მარი კოლხი

„ასაკოვან დედამთილთან უდედოდ დავტოვე სამი შვილი“ თვითნასწავლი მხატვრის მძიმე ცხოვრება

696
(განახლებულია 19:12 13.10.2020)
ხშირად ღიმილიანი და ბედნიერი სახის უკან დიდი სევდა და იმედგაცრუება იმალება. ყველას არ შესწევს ძალა, არ აქვს რწმენა, რომ მტკივნეული დაცემის შემდეგ ადგომა და თავის ამაყად აწევა შეძლოს.

ცხოვრების გზა, რომელიც თვითნასწავლმა მხატვარმა მარი კოლხმა გაიარა, ეკლებით იყო მოფენილი. მარი ოთხ შვილს მარტო ზრდის. რამდენიმე წლის წინ მის ერთ-ერთ შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. იყო უმძიმესი დღეები. დედა-შვილი რვა თვე სააადმყოფოში ცხოვრობდა. ამ რთულ პერიოდში მარიმ ხატვა დაიწყო, სევდას თავის ნახატებში და ჩანაწერებში გადმოსცემდა. საბედნიეროდ, პატარამ ლეიკემია დაამარცხა, დედა კი ამის მერე ქველმოქმედებაში ჩაერთო.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- მრავალშვილიანი დედა ხართ. გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ, არ იყო მარტივი. მოგვიყევით თქვენ შესახებ...

- დიახ, ვარ მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა. მართლაც რთული გზა გამოვიარე. ვფიქრობ, 37 წლის ასაკისთვის ძალიან ბევრია, რაც თავს გადამხდა და გადავიტანე. დავიბადე ქალაქ სენაკში. დავამთავრე სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საშუალო სკოლა. ვიყავი ძალიან აქტიური და მიზანდასახული გოგონა, ვწერდი ლექსებს, მონაწილეობას ვიღებდი ღონისძიებებში, მქონდა მიზნები და ოცნებები. მაგრამ ადრე დავოჯახდი, 17 წლის ასაკში. ამან განაპირობა გამეკეთებინა არჩევანი ოჯახსა და მიზნებს შორის. დავივიწყე ჩემი ლამაზი ოცნებები. სადღაც გაქრა ის ქარიზმა და შემართება. ამ ყველაფერს ოჯახი და სიყვარული ვარჩიე. მთელი წლები ოჯახს დავუთმე, მხოლოდ შვილების გაჩენას და გაზრდას. შემოვიფარგლებოდი მხოლოდ დიასახლისობით. მაგრამ გავიდა დრო, რაღაცები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. იყო ღალატი, იმედგაცრუება. თავზე დამენგრა რუდუნებით ნაშენები კერა, დიდი ოჯახი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ  არაჰარმონიულ მოვალეობით ურთიერთობას მარტოობა სჯობს. სიმართლე გითხრათ, არაა იოლი იყო ოთხი შვილის მარტოხელა დედა, სხვების დამხმარის გარეშე. საგარეო თუ საშინაო საქმეების მოგვარება, ყველა პრობლემასთან მარტო გამკლავება მარტოს მიწევდა. ამასთან – წერა, ხატვა, სამკაულების კეთება თუ დიასახლისობა. ჰო, და კიდევ, ქალები ხომ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ. მეღიმება ჩემს თავზე, სულ სადღაც გავრბივარ, მიმეჩქარება, ყველაფერი უნდა მოვასწრო.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- როგორც ვიცი, თქვენმა შვილმა ლეიკემია დაამარცხა. შეგიძლიათ ეს პერიოდი გაიხსენოთ? რა სრთულეების გადალახვა მოგიხდათ, როგორ ცხოვრობდით ეს პერიოდი?

- სამი წის წინ ჩემს შუათანა შვილს ლეიკემია დაუდგინდა. ძალიან რთული პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში. ჩემი სამი შვილი ასაკოვან დედამთილთან დავტოვე და ჩვენ რვა თვე ვცხოვრობდით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩავიტარეთ. მე ვაწერდი ხელს საბუთს, სადაც გარკვევით ეწერა უამრავი გართულება, გვერდითი მოვლენა, ასევე უმძიმესი სიტყვები დედისთვის: „მოსალოდნელია სიკვდილი“... მე ფარხმალი არ დამიყია, წამით არ მიფიქრია ცუდზე. ყოველდღე ვიბრძოდი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ოთხ კედელს შუა გამოკეტილს მომივიდა წერის სურვილი, ასევე საავადმყოფოს კედლებში აღმოვაჩინე ჩემში ახალი შესაძლებლობა – ხატვა. მთელ ღამეებს საავადმყოფოს დერეფანში თეთრად ვათენებდი ხატვაში. უმძიმესი პერიოდი იყო ჩემთვის, არაერთი ბავშვის სიკვდილს შევსწრებივარ. მე ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი და შემართება. იყო მომენტი, რომ იქით ვაიმედები ზოგჯერ თვალებში სევდაშეპარულ ექიმებს – გიორგი კარგად იქნება-მეთქი. თავად მიკვირს, საიდან მომდიოდა ეს იმედები, პოზიტივი. საავადმყოფოში ყველაზე მხიარული დედა-შვილი ვიყავით.

მარი კოლხი
მარი კოლხი

- რას ეტყვით დედებს, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ ეტაპს?

- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! იმედი არასოდეს დაკარგოთ. შვილების გამოჯანმრთელებაში ჩვენ, დედებს დიდი როლი გვაქვს. კლინიკაში ყოფნა და რეაბილიტაცია არ გახადოთ ტრაგედიად. იფიქრეთ, რომ ეს სიცოცხლის შანსია. არ გძულდეთ ქიმია, რადგან ამ ჯადოსნურ სითხეს შეუძლია გაჩუქოთ შვილი და დაამარცხოთ სიმსივნე. ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იყავით პოზიტიურები და ეს პოზიტივი გაუზიარეთ შვილებს, სხვა ბავშვების დედებს, რომელთათვისაც თქვენი ერთი სიტყვაც შეიძლება წამალი იყოს. ურთულესი გზაა. დაეცემით? უნდა წამოდგეთ და განაგრძოთ გზა. მოერიოთ დარდს, დეპრესიას, ცრემლებს და უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

მარი კოლხი
მარი კოლხი

- როგორც თქვით, ამ პერიოდში დაიწყთ ხატვა. მანამდე თუ გქონდათ ხატვის მცდელობა?

- სულ წარმოვიდგენდი, რომ ვხატავდი ბუნებას. დაჟინებით ვაკვირდებოდი ბუნების საოცარ ფერებს, საათობით ვუყურებდი ცას, ზღვას, მზეს, ტყეს, ყვავილებს. წარმოვიდგენდი, რომ ამას ვხატავდი გონებაში. საავადმყოფოში ტირილის ნაცვლად ხატვა დავიწყე.

მარი კოლხი შვილებთან ერთად
მარი კოლხი შვილებთან ერთად

- რა როლი ითამაშა ხელოვნებამ თქვენს ცხოვრებაში?

- მე ხელოვნებამ გადამარჩინა. რაც არ უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, ვერავინ ამჩნევს. ზოგს უდარდელი ვგონივარ, ეს ასე არ არის. ხელოვნებაში ვიპოვე შვება და საოცარი ბედნიერების შერძნება მეუფლება, როცა ვხატავ, ვწერ...

- პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ?

- დიახ, ორი გამოფენა მქონდა.

- როგორც ვიცი, ქველმოქმედებაში ჩაებით...

- დიახ, როცა ხატვა დავიწყე, მაშინ ვთქვი, რომ როცა გავიდოდით საავადმყოფოდან, მოვაწყობდი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. ეს გამომივიდა და მე უზომოდ ბედნიერი ვარ.

- რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში, რა მიზნები გაქვთ?

- დიახ, მაქვს ოცნებები, მიზნები. ძალიან მინდა „მარი კოლხის“ ხელოვნების სალონი გავხსნა, სადაც გაიყიდება ჩემი ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, აქსესუარები, მოხატული ნივთები.

მინდა მოვაწყო საქველმოქმედო საღამოები. დავბეჭდო ჩემი ლექსების კრებული საკუთარი ნახატებით ილუსტრირებული. ასევე რომანი, რომელიც ჯერ არ დამისრულებია, იმედია, მალე დავასრულებ.

ძალიან იმედიანი ადამიანი ვარ, რაღაცნაირად რწმენა მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. როცა მეკითხებიან რა გაღიმებსო, მე ვპასუხობ, ჯერ არ დამდგარი წარმატება და ბედნიერება-მეთქი.

ცხოვრება ბრძოლაა, მე მეომარი ვარ, სიყვარული – ჩემი ჯავშანი, ღიმილი – ჩემი იარაღია!

 

696
კოლეგებთან ერთად

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: ემოციის კარნახით ჩატარებული გაკვეთილი-სპექტაკლები

17
(განახლებულია 10:47 24.10.2020)
მისთვის გაკვეთილი მარტო პროგრამით გათვალისწინებული, წინასწარ დაგეგმილი მასალის სწორად გადაცემა არ არის, ეს გულწრფელი, ღრმა ემოციაა, რომელიც მოსწავლეებთან ურთიერთობას მოყვება და რიგით გაკვეთილს სპექტაკლად აქცევს...

მზია ვაშალომიძე ორ ათეულ წელზეა მეტია, რაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორია, ამასთან ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი-მასწავლებელი, ამბობს, რომ მისი ყველა გაკვეთილი თავის სახელოვან მასწავლებლებს ეძღვნება- „დღესაც თითქოს ანგარიშს ვაბარებდე!“

ბახვის საჯარო სკოლას მართლაც საამაყო, ისტორიული წარსული, სახელოვანი კურსდამთავრებულები და გამოცდილი პედაგოგები ჰყავს. ალბათ სწორედ ტრადიციების გამო, სკოლამ თამასა დაბლა არ დაწია და თანამედროვე სტანდატრებსაც წარმატებით მოერგო.

უკვე 14 წელის, რაც ბახვის სკოლა ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს მშვიდობის კორპუსთან, რის შედეგადაც აქ შვიდი ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი მუშაობდა. სკოლის სამი მოსწავლე, სხვადასხვა დროს lex-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა და ისინი ერთი წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდნენ. ბახვის სკოლის პედაგოგებთა შორის კი „აირექსის“ პროგრამის მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულები არიან...

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

 -ქალბატონო მზია, გაიხსენეთ მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ სკოლაში მუშაობა?

- ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს: მასწავლებლობანას თამაში მიყვარდა ძალიან, თავდაპირველად რეზინის თოჯინები იყვნენ ჩემი მოსწავლეები, მერე, მეზობელი გოგონები, მასწავლებელი ყოველთვის მე ვიყავი.სიარულის მანერით და ხმის დიქციით ყოველთვის ჩემს პირველ მასწავლებელს, ნუნუ კუტუბიძეს ვბაძავდი. მთელი დღეები ვვარჯიშობდი, რომ ჩემი ხელწერა ნუნუ მასწავლებლის ფაქსიმილესთვის მიმემსგავსებინა. ბოლოს, ისე კარგად ვახერხებდი, რომ ორიგინალისგან ვერ გაარჩევდით და თავი მასწავლებელი მეგონა. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლობის სურვილი კი გენიალურმა პედაგოგებმა, ლეონინა კილაძემ, ცაცა ქიქოძემ და ნათელა მელუამ შთამაგონეს. დღემდე მავსებს და გზას მინათებს მათი სულის სითბო და გონების ნათელი.

კაბინეტში
კაბინეტში

- თუ გახსოვთ როგორ ჩაატარეთ თქვენი პირველი გაკვეთილი?

- პირველი გაკვეთილი მშობლიურ სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკის ფარგლებში ჩავატარე. გაკვვეთილი თემა: მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელიდან“- იყო. მახსოვს, გაკვეთილზე დასასწრებად ჩემი მასწავლებლები: ცაცა ქიქოძე, ნათელა მელუა და სკოლის დირექტორი ბეჟან მდინარაძე შემოვიდნენ. იმდენად დიდი იყო რიდი და პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ, რომ საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი: ტექსტი, ავტორი, კლასი, მხოლოდ მათ ვხედავდი და უცებ... ვიგრძენი მზერა-ცაცა მასწავლებელი თვალებით მამხნევებდა, მივხვდი, ჩემს მასწავლებელს ჩემი იმედი ჰქონდა... გაკვეთილის ბოლოს მითხრეს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რომ ძალიან, ძალიან კარგი გაკვეთილი გამომივიდა, შენიშვნებიც მომცეს ფრთხილად და კორექტულად. დღეს მენტორი მასწავლებელი ვარ და მაინც... ჩემი ყველა გაკვეთილი მათ ეძღვნება, თითქოს ანგარიშს ვაბარებდე!..

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ბახვის სკოლას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და სახელოვანი კურსდამთავრებულები ჰყავს...

 - ჩვენი სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერაა დაარსებული. მისი მშენებლობა 1870 წელს დაიწყო და 1872 წელს დასრულდა. სკოლის პირველი მასწავლებელი და დირექტორი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გიგო შარაშიძე იყო. ამჟამინდელი შენობა, რომელიც აშენებულია 1934 წელს, გათვლილია 700 მოსწავლეზე, ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ცნობილი კურსდამთავრებულები ჰყავს, ესენი გახლავთ: პირველი დამფუძნებელი კრების დეპუტატები გერონტი ქიქოძე, (ცნობილი პუბლიცისტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი და მთარგმნელიც), ქრისტინე და დავით შარაშიძეები, ალექსანდრე ლომთათიძე, მხატვარები შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე, მწერლები: ნინო ნაკაშიძე, ვახტანგ ჭელიძე, მომღერალი დავით ანდღულაძე, კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე, მეცნიერები: ნიკოლოზ კანდელაკი, პეტრე ჟღენტი, პოლიტიკოსი  და პუბლიცისტი ხარიტონ შავიშვილი და სხვა. ვცდილობთ ღირსეულად გავაგრძელოთ ეს ტრადიციები და ვფიქრობ, ამის დასტურია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ისიც, რომ  სკოლას ჰყავს 20 მასწავლებელი: ერთი მენტორი, ოთხი წამყვანი, 14 უფროსი და ერთი პრაქტიკოსი. ოთხი მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვებას და ვფიქრობ, ეს სტატისტიკაც შეიცვლება.

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

- რა საერთო პრობლემის წინაშე დგას რაიონის სკოლები და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბახვის სკოლა? 

- ორ ათეულ წელზეა მეტია, სკოლის დირექტორი ვარ, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პრობლემის წინაშე ვიდექით. ბედნიერი ვარ, რომ მიმდინარე სასწავლო წელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემის გარეშე დავიწყეთ. დასრულდა სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანად მოგვიგვარდა. დღეს სოფელ ბახვის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარების შესაფერისი შენობითა და ინვენტარით აგრძელებს სასწავლო პროცესს. ჩემი და ჩემნაირი, ანუ მცირეკონტიგენტანი სკოლების პრობლემად რჩება ვაუჩერულ დაფინანსებაზე დამოკიდებულება, მწირი თანხები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სკოლის საჭიროების მიხედვით განვკარგოთ საშტატო განრიგი. კოვიდ 19-ის პრობლემამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ სკოლებში საკმარისი არაა ტექნიკური პერსონალი, დამატებითი კადრების აყვანის შესაძლებლობას კი ბიუჯეტი არ იძლევა.

ბახვის სკოლის მასწავლებლებთან ერთად
ბახვის სკოლის მასწავლებლებთან ერთად

 - ამ ეტაპზე სკოლებში ონ-ლაინ გაკვეთილები ტარდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა დააინტერესოს მასწავლებელმა მოსწავლეები გაკვეთილის ამ ფორმატით ჩატარების დროს?

 - ონლაინ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელია. გასულ სასწავლო წელს, ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, მოულოდნელად, ყოველგვარი მომზადების გარეშე, იძულებული გავხდით, რომ სწავლების ამ ფორმატზე გადავსულიყავით. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სწრაფად შევძელით სასწავლო პროცესის ორგანიზება. წელს, სამართლებრივად, ტექნიკურად და მეთოდურად უფრო მზად ვართ. ამ სასწავლო წელს ჩემი სკოლა მხოლოდ ორი კვირით იყო ონ-ლაინ ფორმატზე გადასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ისევ არ მოგვიწევს საკლასო სივრციდან გადანაცვლება. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მოსწავლე სახლშია, მას იქ  საგაკვეთილო გარემო უმეტესწილად არ აქვს, ამიტომ ვერ აიძულებ  ჩაგერთოს, თუ ინტერესი არ ექნება. მონიტორზე ხედავდე მასწავლებელს, რომელიც მხოლოდ გაკვეთილს გიხსნის და დავალებას გაძლევს, საკმარისი არ არის.

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

- რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

 -მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი კარგად ახერხებს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ისინი ფლობენ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს და გაკვეთილებიც თანამედროვე მოთხოვნებით უნდა დაგეგმოს. მითუმეტეს, რომ არსებობს ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები, როგორიცაა, Kahoot, sway, fligrid , არაფერს ვამბობ power-pointის გამოყენებაზე და კიდევ უამრავი სხვა. სასურველია, რომ მასწავლებელი ჯერ თავად დაეუფლოს ამ პროგრამებს და მერე მოსწავლეებს გააცნოს გაკვეთილები, რაც საგრძნობლად საინტერესო და ხალისიანი გამოვა.

სკოლის საკითხებზე შეხვედრის დროს
სკოლის საკითხებზე შეხვედრის დროს

- როგორ ფიქრობთ, რომელია მასწავლებლის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა?

 - შეუმცდარი არავინაა, ყველანი ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და ვიზრდებით, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც... მიუტევებელია, თუ  მასწავლებლობა იმისთვის აირჩიე, რომ დასაქმების სხვა შანსი არ გამოჩნდა, ხელფასის ან თავისუფალი და საშვებულებო დროის ხელსაყრელი პირობების გამო. თუ სკოლაში მისვლას ბავშვის სიყვარული არ უდევს საფუძვლად, ასეთი მასწავლებელი შეიძლება საგანს კარგად გადასცემდეს, მაგრამ კარგ პედაგოგად ვერ შედგეს. ყოვლად დაუშვებელია მოწავლეთა  სტიგმატიზაცია. შეუძლებელია  ყველა კლასში ყველა მოსწავლესთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ერთნაირად დალაგებულ-დავარცხნილი ურთიერთობები გვქონდეს.  ყოვლად დაუშვებელია ხელის ჩაქნევა და გაფიქრება: „ამას მაინც ვერაფერს შეასმენ,“ ყველაზე მეტად ის მოსწავლეები გვახსენდება ვისზე ფიქრითაც არაერთი ღამე გაგვითენებია, ურთიერთობის გზები და საშუალებები გვიძებნია, ყველაზე დიდი სიყვარულითაც ისინი გვიხსენებენ და მადლიერებას გამოხატავენ.

ყოფილ მოსწავლეებთან ერთად
ყოფილ მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი უფლება რომ იყოს, რას შეცვლიდით სასწავლო სისტემაში?

-განათლების მკვლევარ გრანტ უიგინსს დავესესხები: „ავთენტური შეფასება სასკოლო განათლების ტროას ცხენიაო“, მიმაჩნია, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი შეფასების სისტემაში. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ამოვიღებდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან განმსაზღვრელ შეფასებას. ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური და სკოლის ხელმძღვანელის პრაქტიკა მუდმივად იყო და არის მიმართული სკოლაში შეფასების მიდგომების და მექანიზმების გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, განმავითარებელ შეფასებას ჯერ კიდევ სათანადო ადგილი არ უჭირავს სასკოლო ცხოვრებაში.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- გაკვეთილი თავისებური „სცენაა“, რომელსაც მოსწავლეთა სახით მაყურებელი ჰყავს, გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი „სპექტაკლი“...

 - გაკვეთილი მართლაც უჩვეულო რამ არის, შეიძლება წინასწარ დაგეგმო, მოემზადო, რესურსები შექმნა, ერთი შეხედვით, ყველაფერი გათვალო და მაინც... პროცესი სულ სხვანაირად წარიმართოს. ერთ ამბავს გავიხსენებ: მაშინ დამამთავრებელი კლასი მეთერთმეტე იყო. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას გავდიოდით. კლასში შევედი, მოვემზადე გაკვეთილის დასაწყებად და უცებ... გადავიფიქრე. დაფასთან მივედი და დავწერე „მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს...“ მერე კლასს გავხედე, ორიოდე წუთი ვდუმდით... შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა გალაკტიონის ლექსები, საუბარი გალაკტიონის შესახებ, მერე ისევ ლექსები... მაშინ არც პროექტორი გვქონდა, არც კომპიუტერი. მხოლოდ გალაკტიონის ლექსების კრებული და პოეზიის სიყვარული გვაერთიანებდა... ძალიანაც რომ მომენდომებინა, ალბათ ასეთ კარგ ლიტერატურულ დილას ვერც მოვამზადებდი. უშუალო, ემოციური და გულწრფელი გაკვეთილი-სპექტაკლი გამოვიდა. ოღონდ, ეს იყო, გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ... გასულ წელს, ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ვიყავით მე და ჩემი მოსწავლეები, გვიანი შემოდგომის თბილი და მზიანი დღე იყო. სახლ-მუზეუმში მხოლოდ ჩვენ და უკარგესი ექსკურსიამძღოლი ვიყავით. მაშინაც ასე მოხდა-დაუგეგმავად, ემოციების კარნახით, დიდებული და დაუვიწყარი გაკვეთილი- სპექტაკლი გამოგვივიდა! ყველაფერს ისევ გალაკტიონი წარმართავდა, რადგან „დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა და რაც მაშინ ხდებოდა, -მისი ჟინი მართავდა...“

 

17
ნანა ქიბროწაშვილი

„მე არ მაპატიეს ჩემი ხასიათი“ ჩრდილებთან ბრძოლაში დაღლილი ქალის „აღსარება“

454
(განახლებულია 20:46 22.10.2020)
ალბათ გარითმული სტრიქონები ლექსად რომ აქციო, მასავით სრულყოფილად უნდა იცხოვრო, დაამარცხო ყველა ტკივილი და სიცოცხლე ერთ დიდ სიყვარულად აქციო...

პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არაერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა – მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა... 

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?

- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო, საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს, ერთ დღეს დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა–მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა გამეორდეს...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?

- მართალია, ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში. როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და ბედნიერებას მანიჭებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები: ქალბატონები მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, „გაიციმბირეთ“ თავი…

- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე
პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე

- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“...

- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე „ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და, როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.

- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?

- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...

- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი, რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც ადგილობრივი გაზეთი „ბახტრიონიდან“ დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი „ქართველო, შეჩერდი“ გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, თანხა გამომიგზავნა და მთხოვა კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა – სითბო და სიყვარული...

- ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა „ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.

- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე უამრავი ქვეყანა: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუვა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი „ჩემო ახმეტა“. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს, ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.

- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“ – ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?

- ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…

 

454
საპატრულო პოლიცია

ყაჩაღური თავდასხმა თეთრწყაროში: დაზარალებულია უცხოელი ბიზნესმენი

0
თავდამსხმელებმა გაკოჭეს ოჯახის წევრები, მოიპარეს ტელეფონები, ნოუთბუქები და 11 ათასი ლარი, ასევე გაიტაცეს ავტომობილი

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალზელანდიელი ბიზნესმენი და მისი ოჯახი დააყაჩაღეს, განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზვიად ხაფავამ ტელეარხ TV Formula-ს ეთერში.

მერის წარმომადგენლის მონაცემებით, ყაჩაღები თავს დაესხნენ ბიზნესმენსა და მის მეუღლეს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

„ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბუქი და 11 000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ხაფავამ.

შსს-ში ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში