თეა ოქროპირიძე

ბავშვობაში გადახატული „წმინდა სებასტიანი“ და გობელენის ქართველი მასწავლებელი ვირჯინიაში

335
(განახლებულია 21:01 18.11.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრები ხელოვანის თეა ოქროპირიძის ცხოვრებასა და საქმიანობას გაგაცნობთ.

ალბათ ბედის საჩუქარია, როცა დაიბადები ოჯახში, სადაც ყველა მარადიულ სილამაზეს ემსახურება. ამიტომ ერთ დღეს შენც გაგიჩნდება სურვილი, რომ საკუთარი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები ფორმებსა და ფერებში გამოხატო.

ყველაფერი ეს წლების შემდეგ გობელენის ხელოვნებად რომ გადაექცია, თეა ოქროპირიძისთვის არც ისე რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მის არც ერთ ოცნებას სახელად „ამერიკა“ არ ერქვა, გარემოებათა გამო, დღეს ვირჯინიის შტატში ცხოვრობს. სხვადასხვა დროს საკმაოდ პრესტიჟულ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამის პარალელურად კი გობელენის ქსოვას ცნობილ ამერიკულ არტ-სკოლებში ასწავლის.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- ქალბატონო თეა, როგორც ვიცი, ქართველი ხელოვანების ცნობილ ოჯახში დაიბადეთ...

- ჩემი მშობლები მარინე ქართველიშვილი და გოგი ოქროპირიძე არქიტექტორები არიან. ასევე ბებია ნელი ალექსიძე და პაპა გოგი ქართველიშვილი ცნობილი ხელოვანები იყვნენ. ამიტომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უკვე ბავშვობიდან იყო. ბებია და ბაბუა არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევრის ავტორები არიან. მოქანდაკე თემო ჭყონიასთან ერთად მათ მიერ შესრულებული „სამაიას“ ცნობილი ქანდაკება თბილისში, სამაიას ბაღში ახლაც დგას. შვიდი წლის ვიყავი, როცა პაპა გარდაიცვალა. კარგად მახსოვს, ბებია ნელის როგორ დავყავდი სახელოსნოში და სამხატვრო აკადემიაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ორივე მოღვაწეობდა.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- გასაკვირი არ არის, რომ მათ კვალს გაჰყევით...

- დიახ, ამ ყველაფერმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და ხელოვნების სკოლაში ჩაბარებაც ამიტომ გადავწყვიტე. პირველი, შედარებით სერიოზული ნამუშევარიც სწორედ იქ შევასრულე. ამას მოჰყვა იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელში სწავლის დროს და მოგვიანებით კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესრულებული ნამუშევრები.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- ბავშვობის დროინდელი რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ ფრაგმენტულად?

- განსაკუთრებულად მახსენდება ის დრო, როცა სახლში ვერთობოდი და ხელოვნების წიგნებიდან სხვადასხვა ნამუშევრების ასლებს ფანქრით ვხატავდი. ერთხელაც, ასე, ცხრა წლის ასაკში „წმინდა სებასტიანი“ გადავიხატე. კარგად მახსოვს საკუთარი „შედევრი“, რომელიც ძალიან მომწონდა და ვამაყობდი. 

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- „ამერიკული ოცნება“ როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- ამერიკაში საცხოვრებლად წასვლა არასოდეს მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, ეს ვერც წარმომედგინა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩემმა მეუღლემ, მოქანდაკე გიორგი (გია) ტყაბლაძემ ზედიზედ ორი გრანტი მიიღო ამერიკაში Artist in Residency პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, რომელთა დასრულების შემდეგ სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში გამოფენები დაიგეგმა. ამ დროს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და სადიპლომო ნამუშევარზე, გობელენზე ვმუშაობდი. რამდენიმე თვეში, სწავლის დასრულებისთანავე მეუღლეს მე და ჩვენი ორი ქალიშვილი ანა და თამარიც შევუერთდით და ვაშინგტონის გარეუბანში, ვირჯინიის შტატში დავსახლდით. ამერიკაში ჩემი მოღვაწეობაც ამის შემდეგ დაიწყო.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- როგორ შეეგუეთ ახალ ადგილზე ცხოვრებას?

- თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, რადგან შეჩვეული ვიყავი სულ ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში ყოფნას. აქ კი თავი ძალიან განმარტოებულად ვიგრძენი. ოჯახზე ზრუნვის გარდა დიდ დროს გობელენების ქსოვას ვუთმობდი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენას ასე თუ ისე ვფლობდი, ეს საკმარისი არ იყო და ენის ბარიერი მაინც იყო. ცოტაოდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ყველაფერი გადამელახა და ნელ-ნელა შემოქმედებით ასპარეზზე გავსულიყავი.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- შესაბამისად გამოფენებშიც იღებდით მონაწილეობას...

- პირველად ადგილობრივ გამოფენაში მონაწილეობა ჩამოსვლიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, 2005 წელს მივიღე. აქ გამოფენები ძირითადად კონკურსის სახით ტარდება, სადაც ნამუშევრების შერჩევა მათი ფოტოების გაგზავნის შედეგად ჟიურის მიერ ხდება. რასაკვირველია, გამოფენებში მონაწილეობის მიღებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე ახლაც ვაგრძელებ.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- თქვენთვის რაიმეთი გამორჩეული რომელი იყო?

- ბოლო დროს არაერთ საინტერესო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა მინდა გამოვყო ერთ-ერთი გამოფენა, რომელიც „სმითსონიანის მუზეუმში“ (Artists at work – Smithsonian Museum, S. Dillon Ripley Center, Washington DC.) თითქმის მთელი წელი მიმდინარეობს. დეკემბერში რუმინეთში ტექსტილის საერთაშორისო ტრიენალეში (5th international Triennial of Textile Art "TexpoART") ვიღებ მონაწილეობას. თუ თქვენს მკითხველს სურვილი გაუჩნდება, ამ ნამუშევრების გამოფენები შეუძლია ჩემს ვებ-გვერდზე teaokro.com იხილოს. მე და ჩემს მეუღლეს აქ უკვე გვაქვს სახელოსნო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს შემოქმედებას უფრო დიდი დრო დავუთმოთ.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- ვიცი, საკმაოდ დატვირთული ხართ, რადგან გობელენის ქსოვას ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ არტ-სკოლებში ასწავლით...

- სამუშაო დღეები მართლაც ძალიან დატვირთული გვაქვს, რადგან სხვადასხვა არტ-სკოლებში დავიწყეთ სწავლება. ყველა იმ სკოლის ჩამოთვლა, სადაც მასტერ-კლასი ან ვორკშოპი ჩაგვიტარებია, ალბათ შორს წაგვიყვანს. თუმცა მაინც მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო: პირველი სკოლა, სადაც გობელენის სწავლება დავიწყე, არის The Art League School, რომელიც ვირჯინიის შტატში, ქალაქ ალექსანდრიაში, ცნობილ Torpedo Factory Art Centr-შია განთავსებული. ასევე ვარ Smithsonian Museum-ის ხელოვნების სკოლაში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუზეუმების გაერთიანების ნაწილს წარმოადგენს. ასევე ბოლო სამი წელი ვირჯინიის შტატში არსებულ US Arts Center-ში ვასწავლი.

თეა ოქროპირიძის შემოქმედება
თეა ოქროპირიძის შემოქმედება

- როგორია ამერიკელი მოსწავლეების ქართველი მასწავლებელი?

- ძალიან მსიამოვნებს საკუთარი ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის. განსაკურებით მეამაყება, როცა კარგ შედეგს ვხედავ. სხვათა შორის, აქ სტუდენტების ასაკი შეზღუდული არ არის, ზოგიერთ სკოლაში ხატვისა და ფერწერის კლასებს მოზარდებს ვუტარებ, მაგრამ ბევრგან, განსაკუთრებით იქ, სადაც გობელენის ქსოვას ვასწავლი, სტუდენტთა უმეტესობა ასაკოვანია. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ აქ, მიუხედავად ასაკისა, სწავლის საშუალება ყველას ეძლევა.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- ალბათ თქვენთვის თავიდან უჩვეულო იყო ასაკოვანი მოსწავლეები?

- დიახ, ეს კონცეპტი საქართველოში არ არსებობდა, ამიტომ მეც შეუჩვეველი ვიყავი. პირველად როცა დავიწყე სწავლება, ეს ფაქტი ძალიან მიკვირდა. დღეს ყველა ჩემი ასაკოვანი მოსწავლე მიმაჩნია უჩვეულო ადამიანად, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

თეა ოქროპირიძე სამუშაო ოთახში
თეა ოქროპირიძე სამუშაო ოთახში

- ბუნებრივია, საქართველოზეც ბევრს უამბობთ...

- ასეა, გაკვეთილების დროს საქართველოზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ და ყოველთვის ვცდილობ ყველას გავაცნო როგორც ჩვენი კულტურა, ხელოვნება და ულამაზესი ბუნება, ასევე კულინარია, ქართული ღვინო და მისი ისტორია. ბევრი მათგანი უკვე ინტერესს გამოთქვამს და სურვილი აქვთ, რომ ჩვენი ქვეყანა ინახულონ. COVID-19 პანდემიის ჩავლის შემდეგ საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

თეა ოქროპირიძე
თეა ოქროპირიძე

- თქვენი მეუღლე და ქალიშვილიც შემოქმედებითი ადამიანები არიან, ეს ფაქტი ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას გიადვილებთ და საინტერესოს ხდის, თუ პირიქით?

- დიახ, მეუღლე, როგორც აღვნიშნე, მოქანდაკეა. უფროსი ქალიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით არქეოლოგია, მინანქრითაა გატაცებული. მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებს. ერთი მხრივ, ხელოვან ოჯახში ყოფნა ცოტა რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოც, რადგან ერთმანეთის მოკრძალებული კრიტიკოსები და ერთგული მხარდამჭერებიც თავად ვართ. ადვილია, როცა გვერდით გყავს ისეთი ადამიანები, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა პრობლემას არ წარმოადგენს...

- ალბათ მონატრების დროს საქართველოსთან დასაკავშირებლად ვირტუალურ სივრცეს ხშირად იყენებთ...

- ძნელია ჩემთვის მშობლებისგან, ჩემი ერთადერთი დის ეკასგან და მისი ოჯახისგან ასე შორს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღე ვუკავშირდები მათ ვირტუალურად, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ ცვლის საქართველოში ფიზიკურად ყოფნის სიამოვნებას.

- განსაკუთრებულად რა გენატრებათ?

- ყველა და ყველაფერი მენატრება: ჩემი სახლი, ქუჩა, სადაც გავიზარდე, განსაკუთრებით, ჩემი ოჯახი, მეგობრები და ნათესავები. ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანების უმეტესობა საქართველოშია, ამიტომაც ვცდილობთ, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა, შეძლებისდაგვარად ხშირად ჩავიდეთ. საქართველოს ნოსტალგიას ჩემს ნამუშევრებში სხვადასხვა კომპოზიციით ჩემებურად გამოვხატავ ხოლმე და მოგონებებსაც ფერებში ვაქსოვ...

 

335
ბრიუს ლი

ბრიუს ლი 80: ბრძენი სულელური კითხვიდან მეტს იღებს, ვიდრე სულელი ბრძნული პასუხიდან

112
(განახლებულია 21:22 27.11.2020)
არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს – ბრიუს ლი.

დღეს ბრიუს ლის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

...მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით>>

საბრძოლო ხელოვნების სამყაროში გამორჩეული ვარსკვლავი ბრიუს ლი ნამდვილი ლეგენდაა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც არა მარტო აღმოსავლური ორთაბროლების უბადლო ოსტატი, არამედ როგორც უნიკალური მოაზროვნე, რომლის ფილოსოფია დღემდე აღაფრთოვანებს მილიონობით ადამიანს.

ბრიუს ლი (ლი ჯუნ ფენი – 1940–1973) იყო ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. მან მხოლოდ 33 წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ორთაბრძოლების ნამდვილი ოსტატის სახელი დაემკვიდრებინა.

ბრიუს ლი ბავშვობიდან ეზიარა ჩინურ ტრადიციებში ერთმანეთისგან განუყოფელ აღმოსავლურ სიბრძნესა და საბრძოლო ხელოვნებას. მისი გამონათქვამები დღემდე ეხმარება მრავალ ადამიანს თვითგანვითარებასა და თვითშემეცნებაში.

იდეალისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცხოვროთ!>>

გავიხსენოთ ბრიუს ლის ზოგიერთი გამონათქვამი, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და, უბრალოდ, ამ წუთისოფელზე.

ბრიუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში
ბრიუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში

•    მნიშვნელობა არა აქვს, რომ ნელა მიიწევ წინ, მთავარია, რომ არ ჩერდები;

•    მარცხი მარცხი არაა, თუ მას ასეთად არ აღიარებთ თქვენ ცნობიერებაში;

•    ნამდვილი მეგობრები ალმასივითაა — ძვირფასია და იშვიათი. ცრუ მეგობრები შემოდგომის ფოთლებივითაა — ყველგან არიან;

•    არ იფიქრო — იგრძენი! ეს მთვარეზე თითის მიშვერას ჰგავს. კონცენტრაციას თითზე ნუ აკეთებ, თორემ ამ ღვთაებრივ სილამაზეს გამოტოვებ;

•    რაზეც ფიქრობ, იმად იქცევი;

•    აღმოსავლეთის ხალხი ამბობს: „უფრო მოქნილი იყავი. სიცოცხლეში ადამიანი რბილი და მოქნილია, ხისტად მას სიკვდილი აქცევს“. ეს სხეულსაც ეხება, გონებასაც და სულსაც;

•    სხვისი განსჯის ნაცვლად მის გაგებას ვსწავლობ. არ შემიძლია, ბრმად გავყვე ბრბოს და მისი დამოკიდებულება მივიღო;

•    თუ რამეზე ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, ამით ის მართლა შეუძლებელი ხდება;

•    კარგი მებრძოლი ის კი არაა, ვინც დაძაბულია, არამედ ის, ვინც მზადაა. ის არ ფიქრობს და არ ოცნებობს, ის ყველაფრისთვის მზადაა, რაც შეიძლება მოხდეს;

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

•    გაათავისუფლე ტვინი, გახდი უსხეულო, უფორმო, როგორც წყალი. წარმოიდგინე, რომ წყალს ჭიქაში ასხამ — ის ჭიქა ხდება, თუ ჩაიდანში ასხამ — ჩაიდანი ხდება. წყალს შეუძლია იდინოს, ილივლივოს, იწვეთოს ან შხეფებად დაიღვაროს — იყავი წყალი, მეგობარო;

•    ცარიელ თავს გრძელი ენა აქვს;

•    აუცილებელი არაა მიზანს მიაღწიო. ხანდახან ეს, უბრალოდ, მიმართულებაა შემდგომი მოძრაობისთვის;

•    შეცდომების პატიება საკუთარი თავისთვის ყოველთვის შეიძლება, თუ მათი აღიარების სითამამე გეყოფა;

•    იყავი რბილი, მაგრამ არა — მორჩილი, იყავი მყარი, მაგრამ არა — სასტიკი;

•    უბრალოება ხელოვნების უმაღლესი საფეხურია;

•    ბრძენს სულელური კითხვიდან მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე სულელს ბრძნული პასუხიდან;

•    მნიშვნელობა არა აქვს, რას გასცემ, მნიშვნელოვანია, როგორ გასცემ;

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

•    არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს.

112
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

177
(განახლებულია 10:28 27.11.2020)
როცა შოთა თხილიშვილმა ნიღბების კეთება დაიწყო, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ადამიანები ნიღბის გარეშე გარეთ გასვლას ვერ შეძლებდნენ...

თუმცა მისი ნიღბები მედიცინისგან შორსაა და ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სხვადასხვა თემატიკის ნიღბებს საკუთარი ტექნოლოგიით ამზადებს, უნდა, რომ მალე საკუთარი ნამუშევრების ბრენდი შექმნას...

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- შოთა, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ნიღბების ეპოქაში აღმოვჩნდებოდით?

- არა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს ასეთი რამ თავს დაგვატყდებოდა და ნიღაბი აქტუალური გახდებოდა...

- თქვენ შემთხვევაში ნიღბით გატაცება როდის დაიწყო?

- სხვათა შორის, მე ბავშვობიდან, თითქმის ორი წლიდან ვძერწავ. როგორც დედა იხსენებს, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ასაკიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გატაცებები, ხატვაც ადრე დამიწყია. მოგვიანებით კი პირველი ლექსიც დამიწერია.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

- აკადემიური განათლების მიმართ ერთგვარი პროტესტი მაქვს. ჩემი აზრით, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აკადემიაში შევა, შემდეგ ვიღაცის ასლი ხდება და ნიჭის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. ყოველთვის ვცდილობ მსგავსი გავლენებისგან თავისუფალი ვიყო. ამიტომაც არაფერი მისწავლია. რა თქმა უნდა, ცნობილი მხატვრების შემოქმედებას ვიცნობ, მაგრამ ხატვის ტექნიკა არსად მისწავლია. ვიღაცამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა, პირველაღმომჩენია, პიონერია. მე კი მომწონს, როცა რაიმე სწავლის, შეცნობის გზას დამოუკიდებლად გავდივარ, ყოველგვარი ჩარევებისა და რჩევების გარეშე, საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე.

- ნიღბებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ნიღბებს საკუთარი ტექნიკით წინასწარ დამზადებული მინარევის საშუალებით ვაკეთებ. ისინი პოლიურეთანის პლასტიკის, ანუ ორკომპონენტიანია, მასალა საქართველოში სპეციალურად ჩამომაქვს. ჩემი ნიღბები მხოლოდ ორიგინალებია, ექსკლუზიური შეკვეთით დამზადებული.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- თქვენი ნიღბები კონკრეტულად რომელიმე პერსონაჟს გამოსახავს?

- ახლავე აგიხსნით: არის ასეთი ხელოვანება Cosplay, რაც სხვადასხვა პერსონაჟების განსახიერებას გულისხმობს. სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გმირები ბავშვობიდან მიზიდავს, მათ მიმართ ინტერესი სულ მქონდა. როცა ვხედავდი, რომ ზოგჯერ მათი ხასიათი არ შეესაბამებოდა მათსავე გარეგნობას, მაშინ თავად ვქმნიდი ამა თუ იმ პერსონაჟს ისეთად, როგორიც წარმომედგინა, ანუ როგორიც, ჩემი აზრით, რეალობაში უნდა ყოფილიყო.

- ძირითადად როგორ ნიღბებს გიკვეთავენ და მათ შორის პოლიტიკოსის ნიღაბი თუ იყო?

- უფრო ხშირად მიკვეთავენ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის, ან მითოლოგიური გმირების ნიღაბს, რომელსაც ჩემეული ინტერპრეტაციით ვაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკოსების ნიღაბს, არავის შეუკვეთია. თუმცა პოლიტიკოსებს, მგონი, ისედაც აქვთ სიმბოლური ნიღაბი და ზედმეტი საჭირო აღარ არის.

შოთა თხილიშვილის ნიღბები
შოთა თხილიშვილის ნიღბები

- უჩვეულო შეკვეთა თუ გქონიათ?

- რაიმე უჩვეულო შეკვეთა არ მახსენდება. ერთხელ მთხოვეს ვიკინგის რქებიანი ჩაფხუტი დამემზადებინა. უჩვეულო ნიღბებს ძირითადად ჩემთვის ვქმნი ხოლმე. მათი გამოყენება ინტერიერისთვისაც შეიძლება. ძირითადად იაპონურ და აზიურ პერსონაჟებზე მაქვს აქცენტი, ანუ სინთოისტურ ღვთაებებსა და პერსონაჟებზე.

- ქართული მითოლოგიური პერსონაჟის ნიღაბი არ არის მათ შორის?

- ახლა მინდა, რომ ნადირობის ქალღმერთის დალის ნიღაბი გავაკეთო. მითოლოგიური პერსონაჟები საინტერესოა და კონკრეტულ ემოციას გამოხატავს – სიკეთეს, სიხარულს, აგრესიას... თუმცა არის ნიღბები, რომელიც არაფერს გამოხატავს, უემოციოა.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- უემოციო ნიღაბს რისთვის იყენებენ?

- ახლა მაქვს ერთი პოეტური ნიღაბი, რომელიც ჩემთვის დავამზადე, ის არანაირ ემოციას არ გამოხატავს და ცარიელია.

- პოეტური ნიღაბი უემოციო და ცარიელია?

- ახლავე აგიხსნით: პოეზიის შემთხვევაში ეს ნიღაბი უემოციო იმიტომაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ემოცია ნიღბისგან კი არა, ლექსიდან და სიტყვებიდან მოდიოდეს.

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- ნიღბების ბრენდზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, მინდა, რომ ჩემი ნიღბების ბრენდი შევქმნა და „ხელკეთა“ დავარქვა. საერთოდ მარტო ნიღბებზე არ ვარ ორიენტირებული, ამავდროულად ვხატავ, ვქმნი სკულპტურებს და ქვის ბარელიეფებს. უბრალოდ, ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და ნიღბებზე ამიტომ შევჩერდი.

- უახლოეს დროში რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

- გადავწყვიტე შევქმნა ახალი ტრენდი – ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშნის გამოყენებით გავაკეთო ნიღბები, რომელსაც ჩვეულებრივ პირბადედაც გამოიყენებენ. მოკლედ, ეს ისეთი თემაა, რომელიც შემოქმედებით ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს.

შოთა თხილიშვილის ნიღაბი
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

- როგორია თქვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეუნიღბავი სათქმელი, რომლითაც ადამიანებს შეგიძლიათ მიმართავთ?

- მათ ასე ვეტყოდი: გინდ ცუდად იყო, გინდ კარგად, მოუხადე სამყაროს მადლობა ყველაფრისთვის და როგორც ერთმა მაგარმა ადამიანმა მითხრა ერთხელ, მეც გეტყვით: ძალა არის შენში! ხანდახან, როცა გაჩერდები, დაფიქრდები, ბევრჯერ დაეცემი, დაგავიწყდება ვინ ხარ, სისულელეს ჩაიდენ, ბევრჯერ მაღლაც ახვალ, გულიც აგიცრუვდება ან რაიმე გაგახარებს – ეს ყველაფერი შენი გზაა, რომელსაც თავად ირჩევ როგორ წარმართო. ცხოვრება შენი მასწავლებელია, ყოველგვარი ადამიანური გასწავლის ამ გზაზე სიარულს. იყავი შეუპოვარი და არასდროს უთხრა თანადგომაზე უარი მას, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება...

 

177

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0