ადამიანური ისტორიები: იქ, სადაც გულწრფელი სიყვარულია...

© photo: courtesy of Shoka’s Make upშორენა ჯიქია მეუღლესთან ერთად
შორენა ჯიქია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მას ყველაზე მხიარულ, პოზიტიურ, კეთილ და მზრუნველ ვიზაჟისტად იცნობენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამხელა სევდა იმალება ამ ბედნიერი ღიმილის უკან და რა გზა გაიარა ამ შრომისმოყვარე გოგომ, აქამდე რომ მოსულიყო...

მასზე ხშირად დაწერილა, როგორც წარმატებულ ვიზაჟისტზე, მაგრამ ამჯერად განსხვავებულ შორენა ჯიქიას გაგაცნობთ, თავისი სევდით და ბედნიერებებით, დაცემით და წამოდგომით, იმედგაცრუებითა და მომავლის რწმენით, სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულით...

© photo: courtesy of Shoka’s Make upშორენა ჯიქია
ადამიანური ისტორიები: იქ, სადაც გულწრფელი სიყვარულია... - Sputnik საქართველო
შორენა ჯიქია

- მოდით თქვენი და თქვენი მეუღლის ისტორიით დავიწყოთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ყველაზე ძალიან ამ ისტორიის მოყოლა მიყვარს. ჩვენ გვყავს საერთო ნაცნობი და 13 წლის წინ მან გაგვაცნო ერთმანეთი. მე მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი. ამ გოგოს ბესომ გამოართვა ჩემი საკონტაქტო ნომერი და ორთვენახევრის განმავლობაში ყოველდღე მირეკავდა. ჩემი ყოველი ნაბიჯი იცოდა, თუმცა ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა. მაშინ არ იყო სოციალური ქსელი და ერთმანეთს ფოტოებს მეილის საშუალებით ვუგზავნიდით. პირველივე დღიდან ძალიან ვენდეთ ერთმანეთს... ერთ დღესაც მითხრა, მინდა ცოლად მოგიყვანო და საქართველოში უნდა ჩამოხვიდეო. ჩემ გარშემო ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ხალხს, მეუბნებოდნენ, არც კი იცი ვის მიჰყვებიო, მაგრამ ავდექი და ჩამოვედი. დღეს ვხუმრობთ – ერთი დღე ვიყავით შეყვარებულები, ოპერაში წავედით, მერე ვისეირნეთ, ვისაუბრეთ, ჩემი ძმა გავაცანი და ორ კვირაში გავყევი. იმის მერე მოვდივართ ტკბილად და ბედნიერად. სულ ვამბობ – შეუღლების მერე გავიცანით ერთმანეთი. საკმაოდ ეკლიანი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ერთმანეთისადმი გულწრფელმა სიყვარულმა, პატივისცემამ, მზრუნველობამ, ბევრი დაბრკოლება გადაგვატანინა.

© photo: courtesy of Shoka’s Make upშორენა ჯიქია მეუღლესთან ერთად
ადამიანური ისტორიები: იქ, სადაც გულწრფელი სიყვარულია... - Sputnik საქართველო
შორენა ჯიქია მეუღლესთან ერთად

- ვიზაჟისტობა საქართველოში შეისწავლეთ?

- იმდენად მიყვარდა ვარცხნილობების, მაკიაჟის გაკეთება, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ვარ. მერვე კლასში ვიყავი, პირველი ვარცხნილობა რომ გავაკეთე. ეს იყო ჩემი ჰობი. ხშირად ვპრანჭავდი მეზობლებს. გათხოვებიდან ხუთ თვეში ჩემმა მეუღლემ გამაცნო თავისი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის დირექტორი იყო. ამ გოგომ „ჰოსტესის“ პოზიციაზე ამიყვანა. ძალიან მინდოდა სადმე მემუშავა, გავცნობოდი და შევგუებოდი ახალ ქალაქს, სადაც არავინ მყავდა ჩემი ქმრის გარდა, სადაც ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. ამ სამსახურში ვიმუშავე 10 წელი. ჩემი მეორე ოჯახი გახდა. კარგი გრაფიკი მქონდა, მთელი დღე თავისუფალი ვიყავი, საღამოს ექვსი საათიდან 11-მდე ვმუშაობდი. დღის განმავლობაში კი ჩემი ჰობით ვიყავი დაკავებული.

© photo: courtesy of Shoka’s Make upმუშაობის პროცესში
ადამიანური ისტორიები: იქ, სადაც გულწრფელი სიყვარულია... - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

დამთავრებული მაქვს უცხო ენების ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. რაც შეეხება ჩემს ხელობას, ეს გამომადგა ყველაფერში. ამ ხელობამ უამრავი მეგობარი და საინტერესო ადამიანი შემძინა. ჩემთვის არავის არაფერი არ აუხსნია, ვიზაჟი ჩემით ვისწავლე. ერთადერთი, სტილისტის ორთვიანი კურსები გავიარე. ქუჩაში ვაჩერებდი ხალხს, ვეუბნებოდი, უფასოდ შეგჭრი, დაგვარცხნი–მეთქი და მიმყავდა სალონში, რომ პრაქტიკები გამევლო. მე არ მქონდა იმის საშუალება, რომ ათასი ლარები მეხადა სწავლაში, პრაქტიკებში. ამ კურსს რომ მოვრჩი, პრაქტიკა აუცილებელი იყო, რადგან ისე არც ერთი სალონი სამუშაოდ არ მიმიღებდა. ჩემი ქმარი სადაც დადიოდა, იმ სალონში მივედი. იქაც 300 დოლარი ღირდა სწავლა. მეპატრონეს ვთხოვე, დამლაგებლად ვიმუშავებ, ხელფასს არ ავიღებ, ოღონდ მაყურებინეთ და მასწავლეთ-მეთქი. გაგიჟდნენ. მარტო 20 დოლარი გადავიხადე და ყველა ყველაფერს მასწავლიდა. დღეს ძალიან მადლიერი ვარ ამ ხალხის. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ასე მოვედი დღემდე, ჩემი საქმის სიყვარულით, დაუღალავი შრომით და ჩემი მიზნებით.

© photo: courtesy of Shoka’s Make upშორენა ჯიქიას გაკეთებული მაკიაჟი
ადამიანური ისტორიები: იქ, სადაც გულწრფელი სიყვარულია... - Sputnik საქართველო
შორენა ჯიქიას გაკეთებული მაკიაჟი

- 13 წელია გათხოვილი ხართ, თუმცა დღემდე პატარას მოლოდინში ხართ. საკმაოდ რთული გზა გაიარეთ. მოგვიყევით ამის შესახებ.

- დაოჯახებიდან 11 წლის შემდეგ შემოვკარი განგაშის ზარები, თუმცა ყველაფერი მანამდე დაიწყო... გათხოვებიდან ხუთი თვის შემდეგ, როცა ორსულად არ დავრჩი, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მქონდა, არასახარბიელო დიაგნოზი დამისვეს, მითხრეს, რომ მკერდის და საშვილოსნოს ყელის კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა. 23 წლის ვიყავი მაშინ. ექიმმა პირდაპირ მითხრა, შვილი არ გეყოლება, მაგრამ თუ გეყოლა, ინვალიდი იქნებაო. მეგონა ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა. ჩემი ქმარი გარეთ მელოდებოდა. გამოვედი ტირილით და ვეუბნები, შეიძლება შვილი არ მეყოლოს-მეთქი. ჩამიხუტა გულში, მითხრა, შენ არ ინერვიულო, შვილიც რომ არ გვეყოლოს, მაინც ისევ ასე მეყვარები და მუდამ ერთად ვიქნებითო.

ექიმმა ძალიან ბვერი წამალი დამინიშნა, თუმცა არ მიმკურნალია, არაფერი დამილევია. მეორე დღეს ტელევიზორში იყო გადაცემა – მიწვეული ჰყავდათ დედა პარასკევა და მამა გაბრიელის ექიმი. საუბრობდნენ მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლზე, სასწაულებზე, განკურნებულ ადამიანებზე. ძალიან დიდი რწმენა გამიჩნდა, რომ თუ იქ მივიდოდი, განვიკურნებოდი. წამიყვანა ჩემმა ქმარმა და მოვილოცეთ მამა გაბრიელის საფლავი. დედა პარასკევამ დაგვლოცა, სისხლითაც ჯვარი გადამსახა. მოვუყევი ჩემი პრობლემების შესახებ. იქიდან მამა გაბრიელის ზეთი წამოვიღე, ვსვამდი, ვისმევდი ყველგან. ასე გავიდა ხუთი თვე. შემდეგ წავედი ექიმთან, მაინტერესებდა რა სიტუაცია მქონდა. გამიკეთეს ექოსკოპია, ამიღეს ანალიზები, ჩამიტარეს ყველანაირი კვლევა რაც საჭირო იყო. ექიმი მეუბნება, ყველაფერი წესრიგშიაო. მე გაოცებული ვუყურებ – როგორ თუ წესრიგშია, ხუთი თვის წინ არ დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი?! ექიმმა მითრა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ამ დროს ჩემს თავში მოხდა ტრანსფორმაცია. ადამიანს რაც გწამს, რისიც გჯერა, ის აუცილებლად აგიხდება. ეს იყო სასწაული, მედიკამენტების გარეშე, ქირურგიული ჩარევის გარეშე სრულიად განვიკურნე.

ამის მერე გამოკვლევები ჩავიტარეთ უშვილობაზე. აქაც ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მაინც არ ვრჩებოდი ორსულად. ეს ძალიან უკვირდა ექიმს. ასე გავიდა 11 წელი. სულ მაიმედებს ჩემი ქმარი, რომ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება შვილი. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ, თანადგომამ ძალიან ბევრი დაბრკოლება გადამალახინა.

ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა დამირეკა და მითხრა, არის ერთი ქალბატონი, რომელიც უშვილო წყვილებს დაფინანსების პროგრამაში სვამსო. მე ვარ ჩაწერილი, მაგრამ ვერ მივდივარ და გთხოვ, შენ წადიო. უარი ვერ ვუთხარი და წავედი. ანტიმულერის პასუხი მომთხოვეს, ისე ვერ ჩაგსვამთ დაფინანსებაშიო. წავედი, გავიკეთე ეს ანალიზი, რომელსაც გერმანიაში გზავნიან. როგორც ექიმმა მითხრა, არასახარბიელო პასუხი მოვიდა და ამ ანალიზით, შესაძლოა, ხელოვნურმა ჩარევამ შედეგი არ გამოიღოსო. შენი სახსრებით თუ შეძლებ, სცადე ხელოვნური განაყოფიერება, ამ ანალიზით პროგრამაში ვერ ჩაგსვამო. ამ დროს მეორედ მივიღე ის დიდი სტრესი, რაც მაშინ, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და ექიმმა მითხრა შვილი არ გეყოლებაო.

15 ათასი ლარი ჯდებოდა ხელოვნური განაყოფიერება. ფინანსურად მე ამის საშუალება არ მქონდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სოციალურ ქსელში მეთხოვა დახმარება და მეცადა ბედი. ჩემს ქმარს ძალიან ერიდებოდა და უარი მითხრა, მაგრამ მე ისეთი ბუნება მაქვს, ყველაფერი უნდა ვცადო. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ წლები რომ გავა, სინანულის გრძნობა არ მექნება – ნეტავ ასე რომ გამეკეთებინა, რა იქნებოდა-მეთქი.

ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის მარტივი. ორი კვირა გარეთ არ გავსულვარ, გაუჩერებლად ვტიროდი. 10 დღეში შემიგროვდა 4 500 ლარი. გაოგნებული ვიყავი. მთელი ღამე მოდიოდა ჩარიცხვები. ამან, იცით, რამხელა  სტიმული მომცა? მივხვდი, რომ ყველაფერი ყოფილა შესაძლებელი. როგორც კი თანხა ჩაირიცხა, მივედი ექიმთან. გამოკვლევების დროს აღმომაჩნდა კუჭის სერიოზული პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო ხელოვნურ განაყოფიერებამდე. ამის მკურნალობა გაგრძელდა სამი თვე და ამ 4 500 ლარიდან 3 600 ლარი კუჭის მკურნალობისთვის დამჭირდა. დავრჩი ისევ უფულოდ.

ბოლოს, როცა კვლავ მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევები. მითხრა, რომ ჩემი ორგანიზმი მზად არის ბუნებრივი ორსულობისთვის. ასე რომ, ახლა მოლოდინში ვარ, როცა უფალი ინებებს, მაშინ მოგვცემს შვილს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თუნდაც ერთი ლარი მაინც ჩამირიცხა, რომ ჩემი ოცნება რეალობად მექცია...

 

ყველა ახალი ამბავი
0