ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები

მხატვრული მინისგან დამზადებული დეკორატიული სანათები ხელოვანი ცოლ-ქმრის ნამუშევრები

216
(განახლებულია 18:47 10.11.2020)
სახლის მოწყობისას დეკორატიულ ნივთებს და განათებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის სრულყოფილს ხდის ინტერიერს, მით უმეტეს, თუ ეს აქსესუარები ლამაზთან ერთად პრაქტიკულიცაა და სწორად შერჩეული.

ფერადი მხატვრული მინისგან სწორედ ასეთ საჭირო, დახვეწილ და ორიგინალურ სანათებს ქმნის თორნიკე კაკაბაძე მეუღლესთან მართა ბრეგვაძესთან ერთად. ჩვენი დაინტერესება მათ მიერ შექმნილმა სანათებმა გამოიწვია, რომლის მეშვეობითაც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სივრცე განსაკუთრებულ იერს იძენს.

მართა ბრეგვაძე და თორნიკე კაკაბაძე
მართა ბრეგვაძე და თორნიკე კაკაბაძე

- მხატვრების ოჯახი ვართ, ვცხოვრობთ სახლ-სახელოსნოში, სადაც ჩვენივე დიზაინით ფერადი მინის, ლითონისა და ხის მასალების გამოყენებით ვქმნით ინტერიერის სხვადასხვა დეტალს, ნივთს და მხატვრულ ვიტრაჟს.

- ხელნაკეთი სანათების შექმნა როდის დაიწყეთ?

- სანათების იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვებადა. პირველი ნიმუშები მალევე ავაწყეთ, ნელ-ნელა, ყოველ ჯერზე ვავითარებდით ტექნოლოგიურად და ასევე დიზაინის მხრივ.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები

- რა მასალით იქმნება თქვენი სანათები და რამდენად რთულია მასზე მუშაობა? მუშაობის დროს ძირითადად რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე?

- ჩვენი სანათები მზადდება ფერადი მხატვრული მინისგან, ტიფანის ტექნოლოგიით. სანათზე მუშაობა, რა თქმა უნდა, შრომატევადია პატარა აქსესუარებთან შედარებით. სირთულეები ძირითადად სადგამზე მუშაობის დროს გვხვდება, რადგან ამ ეტაპზე არ გვაქვს ხეზე სამუშაო სამრეწველო აღჭურვილობა და, შესაბამისად, ხელით გვიწევს რთული დეტალების გამოჭრა და დამუშავება.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?

- ინტერიერში სწორად შერჩეულ სანათს შეუძლია მთლიანად შექმნას სივრცის ატმოსფერო და განწყობა. ფერები, რომელსაც სანათის შუქი გამოსცემს, ნებისმიერ გარემოს საოცარ სიმყუდროვეს სძენს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანზე.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი

- დღეს ყველაზე აქტუალური და პოპულარული როგორი სტილის სანათებია?

- საქართველოში ჯერჯერობით არ არის გავრცელებული ტიფანის სანათები, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება და ხშირად ვიღებთ შეკვეთას, რომელსაც ვარგებთ დამკვეთის ინტერესს. საბოლოოდ ყველა ჩვენი ნივთი დიდი და სასიამოვნო ძალისხმევისა და საინტერესო შემოქმედებითი პროცესის შედეგია, აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ორი ერთნაირი ნაკეთობა.

- მისაღები ოთახისთვის როგორ განათებას ურჩევთ ადამიანებს?

- ყველა ადამიანის გემოვნება და ინტერესი ინდივიდუალურია, თუმცა სანათი ზოგადად ჰარმონიაში უნდა იყოს ინტერიერთან თავისი ფერით, ფორმითა და სინათლის ტონალობით. ის უნდა შეესაბამებოდეს და ხაზს უსვამდეს სივრცის ფუნქციას, ესთეტიკას და განწყობას.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათი

- მისაღებთან შედარებით საძინებლის განათება ალბათ განსხვავებული უნდა იყოს...

- საძინებლისთვის გირჩევდით ერთი ფერის სანათს, დაბალი ნათებით და, მერწმუნეთ, მასზე კომფორტული და ლამაზი ნივთი ოთახში არ გექნებათ.

- სანათების გარდა სხვა ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნით?

- დიახ, ბევრ სხვადასხვა ნივთსა და აქსესუარს ვამზადებთ იმავე ტექნოლოგიით: საახალწლო სათამაშოებს, სასანთლეებს, სარკეებს, საზეიმო დეკორაციებს და ა.შ.

ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები
ხელმნაკეთი დეკორატიული სანათები

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება როგორც შემოქმედებითად, ასევე ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მხატვრული სანათების გამოფენას თბილისის ერთ-ერთ მყუდრო გალერეაში.

216
შორენა მონდაძე

11 შვილის დედა მოლბერტთან, მისი საოცარი ნახატები და ცხრა წლის გოგო, რომელიც ას თხას უვლის

21
(განახლებულია 17:27 30.11.2020)
ლილოსთან ახლოს მდებარე სოფელ ნასაგურში ცხოვრობს ქართული ოჯახი, რომლის დიასახლისი, 47 წლის შორენა მონდაძე 11 შვილის დედაა...

თუმცა მას სხვა ღირსებაც აქვს - საოცრად ხატავს. თვლის, რომ მოყვარული მხატვარია, თუმცა მის ნახატებში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. დედის შემოქმედების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. გარდა ამისა, ამ თბილ ოჯახში, სადაც სიკეთე მთავარი ღირებულებაა, შრომას თავიდავე ეჩვევიან.

შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად

- ქალბატონო შორენა, საბავშვო თემატიკაზე რომ ხატავთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ თუ ეს თქვენში შემორჩენილი ბავშვობის გამოძახილიცაა?

- ხატვა ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს. ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი. განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს, გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- საერთოდ ასლების სამყარო გხიბლავთ და პორტრეტებს ფოტოებიდანაც ქმნით...

- დიახ, ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს შეკვეთებზეც ვმუშაობ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- როგორ უყურებენ ოჯახში მოლბერტთან  მდგარ დედას?

- ოჯახის წევრები მიჩვეული არიან ჩემს საქმიანობას. პატარებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს: აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან, ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, ბავშვებს გამოჰყვათ ხატვის ნიჭი, გატაცებული არ არიან, მაგრამ თუკი მოუნდებათ დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტელინით.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს და მისი თხოვნით თუ დაგიხატავთ?

- მასაც მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მეუღლის თხოვნით მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დახატული, რომლებიც ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველია.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- გმირი დედა ხართ, რომელმაც ამბობენ, ყველაზე მეტი ჟღენტი გააჩინა, შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?

- აღზრდის დროს, პირველ რიგში, ალბათ, მაგალითის ძალაა მთავარი, რადგან ბავშვები გვიყურებენ როგორ ვცხოვრობთ, მერე გვბაძავენ და იმასვე იმეორებენ. ამის გარდა, სულ ვეუბნები, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და სიკეთე აკეთონ-სხვა რა უნდა ვასწავლო?

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- პატარა მეურნეობა გაქვთ და ბავშვებს შრომას აჩვევთ...

- დიახ, თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი გოგო, რომელიც ცხრა წლისაა, თვითონ  წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. მოკლედ, ერთ ამბავშია და ამ თხებს მარტო თვითონ უვლის...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- მისი პორტრეტი თუ გაქვთ დახატული?

- სხვათაშორის, ერთხელ მთხოვა თხებთან ერთად დამხატეო და დავხატე, ძალიან მოსწონს ის ნახატი.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- უფლის ყველაზე დიდ წყალობად რას თვლით?

- ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია...

 

21
გია გილიგაშვილი

ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“

373
(განახლებულია 21:09 28.11.2020)
ქართულ ფეხბურთს ეროვნული საფუძველი გამოეცალა და მისი ფიასკოს ძირითადი მიზეზი სწორედ ეს არის-ასე ფიქრობს ვეტერანი ფეხბურთელი, გია გილიგაშვილი, რომელიც ლანჩხუთის „გურიაში“ გუნდის ყველაზე წარმატებულ დროს თამაშობდა.

სულ ახლახან, როგორც იცით, ისტორიული ფაქტი მოხდა, ქართული ქალთა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ამ ფაქტით ქართული ფეხბურთის დღევანდელი საეჭვო რეპუტაცია ერთგვარად გააბათილა.

თუმცა, იყო დრო, როდესაც გურიაში მამაკაცების ფეხბურთი წარმატების ზენიტში იყო და იგივე ლანჩხუთში, საფეხბურთო კლუბი „გურია“ თავის გულშემატკივარს გამორჩეული თამაშით ახარებდა. მოკლედ, როგორც ამ გუნდის ცნობილ ჰიმნშია „ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია“ და ამაში ჩვენი რესპონდენტის დამსახურებაც უდაოდ იყო.

გია გილიგაშვილი
გია გილიგაშვილი

- ბატონო გია, თქვენ იმ დროს გამოდიოდით მოედანზე, როცა ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა იყო,, როგორ აღმოჩდით ამ გუნდში?

- ფეხბურთის თამაში ცნობილ 35-ე სკოლაში დავიწყე. რაც შეეხება, ჩემს სპორტულს კარიერას, 19 წლის ბიჭი ვიყავი, როცა 70-იანი წლების ბოლოს, ლანჩხუთის „გურიის“ გუნდში აღმოვჩნდი. როგორ იყო, იცით? თუკი თბილისის „დინამოში“ არ მოხვდებოდი, ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც წარმატებად ითვლებოდა. კარგი გუნდი იყო და საკმაოდ კარგი პირობებიც იყო.

ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები
ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები

- როცა გურიაში ჩახვედით იმ დროს საფეხბურთო ბუმი იყო?

- ლანჩხუთის რაიონში მაშინ მართლაც ნამდვილი საფეხბურთო ბუმი იყო. ეს პატარა ბიჭი უცებ თავგადაკლული გულშემატკივრების ხელში ჩავვარდი. აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით 300-ზე მეტ თამაშში მივიღე მონაწილეობა, სეზონის მანძილზე კი დაახლოებით 40-50 თამაშზე გამოვდიოდი. ძალიან მეგობრული გუნდი იყო, იმდენად მეგობრული, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი მეგობრობის ანალოგი მაშინ არც არსებობდა. ადგილობრივი ფეხბურთელების დამსახურება იყო, რომ გუნდი ასეთი შეკრული იყო, თუმცა მასში თბილისელებიც ვიყავით. ამ წარმატებაში ასევე გიგლა იმნაძისა და გუნდის კაპიტნის, თემურ ჩხაიძის წვლილიც იყო.

ვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი
photo: courtesy of Levan Avlabreli
ვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი

- ამასთან გულშემატკივარის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, არა?

- რასაკვირველია... ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს თბილი და მოსიყვარულე იყო. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ერთი პიროვნების, (ედუარდ შევარდნაძის ძმის) ევგრაფი შევარდნაძის ღვაწლი, რადგან ფეხბურთისადმი ასეთი სიყვარული მისგან მოდიოდა. არადა, იმ დროისთვის ეს კაცი მხოლოდ „ატეკის“ უფროსი იყო. გულშემატკივარი მატჩზე დასასწრებად სოფლებიდან  ჩამოდიოდა. ფეხბურთელებს ხელის გულზე გვატარებდნენ და გუნდს გარკვეული წარმატებები ჰქონდა. მაგ დროს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რაც მარტო მწვრთნელის დამსახურება არ გახლდათ. ამის მიზეზი, ვიმეორებ, პირველ რიგში, მეგობრული და  შეკრული გუნდი იყო, რამაც უფრო განაპირობა ჩვენი წარმატება.

საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი
საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი

- ლანჩხუთის „გურიაზე“ ჰიმნიც დაიწერა და ფილმებიცაა გადაღებული...

- დიახ, ჩვენს გუნდზე ორი ფილმია გადაღებული: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“ და „გურია, გურია“, რომლის რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი იყო. ჩვენს გუნდზე ფილმის გადასაღებად ის უფრო ადრე იყო ჩამოსული, ვიდრე 1986 წელს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდა. ასევე ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან ტელევიზიები და ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევდა. განწყობაც ამაღლებული იყო: წარმოიდგინეთ, ამხელა საბჭოთა კავშირში დავდიოდით და გვიხაროდა, გვეამაყებოდა, რომ ქართველები ვართ...

- რა აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს?

- ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი ფულია საჭირო, რათა აშენდეს ბაზები და სტადიონები. დღეს კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობაცაა. გარდა ამისა, დღევანდელ ფეხბურთელებს არ ეტყობათ ის სიამაყე, რაც ჩვენს თაობას ახასიათებდა და რაც თამაშის ხარისხზეც მოქმედებდა. წარმოიდგინეთ, როგორ ამაყად გადიხარ სტადიონზე იმის გამო, რომ ქართველი ხარ და იცი უნდა გაიმარჯვო! როცა ეროვნული სიამაყე არ გეტყობა, მოგებითაც არ ხარ დაინტერესებული...

- ანუ ეროვნული საფუძველი გამოეცალა ქართულ ფეხბურთს და ამიტომ გახდა ასეთი?

-კი, მართლაც ასეა.. ესაა გადამწყვეტი! სამწუხაროდ მთლად ამ თაობის ბრალიც არ არის, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ იყო ის პირველი გუნდი, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატს მხარი დაუჭირა და მის ჩამოყალიბებას დაუდო დასაბამი. მართლა დიდი იდეები გვქონდა და ჩვენც ამ იდეებისთვის ვიბრძოდით. მაშინ ქართული ფეხბურთის სხვანაირი მომავალი გვესახებოდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა...

- ერთ-ერთი მატჩის წინ, ანტისაბჭოური საქციელისთვის, თურმე, კინაღამ დაისაჯეთ, რა მოხდა?

- ეს იყო 1984 წლის გაზაფხულზე, როდესაც „გურია“ ვოლგოგრადში თამაშობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის გახსნა. იმ თამაშს სტადიონზე 40 000 კაცი ესწრებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა და საბჭოეთის დროშა აღმართეს, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა. ყველა თავაწეული იდგა, ამ დროს უცებ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ძირს დავიხარე და ბუცებზე თასმების შეკვრა-გახსნა დავიწყე. მსაჯები გაოგნდნენ, არა მარტო ისინი, ფეხბურთელებიც...

ლანჩხუთი, 2013 წელი
ლანჩხუთი, 2013 წელი

- როგორ გადაურჩით კომუნისტების რისხვას?

- როცა თამაში დამთავრდა, გასახდელისკენ მივდიოდი. ამ დროს მატჩის კომისარმა, რომელიც ომის მონაწილე ყოფილა თავის კაბინეტში შემიყვანა. მოსკოვში ჩემზე საჩივარი დაწერეს, რადგან ასეთი „ცუდი“ საქციელი ჩავიდინე. ეს რომ 20 წლით ადრე მომხდარიყო, ალბათ, ციმბირს იქით გამიშვებდნენ, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ მიშველა. ჩემზე დაწერეს, რომ სამაგალითო ქცევით გამოვირჩეოდი და გუნდის ერთ-ერთი მოწინავე სპორტსმენი ვიყავი.

ვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი
ვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი

- სულ ახლახან იუბილარი იყავით, 60 წლის გახდით, ამ გადასახედიდან რას შეცვლიდით სპორტულ კარიერაში, რაიმეზე გწყდებათ გული?

- რა თქმა უნდა შევცვლიდი, ჩვენ დროს თბილისის „დინამოს“ ძირითადში თუ ვერ მოხვდებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ შენი კარიერა არც ისე წარმატებულად მიდიოდა. თუმცა ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც პრესტიჟული იყო. საკმაოდ დიდი ანაზღაურება გვქონდა. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ზოგჯერ გვეხუმრებოდნენ, თუმცა ამაში სიმართლის მარცვალიც იყო: ბიჭო, წაგვიყვანეთ ლანჩხუთში, მოვკვდით 300 მანეთზე თამაშითო.

გია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე
გია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე

- არადა, არ იყო ეგ პატარა ფული იმ დროს...

- არ იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ გაცილებით მაღალი ანაზღაურება გვქონდა. გული კი იმაზე მწყდება, რომ მაშინ სხვა დრო იყო და უცხოეთში გასვლის და თამაშის საშუალება არ გვქონდა, თორემ სულ სხვანაირად მოვემზადებოდით.

- არასაფეხბურთო ამბებიდან რას გაიხსენებდით?

- მახსოვს, სადაც ჩავდიოდით ხოლმე ადგილობრივი გუნდი გვახვედრებდა ავტობუსს, რომლითაც სტადიონზე და სხვადასხვა ადგილას მივყავდით. ერთხელ, დუშანბეში ყოფნის დროს, ავტობუსში მთელი გზა ხმამაღლა ვკამათობდით. მძღოლმა ქართული არ იცოდა და ბოლოს გაოცებულმა გვკითხა: ვიცი, რომ ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ხართ, მაგრამ გამაგებინეთ, მთელი გზა ასე ცხარედ რაზე კამათობდითო? ამ დროს ჩვენი კამათი, იცით, რას ეხებოდა? -ვინ უფრო მაგარი ქალი იყო: ირინა პანაროვსკაია თუ ლაიმა ვაიკულე? ნახევარი გუნდი ამბობდა: პანაროვსკაიაო, მეორე ნახევარი- ვაიკულეს. კაცი მოკვდა სიცილით.

- თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რომელ ნახევარში იყავით?
- მე პანაროვსკაია რომ მოსწონდა იმ ნახევარში ვიყავი...

- დღეს ფეხბურთში ესტაფეტა ქალებმა აიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ოდესმე წარმოიდგენდით ამას?

- ლანჩხუთის ქალთა გუნდის ბოლო თამაში ინტერნეტში ვნახე. გოგოებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, საერთოდ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალიან პროგრესირებს. როგორც ჩანს, გურულმა ნიჭმა და სიხალისემ ისევ იყივლა. ისინი სხარტი ნიჭის პატრონი არიან, ამჯერად ქალებმა ივაჟკაცეს და დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი მაინც გურულების საქმეა. დღეს ასე ხუმრობენ: ლანჩხუთის ქალთა გუნდის მოთამაშეები ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მივათხოვოთ, რომ 15 წლის მერე, წამოვიდეს თაობა, რომელიც მსოფლიოს გააოცებსო. სხვათა შორის, კარგი იდეაა...

 

373
აქცია ბათუმში

„ეს უპასუხისმგებლობაა“ ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე აჭარაში

0
(განახლებულია 17:36 30.11.2020)
თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაიცავენ დადგენილ რეკომენდაციებს, ქვეყანა ვირუსს ვერ შეებრძოლება, აღნიშნავს ეპიდემიოლოგი

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საპროტესტო აქციებს აჭარაში უპასუხისმგებლობა უწოდა.

კარვები, ჯიხურები, პროტესტი: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან>>

ბათუმში უვადო საპროტესტო აქციები 8 ნოემბერს დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი. ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი აქციების დროს არ იცავენ უსაფრთხოების ძირითად ზომებს – პირბადის ტარებასა და დისტანციას.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც კი პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს.

„სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების. სწორედ ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს, ერთ-ერთი სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებებია, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ ერთია დაწესება და აღსრულება - მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, ისე არაფერი არ გამოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვა. მისი თქმით, პანდემია მძვინვარებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და პირველი და უმთავრესი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.

„ეს პიკია" – გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე>>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ყოველდღიურად ვირუსის დაახლოებით 4 ათასი შემთხვევა ვლინდება. ინფიცირებულთა რაოდენობის შესაკავებლად 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები დიდ ქალაქებში მოქმედებს, სადაც გაჩერებულია საქალაქო ტრანსპორტი, არ მუშაობს სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, სპორტდარბაზები, აუზები, ქვეყანაში მოქმედებს პირბადის რეჟიმი და იკრძალება ღამით გარეთ გასვლა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში