რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
სოფიო მახაჭაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ წარმოგიდგენთ სოფიო მახაჭაშვილს, რომელიც თურქეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის.

მშობლიური ენისადმი პროფესიული დამოკიდებულება წლების განმავლობაში სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობითაა გამყარებული. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ცხრა წელი სოფელ დვანის საშუალო სკოლაში იმუშავა. 2001-2005 წლებში საქართველოს ენის სახელმწიფო პალატაში საქმიანობდა.  

დღეს სოფიო მახაჭაშვილი რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. მან ეს შემოთავაზება უკვე მეოთხედ მიიღო და თავისთავად ეს ფაქტი ბევრის მთქმელია. მისი დახმარებით ქართულად უკვე ბევრი უცხოელი ახალგაზრდა ალაპარაკდა. მის განვლილ პროფესიულ გზაზე უფრო დაწვრილებით მასალიდან შეიტყობთ.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- ქალბატონო სოფიო, რამ განსაზღვრა თქვენი მომავალი პროფესია?

- პედაგოგების ოჯახში აღზრდამ და მხატვრული ლიტერატურისადმი უსაზღვრო სიყვარულმა გარკვეულწილად განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების მერე, 1992 წლიდან ცხრა წლის განმავლობაში ვმუშაობდი მშობლიურ ქარელის რაიონის სოფელ დვანის საშუალო სკოლაში. მუშაობის პარალელურად 1994 წელს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად შევედი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მაძიებლად. 1997 წლის ნოემბერში კი სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარვადგინე სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შიო მღვიმელი - ცხოვრება და მოღვაწეობა“, რომლის შემდეგაც აკადემიური ხარისხი მომენიჭა. მასზე მუშაობის პროცესში და შემდგომაც არაერთი თემა წამოვწიე მკითხველის წინაშე. ჩემი სტატიები დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში „მნათობი“, „ცისკარი“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- მორიგმა საქმიანობამ, შეიძლება ითქვას, მშობლიური ენისადმი თქვენი დამოკიდებულება სხვა კუთხით გაამყარა...

- დიახ, როცა 2001 წელს შემოთავაზება მივიღე საქართველოს ენის სახელმწიფო პალატიდან, ცხოვრების მორიგმა ტალღამ სხვა მიმართულებით წამიყოლა. შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მის ლიკვიდაციამდე, 2005 წლამდე ვმუშაობდი. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მშობლიური ენისადმი დამოკიდებულება ჩემში გარკვეულწილად შეიცვალა. იმ ტკბობასთან ერთად, რასაც ლიტერატურისგან ვიღებდი, ენის სიწმინდის დაცვა, სხვაგვარად მოფერება და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვა უკვე მოთხოვნილებად მექცა. დღემდე ეკალივით ესობა ჩემს თვალსა და ყურს დამახინჯებული ქართულით შესრულებული სარეკლამო აბრები თუ სატელევიზიო სივრციდან მოსმენილი იკლიკანტური, ანუ მიკიბულ-მოკიბული ქართული მეტყველება. ენის პალატის გაუქმების შემდეგ ცხოვრების დინებას ძირეულად განსხვავებული მიმართულებით გავყევი. 2005 წლიდან თავი ამოვყავი სოციალურ სამსახურში, რომელიც იმ პერიოდში ყალიბდებოდა.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- თუმცა განათლების სფეროსთან კავშირი მუდმივად გქონდათ...

- 2005 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული განათლების სამინისტროსთან არსებული კომისიის მუშაობაში. მისი ფუნქცია ადგილობრივი რესურს-ცენტრის ფორმირება იყო. 2006-2007 წლებში განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სკოლის დირექტორთა კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. გამოცდაში საკმაოდ მაღალი შეფასებისა და გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ლოტოტრონით ისეთ სკოლაში (ქ. გორის N1 სკოლა) მოვხვდი, რომელშიც კონკურენცია სტაჟიანი და გამოცდილი, მოქმედი დირექტორისთვის უნდა გამეწია. ამიტომაც არჩევნების ბედი თავიდანვე ცხადი იყო. თავად პროცესი კი საკმაოდ საინტერესო გახლდათ. ამასობაში ოჯახურმა მდგომარეობამ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გამიჩინა - პატარა შემეძინა. ბედის ერთ საჩუქარს მეორე მოჰყვა. ამიტომ ყველამ და ყველაფერმა უკანა რიგში გადაინაცვლა... 12 წელი შევრჩი სოციალურ სამსახურს, სფეროს, რომელმაც ადამიანთა შეცნობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება დამიგროვა.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში კოლეგებთან ერთად
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში კოლეგებთან ერთად

- ძირითად პროფესიას როდის და რა გზით დაუბრუნდით?

- მშვენიერი სიტყვა გვაქვს ქართულში - ბედისწერა... ნათქვამია, მდინარე ადრე თუ გვიან თავის კალაპოტს უბრუნდებაო. განგებამ, უკვე ცოდნა-გამოცდილებით გამდიდრებული, ჩემს ძირითად პროფესიასთან ისევ მიმიყვანა. მჯერა, ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. 2016 წელს „ბიდისი აკადემიის“ გორის ფილიალმა სკოლამდელი აღზრდის ტრენინგ-კურსის კოორდინატორობა შემომთავაზა. ამავე პერიოდში მიწვევა მივიღე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, სადაც 2016-2017 წლებში მოწვეულ ლექტორად ვიმუშავე. იქ ლიტერატურათმცოდნეობისა და ქართულის სწავლების მეთოდიკის თეორიული კურსი მიმყავდა. მოგვიანებით, არაქართულენოვანი აბიტურიენტების ქართული ენის მომზადების პროგრამის ფარგლებში, ორთოგრაფია-ორთოეპიის პრაქტიკული კურსის წაყვანის შემოთავაზება ახალ გამოწვევად მექცა.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- ბრძანეთ, რომ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი შიო მღვიმელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ვიცი, რომ მწერლის ქალიშვილთან გქონდათ ურთიერთობა...

- შიო მღვიმელის ქალიშვილთან ქეთევან ქუჩუკაშვილთან ხშირად მივდიოდი. მის სახლში ხშირად ვხვდებოდი საბავშვო პოეტ გივი ჭიჭინაძეს, მათ საინტერესო საუბრებსა და მოგონებებს სიამოვნებით ვუსმენდი. ასევე ვსტუმრობდი საბავშვო მწერალ დოდო ხიმშიაშვილ-ვადაჭკორიას, რომლის შემოქმედების შესახებ გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ სტატიაც დავბეჭდე. თბილად მაგონდება მისი 75 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე, რომელსაც ქართული საბავშვო ლიტერატურის არაერთი კლასიკოსი ესწრებოდა. ვთვლი, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორია სათანადოდ არ არის შესწავლილი და შეფასებული.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliთურქ მეგობრებთან ერთად
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
თურქ მეგობრებთან ერთად

- რიზეს ერდოღანის უნივერსიტეტში როდის მიგიწვიეს?

- 2017 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გორის უნივერსიტეტმა წინადადება მიიღო აკადემიური პერსონალის მიწვევის თაობაზე. უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ჩათვალა, რომ მე ვაკმაყოფილებდი იმ კრიტერიუმებს, რაც რიზეს უნივერსიტეტის მხრიდან იყო წარმოდგენილი და შემომთავაზა გავცნობოდი კონტრაქტის პირობებს. თურქეთის საელჩოში კულტურის ატაშესთან გასაუბრების შემდეგ გადაწყდა ჩემი გაგზავნა შემოთავაზებული პოზიციის დასაკავებლად. კონტრაქტი ერთ წელს ითვალისწინებდა. თუმცა, 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ მივიღე შემოთავაზება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. ამის მიზეზი უნივერსიტეტის რექტორატის, ფაკულტეტის დეკანატისა და სპეციალობის ხელმძღვანელის, ქალბატონი გულ მუქერემ ოზთურქის მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობაა.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- პროფესიული თვალსაზრისით რით იყო თქვენთვის ეს შემოთავაზება საინტერესო?

- როგორც მოგახსენეთ, ქართული ენის მომზადების პროგრამის ფარგლებში მქონდა გარკვეული შეხება ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებასთან. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული ენის სწავლების მეთოდიკისგანაც და ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკისგანაც. ინტერესი, რის გამოც ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, სწორედ ამ სფეროში არსებული პრობლემების გაცნობა-გაანალიზება და გარკვეული გამოცდილების დაგროვება იყო. თუმცა, ის არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც შორიდან ჩანდა. 

© courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- ცნობილია, რომ ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებაში ჩვენ დიდი ხნის გამოცდილება არ გვაქვს...

- დიახ, ეს მიმართულება რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, რომ ენა სხვაგვარად აღიქმება ავთენტურ და არაავთენტურ გარემოში და მისი სწავლებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ ბოლო ხანებში დასრულდა ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების პროგრამით (GEOFL პროექტის ფარგლებში) „აღმართის“ სახელმძღვანელოებზე მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარიკა ოძელსა და პროექტზე მომუშავე მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი

- როდის დაიწყო რიზეს უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სტუდენტების მიღება?

- თავიდანვე გეტყვით, რომ რიზეს უნივერსიტეტი მეოთხეა თურქეთში, რომელშიც ქართული ფილოლოგიის სპეციალობა გაიხსნა. აბიტურიენტების მიღება აქ 2016 წლიდან დაიწყო. გასულ წელს სტუდენტების პირველმა ნაკადმა დაასრულა სწავლა. ამ სპეციალობის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი ქართულ ენაზე უსაზღვროდ შეყვარებულ თურქეთში მოღვაწე ქართველოლოგს, ბატონ ჰარუნ ჩიმქეს მიუძღვის. ჩემ ჩამოსვლამდე აქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი რუსუდან საღინაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მაია კიკვაძე მუშაობდნენ. მათი უდიდესი ძალისხმევითა და მზრუნველობით ჩამოყალიბდა ეს სპეციალობა ისეთად, როგორიც ახლაა.

© photo: courtesy of Sofio Makhatchashviliსოფიო მახაჭაშვილი სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სოფიო მახაჭაშვილი სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში

- თქვენს სტუდენტებზე რას იტყვით, ძირითადად ვინ არიან ისინი და როგორია ქართული ენისადმი მათი ინტერესი?

- ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა თურქია და მათი ფესვები საქართველოს არ უკავშირდება. ისინი თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან არიან და ქართულს, როგორც ერთ-ერთ უცხო ენას, წმინდა პრაქტიკული ინტერესის გამო სწავლობენ. თუმცა მათ შორის არიან წარმომავლობით ქართველებიც. მათი ინტერესი კი საკუთარი იდენტობის ძიებითაა განპირობებული. რამდენიმე მათგანი იმერხეულითა და ლაზურით მოლაპარაკე სტუდენტიცაა და ძალზე საინტერესოა მათთან მუშაობა. რამდენიმე სტუდენტისთვის ეს მეორე სპეციალობაა. ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისთვის ქართული ენა არჩევით საგნად ისწავლება. ქართულ ისტორიულ წყაროებზე მუშაობის სურვილმა მათ ენის შესწავლის საჭიროება დაანახა. ამიტომ მოისურვეს, რომ მას უფრო უკეთ ჩასწვდომოდნენ.

მაია სააკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
რაჭისუბნელი პედაგოგი საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში – მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია

- ენის გამყარების მიზნით შეხვედრები ალბათ საქართველოშიც იმართებოდა...

- ენის სწავლების პრაქტიკაში გადატანის საშუალება სტუდენტებს მიეცათ თბილისის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებში სტუმრობისა და ქართველ თანატოლებთან ურთიერთობის დროს. ხშირად იმართებოდა შეხვედრები საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, მწერლებთან, ცნობილ ადამიანებთან. არ გვაკლია ყურადღება ტრაპიზონში არსებულ საქართველოს საკონსულოსგანაც. იმჟამინდელმა გენერალურმა კონსულმა, ბატონმა ავთანდილ ნიქაცაძემ სპეციალური მიღებაც კი გაუმართა ჩვენს სტუდენტებს. ამჟამინდელი კონსული, ბატონი გელა ჯაფარიძეც თავად გვესტუმრა და ჩვენი სპეციალობის მიმართ თანადგომა გამოხატა.

მარიკა დემეტრაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
თბილისელი ყარაჩოხელის ნებიერა გოგო და 50 წლის ასაკში ამერიკაში დამთავრებული მაგისტრატურა

- ინსტიტუტში არსებულ დრამატულ წრეზე რომელი ქართული სპექტაკლი დადგით?

- ქართულ ენაზე ავამეტყველებინეთ ნოდარ დუმბაძის გმირები სპექტაკლში „სიყვარული და მარადისობა“. ეს სპექტაკლი წარმოვადგინეთ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე „Nოვაცია“, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქართული კულტურის ამაგდარის, ბატონ მერაბ კვიცარიძის პატრონაჟით. სიხარულით აღვნიშნავ, რომ არაერთი პრიზიც დავიმსახურეთ. 

- რომელია ყველაზე უჩვეულო შეკითხვა, რაც თქვენთვის დაუსვამთ სტუდენტებს?

- ჩემმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა, რომელიც მოწადინებული იყო ქართული ენა სწრაფად შეესწავლა, ერთხელ მკითხა: „ქალბატონო სოფიო, რატომაა ქართული ენა ასეთი რთული?“ დამეთანხმებით, არ არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემი პასუხი ასეთი იყო: იმიტომ რომ ყველამ არ ისწავლოს, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სამაგიეროდ ვინც გულით მოინდომებს, ენა თავად გაუმხელს მას საიდუმლოს–მეთქი...

 

ყველა ახალი ამბავი
0