ედუარდ უგულავა

„არტისტული ყვავილების სურნელი“, სკამზე შემდგარი მოსწავლეები და მეტროში დაწერილი ლექსი

449
(განახლებულია 23:30 08.04.2021)
„მთავარია, ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს“ – ასეთი ემოცია კი პოეტ ედუარდ უგულავასთან თითქმის ყოველთვის მოდის, ამიტომაა მისი ლექსები ყველასთვის მშობლიური.

მათში ის აზრია, რაც თითქმის ყველა ჩვენგანს მოსვლია თავში, ოღონდ ესაა – ასეთი სადა, გულწრფელი და ლიტერატურული ფორმით მისი გადმოცემისთვის უბრალოდ... პოეტი უნდა იყო.

ამგვარი ემოციით სავსე მისი უკვე ხუთი პოეტური კრებულია გამოცემული. არის გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემია “საგურამოს“ ლაურეატი, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის სამგზის პირველი ადგილის მფლობელი და ლიტერატურული კონკურსის „ქუჯი-2019" გამარჯვებული.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

უკვე ნაგრძნობი რაიმე აზრის გადმოსაცემად პატარა იმპულსიც საკმარისია, რომ ლექსის კოცონი დაინთოს მათთვის, ვისთვისაც პოეზია მარტო გარითმული სტრიქონები არ არის... საუბრის დაწყებამდე, განწყობის შესაქმნელად, მისი ერთი ლექსი გავიხსენოთ:

ბოლო დროს ისევ მინდება გნახო,

მაგრამ რომ ვახელ თვალებს სიზმრიანს,

ხან ისე შორს ხარ, ხან ისე ახლოს,

რომ მე სადა ვარ ვერ გამიგია.

თუმცა როდესაც ლექსებს ვწერ შენზე,

მაშინ ნამდვილად მხიბლავს სიცოცხლე

და ისე მომწონს, რომ მუდამ გეძებ,

რომ შემხვდე, იქნებ არც კი მინდოდეს.

ედუარდ უგულავა
photo: courtesy of Gio Liluashvili
ედუარდ უგულავა

- თავიდანვე მინდა გკითხოთ: პოეტი ედუარდ უგულავა როდის „დაიბადა“, ანუ როდის „აღმოაჩინეთ“ თქვენში?

- ცოტ-ცოტას ბავშვობაშივე ვწერდი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. მართალია, იმდროინდელ ლექსებს რომ ვიხსენებ, მეცინება, ისეთი უსუსური მცდელობებია, მაგრამ ესეც აუცილებლად გასავლელი დროა, თუ გინდა, რომ საბოლოოდ რამე გამოგივიდეს.

ქეთი გაბინაშვილთან ერთად
ქეთი გაბინაშვილთან ერთად

- რახან ახსენეთ, როგორია ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ, ვინ და რამ დატოვა მასში კვალი?

- ალბათ, ბავშვობა ყველაზე სასურველი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, სამყაროს გაცნობის  ხანა... ჩემ შემთხვევაშიც ასე  იყო. სკოლა ხონში დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. განსაკუთრებით მიყვარდა ქალბატონი ეთერ უგულავა, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და ლიტერატურა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. ასევე  ძალიან მიყვარდა ხატვა და ყოველთვის მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი. დედაჩემი ხონის თეატრის მსახიობია და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ თეატრში გვიხდებოდა ყოფნა მე და ჩემს ძმას. ამ ყველაფერმა თავისთავად დატოვა კვალი ჩემში.

მამუკა ჩარკვიანთან ერთად
მამუკა ჩარკვიანთან ერთად

- სოფელი გორდი - ადგილია, სადაც დაიბადეთ, რა ასოციაციები გიჩნდებათ მასთან დაკავშირებით?

- გორდი ისტორიული და ძალიან ლამაზი სოფელია, სტუმარი არასოდეს აკლდა ამ სოფელს. აქ დადიანებს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ და ამ ადგილს არაერთი გამოჩენილი პიროვნება სტუმრობდა. იმ დროს ცხოვრებაც სხვაგვარი იყო და ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ბევრი რამ მენატრება... თუნდაც ის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიყავი, რომლებიც დღეს აღარ არიან. მახსოვს, ბაბუაჩემის გამოჩენას როგორ ველოდით ბავშვები. ის მასწავლებელი იყო, ჯიბეები მუდამ ტკბილეულით სავსე ჰქონდა. როგორც კი ქუჩაში ბავშვებს დაინახავდა, მაშინვე პეშვებით ისროდა კანფეტებს. 

თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
თემურ ჩალაბაშვილთან ერთად

- საინტერესოა, ვინ გიმღეროდათ „იავნანას“? 

- დედა მიმღეროდა „იავნანას“ და ვფიქრობ, რომ დედამ უნდა გაზარდოს შვილი...

- ალბათ მიხვდით რატომ დაგისვით ეს კითხვა. ლექსი, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ – „ძიძებია“? 

- არ ვიცი, რამდენად პოპულარული ვარ, თუმცა „ძიძებმა“ ჩემდამი გარკვეული ინტერესი გამოიწვია. არაერთხელ მომისმენია სხვის მიერ წაკითხული ეს ლექსი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ავტორი არ იცოდნენ და ამას არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- თუ შეიძლება, შევახსენოთ მკითხველს...

- როგორც იქნა, შეგიჩვიეს ძიძებმა,

გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.

შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,

ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...

ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს

და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...

რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს

ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...

მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,

თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,

იავნანას ვერ მღერიან ძიძები,

იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- როგორი იყო ედუარდ მასწავლებელი? დარწმუნებული ვარ, ეყვარებოდით მოსწავლეებს...

- თუ ბავშვები გიყვარს, ბავშვებსაც უყვარხარ! სიყვარულის გარეშე მასწავლებლობა წარმოუდგენელია. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდი, თუმცა ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს როგორმე სწავლის ინტერესი გასჩენოდათ. მახსოვს, მეხუთე-მეექვსე კლასელებს როცა გამოვიძახებდი, დაფასთან სკამს დავუდგამდი ხოლმე, შეხტებოდნენ ამ სკამზე და ასე ხალისიანად მაბარებდნენ გაკვეთილებს. ჩვენ, ალბათ, უფრო ერთმანეთს ვასწავლიდით და ვზრდიდით... 

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- საბავშვო ლექსებსაც წერთ და აქვე რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?

- ჩემს ერთ ლექსს გავიხსენებ გაზაფხულის მახარობელზე, ლექსს ჰქვია „შე კუდმაკრატელა, შენა!..“

ბევრჯერ გადმოლახე ზღვები,

ან კი როგორ შეძელ ფრენა,

ე მაგ პაწაწინა ფრთებით,

შე კუდმაკრატელა, შენა?!

კვირტით და სიმწვანით სავსე

ისევ მომიტანე სითბო,

რომ კვლავ შემოგისვა მხარზე,

ჩემო გაზაფხულის ჩიტო!

ქარებს ამარიდე აშარს,

ზამთრის დამანახე ბოლო.

მოდი, გელოდები, აქ ვარ,

კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- ლექსი რომ დაიწეროს, მთავარი რა არის?

- მთავარია ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს...

- ასეთი ემოცია ხშირად გაზაფხულს მოაქვს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში რომელი ლექსი გაჩნდა?

- რა ვიცი, ალბათ ბევრი, ახლა ამ ლექსს გავიხსენებ:

სიცოცხლეს უქმად რა გააჩერებს,

ჯერ ალაგ-ალაგ ამოვა იად,

ამოაღრმავებს თოვლის ნარჩენებს,

ირგვლივ რომ დახრულ ძვლებივით ყრია.

მერე იმედი მოვა კვირტებად

და ამ ნაზამთრალ დღეების დამლევს,

ხელები ხელებს ჩაეჭიდება,

თვალები ძებნას დაუწყებს თვალებს.

ცოტა კიდევ და მზე, სათაყვანო,

ჩაათბობს სისხლში უცნაურ ჟრჟოლას

და გამოთვრება მთელი სამყარო,

როცა კვირტიდან რძე გამოჟონავს.

- ყველაზე უჩვეულოდ რომელი ლექსი „შემოგეწერათ“?

- მახსოვს, კომპოზიტორ მიშა ზაქარიაშვილს დავპირდი სიმღერისთვის ლექსს ამა და ამ დღეს გამოგიგზავნი-მეთქი. მერე დამავიწყდა. ერთხელ მეტროში ჩავდიოდი და მირეკავს მიშა – ლექსი სად არიო. ვუთხარი, ნახევარ საათში მოგაწვდი-მეთქი. ვიდრე ჩემს სადგურს მივაღწევდი, ავკრიფე ტელეფონზე და გავუგზავნე. თან ვფიქრობ, როგორ დამავიწყდა, ასე ნაუცბათევად დაწერილი რა უნდა გამოსულიყო-მეთქი. მალე მიშამაც დამირეკა – გენაცვალე, ედუჩია, სწორედ ასეთი  ლექსი მინდოდაო. მერე იმ ლექსზე დაწერილი სიმღერა „ტრიო სიმმა“ შეასრულა.

- რისთვის ღირს სიცოცხლე? იქნებ ამ კითხვაზეც ლექსით გაგვცეთ პასუხი...

- სიყვარულისთვის - ეს თქვენს კითხვაზე პასუხიცაა და ჩემი ამ ლექსის სათაურიც:

შენ ისევ ითხოვ, რომ ვიყოთ ერთად,

მოვეშვა ზღაპრულ ეტლებით ქროლვას,

არ ვესაუბრო მარტოდენ ჩემ თავს,

ან ბნელ ოთახში მოფრენილ ყორანს.

გადაწყდა, უკვე სხვა გზით ვერ ვივლი,

თანაც უკეთესს არაფერს ველი,

ვიდრე უცნობი ქალის წერილი,

ან მარტოობის თუნდ ასი წელი;

და შემოდგომის კართან არ მისულს

ერთხელაც გნახავ, ფერადებს ულევს

თვალს გადავავლებ, მაგრამ არტისტულ

ყვავილებისას მოგიტან სურნელს,

თუ არ დამძალა სიბრაზემ მავრის,

ტვინში რომ სისხლად ჩამექცა თითქოს,

რადგანაც გულში ყოველთვის არის

ეჭვი, რომელიც პასუხებს ითხოვს.

მაგრამ მე მაინც მინდა იცოდე,

ვიდრე მიწისქვეშ გავიშლით ლოგინს,

სიყვარულისთვის რომ ღირს სიცოცხლე,

სიცოცხლისათვის სიკვდილი რომ ღირს!

- ყველაზე დიდი ჯილდო რა არის თქვენთვის?

- ყველაზე დიდი ჯილდო ის ნიჭია, რომელიც თავს ადამიანად გაგრძნობინებს, ეს არის ნიჭი სიყვარულისა, სხვისი ტკივილის გაზიარების და ლექსის წერის...

449
ეკატერინე თხელიძის სახლი

ბათუმიდან სოფელში გადასახლებული დედა-შვილის მეურნეობა: ყველგან დამყავს ყანაში, ბოსტანში

425
(განახლებულია 23:55 13.04.2021)
უკვე მეორე წელია ეკატერინე თხელიძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმიდან სოფელ ძველ აბაშაში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე მეურნეობა მოაწყო. სოფელში საქმე ყოველთვის ბევრია, ამის მიუხედავად, არც პატარა მარიამს აკლებს ყურადღებასა და ენერგიას და არც საყვარელ საქმეს.

სოფლად „ნათხოვარ“ სახლში ახალი ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ეს არ იყო მარტივი. თუმცა კეთილი ადმაიანების თანადგომით კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა. დათესა ბოსტნეული, გამოიყვანა ჩითილები, ზრდის ფრინველებს. უფრო ვრცლად ამ ყველაფერზე ეკატერინე თავად მოგიყვებათ.

- პროფესიით ვარ მედდა, ასევე ბუღალტერი. მაქვს ბუღალტრად მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. ბოლოს ვმუშაობდი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ბათუმის ნავთობტერმინალის მონიტორინგის ოპერატორად, საიდანაც შვილის გაჩენის შემდეგ გამათავისუფლეს. პარალელურად „ვტაქსაობდი“ ბათუმის ერთ-ერთ ფირმაში, ვაკეთებდი შილაკს სახლში მისვლით და ვალაგებდი სახლებს.

ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად

- დღეს რაიონში ცხოვრობთ, რატომ მიიღეთ სოფლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- ბათუმში ქირით ვცხოვრობდი. როგორც აღვნიშნე, სამსახურიდან გამათავისუფლეს. მალევე დაიწყო პანდემია და შემოსავლის ყველა წყარო გაქრა. ვეღარ გადავიხადე ქირა, ვეღარ გავწვდი ხარჯებს და ამან განაპირობა სოფლად გადმოსვლა.

- როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება სოფლად, როგორ გეგმავდით აქ ცხოვრებას და რეალურად რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

- მე ჩემი სოფელი არ მაქვს, ამიტომ მოვიძიე მიტოვებული სახლი და იქ გადავედი ზაფხულში. იქაურობა ფაქტიურად გატყევებული იყო. ნელ-ნელა მივყვებოდი და ვასუფთავებდი. პარალელურად ვიღებდი პატარა ვიდეოებს და ვდებდი „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“.

რადგან არ მყავდა არაფერი და ფაქტიურად არც ყიდვის საშუალება მქონდა, ჯგუფში გამოჩნდა ბევრი კეთილი ადამიანი, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს და შევიძინე ქათმები, იხვები, გოჭები. დავიწყე საბოსტნე ადგილების გასუფთავება და გამზადება, ნიორი დავთესე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მერე მომთხოვეს იქაურობის დატოვება. სხვა გზა არ იყო, უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. მივმართე ისევ „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფს“. დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი მიტოვებულ სახლს, რომელშიც უსასყიდლოდ ვიცხოვრებდი და მივხედავდი.

ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ პოსტს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. ვინაიდან საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და სხვისი დახმარებით ვარსებობდი, პრიორიტეტად ჩავთვალე სახნავ-სათესი ტერიტორიის მქონე ადგილი და ავარჩიე აბაშის რაიონის სოფელი ძველი აბაშა.

ვგეგმავ მოვიყვანო იმდენი მარცვლეული, რაც მეყოფა ფრონველის გამოსაკვებად, რომ ყიდვა არ დამჭირდეს. ასევე ბოსტნეული, რათა ოჯახში გამოვიკვებოთ და ზამთრის მარაგიც გავაკეთო. პრობლემებიდან ყველაზე დიდი ისაა, რომ მიწის დამუშავება ძალიან ძვირი უჯდება გლეხს. ჩემთვის, ნულიდან დამწყებისთვის კი უფრო მეტად რთულია.

ეკატერინე თხელიძის ეზო
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ეზო

- მეურნეობის წამოწყებას თავისებური ცოდნა და ენერგია სჭირდება. მიწაზე მუშაობა მანამდეც იცოდით?

- რომ ვთქვა ვიცოდი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც მთლად უცოდინარი არ ვყოფილვარ. ბავშვობაში არდადეგებს სოფელში ვატარებდი და ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე. შემდეგ „იუთუბის“ ვიდეოები დამეხმარა ინფორმაციის მიღებაში. თანაც, იცით, როგორ არის? რომ მიხვალ მიწასთან, მცენარესთან, ის უკვე თვითონ გკარნახობს როგორ უნდა მოეპყრო და შენც მიყვები. ასევე ჯგუფში „მე მიყვარს სოფელი“ ძალიან ბევრ საჭირო რჩევას ვიღებ. მოკლედ, მაინც ყველაზე მთავარი მონდომებაა, არ უნდა დაგეზაროს და ყველაფერი გამოვა.

- რა სახის პროდუქტი მოგყავთ, ხეხილი ან ბოსტნეული თუ გაქვთ და ახდენთ თუ არა მათ რეალიზებას? რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მე წელს გადმოვედი აქ საცხოვრებლად. დათესილი მაქვს კარტოფილი, რომელიც უკვე ამოსულია და კიდევ ვაპირებ დათესვას. ასევე დათესილი მაქვს ოხრახუში, ქინძი, კამა, შავი ფხალი, ბოლოკი, პრასა. ჩითილები მაქვს პომიდორის, ბულგარულის, კიტრის, ნესვის. ვაპირებ დავთესო სიმინდი, ლობიო, ცოცხი, ძაძა, სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფოთოლი და მწვანე ხახვი. საჩუქრად მივიღე 20 ძირი უეკლო მაყვლის, 50 ძირი ჟოლოს და 50 ძირი მარწყვის სან-ანდრიასის ნერგები, რომლებიც დარგული მაქვს. ხილი აქ ბევრია: თუთა, ბალი, ტყემალი, კარალიოკი, თხილი. მე დავრგე ხუთი ძირი ალუბალი. ჯერ ვერაფრის რეალიზაციას ვერ ვახდენ, რადგან დამწყები ვარ, მაგრამ გეგმები და იმედები მაქვს.

მივყვები ამინდის მიხედვით საქმეებს. ჩემი ყოველდღიურობა არის ჩემი პატარა შვილი, კრუხი და 15 წიწილი, ხუთი იხვი და სამი ქათამი. მაჩუქეს 20 წიწილი, მაგრამ ჯერ ვერ მომყავს სახლში, აღდგომის მერე მოვიყვან. თუ ისეთი მძიმე სამუშაოა, როგორიცაა, მაგალითად, ხის მოჭრა, მაშინ მოდის მეგობარი ან უფროსი შვილი და მეხმარებიან. დანარჩენ საქმეს მარტო ვაკეთებ.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- მცირეწლოვანი შვილი გყავთ, მასთან ერთად როგორ ახერხებთ მუშაობას?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ძალა ჩემი მარიამია. მის გამო ვარ აქ. მის გამო ვიტან ყველაფერს და მის გამო მთებს გადავდგამ. მარიამისთვის სულ ერთია მე დასაბარი მაქვს, გასათოხნი თუ სხვა საქმე, მას ყველა წუთს ყურადღება და მოფერება უნდა.

ამიტომ ყველა წუთს მიწევს მივატოვო სამუშაო, მას ჩავეხუტო, ან ძუძუ მოვაწოვო, ან გავეკიდო არაფერი იტკინოს (არც ისე დიდი ხანია, რაც გველი იყო ეზოში და მას მერე ძალიან მეშინია). წესით, დღის განმავლობაში რასაც უნდა ვასწრებდე, იმის მესამედს ვაკეთებ, მაგრამ გულს არ ვიტეხავ. მიმყავს სადაც მე ვარ, დავსვამ, ახლოს დავუდებ ტელეფონს, რომელიც, სხვათა შორის, მოვიგე „ნოვას“ კონკურსში - ნომინაციაში „ქალმა თუ მოინდომა“.

რადგან სიტყვამ მოიტანა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „ნოვას“ კოლექტივს. ჯერ რომ გამარჯვებულად დამასახელეს და მერე სულ სხვა პრიზი მიწევდა, რომელსაც მე ვერ მივიღებდი. როცა გაიგეს ტელეფონი არ მქონდა, დიდსულოვნად შემომთავაზეს იმ პრიზის სანაცვლოდ ტელეფონი და სახლში მომიტანეს. მართლაც ამ სიკეთისთვის მადლობის გადასახდელი სიტყვები არ მყოფნის.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- როცა თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ ატარებთ შვილთან ერთად?

- ფაქტიურად თავისუფალ დროსაც და სამუშაო დროსაც შვილთან ერთად ვატარებ. ყველგან თან მყავს სადაც ვარ - ყანაში, ბოსტანში, მინდორში.

როცა სახლში ვართ, ვაწყობთ მარის საყვარელ ფერად პირამიდას ან კუბიკებს. ჯერ ვერ საუბრობს, ამიტომ ვცდილობ სულ მის გვერდით ვიყო, სულ ვუყურო, ვუსმინო, რომ არც ერთი მისი ჟესტი არ გამომრჩეს.

- რა გეგმები და ოცნებები გაქვთ?

- როცა სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე, დიდხანს ვიფიქრე რა არის სოფელში ისეთი, რაც არ არის ქალაქში და რას გავაკეთებ მე, მთელი ცხოვრება ქალაქში ნაცხოვრები ადამიანი. სოფელში არის ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ ქალაქში განა ნაკლებია? მე 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მუშაობას. სახლის დასალაგებლად მივდიოდი ოჯახებში, ან შილაკის გასაკეთებლად, და თუ არც ერთის შეკვეთა არ მქონდა, „ვტაქსაობდი“ გვიანობამდე. ეს შრომა არ არის? თუ იშრომებ, სოფელშიც გექნება შემოსავალი. ჩემი უდიდესი ოცნებაა მეწველი ძროხის ყიდვა, რომელიც მე და მარიამს შეგვინახავს. მინდა კვერცხის მადებარი ქათმები მყავდეს საკმაო რაოდენობის და პეკინური იხვები, რომელიც იოლად გასაზრდელია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი ყველაზე მთავარ სათქმელს: მე აქამდე სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით მოვედი. ბევრი დამეხმარა ერთჯერადად, მაგრამ არიან ისეთები, რამდენჯერმე რომ გამომიწოდეს დახმარების ხელი. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ. თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების“ ჯგუფში ბევრი ადამიანი მიცნობს და ძალიან ბევრჯერ დამხარებიან. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა აღვნიშნო ორგანიზაცია „აუშენე, რომ აგიშენონ“. ეს სწორედ ის ადგილია, რაც ჩემსავით უიმედოდ დარჩენილ ადამიანს სჭირდებოდა.

თუ გამოჩნდებიან ისევ გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან ჩემი პატარა ოცნების ახდენაში, უფალი ყველას გადაუხდის სიკეთეს...

 

425
ქეთი ქველაძე

„პოზიტივის უფსკერო საბადო“ პანდემიური თბილისის ფერები მასწავლებლის ობიექტივში

646
(განახლებულია 23:15 13.04.2021)
ქეთი ქველაძე დაწყებითი განათლების პედაგოგია, უკვე 11 წელია, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. პანდემიის დროს, მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხედვის რაკურსი შეიცვალა. მის ცხოვრებაში კი ძირითადი საქმის გარდა ახალი, სერიოზული გატაცება გაჩნდა.

საამისოდ განსაკუთრებული მცდელობა არ დასჭირვებია. უბრალოდ, ერთ რიგით, პანდემიურ დღეს დაცარიელებულ თბილისში გავიდა, მიიხედ-მოიხედა და გარშემო „სულ სხვა“ თბილისი აღმოაჩინა...

მისი ფოტოებით უკვე დაინტერესდნენ პროფესიონალები და, ვინ იცის, იქნებ, სამომავლოდ ამ გატაცებამ ძირითადი საქმეც კი ჩაანაცვლოს...

ქეთი ქველაძე
ქეთი ქველაძე

- ქეთი, თქვენც იმ ადამიანთა შორის აღმოჩნდით, ვინც თავის ახალ გატაცებას პანდემიის დროს მიაგნო, ასეა?

- გეთანხმებით, ჩემი ახალი გატაცება მაშინ ვიპოვე, როცა საერთოდ არ ველოდი. ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ის არაპროგნოზირებადი პანდემიური დღეების სიმძიმე, რაც პირველ ტალღას ახლდა. დღემდე და განსაკუთრებით მაშინ თავი მეგონა პერსონაჟი რომელიღაც უსათაურო საშინელებათა ფილმისა, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. უცებ ყველას ერთნაირად დაგვაკლდა სიმშვიდე, იმედი და ურთიერთობები. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კეთილი განწყობის, სიმშვიდის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- ყველაფერი დაიწყო იმ პირველი კადრით, რომლის გადაღებისგანაც თავი ვერ შეიკავეთ...

- მართლაც ასე დაიწყო. გაზაფხულზე, როცა გამოთბა, გარეთ მარტო სეირნობას მოვუხშირე. ერთ საღამოს თვალი მომტაცა გალაკტიონის ხიდიდან ნანახმა დაისის სურათმა. უცებ ვერ მოვითმინე და ტელეფონით რამდენიმე კადრი გადავიღე. მოგვიანებით, როცა მობილური გავხსენი ფოტოების დასათვალიერებლად, ყველა მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ვერ ვხვდებოდი რომელი ერთი შემენახა. მაშინ მენიშნა, რომ პოზიტივის უფსკერო საბადოს მივაგენი, რომელიც მასაზრდოებდა. მაგრამ არ ვიცოდი, ჩემი ფოტოები სხვასაც თუ მოეწონებოდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენს ობიექტივში ძირითადად ადამიანებისგან დაცლილი თბილისია, როგორია ასეთ თბილისში თქვენ მიერ აღმოჩენილი ყველაზე უჩვეულო კადრები?

- თბილისი ხომ ურთიერთობაა, მე კი გარეთ, ყველგან, მხოლოდ უჩვეულოდ მდუმარე სილამაზე მხვდებოდა. ჩემ გარშემო მხოლოდ გამწვანებული, გაყვავილებული და გარინდული ქუჩები იყო. რაც შეეხება უჩვეულო კადრს, მახსოვს მიუსაფარი ძაღლი შარდენის ქუჩაზე. ეტყობოდა, რომ მშიერი იყო, მაგრამ მაინც იმედიანი და მხნე მომეჩვენა. იჯდა წვიმიანი ქუჩის თავში და ამაყად მიყურებდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- ალბათ ბევრი გეუბნებათ – თქვენს კადრებში ბევრი ფერი და იმედის მომცემი სინათლეა...

- ეს ალბათ იმიტომ, რომ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს დაჟინებით დავიწყე თბილისური ფერების ძიება და ტელეფონის საშუალებით მათი გადაღება. თურმე ჩვენს ქალაქში ამდენი ფერადი აივანი და ქუჩაა. ერთი კადრი მახსოვს: ქაშუეთის მიმდებარე ქუჩაზე სეირნობის დროს დავინახე მამაკაცი, რომელმაც თავი დახარა და პირჯვრის გადაწერა დაიწყო. ბუნებრივია, ეს კადრი არ მქონდა დაგეგმილი და  ტელეფონი სწრაფად გავხსენი. როცა სასურველი ფოტო გადავიღე, მივხვდი, რომ სუნთქვა მქონდა შეკრული... 

ქეთი ქველაძე
ქეთი ქველაძე

- ამ ფოტოებს სახელებს არქმევთ?

- თავიდან არა, მერე კი ყოველდღიურად გადაღებული ფოტოების დათარიღება და დასათაურება დავიწყე. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემი მხრიდან ერთგვარი მოწოდებაც იყო და მესიჯიც, რომ თუნდაც პირბადეებით, დისტანციურად, მაგრამ ყველანი გარეთ გამოვსულიყავით, რადგან თბილისს ჩვენ, ადამიანები ვენატრებოდით...

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- რაც შეეხება ადამიანებს, მათი ფოტოპორტრეტების გადაღება ქუჩაში ახლა ალბათ მარტო ნიღბებითაა შესაძლებელი...

- ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ადამიანების ნიღბის გარეშე გადაღება იშვიათადაა შესაძლებელი. ლაღი, მომღიმარი სახეების დანახვა მომენატრა. პირბადიდან მარტო თვალებით ვიღიმებით. თუმცა გაზაფხულის სურნელს ისეთი ძალა აქვს, რომ ნიღბითაც შეიგრძნობ. ერთი ფოტო გადავიღე, სადაც ეს სურნელი „იგრძნობა“. გაბრიაძის თეატრთან რომ აყვავებული ჭერამია, იქ დავიჭირე ის კადრი.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენს ფოტოებში ნაცნობი თბილისური ფრაგმენტები უჩვეულო რაკურსითაა, იმ კადრებს „უსაფრდებით“?

- ყოველთვის ვცდილობ მივაგნო გადასაღები ობიექტის ახალ რაკურსს, რომელიც მნახველის გაოცებას და მოწონებას გამოიწვევს. მეგობრები სულ მეხუმრებიან – არ გვჯერა შენც თუ ჩვენს თბილისში ცხოვრობ, ჩვენც გაგვიყოლე ხოლმე, როცა გადასაღებად გახვალო. მე ვიღიმები და მახარებს ამის მოსმენა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რაც ჩავიფიქრე, შევძელი და გამომივიდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- როგორც ამბობთ, ამ ფოტოებს მობილურით იღებთ. ალბათ დადგა დრო, რომ პროფესიულ კამერაზეც იფიქროთ...

- სხვათა შორის, სწორედ ახლახან შევიძინე ფოტოკამერა. იმედი მაქვს, რომ დავმეგობრდებით. ვფიქრობ, ფოტოხელოვნების სრული კურსის გავლაც საინტერესო იქნებოდა. რატომაც არა?!

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელებში ამ სფეროს რომელიმე პროფესიონალმა თუ შეამჩნია?

- სოცქსელებში ბოლო ხანებში ჩემს ფოტოებზე გამოხმაურებებმა მართლა იმატა. მათ აქტიურად იწონებენ ხელოვანები, რეჟისორები, პროფესიონალი ფოტოხელოვანებიც კი. ბევრი მათგანი instagram-ზეც მემეგობრება. ისინი თბილ კომენტარებს არ იშურებენ. უკვე სხვადასხვა გამოფენაზე მონაწილეობის შემოთავაზებებიც მივიღე. დღეს სკოლის დირექციამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემი გამოფენა მოეწყოს. იმის იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი საინტერესო წინ მელოდება...

 

646
საგამოცდო აუდიტორია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწურება

0
(განახლებულია 15:17 14.04.2021)
რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეძლებს შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური)

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტის დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში იყო შესაძლებელი. 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტს  უფლება ჰქონდა, შეეცვალა სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ეძლევა შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

„რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. ხოლო მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

0
თემები:
განათლება საქართველოში