„შეწყვეტილი ფრენა“ ამერიკაში ტერაქტის დროს დაღუპული თბილისელი ფიზიკოსი და პოეტი

6307
(განახლებულია 09:00 11.09.2020)
დღეს, 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება დაგვიანებით გაიცნობს ნიჭიერ თბილისელ ახალგაზრდას ალექსანდრე ლიგინს, რომელიც ამ ტერაქტის დროს დაიღუპა...

საშა ლიგინი – ჩვენ არ დაგვიწყია იმის გამოკვლევა, თუ რატომ დარჩა ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ეს ფაქტი ყურადღების მიღმა. საამისოდ საკმაოდ დიდი დროა გასული. უსამართლობად მიგვაჩნია ის ამბავი, რომ ასეთი საოცარი ბიჭის წარმატებული ცხოვრების შესახებ მის მშობლიურ ქალაქში ერთეულებმა თუ იციან...

აქვე მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მზია კანდელაკს, ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს რესპონდენტს, ქართველ მწერალს, რომელმაც ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მოგვაწოდა და რომელიც საშას დედას, ქალბატონ ვალენტინა ლიგინას კარგად იცნობს. 

მზია კანდელაკი: 11 სექტემბრის ტერაქტზე მაქვს საინტერესო ამბავი ერთ თბილისელ ახალგაზრდაზე, რომელიც ამ ტერაქტს ემსხვერპლა და ეს არც ერთ გამოცემას დღემდე არ გაუშუქებია. მისი წიგნიც მაქვს, რომელიც დედამისმა ავტოგრაფით მაჩუქა. ამ თემაზე საუბარი მას ძალიან უჭირს, ჩვენ საელჩოზეა გულნატკენი. ამ ოჯახის ყველა წევრი მამა-პაპით თბილისელია. დედას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მუსიკოსია. 2014 წელს საშას დედა თბილისში ჩამოვიდა და მას შვილის სკოლამ შეხვედრა მოუწყო. ათარბეგოვზე უცხოვრიათ და დღემდე თბილისზე არიან შეყვარებული. ეს ბიჭი ნიუ-იორკშია დაკრძალული, მისი დედა აქ 11 სექტემბრისთვის ჩამოვიდა. დღეს ეს ოჯახი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს... მაშინ საქართველოს საელჩოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მითხრა, გამწარებული ვეძებდი გზებსო. ახლაც არ უნდოდა არაფრის თქმა – ვის დააინტერესებსო. მე ვუთხარი, საელჩო მთელი საქართველო არ არის–მეთქი, საქართველო – ქართველი ერია, ჩვენ ქვეყანაში სტუმარსაც კი ღვთის კაცად თვლიან და იქ დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს როდის იყო, ზურგს ვაქცევდით–მეთქი. თუ თქვენ მოახერხებთ ამ ამბის მკითხველამდე მიტანას, ვფიქრობ, ამაში ეს ქალბატონიც დარწმუნდება და იგრძნობს, რომ თუნდაც ამდენი წლის შემდეგ მის ტკივილთან მარტო არ არის...

ჩვენს მკითხველს ვაცნობთ 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული ნიჭიერი ახალგაზრდა თბილისელის ალექსანდრე ლიგინის საინტერესო ცხოვრების ამბავს...

ალექსანდრე ლიგინი – ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროზაიკოსი და პოეტი, რომელმაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოკლე დროში მიაღწია წარმატებას. მისი ცხოვრების ამბავი თბილისში დაიწყო.

დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს თბილისში. მამა ვლადიმერ ლიგინი განათლებით ფიზიკოსი იყო, დედა ვალენტინა ლიგინა – მუსიკის მასწავლებელი. საშა ბავშვობიდან კეთილი, გამორჩეული და მეტად ცნობისმოყვარე ბიჭი ყოფილა. სკოლაში განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა და ამიტომ ერთი წლით ადრე დაამთავრებინეს. 1989 წელს ფიზიკასა და მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსიდან სამეცნიერო სფეროთი და პროგრამირებით დაინტერესდა. 1990-1992 წლებში თსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელთან ერთად მონაწილეობდა სემინარებში ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თბილისის უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ფაკულტეტზე შესრულებული მეცნიერული ნაშრომები წარადგინა. მესამე კურსზე სწავლისას ამერიკული კომპანიის Sistems Inc (Beverly Hills CAJ) პრეზიდენტის  წინადადებით მუშაობა კომპანიის პროგრამისტად დაიწყო.      

2001 წლის დასაწყისში საშამ Microsoft-ის და Cantor Fitzgerald-ის კომპანიებში მუშაობის მიწვევა მიიღო. მცირე ყოყმანის მერე არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა. 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.

ტექნიკური სფეროს გარდა ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ორი წლის მანძილზე 60-ზე მეტი მოთხრობა, ესსე და ლექსი აქვს დაწერილი. მის ოთხ მოკლე მოთხრობას, რომელიც გაზეთ „მონიტორში“ დაიბეჭდა, წარმატება მოჰყვა.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ საშა ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. რა სფეროშიც არ უნდა ყოფილიყო, ის ყველაფერს მაღალ პროფესიულ დონეზე აკეთებდა. 2000 წელს საშამ მიიღო პროფესიონალი ფოტოგრაფის ლიცენზია და ამერიკული ჟურნალის Today,s Photograpy-ის ფოტოკორესპონდენტიც გახდა. იმავე წელს თავის მეგობართან მარკ როგოვთან ერთად საკუთარი ფირმა გახსნა. საშა ამ ფირმის პრეზიდენტი იყო და შვიდკაციანი კოლექტივის საქმიანობას თავად ხელმძღვანელობდა.

2001 წლის ოქტომბერში მისი ქორწილი უნდა ყოფილიყო. სექტემბრის იმ ტრაგიკულ დღეს საშას საცოლე ანა ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ეს ტრაგედია საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებთან ერთად გადაიტანა. საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა ყველაფერი მოესწრო. მის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთით და სიყვარულით ავსებდა...

ახლა მის შესახებ გვიან, მაგრამ ჩვენთანაც ეცოდინებათ...

თბილისი არ ივიწყებს მის შვილებს...

 

6307
დიმიტრი ლეკვეიშვილი

დიმიტრი ლეკვეიშვილის „ტარატურა“- ანუ იმპროვიზაციები მუსიკასა და ცხოვრებაში  

111
(განახლებულია 15:15 26.09.2020)
ამ ეტაპზე თავს ჯაზის მუსიკოსად თვლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ნამდვილი პროფესიონალი ცხოვრების მანძილზე მარტო ერთი ჟანრით არ უნდა შემოიფარგლოს.

დიმიტრი ლეკვეიშვილმა მუსიკალურ სამყაროში სხვადასხვა ეტაპები გაიარა. თავიდან ფოლკლორით დაიწყო, შეისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, იყო ფოლკ-ანსამბლების წამყვანი მუსიკოსი. 19 წლისას საკუთარი ეთნო-ბენდი ჰყავდა. სცენაზე ცნობილ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა. თუმცა ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა როცა მის ცხოვრებაში გაჩნდა ჯაზი...

მალე მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგება ახალი საავტორო პროექტით, რომელიც პერფორმანსულ-გასართობ პროგრამას მოიცავს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- დიმიტრი, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. ჩვენში სამწუხაროდ მუსიკის გაკვეთილებს ბავშვები არ წყალობენ და ხშირად ამის მიზეზი მასწავლებელია, თქვენ შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?

- როცა მეორე კლასში ვიყავი სმენით ვაწყობდი ქართულ სიმღერებს და ფორტეპიანოზე შემიყვანეს. დაახლოებით ერთ წელში გამოვედი, თუმცა ის კლასი ფრიადზე დავამთავრე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნოტები და მარტო კლასიკური მუსიკა, ანუ რაღაც ჩარჩოში მოქცევა ვერ ავიტანე. მუსიკის მასწავლებელი ბრწყინვალე სპეციალისტი იყო, მაგრამ მე სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით დამეკვრა. ამის მიზეზს ახლა, 25 წლის მერე მივაგენი, რადგან დღეს ჯაზ-შემსრულებელი ვარ, ნებისმიერ ინსტრუმენტზე, რასაც და როგორც მინდა თავისუფლად ვუკრავ.

- თუმცა ნოტების ცოდნა აუცილებელია...

- რა თქმა უნდა, მუსიკოსი თუ ხარ, ნოტების ცოდნა, ყველა ვარიანტში, საჭიროა, ესაა შენი ანბანი, მაგრამ მარტო ნოტებზე დამოკიდებულება ჩემთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს მომენტი უფრო ნათლად გამოიკვეთა წლების მანძილზე, როდესაც ჩემთან პროფესიული გამოცდილება მოვიდა.

გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე
გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე

- სანამ ჯაზთან „მიხვედით“- რა ეტაპები გაიარეთ?

- სანამ ჯაზთან მივედი ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპები გავიარე.  თავიდან ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლა დავიწყე. ვუკრავდი სხვადასხვა ფოლკ-ანსამბლში, მათ შორის იყო „ზარები“, „ივერონი“. სხვების თქმით, ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი ვიყავი. 19 წლის ასაკში საკუთარი ეთნო-ბენდი მყავდა. მაშინ გარკვეული დროის მანძილზე, ჯაზი არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მე ჩემს მუსიკას ვეძებდი...

- ალბათ უფრო საკუთარ თავს მუსიკაში...

- დიახ, ზუსტად ეგრე იყო... იმ პერიოდში სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს ვუსმენდი. შემდეგ ჩემი გონება, შესაძლებლობები და განვითარება იმ დონეზე მივიდა, რომ მუსიკის ეს ჟანრი კარგად აღვიქვი და ჯაზიც მაშინ შემიყვარდა. გადავწყვიტე-მორჩა, ჯაზურ მუსიკას უნდა ვუსმინო, ის უნდა შევისწავლო და გავერკვიო, რა ხდება მეთქი...

გოსპელის მუსიკოსებთან ერთად
გოსპელის მუსიკოსებთან ერთად

- პირველად როდის გაგიჩნდათ ამგვარი აზრი, თუ გახსოვთ?

- კარგად  მახსოვს... ერთხელ ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, პიანისტმა ნოდარ გასიტაშვილმა, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოსკარ პიტერსონის მუსიკალური კომპოზიცია გამომიგზავნა. სწორედ ეგ გახდა ჩემთვის გარდამტეხი, რომ ჯაზი საბოლოოდ შემყვარებოდა. ამის მერე საქსოფონისტების მოსმენა დავიწყე.

- ვიცი, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ...

- 15 წელი აქტიურად ვუკრავდი ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე.. თუმცა მთელი ცხოვრება მინდოდა საქსაფონზე დაკვრა მესწავლა. გავიკითხე მასწავლებელი და სწავლა დავიწყე. მალე ათწლედში ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. ამ დროს შევიძინე ბასიც და ისიც შევისწავლე, ერთ წელიწადში კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე მოვხვდი. ამ პერიოდში ბასით სხვადასხვა ანსამბლებში ვუკრავდი. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ჯაზის მასტერ-კლასები გავიარე. მალე, ამერიკაში, ინტერნაციონალურ ჯაზ-ფესტივალზე მიგვიწვიეს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- ჯაზის სამშობლოში ყოფნამ რაიმე შეცვალა თქვენს მუსიკალურ გემოვნებაში?

- ეს იყო 2017 წელი, ამერიკაში სულ რაღაც ორი კვირა ვიყავით, მაგრამ ეს ორი კვირა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ოც წელს უდრის. ეს იყო ინტერნაციონალური ფესტივალი. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს ვუსმენდი და მათთან მქონდა ურთიერთობა-ამან როგორც მუსიკოსი, ძალიან გამზარდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჯაზი-ჩემი მუსიკაა. თანაც, ფესტივალის ჯაზის საღამოზე გამოვედი და დავუკარი. იქ საოცარი გარემო იყო და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ.

ნონსტოპთან და მაკა ზამბახიძესთან  ერთად სტუდიაში
"ნონსტოპთან" და მაკა ზამბახიძესთან ერთად სტუდიაში

- როგორ ფიქრობთ, ჯაზი ის მუსიკაა, სადაც საბოლოოდ „ჩასახლდით“, თუ ფიქრობთ, რაღაც დროის მერე პრიორიტეტებს შეიცლით?

- ამ ეტაპზე ჯაზ-შესმრულებელი ვარ, მაგრამ ზოგადად არ მომწონს, როცა მუსიკისოები მხოლოდ კლასიკით შემოიფარგლებიან, ან მხოლოდ ფოლკ-მუსიკით. ჯაზმენებშიც არსებობს ასეთი, ცოტა არ იყოს, „სექტანტური“ დამოკიდებულება, მათთვის მუსიკაში მარტო ჯაზია და მეტი არაფერი.

-ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-  ერთი მხრივ, ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, არა... ჯაზი -მუსიკის უმაღლესი საფეხურია, მაგრამ ჩემთვის პირადად ცალკე არსებობს ჯაზი და საერთოდ მუსიკა, ერთ მიმართულებაზე არ ვარ ჩაციკლული. როცა პრეტენზია გაქვს მუსიკოსობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკალურ სამყაროს წარმოადგენ. აუცილებელია, რომ მუსიკოსმა თავი არა რომელიმე ერთ ჟანრში, არამედ, ზოგადად მუსიკაში დაიმკვიდროს. ბოლოს, ორ წელზე მეტია, რაც ვიყავი ბენდში „ნონსტოპი”, რომლის სოლისტები მაკა ზამბახიძე და ლელა წურწუმია არიან. ახლა ამ ბენდიდან მოვდივარ, რადგან საავტორო პროექტს ვიწყებ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა პროექტზეა საუბარი?

- ესაა საავტორო პროექტი, სახელად „ტარატურა“, რომელიც მოიცავს სახელოვნებო, პერფორმანსულ -გასართობ პროგრამას, ასევე იგეგმება სხვადასხვა მინი-პროექტებიც. სიტყვა „ტარატურა“ ძველქართულია და სწრაფად მოლაპარაკე ადამიანს ნიშნავს. ის სულხან-საბას ლექსკონიდან ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში მას ასეთი ახსნა აქვს: ჩვენ ადამიანებთან პერფორმანსით და მუსიკით ვსაუბრობთ და ამგვარი საუბრები გვინდა, რომ ხშირი იყოს და სწრაფად მივაწოდოთ.

- ვიცი, რომ ხშირად მოგზაურობთ და ზაფხულში, სვანეთში ველოსიპედით ასულხართ, მართალია?

- დიახ, ასეა, ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოვიდა. შარშან, მესტიაში ერთ ეთნო ბენდში ვუკრავდი. მე და აკარდეონისტს მოგვინდა ველოსიპედებით გასეირნება და გადავწყვიტეთ უშგულში ველოსიპედით ასვლა. ჯამში 90კმ გამოვიდა, საღამოს კი სცენაზე გამოვედით და დავუკარით.

- ანუ თავადაც ასეთი ხართ-ტარატურა-ანუ სწრაფად მოაზროვნე და აქტიური ადამიანი ...

- აქტიური ტიპი ვარ, მთელი ბავშვობა კალათბურთზე და სპორტის სხვა სახეობებზე დავდიოდი. დღეს ვცდილობ არ გავჩერდე და პროფესიულ განვითარებაში აქტიურად ვიყო ჩართული. მუსიკოსი დროს არ უნდა ჩამორჩეს და სანამ არის, სცენა და ადამიანებთან მუსიკით საუბრის საშუალება მაქსიმაურად უნდა გამოიყენოს...

111
მარიამ ბაქანიძე

„გიჟმაჟი გენები არ მაძლევს მოდუნების საშუალებას”- მარიამ ბაქანიძის პოეტური დაბადება    

625
(განახლებულია 19:04 24.09.2020)
საკმაოდ ემოციური ადამიანია, შემოქმედებითი ნიჭის წყალობით ლექსებს ერთი ამოსუნთქვით წერს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკვე გამოქვეყნებულ ლექსს სხვებთან ერთად კითხულობს. მისი სათქმელი ზედაპირული არასოდესაა და რასაც ამბობს, ყველაფრის მიღმა დიდი ხნის ნაფიქრი და განცდილი აზრია...

ასეთია მარიამ ბაქანიძე, პოეტი, რომელსაც „წამების აქარიშხლება” უყვარს. კარიერაზე არასოდეს უფიქრია, მისთვის მთავარი დღემდე ოჯახი, პოეზია და სამშობლოა. ოთხი შვილის დედას გამოცემული აქვს პოეტური კრებული „დაბადება“, ამჟამად მუშაობს მეორეზე, რომელშიც  გურულ მოტივებზე დაწერილი ლექსები და ნოველები შევა.

პირველი პოეზიის საღამო სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჰქონდა, შემდეგ კავკასიურ სახლში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ლიტერატურულ კაფეში. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და ამიტომაც მისი სახალისო პოეზია ხალხში ისეთივე პოპულარულია, როგორც მისი საოცარი ლირიკა...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- ქალბატონო მარიამ, როგორია თქვენი ისტორია, ის, რამაც თქვენი ცხოვრების გზა განსაზღვრა?

- დავიბადე ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ამავე სოფლის საჯარო სკოლა დავამთავრე. სტუდენტიც სკოლის დამთავრებთანავე გავხდი და ამასთანავე, გავხდი დედაც. აი, ამ უკანასკნელმა ამბავმა ჩემი ცხოვრება ბედნიერებით „ამოატრიალა". უკვე ოცდაოთხი წლის ასაკში ოთხი შვილის დედა ვიყავი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კარიერული წინსვლისთვის არასოდეს მიბრძოლია. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ქალ-ვაჟისა და საოცარი ტყუპი გოგოს ახალგაზრდა დედა ვიყავი. პროფესიით ბიოლოგმა, ექიმ-ლაბორანტად სულ სამი თვე ვიმუშავე და მერე ისევ შვილებს დავუბრუნდი.

პოეზიის საღამოზე კავკასიურ სახლში
პოეზიის საღამოზე "კავკასიურ სახლში"

 - როდის მიხვდით, რომ პოეზია თქვენი ცხოვრების აზრია?

- ეს დაახლოებით ათი წლის წინ ვიგრძენი, როცა დიდი წყვეტის შემდეგ პირველი ლექსი „დ ა ბ ა დ ე ბა" დავწერე. ეს ლექსი სამჯერ წავიკითხე და ვთქვი: ნაბიჯები ჩემი - ნება შენი, უფალო!.. მე ვიბრძვი, სულ ვიბრძვი და ეს დასტურია იმისა, რომ პოეზიაა აზრიც და არსიც ჩემი მყოფობის.

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- თქვენს ერთ ლექსში ამბობთ:

„ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ

არ ვარ პოეტი!

რომ ჩემი რითმები მზის გულზე ლღვებიან,

მიგრძვნია...

როგორ კრთის ცის მთებზე მუზები

და გონის სისრულეს რა მძაფრად ელიან“- ასეთი თავდაჯერება როდის იგრძენით?

- ეს მოხდა მთაწმინდაზე გამართული ლიტერატურული კონკურსის დროს, მაშინ სიტყვებით: რადიო, ბარგი, ბეტონი, ლანჩა, ჭანჭური, ჩიხი, ჭაობი, ხალიჩა, დრაკონი, ბარძაყი, ჟირაფი - დავწერე ექსპრომტი, რომელიც თავადაც მომეწონა. აი, მაშინ ვთქვი: დიახ, მე პოეტი ვარ!..

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- ჩვეულებრივი ბავშვი არ იქნებოდით...

- შეიძლება... ერთი უცნაური ოცნება მქონდა: პატარაობიდან წარმოვიდგენდი ჩემს თავს მოკრძალებულ, სუფთა ოთახში, სადაც იდგა საწერი მაგიდა და გარშემო წიგნებით გადავსებული თაროები იყო. კიდევ, იმ ოთახში უამრავი ფურცელი იყო და საწერ-კალამი, სამელნე, რომელშიც მწვანე მელანი „ესხა“. მსგავსი რამ სიზმრადაც მინახავს, ოღონდ, სიზმარში ბუხარიც ენთო ოცნების ოთახში და მე ჭაღარა მოხუცი ვიყავი. ისე მენატრება ის სიზმარი, სულ მინდა, რომ კიდევ დამესიზმროს...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

-ალბათ განსაკუთრებულია ბავშვობა, რომელიც გურიას უკავშირდება…

-  მთელი ცხოვრება ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ ქართველად მომავლინა. გურია ჩემი პატარა სამოთხეა, გურულები -მისი ბინადარნი. ერთხელ ვიხმურე: გურულობა თლათ ჯვარას ტუზია კაროლით მეთქი. ჩემი გურული გენები-გიჟმაჟია და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, სხვას რომ ჰგონია რაღაც დამთავრდაო, აი, ზუსტად მაშინ ვიწყებ მე...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- თქვენს ერთი საოცარ ლექსს არაჩვეულებრივად კითხულობს პატარა ლუკა შუბითიძე...

- ეს ლექსი ლუკასთვის მის მასწავლებელს შეურჩევია. ეს ვიდეო შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა. ტელეგადაცემის შემდეგ დამიკავშირდა ამ ბავშვის დედა და მადლობა გადამიხადა, ამ ლექსმა ლუკა პოპულარული გახადა და მისგან ლექსების კრებულს ნამდვილად იმსახურებთო.

- რაიმე ამბავი ხომ არ გახდა ლექსის დაწერის წინაპირობა?

- დაწერილი მაქვს ლექსი „მოკტა კირილე ბაბუა” და ამ ლექსის ისტორია ასეთია: მოკტა საწყალი კირილე ბაბუა და თრიაქით გაბრუებულმა მესაფლავეებმა თქვეს: ეყოფა ძამა, კოტია, ამაში კირილე კი არა, კამეჩი ჩეეტევა და პაწა პერეკოსადაც თუ წევიდა, უცფათ არ გვიჩივლოს საბჭოშიო... ჰოდა, ამეიტანეს კირილე და არ ჩეეტია საფლავში. ამ შემთხვევას მივუძღვენი ლექსი "მოკტა კირილე ბაბუა", რომელიც ასე მთავრდება:

ძვლივსღა დამარხეს კირილე

და მიაყარეს გოროხი,

მესაფლავეებს სირცხვილით

ეხურათ გვიმბრის ბოხოხი.

გაახაზირეს ქელეხი....

სული უხსენეს კირილეს,

გადაავიწყდათ საფლავზე რა გულიანად იცინეს.

ასეა წუთი-სოფელი,

გაგვინაპირებს სულ ყველას,

ტირილს სიცილი მოჰყვება

და მწუხარებას დალხენა.

- იშვიათია, რომ ერთი პოეტი ასე ერთნაირად კარგად რომ წერდეს ლირიულ და იუმორისტულ ლექსებს, თქვენ მათ შორის ხართ...

 - მადლობა. ეს იმიტომ, რომ გაუსაძლისად მტკივა, როგორც ქართველს და ამავდროულად უზომოდ მიყვარს -როგორც ქართველს…

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- „წარსული ნალებს აჭედებდა ოფლიან მერნებს,

მხრებს ატოლებდა პაპის ჩოხას კავკასიონი.

არ დაიჩოქებს!

წამოდგება ქართველი ფეხზე

და გამოსტაცებს “ორპირ ღამეს"

“ქორფა ალიონს"

არ შეიძლება მთა-წმინდაზე ახსენო ღმერთი

და...

ცრემლით სავსე "თიხის ქვევრი" მტერთან დალიო! -ეს სტროფი თქვენი ლექსიდანაა, სამშობლო რა არის თქვენთვის, რა ასოციაციები გიჩნდებათ?

 - ნება მომეცით, ამ კითხვაზე ისევ ლექსით გიპასუხოთ...

„ზეცა მზეს იფარებს ოქროს კრეტსაბელით,

სიღრმე სიბრძნის ჭაში გადამალულია.

მრავალ ენაზეა ლოცვა აღვლენილი,

მაგრამ ზეცის კლიტე ჩემი ქართულია!

აი, ესაა ჩემთვის სამშობლო. არა ეროვნული განწყობა კი გიგანტური ხაფანგია, რომელშიც სატყუარად კეთილდღეობაა, ფარჩა -სულის წილ. ფესვიდან კენწერომდე მანძილი ტოლია „მანძილისა" დაბადებიდან კვლავ დაბადებამდე...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- საინტერესოა, თავად როგორ გააცნობდით უცნობ ადამიანს მარიამ ბაქანიძეს?  

- მარიამი არის ადამიანი, რომელსაც: უყვარს წამების აქარიშხლება და წუთის შეკვრა ძეწნის სიმშვიდით. მარიამი არის ადამიანი, რომელსაც არ იზიდავს ზედაპირი და ცდილობს სილამაზე, სიმართლე და შეიძლება ხსნაც სიღრმიდან ამოქაჩოს. მარიამმა არ იცის როგორი შეგრძნებაა როცა გძულს. მისთვის ღირსეული - დიდია, უღირსი კი - საბრალო...

 

625
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა