გოჩა კუბლაშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „გოჩა მასწ, წეღან რომ დაგეყვირათ, გადავხტებოდი!“

4949
(განახლებულია 19:10 15.01.2021)
რუბრიკაში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს – მასწავლებელი, რომელიც არასოდეს იტყუება და რომელსაც სიტყვა „არა“ არ უყვარს.

ასეთია კომაროვის ცნობილი სკოლის მათემატიკის მასწავლებლის გოჩა კუბლაშვილის მოკლე პიროვნული დახასიათება. თავის დროზე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. დღეს მასზე ამბობენ, რომ ღმერთისგან ხელდასმული მასწავლებელია. მისი სწავლების მეთოდი უკვე გასცდა სასკოლო პროგრამას, მათემატიკას და პედაგოგიკის სფეროსაც კი, რადგან მოსწავლეებს, პირველ რიგში, ცხოვრების ყველაზე მთავარ საგანს ასწავლის.

ჯერჯერობით ერთადერთი მათემატიკის პედაგოგია, რომელსაც წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭეს და ერთადერთი ქართველი მასწავლებელი, რომელმაც ამ სფეროში გრან-პრი დაიმსახურა...

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- ბატონო გოჩა, გაიხსენეთ როგორ გახდით 2000 წლის საუკეთესო მასწავლებელი...

- სხვათა შორის, ჩემამდე მათემატიკის მასწავლებელს არასოდეს აუღია ეს პრიზი. მაშინ კომისიაში, როგორც მათემატიკაში ცოდნის შემმოწმებელი, 42-ე სკოლის დირექტორი გურამ დევდარიანი იყო. როცა დაინახა, რომ წარდგენილ 12 მასწავლებელს შორის ერთადერთი მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, გვერდით მომისვა და მამაშვილურად მითხრა, პირველად გაქვს შანსი, რომ გაიმარჯვო, ოღონდ დამიჯერეო. მათემატიკა როგორ იცი, ამის შესახებ მე ვილაპარაკებ, მთავარია, ამ ხალხს ლიტერატურაში მოუგოო. რადგან ამ კონკურსზე ყოველთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმარჯვებდა ხოლმე. 

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- მერე, დაუჯერეთ იმ ბატონს?

- დიახ, დავუჯერე გურამს, როცა მითხრა, კონკურენტებს ქართულშიც უნდა მოუგოო. ჩემი პირველი მოწინააღმდეგე იყო ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ელენე წიქარიშვილი, რომელიც მერე სკოლის დირექტორი გახდა. ისეთ მაგარ გაკვეთილებს ატარებდა, რომ მოსწავლეებს ატირებდა. მაშინ განათლების მინისტრი ალეკო კარტოზია იყო, მან მკითხა, რომელ კლასში ჩაატარებ გაკვეთილსო. ვუპასუხე, მე-11 კლასში–მეთქი. დაიწყო კონკურსი და მე „ვეფხისტყაოსანზე“ დავიწყე საუბარი. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მინისტრმა კალამი გვერდზე გადადო, თავზე ხელები შემოიდო და ინტერესით მისმენს.

გოჩა კუბლაშვილი მეუღლესთან ერთად
გოჩა კუბლაშვილი მეუღლესთან ერთად

- კიდევ რა გამოცდის ჩაბარება მოგიწიათ?

- ბოლოს, იცით, რაში გამოგვცადეს? – ბუნებით თუ ხარ მასწავლებელი. გამოცდა იმაში მდგომარეობდა, რომ მოულოდნელ სიტუაციებს გვიქმნიდნენ და გვაკვირდებოდნენ, იქიდან როგორ გამოვიდოდით. მაგალითად, კონკურსში მონაწილე ერთ მასწავლებელს კატა დაუსვეს წინ, შემდეგ ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვეს. მოკლედ, მასწავლებელი ყველა ასეთი სიტუაციიდან ლამაზად უნდა გამოსულიყო. ჩემს კონკურენტს, ლელას წინ დაუდეს რუბენსის ცნობილი ნახატი, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული. ლელამ რუბენსზე რაც იცოდა, ყველაფერი მოყვა და ეს ტური კარგად გაიარა. ამ კონკურსამდე წინა დღეს მერვეკლასელების ბანკეტი იყო და ლამის გათენება მომიწია. ჩემმა ცოლმა მისაყვედურა, ჩაყარე ხომ ყველაფერი წყალშიო. მე ვუთხარი, პირიქით, ხომ უნდა მენერვიულა და ღამე მეთენებინა, ახლა გამოვიძინე და კონკურსზე მშვიდად წავალ–მეთქი.

გოჩა კუბლაშვილი
გოჩა კუბლაშვილი

- თქვენ რა მოგიწყვეს კომისიის წევრებმა?

- მივედი კონკურსზე და ველოდები რას მომიწყობენ. შევედი ოთახში და ვხედავ, ორი გოგო ზის მაგიდაზე, გიტარა დაუჭერიათ ხელში და მღერიან... როგორ მოვიქცეოდი?

- რა ვიცი, ალბათ ეტყოდით, აი, მესამე ხმაც მოვედიო...

- მეორე! მე ვუთხარი, მეორე ხმა მოვედი–მეთქი, იმიტომ რომ საერთოდ მეორეს ვმღერი, და სიმღერაში ავყევი მათ.

- რას მღეროდნენ?

- „გინდ მეძინოს“ მღეროდნენ. აი, მაშინ ალეკო კარტოზიამ წამოიძახა – სიმღერაც იცი, ბიჭო, შენო?! გაოცებულმა მაშინ პირველად მომმართა „ბიჭოთი“. მე ვუპასუხე, ბატონო ალეკო, დამჭირდა და ვიცი–მეთქი. ამის მერე კულისებიდან მომივიდა ხმა, დაუწყიათ ბჭობა, ვინ უფრო გამოიკვეთა – „ეს ბიჭი“ თუ „ის გოგო“. კომისიას ჩემს ბიოგრაფიაში უნახავს, რომ ოთხი შვილის მამა ვარ და გადამწყვეტიც ეს ფაქტორი გამხდარა. ყველაფერი ლამაზად დასრულდა – ლელას მიანიჭეს პირველობა, მე კი გრან-პრის მფლობელი გავხდი. ასეთი რამ მასწავლებლის კონკურსზე არასოდეს მომხდარა.

- თავად ბავშვებს თუ ჩაუყენებიხართ გაკვეთილზე მოულოდნელ სიტუაციაში?

- კი, იყო ასეთი შემთხვევა: შევდივარ მე-11 კლასში და რას ვხედავ?! კომაროვის სკოლაში ფანჯრები ისეა მოწყობილი, რომ შეიძლება მასზე გადახვიდე და მეორე მხარეს, გარედან დადგე. შევდივარ და ვხედავ, ერთი ბავშვი იქიდან მიყურებს. გადავირიე, გადავდგი ორი ნაბიჯი და უცებ... გამეცინა! ამის მერე ის ბავშვი გადმოვიდა ოთახში აკანკალებული. რა მოგივიდა–მეთქი და გოჩა მასწ, ისე მიყვარხართ, წეღან რომ დაგეყვირათ, გადავხტებოდიო. იქ ჩემ შესაშინებლად არ იყო გადასული, უბრალოდ, მე შევაღე ცუდ დროს საკლასო ოთახის კარები. უცებ ცრემლები წამომივიდა, ახლაც მომდის ამას რომ გიყვებით. რა მიკვირს, იცით, რამ გამაცინა იმ დროს? მაშინ იმ გაცინებამ გადამარჩინა... როცა ეს ამბავი მოვყევი, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, იმიტომ გაგეცინა, რომ ზევიდან, ღმერთისგან ხარ მასწავლებელიო.

- ჰოდა, ამიტომაც ეყვარებით მოსწავლეებს...

- ისე, ამ სიყვარულის გასაღები რა არის, გითხრათ? თვალები უნდა გქონდეს მართალი და გემჩნეოდეს, რომ არ იტყუები. მასწავლებელმა ტყუილი არ უნდა თქვას. ბავშვი ყველაფერს „გაგიტარებს“ – ამოცანა რომ ვერ ამოხსენი, ცუდად რომ გაცვია, ყველაფერს, ოღონდ ტყუილს არ გაპატიებს. ერთ მეათეკლასელ გოგოზე მითხრა კლასის დამრიგებელმა, ამოვარდა კალაპოტიდან და სულ აღარ სწავლობსო. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მივედი იმ გოგოსთან, გვერდით დავუჯექი და ვეკითხები, თამუნა, შეყვარებული ხომ არ ხარ–მეთქი. კიო, მიპასუხა. ჰოდა, ძალიან კარგი, შენ ახლა ისეთ ენერგიას ფლობ, რომ ქვეყანას გადააბრუნებ და ერთი საათი გაკვეთილზე ჩემკენაც გამოიხედე–მეთქი. მერე ჩავეხუტე და ვაკოცე. იცით, რა მოხდა? – ერთ კვირაში ის ბავშვი ათოსანი გახდა. გადაირივნენ კოლეგები – რა უთხარი ასეთიო.

- ახლა რა ვიფიქრე, იცით? შეიძლება მეც შემყვარებოდა მათემატიკა, თქვენისთანა მასწავლებელი რომ მყოლოდა...

- ახლაც არაა გვიან. მასწავლებლის მხრიდან ბევრია სამუშაო, ისე უნდა აუხსნა მოსწავლეს გაკვეთილი, იქამდე უნდა მიიყვანო, რომ ყველაფერი თავად გაიგოს. კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვით: ცხოვრებაში არ მიყვარს სიტყვა „არა“, ყველაფერზე „კის“ ვამბობ და ესეც მეხმარება.

- ვიცი, რომ უბადლო თამადაც ხართ...

- სხვათა შორის, ცნობილი თამადა სიმონიკა სხირტლაძეც კომაროვში ასწავლიდა, კიდევ ჯუანშერ ჯურხაძეც, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიას გვერდს უვლიდა და ბავშვებს მხოლოდ საქართველოს ისტორიას ასწავლიდა. მის სახლში მე საკუთარი სკამი მქონდა, ისეთი, მარტო მე რომ მსვამდა. ერთ დღეს მოდის მოსწავლე და მეუბნება, როცა მექნება ქორწილი, თქვენ უნდა იყოთ თამადაო. გავიდა დრო და იმ ბავშვმა მართლა დამიძახა ანაკლიაში, სადაც 400-კაციანი ქორწილი გადაიხადა. სუფრის საიდუმლო ასეთია: თუ გინდა მოგისმინონ, შენც უნდა უგდო სუფრას ყური და მერე ის სწორად წაგიყვანს.

- და, მაინც, როგორ უნდა გახდე საუკეთესო თუ არა, კარგი მასწავლებელი?

- პირდაპირ გეტყვით: ჩემს ცხოვრებაში ის წლები რომ არ ყოფილიყო, როცა 31-ე საავიაციო ქარხანაში ვიმუშავე, არაფერი გამომივიდოდა - ასეთი მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი, რადგან იმ წლებიდან ისეთი სიბრძნე დამრჩა და იმდენ კარგ ადამიანს დავუახლოვდი, რომ სათქმელი ბევრი დამიგროვდა. თან ადრე ალპინიზმითაც ვიყავი გატაცებული, მთაში დავდიოდი და იქიდანაც ბევრი მაქვს გასახსენებელი. ბავშვებს მარტო წიგნის მიხედვით არ უნდა აუხსნა გაკვეთილი, შენი ცხოვრებიდანაც უნდა მოუყვე ამბები, თუ მოსაყოლი არაფერი გაქვს, ტყუილია, მათთვის საინტერესო ვერასოდეს გახდები...

 

4949
მარიამ მაჩალაძე

„სამშობლოში ყოფნის თავისუფლება”, ანუ როგორ გახდა ყოფილი ემიგრანტი ფერმერი

1096
(განახლებულია 22:33 21.01.2021)
ჩვენი პერიოდული რუბრიკა „დაბრუნებულები“ გაცნობთ მათ, ვინც დაბრუნდა სამშობლოში და აქ შეძლო საკუთარი საქმიანობა წამოეწყო.

მათ რიცხვშია პროფესიით მუსიკოსი მარიამ მაჩალაძე. მისი ისტორია ასეთია: ემიგრაციიდან დაბრუნებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მეურნეობა მოაწყო და ფერმერი გახდა.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

მარიამს სოციალურ ქსელებში აქვს ჯგუფი „სოფლის მეურნეობის განვითარება“, სადაც ხშირად აქვეყნებს საკუთარი საქმიანობის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას. სულ ახლახან ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- მარიამ, პანდემიის პირობებში სოციალური ქსელების მეშვეობით მსურველებს აქტიურად აცნობთ დამწყები ფერმერის ცხოვრებასა და საქმიანობას, ბევრი გამოხმაურება გაქვთ?

- დიახ, მე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი მეხმიანება. საკუთარ გვერდზე ჩემი საქმიანობის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად ვდებ. ვაჩვენებ როგორ ვშრომობ სოფელში და როგორია დამწყები ფერმერის ცხოვრება. ამით ვცდილობ ახალგაზრდობას მაგალითი ვუჩვენო და დავარწმუნო იმაში, რომ თუ მოინდომებენ, სოფლად შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- თქვენმა აქტიურობამ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია, „ლაივ“ ჩართვაც ჰქონდათ თქვენთან...

- დიახ, პირველად შემამჩნია ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა მზია წულუკიძემ, რომელსაც ემიგრატების დიდი ჯგუფი აქვს და პირდაპირი ჩართვა მომიწყო. ჩემ შესახებ მას ახლობლებმა უამბეს, აქედან გაჩნდა იდეა, რომ ემიგრანტებისთვის პირადად მომეთხრო ყველაფერი. პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ამ პროფილით არასდროს მიმუშავია. 2012 წელს მუშაობა ერთ-ერთ ქართულ არხზე დავიწყე ჟურნალისტად, შემდეგ მოვყევი შემცირებაში და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- საკუთარი მეურნეობა როგორ დაიწყეთ?

- სამი წლის წინ გავყიდე პირადი ნივთები, ყველაფერი, რაც მქონდა და იმ ფულით საქონელი შევიძინე. ისინი გამრავლდნენ და ახლა მყავს ბოცვრები, ათი ბოჩოლა და სპეციალური ჯიშის ღორები, რომელთაც ვამრავლებ. მანამდე ოცი ფრთოსანი მყავდა, რომელიც უკვე დავყიდე. მაქვს ასევე სამი მოქმედი სათბური, სადაც ბოსტნეული მომყავს. სათბურებისთვის საჭირო თანხის ნახევარი მქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო, ამიტომ სესხი ავიღე ბანკიდან და ამით ავაშენე.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ახლა რვის ნახევარზე ვდგები, ზაფხულში ექვსზე მიწევს ხოლმე ადგომა. მანამდე ბავშვების გამო ვიღვიძებდი ადრე. როცა იტალიაში ვიყავი, ჩემი სამუშაო დღე შვიდ საათზე იწყებოდა, ამიტომ ექვსზე ვიღვიძებდი. ყველაფერი მიჩვევაზეა, ბოლო 13 წელი ასე ვარ...

მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად
მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად

- სანამ დამწყები ფერმერი გახდებოდით ემიგრაცია გამოიარეთ...

- იტალიაში 2015 წელს ჩავედი, ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიე, რომ იქ ბევრი ახლობელი მყავდა. დახმარების გარეშე უცხოეთში სამუშაოს პოვნა ძნელია. იტალიაში ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ძნელია, როდესაც არ იცი ენა, არ იცნობ უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ადგილობრივ კანონებსა და ცხოვრების სტილს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. პირველ ხანებში ოჯახში მოხუცის მომვლელად ვიმუშავე, შემდეგ სასტუმროში.

მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს
მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს

- რა გახდა აქ დაბრუნების მიზეზი, ანუ უცხოეთში ყველაზე უფრო რთულად გადასალახი რა აღმოჩნდა თქვენთვის?

- სანამ იქ აღმოვჩნდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ იქ მყოფ ქართველებს. ყველანაირად შეზღუდული ხარ და ფაქტობრივად თავისუფლება გაქვს წართმეული, რადგან სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ძნელია ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან მუშაობა, ღამეების თენება და მუდმივი დაძაბულობა. როცა მარტო ვრჩებოდი, მონატრება მკლავდა, განსაკუთრებით შვილები მენატრებოდა, ყოველღამ მათ ფოტოებს ვეფერებოდი. ემიგრანტობა ფიზიკურ ზიანს იმდენად არ გაყენებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურად გთრგუნავს...

მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად
მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად

- თქვენი რჩევები როგორი იქნება?

- ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავროს, ვურჩევ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად წინასწარ შეამზადოს და აქედანვე გაძლიერდეს. პირველ რიგში ელემენტარული, სასაუბრო უცხო ენა შეისწავლონ. სხვა ქვეყანაში რამდენი ახლობელიც არ უნდა დაგხვდეს, ძნელია ვინმეს იმედად ყოფნა, რადგან ყველას თავისი პრობლემები აქვს. კიდევ, მოთმინება და საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ, სხვანაირად გაუჭირდებათ….

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- პირადად თქვენ რა გასწავლათ ემიგრაციამ?

- ბევრი რამ მასწავლა. საკუთარ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ დავაფასე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. პირველ რიგში ესაა სამშობლოში ყოფნის თავისუფლება, შემდეგ ოჯახის წვერების სიყვარული, ქართული სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და, რაც მთავარია, შვილებისა და მშობლის ურთიერთობები. ევროპაში ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, დაკარგულია, იქ შვილი რომ დედასთან სტუმრად მივიდეს, საამისოდ მისგან ნებართვა წინასწარ უნდა აიღოს… როცა დედას სიმსივნე დაემართა, მაშინ რაც ვიშოვე, სულ სავადმყოფოებში გადავიხადე. შვიდი წელი ვიწვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვუშველე...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- ვიცი, რომ მარტოხელა დედა ხართ...

- დღეს უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალზე ძლიერი სამყაროში მართლა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მარტოხელა დედა ხარ. შვილების გამო ასჯერ ძლიერი და მოტივირებული ხდები და გამოსავალს, თუ მოინდომებ, ყველა სიტუაციიდან მოძებნი, ეს მე საკუთარი ცხოვრებითაც დავამტკიცე...

 

1096
თორნიკე ნინიკაშვილი

როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

1708
(განახლებულია 19:47 21.01.2021)
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა, 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემ მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულე. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა – ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე, იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ, მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა, გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი, მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგობარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენ შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ, გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

- როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს, დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა, უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650-ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზეც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია, ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისტრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა... ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება, სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

1708
შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს - ნახეთ ამჯერად რა დაუწუნეს ტელეწამყვანს

0
(განახლებულია 16:13 22.01.2021)
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ რა დაუწუნეს ცნობილ მოდელსა და ტელეწამყვანს

მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს რომ უამრავი გამომწერი ჰყავს ეს ახალი ამბავი არ არის.
მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მას მუდმივად აკრიტიკებენ, ან ცდილობენ, რომ რამე ისეთი მოუძებნონ, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.


ამჯერად შორენას ჯდომის მანერა დაუწუნეს. „ეს რა მანერაა ჯდომის“- წერს ერთ-ერთი გამომწერი. მსგავს კომენტარებს ყოველთვის მოჰყვება პასუხები სხვა გამომწერების მხრიდან, რომლებიც შორენას იცავენ. ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა პასუხმა და ქალბატონებმა ხსენებულ კომენტარს შემდეგი სიტყვებით უპასუხეს: „რა გიკვირთ, ეს დახვეწილი მანერაა“.

ბოლო დროს შორენას მიმართ დაინტერესება გაორმაგებულია, რადგან მას გადაცემა „შორენას ეფექტი მიჰყავს“, რომლის მაყურებელიც არაერთი ქალბატონია. მას ხშირად აცვია დახვეწილი, კლასიკური, ე.წ პომპეზური კაბები, რის გამოც ერთი მხრივ აკრიტიკებენ, მეორე მხრივ კი დადებითად აფასებენ.

უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ზაფხულის პერიოდში საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ის ე.წ კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული. წყვილმა ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთში გადაიღო, სადაც ისინი ერთად ისვენებდნენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება