როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

© photo: Tornike Ninikashvili / FBთორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა, 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

© photo: Tornike Ninikashvili / FBთორნიკე ნინიკაშვილი
როგორ შეცვალა „გლოვოს კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა - Sputnik საქართველო
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემ მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულე. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა – ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე, იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ, მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა, გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი, მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგობარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

© photo: Tornike Ninikashvili / FBთორნიკე ნინიკაშვილი
როგორ შეცვალა „გლოვოს კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა - Sputnik საქართველო
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენ შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ, გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

- როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს, დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა, უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650-ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზეც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია, ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისტრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა... ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება, სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

ყველა ახალი ამბავი
0