თეა მარიამიძე-დიკერო

„აქ ყველაფერი მარტივადაა: კარს ვაღებ საქართველოში ვარ, დავხურავ ისევ საფრანგეთში“

764
(განახლებულია 14:16 17.02.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ პარიზში მცხოვრებ წარმატებულ მუსიკოსს, პიანისტს თეა მარიამიძე-დიკეროს.

სხვადასხვა დროს ქართველი პიანისტი მუშაობდა პარიზის სტანლოვას სახელობის ცეკვის საერთაშორისო ინსტიტუტში, პარიზის სხვადასხვა კონსერვატორიებში. იგი 16 წელზე მეტია საფრანგეთში ცხოვრობს და თავისი მსმენელი ჰყავს. აქტიურად მუშაობს ქართულ და ფრანგულ კლასიკურ მუსიკაზე. 2006 წელს გრიფით Ĵoyaux géorgiens („ქართული მარგალიტები“) ჩაწერა დისკი ფორტეპიანოსა და ვიოლინოსათვის, სადაც ოთხი ქართველი კომპოზიტორია წარმოდგენილი. მუსიკოსს სურვილი აქვს, რომ ეს ორი განსხვავებული, ქართული და ფრანგული მუსიკა ერთმანეთს დაუკავშიროს. ამ ეტაპზე ის კლავესინის გაკვეთილებს იღებს და ძველებურ მუსიკას მხოლოდ ამ ინსტრუმენტზე ასრულებს. ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებში. მუსიკოსმა საფრანგეთში დააარსა ასოციაცია „ქართული მარგალიტები“ (Ĵoyaux géorgiens), რომელიც უცხოელებს ქართულ კლასიკურ მუსიკას აცნობს. ქალბატონ თეას საფრანგეთის ქალაქ მარლი ლე რუაში დავუკავშირდით.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

– ქალბატონო თეა, როგორ დაიწყო თქვენი ახალი ცხოვრება საფრანგეთში?

– გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ დავტოვე 2002 წლის 21 ნოემბერს უშუქობის გამო ჩაბნელებული თბილისის აეროპორტი და ფეხი დავადგი საფრანგეთის მიწაზე. აქ ჩამოსვლის მიზანი კორტოს სახელობის სკოლაში სწავლის გაგრძელება იყო. არავის ვიცნობდი ერთი-ორი თანამემამულის გარდა, რომლებმაც საჭირო ინფორმაციით დამაკვალიანეს. არც საცხოვრებელი მქონდა და არც სამსახური. ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს ზურაბიშვილების ოჯახმა, მინდა ქალბატონ მილის, ბატონ ტარიელს და ქალბატონ სალომეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, ასევე ქართული სათვისტომოს სხვა დანარჩენ წევრებსაც, ვინც დახმარება გამიწია. ჩამოსვლიდან თითქმის ერთ კვირაში სამსახური ვიშოვე პარიზის სტანლოვას სახელობის ცეკვის საერთაშორისო სკოლა-ინსტიტუტში ბალეტის კონცერტმაისტერად. პარალელურად ვსწავლობდი კორტოს სახელობის სკოლაში (Ecole Normale de Musique de Paris de A. Cortot) პიანისტ ოდილ დელანგლის კლასში.

ქორწილის დღე
ქორწილის დღე

– დასაწყისში მუსიკალური ინსტრუმენტიც არ გქონიათ...

– დიახ, ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, რადგან მაშინ როიალი არ მქონდა სახლში და დიდ მანძილს გავდიოდი, რათა სამეცადინოდ სტუდია მექირავებინა. ვცდილობდი სცენასთან ხშირი კავშირი მქონოდა და ვიღებდი მონაწილეობას სასწავლებლის კონცერტებში, რომლებიც სულ იმართებოდა დღის 12 საათზე, როგორც ღია კონცერტები. ერთ-ერთ პირველ კონცერტზე წარვადგინეთ კომპოზიციის კლასის სტუდენტის, კანადაში მცხოვრები არტაშეს ოვანესიანის ტრიო ფლეიტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მუსიკალურ ტექსტს რედაქტირებაც გავუკეთე და, მახსოვს, კომპოზიტორი როგორი მადლობელი დარჩა.

თეა მარიამიძე-დიკერო კონცერტზე ქართული საგალობლების შესრულების დროს
თეა მარიამიძე-დიკერო კონცერტზე ქართული საგალობლების შესრულების დროს

მუსიკალური ოაზისი 90-იანი წლების თბილისში

თეა მარიამიძე-დიკერო: სანამ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში ვსწავლობდი. ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო, როცა მუსიკოსი ალეკო წულაიას წყალობით და რეკომენდაციით აღმოვაჩინე საოცარი ადამიანი, პედაგოგი, პიანისტი, პუბლიცისტი და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალბატონი რუსუდან ხოჯავა. ცოტა მოგვიანებით მის კლასში გადავედი. აი, აქედან იწყება ჩემი, როგორც მუსიკოსის გაცოცხლება... იმ მძიმე და შავბნელ, მითიური „მეცხრე ბლოკის“ 90-იან წლებში ეს გაკვეთილები ნამდვილი ოაზისი იყო. ამ ქალბატონის მადლობელი მთელი ცხოვრება ვიქნები. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ოჯახს, რომელიც ხელს მიწყობდა, რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. განსაკუთრებული მადლობა ჩემ დედიკოს, რომელსაც ჩემი სულ სჯეროდა.

თეა მარიამიძე-დიკერო
თეა მარიამიძე-დიკერო

– სტანლოვას სახელობის ცეკვის ინსტიტუტში ბალეტის კონცერტმაისტერად გამოჩენილ მოცეკვავეებთან მუშაობდით, რომელ მათგანთან შეხვედრა დაგამახსოვრდათ?

– ხშირად ვმუშაობდი ატილიო ლაბისისთან და მიქაელ დენარდისთან, ასევე სხვადასხვა წამყვან პედაგოგებთან. დღემდე მახსენდება მათი თავმდაბლობა, „ჩვეულებრივ“ ადამიანებთან მათი ნორმალური დამოკიდებულება. დამამახსოვრდა ატილიო ლაბისის მონათხრობი, რომელიც პირადად იცნობდა ვახტანგ ჭაბუკიანს და მისი ცეკვა უნახავს. როცა გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, აღფრთოვანებული სახით და აწყლიანებული თვალებით მომიყვა როგორი გენიალური მოცეკვავე იყო ჭაბუკიანი.

თეა მარიამიძე-დიკეროს აუდიო დისკები
თეა მარიამიძე-დიკეროს აუდიო დისკები

 ქართველი მუსიკოსის დისკები საფრანგეთში

2018 წელს მუსიკალურმა გამომცემლობა Chanteloup Musique-მა დაბეჭდა და გამოსცა თეა მარიამიძე-დიკეროს ორმაგი დისკი – ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიანის „ოცი მზერა ყრმა იესოზე“. პირველად ჩაწერა არაჩვეულებრივი ხმის რეჟისორის მიშა კილოსანიძის ხელმძღვანელობით საქართველოში მოხდა. ამის შემდეგ მუსიკოსმა რამდენიმე პიესა თავიდან ჩაწერა პარიზში ქალბატონ ივონ ლორიოს (აწ გარდაცვლილი ცნობილი პიანისტი და პედაგოგი), მესიანის მეუღლის წერილობითი მასტერ-კლასის შემდეგ, რომელიც 2000 წელს მან თეას პირადად გაუგზავნა.

– საფრანგეთში თქვენს დააარსეთ ასოციაცია, რომელიც უცხოელებს ქართულ კლასიკურ მუსიკას და ისტორიასაც კი აცნობს...

– ასოციაცია „ქართული მარგალიტები“ 2007 წლის დეკემბერში დავაარსე. მოგვიანებით ამავე ასოციაციაში გავხსენი სექცია „ხოჯავას სკოლა“, რაც საშუალებას მაძლევს ავიყვანო მოსწავლეები. "ქართული მარგალიტები" უცხოელებს აცნობს ქართულ კლასიკურ მუსიკას, რასაც ასოციაციის საკონცერტო პროგრამებში დიდი ადგილი უკავია. პროგრამებს დართული აქვს საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსკურსი. აქვე ქართველ კომპოზიტორთა ბიოგრაფიებია მოცემული. პიანისტ ნანა ჩიკაშუას, მომღერალ გარი საფარიანსა და მევიოლინე იგორ რამოსთან ერთად ბევრი კონცერტი ჩავატარეთ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ვერსალის ბაროკოს ცენტრი, ნაპოლეონის მეუღლის ჟოზეფინას საზაფხულო სასახლე „მალ მეზონი“, პარიზში არსებული სხვადასხვა ქვეყნების კულტურის ცენტრები, ალფრედ კორტოს ისტორიული დარბაზი და ეკლესიები. ასევე ვთანამშრომლობთ ასოციაციასთან „მომავალი“, რომელიც საქართველოს სოფლებში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს და ბავშვთა სახლებს ეხმარება (www.momavali-france.org). 2014 წელს პატარა გუნდის „საუნჯის“ დაარსების მიზანი ქართული კანონიკური საგალობლების შესწავლა და ფრანგი მსმენელისთვის მათი გაცნობაა.

– ორი წელია, რაც კლავესინის გაკვეთილებზე ჩაეწერეთ, რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?

– ძველებური მუსიკისადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა. ეს სურვილი ჯერ კიდევ საქართველოში სტუდენტობის პერიოდში, ქალბატონ რუსუდან ხოჯავას კლასში სწავლის პერიოდში გამიჩნდა. საფრანგეთში ამ ინტერესის და ძიების რეალიზაცია მოხდა. როდესაც ჩემი ქალაქის კონსერვატორიაში გაიხსნა ძველებური მუსიკის სექცია, სიხარულით ჩავეწერე კლავესინის გაკვეთილებზე. უკვე ორი წელია აქტიური მოსწავლე ვარ, ხშირად ვიღებ მონაწილეობას კონცერტებში. 2018 წლის სექტემბრიდან basse continue, ანუ გაციფრული ბანის შესწავლაც დავიწყეთ. ჩემთვის პირველი ნამუშევარიც ამ სფეროში უკვე წარვადგინე კონცერტზე, სხვა სოლო პიესებთან ერთად, ქალაქ მარლი ლე რუას კულტურის ცენტრში, რომელსაც ორგანიზება მუნიციპალურმა კონსერვატორიამ გაუკეთა. ყველაფერი დაიწყო ორთვიანი ფორმაციით „როგორ შევასრულოთ ძველებური მუსიკა თანამედროვე ინსტრუმენტებზე“, რომელშიც 2014 წელს მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ორგანიზებული ასოციაცია Ariam-ის მიერ, მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი ამ ასოციაციის წევრი (ეს მუსიკალური აქციებისა და ინფორმაციების რეგიონული ასოციაციაა). მათი წყალობით ბევრ საინტერესო შეხვედრაში, მასტერ-კლასში და ფორმაციაში მივიღე მონაწილეობა, რამაც ძალიან გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური და მუსიკალური შემოქმედება.

შეხვედრა ოთარ იოსელიანთან საფრანგეთში

თეა მარიამიძე-დიკერო: საფრანგეთში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიკოლა ზურაბიშვილი და ოთარ იოსელიანი ძალიან დიდი მეგობრები არიან. ნიკოლამ შემომთავაზა, რომ ბატონი ოთარი დაგვეპატიჟებინა კონცერტზე, რომელიც ერთი მუსიკოსი მეგობრის სახლში მოვაწყვეთ. ეს იყო 2017 წლის 8 ივლისს. კონცერტი მთლიანად ქართულ მუსიკას ეძღვნებოდა და მასზე ვასრულებდი ნიკოლას რამდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც სპეციალურად ბატონი ოთარის ფილმებისთვის დაწერა. მოვილაპარაკეთ, რომ მივსულიყავი მასთან და მან ჯარჯი ბალანჩივაძის პიესა გადამომცა. ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა. საოცრებაა ასეთ დიდ ადამიანებთან საუბარი, სულ გინდა უსმინო და ბევრი რამ გაიგო...

თეა მარიამიძე-დიკერო ოთარ იოსელიანთან ერთად
თეა მარიამიძე-დიკერო ოთარ იოსელიანთან ერთად

– თქვენ გყავთ ფრანგი მეუღლე, რომელიც შეყვარებულია საქართველოზე...

– ჩემი მეუღლე იანი წარმოშობით ბრეტონელია. პროფესიით მოფარიკავეა და ასწავლის როგორც სპორტულ, ასევე მხატვრულ ფარიკაობას. ერთმანეთი 2006 წლის ოქტომბერში გავიცანით პარიზის ერთ-ერთ თეატრში. ეს იყო სპექტაკლი „ალისა“, რომელიც ჩემი მომავალი მაზლის ცოლის სცენარით დაიდგა და სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებდა. სპექტაკლის შემდეგ ყველანი ახლომდებარე კაფეში წავედით. აქ შევხვდით ერთმანეთს და იანმა მაშინ გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი. იმ დროს ჩვენ ქვეყანაზე არაფერი იცოდა. სამაგიეროდ შემდეგი შეხვედრისას, ამჯერად სხვა სპექტაკლზე მისულს, იანი ულამაზესი ვარდების თაიგულით დამხვდა და ქართულად მითხრა: „ეს ვარდები შენთვის“. აი, აქ კი გავოგნდი. გამოვკითხე, ასე მალე საიდან ისწავლა ქართული. მან მაჩვენა წიგნი, რომელიც ქართული ენის შესასწავლად ჰქონდა ნაყიდი. დღეს იანმა იცის ქართული ასოები, გრამატიკასაც მოჰკიდა ხელი და ცოტას კითხულობს კიდეც. ამ ყველაფერს არა მარტო ჩემდამი სიყვარულით აკეთებს, არამედ მართლა ძალიან უყვარს საქართველო და მისი დიდი გულშემატკივარია.

თეა მარიამიძე-დიკერო, მისი ფრანგი მეუღლე და მის მიერ მომზადებული აჭარული ხაჭაპური
თეა მარიამიძე-დიკერო, მისი ფრანგი მეუღლე და მის მიერ მომზადებული აჭარული ხაჭაპური

– სამაგიეროდ თქვენ ფრანგული ენა მშობლიურივით კარგად იცით, საინტერესოა, სიზმრებს რა ენაზე ხედავთ?

– საფრანგეთში გაუცხოების მომენტი არასოდეს მქონია. აქ, პირიქით, თავი როგორც სახლში, ისე ვიგრძენი. ფიქრით, მგონი, ორივე ენაზე ვფიქრობ. სიზმრებში კი გაურკვეველი ენაა – არც ფრანგულია, არც ქართული. კიდევ, ჩემ სიზმრებში არც საზღვრებია და არც მანძილები. აქ ყველაფერი მარტივადაა: კარს ვაღებ – საქართველოში ვარ, დავხურავ – ისევ საფრანგეთში...     

 

764
თემები:
ქართველები უცხოეთში (100)
მზეო მეფარიშვილი კობალავა

მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და ვილნიუსის ქუჩებში ქართულად ამღერებული „ბოლნელა“

234
(განახლებულია 21:20 05.03.2021)
მზეო მეფარიშვილის ამბავი იმის მაგალითია, რომ რა გზაც არ უნდა გაიაროს ადამიანმა, ბოლოს ხელოვნებისა და საკუთარი კუთხის სიყვარული ისევ თავის ფესვებთან დააბრუნებს...

მისი ცხოვრების ამბავი ბოლნისში დაიწყო. ერთ დღესაც, იქ დაბრუნებულმა, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ დააარსა. ამავე დროს ქალბატონი მზეო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატშიც მუშაობს. მისი ანსამბლი დღეს, შეიძლება თქვას, გარკვეულწილად იმ კუთხის ისტორიას აგრძელებს... 

მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად
მზეო მეფარიშვილი კობალავა მეუღლესთან ერთად

- ქალბატონო მზეო, თქვენი სახელით დავიწყოთ, რაიმე ისტორია ხომ არ ახლავს მას?

- ჩემი სახელი წარმოიშვა მზექალადან, რომელიც ჩემმა მოძღვარმა დამარქვა. შემდეგ ჩემი ანსამბლის გოგონებმა შემიკვეცეს და მზეოს მეძახიან. ეს მზით გამთბარი სახელი უკვე კარგად მოვირგე და მასზე სიამოვნებით ვრეაგირებ. ხელოვნებასთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. მიუხედავად იმ რთული დროისა, ძალიან ხალისიანი და შემოქმედებითად დატვირთული ბავშვობა მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ საუკეთესო მოსწავლეებს შორის ვყოფილიყავი, რასაც მშვენივრად ვახერხებდი. თითქმის ყველა სასკოლო თუ რაიონულ დონეზე გამართული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვიყავი.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე თეატრ-სტუდიის სცენაზე აღმოჩნდით? 

- დიახ, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრ-სტუდიაში ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მიმიწვიეს. სპექტაკლში „მუსუსი“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვიყავი. ამას მოჰყვა სპექტაკლები „ათვინიერებენ მიმონოს“, „რა კარგი მიხაკებია“, „გაყრა“, „აკუსტიკა“ და სხვ. იმ პერიოდში თეატრში მუსიკალური მიმართულებით მუშაობა მომიწია კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან, რომელიც სიმღერებს სპეციალურად ჩვენი სპექტაკლებისთვის ქმნიდა. მერე თავადვე გვასწავლიდა და პრემიერასაც სიამოვნებით ელოდებოდა, რათა შედეგი ენახა.

ანსამბლის წევრები
ანსამბლის წევრები

- სკოლა, რომელშიც სწავლობდით, ფიზიკა-მათემატიკური პროფილის იყო, სწავლის დროს გატაცებული იყავით თეატრით და, მიუხედავად ამისა, სხვა პროფესია აირჩიეთ... 

- დიახ, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა-ლიცეუმი ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებით დავამთავრე. მიუხედავად ტექნიკური განათლებისა, საშუალოს დამთავრების შემდეგ ოცნებად მექცა, რომელიმე ტელევიზიის ეკრანზე ეხილათ ჩემი თავი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. თავისუფალ დროს, ძირითადად საზაფხულო არდადეგებზე ბოლნისის N1 საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად ვმუშაობდი. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ვარ და ხელოვნებას, კერძოდ, მუსიკას ვერაფრით მოვწყდი...

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- მუსიკის სიყვარული ოჯახიდან მოდის?

- დიახ, ეს ინტერესი და სიყვარული, პირველ რიგში, ოჯახისა და წინაპრების დამსახურებაა. ადრეულ ასაკში სხვადასხვა საკრავზე ვუკრავდი. დავამთავრე ბოლნისის სამუსიკო სკოლის შვიდწლედი და პარალელურად ცეკვის სტუდია-ანსამბლშიც ვიყავი. კიდევ იყო ანსამბლი „კოქტეილი“, რომელიც თამარ ბობოხიძემ დააარსა და რომელშიც ოთხი  გოგონა ვმღეროდით.

მზეო მეფარიშვილი კობალავა
მზეო მეფარიშვილი კობალავა

- სწავლის მერე ბოლნისში დაბრუნდით...

- დიახ, სწავლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ბოლნისში დავბრუნდი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომიწია გადასვლა. მას შემდეგ 13 წელია აქ ვმუშაობ.

ანსამნლის აფიშა
ანსამნლის აფიშა

- თუმცა, შემოქმედებას მაინც ვერ შეელიეთ, ანსამბლი „ბოლნელა“ როგორ გაჩნდა?

- ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არსებობს, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ბასილ ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეს იყო 2012 წელს, ანსამბლის ლოტბარი საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის ეთნომუსიკოლოგი, ქალბატონი ნანა ვალიშვილი გახლავთ.

- ვინ არიან ანსამბლის წევრები?

- ანსამბლის წევრები სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა გუნდში გალობენ. კერძოდ, ბოლნისის სიონისა და აკაურთას სიონის მგალობლები არიან. ესენი არიან: მარიამ ფოჩხიძე, სნეჟანა მნაცაკანიანი, ანი რეხვიაშვილი, რუსუდან ქვარცხავა, ირმა ჭილაია, თამარ დავითულიანი, ვერიკო ივანიძე და ელენე სიკინჭალაშვილი. აქვე მინდა ვახსენო ანსამბლიდან გარკვეული მიზეზების გამო წასული წევრებიც: ანი ხაჭიპერაძე, ნათია ბჟალავა და თამარ ქვარცხავა.

- „ბოლნელას“ შესრულებით ქართული სიმღერები უცხოეთშიც მოისმინეს?

- დიახ, 2019 წელს ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ გრანდიოზულ საერთაშორისო ფესტივალზე გამოვედით. ეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანადგომითა და ხელშეწყობით მოხდა. ლიეტვუაში ჩვენი ყოფნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაემთხვა. იმ დღის ყველა კონცერტი და გამოსვლა საქართველოს მიეძღვნა. ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოს დროშებით, ქართული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით, ყველა ქვეყნიდან ჩასული ანსამბლებისა და ლიეტუველების ერთობლივი მსვლელობა გაიმართა...

- ბოლნისში, ანუ ყოფილ კატერინენფელდში პირველი გერმანული დასახლება იყო საქართველოში, სამომავლოდ ხომ არ გაქვთ გეგმაში გერმანული კულტურული კავშირების აღდგენა?

- დიახ, ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელები ცხოვრობდნენ. იმდროინდელი სახელწოდება კატერინენფელდი შემდეგ ლუქსემბურგით შეიცვალა. ბოლოს ძველი სახელწოდება აღუდგინეს. რაც შეეხება გერმანელებთან კულტურულ კავშირებს, საინტერესო იდეაა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე კი ძალიან მიხარია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძალისხმევით გამოიცა აუდიოალბომი, რომელშიც ჩვენი 27 სიმღერაა შესული. მომავალში გადაწყვეტილი გვაქვს მეორე ალბომის ჩაწერაც. მოკლედ, „ბოლნელას“ თითოეული წევრის შრომისა და ხელოვნების სიყვარულის წყალობით, შეიძლება ითქვას, ამ კუთხის დღევანდელი ისტორია იწერება...

 

234
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

„დედის დღე ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის“: 10 შვილის დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ

487
(განახლებულია 17:00 03.03.2021)
40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მისთვის ათმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ეს დღე. როგორ ულოცავენ შვილები 10 შვილის დედას ამ დღესასწაულს და რა ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამას მრავალშვილიანი დედა თავად მოგვიყვება.

- ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. მალევე დავოჯახდით. ბევრი სირთულის და გაჭირვების მიუხედავად ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, მეიმედება და მაძლიერებს. აქამდე ქირით ვცხოვრობდით. პანდემიის დროს შევიტყვე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა. რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მაშინ ამ პასუხისმგებლობას, დედობის გრძნობას ვერ ვაცნობიერებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რას ნიშნავს და რამხელა ბედნიერებაა გერქვას დედა.

ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად
ნათია წიგნაძე მეუღლესთან ერთად

- უცხო გარემოში არ გაგიჭირდათ ცხოვრების თავიდან დაწყება?

- ეს გარემო უცხო არ არის ჩემთვის. წარმოშობით კახეთიდან ვარ. თუმცა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ეს არ არის მარტივი. არ გვაქვს საცხოვრებლად სახარბიელო პირობები. ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. ამის გამო დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ და მომავლის იმედს არ ვკარგავთ...
მინდოდა მცირე მეურნეობა მაინც მქონოდა, რაღაც პროდუქტი მაინც მომეყვანა, მაგრამ მაგასაც ფული უნდა, მოხნა, დათესო, სასუქი შეიტანო და ა.შ. ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ ნაკვეთს დაგვითმობს. ვნახოთ, თუ მექნება სახსრები, რომ დავამუშაო, აუცილებლად მივხედავ.

სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან. უზომოდ უყვართ და უვლიან ერთმანეთს. ეს ძალიან მაბდნიერებს და ხშირად გულაჩუყებულს მიტირია, როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე.

ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად
ნათია წიგნაძე ოჯახთან ერთად

- დღეს დედის დღეა. როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

- პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს. ამ დღისთვის ჩემი შვილები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე. საკუთარი ხელით ქმნიან მისალოც ბარათებს და მამის დახმარებით ყვავილებით და სხვა საჩუქრებით მილოცავენ.

ერთ წელს, უფროსები მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდნენ, მთელი თვე აგროვებდნენ ბუფეტის ფულიდან ნაწილს, ხან სულაც არ ჭამდნენ სკოლაშო საჭმელს. ყავის სერვიზი და ვერცხლის ბეჭედი მიყიდეს. ისე ამაღელვა ამან, სამი დღე ვტიროდი. ზოგადად ძალიან უყვართ ჩემი გახარება. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზეც შეუგროვებიათ ფული და მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს, ხშირად აკრიტიკებენ მრავალშვილიან დედებს, ლანძღვის ობიექტიც გავმხდარვართ. ბევრს ვითომ ხუმრობითაც უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთო? როცა ღმერთი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის, მე რა უფლება მაქვს ეს სიცოცლე მოვუსპო და დაბადების შანსი არ მივცე? ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. და იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება ხომ წარმოგიდგენიათ.

 

487

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0