გოჩა გინტური ხატვის პროცესში

„კამათი სარეცხზე“ დაკარგული თბილისის ძიებაში შეთხზული მხატვრული ამბები

883
(განახლებულია 19:14 15.01.2021)
ზოგადად, ხელოვანი ადამიანი კარგად უნდა გრძნობდეს დროს, რომელშიც ცხოვრობს, ნიჭიერი მხატვარი კი ამ რეალობისგან საკუთარი შთაგონების მეშვეობით ხელოვნებას ქმნიდეს...

ისევე, როგორც ეს მხატვარ გოჩა გინტურის შემთხვევაშია. იმას ხატავს, რასაც ხედავს, მაგრამ ისე, როგორც გრძნობს. ამიტომ მისი ნამუშევრები, ერთი მხრივ, ბავშვური სისადავით გამოირჩევა და ამავე დროს ზრდასრული ადამიანის ემოციური წარმოსახვებით შექმნილი სიუჟეტებია...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

რას არ ნახავთ აქ – ძველი თბილისის გენეოლოგიურ ხეს, თანამედროვე ქალაქის უჩვეულოდ დანახულ ფრაგმენტებს, მხატვრული ხერხებით გადმოცემულ მუსიკის ბგერებს, ბავშვობაში ნანახ პერსონაჟებს, გროტესკულ თემებსა და ცნობილი მწერლების ნაწარმოებების მხატვრულ გაგრძელებასაც კი.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ბატონო გოჩა, დავიწყოთ იმით, რომ უჩვეულო სიუჟეტებს განსხვავებული სტილით ქმნით...

- ჩემეული ხედვა და სიუჟეტები არა მარტო უცხოელებს, ადგილობრივებსაც უკვირთ. მე მაქვს გრაფიკაში შესრულებული ნახატებიც, რომლებიც გრძლად მოსმული შტრიხებითაა დახატული. თბილისი გროტესკულ სტილში მაქვს დახატული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ქალაქი თანდათან ხელოვნური ხდება. თბილისს არ უხდება შუშის შენობები და ცათამბჯენები, ამით ჩვენ ვერავის გავაკვირვებთ. აუცილებლია შევინარჩუნოთ სიძველე, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურულ სტილსაც შევუხამებთ. ამიტომ თბილისის თემაზე დახატულ ჩემს ნახატებში დაკარგული ქალაქის ტკივილიცაა...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- თქვენი ერთი ნახატის სახელწოდებაა „კამათი სარეცხზე“...

- ამ ნახატზე გამოსახულია თბილისური სამეზობლო, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ასეთი ეზო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, 90-იან წლებამდე იყო. ნახატზე ქალები კამათობენ. ბავშვები იქვე დგანან და ერთმანეთს ხელით აჩვენებენ უფროსები ჩხუბობენო. ეს ყველაფერი ემოციურადაა გამოხატული და ეს ნახატი ალბათ ამიტომაცაა ყველასთვის საინტერესო.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- საბავშვო თემატიკაზეც საოცარი ნახატები გაქვთ...

- ასეთ სიუჟეტებს დღეს ბევრი ყიდულობს, საბავშვო თემატიკა განსაკუთრებით უცხოელებს უყვართ. მათ ბავშვობის ამბები ხიბლავთ. ზოგადად ასეთი ადამიანები კი გულწრფელები არიან და თავმდაბლობა ახასიათებთ.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ხატვის ხელოვნებას სად დაეუფლეთ?

- მე ჯერ თოიძის სახელობის ლიცეუმი დავამთავრე. შემდეგ სწავლა განვაგრძე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის განხრით. მისი დამთავრების მერე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელეფერწერის ფაკულტეტზე, სადაც თეატრის და ანიმაციური მხატვრობა შევისწავლე. სამი წელი შეხება და ურთიერთობა საინტერესო ხელოვანებთან, კინო და ტელემხატვრებთან მქონდა.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- როცა ანიმაცია შეისწავლეთ, არ გაგჩენიათ სურვილი ამ მხრივ გაგეგრძელებინათ საქმიანობა?

- სხვათა შორის, ძალიან პოპულარული ანიმაციური ფილმები „ბატი ტაკისო“ და „ბაბაჯანა“ ჩემი მასწავლებლის დიმიტრი ხახიტაშვილის შექმნილია. ის ჩემი სოფლიდან, მეჯვრისხევიდაა. ადრეც ბევრი მთავაზობდა, რომ კომპიუტერული გრაფიკა შემესწავლა, მაგრამ საქართველოში, უცხოეთისგან განსხვავებით, ამ სფეროს პერსპექტივა არ აქვს. დღეს ჩვენში ცოტაა ისეთი, ვინც 3D განზომილებაში მუშაობს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- არავის უთქვამს, რომ თქვენი ნახატები ანტისტრესულია?

- კი, სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, მაშინ, როცა მხატვრების პარკში დავდიოდი... მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა და ადამიანები სასოწარკვეთილები არიან. ჩემი მიზანია ნახატებით დადებითი განწყობა შევუქმნა. სხვათა შორის, კორონას თემაზეც მაქვს იუმორისტული ნახატი, მჯერა, რომ ის სიუჟეტი ახდება და დავამარცხებთ ამ სენს...

გოჩა გინტური საკუთარ ნამუშევრებთან
გოჩა გინტური საკუთარ ნამუშევრებთან

- თქვენ გაქვთ პატარა ეტიუდი, რომელიც ილიას „კაცია ადამიანის” თავისებური გაგრძელებაა...

- დიახ, მაქვს ასეთი ეტიუდი, რომელიც ილიას „კაცია ადამიანის” ჩემეული სიუჟეტით გაგრძელებაა. წარმოიდგინეთ ასეთი რამ: დღევანდელ დღეს დარეჯანი ლუარსაბისგან წამოვიდა და დროებით ქალაქში, სასტუმროში დასახლდა. გამოდის, რომ ლუარსაბის უხეშ ხასიათს ვერ გაუძლო და დროებით გაშორდა. მეორე სიუჟეტში უკვე ელიტარულ უბანში დასახლდება. ვინც შეიძინა ეს ნახატი, მისი სიუჟეტითაც დაინტერესდა და მთხოვა, ამბავი მომეყოლა. მინდა, რომ „კაცია ადამიანის“ თემა გავაგრძელო. ახლა ფანქარში 120 სმ-იან, საკმაოდ დიდ ნამუშევარზე ვმუშაობ.

ლუარსაბი და დარეჯანი ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანიდან?!
ლუარსაბი და დარეჯანი ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანიდან?!"

- საიდან ჩნდებიან ასეთი პერონაჟები?

- რა ვიცი, ჩემი გულიდან და ფიქრებიდან...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- ცნობილ კომპოზიტორებთან, ზოგადად, მუსიკასთან დაკავშირებულ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, ეს დაემთხვა, თუ თქვენ იჩენთ მსგავსი თემატიკის გამოფენების მიმართ ინტერესს?

- ეს იყო საჯარო ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული გამოფენების ციკლი, სადაც სხვადასხვა კომპოზიტორების, მაგალითად, შოპენის, ლისტის, გია ყანჩელის მუსიკას ვისმენდით და რა ასოციაცია და შეგრძნებაც გვიჩნდებოდა, იმას და ისე ვხატავდით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროცესია - საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი მუსიკალური შეგრძნებების ტილოზე გადმოცემა...

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების ყველაზე უჩვეულო შეფასება რომელი გახსენდებათ?

- როცა უცხოეთში ვიყავი, იქ მითხრეს, თქვენი მხატვრობა პოეზიას მაგონებსო. მეორემ მითხრა, მე კი თეატრს ვამსგავსებო. ასეთი შეფასებები ძალიან მიხარია, რადგან ჩემი მიზანი მარტო ნახატის გაყიდვა ხომ არაა? მაინტერესებს გავიგო, თუ რა შეგრძნებებს იწვევს ისინი.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- რეალური ცხოვრებიდან არ იღებთ თემებს?

- ვიღებ, შეიძლება გარეთ გავიდე, მაღაზიაში ან ქუჩაში ისეთი რამ დავინახო, რაც შემდეგ ხატვის მიზეზი გახდეს. როცა მე-12 სართულზე ვცხოვრობდი, ზემოდან დეტალურად ვაკვირდებდი ქალაქის ცხოვრებას, ადამიანების მოძრაობას, ცხოველის გადაადგილებას, მოკლედ, ყველაფერს და ამ დროს ვფიქრობდი, როგორ გადმომეცა ისინი. ზოგმა შეიძლება ჩემი ასეთი დამოკიდებულება უცნაურად აღიქვას, თუმცა მხატვრისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ზოგჯერ შეიძლება დანგრეული ღობეც გახდეს შთაგონების წყარო და რაღაცაზე ჩაგაფიქროს. საგნებიც ხომ „ლაპარაკობენ“? უბრალოდ, უნდა გვესმოდეს მათი ენა.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- გამოფენებს მხატვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათგან რომელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- 2012-2013 წლებში მე ვიყავი გერმანიაში, სადაც მეგობარმა მიმიწვია. იქ ხატვის ჩემეული სტილი ძალიან მოეწონათ. გერმანიაში ჩემს დარჩენაზეც იყო საუბარი, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდოდა ჩემი ქვეყნის და თბილისის დატოვება. 2012 წელს მიმიწვიეს საერთაშორისო ბიენალეზე, სადაც მონაწილეობას 50 მხატვარი ვიღებდით. როცა პანდემია დასრულდება, სავარაუდოდ, მარტის თვეში მე და ჩემს ძმას გვინდა, რომ გამოფენა მოვაწყოთ. ჩემი ძმა სხვა სტილის მხატვარია, პლენერებზე ნატურიდან ხატავს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- მხატვრების თავშეყრის ადგილი თბილისში არც ისე ბევრია...

- ასეთი ადგილები მხატვრებისთვის ზოგადად პარკებია. საერთოდ პარკების კულტურა მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ესაა ადგილი, სადაც ხელოვანები იყრიან თავს. ტურისტებსაც პირველი ვიზიტი მხატვრების პარკში აქვთ ხოლმე. ასეთი ადგილები მხატრებისთვის იმითაცაა კარგი, რომ სხვა სივრცეში ნახატების გამოფენა ძვირი ჯდება. ჩვენთან ასეთი მშრალი ხიდია, სადაც ვიცი, რომ დღეს ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება და ეს ამბავი ძალიან მახარებს.

გოჩა გინტურის შემოქმედება
გოჩა გინტურის შემოქმედება

- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემოქმედმა დროს გაუძლოს?

- უნდა შექმნას ღირებული. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ქიშპობაა. ეს, რა თქმა უნდა, რენესანსის ეპოქაშიც იყო, მაგრამ იქ წინა პლანზე მაინც ხელოვნება მოდიოდა. ჩვენთვის კი ქიშპობა და ჩაძირვაა დამახასიათებელი. გაიხსენეთ ფიროსმანს რა დავმართეთ... ზოგი მხატვარი ძირითადად მეორდება და ერთსა და იმავეს ქმნის. ნამდვილი შემოქმედი რომ იყო, სოციალურ წნეხს უნდა გაუძლო, მუდმივად უნდა ვითარდებოდე და ახალს ქმნიდე... 

883
მურღვა არდოტელი

„სამასმეერთე არაგველი“, რომელმაც საკუთარი გვარი დააარსა და სოფელი აღადგინა

18526
(განახლებულია 12:45 19.01.2021)
მურღვა არდოტელი - მასზე ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ ასეთი ქართველი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შესატანიო.

მარტო სიტყვით არ ქართველობს — ასი იმდენს, უკვე წლებია, საქმითაც ამტკიცებს. მისი ცხოვრების ამბავი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კაცმა ჩვენს დროში დიდი წინაპრის სახელი დაირქვა, საკუთარი გვარი დააარსა და საზღვართან მდებარე ხევსურთა სოფელში, რომელიც თავადვე აღადგინა, 27 წლის მანძილზე ცხოვრობს და იზამთრებს. პროფესიით ფილოლოგია და მასავით ალალ და მართალ ლექსებს წერს. ამ ადამიანის თქვენ წინაშე წარდგენას მისი ერთი, თითქმის ავტობიოგრაფიული ლექსით დავიწყებ:

ერთი მლოცველი მეცა ვარ

შენი წყლისა და ქვიშისა.

ვინა ვარ?— სამასმეერთე

არაგველთა ვარ ჯიშისა!

შენი გაზრდილი ბოკვერი,

მტრისთვის შემკვლელი თავისა,

სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,

თუ არ სამშობლო თავისა.

საერთო ნაცნობებმა გაგვაფრთხილეს, მურღვა ამჟამად ორი კვირითაა სოფელ გამარჯვებაში ჩამოსული, მიუსწარით, თორემ მერე მასთან გასაუბრებას მობილურითაც ვერ მოახერხებთო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და დავუკავშირდით.

მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად
მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად

- ბატონო მურღვა, თქვენ შესახებ ბევრი რამ მოგვითხრეს მეგობრებმა, თქვენმა მეუღლემაც გვითხრა, ოჯახის საქმეს გვერდით გადადებს ხოლმე და პირველ რიგში სახალხოს და საქვეყნოს აკეთებსო…

— მთლად ეგრეც არ არის, ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ თუკი ადამიანს, გარდა საკუთარისა, გაჩენილს დღიდან სულთამოსვლამდე, ქვეყნის პასუხისმგებლობა აქვს აღებული — სულ მასე იქნება. ზუსტად ვერ ვაყალიბებ რასაც ვგულისხმობ, მაგრამ საერთოც და საკუთარიც ხომ ერთნაირად უნდა გვტკიოდეს, მერე კიდევ… ის საერთოც ხომ საკუთარია, არა?!..

- რა კარგად თქვით: ბევრმა სწორედ ეგ ვერ გააცნობიერა — საერთოც საკუთარი რომაა… მურღვა ვინ დაგარქვათ?

— ეს ჩემი ზუსტი სახელი არ არის, პასპორტში ნიკოლოზი მიწერია — ნიკოლოზ არდოტელი ვარ. მურღვა ჩემი წინაპრის სახელია, ის მეთორმეტე საუკუნეში იყო და გიორგი ერქვა. მურღვა ფშავლებმა დაარქვეს და ფშავურ დიალექტზე ეს — მეომარს, მოშუღლარს, მოუსვენარს ნიშნავს, სალიტერატუროზე კი — მღვრიეს. მე ჩემი წინაპრის სახლ-კარი აღვადგინე და დღეს იმ ფუძეზე და კერაზე ვცხოვრობ, სადაც ის იყო. როცა პოეტმა ბაღათერ არაბულმა ჩემი ამბავი გაიგო, ასე მითხრა: ნამდვილი მურღვა ყოფილხარო. ის, ჟურნალ „ცისკრის“ დამატება გამოდიოდა – „ნობათი“ და ლექსებს იქ მიბეჭდავდა. როცა დავფიქრდები ხოლმე, იმ დიდი წინაპრის სახელი დიდი პასუხისმგებლობაცაა — თავისი ისტორიით, ცხოვრებით, ფიქრებით…

სოფელი არდოტი
სოფელი არდოტი

-  გვარი არდოტელი თქვენ დააარსეთ?

— არდოტელი ტოპონიმიკური გვარია, რომელიც 1987 წელს მე თვითონ დავაარსე. ჩვენ დიდი წინაპრის, მურღვას შთამომავლები, 560 კაცი დავრჩით. ჩემი ნამდვილი გვარი ჭინჭარაულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როცა კომუნისტებმა გვარების გადაკეთება დაიწყეს (წინაპრის სახელიდან გამომდინარე) ყველანი მურღოევებად დაგვწერეს. როცა წამოვიზარდე, მინდოდა ჩვენი გვარი დაგვებრუნებინა, მაგრამ მაშინდელი კანონი ამის უფლებას არ გვაძლევდა. იუსტიციის სამინისტროში მოხსენებაც წავიკითხე ამ თემაზე და ყველაფერი საბუთებით თვალნათლივ დავამტკიცე, მაგრამ მაშინ ჭინჭარაულად რომ დავწერილიყავით, მაინც ვერ მოვახერხე. ერთხელაც მინდა, ჩემი გვარის ისტორია გამოვაქვეყნო. მთაში ასვლამდე სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. დავიწყე ასპირანტურისთვის მზადება, მთელი ჩრდილოეთ კავკასია შემოვიარეთ, ის მხარე გამოვიკვლიეთ. პროფესიით ფილოლოგი ვარ ფოლკლორის სპეციალიზაციით, ამ თემასთან ბავშვობიდან ვარ ახლოს.

მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები
მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები

- ვიცი, რომ სოფელ არდოტში ადგილობრივი ოჯახების დაბრუნება თქვენი ოჯახით დაიწყო, როგორ მოხდა ეს ამბავი?

— ძალიან მინდოდა, მთაში დავბრუნებულიყავით, ამიტომ მურღვას შთამომავლები შევკრიბე და გადავწყვიტეთ, ჩვენი წინაპრების სოფელი არდოტი აღგვედგინა და გაგვემაგრებინა. 80-იან წლებში შატილის აშენება დაიწყო. მაშინ არდოტში მასწავლებლად დავბრუნდი და ჩემთან ერთად 15 ოჯახი დაბრუნდა. თავის დროზე ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ არდოტში გზა შეიყვანა. მაშინ შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ აქაურობის პრობლემები გადაეწყვიტათ. ამ საქმეს ჩემი ძმადნაფიცი, ზურა ჯაფარიძე უძღვებოდა. მას დიდი სამეგობრო ჰყავდა და ბევრ ხალხს იცნობდა. ზვიად გამსახურდიამ ამ საქმისთვის მილიონი გამოჰყო და ჩვენს ხეობას 300 000 მოხმარდა. კონსტანტინე გამსახურდია რომ წერს: „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო“, ქართული საქმეც ეგრეა — გულის სისხლს მოითხოვს. მაშინ გიორგი წიკლაური ხევსურეთის თემთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და საქმის კურსში იყო. ის სოფელ გამარჯვებაშიც მოვიწვიე, მთაშიც გადავიყვანე. მან დიდი საქმე გაგვიკეთა და 700 000 არდოტისკენ წამოვიდა. მაშინ ორი კვირაში მუცოდან კლდე გაჭრეს და იქ გზა გავიდა. ამან ჩვენი მთისკენ მიბრუნება გამოიწვია.

- ბატონო მურღვა, თქვენ იმ მხარეში სკოლა-ინტერნატის მასწავლებელი იყავით, მაგრამ მერე სოფელი ისევ დაცარიელდა, რატომ?

— როგორც გითხარით, არდოტში იმ დროს 15 ოჯახი მივტრიალდით და 51 სული ვიყავით. შატილში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და იქ მასწავლებელი არ ჰყავდათ. მე დავტოვე თბილისი და 1991 წელს იქ დავბრუნდი. მას მერე მთაში ვარ. მერე კი 5 წელიწადში ის ადგილები ნელ-ნელა ისევ დაცარიელდა, საშველი არ დაადგა. ყველაფერი გაჩერდა და მე შემოვრჩი იქ მასწავლებლად, ბოლოს 12 მოსწავლე მყავდა. მერე მათაც დაამთავრეს და სხვადასხვა რეგიონებში წავიდნენ. ბოლოს, 2009-2010 წლებში ჩემს ორ უფროს ბავშვს ვასწავლიდი. დუშეთის გამგეობას ვთხოვე, რომ ნუ დამიხურავთ–მეთქი სკოლას და მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი, მაგრამ მერე, სამწუხაროდ, ბავშვი აღარავინ გამოჩნდა… სოფელი ისევ დაცარიელდა და ჩემს ბავშვებს სწავლა-განათლება რომ მიეღოთ, სოფელ გამარჯვებაში ჩამოვიყვანე. მე უკვე რვა წელია, ზამთარში მარტო ვარ. ახლა ივნისამდე ვეღარ გადმოვალ.

- გავიგე, სადაც იზამთრებთ, იქ მობილური არ იჭერს და ამიტომ თქვენთან კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება?

— ეგრეა… იქ რომ მობილურმა დაიჭიროს, ამისთვის ან არდოტნის მთაზე უნდა ახვიდე, ან მუცოში და შატილში  ჩახვიდე, სხვაგან ტელეფონი არსად იჭერს. იქიდან თვეობით ვერ ჩამოვდივარ, ტელეფონის ანძა რომ იყოს, ოჯახთან შეგვეძლება დალაპარაკება. მთაში ბუნებას ვესაუბრები ხოლმე. ამწუთას არდოტში სამი კაცი ვართ, მერე მე ავალ. ერთი მოხუცი გვყავს 79-ე წელშია, იმედა, არდოტელი კაცია. ღვთისანაბარაა და არავინ ჰყავს. კიდევ მე ვარ და ზურა ადროტელი. იქ მეურნეობა მაქვს, საქონელი მყავს, მაგრამ დამხმარე არავინაა. გაზაფხულზე, მაისის მერე კი 9-10 ოჯახამდე ამოდის და მაშინ უკვე სოფელი სოფელს ჰგავს. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს წინაპრებს, ვინც იქ, საზღვრის პირას ცხოვრობდნენ და ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ჩვენ ვერ ვბაძავთ…

არდოტის ღვთისმშობელი
არდოტის ღვთისმშობელი

- მურღვა ბატონო, როგორ ეტყვით თქვენს საწუხარს ქართველებს, როგორ დააკვალიანებთ მათ?

— მე, როგორც ფილოლოგს, ქართველს, სამშობლოზე ჩაფიქრებულს და დადარდიანებულს, გულღიად გკითხავთ: ისეთი რა გაგვიჭირდა, რომ ვერ გადავნაწილდით? თბილისი, გასაგებია, ყველას გვიყვარს, დედა ქალაქია, აქედან გამოდის კულტურა, მაგრამ თუ ყველაფერი დავივიწყეთ, თუ  წინაპართა საფლავები დავტოვეთ, მთას თუ არ მივეფერეთ, მოყვარეს და (მტერი ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ) მტერსაც არ დავხვდით — ცხოვრება რაღად ეღირება?!… კაცი მაშინ უფრო ბედნიერი იქნები, როცა წინაპართა სულის წინაშე ჯვარ-ხატსა და სალოცავთა წინაშე მართალი ხარ! მარტო ის ხომ არაა, რაღაც იშოვო და გამდიდრდე? სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობაც ხომ არ უნდა დავივიწყოთ. მე ვერავის დავაკვალიანებ, მაგრამ სიმარტოვეს რომ გრძნობ, ობოლივით რომ დადიხარ შენს ქვეყანაში და ქართული ლაპარაკი გენატრება — ეს ძალიან დიდი ტკივილია! ასე არ უნდა გავწიროთ ადამიანები. ხელისუფლებას მივმართავ: ხომ შეიძლება, თანხები ისე განაწილდეს, რომ საქართველოს ეს მხარეები არ დავკარგოთ! ქართული ხასიათი და სამყარო არ უნდა გაუბრალოვდეს…

 

18526
დავით ხავთასი

„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ რატომ არ უყვარს წყალს სუსტები

89
(განახლებულია 17:59 19.01.2021)
კოლეგები „წყლის ლომს“ ეძახიან, ბავშვები, ჩვეულებრივ, „დათო მასს“. წყალბურთში მოზარდების კლუბს, რომლის მწვრთნელიცაა, „იმედი“ ჰქვია და მას მართლაც საიმედო პერსპექტივა აქვს.

საუბარია სპორტის დამსახურებულ მოღვაწესა და კვალიფიციურ სპორტსმენზე, წყალბურთელ დავით ხავთასზე. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში, რომელიც 2005-2006 წელს დაბადებულთა შორის ტარდება საწყლოსნო აუზ „ოლიმპიკში“.

ორი წლის წინ დავით ხავთასის „იმედმა“ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ბატონო დავით, წყალბურთში მისვლამდე სპორტთან ურთიერთობა სხვა სახეობით დაიწყეთ?

- ბავშვობიდანვე ძალიან სპორტული ვიყავი, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მიყვარდა. სპორტში ვარჯიში კი მძლეოსნობით დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა იყვნენ. მძლეოსნობიდან გადავედი წყალბურთზე, სადაც ჩემი მწვრთნელი ბორის მარგიევი იყო. ამაყი ვარ, რომ პროფესიული განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. ჩემს წარმატებებში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, საერთოდ, ის წლები კარგად მახსენდება...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- მოზარდი სპორტსმენების გუნდს, რომლის მწვრთნელიც ხართ, ჰქვია „იმედი“, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, რამდენად საიმედოა გუნდის მომავალი?

- მგონი, ამ ეტაპზე ვამართლებთ სახელს, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად გამოვიჩენთ თავს. მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს პირველობებში, სადაც შარშან მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ადრე მაყურებლის პრიზი მოვიპოვეთ. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.

დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს
დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს

- თქვენ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გაქვთ მინიჭებული...

- ეს წოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომანიჭა. სამწვრთნელო საქმიანობას წლებია, რაც ვეწევი. ადრე გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელი ვიყავი. დღეს 2005-06 წლებში დაბადებული წყალბურთელების მწვრთნელი ვარ.

დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად
დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად

- როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ამაყი ვარ, რადგან უმაგრესი, ნიჭიერი თაობა მოდის. სასწაული ბავშვები არიან, მოტივირებულები, ყველაფერი აინტერესებთ. შეიძლება მწვრთნელს ისეთი კითხვით მიმართონ, რომ ის დაიბნეს კიდეც. ასეთ მომენტებში ძალიან მეხმარება ის ცოდნა, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. თავის დროზე იქ შევისწავლეთ ფიზიოლოგია, ანატომია, სპორტის ფსიქოლოგია, ამიტომ შეგირდებთან მომზადებული ვარ და მათ კითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუ როგორ აუხსნის და ასწავლის მათ. საჭირო დროს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც შემიძლია გავუწიო.

დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს
დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს

- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს წყალბურთელი?

- წყალბურთელი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად უნდა ცურავდეს. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული, რომ კარგ წყალბურთელად ჩამოყალიბდეს. ასევე დადებითი პიროვნული თვისებები ჰქონდეს, რადგან ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება მწვრთნელს, ის თავის საქმეზე შეყვარებული და მოტივირებული ადამიანი უნდა იყოს, ბავშვები დისციპლინას შეაჩვიოს, რათა უფრო ამტანები გახდნენ. წყალს სუსტები არ უყვარს, რადგან ასეთებს ადვილად ერევა. ამის გარდა, სპორტსმენებმა ამ სახეობაში ისეთი თვისებებიც უნდა გამოიმუშაონ, როგორიცაა სისწრაფე და წყალში ბურთის კარგად ფლობა.

დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს
დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს

- გურულ სპორტსმენს სისწრაფე სისხლში ექნება და ამ თვისებამ ალბათ თავის დროზე გარკვეული როლი ითამაშა თქვენს წარმატებებში?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. გურულები მართლა ყველაზე სწრაფები არიან და რა გასაკვირია, რომ მეც მიყვარს სისწრაფე, ყველაფერში პირველობა და ეს თვისებები დიდ სპორტშიც მეხმარებოდა.

- ოზურგეთთან თუ გაქვთ სპორტის კუთხით შეხება?

- ოზურგეთთან და იქ არსებულ ოლიმპიურ სახლთან მუდმივი კონტაქტი მქონდა კოვიდამდე. ადგილობრივ სპორტსმენებს რეკომენდაციებს ხშირად ვაძლევ ხოლმე. მიხარია, რომ ოლიმპიური სახლის საცურაო აუზის ინსტრუქტორი და წარმატებული სპორტსმენი ზურა ღლონტი ჩემი მომზადებულია. როცა პანდემია დასრულდება, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში მასტერ-კლასების ჩატარებას ვაპირებ. ასე რომ, ყველაფერი წინაა...

დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად
დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად

- გავიგე, რომ კოლეგები, თურმე, „წყლის ლომს“ გეძახიან, რას ურჩევთ მათ, ვისაც წყლის ეშინია და ამის გამო ცურვას ვერ სწავლობს?

- ჰოო, ეს კარგი შეკითხვა დამისვით... პირველ რიგში, ეს შიში უნდა დაძლიონ. ეს კი მწვრთნელზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მიუდგება მას, ვისაც წყლის ეშინია. პროფესიონალი ამ კომპლექსს მალე მოუხსნის ნებისმიერ ადამიანს. ასეთი უამრავი ბავშვი მყოლია და მათთვის წყალიც შემიყვარებია და ცურვაც კარგად მისწავლებია.

- აუზთან დაკავშირებული ანეკდოტად ქცეული ამბავი, რომელიც ქუთაისში მოხდა, ალბათ გსმენიათ... 

- მსმენია, ეს მართლა იყო ქუთაისში, წარმოიდგინეთ, როგორი გაუბედურებული დრო იყო, რომ მწვრთნელს საშუალება არ ჰქონდა წყლიან აუზში ჩაეტარებინა ცურვის გაკვეთილები. რა ექნა იმ ადამიანს? წყალს არ უსხამდნენ, ამიტომ საჭირო ილეთებს და მოძრაობებს ხმელეთზე ასწავლიდა. ერთი მხრივ, სახალისო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მწვრთნელები ჩემ თვალში გმირები არიან...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ახლა, კოვიდის დროს საცურაო აუზები მარტო წყლის კი არა, სპოტსმენების გარეშეც დარჩა...

- დიახ, კოვიდმა გააჩერა დედამიწა და აუზებიც გაჩერებულია. ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ყველა სპორტსმენი და მწვრთნელი, ვინც ისინი პროფესიონალად ჩამოაყალიბა. კოვიდის გამო ჩემპიონატებიც შეწყდა. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, რომ ვარჯიში განვაახლოთ და საყვარელ საქმეს დავუბრუნდე...

 

89

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა - ვიდეო

0
(განახლებულია 18:53 19.01.2021)
აჭრის მთებში დიდი თოვლი მოვიდა, რომელმაც პირდაპირი გაგებით დაფარა სოფლები. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო ადგილიდან

ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო ოცდაოთხ საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილას 70 სანტიმეტრს აღწევს.

უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.

 

0
თემები:
ამინდი საქართველოში