ანა გორგაძე

ვაიმარის კამერული გუნდის ქართველი სოლისტი და გერმანელების მიერ შესრულებული „ალილო“

1728
(განახლებულია 19:11 15.01.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ გერმანიაში მცხოვრებ ანა გორგაძეს, რომელიც უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი და ვაიმარის კამერული გუნდის სოლისტია.

თბილისის მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. იყო „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტი და სწავლის პერიოდში რამდენჯერმე დაენიშნა ნიკო სულხანიშვილის სახელობის სტიპენდია, ორჯერ გადაეცა მერიის სახელობითი სტიპენდია. 2017 წელს ვაიმარის ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში მოხვდა. სწავლის პარალელურად ვაიმარის კამერულ გუნდთან ერთად გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გასვლითი კონცერტებით გამოდის. ნიჭიერ მუსიკოსს ვაიმარში დავუკავშირდით.

ანა გორგაძე
ანა გორგაძე

- ანა, მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო?

— დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლის პარალელურად შემიყვანეს თბილისის №1 ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, ანუ ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ საფორტეპიანო განყოფილებაზე. იქ ჩემი პედაგოგი ცირა კარგარეთელი იყო. მეცხრე კლასიდან საკუთარი სურვილით გადავედი საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც სასწავლებელში სულ ახალი გახსნილი იყო. ხაზგასმით იმიტომ ვთქვი ჩემი სურვილით–მეთქი, რომ გუნდში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის უდიდეს სიხარულთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, გადავწყვიტე ეს სფერო უფრო საფუძვლიანად შემესწავლა. სასწავლებელში ჩემი გუნდის პედაგოგები იყვნენ ქალბატონი ნანა მუნჯიშვილი და მაესტრო გივი მუნჯიშვილი. 2011 წელს ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, სადაც 2017 წლამდე ვსწავლობდი აკადემიური გუნდის დირიჟორობის განხრით, ქალბატონ ლიანა ლომიაშვილის კლასში. სწავლასთან ერთად მეორე კურსიდან სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებლებში ვოკალისა და გუნდის პედაგოგად ვმუშაობდი. სხვადასხვა აკაპელა გუნდებში ვმღეროდი.

ანა გორგაძე კოლეგებთან ერთად
ანა გორგაძე კოლეგებთან ერთად

- პროფესიული ზრდისთვის გერმანიაში გამგზავრებამდე ადვილი გზა არ გაგივლიათ…

— დიახ, ამ იდეის განხორციელებას დიდი დრო, ენერგია და მომზადება დაჭირდა. სხვადასხვა სახელობითმა სტიპენდიებმა სტიმული მომცა. 2017 წელს ვაიმარის ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში პროფესორ იურგენ ფუშბეკის კლასში ჩავაბარე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტი გავხდი და რომ არა მათი თანადგომა, ჩემი გერმანიაში სწავლის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა. ვაიმარი ბახისა და ლისტის ქალაქია და ასევე ევროპაში აღიარებული კულტურული ცენტრი, შესაბამისად, ჩემი მოლოდინიც გამართლდა და ყველაფერი შესანიშნავად წარიმართა. ჩვენი პირველი კონცერტები უმაღლესი სასწავლებლის კამერული გუნდის მონაწილეობით იყო, გასვლითი სახის პროგრამაში საახალწლო და საშობაო საგუნდო სიმღერები გვქონდა.

- გერმანული გუნდის მიერ შესრულებულმა „ალილომ“ დიდი მოწონება დაიმსახურა.

— დიახ, ბატონი ვახტანგ კახიძის უკვდავმა „ალილომ“ ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს სიმღერა ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ახლოა და ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, მაგრამ გერმანელებშიც თუ იმავე ემოციებს გამოიწვევდა, ნამდვილად არ მეგონა. მიხარია, რომ უცხო ხალხმა ასე გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ნამღერი და თვითონ გუნდის წევრებმაც, სადაც მხოლოდ გერმანელები მღეროდნენ, ეს ნაწარმოები მთელი გულით შეასრულეს. როდესაც „ალილოზე“ ვმუშაობდი გუნდთან, მათ თითქოს მაშინ დამინახეს და შემამჩნიეს, რომ თურმე ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც ასეთ სიმღერებს წერენ და ასე გულით მღერიან. შევეცადე სწორედ ამ სიმღერით მიმეწოდებინა ინფორმაციები საქართველოზე, რაც მათ ჩვენს პატარა ქვეყანაზე წარმოდგენას შეუქმნიდა. ასეც მოხდა, ერთ-ერთი კონცერტის ბოლოს ჩემთან მოვიდა ერთი გერმანელი ქალბატონი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ამ მუსიკით და მითხრა: „ალბათ ქართული ფესვები გაქვთ, რადგან ეს სიმღერა იმდენად გულით იყო შესრულებული თქვენს მიერ, რომ ცრემლები ვერ შევიკავე“.

ანა გორგაძე
ანა გორგაძე

- როგორ შეეგუა თქვენი ქართული ბუნება გერმანული ცხოვრების წესს და ურთიერთობებს?

— მიუხედავად იმისა, რომ ვაიმარში ჩემი ყოფნის პირველი სემესტრია, მინდა ვთქვა, რომ სამშობლოსთან და ოჯახთან სიახლოვე ძალიან დამაკლდა. ამას რაც დრო გადის, უფრო ვხვდები და ვიაზრებ. გამომდინარე იქიდან, რომ დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ქართულ ტრადიციულ ოჯახში, ჩემი სახლიდან ყოველთვის ქართული სიმღერის ხმა გამოდიოდა. მამაჩემი ქირურგი გახლდათ, თუმცა მასთან ერთად ქართულ სუფრაზე გიტარის თანხლებით სიმღერას არაფერი შეედრებოდა. ის სითბო, რომელიც ნამდვილ ქართულ ოჯახს თან ახლავს, ალბათ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია. რთულია ამ ყველაფერთან განშორება და შემდგომ ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სადაც ყველა აგური შენი ხელით უნდა დადო. ახლა ვიგრძენი, თუ რა განცდაა, როდესაც უცხოელად მოგიხსენიებენ და ხალხისთვის შენ ერთი, შეიძლება ითქვას, არც ისე ცნობილი, პატარა ქვეყნიდან ხარ, რომელსაც საქართველო ჰქვია. მათთვის შენ საქართველოს სახე ხდები, ამიტომ ერთი შეცდომის დაშვების უფლებაც არ გაქვს. გერმანული ბუნება, რომელიც ჩემთვის ძალიან მოწესრიგებულია და ყოველთვის ჩარჩოების ფარგლებში ჯდება – ალბათ ეს არის ქართული თავისუფალი ბუნებისთვის ყველაზე რთული შესაგუებელი, თუმცაღა, ამავე დროს გასათვალისწინებელი და მისაბაძი. გულწრფელად გეტყვით, გამიჭირდა ხალხთან კონტაქტში შესვლა. თითქოს მათთვის შეუმჩნეველი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირას 50-კაციან გუნდში ვმღეროდი.

- მალე შობა დღეს ალბათ „ალილოს“ შეასრულებთ გერმანელებთან ერთად და მონატრებულ ახლობლებსაც გაიხსენებთ…

— მენატრება ოჯახი, მეგობრები, თბილისის ქუჩები. ჩემმა მეგობარმა თბილისიდან ჩემი ქუჩის ფოტო გამომიგზავნა, რომელიც იმ დღეს გადაეღო. მეც წარმოვიდგინე, რომ იქ ვიყავი და გული სითბოთი ამევსო. თურმე რა პატარა რამემ შეიძლება ადამიანში დიდი ემოცია გამოიწვიოს, თანაც როდესაც შენი ქვეყნიდან მოშორებით ხარ. მენატრება  დედაჩემის გაკეთებული კერძები, რომელიც საშობაო სუფრაზე ყოველთვის განსაკუთრებულად გემრიელია. ვაიმარში აღმოვაჩინე ჩემს სახლთან ძალიან ახლოს რუსული მართლმადიდებლური ტაძარი, ალბათ ესეც სასწაულია და აგიხსნით რატომ. თბილისში ყოველ კვირას ვგალობდი ღვთისმშობლის შობის ტაძარში და ასევე ვრეგენტობდი. სულ ვამბობდი, ახლა რა მეშველება–მეთქი და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. მოულოდნელად ჩემმა მეგობარმა ვაიმარში ამ ტაძრის არსებობის შესახებ მითხრა. როდესაც ეს ტაძარი ასე ახლოს აღმოვაჩინე, ამან შოკში ჩამაგდო და ამავდროულად ძალიან გამიხარდა. იქ გავიცანი ქართველი გოგო, რომელიც ამ ტაძარში გალობს. ახლა ვმეცადინეობთ, რომ სამომავლოდ რამდენიმე ქართული საგალობლის ღვთისმსახურების დროს გალობა შევძლოთ. ტაძრის წინამძღვრისგან უკვე მივიღეთ კურთხევა და ახლო მომავალში ალბათ გალობასაც შევძლებთ. შესაბამისად, შობასაც სწორედ ამ ტაძარში შევხვდები…

 

1728
თემები:
ქართველები უცხოეთში (95)
ჰარუნ ჩიმქე

„როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი“- თურქი მეცნიერის სიყვარულად ქცეული საქმე

1948
(განახლებულია 21:00 15.01.2021)
„ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები“- ეს სიტყვები თურქ ქართველოლოგს, მეცნიერს, ჩვენი ენის უბადლო მცოდნესა და მის მოყვარულ ადამიანს, ჰარუნ ჩიმქეს ეკუთვნის...

ძნელია ქართული ენის მიმართ მისი დამსახურებები სრულად ჩამოვთვალოთ, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანს მაინც მოგახსენებთ. ის გახლავთ პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში საქართველოში დაიცვა. დისერტაციის თემა ბევრი ქართველისთვისაც ისეთი რთული საკითხი იყო, როგორიცაა „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. ბატონი ჰარუნის ინიციატივით გამოიცა ქართული ენის გრამატიკა თურქულ ენაზე.  

2005 წლიდან ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ჰარუნ ჩიმქე ქართულიდან თურქულად წიგნების თარგმნას იწყებს. მის მიერ თარგმნილი პირველი წიგნი სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“ გახლავთ. 2011 წელს თარგმნა პოეტ ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“, რასაც შვიდი ქართველი მწერლის ნაწარმოებების ნაკრები მოჰყვა. ახლახან დაამთავრა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ თარგმნა. საქართველოში მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის წოდება და იაკობ გოგებაშვილის მედალი.

ყველაზე უცნაური და რთული დასაჯერებელი კი ისაა, რომ არა რიგითი შემთხვევა ქართველებს ასეთი დიდი მეცნიერი და ჩვენი ენის მოყვარული ადამიანი არ გვეყოლებოდა...

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

 - ბატონო ჰარუნ, ნუთუ მართლა შემთხვევას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს თქვენ ამ სფეროში ხართ?

- მე მოგიყვებით როგორ და რა მოხდა სინამდვილეში და თავად გადაწყვიტეთ. როცა 1995 წელს, საქართველოში თანატოლებთან ერთად ჩამოვედი, მიზნად მქონდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე მესწავლა. თუმცა, გეგმა ერთია და სინამდვილე – მეორე. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო არჩეულ სპეციალობაზე მოხვედრა ვერ მოვახერხე და გადავწყვიტე, თურქოლოგიაზე შემეტანა საბუთები. ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში, სიცილსაც იწვევდა: თურქმა აქ რა უნდა ისწავლოსო. ქართულად ჩატარებული ლექციები უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე თურქულად. მეორე სემესტრის ერთ დღეს პრორექტორთან, ბატონ ვახტანგ ამაღლობელთან გაბრაზებული მივედი. ის, თავისი გვარის შესაბამისად, მართლა ამაღლებული სულის ადამიანი იყო. მან ამიხსნა, რომ მე არა მარტო თურქული ენის სპეციალობაზე ვიყავი, არამედ ქართულზეც ვსწავლობდი, ანუ ორპროფილიან (ქართულ-თურქულ) სპეციალობაზე მოვხვდი. გამოდის, რომ დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გავიგე, სინამდვილეში რაში ყოფილა საქმე. სწავლა გავაგრძელე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავიდან იქაც ძალიან მიჭირდა, აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, შედარებით უკეთესად ვსწავლობდი. სანთლის შუქზე საათობით მეცადინეობამ შედეგი გამოიღო.

ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი
ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დახმარება გაგიწიათ?

- საოცრად კეთილგანწყობილი ლექტორები და თანაკურსელები გვყავდა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ყველაფერში დახმარება გაეწიათ და ეს გვიმსუბუქებდა გამოუვალ სიტუაციას. ყველა თანაკურსელით უზომოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა ორი მათგანი განსაკუთრებით გამოვყო. ესენი არიან: ია სუსარეიშვილი და ლუიზა მაკარიძე, რომლებიც, სამწუხაროდ, ნაადრევად წავიდნენ იმიერში. ორივე ერთმანეთზე ნიჭიერი და კეთილშობილი იყო. ნათელი მათ ლამაზ სულს... ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ თანაკურსელს დახმარებაზე უარი არასოდეს უთქვამს.

ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე
ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე

- როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართული ენა საფუძვლიანად შეგესწავლათ?

- პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოსკენ უკვე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული ენის სპეციალისტთან დამატებით მევლო. ამისთვის პირველი ნაბიჯი გადავდგი და ჩვენი კურსის ქართული ენის გრამატიკის ლექტორს, ჩემს საყვარელ ადამიანს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ვუთხარი ჩემი ჩანაფიქრი. მან გამომიცხადა, რომ მისი დაკავებული განრიგიდან გამომდინარე, თვითონ ვერ ჩამიტარებდა ქართული ენის გაკვეთილებს დამატებით, მაგრამ რამდენიმე დღეში გამაცნო ჩემი მომავალი მასწავლებელი ქალბატონი რუსუდან საღინაძე, რომელიც არა მარტო ქართული ენის მასწავლებელი, არამედ, ჩემი სულიერი დედა, უახლოესი ადამიანი და ყველაფერი გახდა.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- ქართული ენის გრამატიკა საკმაოდ რთულია და ამის გამო ხომ არ გქონიათ სურვილი, რომ სწავლისთვის თავი დაგენებებინათ?

- რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სასაწარკვეთილებაში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი. მეცადინეობისთვის თავის დანებება ყველაზე კარგი საშუალება იყო. ქალბატონ რუსუდანს ავუხსენი, რომ არ შემეძლო ამდენის სწავლა. მან ღიმილით ამიხსნა, რომ ქართულს უფრო გამარტივებული მეთოდით მასწავლიდა. ამის მერე რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო კარგად ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრებამდე დამატებით გაკვეთილებზე სიარული არ შემიწყვეტია. მალე ქალბატონმა რუსუდანმა ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც ჩამრთო. მისივე ხელმძღვანელობით უკვე მესამე კურსიდან სტუდენტთა საუნივერსიტეტო თუ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, ბატონმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა მითხრა, თუ ასპირანტურაში გავაგრძელებდი სწავლას, მზად იყო გვერდში ყველანაირად დამდგომოდა. ბატონი ავთანდილის ძალიან მადლობელი ვარ.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- რომელი იყო ნაწარმოები, რომელიც პირველად თარგმნეთ ქართულიდან თურქულად?

- ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეშიც ჩემი ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდანი მეხმარებოდა. სხვადასხვა დროს ვთარგმნე: „ქართული მოთხრობები“, დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“ და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“.

ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი
ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი

- ქართველოლოგიაში წარმატებული საქმიანობისთვის საპატიო დოქტორის წოდება მოგენიჭათ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი აღიარება, რომელი ქართული ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- პირველი საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს 2012 წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის, ქართველოლოგიაში წარმატებული კვლევითი მუშაობისა და თურქეთ-საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. იაკობ გოგებაშვილის მედალი 2015 წლის 27 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გადმომეცა. 2019 წლის 20 ივნისს კი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს. სამივე ჯილდო ჩემთვის ფასდაუდებელია.

ჰარუნ ჩიმქე საქართველოში
ჰარუნ ჩიმქე საქართველოში

- თქვენ მუშაობდით ისეთ ურთულეს საკითხზე, როგორიცაა, ქართული ენის ზმნისწინის კვლევა. მგონი, ბევრ ქართველზე კარგად იცით ჩვენი ენა...

- პირველ კურსზე როდესაც ქართულად ორ სიტყვას ერთად ძლივს ვამბობდი, მეუბნებოდნენ: „რა კარგად იცი ქართულიო!“- ეს სიტყვები მეხივით მეცემოდა. სინამდვილეში კარგად ვიცოდი ერთი რამ - რომ არ ვიცოდი ქართული. მართალი ხართ, დღესაც ბევრი ადამიანი მეუბნება იმავე ფრაზას - „ბევრ ქართველზე კარგად იცით ეს ენაო“. რა თქმა უნდა, ამ ქებას დღესაც არ ვიღებ, შეიძლება გრამატიკა ბევრ ადამიანზე უკეთ ვიცოდე, მაგრამ ქართული სალაპარაკო ენა ქართველზე უკეთესად არასოდეს მეცოდინება... რაც შეეხება, ზმნისწინებზე მუშაობას, ქართული ენის შესწავლისას, მოსამზადებელი კურსებიდანვე, თავისი სირთულითა და მრავალფეროვნებით სწორედ ზმნისწინებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცაღა, ქართულ ზმნაში ადვილი და მარტივი საკითხი არც არსებობს. 2010 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს, თბილისში, ამავე სახელწოდებით ჩემი დისერტაცია მონოგრაფიის სახით გამოვეცი.

ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე
ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე

- თქვენი ინიციატივით ქართული ენის გრამატიკა თურქულად გამოიცა...

- ჯერ კიდევ მესამე კურსიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ არ შეიძლება ქართული ენის გრამატიკა იყოს თურქულადაც-მეთქი. მინდოდა, რომ ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ თურქებს საშუალება ჰქონოდათ, უფრო მოკლე დროში უკეთეს პირობებში ესწავლათ. 2012 წლიდან რეალურად შევუდექი ჩემი ოცნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და მარტო ვერ შევძლებდი. ამიტომ ჩემი გეგმა ვუთხარი თავისი საქმის პროფესიონალს, ქართული ენის დიდ ქომაგს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს. იმანაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს წინადადება. შემდეგ ორივეს საერთო გადაწყვეტილებით, ასევე დიდ მეცნიერს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილსაც შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა. ხუთი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად გამოვეცით სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“. ეს თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველი გრამატიკა იყო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული
ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული

- ბატონო ჰარუნ, მკითხველს შევახსენოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა არსებობს...

- დიახ, ეს 2011 წელს მოხდა და მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ მის სათავეებთან ვყოფილიყავი. რიზე მეოთხე ქალაქია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სტუდენტები ამ სპეციალობას ეუფლებიან. 2015 წელს რიზეს უნივერსიტეტში მოწვეულ ორ არაჩვეულებრივ სპეციალისტთან, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ რუსუდან  საღინაძესთან (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფილოლოგიის დოქტორ, ასოცირებულ პროფესორ მაია კიკვაძესთან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად შევადგინეთ ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა და საფუძველი ჩავუყარეთ სტუდენტთა მიღებას სპეციალობაზე, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებასა და განტკიცებაში.

ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად
ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად

- როგორც ჩანს, ქართული ენა თქვენთვის მარტო მეცნიერულად შესწავლის საგანი არ არის...

- ქართული ენა ჩემთვის და ალბათ, ბევრი უცხოელისთვისაც, აუღებელი ციხე-სიმაგრეა, აუთვისებელი განძია. რაც უფრო სიღრმეებში ჩადიხარ, მიზანს მით უფრო ვერ აღწევ. დასასრული საერთოდ არ ჩანს. ჩემი აზრით, ქართული ენის ღირსება ის არის, რომ ადამიანი, რომელიც იწყებს მისი სითბოს დაგემოვნებას, ვეღარ სცილდება მას და მის გარეშე აღარ შეუძლია. სხვანაირად რომ ვთქვა, ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები... 

ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე
ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე

- როგორ ფიქრობთ, ქართულმა ენამ შეგცვალათ?

- ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც ერთად საქართველოში მივემგზავრებოდი, მითხრა: „როცა ქართველებს ესაუბრები, სხვა ადამიანი და უფრო მოლაპარაკე ხდებიო“- სწორი შენიშვნა იყო! ბუნებით ძალიან მოლაპარაკე ადამიანი არ ვარ, მაგრამ, როცა ქართულად ვინმეს ვესაუბრები, უხილავი ძალა მემატება. შეიძლება ეს ქართველი ხალხისა და ქართული ენის სიყვარულით აიხსნას, სხვა ახსნა ამას ნამდვილად არ აქვს. ქართული ენის სწავლას ბოლო არ უჩანს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, ოდესმე შევძლებ ამ ენის სრულყოფილად დაუფლებას?... ასე რომ, დავით გურამიშვილის ნათქვამის „კენწეროში გატკბილდებისო“ იმედით ვარ. საკუთარ თავს შევამჩნიე, როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი და უარს ვერავის ვეუბნები. ამ საქმეში გულს ვდებ და მინდა სიცოცხლის ბოლომდეც ასე გავაგრძელო...

1948
ირემა ჯაფარიძე

წარსულის გაცოცხლება, „ბიჭუნეები“ და რაჭული სიმღერებით შესწავლილი სიყვარული

898
(განახლებულია 19:09 15.01.2021)
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს ზეიმობენ საქართველოში ბევრი ადამიანისთვის სწორედ ეს არის ნამდვილი ახალი წელი და ამიტომ ისინი მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს ერთგულად იცავენ.

დღეს გვსურს მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც ერთგვარი ხიდია ძველსა და ახალ თაობას შორის, რადგან რაჭაში არაერთი ტრადიცია სწორედ მისი მეშვეობით აღდგა. ეს გახლავთ ონელი საზოგადო მოღვაწე, კულტურის სფეროს გამორჩეული წარმომადგენელი ირემა ჯაფარიძე. იგი შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლების „რაჭა“ და „ბიჭუნეები“ ხელმძღვანელია. მამის დაწყებულ საქმეს დღემდე ღირსებით აგრძელებს და პატარებს საქართველოს სიყვარულს რაჭული სიმღერებით ასწავლის...

მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა და პრობლემებისა, რაც დღევანდელობას ახლავს, ანსამბლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ და ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო დღესასწაულებზე წარმატებით გამოდიან.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- ქალბატონო ირემა, „ბიჭუნეების“ სახით რაჭაში თქვენ აგრძელებთ ტრადიციას, რომელსაც თქვენმა მამამ ჩაუყარა საფუძველი...

- ორი სიტყვით ძნელია ისაუბრო ისეთ ადამიანზე, როგორიც მამაჩემი, შალვა ჯაფარიძე იყო. ის თავის თავში ძალიან ბევრ ნიჭსა და ადამიანურ ღირსებას იტევდა. პირველ ყოვლისა, ის იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ხელოვნების ყველა სფეროს მართვა ხელეწიფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ონის რაიონში კულტურული ცხოვრება ყვაოდა. ასევე თეატრის, კინოსა და მუსიკის ტრფიალი გახლდათ. რაჭა მიგრაციული ზონაა და მამამ დაინახა, როგორ ცარიელდებოდა სოფლები თანდათან და უძველესი ხალხური ნიმუშები ყოფიდან ქრებოდა. ამიტომ მან სოფლებში ექსპედიციების მოწყობა და ხალხური სიმღერის ნიმუშების აუდიოფირზე ჩაწერა დაიწყო. ამასთან ერთად პოეზიის ნიმუშებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასაც შეუდგა.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- არა მარტო აგროვებდა, ამ უნიკალურ მასალას აცოცხლებდა კიდეც...

- დიახ, ეს შეგროვილი მარგალიტები მან თავის ანსამბლ „ბუბაში“ გააცოცხლა და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანა, რითიც ისინი კიდევ უფრო პოპულარული გახადა ქვეყნის მასშტაბით. მაშინ გადაუდებელმა საჭიროებამ ახალგაზრდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის შექმნაც მოითხოვა. შალვა ჯაფარიძემ ასეთ ანსამბლს რაჭულად „ბიჭუნეები“ უწოდა. დღეს ანსამბლი, რომელიც აგერ უკვე მეშვიდე თაობას ითვლის, უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული.

- ეს ანსამბლი თქვენი დამხარებით თავის სახეს დღემდე ინარჩუნებს, ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზეც თუ მუშაობთ?

- მამის გარდაცვალების შემდეგ წილად მხვდა პატივი და ამასთან დიდი ტვირთიც, რომ ამ ორი ანსამბლის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ შალვასეული სიმღერის მანერა და ხასიათი, რაც ორივე ანსამბლს ასე გამორჩეულს ხდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გამოვეცით საიუბილეო აუდიო ალბომი, სადაც ანსამბლ „რაჭის“ ძველი და ახლანდელი ჩანაწერები შევიდა. რა თქმა უნდა, პარალელურად ვაგრძელებ უძველესი ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზე მუშაობას და უკვე არაერთ ხალხურ სიმღერას დავუბრუნეთ სიცოცხლე.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- რამდენადაც ვიცი, თქვენ ასევე საქმიანობთ სალოტბარო სკოლაშიც, სადაც ახალი თაობა ფოლკოლორის გამორჩეულ ნიმუშებს უსასყიდლოდ ეუფლება...

- დიახ, რამდენიმე წელია, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებულ სალოტბარო სკოლაში რაჭული ხალხური სიმღერის ლოტბარი გახლავართ. აქ ჩვენი ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეცნობიან და ეუფლებიან ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს. ამ სკოლის მისიაა მომავალმა თაობამ შეისწავლოს, შეიყვაროს, ყოფაში დაამკვიდროს უნიკალური ნიმუშები და ისინი მომავალ თაობებს გადასცეს. მოკლედ, ძალას არ ვიშურებთ, რომ ხალხური შემოქმედება გადავარჩინოთ. იმედია, ჩვენი ცდა და შრომა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

მეგობრებთან ერთად რაჭაში
მეგობრებთან ერთად რაჭაში

- დღეს ძველით ახალი წელია, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი ბავშვობის ახალი წელი, რა ხდებოდა ამ დროს თქვენს ოჯახში?

- ჩვენი ბავშვობის ახალი წელი ნამდვილი დღესასწაული იყო. მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ახალი წელი ბედნიერებით სავსე ყოფილიყო. ამ დღეს ტრადიციულად დიდი ნაძვის ხით და დედაჩემის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით ვხვდებოდით. ახალი წლის შემოსვლამდე ერთი დღით ადრე ნაძვის ხის მორთვის რიტუალში მთელი ოჯახი ვიღებდით მონაწილეობას. ჯერ ბავშვები ვიწყებდით მორთვას და საბოლოოდ ნაძვის ხეს დედა შეალამაზებდა. მამის წყალობით ის კადრები შემონახული გვაქვს, თუ როგორ ვრთავთ და შემდეგ ნაძვის ხის გარშემო უფროსებთან ერთად როგორ ვმხიარულობთ.

ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად
ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად

- რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გქონდათ?

- როცა 12 საათი შესრულდებოდა, ერთმანეთს გადავკოცნიდით, მამა ყველას გოზინაყის პატარა ნაჭერს მოგვაწვდიდა, რომ მთელი წლის განმავლობაში სიტკბო დაგვბედებოდა. რაღა თქმა უნდა, „ასლანურ მრავალჟამიერსაც“ დავაგუგუნებდით ხოლმე. მაშინ უკვე მოზრდილები ვიყავით, როცა ერთხელ მამა ახალი წლის შემოლოცვამდე რამდენიმე წუთით ადრე ოთახიდან გავიდა. 12 საათს წამები აკლდა, უკანა კარიდან რომ დააკაკუნა და ჩოხაში გამოწყობილი და ტკბილეულით სავსე ხონჩით გამოგვეცხადა. ეს მომენტი დღემდე თვალწინ მიდგას... მამის გარდაცვალების შემდეგ ახალი წელიც გაუფერულდა, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც მას გაუხარდებოდა.

ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნების“ მომღერლები
ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნების“ მომღერლები

- ქალბატონო ირემა, რა აკლია დღეს რაჭას? 

- სამწუხაროდ, რაჭას დღეს ადამიანები აკლია. ამ კუთხიდან ყოველთვის გაედინებოდა ინტელექტუალური თაობები და ეს შეუქცევადი პროცესია. დაცარიელებული რაჭა უმძიმესი სანახავია და ეს ყველა სფეროში მძაფრად იგრძნობა. ვფიქრობ, რომ მიგრაცია უმთავრეს საზრუნავად უნდა იქცეს ჩვენი კუთხისთვის.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- და თავად ადამიანებს რა დააკლდათ?

- ვფიქრობ, დღეს ბევრმა არ იცის სინამდვილეში რა არის სიყვარული და რა ძალა აქვს მას, ამიტომაც უჭირს კაცობრიობას სულიერად. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულის ნიჭია, რადგან „ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია“. სიყვარულის გარეშე სამყაროში არაფერი იქმნება ღირებული. ასე რომ, სიყვარულით სავსე წელს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ჩემს ულამაზეს რაჭას!..

 

898
ზორან მარუშიჩი

თბილისის „დინამომ“ სერბ თავდამსხმელთან კონტრაქტი გააფორმა

0
(განახლებულია 17:41 16.01.2021)
კარიერის უმეტესი ნაწილი მარუშიჩმა სერბეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას კლუბებში გაატარა, „დინამოში“ კი ბელარუსის ჩემპიონატიდან გადავიდა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში - თბილისის „დინამომ“ სერბ თავდამსხმელთან, ზორან მარუშიჩთან კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმება „დინამოსა“ და 27 წლის ფორვარდს შორის, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, 1+1 სისტემით არის შედგენილი. გარიგების ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

მარუშიჩი „დინამოში“ გადავიდა ბელარუსის ჩემპიონატიდან, სადაც გროდნოს „ნემანის“ სახელით ასპარეზობდა. კლუბის შემადგენლობაში სერბმა თავდამსხმელმა 28 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კარიერის უმეტესი ნაწილი მარუშიჩმა სერბეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას კლუბებში გაატარა. გამოცემა transfermarkt.com-ის შეფასებით, თავდამსხმელის შეფასება 500 ათას ევროს შეადგენს.

0