თამუნა ლაბაძე

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ინწკირვეთის სკოლაში ბავშვებს მოსვლა უხარიათ“

352
(განახლებულია 20:54 31.03.2021)
„პირველი საჩვენებელი გაკვეთილის შემდეგ მივხვდი, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, საკლასო ოთახია“ – ასეთმა დამოკიდებულებამ ახალგაზრდა პედაგოგს თამუნა ლაბაძეს ბევრი რამ შეაძლებინა.

წარმოშობით ხულოდანაა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი მოსამზადებელ ცენტრში იმუშავა. შემდეგ მაძიებელ მასწავლებელთა პროგრამაში ჩაერთო და ინწკირვეთის საჯარო სკოლაში აღმოჩნდა.

ეს სოფელი შუახევის ყველაზე მაღალი წერტილია და იქამდე მიღწევა საკმაოდ რთულია. ამიტომ უდავოდ პატივისცემას იმსახურებენ ის მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში მყოფ 16 ბავშვს გაკვეთილების გარეშე არ ტოვებენ. ტრანსპორტირების პრობლემის პირობებში, რასაც ზამთრობით დიდთოვლობაც ერთვის, სკოლაში ამოსვლას ყოველდღე ახერხებენ. რაც მთავარია, ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ფორმალურად არ აკეთებენ. ასეა ახალგაზრდა მასწავლებლის თამუნა ლაბაძის შემთხვევაშიც – იგი დამატებითი აქტივობებითაც ცდილობს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში ყოფნა საინტერესო და ხალისიანი გახადოს.

თამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე

- თამუნა, თქვენი სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- სკოლაში შვიდი წლის ასაკში შევედი. სკოლამდე ყოველდღე სამი კილომეტრის გავლა გვიწევდა, ამიტომ ჩემი უფროსი ძმა ხშირად მეხმარებოდა ხოლმე ჩანთის ტარებაში. დაწყებით საფეხურზე დედა მასწავლიდა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თორმეტი წელი ჩემთვის ის მასწავლებელი იყო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ვბაძავდი კიდეც.

თამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე

- ალბათ მის გამო გაგიჩნდათ მასწავლებლობის სურვილი?

- ბავშვობიდანვე ბევრი პროფესია მომწონდა, თუმცა როცა მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, თამამად ვპასუხობდი – მასწავლებელი–მეთქი. მერე კი განვმარტავდი – რატომ. უნივერსიტეტში უკვე მესამე კურსზე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში პასიურ პრაქტიკებზე დავიწყეთ სიარული.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ინწკირვეთის სკოლაში თავიდან ონლაინ მოგიწიათ გაკვეთილების ჩატარება...

- ინწკირვეთის სკოლაში მუშაობა 1 ოქტომბერს დავიწყე და გაკვეთილებს ონლაინ ვატარებდით. ვცდილობდით, რომ ისინი ხალისიანი გამოსულიყო. ბავშვებიც ბეჯითად სწავლობდნენ და დღეებს ვითვლიდით, როდის გადმოვინაცვლებდით საკლასო ოთახში. კარგად მახსოვს, როცა პირველი კლასის მოსწავლეები დავინახე, თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა ამიჩქარდა. მერე უკვე დღითი დღე ვრწმუნდებოდი რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩემი სიტყვა და მოქმედება, რადგან მათი მომავალი ჩვენს ხელშია. უამრავი იდეა მქონდა, რის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა და ყველა გაკვეთილის გეგმა გონებაში მეწერა. პირველი საჩვენებელი გაკვეთილის შემდეგ მივხვდი, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი, საკლასო ოთახია. დღესაც ასე ვფიქრობ... ამ სკოლაში საუკეთესო მოსწავლეები და კოლექტივია. მათთან ურთიერთობით ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად

- მასწავლებელი მთავარი ფიგურაა გაკვეთილზე, რამდენად გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

- არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში პირველობა არ მიყვარდა, ეს თვისება არც დღეს არის ჩემში. განა იმიტომ, რომ ვერ შევძლებ, უბრალოდ არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მირჩევნია ვინმეზე არც წინ წავიდე და არც ჩამოვრჩე. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

თამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე

- ფაქტია, რომ იმ ვიდეოს მერე ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოხვდით...

- ეს ბავშვების გამო გავაკეთე. 1 თებერვალი ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენთვის – მონატრებულ მოსწავლეებს უეკრანოდ, თუმცა პირბადით შევხვდი. ერთ დღეს ბავშვებმა მოისურვეს, რომ ნიღბის გარეშე ვენახე. ამიტომ გადავწყვიტე მათთვის რამდენიმე მარტივი მოძრაობა მესწავლებინა, მუსიკაც რიტმული და სახალისო შევარჩიე და თოვლში ვიცეკვეთ. იმ ვიდეოში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან. ჩვენს სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. ჩვენს თოვლში ცეკვას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა... ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბევრი თბილი სიტყვა დავიმსახურეთ. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდით. იმის მერე ბავშვებმა მთხოვეს, იქნებ უფრო მეტი ვიდეო გადავიღოთ, თუ ამით სხვებს გულს გავუხარებთო. ბევრს ვერ დაგპირდებით, მაგრამ რითიც შევძლებთ, გაგახარებთ.

თამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე

- ვიცი, რომ გაკვეთილზე მასწავლებლის როლის მორგება შესთავაზეთ ბავშვებს, გაამართლა „ექსპერიმენტმა“?

- მათთვის ყოველი დღის გახალისებას სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობდით, რაც საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა. მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების მიზნით ვთხოვე, რომ ერთი დღით ისინი ყოფილიყვნენ მასწავლებლები, მოეფიქრებინათ და დაეგეგმათ გაკვეთილი მათთვის სასურველი აქტივობებით. ამან კარგი შედეგი გამოიღო და გაამართლა. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლის მოსწავლეობაც, უფრო კარგად დავინახე რა უყვართ, რა მოსწონთ და რაზე უნდა ვიმუშავო მომავალში. ის ფაქტი, რომ ინწკირვეთის სკოლაში ბავშვებს ორშაბათის მოსვლა უხარიათ, ბევრ რამეზე მეტყველებს და მათთან ერთად მეც მიხარია.

თამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე

- ბავშვები ხშირად ბაძავენ თავის კერპებს, მსგავსი რამ თუ შეამჩნიეთ თქვენს მოსწავლეებს და თავისუფალ აზროვნებას როგორ აჩვევთ? 

- გულწრფელად გეტყვით, არა მგონია მათი კერპი ვიყო, რადგან მეც მათსავით მხიარული, ლაღი და ბუნებრივი ვარ. მინდა, რომ ისინიც ასევე ბუნებრივად აღმიქვამდნენ. იმისთვის, რომ მათ თავისუფალი აზროვნება ჩამოუყალიბდეთ, გაკვეთილებზე სხვადასხვა თამაშობებს ვიყენებ და თავისუფალ თემებზე ვსაუბრობთ. ერთხელ მათ შევთავაზე ასეთი თემა: “ადამიანი რომ არა, რა ვიქნებოდი?" მოსწავლეებმა საინტერესოდ გაშალეს თემა, დაახასიათეს მცენარეები, ცხოველები, მათთვის საყვარელი სხვადასხვა ნივთები. მერე კი ახსნეს კონკრეტულად მათზე რატომ შეაჩერეს არჩევანი. ასეთი თემები საშუალებას იძლევა, რომ მათი პიროვნული თვისებები, ინდივიდუალურობა და უნიკალურობა გამოიკვეთოს. მინდა, რომ მათ საკუთარი "მეს" რწმენა ჩავუნერგო, რადგან პიროვნებები არიან.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად

- რომელია მასწავლებლის აუცილებელი თვისება?

- მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვების სიყვარული. თუ რა მეთოდს გამოიყენებს სწავლების დროს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. თუ ბავშვებს მასწავლებელი არ უყვართ, გამორიცხულია მისგან რაიმე მიიღონ, ან სულაც უნდობლობას გამოუცხადებენ. ასე რომ, მთავარი სიყვარულია, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც იძულებით მოსთხოვ ვინმეს...

 

352
ირაკლი კურცხალია

ციხეში ნასწავლი დროის ფასი და საათი, რომელიც მუდმივად სიყვარულის დროს აჩვენებს

444
(განახლებულია 20:43 09.04.2021)
დომინოს ქვებით, კაზინოს ფიშკებით თუ ღვინის ბოთლის საცობებით დამზადებულ კედლის საათებს, გარდა იმისა, რომ ისინი დროს აჩვენებენ, თავისი სიმბოლური ახსნაც მოეძებნება...

ირაკლი კურცხალია კედლის საათებს უჩვეულო მასალებისგან აკეთებს. ამ ეტაპზე ის პრობაციონერია და მალე, შესაძლოა, საპატრიარქოს იმ პროექტის მონაწილეც გახდეს, რომელიც მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანების საინტერესო ბიზნეს-იდეებს აფინანსებს.

ირაკლი კურცხალია
ირაკლი კურცხალია

- ირაკლი, მოდი, თქვენს ხელნაკეთ საათებზე ვისაუბროთ. რითი აკეთებთ მათ?

- სხვადასხვა მასალისგან, ვიყენებ ღვინის ბოთლის საცობებს, დომინოს ქვებს, თოკებს, კაზინოს ფიშკებს... მერე კი ჩარჩოში ელქტრონული საათის მექანიზმს ვსვამ. მაქვს თემატური საათები, მაგალითად, ღვინის ბოთლის საცობებით რომ გავაკეთე ციფერბლატი, ის ყურძნის მტევნებით გავაწყვე.  

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- თქვენს საათებს შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს. დომინოს ქვებით რომ გააკეთეთ, ეგ საათი ვისთვის აჩვენებს დროს?

- ალბათ უფრო უსაქმურებისთვის, მათ ვახსენებ, რომ დრო უაზროდ არ გაფლაგონ.

- კაზინოს ფიშკებით რომ არის გაკეთებული?  

- იმათ ალბათ ვახსენებ, რომ დრო – ფულია.

- გავიგე, რომ არც ერთი საათი არ გაგიყიდიათ, ყველა გაჩუქებული გაქვთ...

- დიახ, ჩემთვის მხოლოდ სამი დავიტოვე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- საპატრიარქოს პროგრამაში მოხვედრის შანსი გაქვთ?

- საპატრიარქოში არის სპეციალური პროგრამა, სადაც იმ პრობაციონერებს, ვისაც რაღაც საქმის წამოწყება სურს, შეუძლიათ წარადგინონ ბიზნეს-გეგმა, რომელსაც, თუ მოიწონებენ, დაუფინანსებენ კიდეც. ჩემ შემთხვევაში ამის წინაპირობა, მგონი, არსებობს. შესაძლოა აღმოვჩნდე იმ ათ პრობაციონერს შორის, რომელსაც იდეას დაუფინანსებენ.

- გასაუბრებაზე უკვე იყავით?

- დიახ, საპატრიარქოში გასაუბრებაზე მივედი და ჩემი გაკეთებული საათები რომ ნახეს, იმ სიაში პირველი ჩამწერეს. ეგ პროექტი რომ გამოვიდეს და ნება დამრთონ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, ვინ არის ირაკლი კურცხალია?

- ჩხირკედელა კაცია, ადრე ბევრ ადგილზე მუშაობდა. კიდევ ემოციური ადამიანია და არ უყვარს ვინმეს წყენინება. ბავშვობაში თავზე ტრავმა გადავიტანე, სახლში არ ვთქვი და გამირთულდა. ნერვი ახლაც მაქვს დაზიანებული და „ნიუჰოსპიტალსში“ ვმკურნალობ. მითხრეს, ემოციური ფონი გაქვს მაღალიო...

- რაში გამოიხატება ეს?

- ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ რუსთავში, ქუჩაში ახლობელი გოგო შემხვდა, გასაუბრებაზე მიდიოდა. როცა ჩემი გაკეთებული საათების ფოტოები ვაჩვენე, ისე მოეწონა და ისეთი აღფრთოვანება გამოხატა, როცა დავშორდი, სასწრაფოდ ტაქსით გავვარდი სახლში, კედლიდან საათი ჩამოვხსენი, იმ გოგოს ადგილზე მივაკითხე და ვაჩუქე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- ისე, დროის ფასი თუ იცით?

- უკვე ვიცი. დროის ფასი ვისწავლე ციხეში, სადაც ნარკოტიკების გამო ვიჯექი. სააკაშვილის დროს იქ საშინელი გარემო იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნე. ისეთი დრო იყო, ციხეში თუ იჯექი, „კარგი ბიჭი“ იყავი. მე კაზინოებს და აზარტულ თამაშებს საერთოდ ვერ ვიტან, ვერც ტოტალიზატორებს.

- ანუ დამოკიდებული არაფერზე ხართ...

- მარტო დედაზე ვარ დამოკიდებული. მხოლოდ ის მაქცევს ყურადღებას და ყველანაირად გვერდში მიდგას. მისი ფასიც ციხეში გავიგე. დღეს მარტო ვცხოვრობ. დედა სამუშაოდ არის უცხოეთში წასული და ჩემ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ მისი ნაწვალები წყალს გავატანო. ძალიან მენატრება, დღეს დაბადების დღე აქვს, დავურეკე და მივულოცე – „რა ლამაზი დღეა“ ვუმღერე.

ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი
ირაკლი კურცხალიას ნამუშევარი

- ალბათ ყოველდღე ელაპარაკებით...

- დღეში რვაჯერ ველაპარაკები!..

- ვხედავ, დედა ძალიან გიყვართ, როგორ საათს მიუძღვნიდით მას?

- როგორს? ვარდების დიდ თაიგულს ავიღებდი და შიგნით საათს ჩავსვამდი. ვარდი ხომ სიყვარულს ნიშნავს, ჰოდა, ასეთი საათიც სულ სიყვარულის დროს აჩვენებდა...

 

444
ედუარდ უგულავა

„არტისტული ყვავილების სურნელი“, სკამზე შემდგარი მოსწავლეები და მეტროში დაწერილი ლექსი

419
(განახლებულია 23:30 08.04.2021)
„მთავარია, ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს“ – ასეთი ემოცია კი პოეტ ედუარდ უგულავასთან თითქმის ყოველთვის მოდის, ამიტომაა მისი ლექსები ყველასთვის მშობლიური.

მათში ის აზრია, რაც თითქმის ყველა ჩვენგანს მოსვლია თავში, ოღონდ ესაა – ასეთი სადა, გულწრფელი და ლიტერატურული ფორმით მისი გადმოცემისთვის უბრალოდ... პოეტი უნდა იყო.

ამგვარი ემოციით სავსე მისი უკვე ხუთი პოეტური კრებულია გამოცემული. არის გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემია “საგურამოს“ ლაურეატი, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის სამგზის პირველი ადგილის მფლობელი და ლიტერატურული კონკურსის „ქუჯი-2019" გამარჯვებული.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

უკვე ნაგრძნობი რაიმე აზრის გადმოსაცემად პატარა იმპულსიც საკმარისია, რომ ლექსის კოცონი დაინთოს მათთვის, ვისთვისაც პოეზია მარტო გარითმული სტრიქონები არ არის... საუბრის დაწყებამდე, განწყობის შესაქმნელად, მისი ერთი ლექსი გავიხსენოთ:

ბოლო დროს ისევ მინდება გნახო,

მაგრამ რომ ვახელ თვალებს სიზმრიანს,

ხან ისე შორს ხარ, ხან ისე ახლოს,

რომ მე სადა ვარ ვერ გამიგია.

თუმცა როდესაც ლექსებს ვწერ შენზე,

მაშინ ნამდვილად მხიბლავს სიცოცხლე

და ისე მომწონს, რომ მუდამ გეძებ,

რომ შემხვდე, იქნებ არც კი მინდოდეს.

ედუარდ უგულავა
photo: courtesy of Gio Liluashvili
ედუარდ უგულავა

- თავიდანვე მინდა გკითხოთ: პოეტი ედუარდ უგულავა როდის „დაიბადა“, ანუ როდის „აღმოაჩინეთ“ თქვენში?

- ცოტ-ცოტას ბავშვობაშივე ვწერდი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. მართალია, იმდროინდელ ლექსებს რომ ვიხსენებ, მეცინება, ისეთი უსუსური მცდელობებია, მაგრამ ესეც აუცილებლად გასავლელი დროა, თუ გინდა, რომ საბოლოოდ რამე გამოგივიდეს.

ქეთი გაბინაშვილთან ერთად
ქეთი გაბინაშვილთან ერთად

- რახან ახსენეთ, როგორია ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ, ვინ და რამ დატოვა მასში კვალი?

- ალბათ, ბავშვობა ყველაზე სასურველი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, სამყაროს გაცნობის  ხანა... ჩემ შემთხვევაშიც ასე  იყო. სკოლა ხონში დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. განსაკუთრებით მიყვარდა ქალბატონი ეთერ უგულავა, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და ლიტერატურა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. ასევე  ძალიან მიყვარდა ხატვა და ყოველთვის მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი. დედაჩემი ხონის თეატრის მსახიობია და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ თეატრში გვიხდებოდა ყოფნა მე და ჩემს ძმას. ამ ყველაფერმა თავისთავად დატოვა კვალი ჩემში.

მამუკა ჩარკვიანთან ერთად
მამუკა ჩარკვიანთან ერთად

- სოფელი გორდი - ადგილია, სადაც დაიბადეთ, რა ასოციაციები გიჩნდებათ მასთან დაკავშირებით?

- გორდი ისტორიული და ძალიან ლამაზი სოფელია, სტუმარი არასოდეს აკლდა ამ სოფელს. აქ დადიანებს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ და ამ ადგილს არაერთი გამოჩენილი პიროვნება სტუმრობდა. იმ დროს ცხოვრებაც სხვაგვარი იყო და ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ბევრი რამ მენატრება... თუნდაც ის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიყავი, რომლებიც დღეს აღარ არიან. მახსოვს, ბაბუაჩემის გამოჩენას როგორ ველოდით ბავშვები. ის მასწავლებელი იყო, ჯიბეები მუდამ ტკბილეულით სავსე ჰქონდა. როგორც კი ქუჩაში ბავშვებს დაინახავდა, მაშინვე პეშვებით ისროდა კანფეტებს. 

თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
თემურ ჩალაბაშვილთან ერთად

- საინტერესოა, ვინ გიმღეროდათ „იავნანას“? 

- დედა მიმღეროდა „იავნანას“ და ვფიქრობ, რომ დედამ უნდა გაზარდოს შვილი...

- ალბათ მიხვდით რატომ დაგისვით ეს კითხვა. ლექსი, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ – „ძიძებია“? 

- არ ვიცი, რამდენად პოპულარული ვარ, თუმცა „ძიძებმა“ ჩემდამი გარკვეული ინტერესი გამოიწვია. არაერთხელ მომისმენია სხვის მიერ წაკითხული ეს ლექსი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ავტორი არ იცოდნენ და ამას არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- თუ შეიძლება, შევახსენოთ მკითხველს...

- როგორც იქნა, შეგიჩვიეს ძიძებმა,

გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.

შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,

ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...

ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს

და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...

რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს

ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...

მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,

თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,

იავნანას ვერ მღერიან ძიძები,

იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- როგორი იყო ედუარდ მასწავლებელი? დარწმუნებული ვარ, ეყვარებოდით მოსწავლეებს...

- თუ ბავშვები გიყვარს, ბავშვებსაც უყვარხარ! სიყვარულის გარეშე მასწავლებლობა წარმოუდგენელია. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდი, თუმცა ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს როგორმე სწავლის ინტერესი გასჩენოდათ. მახსოვს, მეხუთე-მეექვსე კლასელებს როცა გამოვიძახებდი, დაფასთან სკამს დავუდგამდი ხოლმე, შეხტებოდნენ ამ სკამზე და ასე ხალისიანად მაბარებდნენ გაკვეთილებს. ჩვენ, ალბათ, უფრო ერთმანეთს ვასწავლიდით და ვზრდიდით... 

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- საბავშვო ლექსებსაც წერთ და აქვე რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?

- ჩემს ერთ ლექსს გავიხსენებ გაზაფხულის მახარობელზე, ლექსს ჰქვია „შე კუდმაკრატელა, შენა!..“

ბევრჯერ გადმოლახე ზღვები,

ან კი როგორ შეძელ ფრენა,

ე მაგ პაწაწინა ფრთებით,

შე კუდმაკრატელა, შენა?!

კვირტით და სიმწვანით სავსე

ისევ მომიტანე სითბო,

რომ კვლავ შემოგისვა მხარზე,

ჩემო გაზაფხულის ჩიტო!

ქარებს ამარიდე აშარს,

ზამთრის დამანახე ბოლო.

მოდი, გელოდები, აქ ვარ,

კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!

ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა

- ლექსი რომ დაიწეროს, მთავარი რა არის?

- მთავარია ის ემოცია მოვიდეს, რაც წერას გაიძულებს...

- ასეთი ემოცია ხშირად გაზაფხულს მოაქვს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში რომელი ლექსი გაჩნდა?

- რა ვიცი, ალბათ ბევრი, ახლა ამ ლექსს გავიხსენებ:

სიცოცხლეს უქმად რა გააჩერებს,

ჯერ ალაგ-ალაგ ამოვა იად,

ამოაღრმავებს თოვლის ნარჩენებს,

ირგვლივ რომ დახრულ ძვლებივით ყრია.

მერე იმედი მოვა კვირტებად

და ამ ნაზამთრალ დღეების დამლევს,

ხელები ხელებს ჩაეჭიდება,

თვალები ძებნას დაუწყებს თვალებს.

ცოტა კიდევ და მზე, სათაყვანო,

ჩაათბობს სისხლში უცნაურ ჟრჟოლას

და გამოთვრება მთელი სამყარო,

როცა კვირტიდან რძე გამოჟონავს.

- ყველაზე უჩვეულოდ რომელი ლექსი „შემოგეწერათ“?

- მახსოვს, კომპოზიტორ მიშა ზაქარიაშვილს დავპირდი სიმღერისთვის ლექსს ამა და ამ დღეს გამოგიგზავნი-მეთქი. მერე დამავიწყდა. ერთხელ მეტროში ჩავდიოდი და მირეკავს მიშა – ლექსი სად არიო. ვუთხარი, ნახევარ საათში მოგაწვდი-მეთქი. ვიდრე ჩემს სადგურს მივაღწევდი, ავკრიფე ტელეფონზე და გავუგზავნე. თან ვფიქრობ, როგორ დამავიწყდა, ასე ნაუცბათევად დაწერილი რა უნდა გამოსულიყო-მეთქი. მალე მიშამაც დამირეკა – გენაცვალე, ედუჩია, სწორედ ასეთი  ლექსი მინდოდაო. მერე იმ ლექსზე დაწერილი სიმღერა „ტრიო სიმმა“ შეასრულა.

- რისთვის ღირს სიცოცხლე? იქნებ ამ კითხვაზეც ლექსით გაგვცეთ პასუხი...

- სიყვარულისთვის - ეს თქვენს კითხვაზე პასუხიცაა და ჩემი ამ ლექსის სათაურიც:

შენ ისევ ითხოვ, რომ ვიყოთ ერთად,

მოვეშვა ზღაპრულ ეტლებით ქროლვას,

არ ვესაუბრო მარტოდენ ჩემ თავს,

ან ბნელ ოთახში მოფრენილ ყორანს.

გადაწყდა, უკვე სხვა გზით ვერ ვივლი,

თანაც უკეთესს არაფერს ველი,

ვიდრე უცნობი ქალის წერილი,

ან მარტოობის თუნდ ასი წელი;

და შემოდგომის კართან არ მისულს

ერთხელაც გნახავ, ფერადებს ულევს

თვალს გადავავლებ, მაგრამ არტისტულ

ყვავილებისას მოგიტან სურნელს,

თუ არ დამძალა სიბრაზემ მავრის,

ტვინში რომ სისხლად ჩამექცა თითქოს,

რადგანაც გულში ყოველთვის არის

ეჭვი, რომელიც პასუხებს ითხოვს.

მაგრამ მე მაინც მინდა იცოდე,

ვიდრე მიწისქვეშ გავიშლით ლოგინს,

სიყვარულისთვის რომ ღირს სიცოცხლე,

სიცოცხლისათვის სიკვდილი რომ ღირს!

- ყველაზე დიდი ჯილდო რა არის თქვენთვის?

- ყველაზე დიდი ჯილდო ის ნიჭია, რომელიც თავს ადამიანად გაგრძნობინებს, ეს არის ნიჭი სიყვარულისა, სხვისი ტკივილის გაზიარების და ლექსის წერის...

419

ხერთვისის უძველესი ციხესიმარგე - ვიდეო

0
ხერთვისის ციხის კომპლექსი, ისტორიკოსების მონაცემებით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველის გადმოცემით - ჩვენს ერამდე IV საუკუნეს

დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.

ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.

0