WORLD RUN-ის საქველმოქმედო კამპანია

ადამიანური ისტორიები: ეს იყო უდიდესი ემოციით დატვირთული რბოლა, რომელიც მოვიგე

341
(განახლებულია 16:11 04.04.2021)
ყოველი ადამიანი სხვებისგან განსხვავებული, ცალკე ისტორიაა, რომელიც არასოდეს მეორდება და მარტო ამითაცაა საინტერესო.

ამ ისტორიებიდან კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი ბუნება და ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ, სურვილისა და მცდელობის შემთხვევაში, შეუძლებელია არაფერია. ამ მხრივ, არც თეა ბოლქვაძის ამბავია გამონაკლისი...

პროფესიის ექიმი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შშმ პირი გახდა, მაგრამ ხელი არ ჩაიქნია, პირიქით, გაძლიერდა და სამყაროში ყველაზე მაგარ მარათონში ჩაერთო. მთავარ „შეჯიბრში“ საკუთარი ბედისწერა გამოიწვია და ფინიშთან გამარჯვებული მივიდა. დიდი ძალისხმევის შედეგად მან საკუთარი სხეულის მართვა შეძლო და დღეს წარმატებული პარასპორტსმენია.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ახლა უკვე ზუსტად იცის როგორ მოიქცეს მაშინ როცა ცხოვრება კარს მიგიჯახუნებს: „უნდა მიხვიდე მასთან და მოარგო გასაღები, რომელსაც „ნება“ ჰქვია, მაშინ ყველა კარი გაიღება შენს წინაშე“...

ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, რუტინული ცხოვრებით იყო დატვირთული, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც არდადეგებზე, სოფელში მივდიოდი. იქ უფრო მეტი კონტაქტი მქონდა ბუნებასთან და ცხოველებთან. თხუთმეტი წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში, ჩემზე ხუთი წლით უფროსა ძმა დავკარგე. ჩემი უდიდესი ტრაგედიაც იქ დაიწყო, რადგან ჩემს ძმასთან ერთად ამ ტრაგედიის გამო მშობლებლებიც „დავკარგე“. მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ასეთ ტკვილს ცოტათი მაინც შეგუებოდნენ და გაეაზრებინათ, რომ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ. ეს ტრაგედია ჩემს ცხოვრებას დამღად მოყვება და მისი გახსენება 30 წლის გასვლის შემდეგაც მტკივნეულია...

თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად
თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად

სკოლის დამთავრების მერე, ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში, სამკურნალო საქმეზე-ფერშლის კვალიფიკაციით. როდესაც ამ პროფესიით მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მეტის გაკეთება მინდოდა და შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაციაზე ჩავაბარე.

ტრავმამდე ანუ 2005 წლიდან, გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად ვმუშაობდი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მიბრძოლია და გამიმარჯვია კიდეც. თუმცა ზოგჯერ დავმარცხებულვარ და ყველა ის დამარცხება მახსოვს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და იმედი მაქვს ახლო მომავალში დავუბრუნდები, იმიტომ, რომ შშმ სტატუსით, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებით, საკმარისი ცოდნა დავაგროვე. ასევე ძალიან მიყვარს ცხოველები და ვეტერინარობა სულ მინდოდა, მაგრამ ადამიანის მკურნალობა ვარჩიე. სხვათაშორის მკურნალობას დღეს არც ცხოველებს ვაკლებ.

თეა და ლუკა ტრაგედიამდე
თეა და ლუკა ტრაგედიამდე

ამბავი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება 2014 წლის 11 მაისს მოხდა... ყველაფერი კადრებად მახსოვს: ჩემი პირველკლასელი შვილის ექსკურსია, გორი, ვარიანი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი... მორიგი ფოტოს გადაღების დროს მოაჯირი გადავარდა და მას ინერციით თან გადავყევი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა, უმძიმესი ტრავმით ვძლიე სიკვდილი და ეხლა ვუყურებ როგორ იზრდება ჩემი შვილი.

ტრავმამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ეტლით მოსარგებლე გავხდი... უამრავი ტკივილით, უამრავი გამოცდის მერე, მე და ეტლი დავმეგობრდით. ის ეხლა სამყაროში ჩემი გადაადგილების საშუალებაა. მან ბევრი რამ დამანახა და მასწავლა, პირველ რიგში, საკუთარი სხეულის და ეგოს მოსმენა. ის, რომ ეტლში ზიხარ, დასასრულს არ ნიშნავს, პირიქით, აქედან იწყება უდიდესი ბრძოლა ცხოვრებასთან, საკუთარი თავის დამკვიდრება და იმ ნიუანსების შეცნობა, რასაც ადრე, შეიძლება ყურადღებას არ აქცევდი. დღეს უკვე შეგიძლია დეტალების გათვალისწინება და იცი, რომ ბედნიერება და პოზიტივი დეტალებშია. ეტლმა მასწავლა ადამიანების ფსიქოტიპის ამოცნობა. სხვა სამყარო დამანახა: ხისტი და ლმობიერი, მოსიყვარულე და ამაზრზენი, დამანახა სიკეთე და ღვარძლი...

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ადამიანები ჩემს გვერდით - ეს ცალკე თემაა... უდიდესი ტკივილი თუ ტრაგედია მათი გვერდში დგომით, მათი დახმარებითაა შესაძლებელი. ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა... დედა, მეუღლე და შვილი - ამ ადამიანებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ „ფეხზე დავმგდარიყავი“, მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ ამ ადამიანების მეშვეობით მყარად ვაგრძელებ ცხოვრებას და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი.

აქტიური სპორტით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, გარდა ფიტნესისა, სადაც წონის კორექციისთვის დავდიოდი. ტრამვა 39 წლის ასაკში მივიღე და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მოვხვდი ორგანიზაციაში, სადაც შშმ პირებს ასწავლიდნენ ეტლით სარგებლობას. აქ ერთ-ერთი სპორტული აქტივობა მშვილდოსნობა იყო. მშვილდის ხელში აღებისთანავე, პირველივე გასროლაზე მოვიხიბლე და გადავწყვიტე ამ სპორტით დავკავებულიყავი. მოკლედ 40 წლის ასაკში აღმოვჩნდი აქტიურ სპორტში, კერძოდ, პარამშვილდოსნობაში. ხუთწლიანი ვარჯიშის შედეგად, თბილისის ზამთრის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვარ ინტეგრირებულ შეჯიბრებაში.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გავდიოდი, როდესაც გავიგე მსოფლიო რბოლის -Wings for Life World Run-ის შესახებ, ამ მარათონში მონაწილეობის მიღება მოვინდომე და დავრეგისტრირდი. მაშინ ჯერ კიდევ კარგად ვერ ვმოძრაობდი, პრაქტიკულად ტრამვა ახალი მიღებული მქონდა. მარათონში რეაბილიტოლოგი და ფიზიოთერაპევტები მეხმარებოდნენ. ჩემდა გასაოცრად, 2015 წელს, „ქალი ეტლით მოსარგებლეს“ სტატუსით 6.800 კმ. გარბენში გავიმარჯვე. ეს იყო აღუწერელი შეგრძნება, რომელიც დღემდე მომყვება. ამის გარდა  2016 წელს იყო 11 კმ გარბენი და 2019 წელს კი, 13კმ გარბენი. ეს იყო უდიდესი ემოციით დატვირთული რბოლა, რომელიც მოვიგე. ტიპიური ადამიანების და შშმ პირების ტანდემი -ამ დროს ისინი გეხმარებიან ფიზიკურად, შენ კი მათ მორალურად ამხნევებ, რომ მორიგი კილომეტრი ერთად დაძლიო.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? - ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უდიდესი ბრძოლა და ძალისხმევა გვჭირდება, რომ საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ და დავმკვიდრდეთ ამ რთულ ცხოვრებაში. საჭიროა საკუთარი დაუმორჩილებელი სხეულის შესწავლა (ვისაც ტრამვა აქვს) დაქვეითებული, გამქრალი რეფლექსებისა და შეგრძნებების აღქმა,  დამატებითი ძალისხმევა, რომ მოვერგოთ ეტლს, გარემოს (რომელიც ხშირ შემთხვევაში არაადაპტირებულია) და ისევ ჩავერთოთ ცხოვრების ფერხულში. ამიტომაც ვხდებით ძლიერები, ვხდებით მაგალითები ტიპიური ადამიანებისთვის. დაუძლეველი მართლა არაფერია თუ გულით მოინდომებ და მიზანს დაისახავ, მიაღწევ კიდეც.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

როდესაც ცხოვრება კარს მიგიხურავს (ჩვენს შემთხვევაში კი, მიგიჯახუნებს) აუცილებლად გაჩნდება მეორე კარიც, უბრალოდ უნდა მიხვიდე მასთან და მოარგო გასაღები, რომელსაც „ნება“ ჰქვია, მაშინ ყველა კარი გაიღება შენს წინაშე...

 

341
თამარ ფეიქრიშვილი

 ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15 წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“   

6
(განახლებულია 14:53 19.04.2021)
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“-მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარს, თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა  საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე
ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...

 

 

6
რუსუდან კაიშაური

ვინ არის ეს ქალი? დარდის საწინააღმდეგო „წითელი ბურთულები“ და შატალოზე წასვლა პოეზიაში

477
(განახლებულია 10:37 17.04.2021)
ბავშვობიდან ვერ იტანდა კლიშეებს, ამიტომ დადგენილ წესებს ყოველთვის არღვევდა. არის ერთდროულად ბევრი, და მასში ყველა მთავარია... ადვილად შეუძლია ლექსებით ყოფის რუტინა დაძლიოს.

რუსუდან კაიშაური – არაჩვეულებრივი პოეტი და ხუთი შვილის დედა. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ესტონურ, რუსულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. შესულია ბოლო წლების ყველა ქართულ და ბევრ უცხოურ კრებულში. ეს საუბარი იმის მცდელობაა, რომ მასალის სათაურში ატანილ კითხვაზე ცოტათი მაინც გავცეთ პასუხი პასუხი...

რუსუდან კაიშაური
რუსუდან კაიშაური

– ქალბატონო რუსუდან, თქვენზე ამბობენ, რომ შეგიძლიათ ყოფა პოეზიად აქციოთ...

– სხვათა შორის, ასეა... ჩემზე ამბობენ, რომ ყოველდღიური საქმიანობის, მაგალითად, ერბოკვერცხის შეწვის დროსაც შეუძლია ლექსების წერაო. პოეზიით ყოველდღიურ რუტინულ ყოფას ვალამაზებ. თუმცა, ეს ზოგადად ადამიანის მოვალეობაა. ამით განვსხვავდებით ცხოველისგან. მაგრამ როცა პოეტი ხარ, უფრო დიდ მოთხოვნას გიყენებენ. ეტყობა, ჩემი ორგანიზმი ისეა მომართული, რომ ვცდილობ ხოლმე ყოფა გავამარტივო, რათა საკუთარი თავისთვისაც დამრჩეს დრო... რილკეს აქვს ნათქვამი, ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის ძველი მტრობა არსებობს და პოეტი ქალი მათ შორისაა მოქცეულიო. 

რუსუდან კაიშაური
რუსუდან კაიშაური

– ყველაზე უჩვეულო გარემოში სად დაგიწერიათ ლექსი?

– ძირითადად ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი შვილების ხარჯზე არ ვწერო ლექსები. თუმცა, ერთხელ ჩემი გოგო ცუდად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ სურვილი მაინც მქონდა, რომ ლექსი მეწერა. რატომ? – ამას ვერც მე მივხვდი. ღამე, როცა პალატაში შუქს აქრობდნენ, გარედან შემოსული შუქით ვწერდი ლექსებს. გვერდზე მყოფმა ბავშვმა ჩემ შვილს ჰკითხა, დედაშენი რას წერდა მთელი ღამეო. ლექსებმა მაშინ ის მძიმე პერიოდი გადამატანინა და იმ დროს ბევრი ლექსი დავწერე.

შეხვდერა მწერალთა სახლში
შეხვდერა მწერალთა სახლში

– თქვენი ლექსები ბევრ ენაზეა თარგმნილი...

– მე არ წამიკითხავს ეს ლექსები უცხოურად, მაგრამ ჩემმა გოგომ იცის უცხო ენა და მას თარგმანები ძალიან მოსწონს.

– ერთ ლექსში ამბობთ ასე და მინდა გკითხოთ, ბავშვობაში რა წესებს არღვევდით?

– რა წესებს ვარღვევდი და იმას არ ვაკეთებდი და ისე არ ვფიქრობდი, როგორც უმეტესობა. ეს „ჩემისთანობა“ სერიოზულად მტანჯავდა და სულ ვცდილობდი სხვებს დავმსგავსებოდი. მეგონა, თუ ამას მოვახერხებდი, ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ რაც მეტად ვცილობდი, უფრო სასაცილო ვხდებოდი. მერე ხელი ჩავიქნიე, შევეშვი ჩემი თავის გადაკეთებას და მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ჩემ თავთან ბრძოლაში უნდა გამეტარებინა. ამ კითხვის პასუხად ენაზე მომადგა გალაკტიონის ლექსიდან ფრაზა: „ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი, ასეთი ცისფერი“, მაგრამ ესეც კითხვაა...

შეხვედრა ახალციხეში
შეხვედრა ახალციხეში

– ცოტა საკამათო კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ: დედა უფრო ხართ თუ პოეტი?

– პოეზია ბავშვობიდანვე იყო ჩემი თავშესაფარი, ახლა კი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. სულ ვფიქრობ, უფრო დიდი ბედნიერება რომელია –  შვილები თუ პოეზია? თქვენ წარმოიდგინეთ, ორივეს ერთ სასწორზე ვდებ. ადრე ჩემ პოეზიას უკანონო შვილს ვეძახდი და ლექსებს ვმალავდი. მეშინოდა ვინმეს არ დაეცინა, არ ეთქვათ, ვინაა ეს უცნაური ქალი, პოეზიით რომ ამარტივებს ყოფასო.

პოეზიის საღამოზე
პოეზიის საღამოზე

– და მართლაც, ვინ არის „ეს ქალი“?

– რა ვიცი, ხან ვინ ვარ და ხან ვინ... ცოტა ჯამბაზიც ვარ, ფილოსოფოსიც, დედაც. ყველანაირი ვყოფილვარ. როცა რაღაცეები არ მომწონს ხოლმე, ვცდილობ, გავიზარდო. საკუთარი შვილებისა და მოსწავლეებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და მათთან ერთად ვიზრდები. ერთ გერმანულ კრებულს ჩემი ერთი ლექსის მიხედვით დაარქვეს სახელი – „მე ბევრი ვარ“. აი, იქ წერია, რა და როგორი ვარ და როგორი ვერ ვიქნები...

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

– საინტერესოა, როგორი ვერ იქნებით?

– ერთადერთი, მოღალატე ვერ და არ ვიქნები, არც ერთ შემთხვევაში!..

– ცხოვრებაში მთავარი რა არის?

– „თუ თავი შენი თან გახლავს, ღარიბად არ იხსენები“, ამას პლუს სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარი, სიყვარული, ზოგადად.

– რა იწვევს თქვენში სინანულს, რა განაღვლიანებთ?

– ჩემი უპასუხისმგებლო, ზოგჯერ უნებლიედაც ჩადენილი საქციელები. მანაღვლიანებს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება, გამოწვეული უპასუხისმგებლობით, უვიცობით, გაუნათლებლობითა და ამპარტავნობით. დარდს საკუთარი თავით ვწამლობ. ყველა ადამიანში არის „ავადმყოფობასთან“ მებრძოლი „წითელი ბურთულები“, ისინი უნდა იპოვო და აამოქმედო...

 

477