ამბროზ გვინეტ ბირსი

ბატონი, ქალბატონი და ორი მონა და მაინც, ჯამში ორი ადამიანი

200
(განახლებულია 17:15 13.01.2021)
შესაძლებელია, რომ ქალის მკლავებში აღმოჩნდე ისე, რომ მის ხელში არ აღმოჩნდე? და რატომ აახლოებს ასე ღრმად სიტყვა „ბელადონა“ იტალიურ და ინგლისურ ენებს?

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ამბროზ ბირსის მოსაზრებებს.

ამბროზ გვინეტ ბირსი (Ambrose Gwinnett Bierce, 1842-1913 ან 1914) – ამერიკელი მწერალი, იუმორისტული და „საშინელებათა“ მოთხრობების ავტორი. გამოირჩეოდა თავისებური პირდაპირობით, სიმკვეთრით. ამის გამო „დაუნდობელ ბირსს“ ეძახდნენ. მისი ნაწარმოებებია: „სასიკვდილო დიაგნოზი“, „ბერი და ჯალათის ქალიშვილი“, „ფანტასტიკური იგავები“, „სატანის ლექსიკონი“ და სხვ.

სილამაზე ის ძალაა, რომლითაც ქალი აჯადოებს საყვარელს და შიშში ამყოფებს ქმარს.

ყველანი შეშლილები ვართ, მაგრამ მას, ვისაც საკუთარი სიგიჟის გაანალიზება შეუძლია, ფილოსოფოსი ეწოდება.

თავაზიანობა პირფერობის ყველაზე მისაღები ფორმაა.

მოდა – ეს დესპოტია, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები დასცინიან, მაგრამ ემორჩილებიან.

ფანატიკოსი – ესაა ადამიანი, რომელიც ჯიუტად და მთელი ჟინით ემხრობა მოსაზრებას, რომელსაც თქვენ არ იზიარებთ.

ნუგეში – იმის გაცნობიერებაა, რომ საუკეთესო ადამიანი უფრო უბედურია, ვიდრე თქვენ.

მარტოობა – ცუდი კომპანია.

პარადოქსის არსი: მამაკაცები ჭირვეულ ქალებს აღმერთებენ>>

სიძულვილი – გრძნობა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება იმის მიმართ, რომელიც რაღაცით გჯობიათ.

ბელადონა: იტალიაში ლამაზი ქალი, ინგლისში – სასიკვდილო შხამი. ორი ენის ღრმა მსგავსების საოცარი ნიმუში.

უღმერთობა – მსოფლიოს დიდ რელიგიებს შორის ძირითადი.

არაადამიანურობა: ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი თვისება.

ტვინი: მოწყობილობა, რომლის წყალობით ვფიქრობთ, რომ ვფიქრობთ.

ომი: კბილებით იმ პოლიტიკური კვანძის გახსნა, რომელიც ენას არ ემორჩილება.

წელიწადი: სამას სამოცდახუთი იმედგაცრუებისგან შემდგარი პერიოდი.

კენჭისყრა: თავისუფალი მოქალაქის უფლების ხორცშესხმა, რომ გასულელდე და სამშობლო დაღუპო.

დიპლომატია: პატრიოტული ხელოვნება, მოიტყუო საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

დღიური: ყოველდღიური ჩანაწერი იმ საქციელისა და ფიქრებისა, რომლის გახსენებაც დღიურის ჩამწერს არ გააწითლებს.

ქალები მამაკაცებზე გვიან კვდებიან, რადგან...>>

ლანძღვა: ცილი დასწამო სხვას ცუდ საქციელში, რომლის ჩადენის შემთხვევა ან ცდუნება თავად არ გქონია.

ნაცნობი: ადამიანი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობთ იმისთვის, რომ მისგან ფული ვისესხოთ და არასაკმარისად იმისთვის, რომ მას ვასესხოთ ფული.

წარმატება: მოყვასის მიმართ ჩადენილი ერთადერთი უპატიებელი ცოდვა.

მშვიდობა: საერთაშორისო ურთიერთობებში მოტყუების პერიოდი სისხლისღვრის ორ პერიოდს შორის.

არამსმელი: სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას, რომ საკუთარ თავს ცდუნებაზე უარი არ უთხრას.

ცოლქმრობა: საზოგადოებრივი უჯრედი, რომელიც შედგება ბატონისგან, ქალბატონისგან და ორი მონისგან, ჯამში – ორი ადამიანი.

ეგოისტი: ცუდი ტონის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უფრო აინტერესებს, ვიდრე მე.

მშიშარა: ის, ვინც საფრთხის დროს ფეხებით ფიქრობს.

ქალებში წარმატება იმას აქვს, ვისაც მათ გარეშეც შეუძლია ცხოვრება.

სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია...>>

მადლიერება – გრძნობა, რომელიც ადამიანს ღმერთის მიმართ აქვს, და ძაღლს – ადამიანის მიმართ.

რომ შეიძლებოდეს, ქალის მკლავებში აღმოჩნდე ისე, რომ მის ხელში არ აღმოჩნდე...

200
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (70)
მარიკა დემეტრაშვილი

თბილისელი ყარაჩოხელის ნებიერა გოგო და 50 წლის ასაკში ამერიკაში დამთავრებული მაგისტრატურა

498
(განახლებულია 22:23 14.04.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მარიკა დემეტრაშვილს და მისი ცხოვრების ამბავს გაგაცნობთ.

პროფესიით პედაგოგი, უკვე ოცი წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს. წლების წინ თბილისელ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. ამერიკაში ჩასულმა, 50 წლის ასაკში მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology დაამთავრა. დღეს ნიუ-იორკის სპეციალურ სკოლაში ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობს.

მთელ მის ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, თბილისური მოგონებების სინათლე და ქართული სიმღერის მადლი გასდევს ფონად...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ქალბატონო მარიკა, დასაწყისში გაიხსენეთ თქვენი თბილისური ბავშვობა და თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...

- დავიბადე ზაფხულის ცხელ დღეს თბილისის გულში, ხარფუხში. სიბერის შვილი ვიყავი და მშობლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. გარდა ამისა, ორი უფროსი ძმის და ვიყავი, რომლებიც უსაზღვროდ მანებივრენდნენ. დედა - თამარი, თბილი, გამრჯე და ფუსფუსა ქალი იყო, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მისი მამა - ივანე, მოჭიდავე, ბრგე ვაჟკაცი, 27 წლის ასაკში მაშინ გარდაიცვალა, როცა მიეხმარა კაცს, რომელსაც დენმა დაარტყა. დარჩა სამი ობოლი ბავშვი: დედა, დეიდა ეთერი და ბიძა ირაკლი, რომელსაც გულის პრობლემა ჰქონდა და 21 წლის გარდაიცვალა. ამის მერე დედას დააწვა კისერზე პატარა დის მოვლა, იმიტომ რომ ბებიაც ავადმყოფობდა. თანაც იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც სტომატოლოგი უნდა გამხდარიყო. მუშაობა დაიწყო პურის მაღაზიაში და მამას შეხვდა.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- მამაზე მოგვიყევით, მას თბილისში ბევრი იცნობდა...

- მამაჩემი, მიხეილი (მიშა) ძველი თბილისელი ყარაჩოხელი, დუდუკზე დამკვრელი იყო. ის ხაჩიკ ტალგაუკოვის დასში უკრავდა. სხვათა შორის, იეთიმ გურჯს იცნობდა და მის გასვენებაშიც კი დაუკრავს. მაშინ ყველაზე პატარა იყო, ამიტომ ზედმეტსახელად „პატარა მიშა“ შეარქვეს. დუდუკზე 12 წლიდან უკრავდა. ჩემი მხიარული, თბილი, გიჟმაჟუნა, ყველაზე გადაყოლილი საუკეთესო მამა. ყველაზე მეტად სიცოცხლისა და ადამიანების მიმართ მისი პოზიტიური დამოკიდებულება მხიბლავდა. ერთ დღეს იგი წავიდა სახლიდან და სამი დღე ვეძებდით. რვა მარტს ვიპოვეთ კარდიოლოგიური ცენტრის პროზექტურაში. თავი ცუდად რომ უგრძვნია, წასულა საავადმყოფოსკენ, მაგრამ იქვე, თავის მანქანასთან ჩაჩოქილა. ვიღაც ჯარისკაცს აუყვანია საავადმყოფოში, სადაც, თურმე, ჯერ საბუთები მოითხოვეს, კაცს კი ყურადღება არ მიაქციეს... შემდგომი დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ გასვენების დღეს ვერ დავივიწყებ, როცა დილის ცხრა საათიდან იწყებოდა დამკვრელების მოსვლა. ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და თავის ძმას და მეამქრეს უკანასკნელ გზაზე ალალი ცრემლით აცილებდნენ...

მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად

- როგორი იყო მაშინდელი თბილისი, რომელიც დაგამახსოვრდათ?

- მახსოვს, მაშინდელ თბილისში სახლის კარები არ იკეტებოდა. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, შავნაბადის ორ ნომერში, ხარფუხში იყო. ორსართულიან სახლში, რომელიც პაპაჩემს, მამის მამას 25 ათასად ოქროს ფულით ჰქონდა ნაყიდი, 12 ოჯახი ცხოვრობდა. სახლის ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი „სუტგუჩის“ ბეჭდით დღესაც ინახება. ჩვენს უბანში ვინ აღარ ცხოვრობდა, მაშინდელ თბილისის ქუჩებში რა ერის წარმომადგენელი აღარ დადიოდა, ქართული ენა მათთვისაც ისეთივე ახლობელი და სათაყვანო იყო, როგორც ჩვენთვის. ასეთ თბილ გარემოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ამბობენ, ადამიანი თავის ბავშვურ თვისებებს მთელი ცხოვრება ინარჩუნებსო, როგორი ბავშვი იყავით?

- ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში იმიტომ ვისწავლე, რომ მენახა ჩემი ძმები რას კითხულობდნენ და წერდნენ. ექვსი წლის ასაკში, მოსამზადებელ კლასში რომ შევედი, სკოლაში მთელმა ოჯახმა წამიყვანა. ეს იყო 75-ე საშუალო სკოლა გორგასლის ქუჩაზე. პირველი სიყვარულიც იქ მეწვია. ის უბნელი ბიჭიც ამ სკოლას ამთავრებდა. ერთხელ მან კისერზე შემისვა და სახლში ისე მომიყვანა. სიგიჟემდე შემიყვარდა... მან კი ცოლი სკოლის დამთავრებისთანავე მოიყვანა. მახსოვს, ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. ახლა კი იმ ბიჭის არც სახელი მახსოვს და არც სახე, მხოლოდ ჩემს მოგონებაშია...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- მომავალი საქმიანობისთვის პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ჩვენი სკოლა სპეციალიზებული იყო, ინგლისური ენის განხრით, ამიტომ ინგლისურის სწავლა მეორე კლასიდან დავიწყეთ. ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში, ის ფიზიკა-მათემატიკაში იყო ძლიერი, მე - ინგლისურში და ჰუმანიტარულ საგნებში. ისე მინდოდა, რომ ინსტიტუტშიც ერთად ვყოფილიყავით, რომ მეც დავიწყე ფიზიკა-მათემატიკაში მომზადება და საბუთები უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შევიტანე. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და მისაღებ გამოცდებს კარგად ვაბარებდი. მესამე გამოცდის მერე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ციფრებთან ვერ ვიქნებოდი, ამიტომ ბოლო გამოცდაზე აღარ გავედი. მეორე წელს უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი...

გიორგი სუხიტაშვილთან ერთად
გიორგი სუხიტაშვილთან ერთად

- სტუდენტობა როგორი გქონდათ და პოზიტიური მომენტები თუ იყო მასში?

- ინსტიტუტში 1985-1990 წლებში, საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი. დღისით ვმუშაობდი, მერე ინსტიტუტში მივდიოდი. იქიდან მოყოლებული ჩემი საუკეთესო მეგობრები – ლელა თოდუა, დუდუ ჯინჭარაძე, ლია ძნელაძე, ნინო ბერიშვილი, მარინა ლებანიძე დღესაც კი ერთმანეთს ყოველდღე თუ არა, ხშირად ვეხმაურებით. ინსტიტუტის დამთავრება რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ პოზიტივს მაინც ვიღებდით. იქვე, ჭავჭავაძეზე იყო სოკოს ბარი, სადაც ხშირად ვხვდებოდით ოთარ რამიშვილს, ერთადაც გვიმღერია, რაც არასოდეს დამავიწყდება. იყო დრო, როცა გიზო ნიშნიანიძის „პაემანი ვერაზე“ ფურცელ-ფურცელ მქონდა დაკოპირებული და თითქმის ზეპირად ვიცოდი. ამიტომ ორი წლის წინ, როცა თბილისში ვიყავი რესტორანში „პაემანი ვერაზე“ ეს წიგნი იქ ვიჩუქე. მაჩუქეთ-მეთქი, ისე ძალიან ვთხოვე, რომ უარი ვერ მითხრეს...

მარიკა დემეტრაშვილი მეგობრებთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი მეგობრებთან ერთად

- ამერიკაში წასვლამდე თბილისის სკოლაში ასწავლიდით...

- მამის გარდაცვალების შემდეგ დედას ფრთები მოსწყდა. მან ოთხჯერ გადაიტანა ინსულტი. მეოთხე ინსულტის მერე უკვე ჩაწვა და ორწელიწად-ნახევარი ისე ვუვლიდი, რომ არც იცოდა, ვინ ვიყავი. მაშინ სკოლაში ვასწავლიდი და დედიკოს გამო მხოლოდ ორი გაკვეთილი მქონდა დღეში. ეს ის პერიოდია, როცა არც გაზი იყო, არც შუქი. მეზობლები მეხმარებოდნენ, მათ სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთ დილას, როცა დედა მოვაწესრიგე და კარები გამოვიხურე, სკოლაში მისვლისთანავე გამახსენდა, რომ ნავთქურა ჩართული დამრჩა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ეკიდებოდა ცეცხლი დედიკოს და მეექვსე კლასის ბავშვებს ვუთხარი - ახლა რომ არ წავიდე, დედა დაიწვება-მეთქი. არადა, ეს დაუოკებელი კლასი იყო, რომლის მოსწავლეები გაკვეთილზე ძალიან ხმაურობდნენ და არასოდეს ისვენებდნენ. მეორე დღეს დირექტორმა დამიბარა და მომიყვა, თურმე, როცა დერეფანში გაიარა, იმ საკლასო ოთახთან, საიდანაც სულ ხმაური გამოდიოდა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდაო. უფიქრია, რომ მე გარეთ მყავდა ბავშვები გაყვანილი, ამიტომ კარები შეუღია. ყველა ბავშვს თავი მკლავებზე ედო. იმ თითისტოლა ანცებმა გაიგეს და გულთან მიიტანეს ჩემი გაჭირვება. აქ, ამერიკაში ერთი ბავშვიც რომ დატოვო კლასში მარტო, ციხე თუ არა, გათავისუფლება არ აგცდება...

მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად

- ამერიკაში როდის აღმოჩნდით და როგორ შეიცვალა იქ თქვენი ცხოვრება?

- ამერიკაში ერთი ადამიანის მიზეზით მოვხვდი. მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენდი... ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ბინის გარეშე დამტოვა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ 1998 წელს ჩამოვსულიყავი ამერიკაში, სადაც ჩემი მამიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით. იმ პერიოდში ბებიასთან ვმუშაობდი, როცა ერთ ადამიანს შევხვდი და მისგან დავფეხმძიმდი. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. შვილი მარტომ გავზარდე. თავიდან გამიჭირდა, მერე კი სხვებსაც ვეხმარებოდი. თითქმის სამი წელი ცხოვრობდა ჩემთან და სრულიად უსასყიდლოდ მეხმარებოდა ტრიო „მაგნოლიას“ წევრი მედეა სიხარულიძე, რომელიც ადრე ინოლა გურგულიასა და გიული დარახველიძესთან ერთად მღეროდა. მედეას და ჩემს ნინოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მაშინ პიანინო მედგა სახლში და მედიკო და ნინო ერთად მღეროდნენ ხოლმე. გაანათლოს უფალმა მისი სული...

მარიკა დემეტრაშვილი გოგიტა გოგიძესთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი გოგიტა გოგიძესთან ერთად

- საქართველოში თუ იყავით ჩამოსული?

- ვიყავი და მაშინდელ ერთ ამბავს მოგიყვებით: მამა უკვე 25 წლის გარდაცვლილი იყო. როცა ამერიკის საბუთები მივიღე, მომეცა იმის საშუალება, რომ თბილისში ჩავსულიყავი. მეორე დღესვე მოვძებნე მედუდუკეები და მოვურიგდი, რომ საფლავზე ნახევარი საათით მაინც ამოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ვეღარ მიცნეს, ფულზე რომ გავურიგდი, უკან წამოსვლისას მოგვეციო. ავედით მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მაშინ მარტო ჩემი მშობლები და ახლა კი ჩემი საყვარელი პატარა ძამიკოც წევს. ათ წუთში დამკვრელებიც ამოვიდნენ. გაამზადეს დუდუკები, დოლი და საფლავთან ახლოს მოვიდნენ. როგორც კი შეხედეს მამიკოს სახეს ფოტოზე, გაოგნდნენ, როგორ, პატარა მიშას საფლავზე მოგვიყვანე და ფულს გვთავაზობდიო?! აქ ფულს როგორ ავიღებთო! არადა, ის დრო იყო, როცა ხალხს არც სამსახური და არც ფული არ ჰქონდა. დღესაც სულ ვამბობ, რომ აქამდე მამაჩემის კაცობით ვცხოვრობ-მეთქი...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ამერიკაში მაგისტრატურა დაამთავრეთ, რამ გადაგატანინათ სირთულეები?

- დიახ, ამერიკაში 50 წლის ასაკში დავამთავრე მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology. უკვე ხუთი წელია, რაც აქაურ სკოლაში ცერებრალური და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო და ამავდროულად ღვთიური საქმეა. ცხოვრების სირთულეები კი გადამატანინა ჩემმა შვილმა, რომლისთვისაც დედაც ვიყავი და მამაც, ამიტომ არანაირი სისუსტის უფლება არ მქონდა. როგორც კი ნინიკო ერთი წლის გახდა, საბავშვო ბაღში სამუშაოდ წავედი. წელებზე ფეხს ვიდგამდი და ვმუშაობდი. ნინიკო შევიყვანე კერძო რუსულ სკოლაში Bambi Academy, სადაც არაჩვეულებრივი განათლება მიიღო. ის ოთხ ენაზე – ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე წერს და ლაპარაკობს. ახლა კოლეჯის სტუდენტია და ქართველი ემიგრანტების ბავშვებს ამეცადინებს. „საიდუმლოდ“ გეტყვით: ეგ რომ არის, ასეთი კარგი მასწავლებელი მე არასოდეს ვყოფილვარ. უპრობლემო, მხიარული, თბილი გოგოა, რომლის გაზრდაში ჩემს აწ განსვენებულ მამიდაშვილს ნელი გურაბანიძეს და მის მეუღლეს იოსიფ მოისეევს მიუძღვით წვლილი. მათ გაუწიეს ჩემს შვილს ბებია-ბაბუობა, როგორც თავიანთ შვილიშვილს, ისე ანებივრებდნენ.

- გავიგე, რომ ამერიკაში აქტიურად იღებთ მონაწილეობას სიმღერის კონკურსში „იმღერე რამე“...

- დიახ, ჩემი ამერიკული ვოიაჟი არ იქნებოდა სრული, რომ არაფერი ვთქვა აქ ჩატარებულ კონკურსზე „იმღერე რამე”, რომელსაც გოგიტა გოგიძე ატარებს. ბატონმა გოგიტამ ისეთი საქმე წამოიწყო, რომლის წყალობითაც აქ მყოფი ქართველი ქალები აახმაურა. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მუსიკა მთელი ცხოვრება ჩემთანაა. გიტარაზე და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებდი, მაგრამ გოგიტამ სცენაზე გამიყვანა. კონკურსის „იმღერე რამე“ უკვე ოთხი სეზონი ჩატარდა და მე ყველა მათგანში მივიღე მონაწილეობა.

- გამოდის, რომ ქართული სიმღერის წყალობით ამერიკაში მყოფი ქართველები ერთმანეთს დაუკავშირდით...

- ქართული სიმღერის და გოგიტას დამსახურებაა, რომ დღეს მე ვიცნობ ნატალია სულაშვილს, დაკო ჩიხლაძეს, მადონა ასათიანს, ნანა კეკელიძეს, ლეილა ქურციკიძეს, მილენა ბურდულს, ეკა ჩახვაშვილს, მარი მღებრიშვილს და კიდევ ბევრ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ადამიანს, რომლებსაც, რომ არა ეს კონკურსი, ვერც შევხვდებოდი... ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც უზომოდ მიყვარს და მყავს ნინიკო, რომელიც ნამდვილი ღვთის საჩუქარია...

 

498
თემები:
ქართველები უცხოეთში
ეკატერინე თხელიძის სახლი

ბათუმიდან სოფელში გადასახლებული დედა-შვილის მეურნეობა: ყველგან დამყავს ყანაში, ბოსტანში

760
(განახლებულია 23:55 13.04.2021)
უკვე მეორე წელია ეკატერინე თხელიძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმიდან სოფელ ძველ აბაშაში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე მეურნეობა მოაწყო. სოფელში საქმე ყოველთვის ბევრია, ამის მიუხედავად, არც პატარა მარიამს აკლებს ყურადღებასა და ენერგიას და არც საყვარელ საქმეს.

სოფლად „ნათხოვარ“ სახლში ახალი ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ეს არ იყო მარტივი. თუმცა კეთილი ადმაიანების თანადგომით კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა. დათესა ბოსტნეული, გამოიყვანა ჩითილები, ზრდის ფრინველებს. უფრო ვრცლად ამ ყველაფერზე ეკატერინე თავად მოგიყვებათ.

- პროფესიით ვარ მედდა, ასევე ბუღალტერი. მაქვს ბუღალტრად მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. ბოლოს ვმუშაობდი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ბათუმის ნავთობტერმინალის მონიტორინგის ოპერატორად, საიდანაც შვილის გაჩენის შემდეგ გამათავისუფლეს. პარალელურად „ვტაქსაობდი“ ბათუმის ერთ-ერთ ფირმაში, ვაკეთებდი შილაკს სახლში მისვლით და ვალაგებდი სახლებს.

ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად

- დღეს რაიონში ცხოვრობთ, რატომ მიიღეთ სოფლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- ბათუმში ქირით ვცხოვრობდი. როგორც აღვნიშნე, სამსახურიდან გამათავისუფლეს. მალევე დაიწყო პანდემია და შემოსავლის ყველა წყარო გაქრა. ვეღარ გადავიხადე ქირა, ვეღარ გავწვდი ხარჯებს და ამან განაპირობა სოფლად გადმოსვლა.

- როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება სოფლად, როგორ გეგმავდით აქ ცხოვრებას და რეალურად რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

- მე ჩემი სოფელი არ მაქვს, ამიტომ მოვიძიე მიტოვებული სახლი და იქ გადავედი ზაფხულში. იქაურობა ფაქტიურად გატყევებული იყო. ნელ-ნელა მივყვებოდი და ვასუფთავებდი. პარალელურად ვიღებდი პატარა ვიდეოებს და ვდებდი „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“.

რადგან არ მყავდა არაფერი და ფაქტიურად არც ყიდვის საშუალება მქონდა, ჯგუფში გამოჩნდა ბევრი კეთილი ადამიანი, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს და შევიძინე ქათმები, იხვები, გოჭები. დავიწყე საბოსტნე ადგილების გასუფთავება და გამზადება, ნიორი დავთესე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მერე მომთხოვეს იქაურობის დატოვება. სხვა გზა არ იყო, უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. მივმართე ისევ „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფს“. დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი მიტოვებულ სახლს, რომელშიც უსასყიდლოდ ვიცხოვრებდი და მივხედავდი.

ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ პოსტს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. ვინაიდან საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და სხვისი დახმარებით ვარსებობდი, პრიორიტეტად ჩავთვალე სახნავ-სათესი ტერიტორიის მქონე ადგილი და ავარჩიე აბაშის რაიონის სოფელი ძველი აბაშა.

ვგეგმავ მოვიყვანო იმდენი მარცვლეული, რაც მეყოფა ფრონველის გამოსაკვებად, რომ ყიდვა არ დამჭირდეს. ასევე ბოსტნეული, რათა ოჯახში გამოვიკვებოთ და ზამთრის მარაგიც გავაკეთო. პრობლემებიდან ყველაზე დიდი ისაა, რომ მიწის დამუშავება ძალიან ძვირი უჯდება გლეხს. ჩემთვის, ნულიდან დამწყებისთვის კი უფრო მეტად რთულია.

ეკატერინე თხელიძის ეზო
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ეზო

- მეურნეობის წამოწყებას თავისებური ცოდნა და ენერგია სჭირდება. მიწაზე მუშაობა მანამდეც იცოდით?

- რომ ვთქვა ვიცოდი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც მთლად უცოდინარი არ ვყოფილვარ. ბავშვობაში არდადეგებს სოფელში ვატარებდი და ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე. შემდეგ „იუთუბის“ ვიდეოები დამეხმარა ინფორმაციის მიღებაში. თანაც, იცით, როგორ არის? რომ მიხვალ მიწასთან, მცენარესთან, ის უკვე თვითონ გკარნახობს როგორ უნდა მოეპყრო და შენც მიყვები. ასევე ჯგუფში „მე მიყვარს სოფელი“ ძალიან ბევრ საჭირო რჩევას ვიღებ. მოკლედ, მაინც ყველაზე მთავარი მონდომებაა, არ უნდა დაგეზაროს და ყველაფერი გამოვა.

- რა სახის პროდუქტი მოგყავთ, ხეხილი ან ბოსტნეული თუ გაქვთ და ახდენთ თუ არა მათ რეალიზებას? რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მე წელს გადმოვედი აქ საცხოვრებლად. დათესილი მაქვს კარტოფილი, რომელიც უკვე ამოსულია და კიდევ ვაპირებ დათესვას. ასევე დათესილი მაქვს ოხრახუში, ქინძი, კამა, შავი ფხალი, ბოლოკი, პრასა. ჩითილები მაქვს პომიდორის, ბულგარულის, კიტრის, ნესვის. ვაპირებ დავთესო სიმინდი, ლობიო, ცოცხი, ძაძა, სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფოთოლი და მწვანე ხახვი. საჩუქრად მივიღე 20 ძირი უეკლო მაყვლის, 50 ძირი ჟოლოს და 50 ძირი მარწყვის სან-ანდრიასის ნერგები, რომლებიც დარგული მაქვს. ხილი აქ ბევრია: თუთა, ბალი, ტყემალი, კარალიოკი, თხილი. მე დავრგე ხუთი ძირი ალუბალი. ჯერ ვერაფრის რეალიზაციას ვერ ვახდენ, რადგან დამწყები ვარ, მაგრამ გეგმები და იმედები მაქვს.

მივყვები ამინდის მიხედვით საქმეებს. ჩემი ყოველდღიურობა არის ჩემი პატარა შვილი, კრუხი და 15 წიწილი, ხუთი იხვი და სამი ქათამი. მაჩუქეს 20 წიწილი, მაგრამ ჯერ ვერ მომყავს სახლში, აღდგომის მერე მოვიყვან. თუ ისეთი მძიმე სამუშაოა, როგორიცაა, მაგალითად, ხის მოჭრა, მაშინ მოდის მეგობარი ან უფროსი შვილი და მეხმარებიან. დანარჩენ საქმეს მარტო ვაკეთებ.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- მცირეწლოვანი შვილი გყავთ, მასთან ერთად როგორ ახერხებთ მუშაობას?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ძალა ჩემი მარიამია. მის გამო ვარ აქ. მის გამო ვიტან ყველაფერს და მის გამო მთებს გადავდგამ. მარიამისთვის სულ ერთია მე დასაბარი მაქვს, გასათოხნი თუ სხვა საქმე, მას ყველა წუთს ყურადღება და მოფერება უნდა.

ამიტომ ყველა წუთს მიწევს მივატოვო სამუშაო, მას ჩავეხუტო, ან ძუძუ მოვაწოვო, ან გავეკიდო არაფერი იტკინოს (არც ისე დიდი ხანია, რაც გველი იყო ეზოში და მას მერე ძალიან მეშინია). წესით, დღის განმავლობაში რასაც უნდა ვასწრებდე, იმის მესამედს ვაკეთებ, მაგრამ გულს არ ვიტეხავ. მიმყავს სადაც მე ვარ, დავსვამ, ახლოს დავუდებ ტელეფონს, რომელიც, სხვათა შორის, მოვიგე „ნოვას“ კონკურსში - ნომინაციაში „ქალმა თუ მოინდომა“.

რადგან სიტყვამ მოიტანა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „ნოვას“ კოლექტივს. ჯერ რომ გამარჯვებულად დამასახელეს და მერე სულ სხვა პრიზი მიწევდა, რომელსაც მე ვერ მივიღებდი. როცა გაიგეს ტელეფონი არ მქონდა, დიდსულოვნად შემომთავაზეს იმ პრიზის სანაცვლოდ ტელეფონი და სახლში მომიტანეს. მართლაც ამ სიკეთისთვის მადლობის გადასახდელი სიტყვები არ მყოფნის.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- როცა თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ ატარებთ შვილთან ერთად?

- ფაქტიურად თავისუფალ დროსაც და სამუშაო დროსაც შვილთან ერთად ვატარებ. ყველგან თან მყავს სადაც ვარ - ყანაში, ბოსტანში, მინდორში.

როცა სახლში ვართ, ვაწყობთ მარის საყვარელ ფერად პირამიდას ან კუბიკებს. ჯერ ვერ საუბრობს, ამიტომ ვცდილობ სულ მის გვერდით ვიყო, სულ ვუყურო, ვუსმინო, რომ არც ერთი მისი ჟესტი არ გამომრჩეს.

- რა გეგმები და ოცნებები გაქვთ?

- როცა სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე, დიდხანს ვიფიქრე რა არის სოფელში ისეთი, რაც არ არის ქალაქში და რას გავაკეთებ მე, მთელი ცხოვრება ქალაქში ნაცხოვრები ადამიანი. სოფელში არის ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ ქალაქში განა ნაკლებია? მე 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მუშაობას. სახლის დასალაგებლად მივდიოდი ოჯახებში, ან შილაკის გასაკეთებლად, და თუ არც ერთის შეკვეთა არ მქონდა, „ვტაქსაობდი“ გვიანობამდე. ეს შრომა არ არის? თუ იშრომებ, სოფელშიც გექნება შემოსავალი. ჩემი უდიდესი ოცნებაა მეწველი ძროხის ყიდვა, რომელიც მე და მარიამს შეგვინახავს. მინდა კვერცხის მადებარი ქათმები მყავდეს საკმაო რაოდენობის და პეკინური იხვები, რომელიც იოლად გასაზრდელია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი ყველაზე მთავარ სათქმელს: მე აქამდე სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით მოვედი. ბევრი დამეხმარა ერთჯერადად, მაგრამ არიან ისეთები, რამდენჯერმე რომ გამომიწოდეს დახმარების ხელი. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ. თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების“ ჯგუფში ბევრი ადამიანი მიცნობს და ძალიან ბევრჯერ დამხარებიან. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა აღვნიშნო ორგანიზაცია „აუშენე, რომ აგიშენონ“. ეს სწორედ ის ადგილია, რაც ჩემსავით უიმედოდ დარჩენილ ადამიანს სჭირდებოდა.

თუ გამოჩნდებიან ისევ გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან ჩემი პატარა ოცნების ახდენაში, უფალი ყველას გადაუხდის სიკეთეს...

 

760
აქცია

გაითვალისწინეთ საფრთხეები: NGO-ები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

5
(განახლებულია 12:48 16.04.2021)
მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა, აღნიშნულია განცხადებაში

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას, ინვესტორებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და ყველა ღონეს იხმარონ სიტუაციის განსამუხტად.

განცხადებაში, რომელსაც 32 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს.

„ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ კი არ უნდა იქნას მიღებული, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, როგორ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის განხილვის პერიოდში უნდა  გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. 

„შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები. გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka–ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა გადაიხედება>>>

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება.

გუშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა – მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

 

5