ვუნდერკინდი გიორგი ტურავა

„პამპერსიანი გენიოსა“, ანუ რა ხდება მაშინ, როცა სახლში პატარა „ინდიგო“ გყავს

1068
(განახლებულია 19:15 15.01.2021)
ჩვენ გარშემო თითქოს უკვე მივეჩვიეთ 21-ე საუკუნის ფენომენს – „ინდიგო“ ბავშვებს, მაგრამ ყველა ახალი შემთხვევა უფრო და უფრო გვაოცებს და საგონებელში გვაგდებს, ოღონდ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით...

როგორც ყველა მისი ასაკის პატარა, ისიც ძალიან მხიარულია, მხოლოდ ცოტა უფრო ცნობისმოყვარე... იცის ორი ენის ანბანი, დათვლა, სიმღერა და გალობაც კი. ოღონდ ეგაა, რომ პამპერსს ჯერაც ვერ შეელია და, მისი ასაკისთვის უჩვეულო გატაცებების გათვალისწინებით, ახლობლებმა „პამპერსიანი გენიოსა" შეარქვეს...

გაიცანით, ორწლინახევრის გიორგი ტურავა.

ამ ეტაპზე ინტერვიუს მოცემა არ შეუძლია, რადგან მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული! ამიტომ გიორგის ამბებს მისი დედა მარიკა ქობალია გვიყვება:

გიორგი ტურავა დედასთან ერთად
გიორგი ტურავა დედასთან ერთად

- მარიკა, პირველად როდის შეამჩნიეთ გიორგის, რომ განსაკუთრებული ნიჭი აქვს?

- დაახლოებით წლინახევრის იყო, როდესაც ბაბუამ თავისი სახელი დაუწერა ფურცელზე და მხოლოდ ერთხელ წაუკითხა. ამის შემდეგ ასოებს რომ ვეკითხებოდით, რომელი რომელი იყო – გვპასუხობდა.

- ახლა ორი ენის ანბანი იცის?

- თავიდან ქართული ისწავლა, შემდეგ უკვე ინგლისური. ქართულის სწავლა ოჯახის წევრების სახელებით დავიწყეთ, შემდეგ მთლიან ანბანზე გადავედით. ახლა შეუძლია ანბანის ყველა ასო ჩამოთვალოს. ინგლისურ ანბანს ხშირად ვუმღერდი და ასე ისწავლა. ამასთან ერთად მულტფილმებიც ძალიან დაგვეხმარა, რომელთაც YouTube არხზე, სხვათა შორის, თავად პოულობს.

ვუნდერკინდი გიორგი ტურავა
პატარა მზარეულის ჩაჩსაც მშვენივრად ვიხდენთ!

- ისიც ვთქვათ, მეგრულიც რომ იცის...

- იცის, მამა ცდილობს მეგრულად ესაუბროს. ისე, რა ენაზეც ვეკითხებით, იმ ენაზევე გვპასუხობს. ათის ჩათვლით იცის მეგრულად დათვლა და „აშო ჩელას” მღერის სიამოვნებით...

გიორგი ტურავა მშობლებთან ერთად
რა ჯობია დედიკო და მამიკოსთან ერთად დასვენებას!

- ამგვარი შვილი ბედნიერებაა, მაგრამ თავიდან მისმა შესაძლებლობებმა ხომ არ დაგაფრთხოთ?

- შიშით ნამდვილად არ შემშინებია, პირიქით, ძალიან გაგვიხარდა, შოკირებულებიც ვიყავით, ყველაფერი ასე სწრაფად რომ აითვისა. ყველაზე მეტად სასიხარულო მაინც ისაა, როცა რაიმეს აჩვენებ და ასწავლი, სიამოვნებს და უხარია. ნიჭი, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ თუ ადამიანს არ აინტერესებს, მარტო ნიჭი ვერ დაეხმარება.

- ანუ ცნობისმოყვარეა და ალბათ უფროსებს გბაძავთ კიდეც?

- დიახ, ცნობისმოყვარეა, ახლის შემეცნების წყურვილი აქვს. როცა მამამისი რაიმეს გააკეთებს, აკვირდება ხოლმე და ცდილობს იგივე გაიმეოროს. ცოტა ხნის წინ ერთად ააწყვეს მატარებლის ლიანდაგები, ამ პროცესში ძალიან ჩართული იყო და უხაროდა. მე ლექსებს ვუკითხავ ხშირად და, როგორც ჩანს, პოეზიაც მოსწონს.

- გალობს კიდეც?

- დიახ, გალობს, „ღირს არს” იცის კარგად. სულ არ ვიცოდი ზეპირად თუ იცოდა, ყოველ საღამოს და ძილის დროს ისმენდა და თავისით ისწავლა. სიმართლე გითხრათ, ლაპარაკი იმდენად კარგად არ იცის, რამდენადაც სიმღერა და გალობა.

- უყვარს როცა აქებენ და რა ხდება მისთვის სტიმული?

- ბევრი ადამიანი ერთად თუ შეაქებს და ტაშს დაუკრავს, ეს არ მოსწონს. მე თუ ვეტყვი “ყოჩაღ”, “რა მაგარია”, ეს უხარია. ალბათ უფრო ხშირად ჩემთან რადგან აქვს კონტაქტი, ასე ამიტომ იქცევა. თამაშით კუბიკების აწყობა, „ლეგო” და მანქანები უყვარს. ყურადღებით აკვირდება ხოლმე და სწავლობს როგორ მოძრაობს მანქანა. სხვათა შორის, არ უყვარს როცა ვიდეოს უღებენ, როცა ხედავს, ჩერდება ხოლმე.

- ასეთი ბავშვები ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილი არიან, გიორგი არ ჩანს ასეთი...

- გიორგი, პირიქით, მხიარული, მოსიყვარულე და ძალიან თბილი ბავშვია. უყვარს ადამიანებთან კონტაქტი, სიამოვნებით ესალმება ყველას, მათ შორის უცხოებსაც. ვცდილობთ ვასწავლოთ, რომ იყოს კომუნიკაბელური, რაც ძალიან კარგად გამოსდის. უყვარს ბავშვებთან თამაში. ყველაზე მეტად საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად მიზნის მიღწევა ახარებს. მასში უკვე ვხედავთ მიზანდასახულობას, რაც გვინდა არ დავუკარგოთ და განუვითაროთ. ამ ასაკში უკვე ძლიერი ხასიათი აქვს. მომთხოვნია, რასაც ასევე არ ვუშლით.

გიორგი ტურავა
თოვლის პაპასთან წერილი ამ ელფებს გავატანეთ!

- ასეთი შესაძლებლობების ბავშვის აღზრდას ალბათ რაღაც განსაკუთრებული მიდგომაც სჭირდება, სპეციალისტს თუ ჰკითხეთ რჩევა?

- ადრე მქონდა სურვილი, რომ სპეციალისტთან კონსულტაცია გამევლო, მაგრამ პანდემიის გამო თავი შევიკავე. ასე რომ, არავისთვის არაფერი გვიკითხავს. ახლა ყველაფერს თავისით ინდომებს, არც ვაძალებ, რომ რამე ისწავლოს.

ვუნდერკინდი გიორგი ტურავა
გიორგი ტურავა

- უკვე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რომელ სკოლაში მიიყვანოთ?

- სკოლას, რა თქმა უნდა, დიდი არჩევა სჭირდება, თუმცა წინ ჯერ კიდევ ოთხი წელი გვაქვს. დღეს რომელი სკოლაც მომწონს, შეიძლება ოთხ წელიწადში ის ან დაიხუროს, ან მასზე უკეთესი გაიხსნას. თუმცა უპირატესობას ქართულ სკოლას მივანიჭებ.

ვუნდერკინდი გიორგი ტურავა
ამ დღეს ორი წლის გავხდი!

- ალბათ საბავშვო ბაღსაც განსაკუთრებულს იმსახურებს...

- რა თქმა უნდა, სკოლამდე საბავშვო ბაღსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზეც სერიოზულად ვფიქრობდით, მაგრამ ამაშიც პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედი გვაქვს, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდება და გიორგისაც თავისი ნიჭის განვითარებისთვის უფრო დიდი ასპარეზი მიეცემა...

 

1068
ჰარუნ ჩიმქე

„როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი“- თურქი მეცნიერის სიყვარულად ქცეული საქმე

686
(განახლებულია 21:00 15.01.2021)
„ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები“- ეს სიტყვები თურქ ქართველოლოგს, მეცნიერს, ჩვენი ენის უბადლო მცოდნესა და მის მოყვარულ ადამიანს, ჰარუნ ჩიმქეს ეკუთვნის...

ძნელია ქართული ენის მიმართ მისი დამსახურებები სრულად ჩამოვთვალოთ, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანს მაინც მოგახსენებთ. ის გახლავთ პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში საქართველოში დაიცვა. დისერტაციის თემა ბევრი ქართველისთვისაც ისეთი რთული საკითხი იყო, როგორიცაა „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. ბატონი ჰარუნის ინიციატივით გამოიცა ქართული ენის გრამატიკა თურქულ ენაზე.  

2005 წლიდან ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ჰარუნ ჩიმქე ქართულიდან თურქულად წიგნების თარგმნას იწყებს. მის მიერ თარგმნილი პირველი წიგნი სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“ გახლავთ. 2011 წელს თარგმნა პოეტ ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“, რასაც შვიდი ქართველი მწერლის ნაწარმოებების ნაკრები მოჰყვა. ახლახან დაამთავრა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ თარგმნა. საქართველოში მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის წოდება და იაკობ გოგებაშვილის მედალი.

ყველაზე უცნაური და რთული დასაჯერებელი კი ისაა, რომ არა რიგითი შემთხვევა ქართველებს ასეთი დიდი მეცნიერი და ჩვენი ენის მოყვარული ადამიანი არ გვეყოლებოდა...

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

 - ბატონო ჰარუნ, ნუთუ მართლა შემთხვევას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს თქვენ ამ სფეროში ხართ?

- მე მოგიყვებით როგორ და რა მოხდა სინამდვილეში და თავად გადაწყვიტეთ. როცა 1995 წელს, საქართველოში თანატოლებთან ერთად ჩამოვედი, მიზნად მქონდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე მესწავლა. თუმცა, გეგმა ერთია და სინამდვილე – მეორე. გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო არჩეულ სპეციალობაზე მოხვედრა ვერ მოვახერხე და გადავწყვიტე, თურქოლოგიაზე შემეტანა საბუთები. ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში, სიცილსაც იწვევდა: თურქმა აქ რა უნდა ისწავლოსო. ქართულად ჩატარებული ლექციები უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე თურქულად. მეორე სემესტრის ერთ დღეს პრორექტორთან, ბატონ ვახტანგ ამაღლობელთან გაბრაზებული მივედი. ის, თავისი გვარის შესაბამისად, მართლა ამაღლებული სულის ადამიანი იყო. მან ამიხსნა, რომ მე არა მარტო თურქული ენის სპეციალობაზე ვიყავი, არამედ ქართულზეც ვსწავლობდი, ანუ ორპროფილიან (ქართულ-თურქულ) სპეციალობაზე მოვხვდი. გამოდის, რომ დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გავიგე, სინამდვილეში რაში ყოფილა საქმე. სწავლა გავაგრძელე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავიდან იქაც ძალიან მიჭირდა, აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, შედარებით უკეთესად ვსწავლობდი. სანთლის შუქზე საათობით მეცადინეობამ შედეგი გამოიღო.

ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი
ჰარუნ ჩიმქე და ვახტანგ ამაღლობელი

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დახმარება გაგიწიათ?

- საოცრად კეთილგანწყობილი ლექტორები და თანაკურსელები გვყავდა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ყველაფერში დახმარება გაეწიათ და ეს გვიმსუბუქებდა გამოუვალ სიტუაციას. ყველა თანაკურსელით უზომოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა ორი მათგანი განსაკუთრებით გამოვყო. ესენი არიან: ია სუსარეიშვილი და ლუიზა მაკარიძე, რომლებიც, სამწუხაროდ, ნაადრევად წავიდნენ იმიერში. ორივე ერთმანეთზე ნიჭიერი და კეთილშობილი იყო. ნათელი მათ ლამაზ სულს... ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ თანაკურსელს დახმარებაზე უარი არასოდეს უთქვამს.

ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე
ჰარუნ ჩიმქე და ცირა ბარბაქაძე

- როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართული ენა საფუძვლიანად შეგესწავლათ?

- პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოსკენ უკვე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული ენის სპეციალისტთან დამატებით მევლო. ამისთვის პირველი ნაბიჯი გადავდგი და ჩვენი კურსის ქართული ენის გრამატიკის ლექტორს, ჩემს საყვარელ ადამიანს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს ვუთხარი ჩემი ჩანაფიქრი. მან გამომიცხადა, რომ მისი დაკავებული განრიგიდან გამომდინარე, თვითონ ვერ ჩამიტარებდა ქართული ენის გაკვეთილებს დამატებით, მაგრამ რამდენიმე დღეში გამაცნო ჩემი მომავალი მასწავლებელი ქალბატონი რუსუდან საღინაძე, რომელიც არა მარტო ქართული ენის მასწავლებელი, არამედ, ჩემი სულიერი დედა, უახლოესი ადამიანი და ყველაფერი გახდა.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- ქართული ენის გრამატიკა საკმაოდ რთულია და ამის გამო ხომ არ გქონიათ სურვილი, რომ სწავლისთვის თავი დაგენებებინათ?

- რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სასაწარკვეთილებაში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი. მეცადინეობისთვის თავის დანებება ყველაზე კარგი საშუალება იყო. ქალბატონ რუსუდანს ავუხსენი, რომ არ შემეძლო ამდენის სწავლა. მან ღიმილით ამიხსნა, რომ ქართულს უფრო გამარტივებული მეთოდით მასწავლიდა. ამის მერე რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო კარგად ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრებამდე დამატებით გაკვეთილებზე სიარული არ შემიწყვეტია. მალე ქალბატონმა რუსუდანმა ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც ჩამრთო. მისივე ხელმძღვანელობით უკვე მესამე კურსიდან სტუდენტთა საუნივერსიტეტო თუ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, ბატონმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა მითხრა, თუ ასპირანტურაში გავაგრძელებდი სწავლას, მზად იყო გვერდში ყველანაირად დამდგომოდა. ბატონი ავთანდილის ძალიან მადლობელი ვარ.

ჰარუნ ჩიმქე
ჰარუნ ჩიმქე

- რომელი იყო ნაწარმოები, რომელიც პირველად თარგმნეთ ქართულიდან თურქულად?

- ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეშიც ჩემი ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდანი მეხმარებოდა. სხვადასხვა დროს ვთარგმნე: „ქართული მოთხრობები“, დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“ და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“.

ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი
ჰარუნ ჩიმქე და დათო ტურაშვილი

- ქართველოლოგიაში წარმატებული საქმიანობისთვის საპატიო დოქტორის წოდება მოგენიჭათ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი აღიარება, რომელი ქართული ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- პირველი საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს 2012 წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის, ქართველოლოგიაში წარმატებული კვლევითი მუშაობისა და თურქეთ-საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. იაკობ გოგებაშვილის მედალი 2015 წლის 27 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გადმომეცა. 2019 წლის 20 ივნისს კი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭეს. სამივე ჯილდო ჩემთვის ფასდაუდებელია.

ჰარუნ ჩიმქე საქართველოში
ჰარუნ ჩიმქე საქართველოში

- თქვენ მუშაობდით ისეთ ურთულეს საკითხზე, როგორიცაა, ქართული ენის ზმნისწინის კვლევა. მგონი, ბევრ ქართველზე კარგად იცით ჩვენი ენა...

- პირველ კურსზე როდესაც ქართულად ორ სიტყვას ერთად ძლივს ვამბობდი, მეუბნებოდნენ: „რა კარგად იცი ქართულიო!“- ეს სიტყვები მეხივით მეცემოდა. სინამდვილეში კარგად ვიცოდი ერთი რამ - რომ არ ვიცოდი ქართული. მართალი ხართ, დღესაც ბევრი ადამიანი მეუბნება იმავე ფრაზას - „ბევრ ქართველზე კარგად იცით ეს ენაო“. რა თქმა უნდა, ამ ქებას დღესაც არ ვიღებ, შეიძლება გრამატიკა ბევრ ადამიანზე უკეთ ვიცოდე, მაგრამ ქართული სალაპარაკო ენა ქართველზე უკეთესად არასოდეს მეცოდინება... რაც შეეხება, ზმნისწინებზე მუშაობას, ქართული ენის შესწავლისას, მოსამზადებელი კურსებიდანვე, თავისი სირთულითა და მრავალფეროვნებით სწორედ ზმნისწინებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცაღა, ქართულ ზმნაში ადვილი და მარტივი საკითხი არც არსებობს. 2010 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს, თბილისში, ამავე სახელწოდებით ჩემი დისერტაცია მონოგრაფიის სახით გამოვეცი.

ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე
ჰარუნ ჩიმქე და მისი ხელმძღვანელი რუსუდან საღინაძე

- თქვენი ინიციატივით ქართული ენის გრამატიკა თურქულად გამოიცა...

- ჯერ კიდევ მესამე კურსიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ არ შეიძლება ქართული ენის გრამატიკა იყოს თურქულადაც-მეთქი. მინდოდა, რომ ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ თურქებს საშუალება ჰქონოდათ, უფრო მოკლე დროში უკეთეს პირობებში ესწავლათ. 2012 წლიდან რეალურად შევუდექი ჩემი ოცნების განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და მარტო ვერ შევძლებდი. ამიტომ ჩემი გეგმა ვუთხარი თავისი საქმის პროფესიონალს, ქართული ენის დიდ ქომაგს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს. იმანაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს წინადადება. შემდეგ ორივეს საერთო გადაწყვეტილებით, ასევე დიდ მეცნიერს, ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილსაც შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა. ხუთი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად გამოვეცით სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“. ეს თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველი გრამატიკა იყო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული
ჰარუნ ჩიმქე და ბესიკ ხარანაული

- ბატონო ჰარუნ, მკითხველს შევახსენოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა არსებობს...

- დიახ, ეს 2011 წელს მოხდა და მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ მის სათავეებთან ვყოფილიყავი. რიზე მეოთხე ქალაქია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სტუდენტები ამ სპეციალობას ეუფლებიან. 2015 წელს რიზეს უნივერსიტეტში მოწვეულ ორ არაჩვეულებრივ სპეციალისტთან, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ რუსუდან  საღინაძესთან (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფილოლოგიის დოქტორ, ასოცირებულ პროფესორ მაია კიკვაძესთან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად შევადგინეთ ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა და საფუძველი ჩავუყარეთ სტუდენტთა მიღებას სპეციალობაზე, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებასა და განტკიცებაში.

ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად
ჰარუნ ჩიმქე და მისი მეგობარი, მინდია თავდიშვილი მეუღლესთან ერთად

- როგორც ჩანს, ქართული ენა თქვენთვის მარტო მეცნიერულად შესწავლის საგანი არ არის...

- ქართული ენა ჩემთვის და ალბათ, ბევრი უცხოელისთვისაც, აუღებელი ციხე-სიმაგრეა, აუთვისებელი განძია. რაც უფრო სიღრმეებში ჩადიხარ, მიზანს მით უფრო ვერ აღწევ. დასასრული საერთოდ არ ჩანს. ჩემი აზრით, ქართული ენის ღირსება ის არის, რომ ადამიანი, რომელიც იწყებს მისი სითბოს დაგემოვნებას, ვეღარ სცილდება მას და მის გარეშე აღარ შეუძლია. სხვანაირად რომ ვთქვა, ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები... 

ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე
ჰარუნ ჩიმქე და შოთა არველაძე

- როგორ ფიქრობთ, ქართულმა ენამ შეგცვალათ?

- ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც ერთად საქართველოში მივემგზავრებოდი, მითხრა: „როცა ქართველებს ესაუბრები, სხვა ადამიანი და უფრო მოლაპარაკე ხდებიო“- სწორი შენიშვნა იყო! ბუნებით ძალიან მოლაპარაკე ადამიანი არ ვარ, მაგრამ, როცა ქართულად ვინმეს ვესაუბრები, უხილავი ძალა მემატება. შეიძლება ეს ქართველი ხალხისა და ქართული ენის სიყვარულით აიხსნას, სხვა ახსნა ამას ნამდვილად არ აქვს. ქართული ენის სწავლას ბოლო არ უჩანს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, ოდესმე შევძლებ ამ ენის სრულყოფილად დაუფლებას?... ასე რომ, დავით გურამიშვილის ნათქვამის „კენწეროში გატკბილდებისო“ იმედით ვარ. საკუთარ თავს შევამჩნიე, როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი და უარს ვერავის ვეუბნები. ამ საქმეში გულს ვდებ და მინდა სიცოცხლის ბოლომდეც ასე გავაგრძელო...

686
ირემა ჯაფარიძე

წარსულის გაცოცხლება, „ბიჭუნეები“ და რაჭული სიმღერებით შესწავლილი სიყვარული

823
(განახლებულია 19:09 15.01.2021)
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს ზეიმობენ საქართველოში ბევრი ადამიანისთვის სწორედ ეს არის ნამდვილი ახალი წელი და ამიტომ ისინი მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს ერთგულად იცავენ.

დღეს გვსურს მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც ერთგვარი ხიდია ძველსა და ახალ თაობას შორის, რადგან რაჭაში არაერთი ტრადიცია სწორედ მისი მეშვეობით აღდგა. ეს გახლავთ ონელი საზოგადო მოღვაწე, კულტურის სფეროს გამორჩეული წარმომადგენელი ირემა ჯაფარიძე. იგი შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლების „რაჭა“ და „ბიჭუნეები“ ხელმძღვანელია. მამის დაწყებულ საქმეს დღემდე ღირსებით აგრძელებს და პატარებს საქართველოს სიყვარულს რაჭული სიმღერებით ასწავლის...

მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა და პრობლემებისა, რაც დღევანდელობას ახლავს, ანსამბლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ და ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო დღესასწაულებზე წარმატებით გამოდიან.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- ქალბატონო ირემა, „ბიჭუნეების“ სახით რაჭაში თქვენ აგრძელებთ ტრადიციას, რომელსაც თქვენმა მამამ ჩაუყარა საფუძველი...

- ორი სიტყვით ძნელია ისაუბრო ისეთ ადამიანზე, როგორიც მამაჩემი, შალვა ჯაფარიძე იყო. ის თავის თავში ძალიან ბევრ ნიჭსა და ადამიანურ ღირსებას იტევდა. პირველ ყოვლისა, ის იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ხელოვნების ყველა სფეროს მართვა ხელეწიფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ონის რაიონში კულტურული ცხოვრება ყვაოდა. ასევე თეატრის, კინოსა და მუსიკის ტრფიალი გახლდათ. რაჭა მიგრაციული ზონაა და მამამ დაინახა, როგორ ცარიელდებოდა სოფლები თანდათან და უძველესი ხალხური ნიმუშები ყოფიდან ქრებოდა. ამიტომ მან სოფლებში ექსპედიციების მოწყობა და ხალხური სიმღერის ნიმუშების აუდიოფირზე ჩაწერა დაიწყო. ამასთან ერთად პოეზიის ნიმუშებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასაც შეუდგა.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- არა მარტო აგროვებდა, ამ უნიკალურ მასალას აცოცხლებდა კიდეც...

- დიახ, ეს შეგროვილი მარგალიტები მან თავის ანსამბლ „ბუბაში“ გააცოცხლა და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანა, რითიც ისინი კიდევ უფრო პოპულარული გახადა ქვეყნის მასშტაბით. მაშინ გადაუდებელმა საჭიროებამ ახალგაზრდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის შექმნაც მოითხოვა. შალვა ჯაფარიძემ ასეთ ანსამბლს რაჭულად „ბიჭუნეები“ უწოდა. დღეს ანსამბლი, რომელიც აგერ უკვე მეშვიდე თაობას ითვლის, უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული.

- ეს ანსამბლი თქვენი დამხარებით თავის სახეს დღემდე ინარჩუნებს, ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზეც თუ მუშაობთ?

- მამის გარდაცვალების შემდეგ წილად მხვდა პატივი და ამასთან დიდი ტვირთიც, რომ ამ ორი ანსამბლის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ შალვასეული სიმღერის მანერა და ხასიათი, რაც ორივე ანსამბლს ასე გამორჩეულს ხდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გამოვეცით საიუბილეო აუდიო ალბომი, სადაც ანსამბლ „რაჭის“ ძველი და ახლანდელი ჩანაწერები შევიდა. რა თქმა უნდა, პარალელურად ვაგრძელებ უძველესი ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზე მუშაობას და უკვე არაერთ ხალხურ სიმღერას დავუბრუნეთ სიცოცხლე.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- რამდენადაც ვიცი, თქვენ ასევე საქმიანობთ სალოტბარო სკოლაშიც, სადაც ახალი თაობა ფოლკოლორის გამორჩეულ ნიმუშებს უსასყიდლოდ ეუფლება...

- დიახ, რამდენიმე წელია, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებულ სალოტბარო სკოლაში რაჭული ხალხური სიმღერის ლოტბარი გახლავართ. აქ ჩვენი ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეცნობიან და ეუფლებიან ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს. ამ სკოლის მისიაა მომავალმა თაობამ შეისწავლოს, შეიყვაროს, ყოფაში დაამკვიდროს უნიკალური ნიმუშები და ისინი მომავალ თაობებს გადასცეს. მოკლედ, ძალას არ ვიშურებთ, რომ ხალხური შემოქმედება გადავარჩინოთ. იმედია, ჩვენი ცდა და შრომა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

მეგობრებთან ერთად რაჭაში
მეგობრებთან ერთად რაჭაში

- დღეს ძველით ახალი წელია, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი ბავშვობის ახალი წელი, რა ხდებოდა ამ დროს თქვენს ოჯახში?

- ჩვენი ბავშვობის ახალი წელი ნამდვილი დღესასწაული იყო. მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ახალი წელი ბედნიერებით სავსე ყოფილიყო. ამ დღეს ტრადიციულად დიდი ნაძვის ხით და დედაჩემის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით ვხვდებოდით. ახალი წლის შემოსვლამდე ერთი დღით ადრე ნაძვის ხის მორთვის რიტუალში მთელი ოჯახი ვიღებდით მონაწილეობას. ჯერ ბავშვები ვიწყებდით მორთვას და საბოლოოდ ნაძვის ხეს დედა შეალამაზებდა. მამის წყალობით ის კადრები შემონახული გვაქვს, თუ როგორ ვრთავთ და შემდეგ ნაძვის ხის გარშემო უფროსებთან ერთად როგორ ვმხიარულობთ.

ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად
ირემა ჯაფარიძე ბავშვებთან ერთად

- რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გქონდათ?

- როცა 12 საათი შესრულდებოდა, ერთმანეთს გადავკოცნიდით, მამა ყველას გოზინაყის პატარა ნაჭერს მოგვაწვდიდა, რომ მთელი წლის განმავლობაში სიტკბო დაგვბედებოდა. რაღა თქმა უნდა, „ასლანურ მრავალჟამიერსაც“ დავაგუგუნებდით ხოლმე. მაშინ უკვე მოზრდილები ვიყავით, როცა ერთხელ მამა ახალი წლის შემოლოცვამდე რამდენიმე წუთით ადრე ოთახიდან გავიდა. 12 საათს წამები აკლდა, უკანა კარიდან რომ დააკაკუნა და ჩოხაში გამოწყობილი და ტკბილეულით სავსე ხონჩით გამოგვეცხადა. ეს მომენტი დღემდე თვალწინ მიდგას... მამის გარდაცვალების შემდეგ ახალი წელიც გაუფერულდა, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც მას გაუხარდებოდა.

ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნების“ მომღერლები
ირემა ჯაფარიძე და ანსამბლ „ბიჭუნების“ მომღერლები

- ქალბატონო ირემა, რა აკლია დღეს რაჭას? 

- სამწუხაროდ, რაჭას დღეს ადამიანები აკლია. ამ კუთხიდან ყოველთვის გაედინებოდა ინტელექტუალური თაობები და ეს შეუქცევადი პროცესია. დაცარიელებული რაჭა უმძიმესი სანახავია და ეს ყველა სფეროში მძაფრად იგრძნობა. ვფიქრობ, რომ მიგრაცია უმთავრეს საზრუნავად უნდა იქცეს ჩვენი კუთხისთვის.

ირემა ჯაფარიძე
ირემა ჯაფარიძე

- და თავად ადამიანებს რა დააკლდათ?

- ვფიქრობ, დღეს ბევრმა არ იცის სინამდვილეში რა არის სიყვარული და რა ძალა აქვს მას, ამიტომაც უჭირს კაცობრიობას სულიერად. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულის ნიჭია, რადგან „ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია“. სიყვარულის გარეშე სამყაროში არაფერი იქმნება ღირებული. ასე რომ, სიყვარულით სავსე წელს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ჩემს ულამაზეს რაჭას!..

 

823
გველეთის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

0
(განახლებულია 11:36 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მთავარი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა კონკრეტულობა და პრაგმატიზმი. როდესაც ხელს მოჰკიდებთ ნებისმიერ საქმეს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის და რას მიიღებთ ამისგან. სწორედ ასე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ნებისმიერ საკითხში თავიანთ ინტერესებზე დაფიქრდებიან. რამის გაკეთება მხოლოდ ალტრუიზმის გამო ძალზე რთული იქნება. ამიტომ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და ვის რა სარგებელს მოუტანს ეს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ძალებისგან გამოფიტვა გემუქრებათ – სულ უბრალო საქმის გაკეთებაც კი გაგიჭირდებათ. ამიტომ სამომავლოდ გადადეთ ყველაფერი, რისი გადადებაც შესაძლებელია. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ყველაფერში ქაოსი შეიტანოთ. ამის ბრალი იქნება არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ პესიმისტური სულიერი განწყობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი იქნება, თავს შეუძახოთ და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომ ეს დღე საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გააჩენს.

კურო: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში თავის გამოჩენა შეგიძლიათ. თუმცა მთავარი მაინც დღეს გრძნობათა სპონტანურობა იქნება – ვნებათა მთელი „ქარტეხილი“. ამის საბაბი ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს – ღიმილი, პაემანზე დაპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები, რამე მინიშნება... თქვენი დღე ცისარტყელის ყველა ფერით აივსება და ყველაფერი იმ განცდების წყალობით, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

ტყუპი: დღეს რაღაც საკითხში გამარჯვება გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან ვინმესთვის კამათის მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც გადადგათ ნაბიჯი და კონკურენტები უკან მოიტოვოთ. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველს და კარიერის საკითხებს მიხედოთ.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ და შანსები რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებებია საჭირო. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მოქნილი და არასტანდარტული მოქმედება. ამისთვის კი ყველა თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული სული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ანუ გაქვთ შანსი, „მინუსი“ „პლუსად“ აქციოთ.

ლომი: ესაა დღე, როდესაც რეალობად შეგიძლიათ აქციოთ ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი. ვარსკვლავები დიდ წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამუშაო იქნება ეს, ბიზნესი, სიყვარული თუ სხვა, არ ინანებთ: გეგმები დროთა განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს „დაწვრილმანება“ და დროის უაზრო და ყოველდღიურ საზრუნავზე დახარჯვა – არ შეუშინდეთ ოცნებებს და იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ.

ქალწული: დღეს რაღაც საკითხში არჩვენის წინაშე დადგომა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ამ გადაწყვეტილებაზე შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ აჰყვეთ ემოციებს, სხვების რჩევებს, „მკითხაობას“. საკითხზე კარგად დაფიქრდით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და ეს თქვენი არჩევანი შემდეგ სანანებელი არ გაგიხდებათ.

სასწორი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ დაინახავთ და მისკენ მიმავალ გზაზე მომთხოვნი იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავისადმი. გასაკვირი არ იქნება, თუ უკმაყოფილო იქნებით და გააკრიტიკებთ ირგვლივ მყოფებს. თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ, საქმე კარგად წავიდეს, გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ მათ ექსპლუატაციას ეწევით და მათზე მბრძანებლობთ. სხვათა შორის, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ არა ადამიანებთან ურთიერთობებში.

მორიელი: დღეს „დამოუკიდებლობის“ დღე გაქვთ. ირგვლივ მყოფთა მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩხუბის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება, არაა საჭირო კამათი, საკმარისი იქნება რჩევის კითხვა – თქვენ ბრძენი მრჩევლის როლს სიამოვნებით შეასრულებთ, გაუზიარებთ მას საკუთარ გამოცდილებას, მხარს დაუჭერთ და დაეხმარებით.

მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა დღეს მხოლოდ შესაშური იქნება: აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არაა გასაკვირი, თუ ასეთი შემართებითა და მოზღვავებული ძალებით ყველაზე რთულ და მწვავე საკითხებს შეეჭიდებით, იქნება ეს ძველი, თაროზე შემოდებული საქმეები თუ ახალი პროექტი. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, ეცადოთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი „რკინისებრი“ თავდაჯერებულობით.

თხის რქა: დღეს მოულოდნელი სირთულეები გელოდებათ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უამრავი ძალა და ენერგია გექნებათ მათთან საბრძოლველად. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან, რომ აღიჭურვოთ ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ყოველი ვითარების უკან ხომ, როგორც წესი, კონკრეტული ადამიანები დგანან, ხოლო ადამიანებთან შეთანხმებას აუცილებლად შეძლებთ.

მერწყული: დღეს თქვენთვის მშრალი ფაქტებისა და ციფრების დღეა, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად არის საჭირო, გართულდება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიციაა. სამაგიეროდ, გათვლები და ფაქტების ანალიზი იოლად გამოგივათ. მიუძღვენით დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს – არ ინანებთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგალითად, გადასახადების მოწესრიგება, ბიუჯეტის გათვლა და გენიალური გეგმის შედგენა, თუ როგორ „გახდეთ მილიონერი“.

თევზები: დღეს რისკავთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შეგიძლიათ, უარი უთხრათ ირგვლივ მყოფებს დახმარებაზე, უარყოთ მათი რჩევები და ეს იმით გაამართლოთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით ყველაფერი. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ თუნდაც 100 პროცენტით იყოთ რამეში დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, იფიქროთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ. წარმატებებს დღეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიაღწევთ.

0