ცირა ბულაშვილი მის მიერ დაწერილ ანბანის ხატთან ერთად

ვინ შექმნა ანბანის ხატი, ახალი ანბანთქება და „ფრთოსანი ანბანი“ ფრინველების ბუმბულებისგან 

520
(განახლებულია 09:11 07.11.2020)
საოცარი სიმდიდრე გვაქვს ქართველებს ანბანის სახით, სრულყოფილი, ლამაზი და მსოფლიოში არსებულ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესი.

კიდევ, ის იდუმალია, რადგან მასში საუკუნეების წინ „დამარხული“ და დაშიფრული სამყაროს საიდუმლო დღემდე გამოცანად რჩება...

მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომლის სახით ქართულ ანბანს საოცრად გულწრფელი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. ქალბატონი ცირა ბულაშვილი კალიგრაფი და მწერალთა კავშირის წევრია. ახლახან გარდაცვლილ ქართველ მეცნიერს, ქართული ანბანის უდიდეს მკვლევარს, რამაზ პატარიძეს ის თავის „ინტელექტუალურ მოძღვრად“ თვლიდა, რადგან თავის ჩანაფიქრს პირველად სწორედ მას უზიარებდა...

ცირა ბულაშვილი
ცირა ბულაშვილი

ანბანისადმი სათუთი დამოკიდებულება პირველად პოეტური სახით გამოვლინდა, არა ერთხელ შეასხა ხოტბა მის მიერვე დაწერილ-მოხატული ლექსებით. მის ლექსს „ანბანთქება’’ ეკლესიაში პარაკლისი გადაუხადეს. მასვე ეკუთვნის ხელნაწერი წიგნი „სიბრძნე რუსთველისა". როგორც ულამაზესი ხელწერის მქონე კალიგრაფმა, ბევრჯერ მიიქცია ყურადღება. ასევე შექმნა ქართული ანბანის ხატი, რომელიც სხვადასხვა ქართულ ეკლესია-მონასტრებს შეწირა.

სულ ბოლოს კი, ქალბატონმა ცირამ უჩვეულო იდეა განახორციელა- ქართული ასოები ფრინველთა ბუმბულებით ულამაზესად მოხატა და ამ ფორმით უნიკალური „ფრთოსანი ანბანი“ შექმნა.  

ცირა ბულაშვილი მის ინტელექტუალურ მოძღვართან, რამაზ პატარიძესთან ერთად
ცირა ბულაშვილი მის ინტელექტუალურ მოძღვართან, რამაზ პატარიძესთან ერთად

 - ქალბატონო ცირა, როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი შეხება იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“?

- გურჯაანის რაიონის, სოფელ  ველისციხის საშუალო სკოლა დავამთავრე. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ლოლა ზარდიაშვილი, რომელმაც მაზიარა დიდი იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“, ანბანისადი უსაზღვრო სიყვარულიც მან ჩამინერგა. ახლაც მახსოვს, ლოლა მასწავლებელი როგორი რუდუნებით გვასწავლიდა ქართული ანბანის თითოეული ასო-ბგერის მოხაზულობას.

ფრინველთა ბუმბულისგან შექმნილი ქართული ანბანის ასოები
ფრინველთა ბუმბულისგან შექმნილი ქართული ანბანის ასოები

- ანბანისადმი თქვენი თაყვანისცემა პირველად პოეტური შთაგონების წყაროდ იქცა...

- წლების წინ, დავწერე ლექსი „ანბანთქება’’, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ლექსს მამა გიორგი ბასილაძემ პარაკლისი გადაუხადა და მითხრა: „ნახავ, უფლის ნებით რამდენ რამეს შექმნიო“... ამ ლექსს დღეს ღვთიური ენის მფარველს, ენათმეცნიერ რამაზ პატარიძის ხსოვნას ვუძღვნი.

ქართული ანბანით შექმნილი კედლის საათი- ავტორი ცირა ბულაშვილი
ქართული ანბანით შექმნილი კედლის საათი- ავტორი ცირა ბულაშვილი

- როგორც თავად უწოდებთ, თქვენს ინტელექტუალურ  მოძღვარს, ახლახან გარდაცვლილ ბატონ რამაზ პატარიძეს როდის შეხვდით პირველად?

 - ეს მოხდა მაშინ, როცა გადავწყვიტე შემექმნა ხელნაწერი წიგნი ,,სადიდებელი ენისა ქართულისა“. ჩემმა მოძღვარმა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, თეიმურაზ შიოლაშვილმა მირჩია, რომ ნაშრომი სპეციალისტებისთვის მეჩვენებინა. ასე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა ენათმეცნიერ რამაზ პატარიძესთან. შევთანხმდით, რომ ამ ბუმბერაზ და უკიდეგანოდ განათლებულ ადამიანს სახლში ვეწვეოდი. როდესაც მის პირისპირ აღმოვჩნდი, ვიგრძენი, რომ ჩემს წინაშე იდგა ზეციურსა და მიწიერს შუამდგომი, თითქოს ცვილისგან ჩამოძერწილი ქმნილება, რომელიც ღვთიური ანბანის სიყვარულით კაშკაშებდა, ახლა კი უკვე მარადის იკაშკაშებს...

ცირა ბულაშვილის ნამუშევარი
ცირა ბულაშვილის ნამუშევარი

- როგორ შეაფასა თქვენი ნაშრომი?

- როცა ვესტუმრე, მკითხა: რამ შეგაწუხაო? მივუგე - ენის სადიდებელი დავწერე და მინდა, რომ გადახედოთ მეთქი. მან ფურცლებს დახედა: კალიგრაფია კარგი გქონია, აჯობებს შენ თვითონ წაიკითხოო. მახსოვს, ისე ვღელავდი, რომ დაძაბული ვკითხულობდი:ჰოი, ქართულო ენავ, დიდება შენდა! მთავარანგელოზების მიერ „დავათის სტელაზე“ წარმოჩენილო უძველესო ანბანო ქართველთაო. ძველი ცივილიზაციების ენათა თავსამკაულო, ანბანის ასო-ნიშანთა სისტემასთან, ასტრონომიულ-კალენდარული და რიცხვითი მნიშვნელობებით განბრძნობილო და სამყაროს საიდუმლოსა დამტეველო იბერთა ენავ ქართულო! - ეს ფრაზა ძლივს ჩავამთავრე და აღელვებისგან ავტირდი... ბატონმა რამაზმა მამაშვილურად დამიყვავა - „იცი, რატომ ტირიო“?- მკითხა. მე მხრები ავიწურე... „იმიტომ, რომ საქართველო და ქართული ანბანი გიყვარს. შენი ნაშრომი წიგნად უნდა დაიბეჭდოს.“ ასე გამოიცა ჩემი პირველი ხელნაწერი წიგნი „სადიდებელი ენისა ქართულისა“. სანამ წიგნი დაიბეჭდებოდა შენიშვნების ქარ-ცეცხლში მატარებდა, ამავე დროს მაძლევდა ცოდნას და სულ მიმეორებდა: „შემომიდექი ქართული ანბანის პატრონობაში“...

ცირა ბულაშვილის ნამუშევარი
ცირა ბულაშვილის ნამუშევარი

- თქვენი წიგნის წინასიტყვაობაც მან დაწერა...

 - ჩემი წიგნის შესავალში ასეთი რამ უწერია: ,,...რაკი ქართულ ეკლესიებში თითქმის მეოთხე საუკუნიდან საქართველოში ღვთისმსახურება სრულდებოდა ღვთიური ენით -ქართულით და უპირველესად იკითხებოდა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რადგან მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა მოხდება ენითა ქართულითა, სასურველია აღდგეს ძველი ტრადიცია და კვლავ იკითხებოდეს ქართული ენის სადიდებელი ღვთის სადიდებლად“. და ჰა, იყოს ნება უფლისა!  - დამწერლობადმცოდნე რამაზ პატარიძე, 2012 წელი“.

ცირა ბულაშვილის ნამუშევარი
ცირა ბულაშვილის ნამუშევარი

- მოგვიანებით ლექსი თქვენს მოძღვარსაც მიუძღვენით, როგორ მიიღო ასეთი მიძღვნა?

 - ბატონი რამაზი დიდებული შემფასებელი იყო ქართული პოეზიის. ერთხელაც გავბედე და მისადმი პატივისცემა ლექსი-აკროსტიხით გამოვხატე. როდესაც წარვუდგინე, გაიკვირვა: „ეს როგორ, ანბანში გამრითმეო?“. ასაკის მიუხედავად, სათვალით არ სარგებლობდა და როცა ლექსს დახედა, თითოეული სტრიქონი გასაოცარი ხმით გულდაგულ წაიკითხა. ბოლოს მკითხა: „ხომ შეიძლება ამ ლექსს კედელზე ჩემი წინაპრების სურათების გვერდით მივუჩინო ადგილიო?“. ამის მერე, მალე, მას შესაფასებლად ახალი ლექსიც წარვუდგინე - „ქართველო ერო, მრავალჟამიერ“. მაშინ მითხრა: „ანბანის აკროსტიხში ის ხუთი ასო ნიშანი გარითმე, სიბრძნე იმ ასოებში დევსო.“

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, კალიგრაფი ცირა ბულაშვილი
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, კალიგრაფი ცირა ბულაშვილი

- თქვენ ქართული ანბანის ხატიც შექმენით და ის სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს შეწირეთ...

- ერთხელ ბატონ რამაზს ენათმეცნიერ მერაბ ცინცაძესთან ერთად ვეწვიე და მას ,,დავათის სტელას“ მიხედვით შედგენილი ანბანის ხატის ესკიზი წარვუდგინე. სიხარულით ცას ეწია და დაიგუგუნა: „დიახაც! ანბანის ხატიც უნდა შეიქმნას, როგორც ძეგლი და სიმბოლო ქართველთა მოდგმისა. იგი ცოცხალი კულტურაა, რომლის კვლევასაც რამდენიმე ათეული წელი შევალიე“. მერე მომიტრიალდა და მკითხა:“ იცი თუ არა, რომ შენი ხატი ასე იკითხება: „ქრისტეს ჯვრით კურთხეული ქვეყანა ქართლისა“- ასე გავხდი ანბანთმქებელი და თაყვანისმცემელი ქართული ანბანისა, რომელსაც დღესაც მთელი არსებით და თავდაუზოგავად  ვემსახურები.

ცირა ბულაშვილის ბუმბულებისგან შექმნილი შვლის ნუკრი
ცირა ბულაშვილის ბუმბულებისგან შექმნილი შვლის ნუკრი

- რომელ ეკლესიებშია ანბანის ხატი?

- ჩემ მიერ დაწერილი ეს ხატი არის: ბოლნისის სიონში, ქანდაში, მამა სერაფიმესთან, გიორგიწმინდაში, მცხეთაში, წმ. გიორგის ახლადაშენებულ ტაძარში, რაბათში. ამჟამად მეთოთხმეტე ხატზე ვმუშაობ. ზაფხულისთვის ვაპირებ, რომ ანბანის ხატი ბოდბეში არსებულ ღვთისმშობლის შობის ეკლესიას შევწირო.

 - როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართული ანბანი უჩვეულოდ, ფრინველების ბუმბულებით მოგეხატათ?

- 2020 წლის გაზაფხულზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან  ქალბატონმა ნესტან ბაგაურმა კალიგრაფებს შემოგვთავაზა მონაწილეობის მიღება პროექტში: „ჩემი ანბანის ახალი სიცოცხლე“, სადაც ახალი თვალით დანახული ქართული ანბანი უნდა წარგვედგინა. ჩემი შთაგონების წყარო ცნობილი ფერმწერი და ბუმბულებით მხატვარი, ლია ბარნაბიშვილი გახდა. მას მოეწონა ჩემი ჩანაფიქრი და საქართველოში პირველად ასე შეიქმნა ბუმბულებში გაცოცხლებული ქართული ანბანი. დამშვიდობების დროს ქალბატონმა ლიამ ლამაზი ბუმბულები მაჩუქა.

ცირა ბულაშვილის მიერ ბუმბულისგან შექმნილი ნამუშევარი
ცირა ბულაშვილის მიერ ბუმბულისგან შექმნილი ნამუშევარი

- როგორ პოულობთ ასეთ ლამაზ „საწერ მასალას“?

- ამ ნაირფერი სახეობის ბუმბულების მოძიებაში ოჯახის წევრების გარდა, მეგობრები და ახლობლები დამეხმარნენ. გამოყენებულია როგორც გარეული, ისე შინაური ბუმბულები: ციცრის, ხოხბის, ფარშევანგის, ქათმის, ქედანის, ინდაურის, ოფოფის, იხვის, ბატის და სხვა ფრინველთა ბუმბულები. ასე გადაიშალა ჩემს წინაშე ფრინველთა ბუმბულების უჩვეულო  ფერთა პალიტრა. ეს საქმე მეტად რთული, ფაქიზი და შრომატევადია, დღე და ღამე ვმუშაობდი, რომ შედეგისთვის  მიმეღწია. როდესაც ნამუშევარი ნესტან ბაგაურს წარვუდგინე, აღფრთოვანებულმა მას „ფრთოსანი ანბანი“ უწოდა.

ცირა ბულაშვილის ანბანთქება
ცირა ბულაშვილის "ანბანთქება"

- დარწმუნებული ვარ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი...

- რათქმაუნდა „ფრთოსანი ანბანის“ ერთი ორიგინალი საჩუქრად ვარიანში არსებულ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს გადავეცი. ამის მერე გოგებაშვილის 180 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის სკოლა „მილენიუმში“ სლაიდ-შოუ „ფრთოსანი ანბანი“ წარვადგინეთ.

- ბატონმა რამაზმა თუ ნახა იგი?

- სამწუხაროა, რომ  ,,ფრთოსანი ანბანის“ სილამაზე ჩემმა მასწავლებელმა, რამაზ პატარიძემ ვერ იხილა. ნათელში იყოს მისი სული. ალბათ რომ ენახა, მისთვის ჩვეული მჭექარე ხმით დაიქუხებდა: ქართული ანბანი ზეციურია, ცოცხალია და სუნთქავსო...

 

                                                                                                 

520
შორენა მონდაძე

11 შვილის დედა მოლბერტთან, მისი საოცარი ნახატები და ცხრა წლის გოგო, რომელიც ას თხას უვლის

78
(განახლებულია 18:56 30.11.2020)
ლილოსთან ახლოს მდებარე სოფელ ნასაგურში ცხოვრობს ქართული ოჯახი, რომლის დიასახლისი, 47 წლის შორენა მონდაძე 11 შვილის დედაა...

მას სხვა ღირსებაც აქვს - საოცრად ხატავს. თვლის, რომ მოყვარული მხატვარია, თუმცა მის ნახატებში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. დედის შემოქმედების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. გარდა ამისა, ამ თბილ ოჯახში, სადაც სიკეთე მთავარი ღირებულებაა, შრომას თავიდავე ეჩვევიან.

შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად

- ქალბატონო შორენა, საბავშვო თემატიკაზე რომ ხატავთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ თუ ეს თქვენში შემორჩენილი ბავშვობის გამოძახილიცაა?

- ხატვა ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს. ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი. განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს, გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- საერთოდ ასლების სამყარო გხიბლავთ და პორტრეტებს ფოტოებიდანაც ქმნით...

- დიახ, ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს შეკვეთებზეც ვმუშაობ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- როგორ უყურებენ ოჯახში მოლბერტთან  მდგარ დედას?

- ოჯახის წევრები მიჩვეული არიან ჩემს საქმიანობას. პატარებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს: აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან, ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, ბავშვებს გამოჰყვათ ხატვის ნიჭი, გატაცებული არ არიან, მაგრამ თუკი მოუნდებათ დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტელინით.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს და მისი თხოვნით თუ დაგიხატავთ?

- მასაც მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მეუღლის თხოვნით მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დახატული, რომლებიც ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველია.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- გმირი დედა ხართ, რომელმაც ამბობენ, ყველაზე მეტი ჟღენტი გააჩინა, შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?

- აღზრდის დროს, პირველ რიგში, ალბათ, მაგალითის ძალაა მთავარი, რადგან ბავშვები გვიყურებენ როგორ ვცხოვრობთ, მერე გვბაძავენ და იმასვე იმეორებენ. ამის გარდა, სულ ვეუბნები, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და სიკეთე აკეთონ-სხვა რა უნდა ვასწავლო?

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- პატარა მეურნეობა გაქვთ და ბავშვებს შრომას აჩვევთ...

- დიახ, თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი გოგო, რომელიც ცხრა წლისაა, თვითონ  წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. მოკლედ, ერთ ამბავშია და ამ თხებს მარტო თვითონ უვლის...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- მისი პორტრეტი თუ გაქვთ დახატული?

- სხვათაშორის, ერთხელ მთხოვა თხებთან ერთად დამხატეო და დავხატე, ძალიან მოსწონს ის ნახატი.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- უფლის ყველაზე დიდ წყალობად რას თვლით?

- ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია...

 

78
გია გილიგაშვილი

ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“

381
(განახლებულია 21:09 28.11.2020)
ქართულ ფეხბურთს ეროვნული საფუძველი გამოეცალა და მისი ფიასკოს ძირითადი მიზეზი სწორედ ეს არის-ასე ფიქრობს ვეტერანი ფეხბურთელი, გია გილიგაშვილი, რომელიც ლანჩხუთის „გურიაში“ გუნდის ყველაზე წარმატებულ დროს თამაშობდა.

სულ ახლახან, როგორც იცით, ისტორიული ფაქტი მოხდა, ქართული ქალთა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ამ ფაქტით ქართული ფეხბურთის დღევანდელი საეჭვო რეპუტაცია ერთგვარად გააბათილა.

თუმცა, იყო დრო, როდესაც გურიაში მამაკაცების ფეხბურთი წარმატების ზენიტში იყო და იგივე ლანჩხუთში, საფეხბურთო კლუბი „გურია“ თავის გულშემატკივარს გამორჩეული თამაშით ახარებდა. მოკლედ, როგორც ამ გუნდის ცნობილ ჰიმნშია „ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია“ და ამაში ჩვენი რესპონდენტის დამსახურებაც უდაოდ იყო.

გია გილიგაშვილი
გია გილიგაშვილი

- ბატონო გია, თქვენ იმ დროს გამოდიოდით მოედანზე, როცა ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა იყო,, როგორ აღმოჩდით ამ გუნდში?

- ფეხბურთის თამაში ცნობილ 35-ე სკოლაში დავიწყე. რაც შეეხება, ჩემს სპორტულს კარიერას, 19 წლის ბიჭი ვიყავი, როცა 70-იანი წლების ბოლოს, ლანჩხუთის „გურიის“ გუნდში აღმოვჩნდი. როგორ იყო, იცით? თუკი თბილისის „დინამოში“ არ მოხვდებოდი, ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც წარმატებად ითვლებოდა. კარგი გუნდი იყო და საკმაოდ კარგი პირობებიც იყო.

ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები
ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები

- როცა გურიაში ჩახვედით იმ დროს საფეხბურთო ბუმი იყო?

- ლანჩხუთის რაიონში მაშინ მართლაც ნამდვილი საფეხბურთო ბუმი იყო. ეს პატარა ბიჭი უცებ თავგადაკლული გულშემატკივრების ხელში ჩავვარდი. აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით 300-ზე მეტ თამაშში მივიღე მონაწილეობა, სეზონის მანძილზე კი დაახლოებით 40-50 თამაშზე გამოვდიოდი. ძალიან მეგობრული გუნდი იყო, იმდენად მეგობრული, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი მეგობრობის ანალოგი მაშინ არც არსებობდა. ადგილობრივი ფეხბურთელების დამსახურება იყო, რომ გუნდი ასეთი შეკრული იყო, თუმცა მასში თბილისელებიც ვიყავით. ამ წარმატებაში ასევე გიგლა იმნაძისა და გუნდის კაპიტნის, თემურ ჩხაიძის წვლილიც იყო.

ვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი
photo: courtesy of Levan Avlabreli
ვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი

- ამასთან გულშემატკივარის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, არა?

- რასაკვირველია... ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს თბილი და მოსიყვარულე იყო. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ერთი პიროვნების, (ედუარდ შევარდნაძის ძმის) ევგრაფი შევარდნაძის ღვაწლი, რადგან ფეხბურთისადმი ასეთი სიყვარული მისგან მოდიოდა. არადა, იმ დროისთვის ეს კაცი მხოლოდ „ატეკის“ უფროსი იყო. გულშემატკივარი მატჩზე დასასწრებად სოფლებიდან  ჩამოდიოდა. ფეხბურთელებს ხელის გულზე გვატარებდნენ და გუნდს გარკვეული წარმატებები ჰქონდა. მაგ დროს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რაც მარტო მწვრთნელის დამსახურება არ გახლდათ. ამის მიზეზი, ვიმეორებ, პირველ რიგში, მეგობრული და  შეკრული გუნდი იყო, რამაც უფრო განაპირობა ჩვენი წარმატება.

საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი
საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი

- ლანჩხუთის „გურიაზე“ ჰიმნიც დაიწერა და ფილმებიცაა გადაღებული...

- დიახ, ჩვენს გუნდზე ორი ფილმია გადაღებული: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“ და „გურია, გურია“, რომლის რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი იყო. ჩვენს გუნდზე ფილმის გადასაღებად ის უფრო ადრე იყო ჩამოსული, ვიდრე 1986 წელს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდა. ასევე ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან ტელევიზიები და ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევდა. განწყობაც ამაღლებული იყო: წარმოიდგინეთ, ამხელა საბჭოთა კავშირში დავდიოდით და გვიხაროდა, გვეამაყებოდა, რომ ქართველები ვართ...

- რა აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს?

- ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი ფულია საჭირო, რათა აშენდეს ბაზები და სტადიონები. დღეს კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობაცაა. გარდა ამისა, დღევანდელ ფეხბურთელებს არ ეტყობათ ის სიამაყე, რაც ჩვენს თაობას ახასიათებდა და რაც თამაშის ხარისხზეც მოქმედებდა. წარმოიდგინეთ, როგორ ამაყად გადიხარ სტადიონზე იმის გამო, რომ ქართველი ხარ და იცი უნდა გაიმარჯვო! როცა ეროვნული სიამაყე არ გეტყობა, მოგებითაც არ ხარ დაინტერესებული...

- ანუ ეროვნული საფუძველი გამოეცალა ქართულ ფეხბურთს და ამიტომ გახდა ასეთი?

-კი, მართლაც ასეა.. ესაა გადამწყვეტი! სამწუხაროდ მთლად ამ თაობის ბრალიც არ არის, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ იყო ის პირველი გუნდი, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატს მხარი დაუჭირა და მის ჩამოყალიბებას დაუდო დასაბამი. მართლა დიდი იდეები გვქონდა და ჩვენც ამ იდეებისთვის ვიბრძოდით. მაშინ ქართული ფეხბურთის სხვანაირი მომავალი გვესახებოდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა...

- ერთ-ერთი მატჩის წინ, ანტისაბჭოური საქციელისთვის, თურმე, კინაღამ დაისაჯეთ, რა მოხდა?

- ეს იყო 1984 წლის გაზაფხულზე, როდესაც „გურია“ ვოლგოგრადში თამაშობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის გახსნა. იმ თამაშს სტადიონზე 40 000 კაცი ესწრებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა და საბჭოეთის დროშა აღმართეს, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა. ყველა თავაწეული იდგა, ამ დროს უცებ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ძირს დავიხარე და ბუცებზე თასმების შეკვრა-გახსნა დავიწყე. მსაჯები გაოგნდნენ, არა მარტო ისინი, ფეხბურთელებიც...

ლანჩხუთი, 2013 წელი
ლანჩხუთი, 2013 წელი

- როგორ გადაურჩით კომუნისტების რისხვას?

- როცა თამაში დამთავრდა, გასახდელისკენ მივდიოდი. ამ დროს მატჩის კომისარმა, რომელიც ომის მონაწილე ყოფილა თავის კაბინეტში შემიყვანა. მოსკოვში ჩემზე საჩივარი დაწერეს, რადგან ასეთი „ცუდი“ საქციელი ჩავიდინე. ეს რომ 20 წლით ადრე მომხდარიყო, ალბათ, ციმბირს იქით გამიშვებდნენ, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ მიშველა. ჩემზე დაწერეს, რომ სამაგალითო ქცევით გამოვირჩეოდი და გუნდის ერთ-ერთი მოწინავე სპორტსმენი ვიყავი.

ვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი
ვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი

- სულ ახლახან იუბილარი იყავით, 60 წლის გახდით, ამ გადასახედიდან რას შეცვლიდით სპორტულ კარიერაში, რაიმეზე გწყდებათ გული?

- რა თქმა უნდა შევცვლიდი, ჩვენ დროს თბილისის „დინამოს“ ძირითადში თუ ვერ მოხვდებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ შენი კარიერა არც ისე წარმატებულად მიდიოდა. თუმცა ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც პრესტიჟული იყო. საკმაოდ დიდი ანაზღაურება გვქონდა. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ზოგჯერ გვეხუმრებოდნენ, თუმცა ამაში სიმართლის მარცვალიც იყო: ბიჭო, წაგვიყვანეთ ლანჩხუთში, მოვკვდით 300 მანეთზე თამაშითო.

გია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე
გია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე

- არადა, არ იყო ეგ პატარა ფული იმ დროს...

- არ იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ გაცილებით მაღალი ანაზღაურება გვქონდა. გული კი იმაზე მწყდება, რომ მაშინ სხვა დრო იყო და უცხოეთში გასვლის და თამაშის საშუალება არ გვქონდა, თორემ სულ სხვანაირად მოვემზადებოდით.

- არასაფეხბურთო ამბებიდან რას გაიხსენებდით?

- მახსოვს, სადაც ჩავდიოდით ხოლმე ადგილობრივი გუნდი გვახვედრებდა ავტობუსს, რომლითაც სტადიონზე და სხვადასხვა ადგილას მივყავდით. ერთხელ, დუშანბეში ყოფნის დროს, ავტობუსში მთელი გზა ხმამაღლა ვკამათობდით. მძღოლმა ქართული არ იცოდა და ბოლოს გაოცებულმა გვკითხა: ვიცი, რომ ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ხართ, მაგრამ გამაგებინეთ, მთელი გზა ასე ცხარედ რაზე კამათობდითო? ამ დროს ჩვენი კამათი, იცით, რას ეხებოდა? -ვინ უფრო მაგარი ქალი იყო: ირინა პანაროვსკაია თუ ლაიმა ვაიკულე? ნახევარი გუნდი ამბობდა: პანაროვსკაიაო, მეორე ნახევარი- ვაიკულეს. კაცი მოკვდა სიცილით.

- თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რომელ ნახევარში იყავით?
- მე პანაროვსკაია რომ მოსწონდა იმ ნახევარში ვიყავი...

- დღეს ფეხბურთში ესტაფეტა ქალებმა აიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ოდესმე წარმოიდგენდით ამას?

- ლანჩხუთის ქალთა გუნდის ბოლო თამაში ინტერნეტში ვნახე. გოგოებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, საერთოდ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალიან პროგრესირებს. როგორც ჩანს, გურულმა ნიჭმა და სიხალისემ ისევ იყივლა. ისინი სხარტი ნიჭის პატრონი არიან, ამჯერად ქალებმა ივაჟკაცეს და დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი მაინც გურულების საქმეა. დღეს ასე ხუმრობენ: ლანჩხუთის ქალთა გუნდის მოთამაშეები ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მივათხოვოთ, რომ 15 წლის მერე, წამოვიდეს თაობა, რომელიც მსოფლიოს გააოცებსო. სხვათა შორის, კარგი იდეაა...

 

381
მართლმსაჯულება

კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

0
(განახლებულია 18:22 30.11.2020)
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 200 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან –  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ექსპერტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200  ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. 

სასამართლოს სხდომა  ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები იყვნენ  შეკრებილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ