ნასიმ ტალები

ბევრი კარგი და უბრალო სიახლე ჯობია თუ ერთი და შესანიშნავი

130
(განახლებულია 12:45 09.12.2020)
თუ დილით გარკვეულ დონეზე მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დღე, ცოტათი მკვდარი ხართ, და რაც უფრო ზუსტია თქვენი ცოდნა – მით უფრო მკვდარი ხართ

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ლიბანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსის, ესეისტის, ლიტერატორის, ეკონომისტის ნასიმ ტალების მოსაზრებებს.

ნასიმ ნიკოლა ტალების (Nassim Nicholas Taleb1960) სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა შემთხვევითი და არაპროგნოზირებადი მოვლენების გავლენის შესწავლა მსოფლიო ეკონომიკასა და საბირჟო ვაჭრობაზე. არის ეკონომიკური ბესტსელერების „შავი გედი" (2007) და „საკუთარი ტყავის რისკის ფასად. ყოველდღიური ცხოვრების ფარული ასიმეტრია" (2018).

· უბედურება ისაა, რომ ჩვენი იდეები თავში ჩაგვეჭედება ხოლმე: ერთხელ თუ რამე თეორიას მოვიფიქრებთ, მასზე უარს უკვე აღარ ვიტყვით. ამიტომ მოგებული ყოველთვის ისაა, რომელიც არ ჩქარობს თეორიებთან დაკავშირებით... არ დაივიწყოთ, რომ იდეებს საკუთრებად აღვიქვამთ, ხოლო საკუთრებასთან განშორება ყოველთვის ძნელია.

· ადამიანური წამოწყებების წარმატება, როგორც წესი, უკუპროპორციულია მათი შედეგების პროგნოზირებადობისა.

· წაკითხული წიგნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წაუკითხავი.

· სინამდვილეში, რაც უფრო ფართო თვალსაწიერი გაქვთ, მით უფრო გემატებათ წაუკითხავი წიგნების თაროები.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

· მეცნიერებას ერუდიციის გარეშე კატასტროფა მოაქვს. ამიტომ დავრჩი კვანტ–ინჟინრად და ტრეიდერად, თუმცა საკუთარი ცხოვრება ამგვარად მოვიწყვე: ვმუშაობდი მინიმუმს, მაგრამ ინტენსიურად და გატაცებით, ყურადღებას ვაქცევდი მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ასპექტებს, არასდროს ვესწრებოდი საქმიან შეხვედრებს, ვერიდებოდი „წარმატებული ადამიანების“ კომპანიას, რომლებიც არ კითხულობენ წიგნებს, და დაახლოებით ყოველ მეოთხე წელიწადს მთლიანად ვუთმობდი სიცარიელის ლიკვიდაციას საკუთარ სამეცნიერო და ფილოსოფიურ განათლებაში.

· დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩვენი მეცნიერები და პოლიტიკოსები ხელახლა აღმოაჩენენ იმას, რაც ყოველთვის ცნობილი იყო ჩვენი წინაპრებისთვის: ყველაზე ფასეული ადამიანურ კულტურაში – ეს პატივისცემაა.

· არ მისცეთ ნარკომანს ნარკოტიკი, თუ მას „ლომკა“ დაეწყო. ვალში გადავარდნა ვალების პრობლემის გადასაწყვეტად – ეს ჰომეოპათია არაა, ეს თვითმკვლელობაა. საკრედიტო კრიზისი დროებითი პრობლემა კი არ არის, არამედ სტრუქტურულია. გვჭირდება მკურნალობის სრული კურსი და რეაბილიტაცია.

· დღეს რომ ჩვენს პლანეტაზე იცხოვრო, უფრო მეტი წარმოსახვაა საჭირო, ვიდრე ეს ბუნებამ გვარგუნა. ჩვენ წარმოსახვის ნაკლებობა გვაქვს და მას სხვებშიც ვთრგუნავთ.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

· ჩაქრობის პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ოცნებებს მოგონებები ანაცვლებს და მთავრდება, როდესაც ერთი და იგივე მოგონებები დომინირებს და სხვა მოგონებებს განდევნის.

· თუ დილით გარკვეული სიზუსტით მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დღე, ცოტათი მკვდარი ხართ, და რაც უფრო ზუსტია თქვენი ცოდნა – მით უფრო მკვდარი ხართ.

· ბევრად უფრო დიდ ძალაუფლებას მოიპოვებ ცხოვრებაზე, თუ თავად შეარჩევ კრიტერიუმებს.

· ადამიანები ნებისმიერ თქვენს სიტყვას ირწმუნებენ, თუ მათ წინაშე სისუსტეს არ აჩვენებთ; ისინი, მხეცების მსგავსად, უმცირეს ბზარსაც კი ხედავენ თქვენი თავდაჯერებულობის ჯავშანში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი სააშკარაოზე გამოვა. თავდაჯერებულობის საუკეთესო ჩარჩო კი გარკვეული თავაზიანობა და მეგობრულობაა, რომელიც ადამიანებით მანიპულირების საშუალებას იძლევა მათი განაწყენების გარეშე.

· უბრალოდ, შეინარჩუნე სიმშვიდე, გაიღიმე და შეაფასე მოლაპარაკე და არა მისი სიტყვა, და კამათში გაიმარჯვებ.

· სამი უკიდურესად საშიში დამოკიდებულება: ჰეროინი, ნახშირწყლები და ყოველთვიური ხელფასი.

· მოკრძალებას, ჩვეულებრივ, წარმატებით შენიღბულ ამპარტავნებას უწოდებენ.

· თქვენი რეპუტაციისთვის ყველაზე საშიშია ის სიტყვები, რომლებსაც მის დასაცავად წარმოთქვამთ.

· სინამდვილეში ბედნიერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ხშირად გვეუფლება სასიამოვნო გრძნობა... და არა ის, თუ რამდენად ძლიერია ეს გრძნობა... ბევრი უბრალოდ კარგი სიახლე უკეთესია, ვიდრე ერთი შესანიშნავი სიახლე.

· შესაძლოა, ეს არის კიდეც ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა: უნარი, შეხედო სამყაროს და მისგან მოწონების ჟესტს არ დაელოდო.

130
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (70)
ეკატერინე თხელიძის სახლი

ბათუმიდან სოფელში გადასახლებული დედა-შვილის მეურნეობა: ყველგან დამყავს ყანაში, ბოსტანში

459
(განახლებულია 23:55 13.04.2021)
უკვე მეორე წელია ეკატერინე თხელიძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმიდან სოფელ ძველ აბაშაში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე მეურნეობა მოაწყო. სოფელში საქმე ყოველთვის ბევრია, ამის მიუხედავად, არც პატარა მარიამს აკლებს ყურადღებასა და ენერგიას და არც საყვარელ საქმეს.

სოფლად „ნათხოვარ“ სახლში ახალი ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ეს არ იყო მარტივი. თუმცა კეთილი ადმაიანების თანადგომით კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა. დათესა ბოსტნეული, გამოიყვანა ჩითილები, ზრდის ფრინველებს. უფრო ვრცლად ამ ყველაფერზე ეკატერინე თავად მოგიყვებათ.

- პროფესიით ვარ მედდა, ასევე ბუღალტერი. მაქვს ბუღალტრად მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. ბოლოს ვმუშაობდი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ბათუმის ნავთობტერმინალის მონიტორინგის ოპერატორად, საიდანაც შვილის გაჩენის შემდეგ გამათავისუფლეს. პარალელურად „ვტაქსაობდი“ ბათუმის ერთ-ერთ ფირმაში, ვაკეთებდი შილაკს სახლში მისვლით და ვალაგებდი სახლებს.

ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად

- დღეს რაიონში ცხოვრობთ, რატომ მიიღეთ სოფლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- ბათუმში ქირით ვცხოვრობდი. როგორც აღვნიშნე, სამსახურიდან გამათავისუფლეს. მალევე დაიწყო პანდემია და შემოსავლის ყველა წყარო გაქრა. ვეღარ გადავიხადე ქირა, ვეღარ გავწვდი ხარჯებს და ამან განაპირობა სოფლად გადმოსვლა.

- როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება სოფლად, როგორ გეგმავდით აქ ცხოვრებას და რეალურად რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

- მე ჩემი სოფელი არ მაქვს, ამიტომ მოვიძიე მიტოვებული სახლი და იქ გადავედი ზაფხულში. იქაურობა ფაქტიურად გატყევებული იყო. ნელ-ნელა მივყვებოდი და ვასუფთავებდი. პარალელურად ვიღებდი პატარა ვიდეოებს და ვდებდი „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“.

რადგან არ მყავდა არაფერი და ფაქტიურად არც ყიდვის საშუალება მქონდა, ჯგუფში გამოჩნდა ბევრი კეთილი ადამიანი, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს და შევიძინე ქათმები, იხვები, გოჭები. დავიწყე საბოსტნე ადგილების გასუფთავება და გამზადება, ნიორი დავთესე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მერე მომთხოვეს იქაურობის დატოვება. სხვა გზა არ იყო, უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. მივმართე ისევ „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფს“. დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი მიტოვებულ სახლს, რომელშიც უსასყიდლოდ ვიცხოვრებდი და მივხედავდი.

ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ პოსტს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. ვინაიდან საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და სხვისი დახმარებით ვარსებობდი, პრიორიტეტად ჩავთვალე სახნავ-სათესი ტერიტორიის მქონე ადგილი და ავარჩიე აბაშის რაიონის სოფელი ძველი აბაშა.

ვგეგმავ მოვიყვანო იმდენი მარცვლეული, რაც მეყოფა ფრონველის გამოსაკვებად, რომ ყიდვა არ დამჭირდეს. ასევე ბოსტნეული, რათა ოჯახში გამოვიკვებოთ და ზამთრის მარაგიც გავაკეთო. პრობლემებიდან ყველაზე დიდი ისაა, რომ მიწის დამუშავება ძალიან ძვირი უჯდება გლეხს. ჩემთვის, ნულიდან დამწყებისთვის კი უფრო მეტად რთულია.

ეკატერინე თხელიძის ეზო
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ეზო

- მეურნეობის წამოწყებას თავისებური ცოდნა და ენერგია სჭირდება. მიწაზე მუშაობა მანამდეც იცოდით?

- რომ ვთქვა ვიცოდი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც მთლად უცოდინარი არ ვყოფილვარ. ბავშვობაში არდადეგებს სოფელში ვატარებდი და ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე. შემდეგ „იუთუბის“ ვიდეოები დამეხმარა ინფორმაციის მიღებაში. თანაც, იცით, როგორ არის? რომ მიხვალ მიწასთან, მცენარესთან, ის უკვე თვითონ გკარნახობს როგორ უნდა მოეპყრო და შენც მიყვები. ასევე ჯგუფში „მე მიყვარს სოფელი“ ძალიან ბევრ საჭირო რჩევას ვიღებ. მოკლედ, მაინც ყველაზე მთავარი მონდომებაა, არ უნდა დაგეზაროს და ყველაფერი გამოვა.

- რა სახის პროდუქტი მოგყავთ, ხეხილი ან ბოსტნეული თუ გაქვთ და ახდენთ თუ არა მათ რეალიზებას? რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მე წელს გადმოვედი აქ საცხოვრებლად. დათესილი მაქვს კარტოფილი, რომელიც უკვე ამოსულია და კიდევ ვაპირებ დათესვას. ასევე დათესილი მაქვს ოხრახუში, ქინძი, კამა, შავი ფხალი, ბოლოკი, პრასა. ჩითილები მაქვს პომიდორის, ბულგარულის, კიტრის, ნესვის. ვაპირებ დავთესო სიმინდი, ლობიო, ცოცხი, ძაძა, სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფოთოლი და მწვანე ხახვი. საჩუქრად მივიღე 20 ძირი უეკლო მაყვლის, 50 ძირი ჟოლოს და 50 ძირი მარწყვის სან-ანდრიასის ნერგები, რომლებიც დარგული მაქვს. ხილი აქ ბევრია: თუთა, ბალი, ტყემალი, კარალიოკი, თხილი. მე დავრგე ხუთი ძირი ალუბალი. ჯერ ვერაფრის რეალიზაციას ვერ ვახდენ, რადგან დამწყები ვარ, მაგრამ გეგმები და იმედები მაქვს.

მივყვები ამინდის მიხედვით საქმეებს. ჩემი ყოველდღიურობა არის ჩემი პატარა შვილი, კრუხი და 15 წიწილი, ხუთი იხვი და სამი ქათამი. მაჩუქეს 20 წიწილი, მაგრამ ჯერ ვერ მომყავს სახლში, აღდგომის მერე მოვიყვან. თუ ისეთი მძიმე სამუშაოა, როგორიცაა, მაგალითად, ხის მოჭრა, მაშინ მოდის მეგობარი ან უფროსი შვილი და მეხმარებიან. დანარჩენ საქმეს მარტო ვაკეთებ.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- მცირეწლოვანი შვილი გყავთ, მასთან ერთად როგორ ახერხებთ მუშაობას?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ძალა ჩემი მარიამია. მის გამო ვარ აქ. მის გამო ვიტან ყველაფერს და მის გამო მთებს გადავდგამ. მარიამისთვის სულ ერთია მე დასაბარი მაქვს, გასათოხნი თუ სხვა საქმე, მას ყველა წუთს ყურადღება და მოფერება უნდა.

ამიტომ ყველა წუთს მიწევს მივატოვო სამუშაო, მას ჩავეხუტო, ან ძუძუ მოვაწოვო, ან გავეკიდო არაფერი იტკინოს (არც ისე დიდი ხანია, რაც გველი იყო ეზოში და მას მერე ძალიან მეშინია). წესით, დღის განმავლობაში რასაც უნდა ვასწრებდე, იმის მესამედს ვაკეთებ, მაგრამ გულს არ ვიტეხავ. მიმყავს სადაც მე ვარ, დავსვამ, ახლოს დავუდებ ტელეფონს, რომელიც, სხვათა შორის, მოვიგე „ნოვას“ კონკურსში - ნომინაციაში „ქალმა თუ მოინდომა“.

რადგან სიტყვამ მოიტანა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „ნოვას“ კოლექტივს. ჯერ რომ გამარჯვებულად დამასახელეს და მერე სულ სხვა პრიზი მიწევდა, რომელსაც მე ვერ მივიღებდი. როცა გაიგეს ტელეფონი არ მქონდა, დიდსულოვნად შემომთავაზეს იმ პრიზის სანაცვლოდ ტელეფონი და სახლში მომიტანეს. მართლაც ამ სიკეთისთვის მადლობის გადასახდელი სიტყვები არ მყოფნის.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- როცა თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ ატარებთ შვილთან ერთად?

- ფაქტიურად თავისუფალ დროსაც და სამუშაო დროსაც შვილთან ერთად ვატარებ. ყველგან თან მყავს სადაც ვარ - ყანაში, ბოსტანში, მინდორში.

როცა სახლში ვართ, ვაწყობთ მარის საყვარელ ფერად პირამიდას ან კუბიკებს. ჯერ ვერ საუბრობს, ამიტომ ვცდილობ სულ მის გვერდით ვიყო, სულ ვუყურო, ვუსმინო, რომ არც ერთი მისი ჟესტი არ გამომრჩეს.

- რა გეგმები და ოცნებები გაქვთ?

- როცა სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე, დიდხანს ვიფიქრე რა არის სოფელში ისეთი, რაც არ არის ქალაქში და რას გავაკეთებ მე, მთელი ცხოვრება ქალაქში ნაცხოვრები ადამიანი. სოფელში არის ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ ქალაქში განა ნაკლებია? მე 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მუშაობას. სახლის დასალაგებლად მივდიოდი ოჯახებში, ან შილაკის გასაკეთებლად, და თუ არც ერთის შეკვეთა არ მქონდა, „ვტაქსაობდი“ გვიანობამდე. ეს შრომა არ არის? თუ იშრომებ, სოფელშიც გექნება შემოსავალი. ჩემი უდიდესი ოცნებაა მეწველი ძროხის ყიდვა, რომელიც მე და მარიამს შეგვინახავს. მინდა კვერცხის მადებარი ქათმები მყავდეს საკმაო რაოდენობის და პეკინური იხვები, რომელიც იოლად გასაზრდელია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი ყველაზე მთავარ სათქმელს: მე აქამდე სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით მოვედი. ბევრი დამეხმარა ერთჯერადად, მაგრამ არიან ისეთები, რამდენჯერმე რომ გამომიწოდეს დახმარების ხელი. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ. თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების“ ჯგუფში ბევრი ადამიანი მიცნობს და ძალიან ბევრჯერ დამხარებიან. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა აღვნიშნო ორგანიზაცია „აუშენე, რომ აგიშენონ“. ეს სწორედ ის ადგილია, რაც ჩემსავით უიმედოდ დარჩენილ ადამიანს სჭირდებოდა.

თუ გამოჩნდებიან ისევ გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან ჩემი პატარა ოცნების ახდენაში, უფალი ყველას გადაუხდის სიკეთეს...

 

459
ქეთი ქველაძე

„პოზიტივის უფსკერო საბადო“ პანდემიური თბილისის ფერები მასწავლებლის ობიექტივში

661
(განახლებულია 23:15 13.04.2021)
ქეთი ქველაძე დაწყებითი განათლების პედაგოგია, უკვე 11 წელია, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. პანდემიის დროს, მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხედვის რაკურსი შეიცვალა. მის ცხოვრებაში კი ძირითადი საქმის გარდა ახალი, სერიოზული გატაცება გაჩნდა.

საამისოდ განსაკუთრებული მცდელობა არ დასჭირვებია. უბრალოდ, ერთ რიგით, პანდემიურ დღეს დაცარიელებულ თბილისში გავიდა, მიიხედ-მოიხედა და გარშემო „სულ სხვა“ თბილისი აღმოაჩინა...

მისი ფოტოებით უკვე დაინტერესდნენ პროფესიონალები და, ვინ იცის, იქნებ, სამომავლოდ ამ გატაცებამ ძირითადი საქმეც კი ჩაანაცვლოს...

ქეთი ქველაძე
ქეთი ქველაძე

- ქეთი, თქვენც იმ ადამიანთა შორის აღმოჩნდით, ვინც თავის ახალ გატაცებას პანდემიის დროს მიაგნო, ასეა?

- გეთანხმებით, ჩემი ახალი გატაცება მაშინ ვიპოვე, როცა საერთოდ არ ველოდი. ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ის არაპროგნოზირებადი პანდემიური დღეების სიმძიმე, რაც პირველ ტალღას ახლდა. დღემდე და განსაკუთრებით მაშინ თავი მეგონა პერსონაჟი რომელიღაც უსათაურო საშინელებათა ფილმისა, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. უცებ ყველას ერთნაირად დაგვაკლდა სიმშვიდე, იმედი და ურთიერთობები. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კეთილი განწყობის, სიმშვიდის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- ყველაფერი დაიწყო იმ პირველი კადრით, რომლის გადაღებისგანაც თავი ვერ შეიკავეთ...

- მართლაც ასე დაიწყო. გაზაფხულზე, როცა გამოთბა, გარეთ მარტო სეირნობას მოვუხშირე. ერთ საღამოს თვალი მომტაცა გალაკტიონის ხიდიდან ნანახმა დაისის სურათმა. უცებ ვერ მოვითმინე და ტელეფონით რამდენიმე კადრი გადავიღე. მოგვიანებით, როცა მობილური გავხსენი ფოტოების დასათვალიერებლად, ყველა მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ვერ ვხვდებოდი რომელი ერთი შემენახა. მაშინ მენიშნა, რომ პოზიტივის უფსკერო საბადოს მივაგენი, რომელიც მასაზრდოებდა. მაგრამ არ ვიცოდი, ჩემი ფოტოები სხვასაც თუ მოეწონებოდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენს ობიექტივში ძირითადად ადამიანებისგან დაცლილი თბილისია, როგორია ასეთ თბილისში თქვენ მიერ აღმოჩენილი ყველაზე უჩვეულო კადრები?

- თბილისი ხომ ურთიერთობაა, მე კი გარეთ, ყველგან, მხოლოდ უჩვეულოდ მდუმარე სილამაზე მხვდებოდა. ჩემ გარშემო მხოლოდ გამწვანებული, გაყვავილებული და გარინდული ქუჩები იყო. რაც შეეხება უჩვეულო კადრს, მახსოვს მიუსაფარი ძაღლი შარდენის ქუჩაზე. ეტყობოდა, რომ მშიერი იყო, მაგრამ მაინც იმედიანი და მხნე მომეჩვენა. იჯდა წვიმიანი ქუჩის თავში და ამაყად მიყურებდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- ალბათ ბევრი გეუბნებათ – თქვენს კადრებში ბევრი ფერი და იმედის მომცემი სინათლეა...

- ეს ალბათ იმიტომ, რომ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს დაჟინებით დავიწყე თბილისური ფერების ძიება და ტელეფონის საშუალებით მათი გადაღება. თურმე ჩვენს ქალაქში ამდენი ფერადი აივანი და ქუჩაა. ერთი კადრი მახსოვს: ქაშუეთის მიმდებარე ქუჩაზე სეირნობის დროს დავინახე მამაკაცი, რომელმაც თავი დახარა და პირჯვრის გადაწერა დაიწყო. ბუნებრივია, ეს კადრი არ მქონდა დაგეგმილი და  ტელეფონი სწრაფად გავხსენი. როცა სასურველი ფოტო გადავიღე, მივხვდი, რომ სუნთქვა მქონდა შეკრული... 

ქეთი ქველაძე
ქეთი ქველაძე

- ამ ფოტოებს სახელებს არქმევთ?

- თავიდან არა, მერე კი ყოველდღიურად გადაღებული ფოტოების დათარიღება და დასათაურება დავიწყე. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემი მხრიდან ერთგვარი მოწოდებაც იყო და მესიჯიც, რომ თუნდაც პირბადეებით, დისტანციურად, მაგრამ ყველანი გარეთ გამოვსულიყავით, რადგან თბილისს ჩვენ, ადამიანები ვენატრებოდით...

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- რაც შეეხება ადამიანებს, მათი ფოტოპორტრეტების გადაღება ქუჩაში ახლა ალბათ მარტო ნიღბებითაა შესაძლებელი...

- ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ადამიანების ნიღბის გარეშე გადაღება იშვიათადაა შესაძლებელი. ლაღი, მომღიმარი სახეების დანახვა მომენატრა. პირბადიდან მარტო თვალებით ვიღიმებით. თუმცა გაზაფხულის სურნელს ისეთი ძალა აქვს, რომ ნიღბითაც შეიგრძნობ. ერთი ფოტო გადავიღე, სადაც ეს სურნელი „იგრძნობა“. გაბრიაძის თეატრთან რომ აყვავებული ჭერამია, იქ დავიჭირე ის კადრი.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენს ფოტოებში ნაცნობი თბილისური ფრაგმენტები უჩვეულო რაკურსითაა, იმ კადრებს „უსაფრდებით“?

- ყოველთვის ვცდილობ მივაგნო გადასაღები ობიექტის ახალ რაკურსს, რომელიც მნახველის გაოცებას და მოწონებას გამოიწვევს. მეგობრები სულ მეხუმრებიან – არ გვჯერა შენც თუ ჩვენს თბილისში ცხოვრობ, ჩვენც გაგვიყოლე ხოლმე, როცა გადასაღებად გახვალო. მე ვიღიმები და მახარებს ამის მოსმენა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რაც ჩავიფიქრე, შევძელი და გამომივიდა.

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- როგორც ამბობთ, ამ ფოტოებს მობილურით იღებთ. ალბათ დადგა დრო, რომ პროფესიულ კამერაზეც იფიქროთ...

- სხვათა შორის, სწორედ ახლახან შევიძინე ფოტოკამერა. იმედი მაქვს, რომ დავმეგობრდებით. ვფიქრობ, ფოტოხელოვნების სრული კურსის გავლაც საინტერესო იქნებოდა. რატომაც არა?!

ქეთი ქველაძის ნამუშევარი
ქეთი ქველაძის ნამუშევარი

- თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელებში ამ სფეროს რომელიმე პროფესიონალმა თუ შეამჩნია?

- სოცქსელებში ბოლო ხანებში ჩემს ფოტოებზე გამოხმაურებებმა მართლა იმატა. მათ აქტიურად იწონებენ ხელოვანები, რეჟისორები, პროფესიონალი ფოტოხელოვანებიც კი. ბევრი მათგანი instagram-ზეც მემეგობრება. ისინი თბილ კომენტარებს არ იშურებენ. უკვე სხვადასხვა გამოფენაზე მონაწილეობის შემოთავაზებებიც მივიღე. დღეს სკოლის დირექციამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემი გამოფენა მოეწყოს. იმის იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი საინტერესო წინ მელოდება...

 

661
კახი კავსაძე

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

0
(განახლებულია 17:46 14.04.2021)
ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს.
მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“

0