ლევან შემეში (შიმშილაშვილი)

საქართველოდან ისრაელში წაღებული „ლოცვა“ და ხელოვანი, რომელმაც იგი დახატა

325
(განახლებულია 20:01 01.10.2020)
ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე არაერთხელ დაგვიწერია, ეს მასალაც ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია...

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ წაიღო საქართველოდან ისრაელში ქართველი ებრაელების 27-მა ოჯახმა ქალაქ ონიდან „ლოცვა“. ასე ეძახდნენ ისინი ონში არსებულ სინაგოგას და ასევე დაარქვეს მათ ნა-ხატს, რომელზეც იგივე სინაგოგაა გამოსახული...

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) ნახატი „ლოცვა“
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) ნახატი „ლოცვა“

სინაგოგის, ანუ „ლოცვის“ დახატვა მათ ნიჭიერ ონელ მხატვარს ლევან შემეშს (შიმშილაშვილს) მიანდეს. როგორც ჩვენი დიდი მეგობარი, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი ანა შიმშილაშვილი ამბობს, „დღეს მისი წილი „ლოცვა“ ყველას ოჯახშია და ის მართლაც ლოცვასავით აძლევს მათ ძალას. “ლოცვას” ვეძახდით ონში არსებულ სინაგოგას. მათ დღემდე ვერც სინაგოგა და ვერც ონი ვერ დატოვეს. არ მეგულება ონელი ებრაელის ოჯახი, რომლის სახლის კედელსაც ეს ნახატი არ ამშვენებს”.

ბატონ ლევანს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში და სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვნებო პრიზი გადაეცა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ბატონო ლევან, როგორია ბავშვობა, რომელიც რაჭასთან გაკავშირებთ?  

- დავიბადე ონში, პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. იყო დრო, როცა ონის სახალხო თეატრში რეჟისორ გიგა ჯაფარიძესთან ვთამაშობდი, კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში გამოფენებს ვაწყობდი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- როგორია ამბავი ონის სინაგოგაზე, რომელიც წლების შემდეგ დახატეთ?

- ონის სალოცავში ბავშვობიდან დავდიოდი, მას კარგად ვიცნობდი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული გათავისებული მქონდა. იმ სინაგოგას შიდა სურნელს ახლაც ვგრძნობ. ონში ცხოვრების დროს მას ხშირად ვხატავდი, თითქმის ყველა კუთხიდან მაქვს დახატული. ონელ ებრაელებს იმდენად ჰქონდათ გათავისებული და უყვარდათ სინაგოგა, რომელსაც ლოცვა დაარქვეს, რომ ისრაელში ამოსვლის დროს ბევრმა ოჯახმა ჩემი ნახატი, რომელზეც ონის სინაგოგაა, თან წამოიღო…

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება

- ვინ არის ადამიანი, რომელმაც თქვენზე გავლენა იქონია?

- ჩემზე დიდი გავლენა უფროსმა ძმამ, მხატვარმა ანზორ შიმშილაშვილმა იქონია.

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება

- რას დაარქმევდით მიმდინარეობას, რომელშიც ხატავთ?

- შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ერთი მხატვრის მანერას არ ჰგავს ის, რომელშიც ვხატავ, ამიტომ ამ მიმდინარეობას „ლევანიზმი“ დავარქვი. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ...

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება

- რა არის საჭირო მხატვრისთვის, რომ მან ღირებული რამ შექმნას?

- იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შევქმნა, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვფიქრობ, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი ხელოვანისთვის, მან დიდი და მძიმე შრომაც უნდა გასწიოს. ჩემთვის შრომა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ტოლფასია. დღის განმავლობაში ათ, ზოგჯერ მეტ საათს ვატარებ მოლბერტთან, რომ ჩემთვის სასურველი შედეგი მივიღო.

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ისტორიულ სამშობლოში ამოსვლის შემდეგ?

- ისრაელში ამოსვლის დროს ფაქტობრივად თავიდან დავიწყე ცხოვრება, ვისწავლე ენა, გავეცანი და გავითავისე აქაური ცხოვრების დინება და, შესაბამისად, მოვერგე აქაურ ცხოვრებას როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პიროვნულად. რა თქმა უნდა, ჩემს ხელოვნებაში შეიცვალა ხელწერა და აზროვნება. ქართული თემებიდან ძველი თბილისისა და ონის პეიზაჟებს გამოვარჩევდი.

ლევან შემეში (შიმშილაშვილი)
ლევან შემეში (შიმშილაშვილი)

- როგორია წლების შემდეგ თქვენ მიერ „აღმოჩენილი“ ონი?

- 27 წლის განშორების შემდეგ პირველად მოვინახულე ონი, სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ავედი ტყეში, საიდანაც ონის ხედები ბევრჯერ დამიხატავს… იქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რადგან ონში ცხოვრების დროს ამ ყველაფერს ვერ აღვიქვავდი ისე, როგორც საქართველოში სტუმრობის დროს დავინახე…

ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება
ლევან შემეშის (შიმშილაშვილი) შემოქმედება

- საკუთარ თავში რა აღმოაჩინეთ, ვინ არის ლევან შემეში?

- ლევან შემეში არის მხატვარი, რომლისთვისაც ფასეულია სამშობლო და თავისუფლება, რომელიც აფასებს შრომას და... ირაციონალიზმს.

325
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი მეუღლესთან ერთად

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემს გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია

19
(განახლებულია 15:50 30.10.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი წარმოშობით ახმეტიდანაა, ბავშვობიდან მოყოლებული სცენასა და მომღერლობაზე ოცნებობდა. ბედმა ინება, რომ უკვე ორგზის ემიგრანტი იყო. ბოლო წლები იმყოფებოდა საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც კუნძულის ისტორიაში აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველია. მან კარგად იცის უცხოეთში ცხოვრების პერიპეტიებზე, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა. შრომისმოყვარეობისა და ოპტიმიზმის წყალობით, სიცოცხლე არა ერთხელ დაიწყო სუფთა ფურცლიდან...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში

დავიბადე და გავიზარდე ახმეტაში, სადაც მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, ვოცნებობდი, რომ ოდესღაც სცენაზე დავდგებოდი. გამორჩეული სამეგობრო მყავდა- ყველა მღეროდა და ჩვენს შორის ემოციების გაცვლაც მუსიკის საშუალებით ხდებოდა. ცხოვრებაში პირველი ტკივილი მამის გარდაცვალების დროს განვიცადე… მერე დაიწყო 90 წლები და მე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე.  გათხოვებაზე არც ვოცნებობდი, მაგრამ ერთ დღეს, როგორც იმ დროს ხდებოდა ხოლმე წამიყვანეს და სახლში აღარ დავბრუნდი... ჩემი პირველი მეუღლე ეროვნებით ბერძენი იყო. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე და ბევრი ცუდიც და კარგიც რეალურად მაშინ ვნახე. მერე ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ ვარდისფერი ოცნება მომიკლა და დავრჩი ხუთი და შვიდი წლის ორი პატარა ბავშვით მარტო და მხოლოდ 50 დოლარის ამარა. სახლში, სადაც ვბრუნდებოდი, უმუშევარი დედა და პატარა ძმა მელოდა. ჩემი პირველი ემიგრაციაც მაშინ დაიწყო...

ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

იმ პერიოდში ჩემი და და მისი მეგობარი მზია დამეხმარნენ. სხვა გზა არ იყო, უნდა მებრძოლა. არასოდეს დამავიწყდება რა რთული იყო როცა შვილებს მომწყვიტეს. მაშინ ვთქვი: ორ წელიწადში ბინას ვიყიდი და სამ წელიწადში კი ჩემ შვილებს დაუბრუნდები მეთქი. უცხოეთში ყველაზე ძნელი გადასალახავი ენის ბარიერია.ზუსტად ერთ თვეში ინგლისური ვისწავლე, რადგან კუნძულ კვიპროსზე ეს ენა ყველას ესმოდა. ურთიერთობების დროს ბერძნულიც ვისწავლე და ცოტა ხანში ბერძნულად კითხვაც ვიცოდი.

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიყვარს როცა ვინმეს ჩაგრავენ, არც ის, როცა მიცოდებენ, ამიტომ ფეხზე მყარად ვიდექი, ვეხმარებოდი ყველას რამდენადაც შემეძლო და ეს მაბედნიერებდა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი იმ საბუთების წყალობით, რომელიც ყოფილი ქმრისგან დამრჩა. მერე როგორც საკუთარ თავს დავპირდი: სამ წელიწად ნახევარში შვილებს დავუბრუნდი. თბილისში ჩამოსულს მუსიკა ისევ ოცნებად დამრჩა, რადგან შვილები უნდა მერჩინა და საამისოდ ყველგან ვმუშაობდი, სადაც უცხო ენის სპეციალისტი და მენეჯერი სჭირდებოდათ: იქნებოდა ეს ტურისტული სფერო, სარესტორნო ბიზნესი თუ სასტუმროების ქსელი, ერთი პერიოდი საკალთბურთო დარბაზის მენეჯერიც ვიყავი. ეს ყველაფერი მოსაყოლად ადვილია, მაგრამ რეალურად საკმაოდ რთული...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

მინდა ყველა ქალს, რომელიც მარტო დარჩა შვილებით, ვუთხრა, რომ თუკი იშრომებენ ღმერთი მათ არასდროს მიატოვებს. ყოველ საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი და შვილებს ვეფერებოდი. მეორე დღისთვის საჭმელს ვუმზადებდი და სკოლაში მოწესრიგებულებს ვუშვებდი...

ჩემი მეორე ემიგრაცია გამოწვეული იყო იმით, რომ მინდოდა შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლათ. არ მიყვარს როცა 40 წლის შვილები ისევ ბავშვები არიან და 70 წლის დედისგან დახმარებას ელიან... იმ დროისთვის ორივე მუშაობდა და თან უნივერსიტეტს ამთავრებდა. გადავწყვიტე სამუშაოდ წავსულიყავი ისრაელში, სადაც ცხოვრება და მუშაობა იმაზე ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე მეგონა. არც აქ მიფიქრია დიდხანს გაჩერება, რომ იტყვიან, წამზომი ჩართული მქონდა და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. ებრაელმა ხალხმა გამაოცა იმით, რომ ისინი სხვის შრომას აფასებენ და როცა ხედავენ, რომ სანდო ადამიანი ხარ, ბოლომდე გიდგანან გვერდში.

კუნძულის მეგობრებთან ერთად
კუნძულის მეგობრებთან ერთად

ოჯახში, სადაც ვიყავი, ჩემი ბედით სერიოზულად დაინტერესდნენ, გულწრფელად მირჩიეს, რომ მარტო არ უნდა დარჩენილიყავი, მაგრამ ახალი ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი. ერთ დღესაც, მათ ოჯახში ჩემი ახლანდელი მეუღლე, მათთან სტუმრად ჩამოსული ფრანგი ებრაელი გამაცნეს.

გაცნობიდან უკვე სამ კვირაში მე და დანიელ ბენაუდმა საქართველოში ვიქორწინეთ. მან გაიზიარა ჩემი სურვილი და თბილისში, რესტორან „თავადურში“ ნამდვილი ქართული ქორწილი გადავიხადეთ. დანიელს ჩოხა-ახალუხი ეცვა, მე - ქართველი ქალის ტრადიციული კაბა...

მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად
მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად

ამის მერე აღმოვჩნდი საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც სამხრეთ აფრიკული ჰავა და კლიმატია- ანუ მარადიული ზაფხული. ზუსტად ვიცი, რომ ამ კუნძულის ისტორიაში ჯერჯერობით აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველი ვარ. ეს კუნძული ისეთი ადგილია, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი: მცხუნვარე მზე და თვალუწვდენელი ოკეანე, მარადმწვანე პალმები და ულამაზესი ჩანჩქერები, მთები და საშიში, მაგრამ სასწაული სანახავი-მოქმედი ვულკანი... იქ ადგილობრივი ფლორით დავინტერესდი და ეგზოტიკური ყვავილები მოვაშენე, სხვადასხვა ხილი დავაფესვიანე...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

საერთოდ კულინარია მიყვარს და იქაურ ფერადკანიან მეგობრებს ქართული კერძები არა ერთხელ გავასინჯე, რის შემდეგად ისინი სულ იცინოდნენ: ეხლა ვხვდებით ასე რატომ მოიმატა წონაში დანიელმაო! რეუნიონის ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას, აქ ყველას ვეუბნებოდი, რომ თბილისი პატარა პარიზია მეთქი. რეუნიონში ისეთი ადგილებია, რომ ზოგჯერ თავი ბებიაჩემის სოფელში მეგონა. მიხაროდა როდესაც ვიტყოდი საქართველოდან ვარ მეთქი და მათ იცოდნენ ის სად მდებარეობს. როცა მითხრეს ჩვენ ვიცით, ევროპელები კავკასიიდან წამოსული ტომები არიანო-საბოლოოდ გავიშალე მხრებში, რადგან საქართველო სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. იცით, რა მენატრება? - მეზობლებთან ერთად დილით ყავის დალევა... მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ჩვენთვის ჩვეული სიყვარული ისევ შემოგვრჩა.

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჰო, არ დამავიწყდეს, რომ ძაღლები მიყვარს ძალიან, რეუნიონში მანქანის საბარგულით ძაღლების საკვები დამქონდა და უპატრონო ძაღლებს ვაჭმევდი. თბილისში ჰასკის ჯიშის ძაღლი, სახელად მაქსი მყავს. აქ კი ჩემი სამი ძაღლიდან ორი ქუჩიდან ავიყვანე. ამჟამად საფრანგეთში ვართ, მალე ისრაელში გადავალთ საცხოვრებლად და შორეული რეუნიონიდან სამივე ოთხფეხა მეგობარი თან წამოვიყვანე, აბა, იქ ხომ არ დავტოვებდით?!...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი

ბოლოს გეტყვით, რომ სიცოცხლე მიყვარს, თანაც ისე, რომ სულ პატარა სიხარულიც კი მაბედნიერებს ხოლმე. სირთულე, რაც აქამდე გადავიტანე, თითქმის დავივიწყე და ახლა მარტო უკეთესის მოლოდინით ვცხოვრობ...

 

 

19
ირაკლი დევაძე

მაღალი შენობების მიღმა გადარჩენილი ქალაქის სული და უჩვეულოდ პუნქტუალური ბათუმელი

136
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
გარდა იმისა, რომ მეხუთე თაობის ბათუმელია, თავისი ბავშვობის ქალაქი გულწრფელად უყვარს, თანაც მისი წინაპრები გმირი ბათუმელები არიან და ამიტომ თავს ვალდებულადაც თვლის, რომ მასზე იზრუნოს.

ირაკლი დევაძეზე მოგახსენებთ, რომელიც მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პროფესიით მუსიკათმცოდნე, ცხოვრების სტილით კი მისი თაობის ერთ-ერთი კოლორიტული ადამიანია...

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- ბატონო ირაკლი, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, საკუთარ თავზე რას იტყოდით, რომელი თვისების წყალობით ხართ ის, ვინც ხართ?

- საკუთარი თავის დახასიათებას იმით დავიწყებდი, რომ საოცრად პუნქტუალური ვარ, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან იშვიათი ამბავია. მე რომ ვიტყვი „9 საათი“, ეს არის 9 საათი და არა 9 საათი და 10 წუთი.

ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს
ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს

- ალბათ გიჭირთ ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც პუნქტუალურობას მაინცდამაინც არ აფასებენ?

- გიდასტურებთ, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩვენში ეს თვისება ცოტას თუ გააჩნია. ჩემი აზრით, ამ თვისებაზეა დამოკიდებული ყველა სხვა თვისება – წესრიგი, საქმის სიყვარული და სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა. ამავე დროს საშინლად მოუთმენელი ვარ, ყველაფრის უცებ გაკეთება მიყვარს. სანამ რაც ჩავიფიქრე, იმას არ გავაკეთებ, შანსი არ არის, რომ მოვეშვა. ვცდილობ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანო სისრულეში.

ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად
ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად

- ბოლოს რა გახსენდებათ ისეთი, როცა საკუთარი თავით და საქმის შედეგით კმაყოფილი დარჩით?

- ბათუმელ ბავშვებს ქალაქის გარეუბანში მოვუწყვეთ თანამედროვე მოდერნიზებული სკვერი, რომლის გაკეთებას არავინ ელოდა. ეს ჩემი ინიციატივით და მეგობრების დახმარებით შევძელი. ამ სკვერის სანახავად ბათუმის მერი იყო მისული და ძალიან მოეწონა, მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. გულწრფელად მიხარია, რომ იმ უბნის ბავშვები გავახარეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- როგორც ამ ქალაქის მოყვარულ ადამიანს გკითხავთ – როგორ უნდა შეინარჩუნოს ბათუმმა თავისი თვითმყოფადობა?

- როგორც ხდება ხოლმე, ახალმა დრომ ახალი ღირებულებები და მოთხოვნები მოიტანა, ამ მხრივ არც ბათუმია გამოაკლისი. ქალაქის გარეგნული იერსახეც ახალი დროის გათვალიწინებით შეიცვალა. თუმცა ბათუმმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად იცვალა სახე, თავისი ავთენტურობა მაინც შეინარჩუნა. მისი სული ამ მაღალი შენობების მიღმა გადარჩა და უცვლელი დარჩა. მიხარია, რომ მერიაში ჩემს პოზიციაზე ყოფნის დროს საშუალება მომეცა ყველაფერი განსხვავებულად, უფრო გემოვნებიანი თვალით დამენახა და წარმომეჩინა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საერთოდ ძველისა და ახლის სინთეზს ხელოვანი ადამიანი უფრო სხვა ხარისხში აღიქვამს. ელემენტარულს გეტყვით, როდესაც რაიმე შეხვედრებია, ხელოვან ადამიანს ბევრ ხალხში ადვილად გამოარჩევ, თუნდაც ჩაცმის თავისებური სტილით, მანერებით, საუბრით. ბავშვობაში, როდესაც ვინმე მუსიკალურ სკოლას ამთავრებდა, ან რაიმე სახელოვნებო ზოგად განათლებას იღებდა, ის ბავშვიც კი გამოირჩეოდა სხვებისგან. დღეს კი ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გააუბრალოვა. ამიტომ ვცდილობთ პატარა ბათუმელებს ქალაქში ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თანამედროვეც იყოს და სათანადო გემოვნებაც ჩამოუყალიბდეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- თქვენი აზრით, საიდან იწყება ქალაქის სიყვარული?

- ბათუმელობა, ბათუმის სიყვარული პირველ რიგში იწყება იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობ. სახლის სადარბაზოდანაც ჩანს მასში მცხოვრები ადამიანების კულტურა და საკუთარი ქალაქისადმი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, თუ სახლში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს ღირსეული, ის არ დაუშვებს, რომ მისი სახლის სადარბაზო დაბინძურებული იყოს, ან უცენზურო ფრაზებით გადაჭრელებული. ქალაქი არ უნდა დააბინძურო – ეს ხომ იგივე შენი ოჯახია და შენი სახლია!

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში?

- საყვარელი ადგილი ბათუმში ცენტრალური პარკია, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობა, უბედნიერესი წლებია დაკავშირებული. სხვათა შორის, მე მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ.

- თქვენი ბაბუა ბათუმის კოლორიტი და გამორჩეული ადამიანი იყო...

- ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა დიდი მსახიობი აკაკი ხორავა ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეიქმნა. მან ბევრ ადამიანს შორის ოთხი ლამაზი ბიჭი შეარჩია – ავთო მეგრელიძე, იუსუფ კობალაძე, მურად ხინიკაძე და ჩემი ბაბუა ჯემალ დევაძე. ისინი ერთად შეკრიბა და მიიწვია სუფრაზე, სადაც თამადა, რა თქმა უნდა, თავად ხორავა იყო. იმ სუფრის ამბავს ბაბუა დიდხანს იხსენებდა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რა არის ის, რისი წყალობითაც ბათუმი თავის სახეს არ დაკარგავს?

- ზემოთ გავიხსენე ბაბუა, რომელიც თავის სამ ძმასთან ერთად სამამულო ომში დაიღუპა. ოთხივე გმირია. ის ფაქტი, რომ მე ასეთი გმირების შთამომავალი ვარ, დამატებითი ვალდებულებაა საიმისოდ, რომ ამ ქალაქს მაქსიმალურად ბევრი რამ გავუკეთო. საერთოდ ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანების წყალობით შემორჩა ბათუმს ის სული, ტრადიციები და ხასიათი, რაც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ჩვენ კი ეს ყველაფერი მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ...

 

136
გიორგი გახარია

„ლოკდაუნი არ იქნება": პრემიერმა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ხმები უარყო

0
(განახლებულია 16:22 30.10.2020)
გიორგი გახარიას განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა, შეეხება მთელ ქვეყანას.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ხმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის შემოღების თაობაზე, ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინფორმაცია, რომ მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულ საქართველომ“ გაავრცელა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, „უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები“ თუ როგორ იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები მოიპოვონ. კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა შეეხება მთელ ქვეყანას, აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ამიერიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების შემთხვევაში ექნება.

 „გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი.  მსოფლიოში მეორე ტალღის ეფექტურობა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით შეფასდება და ერთ–ერთი ეკონომიკის თვის მიყენებული მინიმალური ზარალია“, – აღნიშნა გახარიამ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020