ადამიანის სილუეტი

ექსპერიმენტი სკოლაში გუნდური აზროვნება, ანუ კომფორტზე გაცვლილი თავისუფლება

424
(განახლებულია 19:56 19.02.2021)
თქვენ გაყიდეთ თქვენი თავისუფლება იმ კომფორტზე, რასაც დისციპლინა და უპირატესობა იძლევა. თქვენ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებზე და მიიღეთ ჯგუფის ნება და დიდი ტყუილი

ეს უჩვეულო და ძალზე სამაგლითო ექსპერიმენტი ამერიკელმა მასწავლებელმა რონ ჯონსმა 1967 წელს ჩაატარა. მას კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოს ელვუდ კაბერლის სკოლაში ისტორიის გაკვეთილები მიჰყავდა. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და ფაშისტების სხვა საშინელებებზე საუბრობდა, ერთმა მოსწავლე ჰკითხა, თუ როგორ ვერ ამჩნევდნენ გერმანიაში მცხოვრები უბრალო ადამიანები, რა ხდებოდა მათ ქვეყანაში, როგორ შეეძლოთ თავი მოეტყუებინათ, თითქოს ამაზე არაფერი იცოდნენ. მაშინ ჯონსმა უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

ორშაბათს მან ბავშვებს წაუკითხა ლექცია დისციპლინის ძალაზე; იმაზე, თუ რას გრძნობს სპორტსმენი, რომელიც გულმოდგინედ და რეგულარულად ვარჯიშობდა, რათა წარმატებისთვის მიეღწია; რამდენს მუშაობს ბალერინა ან მხატვარი, რათა თითოეული მოძრაობა სრულყოს; მეცნიერის მოთმინებაზე, რომელიც სამეცნიერო იდეით არის შეპყრობილი. ჯონსმა მოსწავლეებს უბრძანა, დამსხდარიყვნენ მდგომარეობაში „სწორდი", რადგან ის სწავლას უფრო უწყობს ხელს. შემდეგ მან მოსწავლეებს რამდენჯერმე უბრძანა, ამდგარიყვნენ და ახალ მდგომარეობაში დამსხდარიყვნენ, შემდეგ ასევე არაერთხელ უბრძანა გასვლა აუდიტორიიდან და უხმაუროდ შემოსვლა და თავიან მერხებთან დასხდომა. მოსწავლეებს „თამაში" მოეწონათ და ისინი დავალებებს სიამოვნებით ასრულებდნენ.

ომობანა
„ომობანა"

სამშაბათს, როდესაც მასწავლებელი კლასში შევიდა, აღმოაჩინა, რომ ყველა მოსწავლე ზის მდგომარეობაში „სწორდი". ზოგიერთი მათგანი იღიმოდა, მაგრამ უმეტესობა სერიოზული გამომეტყველებით იყურებოდა. ჯონსი კლასს ერთიანი, გუნდური აზროვნების ძალის შესახებ ესაუბრა. მან ბავშვებს ერთიანი სკანდირებისკენ მოუწოდა: „ძალა დისციპლინაშია, ძალა ერთიანობაშია". ბავშვები აშკარა აღფრთოვანებით მონაწილეობდნენ და საკუთარი ჯგუფის ძალას ხედავდნენ. გაკვეთილის ბოლოს ჯონსმა მოსწავლეებს აჩვენა მისალმება, რომელიც მათ ერთანეთთან შეხვედრისას უნდა გამოეყენებინათ — მხრის გასწვრივ მოღუნული მარჯვენა ხელი და ამას მესამე ტალღის მისალმების ჟესტი უწოდა. შემდეგი დღეების განმავლობაში მოსწავლეები ერთმანეთს ამ ჟესტით ესალმებოდნენ.

ოთხშაბათს ჯონსმა ყველა მოსწავლეს წევრის ბილეთები დაურიგა. აუდიტორიის დატოვება არავინ მოისურვა. სხვა გაკვეთილები, ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, ცამეტმა მოსწავლემ დატოვა. მასწავლებელმა მათ ბილეთები გადასცა. სამ ბილეთზე ჯონსმა წითელი ჯვრები დასვა და მათ მიმღებ მოსწავლეებს განუცხადა, რომ სპეციალური დავალება აქვთ — უნდა მოახსენონ მათ შესახებ, ვინც კლასის წესებს არ დაემორჩილება. თუმცა პრაქტიკაში ნებაყოფლობითი დამსმენი როლი დაახლოებით ოცმა მოირგო. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც მსხვილი აგებულებისა იყო და სწავლის უნარი მაინცდამაინც არ გააჩნდა, მასწავლებელს უთხრა, რომ მისი მცველი იქნებოდა და მას მთელ სკოლაში დაჰყვებოდა. სამმა ყველაზე წარმატებულმა მოსწავლემ, რომელთა უნარები ახალ პირობებში მოთხოვნადი არ აღმოჩნდა, ექსპერიმენტის შესახებ მშობლებს მოუთხრეს. შედეგად, ჯონსს ადგილობრივმა რაბინმა დაურეკა, რომელიც დაკმაყოფილდა პასუხით, რომ კლასი პრაქტიკულად სწავლობს პიროვნების გერმანულ ტიპს. რაბინი მას დაჰპირდა, რომ მოსწავლეების მშობლებს ყველაფერს აუხსნიდა. ჯონსს ძალიან გაუცრუვდა იმედი, რომ ამ ექსპერიმენტს წინააღმდეგობა არც უფროსებმა არ გაუწიეს, სკოლის დირექტორი მას მესამე ტალღის სალუტით ესალმებოდა. დღის ბოლოსთვის ორგანიზაციაში ორასზე მეტი მოსწავლე მიიღეს. ისინი სხვა მოსწავლეებისგან წესების მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ და აშინებდნენ მათ, ვინც ექსპერიმენტს სერიოზულად არ აღიქვამდა.

ექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები სულიერად დაავადებულად ჩათვალეს
ადამიანის ფსიქიკა

ხუთშაბათისთვის კლასის რაოდენობა ოთხმოცამდე გაიზარდა. ჯონსი საუბრობდა, თუ რა არის სიამაყე. „სიამაყე — ეს არის ის, რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაგართმევთ. იყო ამაყი — ნიშნავს იცოდე, რომ საუკეთესო ხარ… ამ გრძნობის განადგურება შეუძლებელია…"; მან განუმარტა მოსწავლეებს, რომ ისინი ზოგადეროვნული ახალგაზრდული პროგრამის ნაწილი არიან, რომლის ამოცანაა ხალხის კეთილდღეობისთვის პოლიტიკური გარდაქმნა. „ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდით, მომზადება იყო ნამდვილი საქმისთვის. მთელ ქვეყანაში მასწავლებლები კრებენ და ავარჯიშებენ ახალგაზრდულ რაზმებს, რომ მათ დისციპლინის, გუნდური აზროვნების, სიამაყისა და მოქმედებების საშუალებით აჩვენონ ერს, რომ საზოგადოება შეიძლება უკეთესი გახდეს. თუ შევძლებთ წესების შეცვლას ამ სკოლაში, შევძლებთ წესების შეცვლას ფაბრიკებში, მაღაზიებში, უნივერსიტეტებსა და ყველა სხვა ორგანიზაციაში. თქვენ რჩეული ახალგაზრდების ჯგუფი ხართ, რომლებიც ამ საქმეს დაეხმარებიან. თუ გამოხვალთ წინ და აჩვენებთ, რა ისწავლეთ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში… ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის ბედის შეცვლას". ჯონსმა ოთხ მოსწავლეს დაავალა, აუდიტორიიდან გაეყვანა სამი გოგონა, რომელთა ლოიალურობა საეჭვო იყო. შემდეგ მან აღნიშნა, რომ პარასკევს, შუადღისას, მესამე ტალღის შესახებ ტელევიზიით გამოაცხადებენ მოძრაობის ლიდერსა და პრეზიდენტის პოსტზე ახალ კანდიდატს.

პარასკევს კაბინეტში 200 ახალგაზრდა შეიკრიბა. ყველგან მესამე ტალღის დროშები იყო გამოფენილი. თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ზუსტად 12 საათზე ჯონსმა დაკეტა კარი. ჯონსის მეგობრები ფოტოგრაფებს განასახიერებდნენ და აუდიტორიაში მოძრაობდნენ. „სანამ ეროვნულ პრესკონფერენციას ჩავრთავთ, რომელიც ხუთ წუთში დაიწყება, მინდა პრესას ვუჩვენო, როგორ მოვემზადეთ". ამ სიტყვებით მასწავლებელმა მისალმების ნიშანი მისცა. ამის პასუხად, ავტომატურად გასწორდა ორასი ხელი. მაშინ მან წარმოთქვა დევიზი „ძალა დისციპლინაშია". ის გაიმეორა მრავალხმიანმა გუნდმა. დევიზებს იმეორებდნენ კვლავ და კვლავ. ბრბოს გამოძახილიც უფრო და უფრო მძლავრი ხდებოდა. პირველის ხუთ წუთზე ჯონსმა ჩართო ტელევიზორი, მაგრამ ეკრანზე არაფერი გამოჩნდა.

მაშინ ჯონსმა მოსწავლეებს მიმართა: „ყურადღებით მომისმინეთ. არანაირი ბელადი არ არსებობს! არ არსებობს არანაირი საერთო ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა მესამე ტალღის სახელწოდებით. თქვენს მანიპულაციას ეწეოდნენ, თქვენ გმართავდათ თქვენივე საკუთარი ამბიციები და აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ხართ. თქვენ არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები არ ხართ იმ გერმანელებზე, რომლებსაც ვსწავლობდით. თქვენ ფიქრობდით, რომ რჩეული ხართ, საუკეთესო ხართ იმათზე, ვინც ამ ოთახში არ იმყოფება. თქვენ გაყიდეთ თქვენი თავისუფლება იმ კომფორტზე, რასაც დისციპლინა და უპირატესობა იძლევა. თქვენ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებზე და მიიღეთ ჯგუფის ნება და დიდი ტყუილი". ამის შემდეგ ჯონსმა მოსწავლეებს უჩვენა ფილმი ნაცისტურ გერმანიაზე, მის დისციპლინაზე, აღლუმებსა და მსვლელობებზე.

შემდეგ ჯონსმა შეაჯამა: „თუ შევძელით და სრულად აღვადგინეთ გერმანული მენტალიტეტი, არცერთი თქვენგანი არასდროს აღიარებს, რომ იყო მესამე ტალღის ბოლო შეკრებაზე. ისევე, როგორც გერმანელებს, თქვენ გაგიჭირდებათ, გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ასე შორს წახვედით". მოსწავლეები დათრგუნული და გულდამძიმებული დაიშალნენ, ბევრი ცრემლს ვერ იკავებდა.

ავგუსტ ლანდმესერი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს
ავგუსტ ლანდმესერი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს

P.S. ავგუსტ ლანდმესერი — ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიესალმა ჰიტლერს მუშებთან შეხვედრაზე 1938 წელს. იმავე წელს ის ხვდება გესტაპოში გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის (ცოლად ჰყავდა ებრაელი ქალი). მეუღლე გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ის 1942 წელს დაიღუპა. შვილები დააცალკევეს — ერთი ბებიასთან დატოვეს, მეორე — ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

ავგუსტ ლანდმესერი ორი წელი საკონცენტრაციო ბანაკში კატორღულ სამუშაოებს ასრულებდა, 1941 წელს მას აიძულებენ, ვადამდე პირობით გათავისუფლებულთა ბატალიონში შევიდეს. ის ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.

424
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

„დედის დღე ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის“: 10 შვილის დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ

389
(განახლებულია 17:00 03.03.2021)
40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მისთვის ათმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს დღე. როგორ ულოცავენ შვილები 10 შვილის დედას ამ დღესასწაულს და რა ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამას მრავალშვილიანი დედა თავად მოგვიყვება.

- ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. მალევე დავოჯახდით. ბევრი სირთულის და გაჭირვების მიუხედავად ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მეიმედება და მაძლიერებს. აქამდე ქირით ვცხოვრობდით. პანდემიის დროს შევიტყვე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა. რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მაშინ ამ პასუხისმგებლობას, დედობის გრძნობას ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რას ნიშნავს და რამხელა ბედნიერებაა გერქვას დედა.

ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად
ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად

- უცხო გარემოში არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?

- ეს გარემო უცხო არ არის ჩემთვის. წარმოშობით კახეთიდან ვარ. თუმცა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ეს არ არის მარტივი. არ გვაქვს საცხოვრებლად სახარბიელო პირობები. ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. ამის გამო დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ და მომავლის იმედს არ ვკარგავთ...
მინდოდა მცირე მეურნეობა მაინც მქონოდა, რაღაც პროდუქტი მაინც მომეყვანა, მაგრამ მაგასაც ფული უნდა, მოხნა, დათესო, სასუქი შეიტანო და ა.შ. ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ ნაკვეთს დაგვითმობს. ვნახოთ, თუ მექნება სახსრები, რომ დავამუშაო, აუცილებლად მივხედავ.

სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან. უზომოდ უყვართ და უვლიან ერთმანეთს. ეს ძალიან მაბდნიერებს და ხშირად გულაჩუყებულს მიტირია, როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე.

ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

- დღეს დედის დღეა. როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

- პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს. ამ დღისთვის ჩემი შვილები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე. საკუთარი ხელით ქმნიან მისალოც ბარათებს და მამის დახმარებით ყვავილებით და სხვა საჩუქრებით მილოცავენ.

ერთ წელს, უფროსები მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდნენ, მთელი თვე აგროვებდნენ ბუფეტის ფულიდან ნაწილს, ხან სულაც არ ჭამდნენ სკოლაშო საჭმელს. ყავის სერვიზი და ვერცხლის ბეჭედი მიყიდეს. ისე ამაღელვა ამან, სამი დღე ვტიროდი. ზოგადად ძალიან უყვართ ჩემი გახარება. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზეც შეუგროვებიათ ფული და მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს, ხშირად აკრიტიკებენ მრავალშვილიან დედებს, ლანძღვის ობიექტიც გავმხდარვართ. ბევრს ვითომ ხუმრობითაც უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთო? როცა ღმერთი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის, მე რა უფლება მაქვს ეს სიცოცლე მოვუსპო და დაბადების შანსი არ მივცე? ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. და იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება ხომ წარმოგიდგენიათ.

 

389
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს...

759
(განახლებულია 19:43 03.03.2021)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საფრანგეთში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას ნინო თედიაშვილს გაგაცნობთ.

დღეს ხუთი ვაჟის დედაა. წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება მოუწია, ბევრი სირთულე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს, საერთოდ რომ არ ელოდა, იმ საქმეში იპოვა საკუთარი თავი.

თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. როგორც იხსენებს, დედმამიშვილები ბევრ რამეს იყვნენ მოკლებული, რამაც განაპირობა ის, რომ ტანსაცმლის კერვა და ქსოვა თავად დაიწყეს. მის მიერ გავლილი გზა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უცხოეთშიც შეიძლება ქართული ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო, ოჯახსაც მოუარო და, გარკვეულწილად, ხელოვნებასაც ემსახურო...

ნინო თედიაშვილი
ნინო თედიაშვილი

– ქალბატონო ნინო, თქვენთვის რა იყო ემიგრაციის ყველაზე დიდი სირთულე?

– რვა წელი დავყავით ესპანეთში, მესამე შვილიც ჩამოვიყვანე საქართველოდან. უფროსი ბიჭი თბილისში, გერმანულ სკოლაში სწავლობდა, საუკეთესო მოსწავლე იყო და არ მინდოდა მისთვის გეზი ამერია. ესპანეთში ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე ბავშვების მოვლით ვიყავი დაკავებული. შემდეგ იქაც აირია სიტუაცია და ფინანსური კრიზისი დაიწყო. მოკლედ, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირებია, ისე გადავწყვიტეთ საფრანგეთში ჩამოსვლა, აქ უკვე მერვე წელია ვართ. რენში ახლობლები გვყავს, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელმაც თავიდან რამდენიმე თვე შეგვიფარა. 

– ემიგრანტული ცხოვრების ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ქარგვა დაიწყეთ...

– ერთხელ სრულიად შემთხვევით ინტერნეტში რაღაც ნაქარგი ვნახე სქემასთან ერთად. ისე მომეწონა, რომ მაშინვე შევიძინე ძაფები და ჩემი ძალები მოვსინჯე. ვერც კი მივხვდი, როგორ დავქარგე. როცა ნაქარგმა საბოლოო სახე მიიღო, გავგიჟდი, გადავირიე, ეს რა კარგი რამე ყოფილა ქარგვა–მეთქი და მეორე სქემაც მოვძებნე. ოღონდ შედარებით მარტივს ვეძებდი – ოთხ-, ხუთფერიანს, ძალიან რომ არ მეწვალა. იმ დროს შვეიცარიაში ვიყავი და საფრანგეთში ორი ნაქარგით დავბრუნდი. მათ ყველას ვაჩვენებდი და ვამაყობდი, ვიდრე ჩემმა შვილმა საყვედური არ მითხრა, სხვისი სქემით დაქარგულს ნუ იბრალებ, მთავარია, შენით შექმნაო. მაშინვე გული ავიცრუე ქარგვაზე, დავეთანხმე მის სიტყვებს – ის არ იყო ჩემი. ძაფები შვეიცარიიდან ჩამომყვა, ვფიქრობდი რაში გამომეყენებინა. სქემა ვერ შევადგინე და სხვა ტექნიკა მოვიფიქრე, რასაც, თურმე, გვიან გავიგე, „წყალზე ქარგვა“ ჰქვია. მეგონა, მსგავსი რამ მე მოვიგონე, მაგრამ თურმე ინტერნეტში უკვე არსებობდა. ერთ დღესაც იდეა მომივიდა, მგელი მომექარგა. თვალები ისე მივამსგავსე, თითქოს მიყურებდნენ, სიხარულისგან ვყვიროდი – ნამდვილი მგელია–მეთქი. ვიდრე მგელს დავქარგავდი, ლენტებით ქარგვაც მოვსინჯე – ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ვერ დავიჩემე, რაღაც აკლდა და უკეთესს ვეძებდი. ხატვა არ ვიცოდი. კონტურს გადავიხატავდი და დანარჩენს ძაფები თვითონ „ხატავდნენ“.

ნინო თედიაშვილის შემოქმედება
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– მოკლედ, შემოქმედებითმა პროცესმა ჩაგითრიათ...

– მართლაც ასე იყო, რაღაც „შემოქმედებითი ციებ-ცხელება“ შემეყარა. ყველა საქმე გადავდე, ბავშვებსაც მოვაკელი ყურადღება, მხოლოდ ქარგვაზე ვფიქრობდი, რაღაც განსხვავებული მინდოდა შემექმნა. არ მაკმაყოფილებდა სიბრტყეზე ნაქარგი, უფრო ნამდვილს მინდოდა, რომ დამსგავსებოდა. ასე დაიბადა პირველად ჩემი ნამუშევარი „ჩიტების ოჯახი“ – ოდნავ რელიეფური, ჩალის ბუდით და გამოწეული ფრთებით. მერე იყო „გედები“. ადრე ფანქრებით ვხატავდი, ფუნჯი კი პირველად ერთი თვის წინ ავიღე ხელში. მქონდა დეპრესიული პერიოდიც, როცა არაფრის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ „ფეის-მეგობრების“ წყალობით, რომლებიც „არ მასვენებდნენ“ და ახალ ნაქარგებს მთხოვდნენ, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რამე საინტერესო შემექმნა. უკვე კარგა ხანია სახლში ვარ და შვილებს და ნაქარგებს ჩავუჯექი. თითოეული ნაქარგი შვილივით მიყვარს. ყოველდღე ვეფერები ჩემ ხუთ შვილს და 20-მდე ნაქარგს.

ნინო თედიაშვილის შემოქმედება
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– სილამაზის მოყვარულმა ფრანგებმა თუ იხილეს თქვენი ნამუშევრები?

– აქ ბიბლიოთეკაში მყავს ნაცნობები, რომლებმაც შარშან ბიბლიოთეკაში და „სოციალური მომსახურების“ ცენტრში მომიწყვეს გამოფენა. მნახველები გაოცებული დარჩნენ – მსგავსი არაფერი გვინახავსო. ასე თქვეს, ვამაყობთ, რომ ჩვენ ქალაქში ასეთი შემოქმედი ადამიანი ცხოვრობსო. იმ ბიბლიოთეკაში დღესაც არის ჩემი გაფორმებული ერთი კუთხე და კედელზე გაკრული ქაღალდის აპლიკაციები. სულ ახლახან ბიბლიოთეკის დირექტორმა მადლობის წერილი მომწერა, მსგავსი რამ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა, ყველა ამ ნამუშევრების ავტორს კითხულობს და დაინტერესების შემთხვევაში უფლებას თუ მოგვცემთ, რომ დაგაკავშიროთო.

ნინო თედიაშვილის შემოქმედება
ნინო თედიაშვილის შემოქმედება

– ეს რაც შეეხება ნაქარგებს, ახლა შვილებზე მოგვიყევით...

– ძალიან კეთილი ადამიანები მყვანან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭიანჭველასაც არ ადგამენ ფეხს. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, გაჭირვებისა და ვაი-ვაგლახისა, ჩემი შვილები არ იცვლებიან, არ ბოროტდებიან და ყველაზე მეტად ეს მეამაყება. სკოლაში კარგად სწავლობენ, მათ ფრანგული, ესპანური და ინგლისური ენები სრულყოფილად იციან. ოჯახში ქართულად ვლაპარაკობთ, თუმცა ბევრ სიტყვაზე დაფიქრება სჭირდებათ. სასწავლო წლის ბოლოს ვაჩემ, ჩემმა მეოთხე შვილმა გმირობის დიპლომი მომიტანა. თურმე გაგუდვას გადაურჩენია კლასელი, რომელსაც კალმის თავსახური გადასცდენია სასულეში. შვილებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ აღარ გავაგრძელებ. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვთ, მაგრამ არ მაბრაზებენ. ამას ისიც მოწმობს, რომ ხუთი ბიჭის დედა ხატვას და ქარგვას ვახერხებ. მთავარია, ისინი კარგად მყავს და მე ჩემი საყვარელი საქმე ვიპოვე, დანარჩენი – მეორეხარისხოვანია...

– ბავშვობაში ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით?

– ერთ ამბავს გავიხსენებ: ბიძაჩემი - გოგია ძია რაიკომში მუშაობდა, ბიცოლაჩემი, კატუშა ძალო – სკოლაში. მთელი ბავშვობა ვამაყობდი მათი თანამდებობებით, იმდენად, რომ პროფესიაც არჩეული მქონდა. ვოცნებობდი ხან ჩემ „საპარიკმახერო ოთახზე“ რაიკომის შენობაში, ხან ცოცხით ხელში წარმოვიდგენდი ჩემ თავს სკოლაში და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. მახსოვს, რა სიამაყით ვუპასუხე მასწავლებელს კითხვაზე – ვინ რა უნდა გამოვსულიყავით. ჩემ პასუხზე – დამლაგებელი-მეთქი, ყველას გაეცინა, მაგრამ მე კი მიხაროდა, რომ ყველაზე განსხვავებული და საუკეთესო პასუხი გავეცი. დღეს „პარიკმახერობაც“ ავითვისე, მერე რა, რომ რაიკომის შენობაში არ ვმუშაობ – ოჯახშიც ხომ კარგად გამომადგა?..

ნინო თედიაშვილის ვაჟის პორტრეტი
ნინო თედიაშვილის ვაჟის პორტრეტი

– უცხოეთში საყვარელ საქმეს მიაგენით და თავადაც შეიცვალეთ?

– აქამდე ვიყავი ყველასთვის შეუმჩნეველი, კომპლექსიანი გოგო, რომელიც არავის ახსოვდა. თუმცა ერთ დღესაც ყველასთვის საყვარელ ნათესავად ვიქეცი. დღე არ გავა, ვინმემ არ დამირეკოს ან მომწეროს, თუ როგორ ამაყობენ ჩემით. ამდენი ადამიანის სიყვარულს რომ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, თან ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავი სიზმარში მგონია...

 

759
თემები:
ქართველები უცხოეთში
მართლმსაჯულება

ზუგდიდის სასამართლოში ძმები ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

0
(განახლებულია 14:01 04.03.2021)
დაცვის მხარის მოთხოვნით, ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეები ცალ-ცალკე განიხილება. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუასა და მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით,  ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმეს მიმდინარე წლის იანვარში გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ბიძინა ესებუას ადვოკატ სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დღეს სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა გაიმართოს, პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„სხდომაზე დაცვის მხარემ თავის შესავალ სიტყვაში აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტზე გააკეთა. იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი ესებუა ვერ დააკავეს, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მისი ძმა ბიძინა ესებუა.  ეს ადამიანი არ არის დამნაშავე. მის მიმართ განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და საბრძოლო მასალის ჩადება. შემდგომ, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაცვის მხარე სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ მტკიცებულებებზე, სადაც აშკარად იკვეთება, რომ ბიძინა ესებუა მოცემულ საქმეში არის სრულად უდანაშაულო“, – განაცხადა ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. 

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“. 

რაც შეეხება ბადრი ესებუას საქმეს, ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარუდგენია და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

გამოძიების ვერსიით, ბადრი ესებუა 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა.

 

0