„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები

გამოწერა
კოლეგები „წყლის ლომს“ ეძახიან, ბავშვები, ჩვეულებრივ, „დათო მასს“. წყალბურთში მოზარდების კლუბს, რომლის მწვრთნელიცაა, „იმედი“ ჰქვია და მას მართლაც საიმედო პერსპექტივა აქვს.

საუბარია სპორტის დამსახურებულ მოღვაწესა და კვალიფიციურ სპორტსმენზე, წყალბურთელ დავით ხავთასზე. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში, რომელიც 2005-2006 წელს დაბადებულთა შორის ტარდება საწყლოსნო აუზ „ოლიმპიკში“.

ორი წლის წინ დავით ხავთასის „იმედმა“ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი

- ბატონო დავით, წყალბურთში მისვლამდე სპორტთან ურთიერთობა სხვა სახეობით დაიწყეთ?

- ბავშვობიდანვე ძალიან სპორტული ვიყავი, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მიყვარდა. სპორტში ვარჯიში კი მძლეოსნობით დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა იყვნენ. მძლეოსნობიდან გადავედი წყალბურთზე, სადაც ჩემი მწვრთნელი ბორის მარგიევი იყო. ამაყი ვარ, რომ პროფესიული განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. ჩემს წარმატებებში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, საერთოდ, ის წლები კარგად მახსენდება...

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი

- მოზარდი სპორტსმენების გუნდს, რომლის მწვრთნელიც ხართ, ჰქვია „იმედი“, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, რამდენად საიმედოა გუნდის მომავალი?

- მგონი, ამ ეტაპზე ვამართლებთ სახელს, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად გამოვიჩენთ თავს. მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს პირველობებში, სადაც შარშან მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ადრე მაყურებლის პრიზი მოვიპოვეთ. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს

- თქვენ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გაქვთ მინიჭებული...

- ეს წოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომანიჭა. სამწვრთნელო საქმიანობას წლებია, რაც ვეწევი. ადრე გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელი ვიყავი. დღეს 2005-06 წლებში დაბადებული წყალბურთელების მწვრთნელი ვარ.

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად

- როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ამაყი ვარ, რადგან უმაგრესი, ნიჭიერი თაობა მოდის. სასწაული ბავშვები არიან, მოტივირებულები, ყველაფერი აინტერესებთ. შეიძლება მწვრთნელს ისეთი კითხვით მიმართონ, რომ ის დაიბნეს კიდეც. ასეთ მომენტებში ძალიან მეხმარება ის ცოდნა, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. თავის დროზე იქ შევისწავლეთ ფიზიოლოგია, ანატომია, სპორტის ფსიქოლოგია, ამიტომ შეგირდებთან მომზადებული ვარ და მათ კითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუ როგორ აუხსნის და ასწავლის მათ. საჭირო დროს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც შემიძლია გავუწიო.

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს

- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს წყალბურთელი?

- წყალბურთელი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად უნდა ცურავდეს. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული, რომ კარგ წყალბურთელად ჩამოყალიბდეს. ასევე დადებითი პიროვნული თვისებები ჰქონდეს, რადგან ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება მწვრთნელს, ის თავის საქმეზე შეყვარებული და მოტივირებული ადამიანი უნდა იყოს, ბავშვები დისციპლინას შეაჩვიოს, რათა უფრო ამტანები გახდნენ. წყალს სუსტები არ უყვარს, რადგან ასეთებს ადვილად ერევა. ამის გარდა, სპორტსმენებმა ამ სახეობაში ისეთი თვისებებიც უნდა გამოიმუშაონ, როგორიცაა სისწრაფე და წყალში ბურთის კარგად ფლობა.

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს

- გურულ სპორტსმენს სისწრაფე სისხლში ექნება და ამ თვისებამ ალბათ თავის დროზე გარკვეული როლი ითამაშა თქვენს წარმატებებში?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. გურულები მართლა ყველაზე სწრაფები არიან და რა გასაკვირია, რომ მეც მიყვარს სისწრაფე, ყველაფერში პირველობა და ეს თვისებები დიდ სპორტშიც მეხმარებოდა.

- ოზურგეთთან თუ გაქვთ სპორტის კუთხით შეხება?

- ოზურგეთთან და იქ არსებულ ოლიმპიურ სახლთან მუდმივი კონტაქტი მქონდა კოვიდამდე. ადგილობრივ სპორტსმენებს რეკომენდაციებს ხშირად ვაძლევ ხოლმე. მიხარია, რომ ოლიმპიური სახლის საცურაო აუზის ინსტრუქტორი და წარმატებული სპორტსმენი ზურა ღლონტი ჩემი მომზადებულია. როცა პანდემია დასრულდება, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში მასტერ-კლასების ჩატარებას ვაპირებ. ასე რომ, ყველაფერი წინაა...

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად

- გავიგე, რომ კოლეგები, თურმე, „წყლის ლომს“ გეძახიან, რას ურჩევთ მათ, ვისაც წყლის ეშინია და ამის გამო ცურვას ვერ სწავლობს?

- ჰოო, ეს კარგი შეკითხვა დამისვით... პირველ რიგში, ეს შიში უნდა დაძლიონ. ეს კი მწვრთნელზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მიუდგება მას, ვისაც წყლის ეშინია. პროფესიონალი ამ კომპლექსს მალე მოუხსნის ნებისმიერ ადამიანს. ასეთი უამრავი ბავშვი მყოლია და მათთვის წყალიც შემიყვარებია და ცურვაც კარგად მისწავლებია.

- აუზთან დაკავშირებული ანეკდოტად ქცეული ამბავი, რომელიც ქუთაისში მოხდა, ალბათ გსმენიათ... 

- მსმენია, ეს მართლა იყო ქუთაისში, წარმოიდგინეთ, როგორი გაუბედურებული დრო იყო, რომ მწვრთნელს საშუალება არ ჰქონდა წყლიან აუზში ჩაეტარებინა ცურვის გაკვეთილები. რა ექნა იმ ადამიანს? წყალს არ უსხამდნენ, ამიტომ საჭირო ილეთებს და მოძრაობებს ხმელეთზე ასწავლიდა. ერთი მხრივ, სახალისო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მწვრთნელები ჩემ თვალში გმირები არიან...

© photo: courtesy of Davit Khavtasiდავით ხავთასი
„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ – რატომ არ უყვარს წყალს სუსტები - Sputnik საქართველო
დავით ხავთასი

- ახლა, კოვიდის დროს საცურაო აუზები მარტო წყლის კი არა, სპოტსმენების გარეშეც დარჩა...

- დიახ, კოვიდმა გააჩერა დედამიწა და აუზებიც გაჩერებულია. ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ყველა სპორტსმენი და მწვრთნელი, ვინც ისინი პროფესიონალად ჩამოაყალიბა. კოვიდის გამო ჩემპიონატებიც შეწყდა. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, რომ ვარჯიში განვაახლოთ და საყვარელ საქმეს დავუბრუნდე...

 

ყველა ახალი ამბავი
0