კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“

გამოწერა
როდესაც ასეთ მასწავლებელს გაიცნობ, ალბათ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება სინანული იმის გამო, რომ მსგავსი პედაგოგი ოდესღაც მას არ ასწავლიდა... 

 

სამაგიეროდ, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუმართლათ, რადგან ქალბატონი ელენე მარი, სწორედ მათთან ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაკვეთილიდან „შატალოზე“ წასვლის სურვილი არავის გაუჩნდებოდა...

© photo: courtesy of Elene Mariელენე მარი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
ელენე მარი

- ქალბატონო ელენე, ნათქვამია, ცუდია აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს, თქვენ რა გახსოვთ ბავშვობიდან?

- მართალს ბრძანებთ. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მაგრამ აღზრდის პროცესში ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ ძიების, შეცდომებისა და აღმოჩენების ის მტკივნეული გზა, რომელსაც დღეს ჩვენი აღსაზრდელები გადიან. მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა. იგი დიდ სიბრძნეს, მოთმინებასა და შემწყნარებლობას გულისხმობს. ბატონი რეზო ინანიშვილი ბრძანებდა: „ბავშვობა ბებიასთან რომ არ გამეტარებინა, არ ვიცი, რა მექნებოდა ტკბილად მოსაგონებელიო“. ალბათ, ამ სიტყვებმა ჩემსავით ბევრს აუფორიაქა სული. ბავშვობა გურიაში გავატარე, გურული ბებია სულ სხვა ფენომენია. ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებები მისი წაკითხული ზღაპრების, ბრძნული დარიგების, სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე წარმოუდგენელია...

© photo: courtesy of Elene Mariელენე მარი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
ელენე მარი

- სკოლის ცხოვრებიდან რა გახსენდებათ და რომელმა მასწავლებელმა დაგამახსოვრათ თავი?

- სკოლაზეც დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. მიყვარდა ყველა მასწავლებელი და მათგანაც უპირობო სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობდი. ვწუხვარ, რომ პედაგოგთა იმ თაობამ უკვე მარადიულ საქართველოში გადაინაცვლა. დღეს ერთ მათგანზე მინდა, გესაუბროთ-მასწავლებელზე, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის არ მასწავლიდა, მაგრამ მასზე უამრავი რამ მსმენოდა. ყოველ დილით ვხედავდი, როგორ მოუყვებოდა სკოლის აღმართს-აუჩქარებლად, დინჯად, საკუთარი ღირსების შეგრძნებით. ყველასაგან გამოირჩეოდა. არ მეჩვენებოდა, ზურგსუკანაც განსაკუთრებული მოწიწებით ახსენებდნენ: ეს გახლდათ ანა ბერძენიშვილი, თვალს ვაყოლებდი და მწყინდა, რომ არ მასწავლიდა...

© photo: courtesy of Elene Mariელენე მარი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
ელენე მარი

- ალბათ ერთხელ მაინც შემოაღებდა თქვენი საკლასო ოთახის კარს..

- სწორედ ეგ შემთხვევა მინდა გავიხსენო: ერთხელ, საკლასო ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა. ზარი ახალდარეკილი იყო და ოთახში საშინელი ხმაური იდგა. ჩვენკენ არც გამოუხედავს, მშვიდად მიემართებოდა მაგიდისკენ და ხელში წიგნი ეკავა. დაუჯერებელია, მაგრამ სკამთან რომ დადგა, საზურგეს დაეყრდნო და გამოგვხედა, უკვე ვისხედით და ყველა გატრუნულები შევცქეროდით, ერთის გარდა. ის ერთი ისევ აგრძელებდა ღრიალს... მახსოვს, მან ნელა მიატრიალა თავი, მშვიდად შეხედა და უსიტყვოდ „გააქვავა". მასში უზარმაზარი შინაგანი ძალა იგრძნობოდა. ასეთი ძალა გამოარჩევთ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად იქ დგანან, სადაც უნდა იდგნენ...

© photo: courtesy of Elene Mariგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- თქვენ თუ გქონდიათ მსგავსი მომენტი, როგორც მასწავლებელს? 

- მასწავლებლობას რომ შევუდექი, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. კარგად მახსოვს დღე, როცა ჩემთან ერთად ბავშვებმაც ირწმუნეს, რომ მასწავლებელი ვიყავი. მაშინ ილიას ბიოგრაფიას ვხსნიდი. წიწამურის ტრაგედიაზე რომ ვსაუბრობდი, ცრემლი მომერია... ახლახან ინტერნეტში წავაწყდი ფრაზას: მასწავლებელს ის ინფორმაცია უნდა უყვარდეს, რომელსაც გადასცემსო. მე გამიმართლა, რომ ლიტერატურა ძლიერ მიყვარს. ნამდვილი სიყვარული კი კარგ ღვინოს ჰგავს-დროსთან ერთად ძლიერდება. თუ ჩემი პედაგოგობა შედგა, მიზეზი სწორედ ეს უნდა იყოს.

© photo: courtesy of Elene Mariკოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
კოლეგებთან ერთად

- თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით სასწავლო პროცესში?

-არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სასწავლო პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, გადახედვას საჭიროებს. რა უნდა შეიცვალოს ამ თვალსაზრისით? -რთული კითხვაა და, რასაკვირველია, სპეციალისტთა საფუძვლიანი კვლევის საგნად უნდა იქცეს. მე მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხები: დღეს ბევრს საუბრობენ უნიშნო შეფასების უპირატესობაზე. მინდა, მალე დადგეს დრო, როცა განმსაზღვრელ შეფასებას განმავითარებელი ჩაანაცვლებს.

© photo: courtesy of Elene Mariელენე მარი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
ელენე მარი

- რომელ თანამედროვე ავტორს შეიყვანდით ქართული ლიტერატურის პროგრამაში?

- ქართული ლიტერატურის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ მგონია, ჩვენი ბავშვები ნაკლებად იცნობენ სიტყვის თანამედროვე ოსტატებს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ბატონი ოთარ ჭილაძის  შემოქმედება. ასევე ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ბატონი ბესიკ ხარანაულის უაღრესად საინტერესო და თავისთავადი მხატვრული სამყაროც. სამწუხარო  გარემოებას ვამჩნევ: ბავშვებს ნაკლებად იზიდავთ პოეზია, მით უფრო-ვერლიბრი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ამ მიმართულებით განსაკუთრებული მუშაობა გვმართებს.

© photo: courtesy of Elene Mariმოსწავლესთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლესთან ერთად

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე კრეატიული, რაც კი თქვენი სკოლაში მუშაობის დროს გაგიკეთებიათ?

- ჩემი ოცდაათწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში პროფესიული წარმატებაც ყოფილა და წარუმატებლობაც. ყველაზე კრეატიულად კი ერთი გაკვეთილი-პროექტი მეჩვენება. მე და ჩემმა კოლეგებმა ისტორიული კონტექსტის, გეოგრაფიული არეალისა და მხატვრული ლიტერატურის დახმარებით მიზნად დავისახეთ, რომ დაგვესვა საქართველოს კულტურული ორიენტაციის პრობლემა. ბავშვებთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და, ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოგვივიდა.

© photo: courtesy of Elene Mariელენე მარი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ქარიც იყო, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ გვიხაროდა“ - Sputnik საქართველო
ელენე მარი

- არ შეიძლება არ გკითხოთ, დიდი ნიკო მარი თქვენი ნათესავი ხომ არ არის?

- მთელი ცხოვრებაა, მდევს ეს კითხვა. ცალკე თემაა ქართული სინამდვილისთვის უჩვეულო გვარი, რომელიც ბევრს სახელი ჰგონია. გაგიკვირდებათ და, ამ ათიოდე წლის წინ, გამოცდები რომ ჩავაბარე და სერტიფიკატი უნდა დაებეჭდათ, განათლების სამინისტროდანაც კი დამირეკეს შეკითხვით. ვერ გაარკვიეს, რომელი იყო გვარი და რომელი-სახელი. რაც შეეხება დიდ ენათმეცნიერს, ნიკო მარს, ჩვენი შორეული წინაპრები ძმები იყვნენ. მათი მამა, იაკობი, ოჯახთან ერთად შოტლანდიიდან ჩამობრძანდა და ჩოხატაურის სოფელ დაბლაციხეში დამკვიდრდა. ამ გვარის ქართული ისტორიაც ასე დაიწყო.

თამარ უთნელიშვილი - Sputnik საქართველო
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

- რომელია სამი თვისება, რაც უნდა გამოარჩევდეს კარგ მასწავლებელს?

- ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია და აზრი ბავშვებისთვისაც ბევრჯერ მიკითხავს. ადრე ვთვლიდი, რომ მასწავლებლის მთავარი ღირსება მისი პროფესიონალიზმი იყო, მაგრამ წლებმა დამარწმუნა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, თუ ზნეობრივი ძალით არ გამოირჩევა. ჯერ პიროვნებად უნდა შედგეს, რომ მოსწავლემ აღიაროს, მოუსმინოს და მისგან სწავლება მოუნდეს. დაბოლოს, კარგი მასწავლებელი მუდამ თანამედროვე და სულით ახალგაზრდა უნდა დარჩეს. პიროვნული და პროფესიული ზრდა არასოდეს შეწყვიტოს. სხვანაირად გაუჭირდება, საინტერესო იყოს.

გოჩა სახვაძე ლიტერატურულ სალონში - Sputnik საქართველო
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

- დახვეწილი მანერების ქალბატონი ბრძანდებით და როგორ ახერხებთ, რომ თანამედროვე ბავშვები კარგ მანერებს მიაჩვიოთ?

- ეს შეფასება ნამდვილად გადაჭარბებულია. დახვეწილი მანერები მაქვს თუ არა, ვერაფერს გეტყვით. მთავარი ისაა, რომ საკუთარ თავში ადამიანის გადარჩენა შევძლოთ. იმავეს გავიმეორებ ბავშვების მისამართითაც და ამაში არაფერია ახალი: მთავარი არა ფაქტობრივი ცოდნის მიწოდება და აკადემიური უნარების განვითარება, არამედ მოსწავლის პიროვნული ზრდაა. ყველა ადამიანი რაღაცას გვასწავლის ცხოვრებაში-როგორი უნდა ვიყოთ, ან არ ვიყოთ... რა ვიცი, ბედნიერ ადამიანად ჩავთვლი თავს, თუნდაც ერთი მოსწავლისთვის რაღაც კარგი თვისების ჩანერგვა თუ შევძელი...

ნინო ორლოვსკაია - Sputnik საქართველო
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – რა განძი დამარხეს ბახმაროს მთაზე ბავშვებმა

- ყველაზე უჩვეულო გაკვეთილი გაიხსენეთ, ამბავი, რომელიც ერთხელ მოხდა თქვენი გაკვეთილის დროს.

- გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და ხშირად-არაპროგნოზირებადიც. უამრავი უჩვეულო გაკვეთილიდან ერთს გამოვარჩევ, მრავალმხრივ საგულისხმოსა და სიმბოლური დატვირთვის მატარებელსაც კი. გასული საუკუნის 90-იანები იდგა-უშუქობის, უიმედობის, უხელფასობის წლები. ასე მგონია, მაშინ უფრო ადრე ღამდებოდა და ზამთარიც ბევრად მკაცრი, სუსხიანი და დაუსრულებელი ჩანდა. ერთ ასეთ მოჟამულ დღეს კოკისპირულად გაწვიმდა. დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოვიდა და საკლასო ოთახშიც დაიწყო წვეთა. რა უნდა გვექნა, მერხები მივწი-მოვწიეთ, ბავშვებმა საიდანღაც სათლი მოარბენინეს, დაზიანებული ჭერის ქვემოთ დადგეს და მობუზულები მერხებს მიუსხდნენ. ღუმელი კი გვედგა, მაგრამ ქარიან ამინდში საშინლად ხრჩოლავდა და წვალებად არ ღირდა. მიუხედავად დრამატული სიტუაციისა, წვიმის წვეთების განუწყვეტელი წკაპუნისა და შუა ოთახში გამოჯგიმული სათლისა, გაკვეთილის ჩატარება დავიწყე. თავიდან უხალისოდ მისმენდნენ და სათლისკენ აპარებდნენ მზერას. გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსი უნდა ამეხსნა და ვერც მის ცხოვრებისეულ პერიპეტიებს ავუვლიდი გვერდს. ერთ ეპიზოდს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე და, ზარი რომ დაირეკა, ისეთი გასხივოსნებული სახეებით მისმენდნენ, არც მაშინ შემიწყვეტია საუბარი. უცნაურია, მაგრამ აღარც სიცივე მაწუხებდა, აღარც უიმედობის მძაფრი განცდა მიწამლავდა სულს... ის მწვანე სათლიც კი მეძვირფასებოდა. საოცარ სულიერ ძალას ვგრძნობდი და ისიც ვიცოდი, საიდან მეძლეოდა. მოკლედ, ქარიც იყო, წვიმაც, ქვეყანაც ინგრეოდა, მაგრამ ჩვენ გვიხაროდა, ძალიან გვიხაროდა...

ყველა ახალი ამბავი
0