გიორგი ღვარძელაშვილი

თბილისიდან კონდოლში გადასახლებული მეღვინის ისტორია: წინაპართა ნაკვალევზე აშენებული მარანი

804
(განახლებულია 22:26 12.11.2020)
გიორგი ღვარძელაშვილი კონდოლელი მეღვინეა. წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება და მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა.

2014 წელს პაპის ძველი, პატარა მარანი გააცოცხლა და ტურისტულ ობიექტად აქცია. გიორგის მარანში მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ სტუმრები და უკან აღფრთოვანებული ბრუნდებოდნენ.

გიორგი ბიოლოგიურად სუფთა ქვევრის ღვინოს აწარმოებს. მიმდინარე პანდემიამ მის საქმინობაზეც სერიოზული გავლენა იქონია, თუმცა იმედოვნებს, რომ ყველაფერი მოგვარდება და მელე დაუბრუნდება საყვარელ საქმეს.

- ჩემი მეღვინეობა ალბათ უფრო გენეტიკამ განაპირობა. ვცოხვრობდი თბილისში, მაგრამ დავუბრუნდი მამაპაპისეულ მიწას. დღეს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში ვცხოვრობ. ისტორიული სოფელია, ერეკლე მეორე ხშირი სტუმარი იყო ჩვენი სოფლის ადგილ-მამულებისა.

სტუმრები გიორგი ღვარძელაშვილის მარანში
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
სტუმრები გიორგი ღვარძელაშვილის მარანში

- როგორ გაჩნდა მარნის გაკეთების და ბიზნესის წამოწყების იდეა?

- 2014 წელს დავიწყე ეს საქმიანობა. ჩემი შაქრო პაპის დანაბარები ავასრულე. მისი ნაქონი ქვევრიც კი მაქვს რელიკვიად. ეზოში მიდგას და როცა სტუმრებს ვეუბნები, პაპის დანატოვარია–მეთქი, მათი სახეები უნდა ნახოთ... პირველად 800 ბოთლი ჩამოვასხი და ჩემი გვარიც მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე. ახლა 5000 ბოთლამდე ვარ ასული. ბევრი ჯილდო და მოწონება აქვს ჩემს ღვინოებს. მაქვს იშვიათი ჯიშის ყურძენი. მათ შორის არის ჟღია, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ოთხი მეღვინე ვაწარმოებთ. ვარ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი, ვაწარმოებ ბიოლოგიურად სუფთა ქვევრის ღვინოს. ყურძნის მოვლაში არ გამოვიყენებ ჰერბციდებს და პესტიციდებს.

გიორგი ღვარძელაშვილის მარანი
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
გიორგი ღვარძელაშვილის მარანი

- თქვენს წინაპრებს თუ ჰქონდათ მარანი?

- არა ჩემს გვარში პირველი მე ვარ, ვინც ასეთი მასშტაბური მარანი ააშენა, თუ არ ჩავთვლით შაქრო პაპას ორქვევრიან მარანს.

- მარანი ძირითადად ტურისტულ სივრცედ არის გამოყენებული თუ უფრო კომერციული დატვირთვა აქვს?

- ძირითადად ტურისტებისთვისაა. მსიამოვნებს ადამიანის კარგ განწყობაზე დაყენება. ამაში ხელს მიწყობს ჩემი გარემო და ღვინო. ჩემთან მოსული სტუმარი ყოველთვის საუცხოო განწყობაზე დგება და წასვლა აღარ უნდათ. არიან ისეთებიც, ვინც მეგობრების რეკომენდაციით მოდიან. სასიამოვნოა, როცა გეუბნებიან, თქვენთან ჩემი მეგობარი იყო და მეც მან მირჩიაო. ან ღვინო მოსწონებიათ ბარში და ღვინოს გამოჰყოლიან.

გიორგი ღვარძელაშვილის მარანი
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
გიორგი ღვარძელაშვილის მარანი

- ვინ იზრუნა მარნის ინტერიერზე, ექსტერიერზე, დიზაინზე?

- გაგიკვირდებათ და ყველაფერი ჩემი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული.

- მთელი ამ ხნის მანძილზე ვინ გედგათ გვერდზე, ვინ გეხმარებოდათ, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული ყოფილიყო?

- რომ არა ჩემი ოჯახი, მეუღლე და შვილები, ვერაფერს გავხდებოდი. ჩვენ გვაქვს საათივით აწყობილი საქმეები. ჩვენი ხელით ვწურავთ, ვასხამთ ბოთლში და ეტიკეტსაც კი ხელით ვადებთ. ჩვენი მიზანია ხარისხი და არა რაოდენობა. ღვინოს ვაწარმოებთ ძველი ქართული წესით, ჩვენი წინაპრების მსგავსად, სრულ ჭაჭა-კლერტზე. ღვინის გაფილტვრა ხდება ბუნებრივად.

გიორგი ღვარძელაშვილის მარანი
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
გიორგი ღვარძელაშვილის მარანი

- ძირითადად ვინ არიან თქვენი სტუმრები და რა შთაბეჭდილებით ბრუნდებიან, რა მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენთან?

- ჩემი სტუმრები არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ტურისტები. შარშან ავტობუსი ავტობუსზე მოდიოდა. მიხარია, რომ თითქმის ყველა ქვეყანას გავაცანი ჩემი კონდოლო და არა ლონდონი, ასე ვეხუმრები ხოლმე ჩემს უცხო სტუმრებს.

გიორგი ღვარძელაშვილის მარანი
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
გიორგი ღვარძელაშვილის მარანი

- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე?

- პანდემიამ ძალიან ცუდი გავლენა იქონია საქმიანობაზე. როგორც იცით, პირველი დარტყმა ჩვენზე მოვიდა – არ არის ტურისტი და არ არის განწყობა.

სტუმრები მარანში
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
სტუმრები მარანში

- წელს როგორი მოსავალი იყო, რამდენად კმაყოფილი ხართ?

- მოსავალი წელს დამესეტყვა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, ასოციაციის წევრებმა გამახარეს, დამეხმარნენ და წელს სრულიად განსხვავებული წელი მექნება, მრავალფეროვანი ღვინოებით.

გიორგი ღვარძელაშვილის მარანი
photo: courtesy of Giorgi Ghvardzelashvili
გიორგი ღვარძელაშვილის მარანი

- მომავალში რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ?

- იმედია, ეს პანდემია გადაივლის და ისევ ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდები. კვლავ აჟრიამულდება ჩემი ეზო ტურისტებით, დაბრუნდება ის ხალისი, რაც დიდ ენერგიას მაძლევს. ასევე ვიწყებ ძველი ქართული მივიწყებული ჯიშების გაშენებას.

 

804
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

70
(განახლებულია 22:43 26.11.2020)
როცა შოთა თხილიშვილმა ნიღბების კეთება დაიწყო, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ადამიანები ნიღბის გარეშე გარეთ გასვლას ვერ შეძლებდნენ...

თუმცა მისი ნიღბები მედიცინისგან შორსაა და ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სხვადასხვა თემატიკის ნიღბებს საკუთარი ტექნოლოგიით ამზადებს, უნდა, რომ მალე საკუთარი ნამუშევრების ბრენდი შექმნას...

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- შოთა, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ნიღბების ეპოქაში აღმოვჩნდებოდით?

- არა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს ასეთი რამ თავს დაგვატყდებოდა და ნიღაბი აქტუალური გახდებოდა...

- თქვენ შემთხვევაში ნიღბით გატაცება როდის დაიწყო?

- სხვათა შორის, მე ბავშვობიდან, თითქმის ორი წლიდან ვძერწავ. როგორც დედა იხსენებს, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ასაკიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გატაცებები, ხატვაც ადრე დამიწყია. მოგვიანებით კი პირველი ლექსიც დამიწერია.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

- აკადემიური განათლების მიმართ ერთგვარი პროტესტი მაქვს. ჩემი აზრით, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აკადემიაში შევა, შემდეგ ვიღაცის ასლი ხდება და ნიჭის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. ყოველთვის ვცდილობ მსგავსი გავლენებისგან თავისუფალი ვიყო. ამიტომაც არაფერი მისწავლია. რა თქმა უნდა, ცნობილი მხატვრების შემოქმედებას ვიცნობ, მაგრამ ხატვის ტექნიკა არსად მისწავლია. ვიღაცამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა, პირველაღმომჩენია, პიონერია. მე კი მომწონს, როცა რაიმე სწავლის, შეცნობის გზას დამოუკიდებლად გავდივარ, ყოველგვარი ჩარევებისა და რჩევების გარეშე, საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე.

- ნიღბებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ნიღბებს საკუთარი ტექნიკით წინასწარ დამზადებული მინარევის საშუალებით ვაკეთებ. ისინი პოლიურეთანის პლასტიკის, ანუ ორკომპონენტიანია, მასალა საქართველოში სპეციალურად ჩამომაქვს. ჩემი ნიღბები მხოლოდ ორიგინალებია, ექსკლუზიური შეკვეთით დამზადებული.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- თქვენი ნიღბები კონკრეტულად რომელიმე პერსონაჟს გამოსახავს?

- ახლავე აგიხსნით: არის ასეთი ხელოვანება Host face, რაც სხვადასხვა პერსონაჟების განსახიერებას გულისხმობს. სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გმირები ბავშვობიდან მიზიდავს, მათ მიმართ ინტერესი სულ მქონდა. როცა ვხედავდი, რომ ზოგჯერ მათი ხასიათი არ შეესაბამებოდა მათსავე გარეგნობას, მაშინ თავად ვქმნიდი ამა თუ იმ პერსონაჟს ისეთად, როგორიც წარმომედგინა, ანუ როგორიც, ჩემი აზრით, რეალობაში უნდა ყოფილიყო.

- ძირითადად როგორ ნიღბებს გიკვეთავენ და მათ შორის პოლიტიკოსის ნიღაბი თუ იყო?

- უფრო ხშირად მიკვეთავენ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის, ან მითოლოგიური გმირების ნიღაბს, რომელსაც ჩემეული ინტერპრეტაციით ვაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკოსების ნიღაბს, არავის შეუკვეთია. თუმცა პოლიტიკოსებს, მგონი, ისედაც აქვთ სიმბოლური ნიღაბი და ზედმეტი საჭირო აღარ არის.

შოთა თხილიშვილის ნიღბები
შოთა თხილიშვილის ნიღბები

- უჩვეულო შეკვეთა თუ გქონიათ?

- რაიმე უჩვეულო შეკვეთა არ მახსენდება. ერთხელ მთხოვეს ვიკინგის რქებიანი ჩაფხუტი დამემზადებინა. უჩვეულო ნიღბებს ძირითადად ჩემთვის ვქმნი ხოლმე. მათი გამოყენება ინტერიერისთვისაც შეიძლება. ძირითადად იაპონურ და აზიურ პერსონაჟებზე მაქვს აქცენტი, ანუ სინთოისტურ ღვთაებებსა და პერსონაჟებზე.

- ქართული მითოლოგიური პერსონაჟის ნიღაბი არ არის მათ შორის?

- ახლა მინდა, რომ ნადირობის ქალღმერთის დალის ნიღაბი გავაკეთო. მითოლოგიური პერსონაჟები საინტერესოა და კონკრეტულ ემოციას გამოხატავს – სიკეთეს, სიხარულს, აგრესიას... თუმცა არის ნიღბები, რომელიც არაფერს გამოხატავს, უემოციოა.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- უემოციო ნიღაბს რისთვის იყენებენ?

- ახლა მაქვს ერთი პოეტური ნიღაბი, რომელიც ჩემთვის დავამზადე, ის არანაირ ემოციას არ გამოხატავს და ცარიელია.

- პოეტური ნიღაბი უემოციო და ცარიელია?

- ახლავე აგიხსნით: პოეზიის შემთხვევაში ეს ნიღაბი უემოციო იმიტომაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ემოცია ნიღბისგან კი არა, ლექსიდან და სიტყვებიდან მოდიოდეს.

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- ნიღბების ბრენდზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, მინდა, რომ ჩემი ნიღბების ბრენდი შევქმნა და „ხელკეთა“ დავარქვა. საერთოდ მარტო ნიღბებზე არ ვარ ორიენტირებული, ამავდროულად ვხატავ, ვქმნი სკულპტურებს და ქვის ბარელიეფებს. უბრალოდ, ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და ნიღბებზე ამიტომ შევჩერდი.

- უახლოეს დროში რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

- გადავწყვიტე შევქმნა ახალი ტრენდი – ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშნის გამოყენებით გავაკეთო ნიღბები, რომელსაც ჩვეულებრივ პირბადედაც გამოიყენებენ. მოკლედ, ეს ისეთი თემაა, რომელიც შემოქმედებით ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს.

შოთა თხილიშვილის ნიღაბი
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

- როგორია თქვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეუნიღბავი სათქმელი, რომლითაც ადამიანებს შეგიძლიათ მიმართავთ?

- მათ ასე ვეტყოდი: გინდ ცუდად იყო, გინდ კარგად, მოუხადე სამყაროს მადლობა ყველაფრისთვის და როგორც ერთმა მაგარმა ადამიანმა მითხრა ერთხელ, მეც გეტყვით: ძალა არის შენში! ხანდახან, როცა გაჩერდები, დაფიქრდები, ბევრჯერ დაეცემი, დაგავიწყდება ვინ ხარ, სისულელეს ჩაიდენ, ბევრჯერ მაღლაც ახვალ, გულიც აგიცრუვდება ან რაიმე გაგახარებს – ეს ყველაფერი შენი გზაა, რომელსაც თავად ირჩევ როგორ წარმართო. ცხოვრება შენი მასწავლებელია, ყოველგვარი ადამიანური გასწავლის ამ გზაზე სიარულს. იყავი შეუპოვარი და არასდროს უთხრა თანადგომაზე უარი მას, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება...

 

70
ჰერმან ჰესეს სათვალე

საჩუქრები, რომლებიც სიბერეს მოაქვს

53
(განახლებულია 16:12 26.11.2020)
სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე, როგორც სხვა საფეხურებს, თავისი სახე აქვს, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, სიხარული და ტკივილი...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესეს გამონათქვამებს. ჰესე (Hermann Hesse, 1877–1962) – გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. არის რომანების, მოთხრობების, ბიოგრაფიების, ლექსების ავტორი. მისი რომანებია: „ტრამალის მგელი“, „ნარცისი და გოლდმუნდი“, „კნულპი“, „მძივით თამაში“ და სხვ.

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე
გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე

ჩვენ, ჭაღარათმიან მოხუცებს, ისევე, როგორც ჩვენს უმცროს ძმებს, ჩვენი ამოცანა გვაქვს, რომელიც ჩვენს არსებობას აზრს სძენს, ასევე თავისი ამოცანა აქვს მომაკვდავ მოხუცს, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმე.

იყო მოხუცი — ისეთივე მშვენიერი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც — იყო ახალგაზრდა. ისწავლო სიკვდილი და მოკვდე — ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც ნებისმიერი სხვა, იმ პირობით, თუ ის აზრისა და ყოველგვარი სიცოცხლის წინაშე მოწიწებით სრულდება.

მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის მოახლოება მხოლოდ საძულველი და საშიშროებაა, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია ცხოვრების თავისი საფეხურისა, როგორც ახალგაზრდა და ძლიერი, რომელსაც სძულს თავისი საქმე და ყოველდღიური შრომა და მათგან თავის დაღწევას ცდილობს.

მოკლედ რომ ვთქვათ: იმისთვის, რომ სიბერეში შევასრულოთ საკუთარი დანიშნულება და გავუმკლავდეთ ჩვენს ამოცანას, უნდა დავეთანხმოთ სიბერეს და ყველაფერს, რაც მას მოაქვს, უნდა ვუთხრათ მას „დიახ“. ამ თანხმობის გარეშე, იმის მზადყოფნის გარეშე, რასაც ჩვენგან ბუნება მოითხოვს, მოხუცი ვართ თუ ახალგაზრდა, ვკარგავთ ჩვენი დღეების ფასეულობასა და აზრს და ვატყუებთ ცხოვრებას.

ყველამ იცის, რომ სიბერეს ათასი ვარამი მოაქვს და ის სიკვდილით სრულდება. წლიდან წლამდე უნდა გაიღო მსხვერპლი და ბევრ რამეზე თქვა უარი. უნდა ისწავლო, არ ენდო საკუთარ გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ პატარა და სასეირნო იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს მას გვერდს უკვე ვეღარ ავუვლით. ჭამაზე, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან გვიყვარდა, უარის თქმა გვიწევს. ფიზიკურ სიხარულსა და სიამოვნებას იშვიათად განვიცდით და ეს უფრო ძვირად გვიჯდება. შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება, სხვადასხვა ტკივილი, განსაკუთრებით ღამით, რომელიც ასე უსასრულო და საშინელია. ამას ვერსად გაექცევი, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, მხოლოდ დაკნინების ამ პროცესს თუ გავყვებით და არ დავინახავთ, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობანი, თავისი ნუგეში და სიხარული. როდესაც ორი მოხუცი ხვდება ერთმანეთს, მათ უნდა ისაუბრონ არა მხოლოდ დაწყევლილ პოდაგრაზე, სხეულის გაშეშებულ ნაწილებსა და კიბეზე ასვლისას ჰაერის უკმარისობაზე, არამედ მხიარულ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთი კი მრავალია.

ჰერმან ჰესეს ქანდაკება
© Flickr / Tourismus Untersee
ჰერმან ჰესეს ქანდაკება

როდესაც მოხუცების ამ დადებით და მშვენიერ მხარეს ვახსენებ და იმას, რომ ჩვენ, ჭაღარებს, ისეთი ძალის, მოთმინების, სიხარულის წყარო გვაქვს, რომლებიც სიყმაწვილეში არანაირ როლს არ ასრულებს, ჩემგან შეუფერებელია რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე საუბარი. ეს მღვდლის საქმეა. მაგრამ რაღაც-რაღაცა საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს, შემიძლია ჩამოვთვალო. აქედან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საუნჯე სურათებისა, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ მეხსიერებით დაატარებ და რომლებსაც, როდესაც შენი აქტივობა მცირდება, სხვაგვარად ეპყრობი, ვიდრე უწინ ოდესმე. ადამიანების სახეები, რომლებიც დედამიწაზე უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია აღარ დადიან, კომპანიას გვიწევენ, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულებით შეცვლილ სახლებს, ბაღებს, ქალაქებს მთლიანსა და უვნებელს ვხედავთ, ისე, როგორც ოდესღაც, და მთებს, ზღვებს, რომლებიც ათეულობით წლის წინ ვნახეთ, კვლავ ვპოულობთ ჩვენს სურათებიან წიგნში მთელი თავისი ცინცხალი მშვენიერებით.

განხილვა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო და უფრო ხდება ჩვევა და ვარჯიში, და დამკვირვებლის განწყობა და პოზიცია მთელ ჩვენ ქცევას შეუმჩნევლად განსაზღვრავს.

სურილებით, ოცნებებით, მისწრაფებებით, ვნებებით შეპყრობილნი ჩვენ ისევე, როგორც ადამიანების უმეტესობა, მივქროდით ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათწლეულებზე, მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მღელვარებით განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ფრთხილად ვფურცლავთ საკუთარი ცხოვრების დიდ ილუსტრირებულ წიგნს და გვიკვირს, რა მშვენიერი და დიდებულია ამ რბოლიდან წასვლა და vita contemplativa-ში (ჭვრეტითი ცხოვრება) გადაშვება.

გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი>>

აქ, მოხუცთა ბაღში მრავალი ყვავილი ხარობს, რომლებზე ზრუნვა ადრე ფიქრადაც არ გაგვივლია. აქ ყვავის მოთმინების ყვავილი, კეთილშობილი ბალახი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდი, შემწყნარებელი, და რაც უფრო იკლებს ჩვენი მოთხოვნილება – ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით უფრო იზრდება ჩვენი უნარი – დავაკვირდეთ, მოვუსმინოთ ბუნებისა და ჩვენი თანამოძმეების ცხოვრებას, დავაკვირდეთ მის მიმდინარეობას კრიტიკის გარეშე და არ შევწყვიტოთ გაოცება მისი მრავალფეროვნებით, ხანდახან მდუმარე სევდით, ხანდახან — სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით მონაწილეობა.

ცოტა ხნის წინ ჩემს ბაღში კოცონთან ვიდექი, მასში ფოთლებსა და ხმელ ტოტებს ვყრიდი. ეკლიან ღობესთან მოხუცი ქალი მიდიოდა, დაახლოებით ოთხმოცი წლის. ის შეჩერდა და ჩემი ყურება დაიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: „კარგია, კოცონი რომ დაანთეთ. ჩვენს ასაკში ჯოჯოხეთს უნდა შევეგუოთ". ასე დავიწყეთ საუბარი, შევჩივლეთ ერთმანეთს სხვადასხვა ტკივილსა და უბედურებაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე — ხუმრობით. საუბრის ბოლოს კი ვაღიარეთ, რომ არც ისე საშინლად ბებრები ვართ და თავს ნამდვილ მოხუცებად ვერ ჩავთვლით, სანამ ჩვენს სოფელში ჩვენზე უფროსი — ასი წლის მოხუცი ცხოვრობს.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

როდესაც ახალგაზრდები თავისი სიძლიერისა და მიამიტობის უპირატესობით ჩვენ ზურგს უკან დაგვცინიან, სასაცილოდ აღიქვამენ ჩვენს მძიმე სიარულსა და დაძარღვულ კისერს, ვიხსენებთ, როგორ დავცინოდით ოდესღაც ჩვენც, ასევე სიძლიერისა და მიამიტობის უპირატესობით და სრულებით არ მიგვაჩნია, რომ დავმარცხდით, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ეს საფეხური გადავლახეთ და უფრო ჭკვიანი და მომთმენი გავხდით.

53
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 27 ნოემბერს

0
(განახლებულია 23:32 26.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3137GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ  0,0001 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 27 ნოემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს