თეა ქუტაშვილი

ფერადი ცარცით დახატული სოფელი და საქმე, რომელიც ბედნიერებას განიჭებს

721
(განახლებულია 16:54 23.02.2021)
„მინდა, რომ ჩემი გაკვეთილებიდან ბევრი ლამაზი ემოცია წაიღონ“ – ამ სიტყვების ავტორი მხატვარი თეა ქუტაშვილია.

ის გახლავთ შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრი, მისი ნამუშევრები შესულია სახელოვნებო წიგნში „ქართლის პალიტრა". თეა ასევე ტანსაცმლის დიზაინერია, მუშაობს თექაზე და, როგორც ამ დარგის პროფესიონალს, ტრადიციული რეწვის ასოციაციის სპეციალური სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, პერსონალური გამოფენა მშობლიურ ქალაქში ჰქონდა.

დღეს კასპის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგეა, შეთავსებით ამავე ქალაქში პირველი საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს. პარალელურად ხატავს, პამდემიის დროს 60 ნამუშევარი შექმნა...

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- თეა, საუბრის დასაწყისში გაიხსენეთ ბავშვობა და ის ადამიანები, ვინც ხელოვნებისადმი ინტერესი გაგიღვივათ...

- ხატვისადმი ჩემი სიყვარული საბავშვო ბაღის ასაკიდან გამოვლინდა. ბაღში ვხატავდი და ჩემი ნამუშევარი ყოველთვის სახლში მიმქონდა. სკოლაში ჩემი პირველი დამრიგებელი იყო ელიზა გოგოლაძე, რომელიც ხატვას მასწავლიდა და ჩემს მშობლებს დაჟინებით სთხოვდა, რომ ხელოვნების სპეციალურ სკოლაში მევლო. სკოლიდან მახსოვს ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის საყვარელი მასწავლებელი ნათია სუხაშვილიც, რომელიც ასევე ხშირად აღნიშნავდა ხელოვნებისადმი ჩემ დიდ სიყვარულს და მირჩევდა, რომ ხატვაზე უარი არასოდეს მეთქვა. კიდევ გავიხსენებ ხატვის მასწავლებელს იორამ იმედაშვილს, რომელთანაც რამდენიმე დასამახსოვრებელი გაკვეთილი მაკავშირებს. სამწუხაროდ, ხატვის წრეზე ჩემი მისვლა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შედგა. მაშინ მძიმე 90-იანი წლები იყო, ამიტომ რაიონიდან დედაქალაქში სიარულს ვერ შევძლებდი.

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- პროფესიული მხატვრული განათლება სად მიიღეთ?

- კასპის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მხატვარი-დიზაინერის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავიწყე, როცა ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. სტუდენტობის მერე კი საკუთარი ნამუშევრებით რეგიონისა თუ რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე გამოვდიოდი.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- იმ პერიოდში ტანსაცმლის დიზაინითაც ყოფილხართ გატაცებული...

- დიახ, ტანსაცმლის დიზაინმა გამიტაცა და ძალიან ბევრი მოდელი მაქვს შექმნილი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ვეზიარე. შევიყვარე ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, შევისწავლე თექა. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა, ჩემი შემოსავლის წყარო იყო დიდი ხნის მანძილზე. 2013 წელს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ, როგორც თექის სპეციალისტს, სერტიფიკატი გადმომცა. როცა კასპში გაიხსნა თექის შემსწავლელი კურსები, მას მე ვხელმძღვანელობდი, პარალელურად ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებდი.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 2012 წელს შიდა ქართლის სახელით თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში წარმადგინეს.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- ჯგუფურებიდან რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ?

- განსაკუთრებით გამოვყოფ 2006 წელს ონში გამართულ ჯგუფურ გამოფენას, რომელმაც შეცვალა ჩემი პირადი ცხოვრება. იმ გამოფენაზე გავიცანი მომავალი მეუღლე, ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარია.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- სკოლამდელ ბავშვებთან ურთიერთობა და მათი კეთილგანწყობის დამსახურება ადვილი საქმე არ არის...

- სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტიც დავამთავრე და უკვე რვა წელია, რაც მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურები. საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ საქმეს პატარებისადმი უსაზღვრო სიყვარული მიადვილებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს ყოველი დღე გავულამაზო, ამისთვის ბაღის ინტერიერიც კი მოვხატე, რათა აქ ყოფნა მათთვის სასიამოვნო იყოს. ვცდილობ ყოველდღიური აქტივობები შემოქმედებითი გავხადო, რასაც თანამშრომლების დახმარებით ვახერხებ. საბავშვო ბაღს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო სამსახური – სკოლა შევუთავსე.

თეა ქუტაშვილის შემოქმედება
თეა ქუტაშვილის შემოქმედება

- რა გზით უნდა განუმარტოს მასწავლებელმა ბავშვს ხელოვნების მნიშვნელობა, თქვენ შემთხვევაში რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ჩემი პირველი გაკვეთილი, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. სექტემბერში, როდესაც მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ზაფხულის არდადეგებს განვიხილავდით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ძალიან დიდი სიყვარულით და მონატრებით აღწერა თავისი სოფელი, სადაც ზაფხულობით ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ადრე ქსნის ხეობაში მეც ვისვენებდი და იქ გატარებული ზაფხულის ლამაზი დღეები კარგად მახსოვს. ამიტომ მაშინ ავიღე სხვადასხვა ფერის ცარცი და მთელი დაფა ამ სოფლის ულამაზესი ხედებით მოვხატე. არასდროს დამავიწყდება იმ ბავშვის აღრფთოვანება, როდესაც დავუხატე სოფლის ტაძარი, მდინარე და ის ადგილები, სადაც ბევრჯერ უთამაშია. „ეს მართლა ჩემი სოფელია!" – გახარებული არწმუნებდა თანაკლასელებს. ეს შემთხვევა ალბათ იმის დასტურია, როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე...

თეა ქუტაშვილი აღსაზრდელებთან ერთად
თეა ქუტაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

- ბუნებრივია, მათგან მხატვარი ბევრი ვერ გამოვა, მაგრამ ასეთი გაკვეთილების მერე სილამაზის აღქმის უნარი უდავოდ ექნებათ...

- რა თქმა უნდა, ყველა მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ ვცდილობ თითოეულ მოსწავლეში სილამაზის აღქმის უნარი განვავითარო. მინდა, რომ ჩემი გაკვეთილებიდან ბევრი ლამაზი ემოცია წაიღონ. ამას, მგონი, ვახერხებ კიდეც. ზოგიერთი მოსწავლე გაკვეთილის მერეც მეკონტაქტება, რომ თავისი ნამუშევარი მაჩვენოს.

თეა ქუტაშვილი
თეა ქუტაშვილი

- პანდემიის დროს ყველანი დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, თქვენთვის როგორი იყო ეს პერიოდი?

- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, არასოდეს მქონდა ხატვისთვის დრო. პანდემიის დროს, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში დაგროვილი ემოცია გააქტიურდა და ხატვის უსაზღვრო სურვილი ავისრულე. დაახლოებით 60 ნამუშევარი შევქმენი. ჩემი ნახატებიდან იესოს ფერწერულ ტილოს გამოვარჩევ, რადგან მისი ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩვენც უჩვეულო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. თუმცა ვახერხებდით, რომ ონლაინ გაკვეთილები საინტერესო ყოფილიყო. ჩართვის დროს მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ მოლბერტზე ჩემს ახალ ნამუშევარს – ყოველი გაკვეთილი ასე იწყებოდა... იმედია, მალე მოგვეცემა იმის საშუალება, რომ არაერთი უჩვეულო აქტივობა განვახორციელოთ. ამჟამად სკოლის ლოგოს ვხატავ, ასევე პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. მოკლედ, მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, მაინც ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს...

721
მზეო მეფარიშვილი კობალავა

მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და ვილნიუსის ქუჩებში ქართულად ამღერებული „ბოლნელა“

234
(განახლებულია 21:20 05.03.2021)
მზეო მეფარიშვილის ამბავი იმის მაგალითია, რომ რა გზაც არ უნდა გაიაროს ადამიანმა, ბოლოს ხელოვნებისა და საკუთარი კუთხის სიყვარული ისევ თავის ფესვებთან დააბრუნებს...

მისი ცხოვრების ამბავი ბოლნისში დაიწყო. ერთ დღესაც, იქ დაბრუნებულმა, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ დააარსა. ამავე დროს ქალბატონი მზეო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატშიც მუშაობს. მისი ანსამბლი დღეს, შეიძლება თქვას, გარკვეულწილად იმ კუთხის ისტორიას აგრძელებს... 

მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად
მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად

- ქალბატონო მზეო, თქვენი სახელით დავიწყოთ, რაიმე ისტორია ხომ არ ახლავს მას?

- ჩემი სახელი წარმოიშვა მზექალადან, რომელიც ჩემმა მოძღვარმა დამარქვა. შემდეგ ჩემი ანსამბლის გოგონებმა შემიკვეცეს და მზეოს მეძახიან. ეს მზით გამთბარი სახელი უკვე კარგად მოვირგე და მასზე სიამოვნებით ვრეაგირებ. ხელოვნებასთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. მიუხედავად იმ რთული დროისა, ძალიან ხალისიანი და შემოქმედებითად დატვირთული ბავშვობა მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ საუკეთესო მოსწავლეებს შორის ვყოფილიყავი, რასაც მშვენივრად ვახერხებდი. თითქმის ყველა სასკოლო თუ რაიონულ დონეზე გამართული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვიყავი.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე თეატრ-სტუდიის სცენაზე აღმოჩნდით? 

- დიახ, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრ-სტუდიაში ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მიმიწვიეს. სპექტაკლში „მუსუსი“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვიყავი. ამას მოჰყვა სპექტაკლები „ათვინიერებენ მიმონოს“, „რა კარგი მიხაკებია“, „გაყრა“, „აკუსტიკა“ და სხვ. იმ პერიოდში თეატრში მუსიკალური მიმართულებით მუშაობა მომიწია კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან, რომელიც სიმღერებს სპეციალურად ჩვენი სპექტაკლებისთვის ქმნიდა. მერე თავადვე გვასწავლიდა და პრემიერასაც სიამოვნებით ელოდებოდა, რათა შედეგი ენახა.

ანსამბლის წევრები
ანსამბლის წევრები

- სკოლა, რომელშიც სწავლობდით, ფიზიკა-მათემატიკური პროფილის იყო, სწავლის დროს გატაცებული იყავით თეატრით და, მიუხედავად ამისა, სხვა პროფესია აირჩიეთ... 

- დიახ, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა-ლიცეუმი ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებით დავამთავრე. მიუხედავად ტექნიკური განათლებისა, საშუალოს დამთავრების შემდეგ ოცნებად მექცა, რომელიმე ტელევიზიის ეკრანზე ეხილათ ჩემი თავი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. თავისუფალ დროს, ძირითადად საზაფხულო არდადეგებზე ბოლნისის N1 საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად ვმუშაობდი. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ვარ და ხელოვნებას, კერძოდ, მუსიკას ვერაფრით მოვწყდი...

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- მუსიკის სიყვარული ოჯახიდან მოდის?

- დიახ, ეს ინტერესი და სიყვარული, პირველ რიგში, ოჯახისა და წინაპრების დამსახურებაა. ადრეულ ასაკში სხვადასხვა საკრავზე ვუკრავდი. დავამთავრე ბოლნისის სამუსიკო სკოლის შვიდწლედი და პარალელურად ცეკვის სტუდია-ანსამბლშიც ვიყავი. კიდევ იყო ანსამბლი „კოქტეილი“, რომელიც თამარ ბობოხიძემ დააარსა და რომელშიც ოთხი  გოგონა ვმღეროდით.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- სწავლის მერე ბოლნისში დაბრუნდით...

- დიახ, სწავლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ბოლნისში დავბრუნდი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომიწია გადასვლა. მას შემდეგ 13 წელია აქ ვმუშაობ.

ანსამნლის აფიშა
ანსამნლის აფიშა

- თუმცა, შემოქმედებას მაინც ვერ შეელიეთ, ანსამბლი „ბოლნელა“ როგორ გაჩნდა?

- ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არსებობს, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ბასილ ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეს იყო 2012 წელს, ანსამბლის ლოტბარი საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის ეთნომუსიკოლოგი, ქალბატონი ნანა ვალიშვილი გახლავთ.

- ვინ არიან ანსამბლის წევრები?

- ანსამბლის წევრები სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა გუნდში გალობენ. კერძოდ, ბოლნისის სიონისა და აკაურთას სიონის მგალობლები არიან. ესენი არიან: მარიამ ფოჩხიძე, სნეჟანა მნაცაკანიანი, ანი რეხვიაშვილი, რუსუდან ქვარცხავა, ირმა ჭილაია, თამარ დავითულიანი, ვერიკო ივანიძე და ელენე სიკინჭალაშვილი. აქვე მინდა ვახსენო ანსამბლიდან გარკვეული მიზეზების გამო წასული წევრებიც: ანი ხაჭიპერაძე, ნათია ბჟალავა და თამარ ქვარცხავა.

- „ბოლნელას“ შესრულებით ქართული სიმღერები უცხოეთშიც მოისმინეს?

- დიახ, 2019 წელს ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ გრანდიოზულ საერთაშორისო ფესტივალზე გამოვედით. ეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანადგომითა და ხელშეწყობით მოხდა. ლიეტვუაში ჩვენი ყოფნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაემთხვა. იმ დღის ყველა კონცერტი და გამოსვლა საქართველოს მიეძღვნა. ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოს დროშებით, ქართული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით, ყველა ქვეყნიდან ჩასული ანსამბლებისა და ლიეტუველების ერთობლივი მსვლელობა გაიმართა...

- ბოლნისში, ანუ ყოფილ კატერინენფელდში პირველი გერმანული დასახლება იყო საქართველოში, სამომავლოდ ხომ არ გაქვთ გეგმაში გერმანული კულტურული კავშირების აღდგენა?

- დიახ, ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელები ცხოვრობდნენ. იმდროინდელი სახელწოდება კატერინენფელდი შემდეგ ლუქსემბურგით შეიცვალა. ბოლოს ძველი სახელწოდება აღუდგინეს. რაც შეეხება გერმანელებთან კულტურულ კავშირებს, საინტერესო იდეაა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე კი ძალიან მიხარია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძალისხმევით გამოიცა აუდიოალბომი, რომელშიც ჩვენი 27 სიმღერაა შესული. მომავალში გადაწყვეტილი გვაქვს მეორე ალბომის ჩაწერაც. მოკლედ, „ბოლნელას“ თითოეული წევრის შრომისა და ხელოვნების სიყვარულის წყალობით, შეიძლება ითქვას, ამ კუთხის დღევანდელი ისტორია იწერება...

 

234
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

„დედის დღე ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის“: 10 შვილის დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ

487
(განახლებულია 17:00 03.03.2021)
40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მისთვის ათმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს დღე. როგორ ულოცავენ შვილები 10 შვილის დედას ამ დღესასწაულს და რა ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამას მრავალშვილიანი დედა თავად მოგვიყვება.

- ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. მალევე დავოჯახდით. ბევრი სირთულის და გაჭირვების მიუხედავად ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მეიმედება და მაძლიერებს. აქამდე ქირით ვცხოვრობდით. პანდემიის დროს შევიტყვე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა. რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მაშინ ამ პასუხისმგებლობას, დედობის გრძნობას ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რას ნიშნავს და რამხელა ბედნიერებაა გერქვას დედა.

ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად
ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად

- უცხო გარემოში არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?

- ეს გარემო უცხო არ არის ჩემთვის. წარმოშობით კახეთიდან ვარ. თუმცა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ეს არ არის მარტივი. არ გვაქვს საცხოვრებლად სახარბიელო პირობები. ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. ამის გამო დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ და მომავლის იმედს არ ვკარგავთ...
მინდოდა მცირე მეურნეობა მაინც მქონოდა, რაღაც პროდუქტი მაინც მომეყვანა, მაგრამ მაგასაც ფული უნდა, მოხნა, დათესო, სასუქი შეიტანო და ა.შ. ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ ნაკვეთს დაგვითმობს. ვნახოთ, თუ მექნება სახსრები, რომ დავამუშაო, აუცილებლად მივხედავ.

სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან. უზომოდ უყვართ და უვლიან ერთმანეთს. ეს ძალიან მაბდნიერებს და ხშირად გულაჩუყებულს მიტირია, როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე.

ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

- დღეს დედის დღეა. როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

- პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს. ამ დღისთვის ჩემი შვილები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე. საკუთარი ხელით ქმნიან მისალოც ბარათებს და მამის დახმარებით ყვავილებით და სხვა საჩუქრებით მილოცავენ.

ერთ წელს, უფროსები მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდნენ, მთელი თვე აგროვებდნენ ბუფეტის ფულიდან ნაწილს, ხან სულაც არ ჭამდნენ სკოლაშო საჭმელს. ყავის სერვიზი და ვერცხლის ბეჭედი მიყიდეს. ისე ამაღელვა ამან, სამი დღე ვტიროდი. ზოგადად ძალიან უყვართ ჩემი გახარება. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზეც შეუგროვებიათ ფული და მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს, ხშირად აკრიტიკებენ მრავალშვილიან დედებს, ლანძღვის ობიექტიც გავმხდარვართ. ბევრს ვითომ ხუმრობითაც უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთო? როცა ღმერთი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის, მე რა უფლება მაქვს ეს სიცოცლე მოვუსპო და დაბადების შანსი არ მივცე? ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. და იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება ხომ წარმოგიდგენიათ.

 

487

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0