მარი მახარობლიძე

ხელოვნება, რომელიც მიწის წიაღიდან იწყება: მარი მახარობლიძის კერამიკული ნამუშევრები

160
(განახლებულია 20:36 30.04.2021)
თითქოს მარტივია, სინამდვილეში კი საკმაოდ რთულია თიხის კვერცხებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, კერამიკულ ნამუშევრებზე ულამაზესი ორნამენტები, ფრინველები, ცხოველები, ბუნების უმშვენიერესი პეიზაჟები ისე გადაიტანო, რომ მნახველში უჩვეულო ემოცია და სასიამოვნო განცდები აღძრა.

მარი მახარობლიძე საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს. აქვს კერამიკის სახელოსნო, სადაც ულამაზესი ნამუშევრები იქმნება. მარი თიხას სათანადოდ ამუშავებს, მისგან სხვადასხვა ფორმებს ძერწავს, წვავს და დეკორით ამკობს. ამის შესახებს დაწვრილებით მარი თავად გიამბობთ.

მარი მახარობლიძე
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძე

- პროფესიით მხატვარი ვარ. ძირითადად კერამიკით ვარ დაკავებული. მაქვს კერამიკის სახელოსნო, სადაც ვმუშაობ და ვასწავლი კიდეც. ვცხოვრობ თბილისში. მიყვარს და მიტაცებს ყველაფერი, რაც ხელით იქმნება.

მარი მახარობლიძის ნამუშევარი
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევარი

- რამდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია თქვენთვის აღდგომა?

- აღდგომა, როგორც ყველა ქრისტიანისთვის, ჩემთვისაც განსაკუთრებული დღესასწაულია. აღდგომა ასოცირდება გაზაფხულთან და ყველაფრის ახლიდან დაბადებასთან. როგორც ყველა, მეც დიდი სიხარულით და სამზადით ველოდები ამ დღის დადგომას.

მარი მახარობლიძის ნამუშევრები
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევრები

- ეს განწყობა თქვენს ნამუშევრებშიც იგრძნობა. ულამაზესი და საოცარი სააღდგომო დეკორაციები გაქვთ შექმნილი. როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს?

- თიხა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი სურვილები და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანოთ, თიხაზე მუშაობა ხომ ღმერთის ხელობაა. ცოტა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მოულოდნელობებით არის აღსავსე. საინტერესოც სწორედ ამიტომაა. არასდროს არ იცი საბოლოოდ რა გამოვა. როდესაც გამოვძერწავ, მის გაშრობას 3–4 დღე სჭირდება, შემდეგ პირველი გამოწვა, მოხატვა, მოჭიქურება და ისევ ღუმელი. ამ 10-დღიანი ეტაპის შემდეგ ელოდები სასწაულს.

მარი მახარობლიძის ნამუშევარი
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევარი

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

- შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს: ამინდი, ხასიათი, განვლილი დღე, მეგობარი, ემოცია და ა.შ.

მარი მახარობლიძის ნამუშევარი
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევარი

- როგორ ხატავთ კვერცხზე? რთული არ არის მცირე ზომის ნივთებზე ხატვა?

- სიმართლე გითხრათ, თიხაზე ხატვა იმაზე რთული პროცესია, ვიდრე ტილოზე ან სხვა ტექნოლოგიაში. ხშირად დამთენებია ერთი ნივთის მოხატვაში, მაგრამ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოცაა. ბევრი ძალისხმევა, სიზუსტე სჭირდება, მაგრამ შედეგი იმდენად საინტერესო და სასიამოვნოა, რომ შემდეგ ვფიქრობ - ეს ამად ღირდა.

მარი მახარობლიძის ნამუშევარი
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევარი

- სხვა სახის დეკორაციებს თუ ქმნით, ან სხვა ხელსაქმე თუ გეხერხებათ?

- კი, გამოყენებითი ხელოვნება მაქვს დამთავრებული. ვიცი გობელენები, ბატიკა, თექა, ტიხრული მინანქარი, ტანსაცმლის დიზაინი და კიდევ მრავალი სხვა.

მარი მახარობლიძის ნამუშევრები
photo: courtesy of Mari Makharoblidze
მარი მახარობლიძის ნამუშევრები

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...

- სამომავლოდ ვაპირებ გამოფენის გაკეთებას და პატარა შოურუმის გახსნას. იმედია ყველაფერი მალე გამოსწორდება და დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

 

160
არჩილ ჭოტაშვილი

25 წლიანი მეგობრობა სიმღერის ფონზე და ადგილი, რომელიც ბევრი უპოვარისთვის შვებად იქცა

43
(განახლებულია 07:28 08.05.2021)
ხშირად წინასწარ რაიმეს განსაზღვრა  ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგან  შენს ისტორიას ბედისწერა მაინც საკუთარი სცენარით გააგრძელებს...

როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოვრების გზა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთ დღეს პარტერიდან სცენაზე გადაინაცვლა, 1996 წლიდან კი მისი პოპულარობის ათვლა დაიწყო. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელე გახდა და სცენისკენ გზას ახლა უკვე სხვებს უკვალავდა.

ასეთია რამდენიმე წინადადებით გადმოცემული არჩილ ჭოტაშვილის შემოქმედება და საქმიანობა. დღეს იგი საქველმოქმედო კავშირის „თემი“ მოხალისე პედაგოგია და მათთან ერთად მუსიკალურ და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი თავად მოგვიყვება.

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

- ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თავის დროზე რამდენად საინტერესო და რთული აღმოჩნდა თქვენთვის სცენიდან-კულისებში გადანაცვლება?

-ალბათ ნებისმიერი შემოქმედისთვის და ზოგადად პიროვნებისთვის რთულია სივრცისა და დროის შეზღუდვა, მაგრამ არაერთი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპლექსური მიზეზების გამო, მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არსებობა სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივედი, იქ დამხვდნენ საოცარი თანამშრომლები, რომლებთანაც ახლაც ვმუშაობ და ვმეგობრობ. შემსრულებლის გამოცდილებამ ნამდვილად გამიმარტივა სამინისტროს ყოველდღიურობასთან შეგუება. ქართული ფოლკლორის თემები ჩემთვის არ იყო უცხო როგორც ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, ისე პროფესიული გამოცდილების კუთხით, თუმცა ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებები და პრობლემები მხოლოდ სამინისტროში მისვლის შემდეგ დავინახე. 

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

-დავაკონკრეტოთ, სამინისტროში თქვენ იყავით „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ კოორდინატორი. კონკრეტულად როგორ გამოიხატა იმ პროგრამის მხრიდან ქართული ხალხური ხელოვნების მხარდაჭერა?

-მაშინ, 90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ანსამბლებს ჰქონდათ ახალი სასცენო სამოსი და გამართული ხალხური საკრავები. ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, ასობით მომღერალს და მოცეკვავეს შევუკერეთ სასცენო სამოსი და დავუმზადეთ ტრადიციული და ტემპერირებული საკრავები. სასიამოვნო იყო ოსტატებთან ურთიერთობა, რომლებმაც თავისი შრომით და ცოდნით დიდი ამაგი გასწიეს ქართული ფოლკლორის ასაღორძინებლად. სამწუხაროდ ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია. მეამაყება, რომ სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის შევიძინეთ თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც რეგიონებში ექსპედიციებში გამოიყენებოდა.

არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“
არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“

-რეგიონებში როგორ ხორციელდებოდა მსგავსი პროექტები?

-სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევდა რეგიონებში კულტურის სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოგზაურობა, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ.  მაშინ უამრავი კულტურის სახლი აღიჭურვა სასცენო და კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით, რის შემდეგაც მათ ახალი სიცოცხლე დაიწყეს. განსაკუთრებით მიხაროდა საბავშვო და ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლების აღმოჩენა და მათი დახმარება. საქართველოს მასშტაბით სარეპეტიციო და პროფესიონალური აპარატურა არაერთ ახალბედა მუსიკოსს და ანსამბლს გადავეცით.

ჯგუფი „ფლეში“
ჯგუფი „ფლეში“

- საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებთან თუ გქონდათ  ურთიერთობა?

- დიახ, მე ვიმუშავე ევროპაში არსებულ ქართულ დიასპორასთან და ზემოხსებული პროგრამის ფარგლებში, სასცენო სამოსი და საკრავები მათაც გავუგზავნეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისტორიულ ჰერეთში არსებული ანსამბლების მხარდაჭერა. მაშინ გავიცანი ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს  საზღვარგარეთ ცარიელი ენთუზიაზმით ინახავდნენ. ასევე საინტერესო გამოდგა ქართული სამოსისა და საკრავების ავთენტურობის საკითხზე მუშაობა. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია.

არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე
არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პატრიოტული სიმღერების კონკურსებისა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „პატრინოტი“...

-„პატრინოტის“ ფესტივალი, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელედ ყოფნის პერიოდში, ნამდვილად ამოსუნთქვას ჰგავდა. ნაცნობ წრეში განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა მუშაობა, მითუმეტეს როცა ამ შრომას კარგი შედეგიც მოჰყვება. ამ ფესტივალის მადლიერი ბევრი კომპოზიტორი და შემსრულებელი იყო. სიმღერების შერჩევა პროფესიონალ კომპოზიტორთა ჟიურის ევალებოდა. მაშინ საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. კონკურსში გასული სიმღერები რეპეტიციებზე მუშავდებოდა და შემდეგ სატელევიზიო ტურებზე ცოცხლად სრულდებოდა ბენდის თანხლებით. იმ დროს გავიცანი უნიჭიერესი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ ვცდები, ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე, სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდა პირველად ჯგუფი „მგზავრები“. ასევე ფესტივალის მეშვეობით წარმოჩინდა ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი.

თემის წევრები
თემის წევრები

-ცნობილია, რომ ყველაზე რთული სიმღერის დაწერა პატრიოტულ თემაზეა, რომელი სიმღერა და შემსრულებელი დაგამახსოვრდათ?

-იმ ფესტივალიდან დამამახსოვრდა ის ფაქტი, რომ მასში უამრავი სიმღერა შემოვიდა სოხუმზე. „პატრინოტის“ მიმდინარეობისას გავიცანი ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ტონი ომეილი (Tony O’Mally). რომლის სიმღერამ ,,ჩემი ვედრება“ (Hear My Plea!) დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით  მისი ჩაწერა გადაწყდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არანჟირების ავტორი, ტონი ომეილთან ერთად ზურა მახნიაშვილი იყო. მართალია, იმ სიმღერამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჰიმნის ვერსიაც კი ჩავწერეთ. მასში მონაწილეობდნენ: რატი დურგლიშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ლევან ლაზარაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ია ჩანტლაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო კაკულია, ჯგუფი „ფლეში“, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, მაია დარსმელიძე და ვერიკო ტურაშვილი. ის სიმღერა აშშ-ს მაშინდელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილი სიტყვებით -„Today we are all Georgians” იწყებოდა. საინტერესო იქნებოდა ვიდეოკლიპზე მუშაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

-დღეს თქვენ საქველმოქმედო კავშირის ,,თემი“ მოხალისე პედაგოგი ხართ, რას წარმოადგენს „თემი“ და თქვენი როლი კონკრეტულად რაში გამოიხატება?

-თემში (www.temi-community.org) მამაჩემის წყალობით მოვხვდი და  მისი დამაარსებლების ენთუზიაზმმა გამაოცა. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არსებობდა. ეს თემა თითქმის ტაბუირებული იყო. თემი ყვარელში, სოფელ გრემში მდებარეობს. თავიდან  გრემელები მათ „გიჟებს“ ეძახდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იმდენად გამყარდა, რომ ოჯახებიც შეიქმნა. ამჟამად თემი და სოფელი ერთმანეთს აძლიერებს. თემი ბიომეურნეობას (მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და სხვ.) მისდევს და ცდილობს საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფოსა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნას ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

-თქვენ ახსენეთ, რომ ეს თემა მაშინ თითქმის ტაბუირებული იყოო, თქვენი პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მახსოვს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეტოვებინა ისეთი კატეგორიის ადამიანები, თავისი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარების გარეშე ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეეძლოთ. საარაკო თავდადების წყალობით, ეს ადგილი ბევრი უპოვარისთვის საკუთარ სახლად იქცა. აქ ვნახე პირველად ოქსფორდიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თემის მაცხოვრებლებისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ. საწყენი იყო, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები ათეულობით წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ თემის  ცხოვრებით. ნამდვილად არაა შემთხვევითი ის, რომ ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სწორედ თემის მაცხოვრებლების ინსპირაციით გადაიღო მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა“. 

- თქვენი საქმიანობა თემელებთან სიმღერით დაიწყო?

- რა თქმა უნდა სიმღერით დაიწყო. თემელებთან ერთად, იქ ყოფნის დროს, ბევრი სიმღერა ვისწავლე. ხალხურ და სხვა ჟანრის სიმღერებს მათ ახლაც ვასწავლი. ერთი სიმღერის დაწერაც კი მოვახერხე და ის თემის შესახებ გადაღებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ამჟამად ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას, თემელებს და გრემელ ბავშვებს ძალიან კარგი პედაგოგი და მუსიკოსი, ქეთინო ზარდიაშვილი ასწავლის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა „ფლეში“ თქვენს ცხოვრებაში, როგორ და სად გააგრძელებდა საქმიანობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

- პირველად, სცენაზე, ჩვენი ჯგუფი სახელით „FLASH“-ი 1996 წელს გამოვიდა. ასე რომ, წელს, 25 წლის იუბილე გვაქვს.  ზუსტად 25 წლის წინ, 16 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახლობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პარტერში, როგორც მსმენელი ვიჯექი და ჩემი მეგობრების პირველ აკაპელას „მზე ჩადის ზღვაში“ და ასევე აკაპელა -ინტერპრეტაციას ბითლზის უკვდავ სიმღერაზე „Yesterday” აპლოდისმენტებით და ოვაციებით ვხვდებოდი... წელს, ჩვენი იუბილე მოკრძალებულად ავღნიშნეთ, თემისთვის საჩუქრად ჩავწერეთ სიმღერა, რომლის მეშვეობით მათზე გადაღებული ახალი ფილმი მუსიკალურად გავაფორმეთ. როცა ხშირად ვამბობდით, „ფლეში“ უკვდავიაო, ამაში ჩვენს მეგობრობას ვგულისხმობდით, დრომ გვიჩვენა, რომ ასეცაა...

 

43
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“ ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

761
(განახლებულია 19:39 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმია. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ ამ დროს გაიხსენა ბავშვობის დროინელი გატაცება. და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რაც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპონდენტის ადგილზე ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვაა ჩემი მოვალეობა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21-წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და, ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

- პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ ამას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ-პაციენტის მიღების შემდეგ ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო, ოჯახის წევრებს საფრთხე რომ არ შევუქმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემ პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რამაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს, ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე - რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად აღდგომის ის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ!..

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

761
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან

დიადი არა ომი, არამედ ადამიანია, რომელიც ომში იბრძოდა ოღონდ ეს ყველაფერი არ განმეორდეს

0
(განახლებულია 15:59 08.05.2021)
„Sputnik-საქართველოს“ ავტორი იხსენებს თავის ბაბუას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და ბერლინამდე ჩააღწია

სანდრო მგელაძე, სპეციალურად Sputnik–თვის

გამოგიტყდებით და ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ომზე გადაღებული ფილმების ყურება. მაშინ, 1970-იან წლებში, მთელ ამ აურზაურს - აფეთქებებს, სროლას, ადამიანების სიკვდილს - სერიოზულად არ აღვიქვამდით. არ ვიცი რატომ - შეიძლება ძალიან პატარები ვიყავით, ან კიდევ ომი იყო ძალიან შორს ჩვენგან როგორც დროით, ისე მანძილით.

თუმცა კარგად მახსოვს, როგორ იმეორებდა ხოლმე ბებია თავისთვის ომზე ფილმებისა და ახალი ამბების ყურების დროს: „ოღონდაც ეს ყველაფერი არ განმეორდებოდეს!“ 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

ჩემი ორივე ბაბუა ფრონტზე იბრძოდა. ერთი სარკინიგზო ჯარებში მსახურობდა, ხიდებსა და გზებს აფეთქებდა და ბერლინამდე ჩააღწია. მეორე საინჟინრო ჯარებში იყო და დანგრეული გზების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების აღდგენაზე მუშაობდა.

ომზე ამბების მოყოლა არცერთ მათგანს არ უყვარდა. სამაგიეროდ ბაბუა, რომელმაც ბრძოლა 1945 წელს ბერლინში დაასრულა, ყოველთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა გამარჯვების დღისთვის. თანამებრძოლებთან შეხვედრისას მოგონებებსა და გრძნობებს ძველი მეგობრები აღარ მალავდნენ. 1970-იანების ბოლოს დიდი სამამულო ომის ცოცხალი ვეტერანები ჯერ კიდევ ბევრნი იყვნენ. 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

მახსოვს, 9 მაისის დილას როგორ იცვამდა მაიორის ფორმას, იკეთებდა ორდენებსა და მედლებს და გამარჯვების პარკში თანამებრძოლებთან შესახვედრად მიდიოდა.

სამხედრო ფორმა, რომლითაც ძალიან ამაყობდა, თითქოს აახალგაზრდავებდა. ისე კი სამოქალაქო პირი იყო, ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ვფიქრობ, ფორმა მასაც და მის მეგობარ ვეტერანებს ახსენებდა, რომ მათ პირნათლად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე. 

Фотографии из семейного архива Сандро Мгеладзе. Дед на Великой Отечественной войне
photo: courtesy of Sandro Mgeladze
ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან – ბაბუა მეორე მსოფლიო ომში

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრებს ორგანიზებას არავინ უკეთებდა. ოფიციალურად არავინ არავის არსად იწვევდა. კარგად მახსოვს, დილიდან იწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას  დროის შესათანხმებლად. შეხვედრის ადგილი კი ყოველთვის გამარჯვების პარკი იყო.

რატომღაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ჭადრაკის დაფები პარკში, უზარმაზარი მუხების ძირში. ვინც ჭადრაკს თავს ვერ ართმევდა, ისინი ნარდს მიუსხდებოდნენ ხოლმე. აქ მიდიოდა ნამდვილი ბრძოლა – სისხლისღვრისა და სროლის გარეშე....

დროსტარება, ტრადიციულად, ქეიფით გრძელდებოდა. გამარჯვების პარკიდან ბედნიერი ვეტერანები ან რესტორანში მიდიოდნენ, ან ერთ-ერთი ვეტერანის სახლში, რათა ისინიც გაეხსენებინათ და  პატივი მიეგოთ, ვინც ამ დღემდე ვერ მოაღწია.

სახლში დაბრუნებულ ბაბუას ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა ხოლმე. ასე გავიგე, როგორ გადაურჩა სამჯერ სიკვდილს ბეწვზე. დასავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ხიდის აფეთქება მტრის თავდასხმის მომენტში მოუხდათ.  ამოცანა შეასრულეს, თუმცა ბევრი ვერ გადარჩა... 

მაგრამ ყველაზე მძიმე კვალი მასზე არა ბომბების აფეთქებამ და მოზუზუნე ტყვიებმა, არამედ დაღუპული ბავშვების ცხედრებმა დატოვა. „შენ და შენმა თაობამ ეს არასდროს არ უნდა ნახოთ“, - ყოველთვის ამბობდა ხოლმე და თვალები ნაღველით ევსებოდა.

ზოგჯერ საუბარში ბებიაც ჩაგვერთვებოდა და მეუბნებოდა, რომ ბაბუისთვის ომი 9 მაისს არ დამთავრებულა. ბერლინიდან ის შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, შემდეგ იქიდან ისევ დასავლეთში. რკინიგზა უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გასაყვანი და აღსადგენი. სახლში მხოლოდ 1947 წელს დაბრუნდა. ისეთი გამხდარი იყო, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავდა.  

Вечный огонь у памятника Неизвестному солдату
© Sputnik / Alexander Imedashvili
ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი

ძალიან ეცადნენ ჩემი ვეტერანი-ბაბუები და მათი თაობა, აერიდებინათ ჩვენთვის ომის საშინელება, მაგრამ მაინც მოგვიხდა საკუთარ თავზე გამოგვეცადა ეს სიმწარე.

მით უფრო მე, ჟურნალისტს, რომელსაც არაერთხელ გამიშუქებია მოვლენები „ცხელი წერტილებიდან“.

ბოლო დროს ბევრი ცდილობს, ეს ყველაფერი „შეიარაღებულ კონფლიქტად“ მონათლოს. და შესაძლოა, ეს აზრს მოკლებული არ იყოს, რადგან ომი, ჩვენი გაგებით, რაღაც სხვაა. და რასაკვირველია, ღმერთმა არ ქნას, ვინმეს გამოაცდევინოს ყველა მისი საშინელება ისე, როგორც ეს ჩვენმა ბაბუებმა და ბებიებმა გამოსცადეს. 

ჩვენ გამარჯვების პარკთან ახლოს ვცხოვრობდით. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის დანახვა, როგორ ინგრეოდა იქ აღმართული დიდების მემორიალი. ნაწილი ვანდალებმა გაანადგურეს, დანარჩენი გაიძარცვა. თუმცა სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში კვლავ იღვიძებს ყურადღება იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც გმირულად ებრძოდნენ ფაშიზმს.

ისტორიის ფაქტებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება, დაივიწყოს ამ ადამიანების გმირობა. პარკში კვლავ ანთია ცეცხლი, კვლავ დაგვყურებს ჯარისკაცის დედის სკულპტურა. სამამულო ომის ვეტერანებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალი. მაგრამ სწორედ ამიტომ არის ალბათ ასე მნიშვნელოვანი მათი ხსოვნის გაფრთხილება.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021