ანზორ ქათამაძე

„ჩვენი დედამიწა მაქაა“ ქართველი მუჰაჯირების „დედის ენა“ და ფილმებში გაცოცხლებული ამბები

358
(განახლებულია 21:01 12.10.2020)
ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ისინი კი, უკვე რამდენი საუკუნეა, სამშობლოს გულში აცოცხლებენ და ეფერებიან... ქართველ მუჰაჯირებს ვგულისხმობთ...

ჩვენ გვერდით არიან პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს სიყვარულით და უხმაუროდ აკეთებენ, რაც მთავარია, მათი წყალობით ისტორიად ქცეული ამბები თაობებმა იხილეს.   

მათ შორისაა რეჟისორი ანზორ ქათამაძე. ქართულ თემატიკაზე გადაღებული მისი ფილმები არაერთხელ აღინიშნა ჯილდოთი. არის თედო სახოკიას პრემიის ლაურეატი, ქართული ენის განვითარებისთვის ანდრია პირველწოდებულის ჯილდო აქვს მიღებული. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაო-კლარჯეთსა და ქართველ მუჰაჯირებზე გადაღებული მისი ნამუშევრები.

აჭარის ტელევიზიაში 1992 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო რეჟისორი, ოპერატორი, დამდგმელი ოპერატორი, სცენარის ავტორი და არხის მიმართულების პროდიუსერი. დღეს სატელევიზიო ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი გახლავთ. 

ანზორ ქათამაძე
ანზორ ქათამაძე

- ბატონო ანზორ, გაიხსენეთ აჭარის ტელევიზიაში მისვლის პირველი დღე, როგორ აღმოჩნდით იქ?

- რეჟისორობა ბავშვობიდან მინდოდა და ამის გამო დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რაც ტელევიზიისა და კინოს საფუძველია. შემდეგ ვსწავლობდი ტექნიკურ სასწავლებელში ფოტოხელოვნებას, მისი დასრულების შემდეგ კი ტელე-რადიოტექნიკის საფუძვლებს დავეუფლე. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე. სანამ აქ მოვიდოდი სამუშაოდ, ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი ოპერატორის თანამდებობაზე, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და პირველივე ტურში გავედი.

ანზორ ქათამაძე
ანზორ ქათამაძე

- რომელი იყო პირველი ნამუშევარი, რომელსაც ტიტრად თქვენი სახელი და გვარი დაედო?

- ჩემი პირველი სიუჟეტი საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ საქველმოქმედო აქციის ჩატარების შესახებ იყო. იგი დამოუკიდებლად გადავიღე და მას ჩემი სახელი და გვარი დაედო ტიტრად. მახსოვს, ინტერვიუს ვიწერდი მხარზე დადებული კამერით, რადგან მაშინ ტელევიზიაში არ იყო შტატივი და ვახერხებდით იმას, რომ კადრი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, სტაბილური და ეკრანისთვის მისაღები. პირველივე სიუჟეტი წარმატებული აღმოჩნდა და მას შემდეგ ტელევიზია ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა.

- თქვენი საქმიანობა თავიდან ბოლომდე ეროვნულ თემატიკაზეა აგებული, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტორო ნამუშევარი?

- ფილმები საქართველოს ყველა კუთხეში მაქვს გადაღებული და სხვადასხვა თემაზე: საინგილოსა და ტაო-კლარჯეთში, ქართულ ეთნოგრაფიაზე, ქართველ მსოფლიო ჩემპიონებზე, ეკომიგრანტებზე, მუჰაჯირებზე და სხვა მრავალი. ძნელია მათგან რომელიმე ნამუშევარი გამოყო და პირველობა მას მიანიჭო. ჩემი ფილმების ყველა კადრი სამშობლოს სიყვარულითაა გადაღებული, მაგრამ მათგან, ალბათ, მაინც   შეიძლება გამოვყო პროექტი „ჩემი საქართველო“, რომელზე მუშაობის დროსაც, შეიძლება ითქვას, ფეხით შემოვიარე მთელი ტაო-კლარჯეთი, გადავიღე თითქმის ყველა დიდი მართლმადიდებლური ქართული ტაძარი და ისინი ტელეეკრანის საშუალებით ქართველ მაყურებლამდე მივიტანე.

ფილმის გადაღების დროს
ფილმის გადაღების დროს

- სხვადასხვა ფილმებზე მუშაობდით როგორც ოპერატორი, რეჟისორი, სცენარის ავტორი, მათგან რომელ პოზიციაზე მუშაობა იყო გამორჩეული?

- არის ფილმები, რომელთა ოპერატორიც ვიყავი, სცენარის ავტორიც და რეჟისორიც. მაყურებლამდე სათქმელი რომ მიიტანოს, ალბათ რეჟისორს უფრო აქვს ამის საშუალება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს. მასვე შეუძლია, რომ სცენარში შესწორება შეიტანოს გადაღების პროცესშიც კი. ამის მიუხედავად, ტელევიზიასა და კინოში დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატორის თვალით დანახულ კადრს, რომელიც ხშირად ოპერატორიცაა და რეჟისორიც. 

გადაღების დროს
გადაღების დროს

- ქართველ მუჰაჯირთა შესახებ გადაღებული ფილმებიდან რომელი ამბავი გახსენდებათ?

- მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ფილმიდან „ნაღვერდალი“: მუჰაჯირად წასული ქართველების შთამომავალს შემონახული ჰქონდა აკვანი, რომელშიც მისი წინაპრები გაიზარდნენ. როცა მათ საქართველოდან მიერეკებოდნენ, ეს აკვანი ჩვილ ბავშვთან ერთად თან წაიღეს და მას დღემდე ინახავენ როგორც ძვირფას რელიკვიას. ეს იყო იქ მცხოვრები ქართველი, გვარად დავითაძე, რომელმაც ის აკვანი გადასაღებ მოედანზე მოიტანა და აღელვებისგან გულწრფელად ატირდა...

სამუშაო პროცესში
სამუშაო პროცესში

- მათი წარმოთქმული რაიმე ფრაზა ხომ არ გახსენდებათ?

- მახსენდება ინეგოლში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ასე ამბობენ: „ჩვენი დედამიწა საქართველოშია“, და ქართულ ენას ისინი „დედის ენას“ ეძახიან. ეს მათგან გავიგონე პირველად და შემდეგში გადავიღე ფილმი, რომელიც ასე დავასათაურე „დედის ენა ქართული“. მასში მოთხრობილია, თუ როგორ შეინარჩუნეს ქართული ენა მუჰაჯირთა შთამომავლებმა.

დაჯილდოების დროს
დაჯილდოების დროს

- რა წარმატებები ხვდა თქვენს ფილმებს?

- 2003 წელს ფილმებისთვის „ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“, „სარფი მოლენი“, „მაჭახელი და იალაღობა“, რომლებიც გადავიღე სოსო სტურუასთან ერთად, თედო სახოკიას სახელობის პრემიის ლაურეატობა მოგვენიჭა. რელიგიური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ მიერ გადაღებული ფილმი „ზარის დაბადება“ ჟიურიმ ფესტივალის საუკეთესო ფილმად აღიარა და მას პრიზი – წმინდა ანდრიას ჯვარი მიანიჭა. 2017 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმებისთვის წლის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება მომანიჭა. 2015 წელს სტამბულის დედაენის ცენტრმა მოაწყო ჩემი ფილმის „დედის ენა ქართული“ პრემიერა და ქართული ენის განვითარებისა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის ჯილდო გადმომცა.

გადაღების დროს
გადაღების დროს

- იქაურები, მგონი, ჩვენზე მეტად უფრთხილდებიან ქართულ ენას...

- დიახ, საქართველოდან გადახვეწილი ქართველები შეიძლება ჩვენზე უფრო მეტად უფრთხილდებიან ქართულ ენას, ვიდრე ჩვენ, საქართველოში. ენის სიწმინდეზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ და შემდეგ თითოეულმა ქართველმა უნდა იზრუნოს. ენა უნდა განვითარდეს, მაგრამ დაუშვებელია მშობლიურ ენაში უცხო სიტყვების ბრმად შემოტანა. თუ გვინდა, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს, ენას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ანკარაში
ანკარაში

- რაზეა ფილმი, რომელზეც ახლა მუშაობთ?

- ამჟამად ვმუშაობ ფილმზე „ტბეთის სულთა მატიანე“. ეს არის შუა საუკუნეების უძვირფასესი ხელნაწერი, რომელიც იწერებოდა ტბეთის მონასტერში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს ხელნაწერი სამი საუკუნის განმავლობაში იყო დაკარგული.

- ვინ მოიძია ეს ხელნაწერი?

- 1874 წელს შავშეთში მოგზაურობისას ის მოიძია გიორგი ყაზბეგმა და გადასცა ალექსანდრე ბაქრაძეს, ამ უკანასკნელმა კი – მარი ბროსეს. ხელნაწერი დღეს პეტერბურგის წიგნთსაცავშია. ფილმში ასევე იქნება მოთხრობილი ამბავი ღვთისმშობლის საფლავის შესახებ, რისი იმიტაციაც ამ მონასტერში იყო და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. 

- სამომავლოდ რა გაქვთ ჩაფიქრებული?

- დიდი ფილმი, რომელზეც მინდა სამომავლოდ ვიმუშაო, ტაო-კლარჯეთზეა. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე დაწყებული მაქვს. მასში სრულად მინდა ავსახო ისტორიული საქართველოს, ამ ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი მხარის ისტორია მისი აღორძინებიდან დღემდე.

- დარწმუნებული ვარ, თქვენეული პასუხი გაქვთ კითხვაზე – რა არის სამშობლო?

- როგორ გითხრათ, სამშობლო ჩემთვის ყველაფერია: ეს ცა, ეს მიწა, ჩვენი ენა, ტრადიცია, ურთიერთობა, ზღვა სიყვარული და სითბო იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ მადლიან მიწაზე ცხოვრობს და რასაც სხვაგან ვერსად იპოვი. მახსენდება ფილმის გადაღების დროს ისტორიული საქართველოს ერთ-ერთ ქართულ სოფელში ადგილობრივმა გლეხმა, გვარად სარაჯიშვილმა, როგორ გვაჩვენა თავის ეზოში აღმოჩენილი მიწაში დაფლული ქვევრი, რომელსაც ფრთხილად და დიდი მოწიწებით ახადა თავი. ის ქვევრი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი ცრემლიანი თვალები და სიტყვები: რა იქნება ჩვენი წინაპრები დაბრუნდებოდნენ და შეგვასწავლონ, როგორ უნდა დავაყენოთ ღვინო ამ ძვირფას ჭურჭელშიო. აი, სამშობლო იმ გლეხის სისხლში შემორჩენილი მარადიული სიყვარულია...

358
ავთანდილ წიწუაშვილი

ორი ქვეყნის სიყვარული როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი

947
(განახლებულია 18:59 19.10.2020)
სულ ახლახან ისრაელში COVID-19-ით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ებრაელი, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ავთანდილ წიწუაშვილი.

მისი ცხოვრების გზა, რომელიც საქართველოში დაიწყო, საკმაოდ გამორჩეული და შთამბეჭდავია. თავს მოვალედ ვთვლით, რომ ამ მასალით გავიხსენოთ ეს პიროვნება და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ოთხი წელი ჯარში იმსახურა და ისრაელის საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. მოგვიანებით სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოში (ISA) დაიწყო...

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ავთანდილ წიწუაშვილი იცხაკ ილანი ხდება და მისი თავბრუდამხვევი კარიერაც უკვე ამ სახელსა და გვარს უკავშირდება.

ისრაელის უშიშროების სააგენტოში მან 31 წელი იმუშავა და არაერთი ჯაშუში გამოავლინა. 2010-2011 წლებში ის ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო. ჩვენ დავუკავშირდით მისი ბავშვობის მეგობრებს, ყოფილ კომაროველებს, ბატონ თამაზ მედოიძესა და ბატონ ავთანდილ გელაძეს და მეგობარზე ამბების გახსენება ვთხოვეთ.

თამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.
თამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო თამაზ, თქვენ ერთად სწავლობდით კომაროვის სკოლაში, რას გაიხსენებდით ავთანდილ წიწუაშვილზე?

- ჩვენ კომაროვის მეათე გამოშვება ვართ. ჩვენი სკოლის დამაარსებელი და დირექტორი ვალერიან მელაძე ზედმეტად მკაცრი ადამიანი იყო, თუმცა ეს სიმკაცრე ასეთი რანგის სკოლისთვის ალბათ აუცილებელიც იყო. ბატონ ვალერიანს ასეთი სისტემა ჰქონდა: ის საუკეთესო ხუთი კლასიდან ერთს არჩევდა და მერე ამ არჩეული კლასის ნახევარს თავად ასწავლიდა, ბავშვებს თან გვყვებოდა. მისი შეფასებით, ავთო წიწუაშვილი ათივე გამოშვების საუკეთესო მოსწავლე იყო. მახსოვს, ავთოს დედა, ქალბატონი შუშანა ყოველ კვირა თბილისში ჩამოდიოდა და პროდუქტები ჩამოჰქონდა. იქიდან გავიგე პირველად ებრაელების მაცა. ავთო ძალიან ტრადიციული ებრაული ოჯახიდან იყო.

ავთანდილ წიწუაშვილი
ავთანდილ წიწუაშვილი

- ვიცი, რომ მისი წინაპრები ქართველი ებრაელი რაბინები იყვნენ…

- სხვათა შორის, ამის შესახებ ახლა გავიგეთ, მანამდე არაფერი უთქვამს. კომუნისტების დროს ამის თქმა არ  შეიძლებოდა. როცა სოციალურ ქსელებში გავიხსენე, რომ ის საუკეთესო იყო, იმდენად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ, რომ შემდეგ დამიკავშირდა და მსუბუქად მისაყვედურა, ასე რატომ დაწერეო. მე ვუთხარი, სიმართლე დავწერე, ტყუილი არ მითქვამს–მეთქი.

- როდის გაიგეთ, რომ საქართველოდან მიდიოდა?

- ჩვენი ბოლო შეხვედრა შემიძლია გავიხსენო: მაშინ საბუთები შემქონდა უმაღლესში, მაგრამ ზუსტად არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტზე შემეტანა. როცა კომაროველების სიას გადავხედე, ვინ სად აბარებდა, ავთო ვერც ერთ მათგანში ვნახე. გამოსვლისას, კარებში რომ შემხვდა, გაოცებულმა ვკითხე, შენ ხომ პრობლემა არ გექნებოდა, რატომ არ შეიტანე განცხადება–მეთქი. მას ცრემლები წამოუვიდა და მითხრა, საქართველოდან მივდივარო, თან ჯიბიდან საზღვარგარეთის პასპორტი ამოიღო და მაჩვენა. ეს იყო 1973 წელი.

ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის

- ანუ ისრაელში დიდი ალიას დროს ავიდა?

- დიახ, მისი ოჯახი პირველი იყო მათ შორის, ვინც მაშინ ისრაელში წავიდა. აი, სწორედ მაშინ დავკარგეთ ავთო და მის კვალს ვერსად მივაგენით. მე უმაღლესი სასწავლებელი გერმანიაში დავამთავრე და როცა ჩამოვედი, მას მერე სულ ვეძებდი. ერთხელ მეგობრებმა ისრაელის გაზეთებშიც კი გამოვაქვეყნეთ სტატია, რომ ავთო წიწუაშვილს ვეძებდით, მაგრამ ამაოდ, ავთო არსად იძებნებოდა... როგორც კი ინტერნეტი და საძიებო სისტემა გაჩნდა, იქაც დავუწყეთ ძებნა. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ავთო წიწუაშვილი პროფესორი, დიდი მეცნიერი გახდებოდა და სადმე სამეცნიერო სფეროში იქნებოდა.

- თუმცა იმ პერიოდისთვის ის უკვე იცხაკ ილანი იყო...

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებაც არაფერი ვიცოდით... 2006 წელს ავთო მეუღლესთან ლიასთან და უფროს ვაჟთან იონათამთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, სოხუმელი ებრაელი. მაშინ გვითხრა, ის გაზეთი მე წავიკითხე და ვიცოდი, რომ მეძებდით, მაგრამ უფლება არ მქონდა შეგხმიანებოდითო. სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ თურმე ისრაელის უშიშროებაში მუშაობდა. ჩვენთან შეხვედრის დროს საიდუმლო სამსახურიდან უკვე წამოსული იყო და საქართველოში ჩამოსვლა თავისუფლად შეეძლო. თუმცა თავის საქმიანობაზე მაშინაც არაფერს ამბობდა. როცა ვეკითხებოდით, სად მუშაობო, ზოგადად გვეუბნებოდა – სახელმწიფო სამსახურში ვარო.

ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე

- კომაროველების შეხვედრაზე როგორ აღმოჩნდა?

- ჩვენ, კლასელები, ყოველი წლის შემოდგომაზე ვიკრიბებით. წელს კოვიდის გამო ვერ მოვახერხეთ. ერთი ასეთი შეხვედრის მერე კომაროვის მაშინდელმა დირექტორმა დაგვირეკა და გვითხრა, ავთოა წიწუაშვილი ჩამოსულიო. ასე რომ, ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, ამჯერად ავთოსთან ერთად და რესტორანში წავედით. იქიდან დაიწყო ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის აღდგენა, ასე გამოგვიჩნდა დაკარგული ავთო. მშვენიერ ფორმაში იყო, ერთადერთი, ქართულად ივრითული აქცენტით საუბრობდა და სერიოზულად ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ შვილი და მეუღლე წმინდა ქართულით ლაპარაკობდნენ. საერთოდ, ქართული მისმა სამივე შვილმა კარგად იცის და ეს ძალიან დასაფასებელია. მაშინ გვითხრა, როცა საქართველოდან მივდიოდით, დედამ აქედან მთელი ბიბლიოთეკა წამოიღო, ჩემს შვილებს ის წიგნები აქვთ წაკითხული და ლიტერატურული ქართულით ამიტომ ლაპარაკობენო. მისი ერთი ვაჟი სამხედრო პირი, ჩინით მაიორი იყო. უმცროსი ვაჟი კი ისრაელის ჩემპიონი მათემატიკის ხაზით. ავთო იცინოდა – ხომ იცით, ისრაელში რა ბევრი ჭკვიანი ადამიანია, ჩემი ბიჭი კი ისრაელის ჩემპიონია მათემატიკაშიო.

ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე
ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე

- რას გაიხსენებთ მის ძმაზე, რომელიც ისრაელის გმირი იყო?

- მისი ძმა, ბადრი წიწუაშვილი არანაკლებ საამაყო პიროვნება იყო. მასაც კომაროვი ჰქონდა დამთავრებული. ავთოზე სამი წლით უფროსი იყო, სამწუხაროდ, ისიც დაღუპულია. როცა ისრაელს სარაკეტო თავდასხმების პრობლემა ჰქონდა, ბადრი მუშაობდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რისთვისაც გმირობა მიანიჭეს.  

- კოვიდის დროს ონლაინ შეხვედრა თუ გქონდათ?

- დიახ, ბოლოს ონლაინ–შეხვედრა მაისის თვეში, კორონას დროს შედგა. როცა ერთმანეთს ინტერნეტით დავუკავშირდით, ყველას წინ ჩვენ-ჩვენი ღვინო გვედგა. ავთო ძალიან კარგ ფორმაში იყო. ამბობდა, კორონას მხრივ საქართველოში სიტუაცია ისე კარგად არის, რომ ისრაელსაც ჯობნით და ეს ქართველი ექიმების დამსახურებააო. საოცრად უყვარდა აქაურობა. მისი ასე ნაადრევად წასვლა ძალიან გულდასაწყვეტია, ეს იყო საქართველოსა და ისრაელისთვის ერთნაირად საამაყო კაცი... 

ავთო გელაძე - ფიზიკოსი, ავთანდილ წიწუაშვილის მეგობარი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო ავთო, რას გაიხსენებთ თქვენს მეგობარზე?

- მე და ავთო მეშვიდე კლასიდან მოვდიოდით ერთად. ეს იყო საოცრად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ზედაპირულად არაფერს განიხილავდა, ყველა საკითხს ფუნდამენტურად უდგებოდა. უდიდესი სტრატეგი იყო და ცხოვრებაში ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებდა. მოზომილი იყო, ემოციების გამოხატვა ბავშვობაშიც უჭირდა. ბოლოს, როცა 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, ამდენი წლის მერე, ეს იყო საქართველოში მისი პირველი ჩამოსვლა. მაშინ ყველა კუთხე მოიარა, ნახა კახეთი, დასავლეთ საქართველო, გორი, სადაც ნათესავები ჰყავდა. პირველ რიგში მშობლიურ სურამში ჩავიდა. მოკლედ, ჩვენ ურთიერთობა, რომელიც 2006 წელს აღვადგინეთ, ბოლომდე არ გაგვიწყვეტია.

ავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი
ავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი

- მასთან დაკავშირებულ რომელიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ავთომ კომაროვი ოქროს მედალზე დაამთავრა, სხვათა შორის, კომაროვს ოქროს მედალზე ძალიან ცოტა ადამიანი ამთავრებს, საკმაოდ რთულია. მაშინ სულ ორი მედალოსანი გვყავდა. ავთო სკოლის დამთავრებიდან ისე სწრაფად გაემგზავრა საქართველოდან, რომ მედლის გარეშე წასვლა მოუწია. საქმე ისაა, რომ კომაროვის მედალს სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ გვაძლევდნენ, ავთო კი ამ დროს ფიზიკურად აღარ იყო საქართველოში და ამიტომ მედალს ვერ წაიღებდა. ამის შემდეგ მსოფლიო მოიარა, გენერალი გახდა და, ეტყობა, ეს ამბავი გულში ხინჯად ჰქონდა, რადგან კომაროვის მედალი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. 2000 წელს მან საქართველოს განათლების სამინისტროს მოსწერა ამის თაობაზე და მათ ეს მედალი გაუგზავნეს. როცა ისრაელში ავთოსთან ვიყავი სტუმრად, მაშინ უკვე გენერალი იყო, ვნახე, რომ მის ოჯახში სხვა ჯილდოებთან ერთად საპატიო ადგილზე კომაროვის ოქროს მედალიც იყო.  

- საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს?

- ვიცი, რომ აქეთ დაბრუნებას ნამდვილად აპირებდა, რადგან საქართველო და ქართველები სიგიჟემდე უყვარდა...

 

947
ზურაბ გერმანიშვილი

მარანში ღამით შეპარული სტუმარი, კახური ღვინო და ნივრიანი ხაშლამა კოვიდისგან თავდასაცავად

1511
(განახლებულია 22:27 17.10.2020)
ოქტომბერია, გოგლა ლეონიძის სიტყვებით, “ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“. ახლა იქ გზებზე ფერადი ხალიჩაა და კახური შემოდგომა თავისკენ გიხმობს...

თელავში ბევრი რამაა სანახავი, უფრო სწორედ, ხელახლა სანახავი და იქ ჩასულ სტუმრებს ამაში ცალკეული ადამიანებიც ეხმარებიან. გერმანიშვილების, პროფესიონალი ექიმების ტრადიციულ ოჯახს ყველა იცნობს. პანდემიამდე მათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ამელი“ გახსნეს. იქ ჩასულები მარტო პასიურად კი არ ისვენებენ, კახური შემოდგომის ფერხულში უშუალოდაც ებმევიან.

ჯერ ორი სიტყვა მასპინძლებზე მინდა გითხრათ, ბატონი ზურაბ გერმანიშვილი გახლავთ ნეიროქირურგი, რომელიც წლებია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტებში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ასევე მისი მეუღლე, თამარ ბარამიძეც ექიმია, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი და მარდალეიშვილის კლინიკის თავ-კისრის ონკოლოგი. მათი ვაჟი, ასლანი, მამის კვალს გაჰყვა, ნეიროქირურგია და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად საქართველოშია.

ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე
ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე

როგორც ექიმებმა, კარგად იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ფიზიკურის გარდა, სრული ფსიქოლოგიური რელაქსი განიცადოს. საკუთარი ხელით შექმნილ ედემში საამისო ყველა პირობაა: არაჩვეულებრივი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ლანდშაფტი და სასტუმრო, რომელიც ყოველ სეზონზე, იქ ჩასულებს, ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. სასტუროს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, მათ შორის, ბევრი ცნობადი სახეც იყო. დანარჩენს თავად ბატონი ზურაბი გვეტყვის.

სტუმრები ისრაელიდან
სტუმრები ისრაელიდან

- ბატონო ზურაბ, შემოდგომა განსაკუთრებით აქტიურია თქვენთან...

- კოვიდამდე წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ვუჩიოდით სტუმრების ნაკლებობას და ყველა საჭირო პირობის დაცვით, მათ ახლაც ვმასპინძლებთ. ისევე ყოველ ოქტომბერს, ახლაც, 20 ოქტომბრიდან ჩვენთან მასტერ-კლასები დაიწყება. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომლის დროსაც ჩვენთან მოსული სტუმარი ისწავლის: ჩურჩხლის ამოვლებას, პურის ცხობას, მწვადის შეწვას, ხინკლის მოხვევას. რა თქმა უნდა, მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩვენს მიერ დაწურული არაჩვეულებრივი საფერავი და გამოხდილი ჭაჭა დააგემოვნონ. მოკლედ ეს იქნება სახალისო და ამასთან, შემეცნებითი ფორმის დასვენება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებს. ჩვენ გვინდა სულ სხვა თვალით დანახული თელავი დაგამახსოვროთ.

სტუმრები თონეში პურს აკრავენ
სტუმრები თონეში პურს აკრავენ

- თქვენი კრეატივი, „ფოტოსესია წარსულში“ რას გულისმობს?

- მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ფოტო-სესიის მოწყობა, რომლისთვისაც სხვადასხვა საინტერესო გარემოს ეძებენ. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის სახალისო იქნება. ჩვენთან შეიძლება ფოტოების გადაღება ძველ, რეტრო გარემოში და ამასთან ქართული ნაციონალური სამოსით. კარგად იცით, რომ ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მანდილოსნებისთვის გვაქვს ტრადიციული გრძელი კაბები და თავსაბურავები, მამაკაცებისთვის კი- ჩოხა-ახალუხი, გვაქვს ასევე ძველი ქალაქური სამოსიც, მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

ფოტოსესია
ფოტოსესია

-თქვენთან არის თონე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით ჩაკრული პური დააგემოვნოს...

- დიახ, თონეც გვაქვს. თავიდან უფრთხიან ხოლმე თონეში პურის ჩაკვრას, მაგრამ უკვე მეორე მცდელობაზე ვატყობთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ. რა ჯობია თონეში საკუთარი ხელით ჩაკრულ პურს?

ეზოში მოწყობილი თონე
ეზოში მოწყობილი თონე

- აქ გაქვთ მარანი, სადაც ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, ბევრი გექნებათ სათქმელი...

- ჩვენთან მოსული უცხოელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, აქვე, რა თქმა უნდა, მათ ქართული სუფრის ტრადიციაზე ვესაუბრებით, მოგვიანებით კი, ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვაჩვენებთ. განსაკუთრებული ხაზგასმით ვეუბნებით (ვინც იცის, მათ ვახსენებთ) იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც 8000 წელზე უფრო ადრინდელი ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქებია აღმოჩენილი, რომ ჩვენთან ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

ამელის მარანი
"ამელის" მარანი

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარანში განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ დაყოვნება...

 - ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ცნობილი ფილმის, „ღვინის ქურდების“ ეპიზოდს გაგახსენებთ. ადრე ბალტისპირეთიდან გვყავდა სტუმრები, როდესაც ყველამ დაიძინა, მარნიდან ხმაური შემომესმა. ავდექი და რას ვხედავ?- ჩვენი ერთი სტუმარი მისულია ერთ-ერთ ქვევრთან, რომელსაც შუშა აქვს გადაფარებული და მას ახლოდან აკვირდება. მივედი და ვეკითხები: რა ხდება მეთქი? ასე მიპასუხა: ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქვევრებში მართლა ღვინო გაქვთო. მე გადავწიე შუშა და ვაჩვენე. სიცილით მითხრა: გამაგებინეთ, რა გაძინებთ ზემოთ ასე მშვიდად, როდესაც აქ ამდენი ღვინოაო?

ფოტოსესია ამელში
ფოტოსესია "ამელში"

- უკვე წარმომიდგენია, როგორც მოიქცეოდით...

- იქვე დავსხედით, ქვევრიდან ღვინო ამოვიღე და დილამდე მარანში ვიყავით. დილით მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ მარტო ღვინოში არაა საქმე, მათ ჩვენგან წაღებული სითბო და იმ დღის მოგონება, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ისიც ეცოდინებათ, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ამბავი ლეგენდა არ არის...

ამელის ეზო
"ამელის" ეზო

- თქვენთან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა სტუმრად...

- დიახ, გამორჩეული სტუმრებიც გვყავდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს როიალზე თავისი ქართული მუსიკა ააჟღერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: ვაჟა აზარაშვილი და კახა ცაბაძე, მეამაყება, რომ ისინი აქედან ნასიამოვნები წავიდნენ.

რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის
რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის

- როგორც ექიმი, შექნილ ვითარებაში რას ურჩევდით ადამიანებს?

- ძალიან მიკვირს მათი, ვისაც ამ ფონზე, რაც მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენთანაცაა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ კოვიდის არსებობაში. ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ ჩემი კოლეგა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჩვენს სასტუმროშიც მათ ზედმიწევნით მკაცრად ვიცავთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა...

ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე
ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე

- რაიმე, განსაკუთრებული კახური რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, პროფილაქტიკისთვის ყველას ორას გრამ წითელ ღვინოს და ნივრიან ხაშლამას ვთავაზობთ. საერთოდ კი, მე, როგორც ნეიროქირურგი გირჩევთ, გონება გაათავსუფლონ ნეგატიური აზრებისგან, ატარეთ დამცავი პირბადეები და უარი თქვით ხელოვნური, შინაგანი ნიღბებისგან, რაც ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით...

 

1511
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0