ნატა ყურაშვილის ნამუშევარი

ქართველი ხელოვანის ორიგინალური ნამუშევრები და ბინის უჩვეულო ინტერიერი

1213
(განახლებულია 11:31 20.02.2021)
ორიგინალური ნივთები, ავეჯი, დეკორაცია  დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ინტერიერში და შესაბამისადაც ფასობს. მით უმეტეს, თუ იცი, რომ ის ერთადერთი მხოლოდ შენ გექნება და მსგავსს ავტორი აღარასდროს შექმნის.

სწორედ ასეთ ექსკლუზიურ ნივთებს, სარკეებს, ჭაღებს  ქმნის პროფესიით დიზაინერი ნატა ყურაშვილი. ბავშვობიდან მთელი მისი ინტერესები ხატვასთან იყო დაკავშირებული და დიდ დროს უთმობდა. დღემდე ასეა. ხატავს კედლებზე, ავეჯზე. ცალკე სასაუბრო თემაა მისი ბინის ინტერიერი, რომელშიც ფერები, ავეჯი, განლაგება ისეა შერჩეული, რომ ნამდვილად იგრძნობა ხელოვანის  ხედვა.

ნატა ყურაშვილი
ნატა ყურაშვილი

- პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ (ფრილანსერი). რამოდენიმე თვეა რაც ჩემი ნამუშევრებისთვის ფესიბუქ გვერდი BLUE SWALLOW გავაკეთე, სადაც თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარია განთავსებული. ასევე, მეგობართან ერთად ვხატავ კედლებზე. დამკვეთებს ძირითადად საბავშვო ოთახების მოხატვა უნდათ ხოლმე. ვმუშაობ უნიფორმების დიზაინზე, ეტიკეტებზე, ლოგოებზე, ნაქარგების დიზაინზე. ვფლობ თექაზე მუშაობის ტექნიკას, ბატიკას. დავდიოდი ხეზე კვეთაზე, ვაკეთებ ავეჯის რესტავრაციას, მოხატვას, თუმცა ამ საქმოანობას ძირითადდ ჩემთვის ვეწევი.

ნატა ყურაშვილის ნამუშევარი
ნატა ყურაშვილის ნამუშევარი

- ხატვა როდის დაიწყეთ და დღეს რა ადგილი უკავია მას თქვენს ცხოვრებაში?

- დიდი ხანია რაც ვხატავ. ეს არის საქმე, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

ნატა ყურაშვილის ნამუშევარი
ნატა ყურაშვილის ნამუშევარი

- საოცან დეკორატიულ ნივთებს ქმნით. ვრცლად მოგვყევით თქვენი საქმიანობის შესახებ...

- ჩემი საქმიანობის ინსპირაცია ჩემი სახლი. ჩრდილოეთი მხარეა და შესაბამისად მზე არასდროს არ არის. არც დიდი ხედით გამოირჩევა, ამიტომ დავიწყე სახლის მოხატვა. ამის წყალობით ახლა მზეც მაქვს ხეებიც და ფაქტიურად ბუნებაში ვცხოვრობ. სახლში თითქმის ყველა კედელი მოხატული მაქვს.

კედლის მხატვრობიდან გადავედი დეკორაციების შექმნაზე. გაკეთებული მაქვს უამრავი დეკორაცია, ასევე ჭაღები და სარკეები. ჩემი ნამუშევრები ხალხს ძალიან მოსწონს და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

ნატა ყურაშვილის შემოქმედება
ნატა ყურაშვილის შემოქმედება

- როდესაც გიკვეთენ  სარკეს, ან სხვა ნივთს, მუშაობის დაწყებამდე რას ითვალისწინებთ?

- როდესაც ვიღებ შეკვეთას დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დამკვეთის წინაშე. უნდა გამოვიდეს იდეალური. რა თქმა უნდა ვითვალისწინებ დამკვეთის აზრსაც, ნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს მისი ინტერიერის სტილს და ფერს.

ნატა ყურაშვილის ნამუშევარი
ნატა ყურაშვილის ნამუშევარი

- საინტერესოა, როგორია შემოქმედებითი პროცესი, რა გიქმნით სამუშაო განწყობას?

- სამუშაო განწყობის შესაქმნელად ბევრი არაფერი მჭირდება. სიწყნარე, ცხელი ყავა და სასიამოვნო მუსიკა.

ნატა ყურაშვილის შემოქმედება
ნატა ყურაშვილის შემოქმედება

-  დღეს ინტერიერში რამდენად აქტუალურია მოხატული ავეჯი?

- დღესდღეობით ძალიან აქტუალურია მოხატული ავეჯი და კედლები. საბედნიეროდ ჩვენთან საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. შესაბამისად კონკურენციის დონეც მაღალია, რაც ძალიან მახარებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი მომავალში რას გავაკეთებ. მთავარია დღეს კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.

 

1213
მზეო მეფარიშვილი კობალავა

მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და ვილნიუსის ქუჩებში ქართულად ამღერებული „ბოლნელა“

271
(განახლებულია 21:20 05.03.2021)
მზეო მეფარიშვილის ამბავი იმის მაგალითია, რომ რა გზაც არ უნდა გაიაროს ადამიანმა, ბოლოს ხელოვნებისა და საკუთარი კუთხის სიყვარული ისევ თავის ფესვებთან დააბრუნებს...

მისი ცხოვრების ამბავი ბოლნისში დაიწყო. ერთ დღესაც, იქ დაბრუნებულმა, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ დააარსა. ამავე დროს ქალბატონი მზეო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატშიც მუშაობს. მისი ანსამბლი დღეს, შეიძლება თქვას, გარკვეულწილად იმ კუთხის ისტორიას აგრძელებს... 

მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად
მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად

- ქალბატონო მზეო, თქვენი სახელით დავიწყოთ, რაიმე ისტორია ხომ არ ახლავს მას?

- ჩემი სახელი წარმოიშვა მზექალადან, რომელიც ჩემმა მოძღვარმა დამარქვა. შემდეგ ჩემი ანსამბლის გოგონებმა შემიკვეცეს და მზეოს მეძახიან. ეს მზით გამთბარი სახელი უკვე კარგად მოვირგე და მასზე სიამოვნებით ვრეაგირებ. ხელოვნებასთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. მიუხედავად იმ რთული დროისა, ძალიან ხალისიანი და შემოქმედებითად დატვირთული ბავშვობა მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ საუკეთესო მოსწავლეებს შორის ვყოფილიყავი, რასაც მშვენივრად ვახერხებდი. თითქმის ყველა სასკოლო თუ რაიონულ დონეზე გამართული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვიყავი.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე თეატრ-სტუდიის სცენაზე აღმოჩნდით? 

- დიახ, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრ-სტუდიაში ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მიმიწვიეს. სპექტაკლში „მუსუსი“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვიყავი. ამას მოჰყვა სპექტაკლები „ათვინიერებენ მიმონოს“, „რა კარგი მიხაკებია“, „გაყრა“, „აკუსტიკა“ და სხვ. იმ პერიოდში თეატრში მუსიკალური მიმართულებით მუშაობა მომიწია კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან, რომელიც სიმღერებს სპეციალურად ჩვენი სპექტაკლებისთვის ქმნიდა. მერე თავადვე გვასწავლიდა და პრემიერასაც სიამოვნებით ელოდებოდა, რათა შედეგი ენახა.

ანსამბლის წევრები
ანსამბლის წევრები

- სკოლა, რომელშიც სწავლობდით, ფიზიკა-მათემატიკური პროფილის იყო, სწავლის დროს გატაცებული იყავით თეატრით და, მიუხედავად ამისა, სხვა პროფესია აირჩიეთ... 

- დიახ, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა-ლიცეუმი ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებით დავამთავრე. მიუხედავად ტექნიკური განათლებისა, საშუალოს დამთავრების შემდეგ ოცნებად მექცა, რომელიმე ტელევიზიის ეკრანზე ეხილათ ჩემი თავი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. თავისუფალ დროს, ძირითადად საზაფხულო არდადეგებზე ბოლნისის N1 საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად ვმუშაობდი. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ვარ და ხელოვნებას, კერძოდ, მუსიკას ვერაფრით მოვწყდი...

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- მუსიკის სიყვარული ოჯახიდან მოდის?

- დიახ, ეს ინტერესი და სიყვარული, პირველ რიგში, ოჯახისა და წინაპრების დამსახურებაა. ადრეულ ასაკში სხვადასხვა საკრავზე ვუკრავდი. დავამთავრე ბოლნისის სამუსიკო სკოლის შვიდწლედი და პარალელურად ცეკვის სტუდია-ანსამბლშიც ვიყავი. კიდევ იყო ანსამბლი „კოქტეილი“, რომელიც თამარ ბობოხიძემ დააარსა და რომელშიც ოთხი  გოგონა ვმღეროდით.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- სწავლის მერე ბოლნისში დაბრუნდით...

- დიახ, სწავლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ბოლნისში დავბრუნდი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომიწია გადასვლა. მას შემდეგ 13 წელია აქ ვმუშაობ.

ანსამნლის აფიშა
ანსამნლის აფიშა

- თუმცა, შემოქმედებას მაინც ვერ შეელიეთ, ანსამბლი „ბოლნელა“ როგორ გაჩნდა?

- ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არსებობს, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ბასილ ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეს იყო 2012 წელს, ანსამბლის ლოტბარი საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის ეთნომუსიკოლოგი, ქალბატონი ნანა ვალიშვილი გახლავთ.

- ვინ არიან ანსამბლის წევრები?

- ანსამბლის წევრები სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა გუნდში გალობენ. კერძოდ, ბოლნისის სიონისა და აკაურთას სიონის მგალობლები არიან. ესენი არიან: მარიამ ფოჩხიძე, სნეჟანა მნაცაკანიანი, ანი რეხვიაშვილი, რუსუდან ქვარცხავა, ირმა ჭილაია, თამარ დავითულიანი, ვერიკო ივანიძე და ელენე სიკინჭალაშვილი. აქვე მინდა ვახსენო ანსამბლიდან გარკვეული მიზეზების გამო წასული წევრებიც: ანი ხაჭიპერაძე, ნათია ბჟალავა და თამარ ქვარცხავა.

- „ბოლნელას“ შესრულებით ქართული სიმღერები უცხოეთშიც მოისმინეს?

- დიახ, 2019 წელს ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ გრანდიოზულ საერთაშორისო ფესტივალზე გამოვედით. ეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანადგომითა და ხელშეწყობით მოხდა. ლიეტვუაში ჩვენი ყოფნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაემთხვა. იმ დღის ყველა კონცერტი და გამოსვლა საქართველოს მიეძღვნა. ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოს დროშებით, ქართული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით, ყველა ქვეყნიდან ჩასული ანსამბლებისა და ლიეტუველების ერთობლივი მსვლელობა გაიმართა...

- ბოლნისში, ანუ ყოფილ კატერინენფელდში პირველი გერმანული დასახლება იყო საქართველოში, სამომავლოდ ხომ არ გაქვთ გეგმაში გერმანული კულტურული კავშირების აღდგენა?

- დიახ, ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელები ცხოვრობდნენ. იმდროინდელი სახელწოდება კატერინენფელდი შემდეგ ლუქსემბურგით შეიცვალა. ბოლოს ძველი სახელწოდება აღუდგინეს. რაც შეეხება გერმანელებთან კულტურულ კავშირებს, საინტერესო იდეაა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე კი ძალიან მიხარია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძალისხმევით გამოიცა აუდიოალბომი, რომელშიც ჩვენი 27 სიმღერაა შესული. მომავალში გადაწყვეტილი გვაქვს მეორე ალბომის ჩაწერაც. მოკლედ, „ბოლნელას“ თითოეული წევრის შრომისა და ხელოვნების სიყვარულის წყალობით, შეიძლება ითქვას, ამ კუთხის დღევანდელი ისტორია იწერება...

 

271
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

„დედის დღე ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის“: 10 შვილის დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ

488
(განახლებულია 17:00 03.03.2021)
40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მისთვის ათმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს დღე. როგორ ულოცავენ შვილები 10 შვილის დედას ამ დღესასწაულს და რა ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამას მრავალშვილიანი დედა თავად მოგვიყვება.

- ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. მალევე დავოჯახდით. ბევრი სირთულის და გაჭირვების მიუხედავად ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მეიმედება და მაძლიერებს. აქამდე ქირით ვცხოვრობდით. პანდემიის დროს შევიტყვე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა. რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მაშინ ამ პასუხისმგებლობას, დედობის გრძნობას ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რას ნიშნავს და რამხელა ბედნიერებაა გერქვას დედა.

ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად
ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად

- უცხო გარემოში არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?

- ეს გარემო უცხო არ არის ჩემთვის. წარმოშობით კახეთიდან ვარ. თუმცა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ეს არ არის მარტივი. არ გვაქვს საცხოვრებლად სახარბიელო პირობები. ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. ამის გამო დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ და მომავლის იმედს არ ვკარგავთ...
მინდოდა მცირე მეურნეობა მაინც მქონოდა, რაღაც პროდუქტი მაინც მომეყვანა, მაგრამ მაგასაც ფული უნდა, მოხნა, დათესო, სასუქი შეიტანო და ა.შ. ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ ნაკვეთს დაგვითმობს. ვნახოთ, თუ მექნება სახსრები, რომ დავამუშაო, აუცილებლად მივხედავ.

სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან. უზომოდ უყვართ და უვლიან ერთმანეთს. ეს ძალიან მაბდნიერებს და ხშირად გულაჩუყებულს მიტირია, როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე.

ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

- დღეს დედის დღეა. როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

- პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს. ამ დღისთვის ჩემი შვილები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე. საკუთარი ხელით ქმნიან მისალოც ბარათებს და მამის დახმარებით ყვავილებით და სხვა საჩუქრებით მილოცავენ.

ერთ წელს, უფროსები მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდნენ, მთელი თვე აგროვებდნენ ბუფეტის ფულიდან ნაწილს, ხან სულაც არ ჭამდნენ სკოლაშო საჭმელს. ყავის სერვიზი და ვერცხლის ბეჭედი მიყიდეს. ისე ამაღელვა ამან, სამი დღე ვტიროდი. ზოგადად ძალიან უყვართ ჩემი გახარება. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზეც შეუგროვებიათ ფული და მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს, ხშირად აკრიტიკებენ მრავალშვილიან დედებს, ლანძღვის ობიექტიც გავმხდარვართ. ბევრს ვითომ ხუმრობითაც უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთო? როცა ღმერთი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის, მე რა უფლება მაქვს ეს სიცოცლე მოვუსპო და დაბადების შანსი არ მივცე? ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. და იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება ხომ წარმოგიდგენიათ.

 

488
საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

0
(განახლებულია 09:09 07.03.2021)
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის  ლიმნის,  და ვარადატის, ასევე  ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ცხრა ყრმა კოლაელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. 

ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.

ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.

ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მოწმაეების  მავრიკის და 70 მხედრის  ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა. .

მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).

დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.

მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.

სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა. 

ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.

ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.

მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.

ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.

ათანასე აღმსარებელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.

ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0