„უკვე მერამდენედ, ისევ თავიდან დავიწყე“ – სრულიად ახალი ეთერი ოპერის სცენაზე

© photo: courtesy of Xatuna Choxonelidzeხათუნა ჭოხონელიძე
ხათუნა ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
სანამ პროფესიული განვითარების მაღალ საფეხურზე აღმოჩნდებოდა, საოპერო მომღერალმა ხათუნა ჭოხონელიძემ შემოქმედებითი ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა.

ქართული ოპერის სცენაზე ბევრი გამორჩეული არია აქვს შესრულებული და სცენაზე ბოლომდე იხარჯება. არასოდეს ტოვებს მადლიერების შეგრძნება მათ მიმართ, ვისი წყალობითაც როგორც ხელოვანი შედგა და მათ მიმართაც, ვინც მისი შემოქმედების გულწრფელი დამფასებელია.

კოვიდამდე მის შემოქმედებით ცხოვრებაში ლედი მაკბეტის წარმატებული პრემიერა იყო. მომღერალი მიწვეულია ვარშავის ოპერის თეატრში, სადაც კოლხი მედეა უნდა შეასრულოს. ვიმედოვნებთ, რომ კოვიდის შემდეგ მას მორიგი წარმატება ელოდება.

© photo: courtesy of Xatuna Choxonelidzeხათუნა ჭოხონელიძე
„უკვე მერამდენედ, ისევ თავიდან დავიწყე“ – სრულიად ახალი ეთერი ოპერის სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ხათუნა ჭოხონელიძე

- ქალბატონო ხათუნა, რადგან ადამიანის ცხოვრების ამბავი ბავშვობიდან იწყება, მუსიკისადმი თქვენი სიყვარულიც ალბათ იქიდან მოდის. თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?

- დავიბადე ქუთაისში, ერთ მშრომელ, სიკეთისა და სიყვარულის მთესველ ოჯახში. ჩვენი სახლიდან ხშირად გაისმოდა სიმღერის ხმა. მამას არანაირი მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ფანტასტიკურად უკრავდა ფანდურზე, დოლზე, აკორდეონსა და ფორტეპიანოზე, ცეკვავდა კიდეც. აი, ასეთ გარემოში გავიზარდეთ მე და ჩემი ორი ძმა. ისინი ასაკით ჩემზე უფროსები არიან. შუათანა ძმამ მუსიკალური განათლება მიიღო, დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური ტექნიკუმი კლარნეტის განხრით და ასევე კონსერვატორია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ აღზრდაში და პროფესიულ არჩევანში. ამბობენ, რომ სამი წლიდან ვმღერი. სკოლაში ჩამოყალიბდა ვოკალური გუნდი, სადაც სოლოს ხშირად ვასრულებდი, ასევე იყო გოგონათა კვარტეტი, სადაც პირველ ხმას ვმღეროდი, ასე დაიწყო სიმღერისადმი ჩემი სიყვარული.

© photo: courtesy of Xatuna Choxonelidzeხათუნა ჭოხონელიძე
„უკვე მერამდენედ, ისევ თავიდან დავიწყე“ – სრულიად ახალი ეთერი ოპერის სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ხათუნა ჭოხონელიძე

- გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც თქვენი სამომავლო გზა განსაზღვრა...

- როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, გადავწყვიტე მუსიკალურ ტექნიკუმში მეცადა ბედი ფორტეპიანოს განხრით. იქ ძალიან დიდი კონკურსი იყო და მეშინოდა, რომ პირველ წელს ვერ მოვხვდებოდი. ამ განცდებში ვარ, როცა დედას მეგობარმა აცნობა, კონსერვატორიაში მოსამზადებელი კურსი დაუშვეს ვოკალის განხრით და იქ სცადოსო. მეორე დღესვე მივედით და გავესაუბრეთ ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძეს, რომლის მადლიერი ვარ ამ შანსისთვის. მოსმენაზე რუსული რომანსი ვიმღერე და ასე მოვხვდი მოსამზადებელზე, ქალბატონ ლელა ხმალაძესთან, რომლისთვისაც პირველი მოსწავლე ვიყავი. მადლობა მას გაწეული შრომისთვის. ასე დაიწყო ჩემი საოპერო მოღვაწეობა. ჩემ საქმიანობაში იყო ჩავარდნები და აღზევებაც. საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ვარ, როცა ვხედავდი, რომ გამომდიოდა, წარმატებებსაც ვაღწევდი. მესამე კურსიდან გადავედი ბატონ გიორგი ლომთაძის კლასში, სადაც შესაძლებლობა მომეცა, რომ უფრო მეტი მესწავლა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას.

© photo: courtesy of Xatuna Choxonelidzeხათუნა ჭოხონელიძე
„უკვე მერამდენედ, ისევ თავიდან დავიწყე“ – სრულიად ახალი ეთერი ოპერის სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ხათუნა ჭოხონელიძე

- როგორი იყო თქვენი დებიუტი ოპერაში?

- კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ქუთაისის ოპერის თეატრში სტაჟიორად ამიყვანეს. მაშინ მოვამზადე ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „აბესალომ და ეთერიდან“ ეთერის პარტია და უკვე ერთი წლის თავზე შედგა ჩემი დებიუტი ეთერის პარტიით. ამის შემდეგ ვიმღერე ლაღიძის ოპერაში „ლელა“ ლელას პარტია, თაქთაქიშვილის „მინდიაში“ მზიას პარტია... ერთ დღესაც შედგა საოცარი მომღერლის, აბესალომის უბადლო შემსრულებელის, ბატონ ვაჟა კუბლაშვილის საიუბილეო საღამო, რომელზეც ბატონი ალეკო ხომერიკი მოიწვიეს. იმ საღამოზე მეც გამოვედი. კონცერტის დამთავრების შემდეგ ჩემთან ბატონი ალეკო და მისი მეუღლე, ქალბატონი მარინა მოვიდნენ, მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ხმა და თბილისში მიმიწვიეს. დავიწყეთ მუშაობა ლაღიძის ოპერაზე „ლელა“. ბათუმში ერთად უნდა გვემღერა, მაგრამ პოლიტიკური არეულობის გამო პროექტი ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ოპერაზე მასთან ერთად მუშაობას მაინც ვაგრძელებდი. მათ საოცარი ენერგია ჩადეს ჩემ განვითარებაში, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მათი მადლიერი. მათი დამსახურებით ვარ იქ, სადაც ვარ...

- ოპერის რეორგანიზაციის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა?

- 2003 წელს ოპერის თეატრში რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც შეიცვალა ოპერის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე ზაზა აზმაიფარაშვილი დაინიშნა. ბატონ ზაზას ბატონ ალეკოსგან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჩემი მონაცემები მოსწონდა. თბილისის ოპერის თეატრში დანიშნულ მოსმენებში მივიღე მონაწილეობა და იქ ლელას არია შევასრულე ოპერიდან „ლელა“. ჩემი ვოკალური მოღვაწეობა მთელი სერიოზულობით სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. არავინ მიცნობდა, ახალი სახე ვიყავი და ჩემი მოსმენა ყველას აინტერესებდა. მალე დაინიშნა სეზონის გახსნა „აბესალომ და ეთერით“, სადაც ეთერის პარტიაზე ამიყვანეს. ისეთი შოკი მივიღე, რომ სიხარულისა და პასუხისმგებლობის ის განცდა დღემდე მომყვება.

- ამის შემდეგ თქვენი მოღვაწეობის სხვა ეტაპი დაიწყო და ევროპულ რეპერტუარზე გადახვედით...

- დიახ, ეს იყო ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსში“ ელიზაბეტის პარტია, შემდეგ ვერდის „ტრუბადურში“ ლეონორას პარტია და ასევე ვერდის „აიდაში“ აიდას პარტია. ამ პერიოდში საქებარი სიტყვები ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. მეტ-ნაკლებად ყველაფერს ვითვალისწინებდი. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, გულისტკენა მაძლიერებდა და საკუთარ თავზე უფრო მეტს ვმუშაობდი.

 - გქონიათ პერიოდი, როცა უიმედობის განცდა დაგეუფლათ?

- დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ოპერიდან გამიშვეს. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება მაშინ დამთავრდა და უმოქმედობის პერიოდი დაიწყო, რადგან ის ორი წელი საერთოდ არ მიმღერია. მახსოვს, ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული ვიყავი. ამიტომ როცა ქუთაისის მაშინდელმა დირექტორმა, ქალბატონმა როზა დვალიშვილმა ქუთაისის ოპერაში თანამშრომლობა შემომთავაზა, უარი ვუთხარი, რადგან ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი. გავიდა დრო და ნელ-ნელა დავიბრუნე სულიერი სიმშვიდე და ოპერაში დავბრუნდი. მაშინ ქალბატონმა როზამ გადამარჩინა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ...

- შემოქმედებითი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერის თეატრს როდის დაუბრუნდით?

- ერთი წლის მერე თბილისის ოპერის თეატრში დაინიშნა დირექტორად გიორგი ჟორდანია, რომელსაც დავუკავშირდი. ჩვენი საუბრის მერე მან პუჩინის ოპერიდან „მადამ ბატერფლაი“ ჩიო-ჩიო-სანის არია მომცა. სამ დღეში მოსმენაზე გავედი და თეატრში ჩემს ადგილზე დავბრუნდი. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები ამ ადამიანის მადლიერი. ასე რომ, საკუთარი თავის დამკვიდრება, უკვე მერამდენედ, ისევ ახლიდან დავიწყე... ამის შემდეგ განახლებულ ოპერის თეატრში „აბესალომ და ეთერის“ დადგმაზე საოცარმა პიროვნებამ, რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ იმუშავა. სპექტაკლის მხატვარი გოგი ალექსი–მესხიშვილი გახლდათ. აი, ასეთი ადამიანების გვერდით მომიწია მუშაობა. ბატონი გიზოს წყალობით და ჩემი მონდომებით სრულიად ახალი ეთერი დაიბადა. ბატონ გიზოსთან ურთიერთობა ჩემთვის დაუვიწყარია. მისგან იმდენი რამ ვისწავლე, რომ ის ოთხი თვე ჩემთვის მთელი ცხოვრებაა...

© photo: courtesy of Xatuna Choxonelidzeხათუნა ჭოხონელიძე
„უკვე მერამდენედ, ისევ თავიდან დავიწყე“ – სრულიად ახალი ეთერი ოპერის სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ხათუნა ჭოხონელიძე

- გარკვეული დროის შემდეგ ოპერის დირექტორი ბადრი მაისურაძე ხდება, რითი იყო გამორჩეული ის პერიოდი?

- ოპერის დირექტორად ბატონი ბადრი მაისურაძე 2017 წელს დაინიშნა. მან თეატრში ახალი სიცოცხლე შემოიტანა. საოცარი საოპერო სპექტაკლებით გაგვანებივრა, შეცვალა და განაახლა თეატრის დეკორაციები და საოპერო ფესტივალებით თეატრს ახალი სიცოცხლე შთაბერა. იტალიიდან ჩამოიტანა ძეფირელის დადგმული ვერდის „აიდას“ დეკორაციები და კოსტიუმები. ეს იყო საოცრება და, მგონი, არ დარჩენილა ქართველი მაყურებელი, ვისაც ის არ უნახავს. ბილეთები არ იშოვებოდა და მაყურებელი გენერალურ რეპეტიციებზე ესწრებოდა. რა ბედნიერებაა, რომ მე ამ საოცრების მონაწილე ვიყავი. აიდას პარტია შევასრულე და უმაღლესი შემოქმედებითი სიამოვნება განვიცადე. ამას მოჰყვა ისეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლები, სადაც მანამდე მიღებული პროფესიული გამოცდილება სრულად გამომადგა. ბატონი ბადრის საოცრად მადლიერი ვარ, რადგან შეიძლება წლები გასულიყო და ამდენი პარტიის შესრულება ვერ მომესწრო. ჩემს შემოქმედებასა და ამ საოცარი რეპერტუარის ათვისებაში დამეხმარა ისეთი პროფესიონალი, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი ჰყავს აღზრდილი. ვგულისხმობ ბატონ გოჩა ბეჟუაშვილს, რომლის მიმართაც უსაზღვროა ჩემი მადლიერება... 

- ოჯახის წევრები თუ არიან თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის?

- მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი შემოქმედება და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. მას ჯერ არც ერთი ჩემი სპექტაკლი და კონცერტი არ გამოუტოვებია, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება შვილებს, ჩემი პროფესია არც ერთმა არ აირჩია. ალბათ იმიტომ, რომ ხედავენ რა მძიმე შრომაა და სურვილი აღარ აქვთ. მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. მადლობა უფალს და მშობლებს ყველაფრისთვის...

 

ყველა ახალი ამბავი
0