გიორგი კოზმანიშვილი

ქართული სოფელი, პანდემია და პოპ-მუსიკა ძროხებისთვის, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია?

242
(განახლებულია 19:23 16.10.2020)
დღეს უკვე აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პანდემიის დროს ქართველი კაცი სოფელს, თავის საკარმიდამო მიწას დაუბრუნდა.

თუმცა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, ბუნებრივია, ძნელია მისთვის აქამდე უცნობი საქმიანობის წამოწყება. როგორ წარმართოს სოფლად მეურნეობა დამწყებმა ფერმერმა? – ამის შესახებ ზოგადი კითხვები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტს, აკადემიურ დოქტორს გია კოზმანიშვილს დავუსვით.

გია კოზმანიშვილი ერთ-ერთ ობიექტზე ყოფნის დროს
გია კოზმანიშვილი ერთ-ერთ ობიექტზე ყოფნის დროს

- ბატონო გია, ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ქართველების გარკვეული ნაწილი სოფელს მიუბრუნდა…

- დიახ, წელს ბევრი ადამიანი ოჯახთან ერთად ქალაქიდან სოფელში გადავიდა და საკარმიდამო მამულს მიუბრუნდა. გამოდის, რომ მათ მომხმარებლიდან უკვე მწარმოებლის კატეგორიაში გადაინაცვლეს. ამგვარი პროცესი სახელმწიფოსგან მართული არ გახლავთ, ეს სიტუაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, კორონავირუსის მიერაა „ინსპირირებული“ და შექმნილი.

გიორგი კოზმანიშვილი
გიორგი კოზმანიშვილი

- ანუ ქართული ანდაზის არ იყოს, „ზოგი ჭირი მარგებელია“?

- თუ შექმნილ სიტუაციას ზოგადად განვიხილავთ, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ასეც გამოდის.

საქმიანი შეხვედრის დროს
საქმიანი შეხვედრის დროს

- რა სურათი დახვდა სოფლად ჩასულ დამწყებ ფერმერს?

- პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა ყველა სფეროში, გამონაკლისი არც საკარმიდამო მეურნეობები და მცირე ფერმერული ერთეულებია. კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის სამამულო წარმოება აუცილებელია. დღეს ეს სფერო ქაოსურია და თვითდსაქმებულების დონეზეა. სახელმწიფოს ჩართულობა, რბილად რომ ვთქვათ, მინიმალურია. ამჟამად არსებულმა სიტუაციამ მოთხოვნების გადაფასების საკითხი დასვა. არსებული მდგომარებით, მეფრინველეობა თავისი ხვედრითი წილით ისევ პირველ ადგილზე რჩება. ძლიერ გაიზარდა მებოცვრეების რაოდენობა და დარგმა შიდა მოთხოვნის 30%-მდე დააკმაყოფილა. ადრე ეს მაჩვენებელი 10-15%-ს აღწევდა. ჩვენში საკარმიდამო მეფრინველეობის ხვედრითი წილის მატება შეინიშნება.

გიორგი კოზმანიშვილი
გიორგი კოზმანიშვილი

- რას ურჩევდით დამწყებ ფერმერებს?

- ზოოლოგიური ობიექტი შესაძლებელია, რომ საკარმიდამო მეურნეობების სივრცეში გამოვიდეს. მხედველობაში მყავს იმერული ცხვარი, რომელიც უნიკალური ცხოველია და მშვენიერი ზოოტექნიკური ობიექტი, რომელიც საკარმიდამო მეურნეობის დაწყებითი, სასტარტო პერიოდისთვის, შეიძლება ითქვას, იდეალურია.

გია კოზმანიშვილი უფროს კოლეგასთან ერთად
გია კოზმანიშვილი უფროს კოლეგასთან ერთად

- მეცხოველეობის ან მეფრინველეობის განვითარებისთვის საჭირო საკვების შეძენა რამდენად ხერხდება?

- აღმოჩნდა, რომ შიდა ბაზარს მცირე ფერმერული ერთეულებისთვის საჭირო ხარისხის საკვები არ გააჩნია, შესაბამისად, თავის ფუნქციას ვერც ვეტერინარული ფარმაკოლოგია ასრულებს. ზოგადად, ამ ფონზე არადამაკმაყოფილებელი სიტუაციაა.

გიორგი კოზმანიშვილი
გიორგი კოზმანიშვილი

- როგორც ცნობილია, ყველაზე ეკონიმიური და იაფი შესანახი ღორია...

- ასეა, მაგრამ მეღორეობის ყველაზე რთულ მომენტად აფრიკული ცხელების ვერაგი დაავადების საფრთხე ითვლება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესპანეთის ფარმაკოლოგიურმა სივრცემ მისგან თავდასაცავი ვაქცინა უკვე შექმნა. საუკეთესო საკარმიდამო ცხოველად ისევ კახური ჯიშის ღორი რჩება, რადგან მას დაავადებების მიმართ მდგრადობა გააჩნია. კულტურული ჯიშების გაზრდა ყველასთვის ადვილი არ აღმოჩნდა, იგულისხმება ლანდრასი, იორკშირი, ჰემფშირი, დიუროკი და სხვა ჯიშები. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან ცხოველებს, აქ პირველობა ისევ ადგილობრივ და შეგუების მაღალი უნარის მქონე ჯიშებს უკავია. კულტურული ჯიშები ექსპორტირებულ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული და პანდემიამ აქაც თავისი კვალი დატოვა.

გურამ გეჯაძის ლაბორატორიაში
გურამ გეჯაძის ლაბორატორიაში

- როგორც ამ დარგის სპეციალისტს, ნახევრად ხუმრობით მინდა გკითხოთ: კომედიაში „უდიპლომო სასიძო“ ნიკოლიზი ატარებს ექსპერიმენტს „მუსიკის როლი ცხოველთა ზრდა-განვითარების საქმეში“, არის თუ არა ამაში რაციონალური მარცვალი?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ხუმრობა კი არა, სერიოზული კვლევის შედეგია. ასე რომ, იმ ფილმში ნიკოლოზი მართალი იყო. დღეს ფერმერებისთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძროხები გაცილებით მეტ რძეს იწველებიან. მეტსაც გეტყვით, 2001 წელს ჩაატარეს კვლევა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ძროხებს მუსიკა არა მარტო აღაგზნებთ, არამედ მათ შეუძლიათ, რომ ერთი მელოდია მეორისგან გაარჩიონ.

გიორგი კოზმანიშვილი
გიორგი კოზმანიშვილი

- მსგავსი კვლევა სად ჩატარდა?

- როგორც ცნობილია, ეს კვლევა ლაიცესტერის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის დროს ძროხებს სხვადასხვა მარტივი მელოდია ჩაურთეს. იცით რა გაირკვა? ამის შემდეგ მოწველილი რძე 3%-ით გაიზარდა. ზვიგენები კი, თურმე, ჯაზსა და კლასიკურ მუსიკასაც კი ანსხვავებენ. თუმცა დამწყებ ქართველ ფერმერებს მაინც ვურჩევ, რომ ამ სფეროს სპეციალისტების უფრო სხვა სახის, პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინონ. ყველა შემთხვევაში, მათ საოჯახო მეურნეობაში წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ, ქართულ სოფელს კი გაძლიერებასა და განვითარებას...

 

242
ნანა ქიბროწაშვილი

„მე არ მაპატიეს ჩემი ხასიათი“ - ჩრდილებთან ბრძოლაში დაღლილი ქალის „აღსარება“

79
(განახლებულია 16:47 22.10.2020)
ალბათ გარითმულ სტრიქონები ლექსად რომ აქციო, მასავით სრულყოფილად უნდა იცხოვრო, დაამარცხო ყველა ტკივილი და სიცოცხლე ერთ დიდ სიყვარულად აქციო.

პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა  აქვს.

ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა, თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე, თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

-ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა  და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა - მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა... 

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?

- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს ერთ დღეს, დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე, საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა განმეორდეს...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?

- თუმცა ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და  ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში, როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც  თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს  მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და მაბედნიერებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები:  ქალბატონები: მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები: თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ამის შემდეგ, ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ,  „გაიციმბირეთ“ თავი…

- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე
პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე

- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“..

- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე ''ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.

- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?

- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე, ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა, იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...

- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც, ადგილობრივ გაზეთიდან ''ბახტრიონი'' დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ  ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი ''ქართველო შეჩერდი'' გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა-სითბო და სიყვარული...

 - ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა “ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.

- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე  შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი “ჩემო ახმეტა''. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.

- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“-ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?

-ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი  მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…

 

79
შეყვარებულები

პარადოქსის არსი: მამაკაცები ჭირვეულ ქალებს აღმერთებენ

67
(განახლებულია 17:13 22.10.2020)
მამაკაცისთვის ქალი უბრალოდ ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი – ვინ არის, რა არის, რა უყვარს... ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტია მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა.

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებს.

ლაბკოვსკი ცნობილი ფსიქოლოგია, რომლის მოსაზრებები ყოველთვის ინტერესს იწვევს – ზოგი აკრიტიკებს, ზოგი მთლიანად ეთანხმება, მაგრამ გულგრილს თავისი მკვეთრი გამონათქვამებით ცნობილი სპეციალისტი არავის ტოვებს.

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ უნდა. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – აღარ უნდა გინდოდეთ გათხოვება. სხვაგვარად, თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ, თავად იდეა უნდა გააუფასუროთ.

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინებისა და ერთ პარტნიორთან სექსის გარანტია მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა. არა დათმობა, არა კომპრომისები – ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როდესაც ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას მთელი ცხოვრება შეუძლია ერთ პარტნიორთან გაატაროს. და ის ერთი უყვარდეს.

ადამიანები არ უყვართ იმის გამო, რომ ისინი თავს ხრიან. მამაკაცისთვის ქალი უბრალოდ ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი – ვინ არის, რა არის, რა უყვარს, მაგალითად, საუზმეზე. პარადოქსის არსი ისაა, რომ მამაკაცები აღმერთებენ ჭირვეულ, კაპრიზულ ქალებს.

პათოლოგიური ჯაჭვი: ნაცემი მშობლები, ნაცემი შვილები...>>

ქალების პრობლემა ის კი არაა, რომ მამაკაცები ხეპრულად იქცევიან. მიზეზი ისაა, რომ ქალს აქვს ნევროზი, რომელიც გამოსავალს ეძებს. ამ გამოსავლისთვის საჭიროა გარკვეული ადამიანი და ურთიერთობები, რომელშიც ის ტანჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ ქალი სპეციალურად იწყებს ასეთ ურთიერთობებს, რადგან ამის ფსიქიკური მოთხოვნილება ბავშვობიდან აქვს.

სიყვარულს ტანჯვის დონით ვსაზღვრავთ. ხოლო ჯანმრთელი სიყვარული ისაა, თუ რამდენად ხარ ბედნიერი.

როდესაც სტიუარდესა გიჩვენებთ მაშველ საშუალებებს, რას ამბობს ის ჟანგბადის ნიღაბზე? რომ თუ ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ნიღბით ჯერ საკუთარი თავი უზრუნველყავით და შემდეგ – ბავშვი. ესაა მთავარი კოზირი. ყველა ცდილობს ბავშვის დახმარებას და ამ დროს აბსოლუტური შეშლილი, შეურაცხადი რჩება. მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. თუ გინდათ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ საკუთარ თაზე იმუშავეთ.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მას მოწონების სიგნალს უგზავნის. ჯანმრთელი მამაკაცი ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის, თვალებში უყურებს.

ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს, „ნევროტიკი“ კი – ურთიერთობებს საკუთარი თავის საზიანოდ. და ესაა მთავარი განსხვავება.

კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...>>

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს.

თუ ერთი ადამიანი მეორეს მთელ სამყაროს უცვლის, ეს ნიშნავს, რომ თავისი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია.

მარტოობა – ეს ირგვლივ სიყვარულის არარსებობა არაა. ესაა ინტერესის არარსებობა საკუთარი თავის მიმართ, თან ბავშვობიდან.

პარტნიორის ძებნასთან დაკავშირებით გეტყვით: და ვინ უნდა მოძებნოთ? ერთადერთი, რაც თქვენს პარტნიორს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის გიზიდავთ. დანარჩენი არანაირ როლს არ ასრულებს საერთოდ. თუ გიყვართ, ღელავთ – მაშინ სხვა არაფერი აღარ არსებობს.

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გათხოვდე? – მხოლოდ ერთი რამ – იყო ის, ვინც ხარ. ეს საკმარისია. პრინციპში, სწორედ ამიტომ უყვარდებათ.

იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში>>

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო. და თუ ტანჯვა არ ჰყოფნის, კაფკას, დოსტოევსკისა და ალკოჰოლს იშველიებს.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს. ვითარება, როდესაც მან „არ დაგირეკათ“, ჯანსაღი გოგონასთვის ურთიერთობების დასასრულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.

მოკრძალება და თავმდაბლობა არავის ამშვენებს. სწორედ დაკომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვებისა და დაბალი თვითშეფასების გამო გოგონა ცხოვრობს სექსისა და ურთიერთობების გარეშე არა იმიტომ, რომ ის შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ექცევა. ფსიქოლოგის ამოცანაა – გოგონა ამისგან გაათავისუფლოს.

ოჯახური თერპია – ეს განქორწინებაა. ნამდვილად სასარგებლოდ ოჯახური თერაპიის მხოლოდ ერთ სახეობას მივიჩნევ – ფსიქოლოგის შუამდგომლობას გაყრის დროს.

ერთადერთი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ობიექტურად არის დამოკიდებული და როდესაც ის მძევლად შეიძლება ჩაითვალოს – ეს ბავშვობა და მშობლებზე დამოკიდებულებაა. ეს შედარებით ცოტა ხანს გრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში ნებისმიერ ურთიერთობებში ყოფნა – ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია.

67
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა