაღის ნაციონალურ თეატრში ცხადდებოდა და თუ მექნებოდა სურვილი, საბუთების მომზადებაში დამეხმარებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი წყდებოდა. ამის მერე მათთან მუდმივი კავშირი მქონდა. გარკვეული დროის მერე ისინი დამიკავშირდნენ და მე მივიღე მონაწილეობა კონკურსში. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი მონაცემები და მეც გადავწყვიტე, არ გამეშვა ხელიდან ეს შანსი, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვწირავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ მხარდაჭერა აღმომიჩინა.

- პრაღის ეროვნული თეატრის რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული?

- პრაღის ნაციონალური თეატრი მოიცავს სამ სფეროს – ოპერა, ბალეტი და დრამატული თეატრი. ამიტომ მათი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. მე თითქმის ყველა ენაზე განხორციელებულ სპექტაკლში ვარ დაკავებული. პირველ რიგში, ესაა ჩეხური, გერმანული, იტალიური, ფრანგული და ა.შ. ყველა მათგანი წარმატებულია, თუმცა რამდენიმე ოპერას მაინც გამოვყოფ. ესაა ბიზეს „კარმენი, პუჩინის „ტურანდოტი" და ახლახან ახალი რეჟისურით დადგმული მოცარტის ოპერა „დონ ჯოვანი". რეჟისორების მადლობა სწორედ ამ უკანასკნელ ოპერაში მონაწილეობის დროს დავიმსახურე. საერთოდ, გარშემო ძალიან ყურადღებიანი ადამიანები მყავს. რამდენიმე კოლეგა ვმეგობრობთ და ერთმანეთთან ხშირად დავდივართ სტუმრად. თეატრს მიღმაც ძალიან საინტერესოა ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლისთვისაც საოპერო კულტურა მნიშვნელოვანია.

- სამშობლოდან შორს მყოფი როგორ გრძნობთ თავს?

- არ ვიქნები გულწრფელი, თუ გეტყვით, რომ შორს ვგრძნობ თავს სამშობლოდან, რადგან არსებობს კავშირი და არა მანძილი. შეიძლება ცოტა რთულად ვთქვი, მაგრამ შევეცდები ავხსნა: ჩვენ თავად ვქმნით ისეთ გარემოს, როგორიც გვსურს. ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო, რადგან დედამიწა ერთია და ერთია სამყარო. პირადად მე სწორედ ამგვარი დამოკიდებულება მეხმარება იმაში, რომ თავი უცხოდ არ ვიგრძნო. მიუხედავად ამისა, ახლა სიამოვნებით ვესტუმრებოდი ქალაქ სენაკს, სადაც დავიბადე. მენატრება ჩემი მეგობრები, რომელთაც ვუყვარვარ და ინტერნეტის საშუალებით მათთან ხშირად მაქვს ურთიერთობა.

ჯაბა გეგეშიძე პაატა ბუეჭულაძესთან და ანანო ხერხეულიძესთან ერთად
ჯაბა გეგეშიძე პაატა ბუეჭულაძესთან და ანანო ხერხეულიძესთან ერთად

- საუბარი ოპერით დავასრულოთ, რომელია თქვენი საყვარელი არია?

- ჩემი უსაყვარლესი არიაა პუჩინის კავარადოსის მეორე არია ოპერიდან „ტოსკა". ესაა ჩემი სევდა და სიყვარული. საერთოდ, ყველა მუსიკალურ ნაწარმოებს ყოველთვის გულით ვაჟღერებ და თითოეულ ბგერაში ქართულ გულსა და სულს ვდებ...

 

944
თემები:
ქართველები უცხოეთში
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0