მაშო კახიშვილი

ემიგრანტი ქალის წერილები: აქ დრო ჩერდება და რეალურად ვაკუუმში ვართ, საიდანაც ვერ გაიქცევი

505
(განახლებულია 19:47 09.11.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს გაგაცნობთ კიდევ ერთ ემოციურ ღია გზავნილს, რომელიც იტალიის ქალაქ რეჯო დე კალაბრიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს მაშო კახიშვილს ეკუთვნის:

მაშო კახიშვილი
მაშო კახიშვილი

დავიბადე და გავიზარდე ხაშურში, სახელმწიფო მოხელეების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ყოველთვის ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ შვილებთან ერთად გაეტარებინათ. რადგან მე მამიკოს გათამამებულ გოგოდ ვითვლებოდი, ამიტომ მათი ყურადღებაც უფრო ჩემკენ იყო მომართული...

საკმაოდ ფერადი და ლამაზი ბავშვობა მქონდა, მყავს და, რომელიც ამჟამად თავისი პროფესიით არ მუშაობს. თუმცა, ვთვლი, რომ სამყარო, სადაც ახლა თავის საუკეთესო ნიმუშებს ქმნის, მისთვის უფრო მისაღებია, რადგან თავისი აღსაზრდელებისთვის ყველაფერს სიხარულით აკეთებს. ძმა მსახიობია, რამდენიმე თეატრში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულია. მშობლებმა საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი კარგად აღზრდისთვის და ამის გამო კიდევ ერთხელ მინდა მათ მიმართ მადლობა გამოვხატო. სამწუხაროდ, მამა გარდაცვლილია...

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

ვსწავლობდი ხაშურის N1 გიმნაზიაში, ჩემი ყველაზე ფერადი და ბედნიერი ბავშვობა სწორედ სკოლას უკავშირდება. მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. წერა ბავშვობიდან მიყვარს და ჩემი ჩანაწერები აქამდე ინახება ჩვენი სკოლის სამახსოვრო ალბომში, რითიც ძალიან ვამაყობ.

რაც შეეხება დღევანდელ შემოქმედებას, ვწერ ლექსებს და ნოველებს. ერთადერთი, რაც ემიგრაციაში ყველა ტკივილს და განცდას მავიწყებს, წერაა... მაქვს ჩემი სამყარო, სადაც ყველაზე თავისუფალი ვარ, რადგან გადმოვცემ ადამიანების მიმართ საკუთარ ემოციას, სიყვარულს, ტკივილსა და ბედნიერებას. ახლა ვწერ წიგნს, რომელსაც ვუწოდე „სამოთხიდან ჯოჯოხეთის ეკლიან გზაზე", წიგნი იმ გზაზეა, რომელსაც ყველა ემიგრანტი გადის...

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

ემიგრაციაში ორი წელია ვიმყოფები. სანამ იტალიაში, კერძოდ, რეჯო-კალაბრიაში დავმკვიდრდებოდი, რთული გზა გამოვიარე. თავიდან კალაბრიას მარტო ორი კვირა ვსტუმრობდი, შემდეგ ჩავედი ჩრდილოეთში, კერძოდ, ქალაქ უდინეში, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები გავიცანი. ადამიანები, რომლებმაც ქართული გული კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს. ქალბატონმა მარინა ფეიქრიშვილმა, რომლის სახლშიც დავბინავდი, როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო. არასდროს დამავიწყდება ქალბატონი ფოთოლა მანაგაძე, რომელმაც საოცარი სითბოთი და სიყვარულით ჩამიხუტა გულში. არცთუ ისე ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა ვთვლი, რომ ისინი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და მინდა ყველა მათგანი ვახსენო...

მაშო კახიშვილი
მაშო კახიშვილი

წარუშლელი ემოცია დამიტოვეს მარი გოშხეთელიანმა და მაიკო ბორაშვილმა, რომლებთანაც თვე-ნახევარი დავყავი. ჩემი ბედი გარკვეულად დავუკავშირე ამ ადამიანებს, რომლებსაც, ვთვლი, რომ არასოდეს დავკარგავ. რა თქმა უნდა, თავიდან ემიგრაციაში იყო ტკივილი და იმედგაცრუებაც, მაგრამ ყველაფერი მოთმინებით დავძლიე... რეჯო-კალაბრიაში, სრულიად უცხო ქალაქში გაურკვეველ ვითარებაში მოხვედრილს, არასდროს დამავიწყდება სიკეთით გამოწვდილი არც ერთი ხელი. ისინი არც ისე ბევრია და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს დავკარგავ მაია ზარნიძეს, რომელსაც დღემდე დედობილად ვთვლი, ხათუნა დადიანიძეს, რომელმაც მძიმე წუთებში ჩამკიდა ხელი და მარტო არ დამტოვა. მინდა ასევე ვახსენო ჩემი საუკეთესო მეგობრები მარი ალავიძე, ზიზი ბუცხრიკიძე და თამთა მჟავია...

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

იცით, რას ნიშნავს ემიგრაცია? - ეს უძილო ღამეებია, აქ დრო ჩერდება. რეალურად უმოძრაო მდგომარეობაში ვართ, ვაკუუმში, საიდანაც ვერსად გაიქცევი. მერე თანდათან ეგუები უცხო ქვეყანას, ახალ ზნე-ჩვეულებებს, უცხო ოჯახს, რომელიც საკუთარივით უნდა მიიღო. იტალიურ შთაბეჭდილებას რაც შეეხება, უზომოდ მომწონს იტალიური კულტურა და ურთიერთობები. რეჯო კალაბრიაში ჩამოსვლის დღიდან რომ მოვხვდი, ისევ იმ ოჯახში ვარ. თავიდან მათი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა. ოჯახში მუდმივად მე, ბებია და ბაბუა ვართ. ბაბუამ მასწავლა იტალიური ენაც და ადგილობრივი სამზარეულოც, რომელსაც საკმაოდ კარგად დავეუფლე. ძალიან დიდი იტალიური ოჯახია, კვირაში ხუთ დღეს, როცა ყველა იყრის თავს, 18 ადამიანი ვართ. საკმაოდ მძიმე შრომა მიწევს, დაბალ ანაზღაურებაზე ვმუშაობ, მაგრამ ამ ოჯახს როგორც საკუთარს, უკვე ისე შევეგუე...

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი, ოჯახი, შვილი, ვის გამოც აქ ვარ... მენატრება თბილისი, სადაც ოცი წელი ვიცხოვრე. ბედნიერი ვარ იმით, რომ აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მეგობრობის ხელი გამომიწოდეს და კიდევ იმით, რომ შევიძინე მეორე დიდი ოჯახი...

 

505
თემები:
ქართველები უცხოეთში (89)
ბრიუს ლი

ბრიუს ლი 80: ბრძენი სულელური კითხვიდან მეტს იღებს, ვიდრე სულელი ბრძნული პასუხიდან

223
(განახლებულია 21:22 27.11.2020)
არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს – ბრიუს ლი.

დღეს ბრიუს ლის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

...მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით>>

საბრძოლო ხელოვნების სამყაროში გამორჩეული ვარსკვლავი ბრიუს ლი ნამდვილი ლეგენდაა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც არა მარტო აღმოსავლური ორთაბროლების უბადლო ოსტატი, არამედ როგორც უნიკალური მოაზროვნე, რომლის ფილოსოფია დღემდე აღაფრთოვანებს მილიონობით ადამიანს.

ბრიუს ლი (ლი ჯუნ ფენი – 1940–1973) იყო ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. მან მხოლოდ 33 წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ორთაბრძოლების ნამდვილი ოსტატის სახელი დაემკვიდრებინა.

ბრიუს ლი ბავშვობიდან ეზიარა ჩინურ ტრადიციებში ერთმანეთისგან განუყოფელ აღმოსავლურ სიბრძნესა და საბრძოლო ხელოვნებას. მისი გამონათქვამები დღემდე ეხმარება მრავალ ადამიანს თვითგანვითარებასა და თვითშემეცნებაში.

იდეალისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცხოვროთ!>>

გავიხსენოთ ბრიუს ლის ზოგიერთი გამონათქვამი, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და, უბრალოდ, ამ წუთისოფელზე.

ბრიუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში
ბრიუს ლის ძეგლი ჰონგ-კონგში

•    მნიშვნელობა არა აქვს, რომ ნელა მიიწევ წინ, მთავარია, რომ არ ჩერდები;

•    მარცხი მარცხი არაა, თუ მას ასეთად არ აღიარებთ თქვენ ცნობიერებაში;

•    ნამდვილი მეგობრები ალმასივითაა — ძვირფასია და იშვიათი. ცრუ მეგობრები შემოდგომის ფოთლებივითაა — ყველგან არიან;

•    არ იფიქრო — იგრძენი! ეს მთვარეზე თითის მიშვერას ჰგავს. კონცენტრაციას თითზე ნუ აკეთებ, თორემ ამ ღვთაებრივ სილამაზეს გამოტოვებ;

•    რაზეც ფიქრობ, იმად იქცევი;

•    აღმოსავლეთის ხალხი ამბობს: „უფრო მოქნილი იყავი. სიცოცხლეში ადამიანი რბილი და მოქნილია, ხისტად მას სიკვდილი აქცევს“. ეს სხეულსაც ეხება, გონებასაც და სულსაც;

•    სხვისი განსჯის ნაცვლად მის გაგებას ვსწავლობ. არ შემიძლია, ბრმად გავყვე ბრბოს და მისი დამოკიდებულება მივიღო;

•    თუ რამეზე ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, ამით ის მართლა შეუძლებელი ხდება;

•    კარგი მებრძოლი ის კი არაა, ვინც დაძაბულია, არამედ ის, ვინც მზადაა. ის არ ფიქრობს და არ ოცნებობს, ის ყველაფრისთვის მზადაა, რაც შეიძლება მოხდეს;

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

•    გაათავისუფლე ტვინი, გახდი უსხეულო, უფორმო, როგორც წყალი. წარმოიდგინე, რომ წყალს ჭიქაში ასხამ — ის ჭიქა ხდება, თუ ჩაიდანში ასხამ — ჩაიდანი ხდება. წყალს შეუძლია იდინოს, ილივლივოს, იწვეთოს ან შხეფებად დაიღვაროს — იყავი წყალი, მეგობარო;

•    ცარიელ თავს გრძელი ენა აქვს;

•    აუცილებელი არაა მიზანს მიაღწიო. ხანდახან ეს, უბრალოდ, მიმართულებაა შემდგომი მოძრაობისთვის;

•    შეცდომების პატიება საკუთარი თავისთვის ყოველთვის შეიძლება, თუ მათი აღიარების სითამამე გეყოფა;

•    იყავი რბილი, მაგრამ არა — მორჩილი, იყავი მყარი, მაგრამ არა — სასტიკი;

•    უბრალოება ხელოვნების უმაღლესი საფეხურია;

•    ბრძენს სულელური კითხვიდან მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე სულელს ბრძნული პასუხიდან;

•    მნიშვნელობა არა აქვს, რას გასცემ, მნიშვნელოვანია, როგორ გასცემ;

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

•    არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს.

223
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

195
(განახლებულია 10:28 27.11.2020)
როცა შოთა თხილიშვილმა ნიღბების კეთება დაიწყო, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ადამიანები ნიღბის გარეშე გარეთ გასვლას ვერ შეძლებდნენ...

თუმცა მისი ნიღბები მედიცინისგან შორსაა და ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სხვადასხვა თემატიკის ნიღბებს საკუთარი ტექნოლოგიით ამზადებს, უნდა, რომ მალე საკუთარი ნამუშევრების ბრენდი შექმნას...

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- შოთა, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ნიღბების ეპოქაში აღმოვჩნდებოდით?

- არა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს ასეთი რამ თავს დაგვატყდებოდა და ნიღაბი აქტუალური გახდებოდა...

- თქვენ შემთხვევაში ნიღბით გატაცება როდის დაიწყო?

- სხვათა შორის, მე ბავშვობიდან, თითქმის ორი წლიდან ვძერწავ. როგორც დედა იხსენებს, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ასაკიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გატაცებები, ხატვაც ადრე დამიწყია. მოგვიანებით კი პირველი ლექსიც დამიწერია.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

- აკადემიური განათლების მიმართ ერთგვარი პროტესტი მაქვს. ჩემი აზრით, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აკადემიაში შევა, შემდეგ ვიღაცის ასლი ხდება და ნიჭის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. ყოველთვის ვცდილობ მსგავსი გავლენებისგან თავისუფალი ვიყო. ამიტომაც არაფერი მისწავლია. რა თქმა უნდა, ცნობილი მხატვრების შემოქმედებას ვიცნობ, მაგრამ ხატვის ტექნიკა არსად მისწავლია. ვიღაცამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა, პირველაღმომჩენია, პიონერია. მე კი მომწონს, როცა რაიმე სწავლის, შეცნობის გზას დამოუკიდებლად გავდივარ, ყოველგვარი ჩარევებისა და რჩევების გარეშე, საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე.

- ნიღბებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ნიღბებს საკუთარი ტექნიკით წინასწარ დამზადებული მინარევის საშუალებით ვაკეთებ. ისინი პოლიურეთანის პლასტიკის, ანუ ორკომპონენტიანია, მასალა საქართველოში სპეციალურად ჩამომაქვს. ჩემი ნიღბები მხოლოდ ორიგინალებია, ექსკლუზიური შეკვეთით დამზადებული.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- თქვენი ნიღბები კონკრეტულად რომელიმე პერსონაჟს გამოსახავს?

- ახლავე აგიხსნით: არის ასეთი ხელოვანება Cosplay, რაც სხვადასხვა პერსონაჟების განსახიერებას გულისხმობს. სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გმირები ბავშვობიდან მიზიდავს, მათ მიმართ ინტერესი სულ მქონდა. როცა ვხედავდი, რომ ზოგჯერ მათი ხასიათი არ შეესაბამებოდა მათსავე გარეგნობას, მაშინ თავად ვქმნიდი ამა თუ იმ პერსონაჟს ისეთად, როგორიც წარმომედგინა, ანუ როგორიც, ჩემი აზრით, რეალობაში უნდა ყოფილიყო.

- ძირითადად როგორ ნიღბებს გიკვეთავენ და მათ შორის პოლიტიკოსის ნიღაბი თუ იყო?

- უფრო ხშირად მიკვეთავენ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის, ან მითოლოგიური გმირების ნიღაბს, რომელსაც ჩემეული ინტერპრეტაციით ვაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკოსების ნიღაბს, არავის შეუკვეთია. თუმცა პოლიტიკოსებს, მგონი, ისედაც აქვთ სიმბოლური ნიღაბი და ზედმეტი საჭირო აღარ არის.

შოთა თხილიშვილის ნიღბები
შოთა თხილიშვილის ნიღბები

- უჩვეულო შეკვეთა თუ გქონიათ?

- რაიმე უჩვეულო შეკვეთა არ მახსენდება. ერთხელ მთხოვეს ვიკინგის რქებიანი ჩაფხუტი დამემზადებინა. უჩვეულო ნიღბებს ძირითადად ჩემთვის ვქმნი ხოლმე. მათი გამოყენება ინტერიერისთვისაც შეიძლება. ძირითადად იაპონურ და აზიურ პერსონაჟებზე მაქვს აქცენტი, ანუ სინთოისტურ ღვთაებებსა და პერსონაჟებზე.

- ქართული მითოლოგიური პერსონაჟის ნიღაბი არ არის მათ შორის?

- ახლა მინდა, რომ ნადირობის ქალღმერთის დალის ნიღაბი გავაკეთო. მითოლოგიური პერსონაჟები საინტერესოა და კონკრეტულ ემოციას გამოხატავს – სიკეთეს, სიხარულს, აგრესიას... თუმცა არის ნიღბები, რომელიც არაფერს გამოხატავს, უემოციოა.

შოთა თხილიშვილის შემოქმედება
შოთა თხილიშვილის შემოქმედება

- უემოციო ნიღაბს რისთვის იყენებენ?

- ახლა მაქვს ერთი პოეტური ნიღაბი, რომელიც ჩემთვის დავამზადე, ის არანაირ ემოციას არ გამოხატავს და ცარიელია.

- პოეტური ნიღაბი უემოციო და ცარიელია?

- ახლავე აგიხსნით: პოეზიის შემთხვევაში ეს ნიღაბი უემოციო იმიტომაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ემოცია ნიღბისგან კი არა, ლექსიდან და სიტყვებიდან მოდიოდეს.

შოთა თხილიშვილი
შოთა თხილიშვილი

- ნიღბების ბრენდზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, მინდა, რომ ჩემი ნიღბების ბრენდი შევქმნა და „ხელკეთა“ დავარქვა. საერთოდ მარტო ნიღბებზე არ ვარ ორიენტირებული, ამავდროულად ვხატავ, ვქმნი სკულპტურებს და ქვის ბარელიეფებს. უბრალოდ, ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და ნიღბებზე ამიტომ შევჩერდი.

- უახლოეს დროში რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

- გადავწყვიტე შევქმნა ახალი ტრენდი – ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშნის გამოყენებით გავაკეთო ნიღბები, რომელსაც ჩვეულებრივ პირბადედაც გამოიყენებენ. მოკლედ, ეს ისეთი თემაა, რომელიც შემოქმედებით ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს.

შოთა თხილიშვილის ნიღაბი
შოთა თხილიშვილის ნიღაბი

- როგორია თქვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეუნიღბავი სათქმელი, რომლითაც ადამიანებს შეგიძლიათ მიმართავთ?

- მათ ასე ვეტყოდი: გინდ ცუდად იყო, გინდ კარგად, მოუხადე სამყაროს მადლობა ყველაფრისთვის და როგორც ერთმა მაგარმა ადამიანმა მითხრა ერთხელ, მეც გეტყვით: ძალა არის შენში! ხანდახან, როცა გაჩერდები, დაფიქრდები, ბევრჯერ დაეცემი, დაგავიწყდება ვინ ხარ, სისულელეს ჩაიდენ, ბევრჯერ მაღლაც ახვალ, გულიც აგიცრუვდება ან რაიმე გაგახარებს – ეს ყველაფერი შენი გზაა, რომელსაც თავად ირჩევ როგორ წარმართო. ცხოვრება შენი მასწავლებელია, ყოველგვარი ადამიანური გასწავლის ამ გზაზე სიარულს. იყავი შეუპოვარი და არასდროს უთხრა თანადგომაზე უარი მას, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება...

 

195
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

0
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში