კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე

„მე დავიბადე 31 დეკემბერს 12-ს რომ ხუთი წუთი აკლდა“

747
(განახლებულია 19:12 15.01.2021)
გილოცავთ ახალ წელს!- ასე ვეუბნებით ერთმანეთს და ამით ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთ მიმატებულ წელსაც ვგულისხმობთ. ამიტომაა ახალი წლის ზეიმი ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღი, როგორიც დაბადების დღე, მაგრამ საინტერესოა როგორ ხვდება ამ დღეს ის, ვინც სწორედ 31 დეკემბერსაა დაბადებული?

მოცეკვავე, ქორეოგრაფი ლელა შოვნაძე ნატანებიდაა და სწორედ 31 დეკემბერს, 12 რომ ხუთი აკლდა მაშინ მოევლინა ქვეყანას.

ლელა შოვნაძე
ლელა შოვნაძე

-ქალბატონო ლელა, ისე, 31-ში  რას უფრო აღნიშნავდით-ახალ წელს თუ დაბადების დღეს?

- მე დავიბადე 1970 წლის 31 დეკემბერს, 12-ს რომ ხუთი წუთი აკლდა. დილით მეუბნებიან, ჯერ არ დაბადებულხარო, ღამით კი შენი დაბადების დღეს უკვე იყოო. მოკლედ, გამოდის, რომ ვიჩაგრები. ამ დღეს ახალ წელს უფრო ზეიმობენ, ვიდრე ჩემი დაბადების დღეს. თუმცა ბავშვობაში როდესაც ახალი წელი დგებოდა, მეგონა, რომ ყველა ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავდა. დედაჩემი გურულად მეჩხუბება ხოლმე, იქანეც კი არ გაჩერდი ხუთი წუთი, ახალი წელი რომ დაგეცლია პაწეო.

ლელა შოვნაძე
ლელა შოვნაძე

- ექიმები ფხიზლად თუ იყვნენ ნეტავ?

- ნამდვილად ვიცი, რომ იმ ღამეს თურმე ოზურგეთის სამშობიაროში 11 ბიჭი და ერთი გოგო, მე გავჩნდი, ამის გამო კი ცალკე მამაჩემიც მიბრაზდება.

ლელა შოვნაძე
ლელა შოვნაძე

-  არ შეიძლება, რომ ერთ ახალ წელს მაინც ცხოვრებაში თქვენი დაბადების დღეც არ გადაგეხადათ...

- მახსოვს ასეთი. ყველაზე გრანდიოზულად ჩემი დაბადების დღე მაშინ გადავიხადე, როცა 16 წლის გავხდი. ერთ წელიწადში სკოლას ვამთავრებდი. იმ დაბადების დღეზე ლამის ყველა მოვიწვიე, ვისაც კი ვიცნობდი. ჩემი სპორტის, ცეკვის და სკოლის მეგობრები - ყველა დავპატიჟე. იმდენი ხალხი მოვიდა, რომ სამი ტორტი გამომიცხვეს. იმ წელს სახლში გენერალური „უბორკა“ გავაკეთებინე, ყველა ჩემს გარშემო ბზრიალებდა. მე მარტო დავფრიალებდი და ვმღეროდი - გართობის დარგში ვიყავი. ეს დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და სამახსოვრო იყო. მას შემდეგ ასე ერთად ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად არც ვყოფილვარ.

კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე
კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე

- რას უსურებთ ამ დღეს დაბადებულებს?

- როგორც მითხრეს, მე დავბადებულვარ „პირბადით“, ანუ მარტო სახე მქონია „ბადით“ დაფარული. ამბობენ, რომ ასე დაბადებული ადამიანი იღბლიანიაო და ჩემს თავს მართლა ვთვლი იღბლიანად. 31 დეკემბერს დაბადებულებს პირველ რიგში დაბადების დღეს ვულოცავ, მერე ახალ წელს და ცხოვრების გზაზე იღბალს ვუსურვებ...

 

747
გიორგი მანდარია გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად

ლოგიკური აზროვნება გამარჯვებისთვის - ქართველი მოზარდები მსოფლიოში უძლიერესთა შორის

109
(განახლებულია 19:22 26.01.2021)
დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ქართველი მოზარდები ყველა სფეროში აღწევენ წარმატებას. ამჯერად ვისაუბრებთ ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, საიდანაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოდან წარგზავნილს მედალი არ ჩამოეტანოს.

საქართველოში ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა, ისევე როგორც მსოფლიო ოლიმპიადა, 1989 წლიდან იმართება. ოლიმპიადის ჩატარება განათლების სამინისტროს ინფორმატიკის მთავარმა ცენტრმა დაიწყო და ბატონი გიორგი მანდარია მასში პირველივე დღიდანაა ჩართული. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელშიც ოთხი ძლიერი მოსწავლეა, ის 1990 წლიდან ხელმძღვანელობს, იმავე წელს მეშვიდე გიმნაზიის მოსწავლემ, გიორგი დათუაშვილმა, რომელიც საბჭოთა ნაკრებში მოხვდა, ინფორმატიკის მეორე მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.

იქიდან მოყოლებული ჩვენი ყველა გამარჯვება ბატონი გიორგისა და მისი გუნდის სახელს უკავშირდება. ყოფილი ოლიმპიელები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დიდ ცხოვრებაშიც იყენებენ. ამის დასტურია ის, რომ ბევრი მათგანი როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, ცნობილ წამყვან კომპანიებში მუშაობს ან თავად არიან კომპანიის მფლობელები.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- ბატონო გიორგი, როგორია ჩვენი ქვეყნის წარმატების სტატისტიკა?

- საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1996 წლიდან მონაწილეობს, 2000 წელს პირველი მედალი მოვიპოვეთ და ამის შემდეგ მედლების გარეშე აღარ დავბრუნებულვართ. პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს 2010 წელს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ცოტნე ტაბიძემ მოუტანა. მეორე ოქროს მედალი, 2014 წელს, თბილისელი მოსწავლის, ნიკოლოზ სვანიძის სახელთანაა დაკავშირებული (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“).  ევროპის ოლიმპიადებში 2015 წლიდან ჩავერთეთ. ამ წლების მანძილზე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. საბოლოო ჯამში, მსოფლიოს და ევროპის ოლიმპიადებზე აღებული გავქვს: 14 ოქროს, 12 ვერცხლისა და 50 ბრინჯაოს მედალი.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- გამოდის, რომ მედლის გარეშე ფაქტობრივად, არცერთი ოლიმპიადიდან არ დავბრუნებულვართ?

- დიახ, სწორედ ასეა. ქართველი მოსწავლეები 2017 წელს, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადისა და სრულიად ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. 2018 წელს იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წელს მსოფლიო ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს, სრულიად ევროპის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადზე კი ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დავიმსახურეთ. შარშანდელ წელს რაც შეეხება, მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩვენი ქვეყანა კი, 87-დან ისევ მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- შარშან საქართველომ ონ-ლაინ უმასპინძლა ევროპის ოლიმპიადას...

- დიახ, 2020 წელს საქართველომ ევროპის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა იმას, რომ ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, საერთაშორისო კომიტეტის წევრების, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელების, თვით ოლიმპიადის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილები ადასტურებს. ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო.  ხოლო  სამეცნიერო-თემატური უზრუნველყოფა ჩვენთან ერთად, ყოფილი ოლიმპიელებით დაკომპლექტებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტებმა მოახდინა.  ქართველი მოსწავლეები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ. ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მომავალ წელს, პანდემიის პრობლემის მოხსნის შემთხვევაში, ევროპის მეხუთე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ისევ საქართველო უმასპინძლებს.

გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად
გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად

- თუ შეიძლება, რომ მკითხველს გამორჩეული მოსწავლეები გავაცნოთ...

- მოგახსენებთ. 2018 წელს, ჩვენი ორი ოქროსმედალოსნიდან (ორივე კომაროვი, სასწავლო ცენტრი „მზიური“) ნიკოლოზ ბირკაძე,  340 მონაწილიდან მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა, ხოლო გიორგი კლდიაშვილი მსოფლიოს 16 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან რვა უძლიერეს ქვეყანას შორის დასახელდა. წლევანდელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი, ლუკა მოსიაშვილი ევროპის უძლიერეს მოსწავლეთა ოთხეულში შევიდა. გარდა ამისა, გიორგი კლდიაშვილი (დემირელის სახელობის კერძო  კოლეჯის ყოფილი მოსწავლე, სასწავლო ცენტრი„მზიური“) 2017 წელს, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საქართველო კი, მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში შევიდა. ნიკოლოზ ბირკაძემ საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ის პირველია, ვინც 15 წლის ასაკში მათემატიკისა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. მანამდე გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა მეცხრე კლასში ორივე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოპოვებული. გარდა ამისა, ნიკოლოზი, 2017 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ კი, ის ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოპოვებული სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების ყველა დროის უძლიერეს ოცეულში შევიდა.

გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად
გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად

- ამ სფეროში ბევრი ინიციატივა თქვენს სახელთანაა დაკავშირებული, მათგან მნიშვნელოვანი გაგვაცანით...

- ჩემს თანამოაზრეებთან ერთად 2008 წელს დავაფუძნე „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“, რომლის გამგეობის თავმჯომარეც გახლავართ.  ეს ასოციაცია 2015 წლიდან  განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე,  საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებს საკუთარი ხარჯებით ატარებს. 2017 წელს დავაფუძნე ინფორმატიკის ოლიმპიადა „OLYINFO“, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვატარებ. ის განკუთვნილია იმ მოსწავლეების გამოსავლენად, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მომზადება, არ იციან დაპროგრამება და ალგორითმები, მაგრამ გამოირჩევიან ლოგიკური აზროვნებით, რაც ამ სფეროში უცილებელია. ასევე, 2015 წელს დავაფუძნე საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც ყოველი წლის თებერვლის ბოლოს, უნივერსიტეტის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვატარებ.

მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

- რითაა გამოწვეული ის, რომ ოლიმპიადებზე ძირითადად საქართველოს ორი ქალაქის მოსწავლეები გამოდიან?

- დიახ, გეოგრაფიული არეალი, რომელსაც ვწვდებით, საკმაოდ ვიწროა, პრაქტიკულად, მარტო თბილისითა და ქუთაისით შემოიფარგლება. ეს ძირითადად, ამ საგნის კვალიფიციური პედაგოგების სიმწირითაა გამოწვეული და იმითაც აიხსენება, რომ დღეს ჩვენს სკოლებში ინფორმატიკა არ ისწავლება. არადა, ეს საჭირო საგანი ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაპროგრამების ელემენტების სწავლებას ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, საქართველოს რეგიონებში ნიჭიერი ბავშვების დიდი პოტენციალია, რომელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ზიარება და ამ სფეროთი დაინტერესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ პროცესში ძალიან დიდია კომაროვის სკოლის,  ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ როლი, სადაც ბავშვები პატარა ასაკიდან იწყებენ მეცადინეობას და სკოლის დამთავრებამდე აგრძელებენ.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

 - ამ სკოლების გარდა ქართველი მოსწავლეების მომზადებაში ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ აფინანსებს ოლიმპიადებზე მათ გამგზავრებას?

-საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადებას და მსოფლიო თუ სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეების გამგზავრებას განათლების სამინისტრო აფინანსებს. რაც შეეხება მათ მომზადებას, არ შემიძლია არ ვახსენო რამდენიმე პედაგოგი, რომელთა უანგარო და მრავალწლიანი თავდადებული შრომის შედეგია სწორედ ის წარმატებები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ ერთად შევძელით არცთუ ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქვეყანას მაღალი დონის ცოდნით აღჭურვილ მომავალ თაობას უზრდის. მინდა ეს პედაგოგები ჩამოგითვალოთ, თბილისიდან: ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და პაატა ჯავახიშვილი, ქუთაისიდან-ვახტანგ შეკიშვილი და მალხაზ ჯინჯიხაძე. ასევე ის ყოფილი ოლიმპიელები, რომლებიც თავის ცოდნას უზიარებენ მომავალ თაობას. საბედნიეროდ ისინი უკვე არცთუ ისე ცოტა არიან და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრი წარმატებული ყოფილი ოლიმპიელი  ფინასურადაც გვეხმარება.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

- სწორედ მათ შესახებ მინდა გკითხოთ: დღეს სად სწავლობენ ან რას საქმიანობენ წარმატებული ოლიმპიელები?

  -ოლიმპიადებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება დიდ ცხოვრებაშიც წარმატების საწინდარი ხდება ხოლმე, რაც განსაკუთრებით მახარებს. ჩვენი ოლიმპიელები დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ, ხოლო ვინც დაამთავრა სწავლა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, ისეთ წამყვან კომპანიებში მუშაობენ, როგორიცაა, Google, Facebook, Quora, Dropbox, Vmware და სხვა. ზოგიც საკუთარი კომპანიის მფლობელია. იმედია, თუკი მომავალში ხელშეწყობა იქნება, საერთაშორისო ინტელექტუალურ ასპარეზზე საქართველო კიდევ არა ერთხელ იტყვის თავის სიტყვას.

 

109
ნინო კრავეიშვილი

ინდური კულტურის ფერადოვნება, ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა ანუ ნამასტე!

401
(განახლებულია 16:13 25.01.2021)
ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ ინდური ფილმი პირველად ნახა და მისი ფერადოვნებით ეგრევე მოიხიბლა.

იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის დღესასწაულივით შეგრძნება ნინო კრავეიშვილს დიდობაშიც გაყვა, ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა ერთ დღეს, ეს სიყვარული საქმედ აქცია. თბილისში მან ინდური კულტურის ცენტრი „ლაქშმი" დააარსა და მეგობრებთან ერთად დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს. აქ ყველაფერი: ინდური სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო, ხელის მოხატვაც კი თვითონ შეისწავლეს. სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა, საჭირო ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებიდან იგებდნენ.

დღეს ინდური კულტურის ცენტრი, სადაც ცეკვის ანსამბლიცაა, სოციალურ ქსელებშიც დარეგისტრირებულია და გამომწერი ყველგან ჰყავს. მათ ვიდეოარხს „იუთუბზე“ 250 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს და  მილიონობით ნახვა აქვს. მათ შესახებ დღეს ინდოეთშიც იციან, ბევრმა  მათგანმა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე პირველად სწორედ ინდური ცენტრის დახმარებით გაიგო...

ნინო კრავეიშვილი
ნინო კრავეიშვილი

- ქალბატონო ნინო, ინდურ კულტურასთან შეხება ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად ინდური ფილმებით იწყება ხოლმე, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ამ ქვეყანაზე იმდენად შორეული ბავშვობიდან ვარ შეყვარებული, რომ დაინტერესების წყარო, ცხადია, წიგნი ვერ გახდებოდა. ეს ყველაფერი ფილმებიდან დაიწყო. ინდური ფილმები დედაჩემს უყვარდა და კინოთეატრებში მათ სანახავად ბავშვობიდან დავყავდი. მაშინდელი შთაბეჭდილება, რომ ეს ზღაპრულად ფერადი და პოზიტიური ქვეყანაა, დიდხანს გამყვა. მოგვიანებით ცხადია, გავიგე, რომ სინამდვილეში ყველაფერი ნამდვილად არ არის ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა მთავარი შთაბეჭდილება არ შეცვლილა.

ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად

- როგორი იყო რეალობა, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეთ?

- რეალობა, რაც ინდოეთში, ვნახე, ასეთია: მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების ელემენტარული პირობების არქონისა, ქუჩებში მხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ნეგატივი არასოდეს მიგრძვნია. იქ ადამიანებს ყოველი გათენებული დღე უხარიათ და ელემენტარული წვრილმანები ახარებთ. ინდოეთში ფაქტობრივად, ვერ ნახავთ შავი ფერის ტანისამოსში ჩაცმულ ადამიანებს. იმ ქვეყანაში  იმდენად ადვილად იმსხვრევა ყველა კომპლექსი, იმდენად იკურნები და გრძნობ სულიერ წონასწორობას, რომ ამ ყველაფრით, შეუძლებელია არ მოიხიბლო.. ჰოდა, მეც სამუდამოდ შემეყარა ეს "სენი". დედაჩემს, ჩემს მეუღლეს და მეგობრებს ეგონათ, რომ დროთა განმავლობაში, ეს „გატაცება" გამივლიდა და მომბეზრდებოდა. თუმცა, ფაქტია, ასე არ მოხდა და ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ უფრო მყარდება და ღრმავდება. დღესდღეობით კი ყოველდღიურ საქმიანობაშიც გადაიზარდა.

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად

- სწორედ საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: როდის დააარსეთ ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში და მასში გაერთიანების რამდენი მსურველი გამოჩნდა?

- ამ ორომტრიალში ათი წლის წინ ჩავები. საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება, რომ თბილისში შემექმნა პატარა ინდური სამყარო, მოსვენებას არ მაძლევდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ფიქრისა და განსჯის გარეშე რაიმე გადაწყვეტა, ეს ნაბიჯი მგონი ერთადერთია, რაც ემოციურად გადავდგი და არასოდეს ვინანებ. თბილისს იმ დროს ინდოეთის მაშინდელი ელჩი სტუმრობდა და მზადდებოდა საღამო, რისთვისაც საკონცერტო ნომრები (ცეკვა, სიმღერა) იყო საჭირო. სასწრაფოდ შევკრიბე სოციალური ქსელებიდან ინდოეთით დაინტერესებული მეგობრის შვილები, მათი მეგობრები და ჩემს სახლში დავიწყეთ რეპეტიციები. მათ კოსტიუმებზეც თავად ვიზრუნე და დღემდე ანსამბლის ჩაუნაცვლებელი დიზაინერი ვარ. ერთადერთი, რაზეც ბევრი ვიფიქრე, ანსამბლის სახელი იყო. ინდურ ღვთაებებს მივადექი და საბოლოოდ შევჩერდი ლაქშმიზე, რაც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ქალღმერთის სახელია და ჩავთვალე, რომ დადებითი აურის მატარებელი სახელწოდება აუცილებლად გაამართლებდა. 

ნინო კრავეიშვილი ინდოეთში
ნინო კრავეიშვილი ინდოეთში

- როგორც ჩანს, გაამართლა...

- დიახ, ამაში ჯერ კიდევ მაშინ, წარმატებით ჩატარებულმა საღამომ დაგვარწმუნა. სტიმული მოგვცა საიმისოდ, რომ საყვარელი საქმე  თამამად გაგვეგრძელებინა. სულ მალე, ხუთწევრიანი ანსამბლი თანდათან გაიზარდა. ჩვენი ინტერესების სფერო გაფართოვდა და მას სიმღერა, მეჰენდის ხელოვნება და სამზარეულოც შეემატა. თანდათან უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდა და მალევე ოფიციალურად დავაარსეთ ინდური კულტურის ცენტრი, რომელსაც „ლაქშმი" ვუწოდეთ. ამჟამად მყავს საუკეთესო გუნდი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული ადამიანებით. ვცდილობ, მათ თავად მივცე  ხოლმე პასუხისმგებლობისა და საქმის სიყვარულის მაგალითი.

ინდოეთში ვიზიტის დროს
ინდოეთში ვიზიტის დროს

- საქართველოში მყოფი ინდოელები თუ არიან თქვენს ცენტრში?

- დიახ, ჩვენს გვერდით არიან ინდოელი მეგობრებიც, რომლებიც ჩვენს საკონცერტო ნომრებშიც იღებენ მონაწილეობას. რათქმაუნდა ინდოეთით და მისი კულტურით, მითუმეტეს ინდური ცეკვით დაინტერესება, ქალბატონებსა და გოგონებს შორის უფრო მეტია. თუმცა სხვადასხვა დროს ანსამბლში ინდური ცეკვით დაინტერესებული ქართველი ვაჟებიც გვყავდა. ამჟამად ქართველ გოგონებთან ერთად ანსამბლში ინდოელი სტუდენტი ვაჟები ცეკვავენ.

ინდოეთში ყოფნის დროს
ინდოეთში ყოფნის დროს

-  ინდოეთში როდის იყავით და ვისი მიწვევით?

- ინდოეთში 2020 წლის თებერვალში გავემგზავრეთ. საქართველოში ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ინდოელი, დარპან პრაშერი, რომელიც ქართველი და ინდოელი ახალგაზრდების დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ასევე ცდილობს, რომ იქაურ ინდოელებსაც გააცნოს ქართული კულტურა. სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა ნიუ-დელიში ქართულ-ინდური ფესტივალი. ქართული მხრიდან ის გახლდათ ორგანიზატორი და ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებადაც სწორედ მან მიგვიწვია. ეს იყო ასრულებული ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოდან 30 კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ: ჩვენი კულტურის ცენტრის წევრები და ქართული ცეკვის ანსამბლის „გიორგობა" არაჩვეულებრივი ბავშვები, ქორეოგრაფ ნიკოლოზ ხერხაძესთან ერთად.

- როგორ იმოქმედა ამ ქვეყნის კულტურამ და რამდენად გაამართლა ნანახმა მოლოდინი?

- ნანახმა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმის წუთიდან დაწყებული, ორი კვირის განმავლობაში პოზიტიური ემოციური შოკი მქონდა. ძნელია გადმოსცე ის განცდა, როდესაც თაჯ-მაჰალის წინ დგახარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი ათასობით ფოტოზე მქონდა ნანახი, მონუსხული შევცქეროდი და კარგა ხანს ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე. ინდოეთის ღირშესანიშნაობების სრულად სანახავად ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება. ბევრი რამ ვნახეთ საფუძვლიანად, ბევრიც მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ დროის სიმცირის გამო. თუმცა მაინც მინდა გამოვყო ჰავა-მაჰალი (ქარის სასახლე) ჯაიპურში და ლოტოსის ტაძარი (ბაჰაისტური სამლოცველო სახლი) დელიში. ცალკე თემაა ფესტივალის ფარგლებში განცდილი დაუვიწყარი ემოციები, ინდოელი მაყურებლის და ფესტივალის სტუმრების დადებითი შეფასებები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის გამოხმაურება ჩვენს საფესტივალო პროგრამაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში წარმოვადგინეთ...

- რომელი დღე იყო განსაკუთრებული?

- ყოველი დღე და საათი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. საოცრად ემოციური იყო ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა და ინდოელების და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ემოციები. ასევე არასოდეს დამავიწყდება ჯალ-მაჰალის (წყლის სასახლე) წინ ჩატარებული პატარა კონცერტი და სატელევიზიო გადაღება. როგორც იცით, ეს ულამაზესი სასახლე წყალშია აშენებული, სწორედ მის ფონზე გადაღებების დროს, ინდოელმა მაყურებელმა უზარმაზარი ალყა შემოგვარტყა. მანძილი ჩვენსა და მათ შორის იმდენად სწრაფად შემცირდა, რომ ლამის წყალში გადაგვყარეს. მათი ერთადერთი სურვილი ჩვენს მოცეკვავეებთან სელფის გადაღება იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან უმართავი ხდებოდა. რომ არა ჩვენი ორგანიზატორების და თანმხლები მამაკაცების მოხერხება, ალბათ იქიდან გაღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

- რომელიმე ინდურ ტრადიციას ხომ არ მისდევთ ცენტრში?

- ტრადიციების და მათი მკაცრი დაცვის მხრივ, ინდოეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კულტურის ცენტრში მხოლოდ ქართველები ან საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვართ, პირად ცხოვრებაში მათ ტრადიციებს ცხადია, არ ვიცავთ. თუმცა საჩვენებლად ბევრ მათგანს ვუწევთ პოპულარიზაციას. მაგალითად, უძველეს ტრადიციულ დღესასწაულ ჰოლის (ფერების დღესასწაულს), რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე დიდ ეკრანზე ინდურ ფილმში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- საქართველოში ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- 2012 წელს, თბილისში, ინდოეთის მოყვარულ ადამიანებთან ერთად, ჰოლის ფესტივალი, სპეციალური საკონცერტო პროგრამით ავღნიშნეთ. წლების მანძილზე ვაცნობდით ასევე ქართველ მაყურებელს და დაინტერესებულ ადამიანებს ინდურ ტრადიციულ სამზარეულოს, რომელიც ასევე მრავალფეროვანია. ჩვენს საკონცერტო პროგრამებში შეტანილი გვქონდა თითოეულ პერსონაზე მენიუ, რომელშიც ინდური ტრადიციული სამზარეულოს კერძები შედიოდა. კულტურის ცენტრში გვყავს ინდური სამზარეულოს შესანიშნავი სპეციალისტი დიანა სონღულაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ ინდურ კერძებს ამზადებს. 

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად

- მათი ყოველდღიური წეს-ჩვეულებებიდან რომელს გამოყოფდით?

- ბავშვობიდან მხიბლავდა მათი მისალმება შეხვედრისას, როდესაც ისინი ხელისგულებს აერთებენ, ნიკაპამდე წევენ და მისალმების ნიშნად წარმოთქვამენ სიტყვას: ნამასტე! ასევე დალოცვის ტრადიციაც, როდესაც მშობლებს ან ასაკით უფროს ადამიანს დალოცვას სთხოვენ და პატივისცემის ნიშნად მათ ფეხზე ეხებიან. ქცევის თავისებურებები ალბათ უფრო კულტურის ნაწილია, მაგრამ აქვე გამახსენდა მათი საკვების მიღების წესი როცა ისინი მხოლოდ მარჯვენა ხელით იღებენ საკვებს, რადგან მარცხენა ხელი უსუფთაოდ ითვლება.

- ოდესმე ხომ არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, წინა ცხოვრებაში ინდოელი იყავით?

- მივადექით იმ კითხვას, რომელსაც ნაცნობები თუ უცნობები, ჩემი ამ ქვეყნისადმი სიყვარულის შესახებ როცა იგებენ, ყველგან და ყოველთვის მისვამენ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიცით, რომ ჩვენი რელიგია ხელახლა განსხეულებას არ აღიარებს. თუმცა გული მაინც ეწინააღმდეგება გონებას და სადღაც გულის სიღრმეში, სულ მგონია, რომ მართლაც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. როდესაც ინდურ ფილმებში ვხედავდი ფილმის გმირს, რომელიც პენჯაბის მინდვრებში მოაბიჯებდა, არაერთხელ მქონია შეგრძნება, რომ იმ ადგილზე მეც ვყოფილვარ და გამივლია. შემდეგ კი საკუთარი ფიქრის თავადვე შემშინებია და დამიბლოკავს. ერთი სიტყვით, გულის სიღრმეში მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ნამდვილად ინდოეთში ვცხოვრობდი. იმდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგძნობდი იქ თავს, იმდენად აუხსნელი იყო ჩემი შეგრძნებები, რომ ამ ამბავზე ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ინდოეთში ჩავსულიყავი ასრულდა. ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ის სიყვარული კვდება, რომელზეც აღარ ოცნებობენ...

 

 

401
 Georgian Water and Power-ის (GWP) თანამშრომელი

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

0
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.

წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.

თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.

 

0