ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია

© photo: courtesy of Nino Benaudisოთხფეხა მეგობრებთან ერთად
ოთხფეხა მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი წარმოშობით ახმეტიდანაა, ბავშვობიდან მოყოლებული სცენასა და მომღერლობაზე ოცნებობდა. ბედმა ინება, რომ უკვე ორგზის ემიგრანტი იყო. ბოლო წლები იმყოფებოდა საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც კუნძულის ისტორიაში აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველია. მან კარგად იცის უცხოეთში ცხოვრების პერიპეტიები, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა. შრომისმოყვარეობისა და ოპტიმიზმის წყალობით ცხოვრება არაერთხელ დაიწყო სუფთა ფურცლიდან...

© photo: courtesy of Nino Benaudisნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში

დავიბადე და გავიზარდე ახმეტაში, სადაც მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, ვოცნებობდი, რომ ოდესღაც სცენაზე დავდგებოდი. გამორჩეული სამეგობრო მყავდა - ყველა მღეროდა და ჩვენს შორის ემოციების გაცვლაც მუსიკის საშუალებით ხდებოდა. ცხოვრებაში პირველი ტკივილი მამის გარდაცვალების დროს განვიცადე… მერე დაიწყო 90-იანი წლები და მე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. გათხოვებაზე არც ვოცნებობდი, მაგრამ ერთ დღეს, როგორც იმ დროს ხდებოდა ხოლმე, წამიყვანეს და სახლში აღარ დავბრუნდი... ჩემი პირველი მეუღლე ეროვნებით ბერძენი იყო. ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე და ბევრი ცუდიც და კარგიც რეალურად მაშინ ვნახე. მერე ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ ვარდისფერი ოცნება მომიკლა და დავრჩი ხუთი და შვიდი წლის ორი პატარა ბავშვით მარტო და მხოლოდ 50 დოლარის ამარა. სახლში, სადაც ვბრუნდებოდი, უმუშევარი დედა და პატარა ძმა მელოდა. ჩემი პირველი ემიგრაციაც მაშინ დაიწყო...

© photo: courtesy of Nino Benaudisნინო შეფიაშვილი-ბენაუდი მეუღლესთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი მეუღლესთან ერთად

იმ პერიოდში ჩემი და და მისი მეგობარი მზია დამეხმარნენ. სხვა გზა არ იყო, უნდა მებრძოლა. არასოდეს დამავიწყდება, რა რთული იყო, როცა შვილებს მომწყვიტეს. მაშინ ვთქვი, ორ წელიწადში ბინას ვიყიდი და სამ წელიწადში ჩემ შვილებს დავუბრუნდები–მეთქი. უცხოეთში ყველაზე ძნელი გადასალახი ენის ბარიერია.ზუსტად ერთ თვეში ინგლისური ვისწავლე, რადგან კუნძულ კვიპროსზე ეს ენა ყველას ესმოდა. ურთიერთობების დროს ბერძნულიც ვისწავლე და ცოტა ხანში ბერძნულად კითხვაც ვიცოდი.

© photo: courtesy of Nino Benaudisნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ, არც ის, როცა მიცოდებენ, ამიტომ ფეხზე მყარად ვიდექი, ვეხმარებოდი ყველას რამდენადაც შემეძლო და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი იმ საბუთების წყალობით, რომელიც ყოფილი ქმრისგან დამრჩა. მერე, როგორც საკუთარ თავს დავპირდი, სამ წელიწად-ნახევარში შვილებს დავუბრუნდი. თბილისში ჩამოსულს მუსიკა ისევ ოცნებად დამრჩა, რადგან შვილები უნდა მერჩინა და საამისოდ ყველგან ვმუშაობდი, სადაც უცხო ენის სპეციალისტი და მენეჯერი სჭირდებოდათ, იქნებოდა ეს ტურისტული სფერო, სარესტორნო ბიზნესი თუ სასტუმროების ქსელი. ერთი პერიოდი საკალთბურთო დარბაზის მენეჯერიც ვიყავი. ეს ყველაფერი მოსაყოლად ადვილია, მაგრამ რეალურად საკმაოდ რთული...

© photo: courtesy of Nino Benaudisმეგობრებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

მინდა ყველა ქალს, რომელიც მარტო დარჩა შვილებით, ვუთხრა, რომ თუ იშრომებენ, ღმერთი მათ არასდროს მიატოვებს. ყოველ საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი და შვილებს ვეფერებოდი. მეორე დღისთვის საჭმელს ვუმზადებდი და სკოლაში მოწესრიგებულებს ვუშვებდი...

ჩემი მეორე ემიგრაცია გამოწვეული იყო იმით, რომ მინდოდა შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლათ. არ მიყვარს, როცა 40 წლის შვილები ისევ ბავშვები არიან და 70 წლის დედისგან დახმარებას ელიან... იმ დროისათვის ორივე მუშაობდა და თან უნივერსიტეტს ამთავრებდნენ. გადავწყვიტე სამუშაოდ წავსულიყავი ისრაელში, სადაც ცხოვრება და მუშაობა იმაზე ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე მეგონა. არც აქ მიფიქრია დიდხანს გაჩერება, რომ იტყვიან, წამზომი ჩართული მქონდა და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. ებრაელმა ხალხმა გამაოცა იმით, რომ ისინი სხვის შრომას აფასებენ და როცა ხედავენ, რომ სანდო ადამიანი ხარ, ბოლომდე გიდგანან გვერდში.

© photo: courtesy of Nino Benaudisკუნძულის მეგობრებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
კუნძულის მეგობრებთან ერთად

ოჯახში, სადაც ვიყავი, ჩემი ბედით სერიოზულად დაინტერესდნენ, გულწრფელად მირჩიეს, რომ მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი. მაგრამ ახალი ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი. ერთ დღესაც მათ ოჯახში ჩემი ახლანდელი მეუღლე, მათთან სტუმრად ჩამოსული ფრანგი ებრაელი გამაცნეს.

გაცნობიდან უკვე სამ კვირაში მე და დანიელ ბენაუდმა საქართველოში ვიქორწინეთ. მან გაიზიარა ჩემი სურვილი და თბილისში, რესტორან „თავადურში“ ნამდვილი ქართული ქორწილი გადავიხადეთ. დანიელს ჩოხა-ახალუხი ეცვა, მე - ქართველი ქალის ტრადიციული კაბა...

© photo: courtesy of Nino Benaudisმეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად

ამის მერე აღმოვჩნდი საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც სამხრეთ აფრიკული ჰავა და კლიმატია, ანუ მარადიული ზაფხული. ზუსტად ვიცი, რომ ამ კუნძულის ისტორიაში ჯერჯერობით აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველი ვარ. ეს კუნძული ისეთი ადგილია, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი: მცხუნვარე მზე და თვალუწვდენელი ოკეანე, მარადმწვანე პალმები და ულამაზესი ჩანჩქერები, მთები და საშიში, მაგრამ სასწაული სანახავი – მოქმედი ვულკანი... იქ ადგილობრივი ფლორით დავინტერესდი და ეგზოტიკური ყვავილები მოვაშენე, სხვადასხვა ხილი დავაფესვიანე.

© photo: courtesy of Nino Benaudisმეგობრებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

საერთოდ, კულინარია მიყვარს და იქაურ ფერადკანიან მეგობრებს ქართული კერძები არაერთხელ გავასინჯე, რის შემდეგად ისინი სულ იცინოდნენ – ახლა ვხვდებით, ასე რატომ მოიმატა წონაში დანიელმაო. რეუნიონის ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას, აქ ყველას ვეუბნებოდი, თბილისი პატარა პარიზია–მეთქი. რეუნიონში ისეთი ადგილებია, რომ ზოგჯერ თავი ბებიაჩემის სოფელში მეგონა. მიხაროდა, როდესაც ვიტყოდი საქართველოდან ვარ–მეთქი და მათ იცოდნენ ის სად მდებარეობს. როცა მითხრეს, ჩვენ ვიცით, ევროპელები კავკასიიდან წამოსული ტომები არიანო, საბოლოოდ გავიშალე მხრებში, რადგან საქართველო სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. იცით, რა მენატრება? – მეზობლებთან ერთად დილით ყავის დალევა... მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ჩვენთვის ჩვეული სიყვარული ისევ შემოგვრჩა.

© photo: courtesy of Nino Benaudisნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჰო, არ დამავიწყდეს, ძაღლები მიყვარს ძალიან, რეუნიონში მანქანის საბარგულით ძაღლების საკვები დამქონდა და უპატრონო ძაღლებს ვაჭმევდი. თბილისში ჰასკის ჯიშის ძაღლი, სახელად მაქსი მყავს. აქ კი ჩემი სამი ძაღლიდან ორი ქუჩიდან ავიყვანე. ამჟამად საფრანგეთში ვართ, მალე ისრაელში გადავალთ საცხოვრებლად და შორეული რეუნიონიდან სამივე ოთხფეხა მეგობარი თან წამოვიყვანე, აბა იქ ხომ არ დავტოვებდით?!.

© photo: courtesy of Nino Benaudisნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია - Sputnik საქართველო
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი

ბოლოს გეტყვით, რომ სიცოცხლე მიყვარს, თანაც ისე, რომ სულ პატარა სიხარულიც კი ბედნიერებას მანიჭებს ხოლმე. სირთულე, რაც აქამდე გადავიტანე, თითქმის დავივიწყე და ახლა მარტო უკეთესის მოლოდინით ვცხოვრობ...

 

ყველა ახალი ამბავი
0