ფაინა რანევსკაია

ქალები მამაკაცებზე გვიან კვდებიან, რადგან...

332
(განახლებულია 15:39 24.09.2020)
ქალები უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გსმენიათ ქალის შესახებ, რომელსაც თავი იმის გამო დაეკარგოს, რომ მამაკაცს ლამაზი ფეხები აქვს?

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ფაინა რანევსკაიას გამონათქვამებს.

ფაინა რანევსკაია (ფანი ფელდმანი, 1896–1984) თეატრისა და კინოს რუსი და საბჭოთა მსახიობი, სამი სტალინური პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის ორდენის კავალერი.

ფაინა რანევსკაიას თბილისური სიყვარული>>

მსახიობი დიდი ენამოსწრებულობითა და ენაკვიმატობით გამოირჩეოდა. მისი გამონათქვამები დღემდე პოპულარულია და ერთგვარ „ფრთიან ფრაზებად“ იქცა.

Советская актриса театра и кино, народная артистка СССР Фаина Раневская.
© photo: Sputnik / Yuri Somov
ფაინა რანევსკაია

· დღევანდელი ახალგაზრდობა საშინელებაა. მაგრამ უფრო მეტი საშინელებაა, რომ ჩვენ არ ვართ ახალგაზრდები.

· გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან იდიოტები და კლოუნები. ცირკმა გასტროლებზე უნდა იაროს.

· საშინელებაა, როცა თავს გრძნობ, როგორც თვრამეტი წლის, როცა აღფრთოვანებული ხარ შესანიშნავი მუსიკით, ლექსებით, ფერწერით, ამ დროს კი შენი დრო მოვიდა, მაგრამ ვერაფერი მოასწარი, მხოლოდ ახლა იწყებ ცხოვრებას!

· მსუქანი ქალები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ პატარა ზომის ტანსაცმელი.

· ნიჭი – ესაა, როცა თავდაჯერებული არ ხარ და საკუთარი თავითა და ნაკლოვანებებით იტანჯები, რაც მე არასდროს მინახავს უნიჭოებში.

· მარტოობა – ესაა, როდესაც სახლში ტელეფონი გაქვს, მაგრამ მხოლოდ მაღვიძარა რეკავს.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

· მარგალიტი, რომელიც პირველ აქტში მეკეთება, ნამდვილი უნდა იყოს, მოითხოვს ჭირვეული ახალგაზრდა მსახიობი ქალი. ყველაფერი ნამდვილი იქნება – ამშვიდებს მას რანევსკაია – ყველაფერი: მარგალიტი პირველ მოქმედებაში და საწამლავი – ბოლო აქტში.

· რა არის გამელოტება? ესაა თავის უკანალად ნელი, მაგრამ პროგრესული გადაქცევა. ჯერ ფორმით და მერე უკვე – შინაარსით.

· ქალები მამაკაცებზე გვიან კვდებიან, რადგან ისინი ყოველთვის აგვიანებენ.

· სულელი მამაკაცისა და სულელი ქალის კავშირი გმირ დედას ბადებს. სულელი ქალისა და ჭკვიანი მამაკაცის კავშირი მარტოხელა დედას ბადებს. ჭკვიანი ქალისა და სულელი მამაკაცის კავშირი ჩვეულებრივ ოჯახს ბადებს. ჭკვიანი მამაკაცისა და ჭკვიანი ქალის კავშირი მსუბუქ ფლირტს ბადებს.

ბრმა სიყვარული და გენიალური ოკულისტი – ოჯახური ცხოვრება>>

· გაიგეთ ერთხელ და საბოლოოდ, რომ თქვენი ქალის ხასიათი – ეს თქვენი მისდამი დამოკიდებულების ანარეკლია. ვისაც არ ესმის: ის კი არაა კაპარჩხანა, ეს თქვენ ხართ გონებაჩლუნგი.

· რა თქმა უნდა, ქალები უფრო ჭკვიანი არიან. ოდესმე გსმენიათ ქალის შესახებ, რომელსაც თავი იმის გამო დაეკარგოს, რომ მამაკაცს ლამაზი ფეხები აქვს?

· მარტოობა – ეს მდგომარეობაა, როდესაც ამის შესახებ ვერავის მოუყვები.

· სჯობს კარგი ადამიანი იყო და უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდე, ვიდრე ჩუმი, აღზრდილი ცხოველი.

· ღმერთმა ქალი ლამაზი შექმნა, რომ ის მამაკაცებს უყვარდეთ, და სულელი, რომ მათ მამაკაცები უყვარდეთ.

· ცხოვრება – ეს მცირე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ.

· რითი განსხვავდება ჭკვიანი ბრძენისგან? ჰკითხეს რანევსკაიას. ჭკვიანმა იცის, როგორ გამოძვრეს რთული მდგომარეობიდა, ბრძენი კი ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდება, უპასუხა მან.

· ოპტიმიზმი – ეს ინფორმაციის ნაკლებობაა.

· თუ ავადმყოფს ძალიან უნდა სიცოცხლე, ექიმები აქ უძლურნი არიან.

ერთადერთი რამ, რასაც ადამიანი ვერ აკონტროლებს>>

· ადამიანები თვითონ იქმნიან პრობლემებს – არავინ აიძულებს მათ, აირჩიონ მოსაწყენი პროფესიები, დაქორწინდნენ შეცდომით ან იყიდონ მოუხერხებელი ფეხსაცმელი.

· რაღას არ უკეთებს ბუნება ადამიანს! და ამ ყველაფერს – ნარკოზის გარეშე!

· ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში შეყვარება მიყვარდა.

· ყოფასთან მწყრალად ვარ! ფული ხელს მიშლის მაშინაც, როცა არა მაქვს და მაშინაც, როცა მაქვს.

· ახლა მესმის, რატომაა პრეზერვატივი თეთრი ფერის. ამბობენ, თეთრი ასუქებსო.

· ნამდვილი მამაკაცი – ეს ის მამაკაცია, რომელმაც ზუსტად იცის, როდის აქვს ქალს დაბადების დღე, მაგრამ არასდროს არ იცის, რამდენი წლისაა. მამაკაცი, რომელსაც არასდროს ახსოვს ქალის დაბადების დღე, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენი წლისაა – ეს ქმარია.

· თუ ადამიანი ჭკვიანი და პატიოსანია, უპარტიოა. თუ ჭკვიანია და პარტიული – პატიოსანი არ არის. თუ პატიოსანი და პარტიულია – სულელია.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

· თუ ქალი მამაკაცს ეუბნება, რომ ის ყველაზე ჭკვიანია, ეს ნიშნავს, რომ ქალს ესმის, რომ მასზე სულელს სხვას ვერ იპოვის.

· ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის დიეტებზე, ხარბ მამაკაცებსა და ცუდ განწყობაზე დახარჯო.

· მოგონებები – ეს სიბერის სიმდიდრეა.

332
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (70)
მარიკა დემეტრაშვილი

თბილისელი ყარაჩოხელის ნებიერა გოგო და 50 წლის ასაკში ამერიკაში დამთავრებული მაგისტრატურა

392
(განახლებულია 22:23 14.04.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მარიკა დემეტრაშვილს და მისი ცხოვრების ამბავს გაგაცნობთ.

პროფესიით პედაგოგი, უკვე ოცი წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს. წლების წინ თბილისელ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. ამერიკაში ჩასულმა, 50 წლის ასაკში მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology დაამთავრა. დღეს ნიუ-იორკის სპეციალურ სკოლაში ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობს.

მთელ მის ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, თბილისური მოგონებების სინათლე და ქართული სიმღერის მადლი გასდევს ფონად...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ქალბატონო მარიკა, დასაწყისში გაიხსენეთ თქვენი თბილისური ბავშვობა და თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...

- დავიბადე ზაფხულის ცხელ დღეს თბილისის გულში, ხარფუხში. სიბერის შვილი ვიყავი და მშობლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. გარდა ამისა, ორი უფროსი ძმის და ვიყავი, რომლებიც უსაზღვროდ მანებივრენდნენ. დედა - თამარი, თბილი, გამრჯე და ფუსფუსა ქალი იყო, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მისი მამა - ივანე, მოჭიდავე, ბრგე ვაჟკაცი, 27 წლის ასაკში მაშინ გარდაიცვალა, როცა მიეხმარა კაცს, რომელსაც დენმა დაარტყა. დარჩა სამი ობოლი ბავშვი: დედა, დეიდა ეთერი და ბიძა ირაკლი, რომელსაც გულის პრობლემა ჰქონდა და 21 წლის გარდაიცვალა. ამის მერე დედას დააწვა კისერზე პატარა დის მოვლა, იმიტომ რომ ბებიაც ავადმყოფობდა. თანაც იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც სტომატოლოგი უნდა გამხდარიყო. მუშაობა დაიწყო პურის მაღაზიაში და მამას შეხვდა.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- მამაზე მოგვიყევით, მას თბილისში ბევრი იცნობდა...

- მამაჩემი, მიხეილი (მიშა) ძველი თბილისელი ყარაჩოხელი, დუდუკზე დამკვრელი იყო. ის ხაჩიკ ტალგაუკოვის დასში უკრავდა. სხვათა შორის, იეთიმ გურჯს იცნობდა და მის გასვენებაშიც კი დაუკრავს. მაშინ ყველაზე პატარა იყო, ამიტომ ზედმეტსახელად „პატარა მიშა“ შეარქვეს. დუდუკზე 12 წლიდან უკრავდა. ჩემი მხიარული, თბილი, გიჟმაჟუნა, ყველაზე გადაყოლილი საუკეთესო მამა. ყველაზე მეტად სიცოცხლისა და ადამიანების მიმართ მისი პოზიტიური დამოკიდებულება მხიბლავდა. ერთ დღეს იგი წავიდა სახლიდან და სამი დღე ვეძებდით. რვა მარტს ვიპოვეთ კარდიოლოგიური ცენტრის პროზექტურაში. თავი ცუდად რომ უგრძვნია, წასულა საავადმყოფოსკენ, მაგრამ იქვე, თავის მანქანასთან ჩაჩოქილა. ვიღაც ჯარისკაცს აუყვანია საავადმყოფოში, სადაც, თურმე, ჯერ საბუთები მოითხოვეს, კაცს კი ყურადღება არ მიაქციეს... შემდგომი დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ გასვენების დღეს ვერ დავივიწყებ, როცა დილის ცხრა საათიდან იწყებოდა დამკვრელების მოსვლა. ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და თავის ძმას და მეამქრეს უკანასკნელ გზაზე ალალი ცრემლით აცილებდნენ...

მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად

- როგორი იყო მაშინდელი თბილისი, რომელიც დაგამახსოვრდათ?

- მახსოვს, მაშინდელ თბილისში სახლის კარები არ იკეტებოდა. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, შავნაბადის ორ ნომერში, ხარფუხში იყო. ორსართულიან სახლში, რომელიც პაპაჩემს, მამის მამას 25 ათასად ოქროს ფულით ჰქონდა ნაყიდი, 12 ოჯახი ცხოვრობდა. სახლის ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი „სუტგუჩის“ ბეჭდით დღესაც ინახება. ჩვენს უბანში ვინ აღარ ცხოვრობდა, მაშინდელ თბილისის ქუჩებში რა ერის წარმომადგენელი აღარ დადიოდა, ქართული ენა მათთვისაც ისეთივე ახლობელი და სათაყვანო იყო, როგორც ჩვენთვის. ასეთ თბილ გარემოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ამბობენ, ადამიანი თავის ბავშვურ თვისებებს მთელი ცხოვრება ინარჩუნებსო, როგორი ბავშვი იყავით?

- ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში იმიტომ ვისწავლე, რომ მენახა ჩემი ძმები რას კითხულობდნენ და წერდნენ. ექვსი წლის ასაკში, მოსამზადებელ კლასში რომ შევედი, სკოლაში მთელმა ოჯახმა წამიყვანა. ეს იყო 75-ე საშუალო სკოლა გორგასლის ქუჩაზე. პირველი სიყვარულიც იქ მეწვია. ის უბნელი ბიჭიც ამ სკოლას ამთავრებდა. ერთხელ მან კისერზე შემისვა და სახლში ისე მომიყვანა. სიგიჟემდე შემიყვარდა... მან კი ცოლი სკოლის დამთავრებისთანავე მოიყვანა. მახსოვს, ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. ახლა კი იმ ბიჭის არც სახელი მახსოვს და არც სახე, მხოლოდ ჩემს მოგონებაშია...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- მომავალი საქმიანობისთვის პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ჩვენი სკოლა სპეციალიზებული იყო, ინგლისური ენის განხრით, ამიტომ ინგლისურის სწავლა მეორე კლასიდან დავიწყეთ. ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში, ის ფიზიკა-მათემატიკაში იყო ძლიერი, მე - ინგლისურში და ჰუმანიტარულ საგნებში. ისე მინდოდა, რომ ინსტიტუტშიც ერთად ვყოფილიყავით, რომ მეც დავიწყე ფიზიკა-მათემატიკაში მომზადება და საბუთები უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შევიტანე. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და მისაღებ გამოცდებს კარგად ვაბარებდი. მესამე გამოცდის მერე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ციფრებთან ვერ ვიქნებოდი, ამიტომ ბოლო გამოცდაზე აღარ გავედი. მეორე წელს უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი...

გიორგი სუხიტაშვილთან ერთად
გიორგი სუხიტაშვილთან ერთად

- სტუდენტობა როგორი გქონდათ და პოზიტიური მომენტები თუ იყო მასში?

- ინსტიტუტში 1985-1990 წლებში, საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი. დღისით ვმუშაობდი, მერე ინსტიტუტში მივდიოდი. იქიდან მოყოლებული ჩემი საუკეთესო მეგობრები – ლელა თოდუა, დუდუ ჯინჭარაძე, ლია ძნელაძე, ნინო ბერიშვილი, მარინა ლებანიძე დღესაც კი ერთმანეთს ყოველდღე თუ არა, ხშირად ვეხმაურებით. ინსტიტუტის დამთავრება რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ პოზიტივს მაინც ვიღებდით. იქვე, ჭავჭავაძეზე იყო სოკოს ბარი, სადაც ხშირად ვხვდებოდით ოთარ რამიშვილს, ერთადაც გვიმღერია, რაც არასოდეს დამავიწყდება. იყო დრო, როცა გიზო ნიშნიანიძის „პაემანი ვერაზე“ ფურცელ-ფურცელ მქონდა დაკოპირებული და თითქმის ზეპირად ვიცოდი. ამიტომ ორი წლის წინ, როცა თბილისში ვიყავი რესტორანში „პაემანი ვერაზე“ ეს წიგნი იქ ვიჩუქე. მაჩუქეთ-მეთქი, ისე ძალიან ვთხოვე, რომ უარი ვერ მითხრეს...

მარიკა დემეტრაშვილი მეგობრებთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი მეგობრებთან ერთად

- ამერიკაში წასვლამდე თბილისის სკოლაში ასწავლიდით...

- მამის გარდაცვალების შემდეგ დედას ფრთები მოსწყდა. მან ოთხჯერ გადაიტანა ინსულტი. მეოთხე ინსულტის მერე უკვე ჩაწვა და ორწელიწად-ნახევარი ისე ვუვლიდი, რომ არც იცოდა, ვინ ვიყავი. მაშინ სკოლაში ვასწავლიდი და დედიკოს გამო მხოლოდ ორი გაკვეთილი მქონდა დღეში. ეს ის პერიოდია, როცა არც გაზი იყო, არც შუქი. მეზობლები მეხმარებოდნენ, მათ სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთ დილას, როცა დედა მოვაწესრიგე და კარები გამოვიხურე, სკოლაში მისვლისთანავე გამახსენდა, რომ ნავთქურა ჩართული დამრჩა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ეკიდებოდა ცეცხლი დედიკოს და მეექვსე კლასის ბავშვებს ვუთხარი - ახლა რომ არ წავიდე, დედა დაიწვება-მეთქი. არადა, ეს დაუოკებელი კლასი იყო, რომლის მოსწავლეები გაკვეთილზე ძალიან ხმაურობდნენ და არასოდეს ისვენებდნენ. მეორე დღეს დირექტორმა დამიბარა და მომიყვა, თურმე, როცა დერეფანში გაიარა, იმ საკლასო ოთახთან, საიდანაც სულ ხმაური გამოდიოდა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდაო. უფიქრია, რომ მე გარეთ მყავდა ბავშვები გაყვანილი, ამიტომ კარები შეუღია. ყველა ბავშვს თავი მკლავებზე ედო. იმ თითისტოლა ანცებმა გაიგეს და გულთან მიიტანეს ჩემი გაჭირვება. აქ, ამერიკაში ერთი ბავშვიც რომ დატოვო კლასში მარტო, ციხე თუ არა, გათავისუფლება არ აგცდება...

მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი ქალიშვილთან ერთად

- ამერიკაში როდის აღმოჩნდით და როგორ შეიცვალა იქ თქვენი ცხოვრება?

- ამერიკაში ერთი ადამიანის მიზეზით მოვხვდი. მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენდი... ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ბინის გარეშე დამტოვა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ 1998 წელს ჩამოვსულიყავი ამერიკაში, სადაც ჩემი მამიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით. იმ პერიოდში ბებიასთან ვმუშაობდი, როცა ერთ ადამიანს შევხვდი და მისგან დავფეხმძიმდი. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. შვილი მარტომ გავზარდე. თავიდან გამიჭირდა, მერე კი სხვებსაც ვეხმარებოდი. თითქმის სამი წელი ცხოვრობდა ჩემთან და სრულიად უსასყიდლოდ მეხმარებოდა ტრიო „მაგნოლიას“ წევრი მედეა სიხარულიძე, რომელიც ადრე ინოლა გურგულიასა და გიული დარახველიძესთან ერთად მღეროდა. მედეას და ჩემს ნინოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მაშინ პიანინო მედგა სახლში და მედიკო და ნინო ერთად მღეროდნენ ხოლმე. გაანათლოს უფალმა მისი სული...

მარიკა დემეტრაშვილი გოგიტა გოგიძესთან ერთად
მარიკა დემეტრაშვილი გოგიტა გოგიძესთან ერთად

- საქართველოში თუ იყავით ჩამოსული?

- ვიყავი და მაშინდელ ერთ ამბავს მოგიყვებით: მამა უკვე 25 წლის გარდაცვლილი იყო. როცა ამერიკის საბუთები მივიღე, მომეცა იმის საშუალება, რომ თბილისში ჩავსულიყავი. მეორე დღესვე მოვძებნე მედუდუკეები და მოვურიგდი, რომ საფლავზე ნახევარი საათით მაინც ამოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ვეღარ მიცნეს, ფულზე რომ გავურიგდი, უკან წამოსვლისას მოგვეციო. ავედით მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მაშინ მარტო ჩემი მშობლები და ახლა კი ჩემი საყვარელი პატარა ძამიკოც წევს. ათ წუთში დამკვრელებიც ამოვიდნენ. გაამზადეს დუდუკები, დოლი და საფლავთან ახლოს მოვიდნენ. როგორც კი შეხედეს მამიკოს სახეს ფოტოზე, გაოგნდნენ, როგორ, პატარა მიშას საფლავზე მოგვიყვანე და ფულს გვთავაზობდიო?! აქ ფულს როგორ ავიღებთო! არადა, ის დრო იყო, როცა ხალხს არც სამსახური და არც ფული არ ჰქონდა. დღესაც სულ ვამბობ, რომ აქამდე მამაჩემის კაცობით ვცხოვრობ-მეთქი...

მარიკა დემეტრაშვილი
მარიკა დემეტრაშვილი

- ამერიკაში მაგისტრატურა დაამთავრეთ, რამ გადაგატანინათ სირთულეები?

- დიახ, ამერიკაში 50 წლის ასაკში დავამთავრე მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology. უკვე ხუთი წელია, რაც აქაურ სკოლაში ცერებრალური და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო და ამავდროულად ღვთიური საქმეა. ცხოვრების სირთულეები კი გადამატანინა ჩემმა შვილმა, რომლისთვისაც დედაც ვიყავი და მამაც, ამიტომ არანაირი სისუსტის უფლება არ მქონდა. როგორც კი ნინიკო ერთი წლის გახდა, საბავშვო ბაღში სამუშაოდ წავედი. წელებზე ფეხს ვიდგამდი და ვმუშაობდი. ნინიკო შევიყვანე კერძო რუსულ სკოლაში Bambi Academy, სადაც არაჩვეულებრივი განათლება მიიღო. ის ოთხ ენაზე – ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე წერს და ლაპარაკობს. ახლა კოლეჯის სტუდენტია და ქართველი ემიგრანტების ბავშვებს ამეცადინებს. „საიდუმლოდ“ გეტყვით: ეგ რომ არის, ასეთი კარგი მასწავლებელი მე არასოდეს ვყოფილვარ. უპრობლემო, მხიარული, თბილი გოგოა, რომლის გაზრდაში ჩემს აწ განსვენებულ მამიდაშვილს ნელი გურაბანიძეს და მის მეუღლეს იოსიფ მოისეევს მიუძღვით წვლილი. მათ გაუწიეს ჩემს შვილს ბებია-ბაბუობა, როგორც თავიანთ შვილიშვილს, ისე ანებივრებდნენ.

- გავიგე, რომ ამერიკაში აქტიურად იღებთ მონაწილეობას სიმღერის კონკურსში „იმღერე რამე“...

- დიახ, ჩემი ამერიკული ვოიაჟი არ იქნებოდა სრული, რომ არაფერი ვთქვა აქ ჩატარებულ კონკურსზე „იმღერე რამე”, რომელსაც გოგიტა გოგიძე ატარებს. ბატონმა გოგიტამ ისეთი საქმე წამოიწყო, რომლის წყალობითაც აქ მყოფი ქართველი ქალები აახმაურა. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მუსიკა მთელი ცხოვრება ჩემთანაა. გიტარაზე და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებდი, მაგრამ გოგიტამ სცენაზე გამიყვანა. კონკურსის „იმღერე რამე“ უკვე ოთხი სეზონი ჩატარდა და მე ყველა მათგანში მივიღე მონაწილეობა.

- გამოდის, რომ ქართული სიმღერის წყალობით ამერიკაში მყოფი ქართველები ერთმანეთს დაუკავშირდით...

- ქართული სიმღერის და გოგიტას დამსახურებაა, რომ დღეს მე ვიცნობ ნატალია სულაშვილს, დაკო ჩიხლაძეს, მადონა ასათიანს, ნანა კეკელიძეს, ლეილა ქურციკიძეს, მილენა ბურდულს, ეკა ჩახვაშვილს, მარი მღებრიშვილს და კიდევ ბევრ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ადამიანს, რომლებსაც, რომ არა ეს კონკურსი, ვერც შევხვდებოდი... ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც უზომოდ მიყვარს და მყავს ნინიკო, რომელიც ნამდვილი ღვთის საჩუქარია...

 

392
თემები:
ქართველები უცხოეთში
ეკატერინე თხელიძის სახლი

ბათუმიდან სოფელში გადასახლებული დედა-შვილის მეურნეობა: ყველგან დამყავს ყანაში, ბოსტანში

580
(განახლებულია 23:55 13.04.2021)
უკვე მეორე წელია ეკატერინე თხელიძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმიდან სოფელ ძველ აბაშაში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე მეურნეობა მოაწყო. სოფელში საქმე ყოველთვის ბევრია, ამის მიუხედავად, არც პატარა მარიამს აკლებს ყურადღებასა და ენერგიას და არც საყვარელ საქმეს.

სოფლად „ნათხოვარ“ სახლში ახალი ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ეს არ იყო მარტივი. თუმცა კეთილი ადმაიანების თანადგომით კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა. დათესა ბოსტნეული, გამოიყვანა ჩითილები, ზრდის ფრინველებს. უფრო ვრცლად ამ ყველაფერზე ეკატერინე თავად მოგიყვებათ.

- პროფესიით ვარ მედდა, ასევე ბუღალტერი. მაქვს ბუღალტრად მუშაობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა. ბოლოს ვმუშაობდი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ბათუმის ნავთობტერმინალის მონიტორინგის ოპერატორად, საიდანაც შვილის გაჩენის შემდეგ გამათავისუფლეს. პარალელურად „ვტაქსაობდი“ ბათუმის ერთ-ერთ ფირმაში, ვაკეთებდი შილაკს სახლში მისვლით და ვალაგებდი სახლებს.

ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძე ქალიშვილთან ერთად

- დღეს რაიონში ცხოვრობთ, რატომ მიიღეთ სოფლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- ბათუმში ქირით ვცხოვრობდი. როგორც აღვნიშნე, სამსახურიდან გამათავისუფლეს. მალევე დაიწყო პანდემია და შემოსავლის ყველა წყარო გაქრა. ვეღარ გადავიხადე ქირა, ვეღარ გავწვდი ხარჯებს და ამან განაპირობა სოფლად გადმოსვლა.

- როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება სოფლად, როგორ გეგმავდით აქ ცხოვრებას და რეალურად რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

- მე ჩემი სოფელი არ მაქვს, ამიტომ მოვიძიე მიტოვებული სახლი და იქ გადავედი ზაფხულში. იქაურობა ფაქტიურად გატყევებული იყო. ნელ-ნელა მივყვებოდი და ვასუფთავებდი. პარალელურად ვიღებდი პატარა ვიდეოებს და ვდებდი „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“.

რადგან არ მყავდა არაფერი და ფაქტიურად არც ყიდვის საშუალება მქონდა, ჯგუფში გამოჩნდა ბევრი კეთილი ადამიანი, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს და შევიძინე ქათმები, იხვები, გოჭები. დავიწყე საბოსტნე ადგილების გასუფთავება და გამზადება, ნიორი დავთესე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მერე მომთხოვეს იქაურობის დატოვება. სხვა გზა არ იყო, უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. მივმართე ისევ „სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფს“. დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი მიტოვებულ სახლს, რომელშიც უსასყიდლოდ ვიცხოვრებდი და მივხედავდი.

ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ პოსტს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. ვინაიდან საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და სხვისი დახმარებით ვარსებობდი, პრიორიტეტად ჩავთვალე სახნავ-სათესი ტერიტორიის მქონე ადგილი და ავარჩიე აბაშის რაიონის სოფელი ძველი აბაშა.

ვგეგმავ მოვიყვანო იმდენი მარცვლეული, რაც მეყოფა ფრონველის გამოსაკვებად, რომ ყიდვა არ დამჭირდეს. ასევე ბოსტნეული, რათა ოჯახში გამოვიკვებოთ და ზამთრის მარაგიც გავაკეთო. პრობლემებიდან ყველაზე დიდი ისაა, რომ მიწის დამუშავება ძალიან ძვირი უჯდება გლეხს. ჩემთვის, ნულიდან დამწყებისთვის კი უფრო მეტად რთულია.

ეკატერინე თხელიძის ეზო
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ეზო

- მეურნეობის წამოწყებას თავისებური ცოდნა და ენერგია სჭირდება. მიწაზე მუშაობა მანამდეც იცოდით?

- რომ ვთქვა ვიცოდი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც მთლად უცოდინარი არ ვყოფილვარ. ბავშვობაში არდადეგებს სოფელში ვატარებდი და ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე. შემდეგ „იუთუბის“ ვიდეოები დამეხმარა ინფორმაციის მიღებაში. თანაც, იცით, როგორ არის? რომ მიხვალ მიწასთან, მცენარესთან, ის უკვე თვითონ გკარნახობს როგორ უნდა მოეპყრო და შენც მიყვები. ასევე ჯგუფში „მე მიყვარს სოფელი“ ძალიან ბევრ საჭირო რჩევას ვიღებ. მოკლედ, მაინც ყველაზე მთავარი მონდომებაა, არ უნდა დაგეზაროს და ყველაფერი გამოვა.

- რა სახის პროდუქტი მოგყავთ, ხეხილი ან ბოსტნეული თუ გაქვთ და ახდენთ თუ არა მათ რეალიზებას? რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მე წელს გადმოვედი აქ საცხოვრებლად. დათესილი მაქვს კარტოფილი, რომელიც უკვე ამოსულია და კიდევ ვაპირებ დათესვას. ასევე დათესილი მაქვს ოხრახუში, ქინძი, კამა, შავი ფხალი, ბოლოკი, პრასა. ჩითილები მაქვს პომიდორის, ბულგარულის, კიტრის, ნესვის. ვაპირებ დავთესო სიმინდი, ლობიო, ცოცხი, ძაძა, სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფოთოლი და მწვანე ხახვი. საჩუქრად მივიღე 20 ძირი უეკლო მაყვლის, 50 ძირი ჟოლოს და 50 ძირი მარწყვის სან-ანდრიასის ნერგები, რომლებიც დარგული მაქვს. ხილი აქ ბევრია: თუთა, ბალი, ტყემალი, კარალიოკი, თხილი. მე დავრგე ხუთი ძირი ალუბალი. ჯერ ვერაფრის რეალიზაციას ვერ ვახდენ, რადგან დამწყები ვარ, მაგრამ გეგმები და იმედები მაქვს.

მივყვები ამინდის მიხედვით საქმეებს. ჩემი ყოველდღიურობა არის ჩემი პატარა შვილი, კრუხი და 15 წიწილი, ხუთი იხვი და სამი ქათამი. მაჩუქეს 20 წიწილი, მაგრამ ჯერ ვერ მომყავს სახლში, აღდგომის მერე მოვიყვან. თუ ისეთი მძიმე სამუშაოა, როგორიცაა, მაგალითად, ხის მოჭრა, მაშინ მოდის მეგობარი ან უფროსი შვილი და მეხმარებიან. დანარჩენ საქმეს მარტო ვაკეთებ.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- მცირეწლოვანი შვილი გყავთ, მასთან ერთად როგორ ახერხებთ მუშაობას?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ძალა ჩემი მარიამია. მის გამო ვარ აქ. მის გამო ვიტან ყველაფერს და მის გამო მთებს გადავდგამ. მარიამისთვის სულ ერთია მე დასაბარი მაქვს, გასათოხნი თუ სხვა საქმე, მას ყველა წუთს ყურადღება და მოფერება უნდა.

ამიტომ ყველა წუთს მიწევს მივატოვო სამუშაო, მას ჩავეხუტო, ან ძუძუ მოვაწოვო, ან გავეკიდო არაფერი იტკინოს (არც ისე დიდი ხანია, რაც გველი იყო ეზოში და მას მერე ძალიან მეშინია). წესით, დღის განმავლობაში რასაც უნდა ვასწრებდე, იმის მესამედს ვაკეთებ, მაგრამ გულს არ ვიტეხავ. მიმყავს სადაც მე ვარ, დავსვამ, ახლოს დავუდებ ტელეფონს, რომელიც, სხვათა შორის, მოვიგე „ნოვას“ კონკურსში - ნომინაციაში „ქალმა თუ მოინდომა“.

რადგან სიტყვამ მოიტანა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „ნოვას“ კოლექტივს. ჯერ რომ გამარჯვებულად დამასახელეს და მერე სულ სხვა პრიზი მიწევდა, რომელსაც მე ვერ მივიღებდი. როცა გაიგეს ტელეფონი არ მქონდა, დიდსულოვნად შემომთავაზეს იმ პრიზის სანაცვლოდ ტელეფონი და სახლში მომიტანეს. მართლაც ამ სიკეთისთვის მადლობის გადასახდელი სიტყვები არ მყოფნის.

ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი
photo: courtesy of Ekaterine Tkhelidze
ეკატერინე თხელიძის ქალიშვილი

- როცა თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ ატარებთ შვილთან ერთად?

- ფაქტიურად თავისუფალ დროსაც და სამუშაო დროსაც შვილთან ერთად ვატარებ. ყველგან თან მყავს სადაც ვარ - ყანაში, ბოსტანში, მინდორში.

როცა სახლში ვართ, ვაწყობთ მარის საყვარელ ფერად პირამიდას ან კუბიკებს. ჯერ ვერ საუბრობს, ამიტომ ვცდილობ სულ მის გვერდით ვიყო, სულ ვუყურო, ვუსმინო, რომ არც ერთი მისი ჟესტი არ გამომრჩეს.

- რა გეგმები და ოცნებები გაქვთ?

- როცა სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე, დიდხანს ვიფიქრე რა არის სოფელში ისეთი, რაც არ არის ქალაქში და რას გავაკეთებ მე, მთელი ცხოვრება ქალაქში ნაცხოვრები ადამიანი. სოფელში არის ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ ქალაქში განა ნაკლებია? მე 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მუშაობას. სახლის დასალაგებლად მივდიოდი ოჯახებში, ან შილაკის გასაკეთებლად, და თუ არც ერთის შეკვეთა არ მქონდა, „ვტაქსაობდი“ გვიანობამდე. ეს შრომა არ არის? თუ იშრომებ, სოფელშიც გექნება შემოსავალი. ჩემი უდიდესი ოცნებაა მეწველი ძროხის ყიდვა, რომელიც მე და მარიამს შეგვინახავს. მინდა კვერცხის მადებარი ქათმები მყავდეს საკმაო რაოდენობის და პეკინური იხვები, რომელიც იოლად გასაზრდელია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი ყველაზე მთავარ სათქმელს: მე აქამდე სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით მოვედი. ბევრი დამეხმარა ერთჯერადად, მაგრამ არიან ისეთები, რამდენჯერმე რომ გამომიწოდეს დახმარების ხელი. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ. თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების“ ჯგუფში ბევრი ადამიანი მიცნობს და ძალიან ბევრჯერ დამხარებიან. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა აღვნიშნო ორგანიზაცია „აუშენე, რომ აგიშენონ“. ეს სწორედ ის ადგილია, რაც ჩემსავით უიმედოდ დარჩენილ ადამიანს სჭირდებოდა.

თუ გამოჩნდებიან ისევ გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან ჩემი პატარა ოცნების ახდენაში, უფალი ყველას გადაუხდის სიკეთეს...

 

580
ახალციხე

ახალციხეში ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას 1,8 მლნ ლარი მოხმარდება

0
(განახლებულია 08:31 15.04.2021)
რეკრეაციული ზონა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ახალციხის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის, აღნიშნავენ უწყებაში

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – მისი ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტბასთან მისასვლელი გზა, პარკინგი, სპორტული მოედნები, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

მიუხედავად კოროავირუსის პანდემიისა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში წელსაც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მიმდინარე წელს 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

 „მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ყველა პროექტი მორგებულია რეგიონის საჭიროებებს“, – განაცხადა  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ახალციხეში სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 280 მლნ ლარს შეადგენს.

0