ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

ქართველი არქიტექტორის პროექტები ნიუ-იორკში და მისი ერთგული Soulmate

578
(განახლებულია 22:35 07.04.2021)
ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრები ანა ქურციკიძის ისტორიას გაგაცნობთ.

„ბედნიერი ცხოვრებისთვის ვშრომობ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ან არ შემიძლია“ – ეს სიტყვები ფორმალური ნათქვამი რომ არ არის, არაერთხელ დაამტკიცა.

საუბარია წარმატებულ მხატვარსა და არქიტექტორზე, რომლის ამერიკული ცხოვრება და საქმიანობა 2014 წლიდან იწყებს ათვლას. თუმცა, არქიტექტურაში მისი კარიერა საქართველოშიც არანაკლებ წარმატებული იყო. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი მკაცრი კონკურსის შედეგად გახდა. პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. 22 წლის ასაკში კომპანიონთან ერთად არქიტექტურული კომპანია დაარეგისტრირა. ამერიკაში კვალიფიკაცია სხვადასხვა ფირმებში პრაქტიკული საქმიანობით აიმაღლა. დღეს მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე არქიტექტორია, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. როგორც მხატვარი, საკუთარი სტილის ერთგული რჩება და გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ეს მისი ცხოვრების, საქმიანობისა და სიყვარულის ამბავია...

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- ანა, როგორი იყო თქვენი თბილისური ბავშვობა?

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საბურთალოზე, ყველასთვის ცნობილ დოლიძის ქუჩაზე. უმცროსი ძმისა და ჩემ აღზრდაში მთელი ოჯახი იყო ჩართული. დედა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით დატვირთულები ვყოფილიყავით, ამიტომ გვატარებდნენ მუსიკაზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ხატვაზე, უცხო ენებზე. 9-11 წლის ასაკში ბავშვთა ანსამბლ „გვირილაში“ ვმღეროდი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლის კონცერტზე რამდენიმე სოლო-სიმღერაც მაქვს შესრულებული. ჩემს ცხოვრებაში ეს დიდი გამოწვევა იყო და ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. რაც მთავარია, ჩემმა მშობლებმა მე და ჩემს ძმას მოგვცეს იმაზე მეტი, რაც შეიძლებოდა 2000-იანების დასაწყისში მშობლებს შვილებისთვის მიეცათ – არჩევანის თავისუფლება.

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- მომავალი პროფესიაც სხვების რჩევის გარეშე, დამოუკიდებლად აირჩიეთ?

- ერთხელ შემთხვევით მოვხვდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა მესწავლა. რამდენიმე თვე მოვემზადე და მისაღებ გამოცდებზე გავედი. 2003 წელს წარმატებით ჩავაბარე აკადემიაში, სხვათა შორის, მაშინ ჩემმა ნახატებმა საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურა. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილი - სტუდენტობა სამხატვრო აკადემიაში. სწორედ მაშინ მოხდა, რომ სამყარო სხვა თვალით, ფორმით და ფერებით დავინახე. მაგ პერიოდში ვიმოგზაურე საქართველოში, გავეცანი და შევისწავლე ქართული ხელოვნების ისტორია, ხუროთმოძღვრება, ორნამენტები, ფერწერა, გრაფიკა, ქსოვილი და დიზაინი. სტუდენტობის დროს ქსოვილის შექმნა-დამუშევებასა და კოსტიუმების დიზაინზეც ვმუშაობდი. მქონდა პატარა ბიზნესი, სახელოსნო, სადაც თექისა და ბატიკის ნამუშევრებს ვაკეთებდით და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებზე გაგვქონდა.

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- არქიტექტურით როდის დაინტერესდით?

- მოგვიანებით ინტერიერის დიზაინის სპეციალობიდან არქიტექტურაზე გადავედი. იმ პერიოდში გამიჩნდა სწრაფვა რაღაც უფრო დიდისა და მასიურისკენ, რაც სიძლიერეს გამოხატავს. ამისთვის საკმაოდ რთულ პროფესიას შევეჭიდე. დავამთავრე მაგისტრატურა და სწავლა დოქტორანტურაში გავაგრძელე. სწორედ იმ პერიოდში თბილისის მერიას ახალგაზრდა არქიტექტორების სტაჟირების კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული. განაცხადი შევიტანე და 4500 მსურველიდან 19 შერჩეულ კანდიდატს შორის აღმოვჩნდი. ასე გავხდი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი. ამ სამსახურმა პროფესიულად გამზარდა. რაც მთავარია, იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ვანო ზაქაიძე, რომელიც ასევე არქიტექტორია.

ანა ქურციკიძე
ანა ქურციკიძე

- ამის შემდეგ თქვენი პროფესიული საქმიანობა როგორ წარიმართა?

- არქიტექტურის სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე არქიტექტორად, თუმცა მალევე მიხვდი, რომ რეალურად გამაჩნდა იმის პოტენციალი, რომ საკუთარი კომპანია გამეხსნა. 22 წლის ასაკში მე და ჩემმა კომპანიონმა დავარეგისტრირეთ არქიტექტურული კომპანია „ვიზუალ არტ სტუდიო“. დამოუკიდებლად მუშაობამ კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შემძინა, ვთანამშრომლობდით ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა „თიბისი ბანკი“, „მაკდონალდსი“, „ლისი დეველოპმენტი“, მაღაზიათა ქსელი „ზღაპარი“ და სხვ. 

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- ასეთი წარმატების ფონზე მაინც გადაწყვიტეთ საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა...

- დიახ, 2014 წელს მეუღლესა და მშობლებთან ერთად ამერიკაში, ნიუ-იორკში ჩამოვედით. მე და ჩემი მეუღლე ბოლო დღემდე ვფიქრობდით წამოვსულიყავით თუ არა, იმიტომ რომ თბილისში არაფერი გვაკლდა. ნიუ-იორკში ვიზის დამთავრებიდან ერთი დღით ადრე ჩამოვფრინდით. ამ მეგაპოლისით თავიდან არ მოვიხიბლე, უფრო მეტს მოველოდი. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ აქეთ წამოსვლა დიდად არ მინდოდა, თანაც, ამას დაემთხვა ცივი ამერიკული ზამთარი და ამან უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამიმძაფრა. თუმცა სიტუაციას მაინც არ დავნებდით და სამსახურის ძებნა ჩვენი პროფესიით გავაგრძელეთ. უკვე რამდენიმე თვეში სამსახურიც ვიპოვეთ. ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში გასაუბრებაზე ორივე დაგვიბარეს. ჯერ ვანო მიიღეს არქიტექტორად, რამდენიმე კვირაში კი სამსახური მეც შემომთავაზეს.

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- შვიდი წელია, რაც ოჯახი დიდი სიყვარულით შექმენით, როგორი თქვენი რჩეული?

- ჩვენ გაცნობის დღიდან მოვდივართ ერთად, ყველგან და ყოველთვის ერთად ვართ, აგერ უკვე მეთერთმეტე წელია. ოჯახი შვიდი წელია რაც შევქმენით. ერთმანეთთან ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს, სწორედ ამ სიყვარულმა და გვერდში დგომამ გადამატანინა ბევრი რამ და ბევრი რამისთვის მიმაღწევინა. ის ჩემი მეორე ნახევარია, მე კიდევ მისი. ინგლისურ სიტყვას მოვიშველიებ, ის არის ჩემი Soulmate - ანუ ჩემი სულის მეგობარი. ყოველ დილით ერთად მივდივართ სამსახურში, სადაც გვერდიგვერდ ვსხედვართ. ხშირად რომელიმე კონკრეტულ პროექტზე გუნდური მუშაობაც ერთად გვიწევს. საღამოს ერთად ვბრუნდებით სახლში, სადაც პატარა პრინცესა, ჩვენი 1.5 წლის ქალიშვილი ელისაბედი გველოდება. ვანო საუკეთესო მეუღლე და მამაა. უნიჭიერესი ადამიანია და მისი ხელიდან ყოველთვის ულამაზესი, განსაკუთრებული და უმაღლესი ხარისხის ნივთები იქმნება. ძალიან სულგრძელი და თავმდაბალია, ამიტომ ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. არ შემიძლია არ ვთქვა ჩემს მშობლებზე, რომლებიც ძალიან მეხმარებიან და გვერდში გვიდგანან. მათი ხელშეწყობის გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდით. დედაჩემი, ლეილა ქურციკიძე განსაკუთრებული ნიჭის დიზაინერია, ულამაზეს ნახატებს და ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის.

ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე
ანა ქურციკიძე და მისი მეუღლე ვანო ზაქაიძე

- კონკრეტულად რომელ ფირმაში მუშაობთ მეუღლესთან ერთად?

- მე და ჩემი მეუღლე The Big Apple-ში (ასე ეძახიან ნიუ-იორკ-სითის) არქიტექტორებად ვმუშაობთ. ორი სამსახური გვაქვს. სამ წელზე მეტია ასევე ვმუშაობთ ერთ-ერთ დიდი გამოცდილების მქონე საშუალო ზომის არქიტექტურულ ფირმაში Bricolage Designs. ორი წლის წინ დავაარსეთ კერძო პატარა კომპანიაც, სადაც შეკვეთებს ვიღებთ. მე ასევე ერთდროულად რამდენიმე პროექტზეც ვმუშაობ. შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაფერი კანონების მიხედვით კეთდება. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ უფრო იურისტი ვარ, ვიდრე არქიტექტორი.

ანა ქურციკიძის პროექტი
ანა ქურციკიძის პროექტი

- რადგან არქიტექტურა ისევ რჩება თქვენ პრიორიტეტად, პროფესიული ზრდის მორიგი ეტაპი როგორი იქნება?

- დიახ, არქიტექტურა, მოცულობა გეგმარება - დღემდე ჩემი საყვარელი საქმეა. მე მას ვგრძნობ და მიყვარს. ძალიან ბევრი ვიშრომე და ვისწავლე იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიმეღო. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სწავლა და შრომა მელოდება. რაც მთავარია, წინ მაქვს არქიტექტურის სალიცენზიო ურთულესი გამოცდები, რომელსაც ამერიკელი არქიტექტორების 25% მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ აბარებს. მის ასაღებად ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო – უწყვეტი გამოცდილება და ურთულესი შვიდი გამოცდა. მე და მეუღლეს ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე წელიწადში, წესით, გვექნება ეს ლიცენზია...

ანა ქურციკიძის შემოქმედება
ანა ქურციკიძის შემოქმედება

- ამასობაში, წარმატებული არქიტექტორის ფონზე, მხატვარი ხომ არ „დაიჩაგრა“ თქვენში? 

- არა მგონია. ნიუ-იოკში მე და ვანომ საკმაოდ ცნობილ გალერეებში მანჰეტენზე და ჩელსიში რამდენიმე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. იქ გამოიფინა ჩვენი ნამუშევრები, რომელთაგან რამდენიმე ნახატი გავყიდეთ კიდეც. თუმცა საკუთარი ნახატების გაყიდვა დიდად არ მიყვარს, რადგან ვიცი, რომ ასეთ მეორეს ვეღარ შევქმნი. საერთოდ, დიდ დროს ვანდომებ ნახატზე მუშაობას და რასაც ვქმნი, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ანა ქურციკიძის პროექტი
ანა ქურციკიძის პროექტი

- როგორც არქიტექტორი როგორ შეაფასებდით ნიუ-იორკს და ამის ფონზე შორიდან როგორ მოჩანს თბილისი?

- ნიუ-იოკრის არქიტექტურა - ესაა ძალიან დიდი ისტორია, რომელსაც, მგონი, სრულად ვერასოდეს შეისწავლი. აქ ნახავთ საუკუნოვან ისტორიულ შენობებს და მის გვერდით სრულიად თანამედროვე, უმაღლესი მასალებით და საინტერესო კონსტრუქციით აგებულ ცათამბჯენებს. ნიუ-იორკი უფრო ურბანული, მრავალფეროვანი მსოფლიო ქალაქია. სულ რაღაც ერთი ქუჩის მერე აქ რადიკალურად იცვლება სიტუაცია და შენობების იერსახე. ცნობილია, რომ ყველა ქალაქს თავისი სული აქვს. თბილისი მყუდრო, ლამაზი და ძველი ქალაქია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მის არქიტექტურაში ძალიან დიდი ძალა და სულია. უფრო მთლიანია და შეკრული. მე მიყვარს თბილისი...

ანა ქურციკიძის შემოქმედება
ანა ქურციკიძის შემოქმედება

- როგორია ქართველი არქიტექტორის „ამერიკული ოცნება“?

- ესაა გქონდეს სახლი და სამსახური, რომელიც იმ სახლის ყოველთვიურ კრედიტს გადაიხდის, დაგიფარავს სხვა ხარჯებს და დაგრჩება ცოტა დანაზოგი, რომლითაც სამომავლო გეგმებს დასახავ. მსოფლიოდან მილიონობით ემიგრანტი აქ სწორედ ამისთვის ჩამოდის. ეს სიტყვები დამამახსოვრდა ჩემი ამერიკელი მასწავლებლისგან. მეც სწორედ ამ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ბედნიერი ცხოვრებისთვის ვშრომობ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ან არ შემიძლია... 

578
თემები:
ქართველები უცხოეთში (104)
ირაკლი კურცხალია

ციხეში ნასწავლი დროის ფასი და საათი, რომელიც მუდმივად სიყვარულის დროს აჩვენებს

444
(განახლებულია 20:43 09.04.2021)
დომინოს ქვებით, კაზინოს ფიშკებით თუ ღვინის ბოთლის საცობებით დამზადებულ კედლის საათებს, გარდა იმისა, რომ ისინი დროს აჩვენებენ, თავისი სიმბოლური ახსნაც მოეძებნება...

ირაკლი კურცხალია კედლის საათებს უჩვეულო მასალებისგან აკეთებს. ამ ეტაპზე ის პრობაციონერია და მალე, შესაძლოა, საპატრიარქოს იმ პროექტის მონაწილეც გახდეს, რომელიც მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანების საინტერესო ბიზნეს-იდეებს აფინანსებს.

ირაკლი კურცხალია
ირაკლი კურცხალია

- ირაკლი, მოდი, თქვენს ხელნაკეთ საათებზე ვისაუბროთ. რითი აკეთებთ მათ?

- სხვადასხვა მასალისგან, ვიყენებ ღვინის ბოთლის საცობებს, დომინოს ქვებს, თოკებს, კაზინოს ფიშკებს... მერე კი ჩარჩოში ელქტრონული საათის მექანიზმს ვსვამ. მაქვს თემატური საათები, მაგალითად, ღვინის ბოთლის საცობებით რომ გავაკეთე ციფერბლატი, ის ყურძნის მტევნებით გავაწყვე.  

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- თქვენს საათებს შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს. დომინოს ქვებით რომ გააკეთეთ, ეგ საათი ვისთვის აჩვენებს დროს?

- ალბათ უფრო უსაქმურებისთვის, მათ ვახსენებ, რომ დრო უაზროდ არ გაფლაგონ.

- კაზინოს ფიშკებით რომ არის გაკეთებული?  

- იმათ ალბათ ვახსენებ, რომ დრო – ფულია.

- გავიგე, რომ არც ერთი საათი არ გაგიყიდიათ, ყველა გაჩუქებული გაქვთ...

- დიახ, ჩემთვის მხოლოდ სამი დავიტოვე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- საპატრიარქოს პროგრამაში მოხვედრის შანსი გაქვთ?

- საპატრიარქოში არის სპეციალური პროგრამა, სადაც იმ პრობაციონერებს, ვისაც რაღაც საქმის წამოწყება სურს, შეუძლიათ წარადგინონ ბიზნეს-გეგმა, რომელსაც, თუ მოიწონებენ, დაუფინანსებენ კიდეც. ჩემ შემთხვევაში ამის წინაპირობა, მგონი, არსებობს. შესაძლოა აღმოვჩნდე იმ ათ პრობაციონერს შორის, რომელსაც იდეას დაუფინანსებენ.

- გასაუბრებაზე უკვე იყავით?

- დიახ, საპატრიარქოში გასაუბრებაზე მივედი და ჩემი გაკეთებული საათები რომ ნახეს, იმ სიაში პირველი ჩამწერეს. ეგ პროექტი რომ გამოვიდეს და ნება დამრთონ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, ვინ არის ირაკლი კურცხალია?

- ჩხირკედელა კაცია, ადრე ბევრ ადგილზე მუშაობდა. კიდევ ემოციური ადამიანია და არ უყვარს ვინმეს წყენინება. ბავშვობაში თავზე ტრავმა გადავიტანე, სახლში არ ვთქვი და გამირთულდა. ნერვი ახლაც მაქვს დაზიანებული და „ნიუჰოსპიტალსში“ ვმკურნალობ. მითხრეს, ემოციური ფონი გაქვს მაღალიო...

- რაში გამოიხატება ეს?

- ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ რუსთავში, ქუჩაში ახლობელი გოგო შემხვდა, გასაუბრებაზე მიდიოდა. როცა ჩემი გაკეთებული საათების ფოტოები ვაჩვენე, ისე მოეწონა და ისეთი აღფრთოვანება გამოხატა, როცა დავშორდი, სასწრაფოდ ტაქსით გავვარდი სახლში, კედლიდან საათი ჩამოვხსენი, იმ გოგოს ადგილზე მივაკითხე და ვაჩუქე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- ისე, დროის ფასი თუ იცით?

- უკვე ვიცი. დროის ფასი ვისწავლე ციხეში, სადაც ნარკოტიკების გამო ვიჯექი. სააკაშვილის დროს იქ საშინელი გარემო იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნე. ისეთი დრო იყო, ციხეში თუ იჯექი, „კარგი ბიჭი“ იყავი. მე კაზინოებს და აზარტულ თამაშებს საერთოდ ვერ ვიტან, ვერც ტოტალიზატორებს.

- ანუ დამოკიდებული არაფერზე ხართ...

- მარტო დედაზე ვარ დამოკიდებული. მხოლოდ ის მაქცევს ყურადღებას და ყველანაირად გვერდში მიდგას. მისი ფასიც ციხეში გავიგე. დღეს მარტო ვცხოვრობ. დედა სამუშაოდ არის უცხოეთში წასული და ჩემ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ მისი ნაწვალები წყალს გავატანო. ძალიან მენატრება, დღეს დაბადების დღე აქვს, დავურეკე და მივულოცე – „რა ლამაზი დღეა“ ვუმღერე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- ალბათ ყოველდღე ელაპარაკებით...

- დღეში რვაჯერ ველაპარაკები!..

- ვხედავ, დედა ძალიან გიყვართ, როგორ საათს მიუძღვნიდით მას?

- როგორს? ვარდების დიდ თაიგულს ავიღებდი და შიგნით საათს ჩავსვამდი. ვარდი ხომ სიყვარულს ნიშნავს, ჰოდა, ასეთი საათიც სულ სიყვარულის დროს აჩვენებდა...

 

444
ედუარდ უგულავა

„არტისტული ყვავილების სურნელი“, სკამზე შემდგარი მოსწავლეები და მეტროში დაწერილი ლექსი

419
(განახლებულია 23:30 08.04.2021)
„მთავარია, ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს“ – ასეთი ემოცია კი პოეტ ედუარდ უგულავასთან თითქმის ყოველთვის მოდის, ამიტომაა მისი ლექსები ყველასთვის მშობლიური.

მათში ის აზრია, რაც თითქმის ყველა ჩვენგანს მოსვლია თავში, ოღონდ ესაა – ასეთი სადა, გულწრფელი და ლიტერატურული ფორმით მისი გადმოცემისთვის უბრალოდ... პოეტი უნდა იყო.

ამგვარი ემოციით სავსე მისი უკვე ხუთი პოეტური კრებულია გამოცემული. არის გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემია “საგურამოს“ ლაურეატი, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის სამგზის პირველი ადგილის მფლობელი და ლიტერატურული კონკურსის „ქუჯი-2019" გამარჯვებული.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

უკვე ნაგრძნობი რაიმე აზრის გადმოსაცემად პატარა იმპულსიც საკმარისია, რომ ლექსის კოცონი დაინთოს მათთვის, ვისთვისაც პოეზია მარტო გარითმული სტრიქონები არ არის... საუბრის დაწყებამდე, განწყობის შესაქმნელად, მისი ერთი ლექსი გავიხსენოთ:

ბოლო დროს ისევ მინდება გნახო,

მაგრამ რომ ვახელ თვალებს სიზმრიანს,

ხან ისე შორს ხარ, ხან ისე ახლოს,

რომ მე სადა ვარ ვერ გამიგია.

თუმცა როდესაც ლექსებს ვწერ შენზე,

მაშინ ნამდვილად მხიბლავს სიცოცხლე

და ისე მომწონს, რომ მუდამ გეძებ,

რომ შემხვდე, იქნებ არც კი მინდოდეს.

ედუარდ უგულავა
photo: courtesy of Gio Liluashvili
ედუარდ უგულავა

- თავიდანვე მინდა გკითხოთ: პოეტი ედუარდ უგულავა როდის „დაიბადა“, ანუ როდის „აღმოაჩინეთ“ თქვენში?

- ცოტ-ცოტას ბავშვობაშივე ვწერდი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. მართალია, იმდროინდელ ლექსებს რომ ვიხსენებ, მეცინება, ისეთი უსუსური მცდელობებია, მაგრამ ესეც აუცილებლად გასავლელი დროა, თუ გინდა, რომ საბოლოოდ რამე გამოგივიდეს.

ქეთი გაბინაშვილთან ერთად
ქეთი გაბინაშვილთან ერთად

- რახან ახსენეთ, როგორია ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ, ვინ და რამ დატოვა მასში კვალი?

- ალბათ, ბავშვობა ყველაზე სასურველი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, სამყაროს გაცნობის  ხანა... ჩემ შემთხვევაშიც ასე  იყო. სკოლა ხონში დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. განსაკუთრებით მიყვარდა ქალბატონი ეთერ უგულავა, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და ლიტერატურა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. ასევე  ძალიან მიყვარდა ხატვა და ყოველთვის მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი. დედაჩემი ხონის თეატრის მსახიობია და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ თეატრში გვიხდებოდა ყოფნა მე და ჩემს ძმას. ამ ყველაფერმა თავისთავად დატოვა კვალი ჩემში.

მამუკა ჩარკვიანთან ერთად
მამუკა ჩარკვიანთან ერთად

- სოფელი გორდი - ადგილია, სადაც დაიბადეთ, რა ასოციაციები გიჩნდებათ მასთან დაკავშირებით?

- გორდი ისტორიული და ძალიან ლამაზი სოფელია, სტუმარი არასოდეს აკლდა ამ სოფელს. აქ დადიანებს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ და ამ ადგილს არაერთი გამოჩენილი პიროვნება სტუმრობდა. იმ დროს ცხოვრებაც სხვაგვარი იყო და ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ბევრი რამ მენატრება... თუნდაც ის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიყავი, რომლებიც დღეს აღარ არიან. მახსოვს, ბაბუაჩემის გამოჩენას როგორ ველოდით ბავშვები. ის მასწავლებელი იყო, ჯიბეები მუდამ ტკბილეულით სავსე ჰქონდა. როგორც კი ქუჩაში ბავშვებს დაინახავდა, მაშინვე პეშვებით ისროდა კანფეტებს. 

თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
თემურ ჩალაბაშვილთან ერთად

- საინტერესოა, ვინ გიმღეროდათ „იავნანას“? 

- დედა მიმღეროდა „იავნანას“ და ვფიქრობ, რომ დედამ უნდა გაზარდოს შვილი...

- ალბათ მიხვდით რატომ დაგისვით ეს კითხვა. ლექსი, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ – „ძიძებია“? 

- არ ვიცი, რამდენად პოპულარული ვარ, თუმცა „ძიძებმა“ ჩემდამი გარკვეული ინტერესი გამოიწვია. არაერთხელ მომისმენია სხვის მიერ წაკითხული ეს ლექსი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ავტორი არ იცოდნენ და ამას არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- თუ შეიძლება, შევახსენოთ მკითხველს...

- როგორც იქნა, შეგიჩვიეს ძიძებმა,

გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.

შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,

ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...

ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს

და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...

რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს

ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...

მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,

თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,

იავნანას ვერ მღერიან ძიძები,

იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- როგორი იყო ედუარდ მასწავლებელი? დარწმუნებული ვარ, ეყვარებოდით მოსწავლეებს...

- თუ ბავშვები გიყვარს, ბავშვებსაც უყვარხარ! სიყვარულის გარეშე მასწავლებლობა წარმოუდგენელია. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდი, თუმცა ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს როგორმე სწავლის ინტერესი გასჩენოდათ. მახსოვს, მეხუთე-მეექვსე კლასელებს როცა გამოვიძახებდი, დაფასთან სკამს დავუდგამდი ხოლმე, შეხტებოდნენ ამ სკამზე და ასე ხალისიანად მაბარებდნენ გაკვეთილებს. ჩვენ, ალბათ, უფრო ერთმანეთს ვასწავლიდით და ვზრდიდით... 

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- საბავშვო ლექსებსაც წერთ და აქვე რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?

- ჩემს ერთ ლექსს გავიხსენებ გაზაფხულის მახარობელზე, ლექსს ჰქვია „შე კუდმაკრატელა, შენა!..“

ბევრჯერ გადმოლახე ზღვები,

ან კი როგორ შეძელ ფრენა,

ე მაგ პაწაწინა ფრთებით,

შე კუდმაკრატელა, შენა?!

კვირტით და სიმწვანით სავსე

ისევ მომიტანე სითბო,

რომ კვლავ შემოგისვა მხარზე,

ჩემო გაზაფხულის ჩიტო!

ქარებს ამარიდე აშარს,

ზამთრის დამანახე ბოლო.

მოდი, გელოდები, აქ ვარ,

კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- ლექსი რომ დაიწეროს, მთავარი რა არის?

- მთავარია ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს...

- ასეთი ემოცია ხშირად გაზაფხულს მოაქვს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში რომელი ლექსი გაჩნდა?

- რა ვიცი, ალბათ ბევრი, ახლა ამ ლექსს გავიხსენებ:

სიცოცხლეს უქმად რა გააჩერებს,

ჯერ ალაგ-ალაგ ამოვა იად,

ამოაღრმავებს თოვლის ნარჩენებს,

ირგვლივ რომ დახრულ ძვლებივით ყრია.

მერე იმედი მოვა კვირტებად

და ამ ნაზამთრალ დღეების დამლევს,

ხელები ხელებს ჩაეჭიდება,

თვალები ძებნას დაუწყებს თვალებს.

ცოტა კიდევ და მზე, სათაყვანო,

ჩაათბობს სისხლში უცნაურ ჟრჟოლას

და გამოთვრება მთელი სამყარო,

როცა კვირტიდან რძე გამოჟონავს.

- ყველაზე უჩვეულოდ რომელი ლექსი „შემოგეწერათ“?

- მახსოვს, კომპოზიტორ მიშა ზაქარიაშვილს დავპირდი სიმღერისთვის ლექსს ამა და ამ დღეს გამოგიგზავნი-მეთქი. მერე დამავიწყდა. ერთხელ მეტროში ჩავდიოდი და მირეკავს მიშა – ლექსი სად არიო. ვუთხარი, ნახევარ საათში მოგაწვდი-მეთქი. ვიდრე ჩემს სადგურს მივაღწევდი, ავკრიფე ტელეფონზე და გავუგზავნე. თან ვფიქრობ, როგორ დამავიწყდა, ასე ნაუცბათევად დაწერილი რა უნდა გამოსულიყო-მეთქი. მალე მიშამაც დამირეკა – გენაცვალე, ედუჩია, სწორედ ასეთი  ლექსი მინდოდაო. მერე იმ ლექსზე დაწერილი სიმღერა „ტრიო სიმმა“ შეასრულა.

- რისთვის ღირს სიცოცხლე? იქნებ ამ კითხვაზეც ლექსით გაგვცეთ პასუხი...

- სიყვარულისთვის - ეს თქვენს კითხვაზე პასუხიცაა და ჩემი ამ ლექსის სათაურიც:

შენ ისევ ითხოვ, რომ ვიყოთ ერთად,

მოვეშვა ზღაპრულ ეტლებით ქროლვას,

არ ვესაუბრო მარტოდენ ჩემ თავს,

ან ბნელ ოთახში მოფრენილ ყორანს.

გადაწყდა, უკვე სხვა გზით ვერ ვივლი,

თანაც უკეთესს არაფერს ველი,

ვიდრე უცნობი ქალის წერილი,

ან მარტოობის თუნდ ასი წელი;

და შემოდგომის კართან არ მისულს

ერთხელაც გნახავ, ფერადებს ულევს

თვალს გადავავლებ, მაგრამ არტისტულ

ყვავილებისას მოგიტან სურნელს,

თუ არ დამძალა სიბრაზემ მავრის,

ტვინში რომ სისხლად ჩამექცა თითქოს,

რადგანაც გულში ყოველთვის არის

ეჭვი, რომელიც პასუხებს ითხოვს.

მაგრამ მე მაინც მინდა იცოდე,

ვიდრე მიწისქვეშ გავიშლით ლოგინს,

სიყვარულისთვის რომ ღირს სიცოცხლე,

სიცოცხლისათვის სიკვდილი რომ ღირს!

- ყველაზე დიდი ჯილდო რა არის თქვენთვის?

- ყველაზე დიდი ჯილდო ის ნიჭია, რომელიც თავს ადამიანად გაგრძნობინებს, ეს არის ნიჭი სიყვარულისა, სხვისი ტკივილის გაზიარების და ლექსის წერის...

419
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0