ნინა სიბოშვილი

ემიგრანტი ქალის წერილები: „მახსოვს როგორ გაიარა თრომბმა გულში და როგორ გაჩერდა გული“

5819
(განახლებულია 23:12 16.02.2021)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი...

ნინა სიბოშვილის ამბავი განსხავებულია. საკუთარი ცხოვრების ისტორიას საკმაოდ გულწრფელად და ემოციურად გვიყვება. ამგვარი, ფაქტობრივად აღსარების ტოლფასი გულწრფელობა მისივე სურვილიდან მომდინარეობს. როგორც ჩანს, ცხოვრებაში ბევრი ტკივილის გადატანა მოუწია... დღეს ერთ რამეში უკვე დარწმუნებულია – რომ სიკეთე ყველაზე მარადიული ფასეულობაა სამყაროში, თანადგომის უნარი კი – ყველაზე ღირებული თვისება...

ნინა პირველი და ერთადერთი ქართველია, რომელიც ფლორენციის მოხუცებულთა სახლში მუშაობს. მეტად შრომატევადი სამუშაოს გარდა სწავლასაც ახერხებს და მოულოდნელად გაჩენილი ნიჭის რეალიზებასაც. მოკლედ, გაეცანით, ეს მისი ცხოვრების ამბავია...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

გავიზარდე საკმაოდ თბილ, მოსიყვარულე და ტრადიციულ ოჯახში ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად. ზედმეტად წესიერი და დამჯერი ბავშვები ვიყავით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი, ამიტომაც სულ კერძო მასწავლებლებთან მიწევდა სიარული, რადგან სკოლებში აღარავინ სწავლობდა, ცუდი დრო იყო... როგორც კი სკოლა დავამთავრე, იმის მაგივრად, რომ მისაღები გამოცდებით ვყოფილიყავი დაკავებული, მომიტაცეს და რადგანაც მაშინდელი მენტალიტეტი და შეხედულებები მნიშვნელოვანი იყო, ჩემმა ოჯახმა სახლში აღარ წამომიყვანა. ჩემი ბებია ბევრს იბრძოდა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ბოლოს მხოლოდ ის შეძლო, რომ საბუთები შემატანინა მეან-გინეკოლოგის კურსებზე. მეუღლის ოჯახს ესეც არ უნდოდა. სასწავლებელი რომ დავამთავრე, უკვე ორი ქალიშვილი მყავდა. ქმართან სულ ხუთი წელი ვიცხოვრე. განვქორწინდით და მალე მოხდა დიდი ტრაგედია, რომლის მოტივი და ბევრი დეტალი ფაქტობრივად წავშალე მეხსიერებიდან. ამისთვის წლები დამჭირდა, მაგრამ წავშალე... ჩემი უფროსი გოგონა დეა მაშინ ხუთი წლის იყო, სალომე კი ერთი წლის...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

მაშინ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ბევრი ტრავმა მივიღე... რაღაც წამებში საკუთარი გონება მესაუბრებოდა და აანალიზებდა რაც მოხდა. მერე უცებ დავინახე, თუ როგორ მდებენ საკაცეზე დაგლეჯილს, როგორ ასხამს სისხლი ყველა მხრიდან. სახე? სახე აღარ მქონდა... ხელები და ფეხები უფორმოდ მომიწყვეს გვერდზე. მერე იყო სიბნელე, ყურებში მხოლოდ სისხლის ბუყბუყი მესმოდა. დავიწყე გააზრება – რა მოხდა?.. ჩემი გონებიდან სამი დღე გამქრალი იყო, არაფერი მახსოვდა. თუმცა მერე უკვე ჩემების მონაყოლით ვიცი, რომ აპარატზე მიერთებულს 12 დღე ცოცხლად აღარ მთვლიდნენ. მაგრამ მე თითქმის ყველაფერი მესმოდა... კიდევ მესმოდა როგორ კამათობდნენ ექიმები, არანაირ ოპერაციას აზრი არ აქვსო... მესმოდა ნათესავის ხმა, რომელიც ექიმს ეჩურჩულებოდა, ადამიანის ფორმა მაინც მიეცითო – რადგან დარწმუნებული იყვნენ, ვერ გადავრჩებოდი, ამიტომ ოდნავ შესახედავი მიცვალებული მაინც ვყოფილიყავი... მახსოვს მაშინ როგორ გავბრაზდი, როგორ მინდოდა რამე ნიშანი მიმეცა, რომ არ მოვკვდებოდი, რადგან ყველაფერი მესმოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადავრჩებოდი... მახსოვს როგორ გაიარა თრომბმა გულში და როგორ გაჩერდა გული, მერე როგორ წავედი გვირაბში და მივისწრაფოდი სინათლისკენ... მახსოვს, როგორ გადამიდგნენ იქ ჩემი დეა და სალომე და გვირაბისკენ არ გამიშვეს...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

გადიოდა დღეები, მემატებოდა მგრძნობელობა, ტკივილები, ამოსუნთქვაზე უკვე ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემი ყველა დამტვრეული ძვალი. ამ ტანჯვაში სამი ჯოჯოხეთური თვე გავიდა. მთავარი ექიმის საუბრიდან ეს სიტყვები მახსოვს: „იცით, მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობს გადარჩენის... უფლის სასწაულის... და თუ ეს სასწაული მოხდა, ფეხზე მაინც ვერ დადგება“. ამაზე დედის შეშლილი ხმით შეპასუხება მახსოვს: „არა, ექიმო, ის კარგად იქნება და ისევ ისეთი ლამაზი გვეყოლება“. საოცარია, მაგრამ მეც ასე ვფიქრობდი და დაიწყო უფლის სასწაულების სერიები... 

პირველი სასწაული ჩემი გვირაბიდან უკან მობრუნება იყო. მეორე სასწაული მაშინ მოხდა, როცა გარისკეს და პირველ ოპერაციაზე შემიყვანეს. მაგრამ თურმე ნარკოზიდან ვეღარ გამოვდიოდი. როცა ჩემთან დასამშვიდობებლად დედა შემოიყვანეს, უკვე გაცივებული ვიყავი. ვხედავდი, როგორ ავდიოდი ეკლებზე, როგორ დამდიოდა სისხლი და როგორ ავაღწიე სამოთხეში, სადაც მაგნოლიები ყვაოდა. იქ ყველაფერი ფერადი იყო და წამით ვიფიქრე, მგონი, დასრულდა–მეთქი... იმ დროს უკნიდან ხმა მომესმა: შენ იცოცხლებ, უკან გიშვებ. შენთვის მზე ამოვა და ისევ კარგად იქნები. მაშინ სხეულში ენით აუწერელი არაბუნებრივი სითბო ვიგრძენი, თვალი გავახილე და დედა დავინახე...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

როცა შევძელი, ჩემი ერთი უჩვეულო ხილვის შესახებ დედას მოვუყევი და საავადმყოფოში მომიყვანეს მამაო, რომელსაც კურთხევა ვთხოვე ხატის დაწერაზე. მან პირჯვარი გამოისახა და მითხრა, შენ წმინდა გიორგის კურთხევა უკვე გაქვს მიღებულიო, ვიცი, რომ საერთოდ არ ხატავ, მაგრამ, დამიჯერე, სცადე და შედეგსაც ნახავო. როცა მორფინის ზემოქმედებით ნაკლები ტკივილის ქვეშ ვიყავი, საწოლთან მოლბერტი დამიდეს ისე, რომ ხატის წერა შემძლებოდა. სუფთა ფურცელს ფანქრით ხელში დავჩერებოდი და არ ვიცოდი საიდან რა უნდა დამეწყო... მერე მივყევი ფანქრით და იმ წუთებში არაბუნებრივი, არაამქვეყნიური შეგრძნება მქონდა. როდის დამეძინა, არ მახსოვს. გამთენიისას პალატაში შემოსული დამლაგებელი ქალის ემოციური შეძახილი მახსოვს. როცა თვალები გავახილე, დავინახე, რომ მათ ფურცელი ეკავათ ხელში და პირჯვარს იწერდნენ...

ნინა სიბოშვილის ნახატი
ნინა სიბოშვილის ნახატი

ერთ დღეს რაღაცეებზე დაყრდნობით ვცადე და წამოვდექი. მაშინ ზუსტად 35 კილო ვიყავი და კარგად მახსოვს, რომ თითოეულ ძვალს ვგრძნობდი და ეგეც მემძიმებოდა. ინვალიდის სავარძელს ხელიც არ შევახე და ჩემებს კატეგორიულად ვუთხარი, რომ ეტლი სახლიდან მოეშორებინათ. მოკლედ, უფლის ნებით გადავრჩი და ჩემი გადარჩენის ყველაზე დიდი სტიმული შვილები იყვნენ. მე მათზე უნდა მეზრუნა... და, კიდევ, ჩემებმა ყველაფერი გაყიდეს, ოპერაციებს შეეწირა რაც კი გაგვაჩნდა. ამიტომ მიზნად დავისახე, რომ ჩემებისთვის ყველაფერი უკან დამებრუნებინა და, მეტიც, მათზე მეზრუნა.

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

მე რუსთავში ვარ გაზრდილი, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, სოფელი საგარეჯოსა და პატარძეულში გვაქვს. პატარძეულის სახლი ჩემი მშობლებისაა. ჯერ კიდევ ერთი ხელი მქონდა გადახვეული, როცა ბაქოში სიარული დავიწყე. მეგობრები და ახლობლები მეხმარებოდნენ. ბევრი ვიწვალე, ბოლოს რუსთავში ტურისტული სააგენტო Egzotic Travel გავხსენი. ტურები დავიწყე აზიის საკურორტო ქალაქებში, სადაც ადგილობრივები უკვე მიცნობდნენ და მენდობოდნენ. ვისწავლე თურქული ენა, რათა თურქეთის ტურებზე მთარგმნელი არ მექირავებინა. დროთა განმავლობაში ისევ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც საშუალება არ მომცა, რომ საქმე გამეგრძელებინა. ისევ სერიული ოპერაციები გახდა საჭირო, მაგრამ საიმედო გარანტია აღარ მქონდა.

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

ქირურგების ბრიგადამ ათასნაირი ვერსია განიხილა. ზოგი გერმანიას მთავაზობდა, მაგრამ საამისოდ აუცილებელი თანხა წარმოუდგენლად დიდი იყო. ბოლოს გადაწყდა, რომ იტალიაში ჩავიდოდი. ჩემი ერთ-ერთი ქირურგი, თამაზ კაციტაძე (რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა) უაღრესად კარგი ადამიანი იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ისევ ადამიანის ფორმა მაქვს, მან, რასაც ჰქვია, ამაწყო. სწორედ ბატონ თამაზს ჰქონდა იტალიასთან გაცვლითი პროფესიული პროგრამა, ამიტომ მისი დახმარებით გამიწიეს რეკომენდაციები ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც იტალიის სამხრეთით მდებარეობს.

როგორც ტურისტული სააგენტოს მფლობელს, ჩემთვის იტალიაში ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ შორი გზა და უცხოეთში გაურკვეველი ვადით ყოფნის პერსპექტივა – ჩემთვის წარმოუდგენელი სირთულე იყო. გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა, ამიტომ ყველასგან მოულოდნელად დავხურე ოფისი და იტალიაში გავემგზავრე. მაშინ ჯერ კიდევ გააზრებული არ მქონდა – უცხო ქვეყანაში ოპერაციებს მარტოდმარტო მყოფი როგორ გავიკეთებდი.

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

პირველად ჩავედი ქალაქ ბარში, სადაც ქალბატონი ლუიზა დამხვდა, რომლის მზრუნველობაც არასოდეს დამავიწყდება. მალე ახალგაცნობილმა გოგონებმა ქალაქის დასათვალიერებლად გამიყვანეს. პირველი, სადაც მიმიყვანეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი იყო. იქ ვიგრძენი როგორ ავივსე მადლით, მეგონა, რომ გული გარეთ გამოხტებოდა – ეს ენით გადმოუცემელი შეგრძნება იყო. მაშინ საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება... რამდენ ხანს მეყოფოდა თანხა, არ ვიცოდი, ამიტომ სანამ ოპერაცია დაიგეგმებოდა, საჭირო იყო რაიმე მსუბუქი სამსახური მეშოვა და ბარის ახლოს მდებარე ულამაზეს ქალაქ მონოპოლში, ისევ ქალბატონი ლუიზას დახმარებით, მუშაობა მალევე დავიწყე. ამასობაში ჯანმრთელობა გამიუარესდა, რადგან კლიმატის შეცვლამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. როცა წარმოვიდგენდი, რა შორს მყავდნენ ჩემიანები, შიში მიპყრობდა. თავიდან ის მამშვიდებდა, რომ სახლიდან წამოღებულ ნივთებს ჩემიანების სუნი ჰქონდა, დეას და სალოს მაისურებს გულში ვიხუტებდი და მათი სუნის შეგრძნებით წარმოვიდგენდი, თითქოს ისევ სახლში ვიყავი. მერე თანდათან გაქრა ეს სუნი და ყველაფერი დაცარიელდა... მაშინ ერთადერთი აქტიური ონლაინ საშუალება სკაიპი იყო. დილით რომ ჩავრთავდი, სანამ ბავშვები არ დაიძინებდნენ, არ ვთიშავდი. საბოლოოდ ქალაქ აქვავივაში ხუთი სერიოზული და სამი მცირე ოპერაცია გამიკეთდა. არასოდეს დამავიწყდება ის ქართველი გოგონები და ქალბატონები, ვინც მივლიდა და გვერდში მედგა. არ დამავიწყდება ისინიც, ვინც გვერდში უნდა მყოლოდა, მაგრამ არ მყავდა... რაც მთავარია, უფალი არასოდეს მტოვდებდა და მის ძალას ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ.

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

2008-დან 2013 წლამდე ამ მხარეს ვიყავი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი გახდა. 2014-ში ქალაქ ტარანტოში გადავედი. ზაზა გვერდიდან არ მშორდებოდა. ტარანტოში ვცხოვრობდით ერთ უსაყვარლეს ბებოსთან, რომელიც მონოპოლის ბებოს ნათესავი იყო. მათთვის ოჯახის წევრები გავხდით... როცა ბებია გარდაიცვალა, ბინაში დაგვტოვეს და ამ ბებიის შვილმა, რომელიც ადვოკატია, სააპელაციო სასამართლოში თარჯიმნად წამიყვანა. მისი მეუღლე მოსამართლე იყო. თავიდან უარს ვეუბნებოდი ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურზე, რადგან მხოლოდ სასაუბრო იტალიური ვიცოდი. ფიზიკურად არ მქონდა ენის სწავლის შესაძლებლობა, მაგრამ არ დამანებეს. დაგეხმარებით, გასწავლით და ჩვენ გვერდზე იყავითო, და ასეც იყო. ისინი ჩემთვის დღემდე საუკეთესო ახლობლები არიან. ამასობაში ისევ გართულდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტარანტოდან ფლორენციაში გამგზავნეს. ბოლო ოპერაცია წლისა და სამი თვის წინ გავიკეთე. მე თვითონ არ ვიცი საიდან მაქვს ეს ძალა, მართლა ვერ ვხვდები... მაგ პერიოდში უმცროსი შვილი ჩამოვიყვანე. უფროსი უკვე სტუდენტი იყო. ფლორენციაში ერთ-ერთ ვიზიტზე დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ზაზა გარდაცვლილი ნახეს, ტარანტოში იყო სამსახურში... ღამე ობიექტს ყარაულობდა. დავბრუნდით ტარანტოში და უდიდესი სირთულების მიუხედავად ზაზა ღირსეულად გადავასვენეთ საქართველოში...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

როცა ფლორენციაში დავბრუნდი, ამჯერად საცხოვრებლად, წინ მძიმე ოპერაცია მელოდა. ამიტომ ჩემთან მეორე შვილი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. მათ სიურპრიზიც გამიკეთეს და თან დედიკოც ჩამოიყვანეს. როცა საოპერაციოში შესვლის წინ დედა გამომეცხადა, თვალებს არ დავუჯერე. ფლორენციაში ერთ-ერთი ექიმის მამის ოჯახში საყიდლების მისატანად და კომპანიის გასაწევად ვმუშაობდი, ძალიან განათლებულ და ღირსეულ ადამიანთან, რომელიც საკუთარი ბაბუასავით დაუდგა ჩვენს ოჯახს. აქაც ისეთი წრე შეიკრა, თითქოს ჩემ გვერდზე დგომა დავალებული ჰქონოდათ. ამ პერიოდებში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს საწყალი ბაბუა მოხუცებულთა სახლში გადაეყვანა. ახალი ნაოპერაციები ვიყავი, როცა ბაბუის სანახავად წავედი. იტირა რომ დამინახა. ერთი კვირა არ გასულა, რომ სტრუქტურის დირექტორმა დამირეკა და დამიბარა. როცა მივედი, სამსახური შემომთავაზა. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ასეთ დაწესებულებაში სერტიფიკატის გარეშე წარმოუდგენელია ვინმე მიიღონ. ისინი დაკმაყოფილდნენ საქართველოში მიღებული ჩემი განათლებით და იმ რეკომენდაციებით, რომელიც ექიმის ოჯახმა გამიწია. ამის მერე სულ სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

წარმოიდგინეთ, ხუთსართულიანი შენობა, რომლის თითო სართულზე 20-დან 25-მდე მოხუცია. სართულებზე მოხუცები ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით ცხოვრობენ. ძალიან მალე მივეჩვიე ახალ გარემოს და საქმეს. სტრუქტურაში თითქმის ყველა ეროვნების ადამიანია დაკავებული სხვადასხვა პროფესიით. ქართველი მარტო მე ვიყავი. ხაზგასმით მითხრეს, რომ ქართველთან არასოდეს გვითანამშროლიაო. ამასობაში დაიწყო პანდემია და მსოფლიო კრიზისი. ახლობლები ვეღარ აკითხავდნენ მოხუცებს, ამიტომ მათ დეპრესიები დაეწყოთ. სათითაოდ შევდიოდი და ვცდილობდი პოზიტივი და ხალისი დამეტოვებინა თითოეულისთვის. ისე მოხდა, რომ ჩემი ბევრი კოლეგა დაავადდა და პერსონალი ყოველდღე გვაკლდებოდა. დავირუსდნენ მოხუცებიც, საგანგაშო სიტუაცია იყო. დირექტორმა უიმედოდ მთხოვა, რომ ცვლაში გადაბმულად დავრჩენილიყავი. არ ეგონა, რომ დავთანხმდებოდი. არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მუშაობას დილით 7 საათზე ვიწყებდი და საღამოს 20.30 სთ-ზე ვამთავრებდი. ერთი წუთი არ იყო გაჩერების ან ჩამოჯდომის დრო...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

აქ ერთი უსინათლო მოხუცი გვყავს. როცა პირველად მივედი და ჩაცმაში დავეხმარე, გამაჩერა, მკითხა, ვინ ხარ და საიდანო. საქართველოდან ვარ–მეთქი. ასე მითხრა, ვიცნობ, ყოფილი საბჭოთა ქვეყანააო, იქ ყველა ასეთები ხართო? როგორები–მეთქი, ჩავეძიე. რაღაცნაირი თბილი ხარ, ისე ჩამაცვი, ასე მხოლოდ ჩემი ქალიშვილი მაცმევდა, სხვები სულ ჩქარობენ და მტკენენ მთელ სხეულს, უხეშები არიანო.

მერე ქალიშვილმა აქ რატომ მოგიყვანა–მეთქი, ვკითხე. ამ შეკითხვაზე პაუზა იყო, ეტყობა, ეუცნაურა. აბა, სად უნდა წავეყვანე? ახლა მათ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც მე ვიცხოვრე და ეს ნორმალურიაო. რა თქმა უნდა, ისე არ ვარ, როგორც ჩემს სახლში, მაგრამ ჩვენ აქ ყველა ასე ვამთავრებთო. ეს მოხუცი ქალბატონი მარიზაა, მას მერე სულ ითხოვდა, რომ მასთან მხოლოდ მე მივსულიყავი...

ნინა სიბოშვილი
ნინა სიბოშვილი

თებერვლის დასაწყისში მაცნობეს, რომ მიშვებენ შვებულებაში და პრემიის სახით მიფინანსებენ კურსებს, საიდანაც პირველი სემესტრის დახურვისთანავე გავაგრძელებ მუშაობას. უკვე ჩავირიცხე, დაფინანსდა და სწავლაც დავიწყე. თავისუფალ დროს ვცდილობ ხატვას დავუთმო. დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ... კიდევ ვეხმარები ძალიან ბევრ ადამიანს. საკმაოდ დიდი ბინა მაქვს და აქ ძირითად ის ქართველები ხვდებიან, ვისაც საშუალება არ აქვს ქირა გადაიხადოს. ვეძებ მათთვის სამსახურს და ბოლომდე ვზრუნავ... დღეს უკვე ვიცი – რას ნიშნავს სიკეთე და ვიღაცის გამოწვდილი ხელი, როცა გჭირდება. ვიცი, რომ ადამიანში ერთგულება და სიკეთის დანახვის უნარია მთავარი და ცხოვრებაში, ყველა ეტაპზე, უფალთან ერთად, ამანაც გადამარჩინა...

 

5819
ლელა სარიშვილი

კლასგარეშე საკითხავი პედაგოგებისთვის: მადლობას ვუხდი უფალს, რომ მასწავლებელი მქვია...

1198
(განახლებულია 21:18 26.02.2021)
„მიხარია, როცა გაკვეთილზე ჩემი მოსწავლეების სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შემომციცინებს“ – ეს სუფსელი პედაგოგის ლელა სარიშვილის სიტყვებია...

თავდაპირველად პედაგოგობა გრიგოლეთში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლებით დაიწყო. შემდეგ იყო სასულიერო სემინარია და რელიგიის მასწავლებელი გახდა. იყო სუფსის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელიც და მისი ინიციატივით არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი.

საბოლოოდ ბავშვობის ოცნება აისრულა – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა და ამჟამად საყვარელ საგანს წყალწმინდის სკოლის ბავშვებს ასწავლის.

ლელა სარიშვილი
ლელა სარიშვილი

- ქალბატონო ლელა, როგორი მოსწავლე იყავით თავად და პედაგოგის პროფესია ბავშვობის ოცნება იყო თუ დრომ მოიტანა?

- კარგი მოსწავლე ვიყავი. ძალიან მიყვარდა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და სკოლიდან დაბრუნებული ლიტერატურის კითხვას გაკვეთილების შესწავლამდე შევუდგებოდი ხოლმე. როცა საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული დედა ან მამა ცხრილის მიხედვით ყველა გაკვეთილს ჩაიბარებდა, მეორე დღის გაკვეთილების შესწავლას ვიწყებდი. მერე გადავშლიდი საკუთარ საკლასო ჟურნალს, ვითომ გაკვეთილს ვხსნიდი, „ვაყოლებდი“ მოსწავლეებს და ხან ერთი მასწავლებლის როლს ვთამაშობდი, ხან მეორისას და ცოდნასთან ერთად დიდ სიამოვნებასაც ვიღებდი.

ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი პედაგოგი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-პედაგოგის დიპლომის მიღების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე ჩემი რაიონის კოლეჯში, შემდეგ, 1992 წლიდან – გრიგოლეთის დაწყებით კლასში მათემატიკის მასწავლებლად.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- სასულიერო სემინარიაც დაამთავრეთ...

- 1995 წელს სწავლა განვაგრძე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. მაშინ სემინარიის რექტორი მეუფე დიმიტრი იყო. მისი ლოცვა-კურთხევით ხშირად ჩამოვდიოდი მშობლიურ სკოლაში და გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს ვუტარებდი რელიგიის გაკვეთილებს. შემდეგ რელიგია, როგორც საგანი შემოვიდა სკოლაში და მას 2020 წლამდე ვასწავლიდი. 2020 წლის იანვრიდან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში რელიგიის სწავლება შეწყდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ სუფსის საჯარო სკოლა ინარჩუნებდა რელიგიის ისტორიის საათებს.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- იყო 21-ე საუკუნის თაობის მასწავლებელი – არც ისე ადვილია, მაგრამ ალბათ გაცილებით რთულია მათ რელიგია ასწავლო და ღმერთის არსი განუმარტო...

- მეტად საპასუხიმგებლო იყო რელიგიის გაკვეთილის ჩატარება, რადგან გაკვეთილზე მართლმადიდებელი ქრისტიანი ბავშვების გარდა სხვა სარწმუნოების მოსწავლეებიც ისხდნენ. რაც შეეხება ღმერთის არსს, პირველ გაკვეთილზე ბავშვებს დაფაზე მზეს ვუხატავდი და ვეუბნებოდი, რომ ღმერთი – წმინდა სამებაა და ის ისევე განუყოფელია, როგორც მზე, მზის სხივი, სინათლე და სითბო, რომელიც მზის სხივს დედამიწაზე ჩამოაქვს. ის სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს. მზის დისკო – მამა ღმერთია, სხივი – ძე ღმერთი, სინათლე და სითბო – სულიწმინდა. ამის მერე ვუხსნიდი, რომ დედამიწაზე, მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, ცხოვრობენ სხვა სარწმუნოების მიმდევრები: მაჰმადიანები, იუდეველები, ინდუიზმის მიმდევრები... შემდეგ სიკეთესა და კაცთმოყვარეობაზე ვესაუბრებოდი. ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან სწყდებათ გული, რომ რელიგიის გაკვეთილი აღარ უტარდებათ. ჩვენ ათი წლის მანძილზე ვიღებდით მონაწილეობას საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ თქვენ აისრულეთ დიდი ხნის ოცნება და დღეს ქართულის მასწავლებელი ხართ...

- ეს იყო 2019 წლის ზაფხულში, როცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემამ საშუალება მომცა, რომ გამოცდა ჩამებარებინა როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე ამეხდინა ბავშვობის ოცნებაც და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავმხდარიყავი. როცა გამოცდები ჩავაბარე, იმ დროს წყალწმინდის საჯარო სკოლამ ქართულის მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადა. მადლობა სკოლის დირექციას, ქალბატონ ნანი ჯიქიასა და რუსუდან ზოიძე-მეგრელიშვილს, რომ ქართულის მასწავლებლად ამიყვანეს და სამი კლასი ჩამაბარეს. ჩემი მშობლიური სუფსის საჯარო სკოლის შემდეგ, ცოტაც არ იყოს, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა სხვა სკოლის მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ახლა მეორე სოფელში დიდი სიყვარულით მივიჩქარი. მიხარია, როცა გაკვეთილზე ჩემი მოსწავლეების სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შემომციცინებს.

ლელა სარიშვილი კოლეგებთან ერთად
ლელა სარიშვილი კოლეგებთან ერთად

- წლების განმავლობაში თქვენ სუფსის კულტურის სახლის დირექტორიც იყავით, რით იყო ის დრო გამორჩეული? 

- კულტურის სახლის დირექტორი 2008-2019 წლებში ვიყავი და ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია. დირექტორის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვე, რადგან არჩევანის წინაშე დავდექი და ბავშვობის ოცნებამ სძლია. იმ დროს ხშირად ვატარებდით საქველმოქმედო ღონისძიებებს კულტურის სახლის გვერდით არსებული ყოველთა წმინდას ტაძრის სარემონტო სამუშაოების ხელშესაწყობად, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა თუ ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად. ერთ-ერთ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებაში კულტურის სახლის თანამშრომლებისა და თანაკლასელების თანადგომით რაიონის სკოლებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მიიღეს მონაწილეობა. მახსოვს, 17 წლის გოგონას, ქეთი სურმანიძეს როგორ ვაგრძნობინეთ, რომ მარტო არ იყო და მშობლების გარდა მასზე ჩვენც ვზრუნავდით. სცენაზე თვალცრემლიანი ქეთი იდგა და მადლობას იხდიდა თანადგომის გამო, რომელმაც იმის იმედი დაუბრუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ლელა სარიშვილი გაკვეთილზე
ლელა სარიშვილი გაკვეთილზე

- რაიმე განსხვავებული გზით ხომ არ ცდილობთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა ლიტერატურა შეისწავლონ და შეიყვარონ?

- მოსწავლეებმა ესა თუ ის ნაწარმოები უკეთ რომ გაიგონ, საამისოდ მათი გმირების ხასიათს უნდა ჩაწვდნენ. ამიტომ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს კონკრეტულ პერსონაჟზე ვმსჯელობთ. მოსწავლეებს ვთავაზობ, გაიხსენონ საკუთარი ამბავი - მსგავსი რამ ჩვენც ხომ არ გადაგვხდენია? როგორ მოვიქცეოდით მსგავსს სიტუაციაში? დიდ ყურადღებას ვუთმობ კლასგარეშე ლიტერატურას, გამოცხადებული გვაქვს კონკურსი „ყველაზე კარგი მკითხველი". წაკითხული მოთხრობების შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ, ვწერთ თავისუფალ თხზულებებს, ესეებს და ერთმანეთს ვაცნობთ.

ლელა სარიშვილი მეგობართან ერთად
ლელა სარიშვილი მეგობართან ერთად

- გაკვეთილი თქვენთვისაც თავისებური სცენაა?

- ასეა. გაკვეთილიც ერთგვარი სცენაა, სადაც მოსწავლეთა სახით სხვადასხვა მაყურებელი გიცქერის და გისმენს და ეს სპექტაკლი მათთვის საინტერესოდ უნდა „ითამაშო“. ყველა ბავშვში უნდა მოძებნო ის კეთილი მარცვალი, რომელიც ყველაზე სუსტ მოსწავლესაც აგრძნობინებს, რომ მას მეტი შეუძლია. აუცილებელია, რომ კლასში სუფევდეს ჰარმონია, ურთიერთპატივისცემა და ბავშვებს ერთმანეთის ნიჭის დანახვა და აღიარება შეეძლოთ.

რთული, მეტად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ კარგი მასწავლებელი იყო. ღვთის შეწევნით, მუხლჩაუხრელი ვშრომობ, რომ ყველა გაკვეთილი განსხვავებულად საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი იყოს. მუხლზე დაჩოქილი ვუხდი მადლობას უფალს იმისთვის, რომ მასწავლებელი მქვია...

 

1198
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

მინანქარში გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსანი", ანუ რა ხდება, როცა ხელოვნება სულის ნაწილი ხდება

156
(განახლებულია 19:32 26.02.2021)
დიზაინერი ნათია არველაძე არაერთი უნიკალური, ძალზე შთამბეჭდავი კოლექციის ავტორია და თითოეული პროექტით ისტორიას აცოცხლებს.

მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული მინანქრის სამკაული, რომელსაც საზოგადოებაში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, ქალბატონი ნათია მუშაობს ტანსაცმლის დიზაინზე. მისი ყველა ნამუშევარი არის ექსკლუზიური და არასოდეს მეორდება.

ნათია არველაძე
ნათია არველაძე

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ ადრეულ პერიოდში გამოვლინდა. ხატვა, აქსესუარები, ტანსაცმელი - ყოველთვის მიტაცებდა. ამიტომაც ჩავაბარე თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. თავისი თვითმყოფადობით ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. მსურდა თვითონ შემექმნა რაღაც, რითიც გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას და სიყვარულს. ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე ბრენდი „მართა“, რომელიც უკვე 12 წელია არსებობს.

ნათია არველაძე
ნათია არველაძე

- სამკაულების შექმნით როდის დაინტერესდით? როგორ შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?

- სამკაული ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა იმისთვის, რომ კოლექცია შექმნა, საკმაო ცოდნა, თანხები და რისკია საჭირო. 2016 წელს მონაწილეობა მივიღე თბილისის მოდის კვირეულში და ასე შეიქმნა პირველი და ჩემთვის უსაყვარლესი კოლექცია ტანსაცმლისა და სამკაულის, რომლის ინსპირაცია იყო ქართველ მეფეთა შესამოსელი და უძველესი ოქრომჭედლობა. სამკაული შევასრულეთ ურთულესი ტექნიკით, რომელიც თვითონ მოვიფიქრე. ამ ყველაფერს დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდებოდა, რაშიც გვერდით მედგა ჩემი ატელიეს არაჩვეულებრივი პროფესიონალთა გუნდი. ეს იყო რაღაც დიდი და საინტერესო გზის დასაწყისი.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
photo: courtesy of Atelier MARTA
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- რა ტექნიკით ქმნით სამკაულს და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?

- დროთა განმავლობაში გადავედი მინანქრის ტექნიკაზე, რომელსაც გამოხატვის მეტი შესაძლებლობები აქვს.

ჩემთვის მთავარია იდეა, რომელიც შთამაგონებს, აღმაფრთოვანებს, მიკარგავს მოსვენებას და ტვინში იწყება სრული ქაოსი და ამ ქაოსიდან ნელ-ნელა ჩნდება, იკვეთება ფორმები, რასაც შინაგანად ვგრძნობ. ესკიზებს ვქმნი მანამდე, სანამ არ გამოიძერწება სასურველი ფორმა. შემდეგ მოდის უკვე შესრულების ტექნიკური მხარე, რაც ასევე რთული და საინტერესოა.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილი სამკაული

- თქვენთვის, როგორც ქალისთვის, რასთან ასოცირდება ლამაზი სამკაული?

- ლამაზი სამკაული ისაა, რომელსაც იხდენს ადამიანი, რომელიც ორგანულადაა შერწყმული ხასიათთან, ინდივიდუალურობასთან.

ზოგადად, სამკაული, ჩემი აზრით, ესაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. სამკაულით შეიძლება გახდე რომანტიკულიც, მეოცნებეც, ვინტაჟურიც და რევოლუციონერიც.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნამუშევარი გაიხსენეთ...

- ერთ-ერთ რთულ ნამუშევრად ჩემს შემოქმედებაში მივიჩნევ კოლექციას „ვეფხისტყაოსანი", რომელზეც ვიმუშავე საკმაოდ მოკლე დროში და შევქმენი სცენები ნაწარმოებიდან. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან ფაქტიურად პირველად ხდებოდა „ვეფხისტყაოსნის" დასურათება სამკაულში. საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად და, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისევ მივუბრუნდები ამ თემას.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- სამკაულის გარდა ქმნით ტანსაცმლის დიზაინს. რით არის თქვენი სამოსი გამორჩეული და იგრძნობა თუ არა ნამუშევრებში თქვენი ხელწერა?

- თავიდან, როდესაც ტანსაცმლის შექმნა დავიწყე, ესეც ქართულ კულტურასთან იყო დაკავშირებული. მსურდა ტაძრის კედლებზე გამოსახული მეფეთა და დიდებულთა შესამოსელი თანამედროვე სახით და დიზაინით გადმომეცა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. მაგრამ ასეთი ნამუშევრები სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს, ვიწრო წრეზეა გათვლილი და შესრულებაც ძვირადღირებულია. ამიტომ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვქმნი.

ჩემს ატელიეში ამჟამად ფუნქციონირებს მუდმივი „შოურუმი“, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა თანამედროვე სტილის სამოსს. შესრულებულია უმაღლესი ხარისხით, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- რთული იყო ქართულ ბაზარზე სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?

- ქართულ და ნებისმიერ ბაზარზე თავის დამკვიდრება – ესაა ურთულესი გზა. მთავარია მიზნისკენ სწრაფვა, დაუღალავი შრომა, უწყვეტი ძალისხმევა, მიზანსწრაფულობა. არაერთგზის მოგვიწევს გავიაროთ სირთულეების ქარცეცხლში და სწორედ მაშინ არ უნდა დანებდე. ესაა წარმატების გასაღები. დღეს, როცა წარსულს გადავხედავ, ვფიქრობ, რა ძალით ვუმკლავდებოდი ამ გამოწვევებს. მაგრამ მგონია, ესაა ყველაზე ძლიერი განცდა - სურვილი თვითგამოხატვისა. მერე რაღაცნაირად თავისთავად მოდის ინტერესიც და წარმატებაც.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ამჟამად ვმუშაობ სამკაულის ახალ კოლექციაზე, წესით, საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან შესრულების მხრივაც გარკვეული სიახლეები იქნება.

 

156
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
(განახლებულია 23:24 01.03.2021)
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება.

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0