ბექა ბუჩუკური ჰამბურგში, ქართული სიმღერის ვორკშოპზე

მღეროდნენ თუ არა გურიაში ჯაზს და იყო თუ არა სიმღერა „თოლია“ გერმანელი პიონერების ჰიმნი?

391
(განახლებულია 21:03 02.09.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს ბექა ბუჩუკურს გაგაცნობთ.

ბევრი სხვა პროფესიონალის მსგავსად მუსიკასთან ურთიერთობა მანაც ხალხური შემოქმედებით დაიწყო. ბოლოს არჩევანი შეაჩერა ისეთ არანაკლებ რთულ ჟანრზე, როგორიცაა ჯაზი.  

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ახალგაზრდა ნიჭიერმა მუსიკოსმა ბექა ბუჩუკურმა გაცვლითი პროგრამით შვეიცარიაში ისწავლა, თან ერლენბახის ახალგაზრდულ ორკესტრში კლარნეტზე უკრავდა.

დღეს მიუნხენის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია ჯაზ-ვოკალის სპეციალობით, პარალელურად არაერთი საინტერესო მუსიკალური პროექტის ინიციატორი და მონაწილეა. მიუნხენში სწავლის პარალელურად მსოფლიო მუსიკას შტუტგარტში, ცნობილი ქართველი მუსიკოსის ზაზა მიმინოშვილის მიერ დაარსებულ Ziryab აკადემიაში ეუფლება. მოპოვებული აქვს New York Voices-ის სტიპენდია და ამ საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოპებისა და კონცერტების მონაწილეა.

სცენაზე არაერთ ცნობილ ქართველ თუ უცხოელ მომღერალთან ერთად აქვს ნამღერი, მათ შორის არიან მაია ბარათაშვილი და „გრემის“ მფლობელი პატი ოსტინი (Patti Austin). ნიჭისა და შემოქმედებითი ფანტაზიის გარდა ბექას გერმანელი თანატოლებისგან მისთვის ჩვეული ლაღი იუმორიც გამოარჩევს...

ბექა ბუჩუკური
ბექა ბუჩუკური

- ბექა, როგორც ვიცი, მუსიკის სიყვარული თქვენთვის თავიდან ფოლკლორის გაცნობით დაიწყო...

- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი სურვილები და ოცნებაც, შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე მუსიკასთან, კერძოდ, ქართულ ფოლკლორთან იყო დაკავშირებული. ვმღეროდი ცნობილ ანსამბლებში „მართვე“ და „ერისიონი“. თუმცა მერე რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გავრკვეულიყავი, ზუსტად რა მინდოდა. მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი შვეიცარიაში და პარალელურად ერლენბახის ახალგაზრდულ ორკესტრში კლარნეტზე ვუკრავდი.

მგალობელ მომღერალთა ჯგუფი ადილეი
მგალობელ მომღერალთა ჯგუფი "ადილეი"

- უნივერსიტეტშიც მღეროდით, ცნობილი „ადილეი“ სტუდენტობის დროინდელი პროექტია?

- თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის კაპელაში ვმღეროდი. სწორედ სტუდენტობის პერიოდში მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ გუნდი „ადილეი“, რომლის წევრიც დღემდე ვარ. „ადილეისთან“ ერთად გვქონდა კონცერტები და ვორქშოპები გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

ზაზა მიმინოშვილის აკადემიაში
ზაზა მიმინოშვილის აკადემიაში

- მიუნხენის კონსერვატორიაში როდის ჩააბარეთ?

- გერმანიაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წავედი. ჩემი ერთადერთი მიზანი მიუნხენის კონსერვატორიაში ჩაბარება იყო. ორი წელი ჯერ ოჯახში, ბავშვებთან და შემდეგ სოციალური პროგრამით ვიმუშავე. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა, მაგრამ მომზადებას მაინც ვახერხებდი. დღეს მიუნხენის უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ამასთან, შტუტგარტში ვსწავლობ ზაზა მიმინოშვილის მიერ დაარსებულ აკადემიაში, სადაც მნიშვნელოვან პრაქტიკულ ცოდნას ვიღებ. ვმონაწილეობდი არაერთ საინტერესო პროექტში, რომელიც Ziryab-ის აკადემიამ ევროპასა და საქართველოში განახორციელა. მაგალითად, ასეთი იყო აკადემიის ანსამბლის მიერ ჩატარებული კონცერტი ქალაქ ჰაილბრონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ბექა ბუჩუკური ჯაზის მომღერალ სტუდენტებთან ერთად მიუნჰენის უნივერსიტეტში
ბექა ბუჩუკური ჯაზის მომღერალ სტუდენტებთან ერთად მიუნჰენის უნივერსიტეტში

- საკმაოდ საინტერესო სცენური, მუსიკალური ცხოვრება გაქვთ უცხოეთში...

- დიახ, მართალია, ძალიან დატვირთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მაქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ბედნიერება მქონდა პრემია „გრემის“ მფლობელთან პატი ოსტინთან (Patti Austin) ერთად მემღერა. მოვიპოვე New York Voices-ის სტიპენდია და ვმონაწილეობდი მათი ერთკვირიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპებსა და კონცერტებში.

- საქართველოში ჩატარებული კონცერტებიდან რომელს გამოყოფდით?

- ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაია ბარათაშვილის საიუბილეო კონცერტზე გამოსვლა. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც კონცერტის შემდეგ ვარსკვლავის გახსნაზე მაია ბარათაშვილთან, ზაზა მიმინოშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად ვიმღერე...

ბექა ბუჩუკური სცენაზე მაია ბარათაშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ზაზა მიმინოშვილთან ერთად
ბექა ბუჩუკური სცენაზე მაია ბარათაშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ზაზა მიმინოშვილთან ერთად

- პანდემიის დროს რაიმე იდეა ხომ არ გაგიჩნდათ?

- სხვათა შორის, ბევრი ახალი იდეა რეალურად გამიჩნდა. შინ დარჩენამ დროის დეფიციტი გააქრო და იმის შესაძლებლობა გამიჩნდა, რომ ახალი კომპოზიციებისთვის მეტი დრო დამეთმო, ამასთან, პროგრამის ტექნიკურ მხარეზეც უფრო მეტი მემუშავა.

- ჯაზი ადამიანს თავისუფალ სივრცეში იმპროვიზაციას აჩვევს, ქართულ რეალობასა და მუსიკალურ სამყაროში თუ აღმოაჩინეთ ის?

- დიახ, ჯაზი უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე კონკრეტულად ერთი მუსიკალური მიმართულება. ჯაზი არის აზროვნება, იმპროვიზაცია, რაც, რაღაც წილად, ყველა ჟანრის მუსიკაშია. მე ეს აზროვნება თავდაპირველად გურულ პოლიფონიაში აღმოვაჩინე. გამოდის, რომ საკუთარი თავი სწორედ ქართულმა მრავალხმიანობამ მაპოვნინა.

- იმედია, გურულები ამ მსგავსების შესახებ პირველად არ იგებენ. თქვენი აზრით, ყველაზე „გაჯაზებული“ გურული სიმღერა რომელია?

- ასეთი ძალიან ბევრია, „ხასანბეგურადან“ დავიწყოთ. გურული სიმღერის ბირთვი ყველამ იცის, ჯაზის ელემენტი სწორედ ის არის, რომ აზროვნებაა მსგავსი, ანუ თემაა მოცემული და იმპროვიზაცია მასზე იგება. თორემ ამერიკულ ჯაზთან კავშირი არ აქვს.

- გაიხსენეთ ერთი უცნაური, საინტერესო ამბავი, რაც გერმანიაში გადაგხდათ?

 - უცნაური რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ ისევ მუსიკასთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ. როდესაც კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სიმღერა „თოლია“ ჩავწერე, ქართულ მელოდიას მოვარგე ერთი გერმანული სიმღერის ტექსტი - მშვიდობის მტრედზე, რომელსაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გერმანელი პიონერები მღეროდნენ, ოღონდ, სხვა მელოდიით, რა თქმა უნდა. ეს ტექსტი არაა ცნობილი და ბევრმა არ იცის. მერე ჩემს გერმანელ ნაცნობ-მეგობრებს ვეხუმრე, ეს ძველი გერმანული სიმღერა იყო, რომელიც საარქივო ჩანაწერებში აღმოვაჩინე–მეთქი. როცა ვუმღერე, ამ ამბით სერიოზულად შეწუხდნენ, რადგან ეს მშვენიერი გერმანული სიმღერა პირველად მე, უცხოელმა „აღმოვაჩინე“ და მანამდე მასზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ამ „აღმოჩენისთვის“ დიდი ქება და აღფრთოვანებაც დავიმსახურე. როცა გაიგეს სინამდვილეში რაც ხდებოდა, სიცილით მოკვდნენ.

-  ჩემი აზრით, ასე მარტო ქართველი თუ გაეხუმრებოდა გერმანელებს...

- ამიტომაა, რომ გერმანიაში ძალიან მენატრება ხოლმე ქართული იუმორი, ისეთი, სხვაგან რომ არ არსებობს. კიდევ – მეგობრები, ახლობლები, თბილი შეხვედრები მენატრება, ზოგადად, საქართველო მენატრება.

- ბოლო დროს პოპულარული გახდა თქვენ მიერ ოთხ ხმაში ჩაწერილი ჯანსუღ კახიძის სიმღერა..

- მუსიკალური კომპოზიციების აწყობა, არანჟირება ყოველთვის ძალიან მომწონდა. ჩაწერისას ვცდილობ ვიდეო ვიზუალურადაც საინტერესო გამოვიდეს და ამ ყველაფერს თანდათან ვსწავლობ. ბოლოს ჯანსუღ კახიძის სიმღერა „წარსულმა სულ თან წაიღო“ ჩავწერე ოთხ ხმაში. ფორმატი განსხვავებულია სხვა ვიდეოებთან შედარებით და ეს იდეაც, ალბათ, იმ მონატრებული ქართული თბილი შეხვედრების შედეგია...

 

391
დიმიტრი ლეკვეიშვილი

დიმიტრი ლეკვეიშვილის „ტარატურა“- ანუ იმპროვიზაციები მუსიკასა და ცხოვრებაში  

131
(განახლებულია 15:15 26.09.2020)
ამ ეტაპზე თავს ჯაზის მუსიკოსად თვლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ნამდვილი პროფესიონალი ცხოვრების მანძილზე მარტო ერთი ჟანრით არ უნდა შემოიფარგლოს.

დიმიტრი ლეკვეიშვილმა მუსიკალურ სამყაროში სხვადასხვა ეტაპები გაიარა. თავიდან ფოლკლორით დაიწყო, შეისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, იყო ფოლკ-ანსამბლების წამყვანი მუსიკოსი. 19 წლისას საკუთარი ეთნო-ბენდი ჰყავდა. სცენაზე ცნობილ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა. თუმცა ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა როცა მის ცხოვრებაში გაჩნდა ჯაზი...

მალე მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგება ახალი საავტორო პროექტით, რომელიც პერფორმანსულ-გასართობ პროგრამას მოიცავს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- დიმიტრი, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. ჩვენში სამწუხაროდ მუსიკის გაკვეთილებს ბავშვები არ წყალობენ და ხშირად ამის მიზეზი მასწავლებელია, თქვენ შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?

- როცა მეორე კლასში ვიყავი სმენით ვაწყობდი ქართულ სიმღერებს და ფორტეპიანოზე შემიყვანეს. დაახლოებით ერთ წელში გამოვედი, თუმცა ის კლასი ფრიადზე დავამთავრე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნოტები და მარტო კლასიკური მუსიკა, ანუ რაღაც ჩარჩოში მოქცევა ვერ ავიტანე. მუსიკის მასწავლებელი ბრწყინვალე სპეციალისტი იყო, მაგრამ მე სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით დამეკვრა. ამის მიზეზს ახლა, 25 წლის მერე მივაგენი, რადგან დღეს ჯაზ-შემსრულებელი ვარ, ნებისმიერ ინსტრუმენტზე, რასაც და როგორც მინდა თავისუფლად ვუკრავ.

- თუმცა ნოტების ცოდნა აუცილებელია...

- რა თქმა უნდა, მუსიკოსი თუ ხარ, ნოტების ცოდნა, ყველა ვარიანტში, საჭიროა, ესაა შენი ანბანი, მაგრამ მარტო ნოტებზე დამოკიდებულება ჩემთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს მომენტი უფრო ნათლად გამოიკვეთა წლების მანძილზე, როდესაც ჩემთან პროფესიული გამოცდილება მოვიდა.

გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე
გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე

- სანამ ჯაზთან „მიხვედით“- რა ეტაპები გაიარეთ?

- სანამ ჯაზთან მივედი ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპები გავიარე.  თავიდან ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლა დავიწყე. ვუკრავდი სხვადასხვა ფოლკ-ანსამბლში, მათ შორის იყო „ზარები“, „ივერონი“. სხვების თქმით, ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი ვიყავი. 19 წლის ასაკში საკუთარი ეთნო-ბენდი მყავდა. მაშინ გარკვეული დროის მანძილზე, ჯაზი არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მე ჩემს მუსიკას ვეძებდი...

- ალბათ უფრო საკუთარ თავს მუსიკაში...

- დიახ, ზუსტად ეგრე იყო... იმ პერიოდში სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს ვუსმენდი. შემდეგ ჩემი გონება, შესაძლებლობები და განვითარება იმ დონეზე მივიდა, რომ მუსიკის ეს ჟანრი კარგად აღვიქვი და ჯაზიც მაშინ შემიყვარდა. გადავწყვიტე-მორჩა, ჯაზურ მუსიკას უნდა ვუსმინო, ის უნდა შევისწავლო და გავერკვიო, რა ხდება მეთქი...

გოსპელის მუსიკოსებთან ერთად
გოსპელის მუსიკოსებთან ერთად

- პირველად როდის გაგიჩნდათ ამგვარი აზრი, თუ გახსოვთ?

- კარგად  მახსოვს... ერთხელ ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, პიანისტმა ნოდარ გასიტაშვილმა, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოსკარ პიტერსონის მუსიკალური კომპოზიცია გამომიგზავნა. სწორედ ეგ გახდა ჩემთვის გარდამტეხი, რომ ჯაზი საბოლოოდ შემყვარებოდა. ამის მერე საქსოფონისტების მოსმენა დავიწყე.

- ვიცი, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ...

- 15 წელი აქტიურად ვუკრავდი ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე.. თუმცა მთელი ცხოვრება მინდოდა საქსაფონზე დაკვრა მესწავლა. გავიკითხე მასწავლებელი და სწავლა დავიწყე. მალე ათწლედში ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. ამ დროს შევიძინე ბასიც და ისიც შევისწავლე, ერთ წელიწადში კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე მოვხვდი. ამ პერიოდში ბასით სხვადასხვა ანსამბლებში ვუკრავდი. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ჯაზის მასტერ-კლასები გავიარე. მალე, ამერიკაში, ინტერნაციონალურ ჯაზ-ფესტივალზე მიგვიწვიეს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- ჯაზის სამშობლოში ყოფნამ რაიმე შეცვალა თქვენს მუსიკალურ გემოვნებაში?

- ეს იყო 2017 წელი, ამერიკაში სულ რაღაც ორი კვირა ვიყავით, მაგრამ ეს ორი კვირა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ოც წელს უდრის. ეს იყო ინტერნაციონალური ფესტივალი. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს ვუსმენდი და მათთან მქონდა ურთიერთობა-ამან როგორც მუსიკოსი, ძალიან გამზარდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჯაზი-ჩემი მუსიკაა. თანაც, ფესტივალის ჯაზის საღამოზე გამოვედი და დავუკარი. იქ საოცარი გარემო იყო და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ.

ნონსტოპთან და მაკა ზამბახიძესთან  ერთად სტუდიაში
"ნონსტოპთან" და მაკა ზამბახიძესთან ერთად სტუდიაში

- როგორ ფიქრობთ, ჯაზი ის მუსიკაა, სადაც საბოლოოდ „ჩასახლდით“, თუ ფიქრობთ, რაღაც დროის მერე პრიორიტეტებს შეიცლით?

- ამ ეტაპზე ჯაზ-შესმრულებელი ვარ, მაგრამ ზოგადად არ მომწონს, როცა მუსიკისოები მხოლოდ კლასიკით შემოიფარგლებიან, ან მხოლოდ ფოლკ-მუსიკით. ჯაზმენებშიც არსებობს ასეთი, ცოტა არ იყოს, „სექტანტური“ დამოკიდებულება, მათთვის მუსიკაში მარტო ჯაზია და მეტი არაფერი.

-ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-  ერთი მხრივ, ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, არა... ჯაზი -მუსიკის უმაღლესი საფეხურია, მაგრამ ჩემთვის პირადად ცალკე არსებობს ჯაზი და საერთოდ მუსიკა, ერთ მიმართულებაზე არ ვარ ჩაციკლული. როცა პრეტენზია გაქვს მუსიკოსობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკალურ სამყაროს წარმოადგენ. აუცილებელია, რომ მუსიკოსმა თავი არა რომელიმე ერთ ჟანრში, არამედ, ზოგადად მუსიკაში დაიმკვიდროს. ბოლოს, ორ წელზე მეტია, რაც ვიყავი ბენდში „ნონსტოპი”, რომლის სოლისტები მაკა ზამბახიძე და ლელა წურწუმია არიან. ახლა ამ ბენდიდან მოვდივარ, რადგან საავტორო პროექტს ვიწყებ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა პროექტზეა საუბარი?

- ესაა საავტორო პროექტი, სახელად „ტარატურა“, რომელიც მოიცავს სახელოვნებო, პერფორმანსულ -გასართობ პროგრამას, ასევე იგეგმება სხვადასხვა მინი-პროექტებიც. სიტყვა „ტარატურა“ ძველქართულია და სწრაფად მოლაპარაკე ადამიანს ნიშნავს. ის სულხან-საბას ლექსკონიდან ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში მას ასეთი ახსნა აქვს: ჩვენ ადამიანებთან პერფორმანსით და მუსიკით ვსაუბრობთ და ამგვარი საუბრები გვინდა, რომ ხშირი იყოს და სწრაფად მივაწოდოთ.

- ვიცი, რომ ხშირად მოგზაურობთ და ზაფხულში, სვანეთში ველოსიპედით ასულხართ, მართალია?

- დიახ, ასეა, ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოვიდა. შარშან, მესტიაში ერთ ეთნო ბენდში ვუკრავდი. მე და აკარდეონისტს მოგვინდა ველოსიპედებით გასეირნება და გადავწყვიტეთ უშგულში ველოსიპედით ასვლა. ჯამში 90კმ გამოვიდა, საღამოს კი სცენაზე გამოვედით და დავუკარით.

- ანუ თავადაც ასეთი ხართ-ტარატურა-ანუ სწრაფად მოაზროვნე და აქტიური ადამიანი ...

- აქტიური ტიპი ვარ, მთელი ბავშვობა კალათბურთზე და სპორტის სხვა სახეობებზე დავდიოდი. დღეს ვცდილობ არ გავჩერდე და პროფესიულ განვითარებაში აქტიურად ვიყო ჩართული. მუსიკოსი დროს არ უნდა ჩამორჩეს და სანამ არის, სცენა და ადამიანებთან მუსიკით საუბრის საშუალება მაქსიმაურად უნდა გამოიყენოს...

131
მარიამ ბაქანიძე

„გიჟმაჟი გენები არ მაძლევს მოდუნების საშუალებას”- მარიამ ბაქანიძის პოეტური დაბადება    

637
(განახლებულია 19:04 24.09.2020)
საკმაოდ ემოციური ადამიანია, შემოქმედებითი ნიჭის წყალობით ლექსებს ერთი ამოსუნთქვით წერს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უკვე გამოქვეყნებულ ლექსს სხვებთან ერთად კითხულობს. მისი სათქმელი ზედაპირული არასოდესაა და რასაც ამბობს, ყველაფრის მიღმა დიდი ხნის ნაფიქრი და განცდილი აზრია...

ასეთია მარიამ ბაქანიძე, პოეტი, რომელსაც „წამების აქარიშხლება” უყვარს. კარიერაზე არასოდეს უფიქრია, მისთვის მთავარი დღემდე ოჯახი, პოეზია და სამშობლოა. ოთხი შვილის დედას გამოცემული აქვს პოეტური კრებული „დაბადება“, ამჟამად მუშაობს მეორეზე, რომელშიც  გურულ მოტივებზე დაწერილი ლექსები და ნოველები შევა.

პირველი პოეზიის საღამო სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჰქონდა, შემდეგ კავკასიურ სახლში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ლიტერატურულ კაფეში. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და ამიტომაც მისი სახალისო პოეზია ხალხში ისეთივე პოპულარულია, როგორც მისი საოცარი ლირიკა...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- ქალბატონო მარიამ, როგორია თქვენი ისტორია, ის, რამაც თქვენი ცხოვრების გზა განსაზღვრა?

- დავიბადე ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ამავე სოფლის საჯარო სკოლა დავამთავრე. სტუდენტიც სკოლის დამთავრებთანავე გავხდი და ამასთანავე, გავხდი დედაც. აი, ამ უკანასკნელმა ამბავმა ჩემი ცხოვრება ბედნიერებით „ამოატრიალა". უკვე ოცდაოთხი წლის ასაკში ოთხი შვილის დედა ვიყავი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კარიერული წინსვლისთვის არასოდეს მიბრძოლია. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ქალ-ვაჟისა და საოცარი ტყუპი გოგოს ახალგაზრდა დედა ვიყავი. პროფესიით ბიოლოგმა, ექიმ-ლაბორანტად სულ სამი თვე ვიმუშავე და მერე ისევ შვილებს დავუბრუნდი.

პოეზიის საღამოზე კავკასიურ სახლში
პოეზიის საღამოზე "კავკასიურ სახლში"

 - როდის მიხვდით, რომ პოეზია თქვენი ცხოვრების აზრია?

- ეს დაახლოებით ათი წლის წინ ვიგრძენი, როცა დიდი წყვეტის შემდეგ პირველი ლექსი „დ ა ბ ა დ ე ბა" დავწერე. ეს ლექსი სამჯერ წავიკითხე და ვთქვი: ნაბიჯები ჩემი - ნება შენი, უფალო!.. მე ვიბრძვი, სულ ვიბრძვი და ეს დასტურია იმისა, რომ პოეზიაა აზრიც და არსიც ჩემი მყოფობის.

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- თქვენს ერთ ლექსში ამბობთ:

„ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ

არ ვარ პოეტი!

რომ ჩემი რითმები მზის გულზე ლღვებიან,

მიგრძვნია...

როგორ კრთის ცის მთებზე მუზები

და გონის სისრულეს რა მძაფრად ელიან“- ასეთი თავდაჯერება როდის იგრძენით?

- ეს მოხდა მთაწმინდაზე გამართული ლიტერატურული კონკურსის დროს, მაშინ სიტყვებით: რადიო, ბარგი, ბეტონი, ლანჩა, ჭანჭური, ჩიხი, ჭაობი, ხალიჩა, დრაკონი, ბარძაყი, ჟირაფი - დავწერე ექსპრომტი, რომელიც თავადაც მომეწონა. აი, მაშინ ვთქვი: დიახ, მე პოეტი ვარ!..

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- ჩვეულებრივი ბავშვი არ იქნებოდით...

- შეიძლება... ერთი უცნაური ოცნება მქონდა: პატარაობიდან წარმოვიდგენდი ჩემს თავს მოკრძალებულ, სუფთა ოთახში, სადაც იდგა საწერი მაგიდა და გარშემო წიგნებით გადავსებული თაროები იყო. კიდევ, იმ ოთახში უამრავი ფურცელი იყო და საწერ-კალამი, სამელნე, რომელშიც მწვანე მელანი „ესხა“. მსგავსი რამ სიზმრადაც მინახავს, ოღონდ, სიზმარში ბუხარიც ენთო ოცნების ოთახში და მე ჭაღარა მოხუცი ვიყავი. ისე მენატრება ის სიზმარი, სულ მინდა, რომ კიდევ დამესიზმროს...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

-ალბათ განსაკუთრებულია ბავშვობა, რომელიც გურიას უკავშირდება…

-  მთელი ცხოვრება ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ ქართველად მომავლინა. გურია ჩემი პატარა სამოთხეა, გურულები -მისი ბინადარნი. ერთხელ ვიხმურე: გურულობა თლათ ჯვარას ტუზია კაროლით მეთქი. ჩემი გურული გენები-გიჟმაჟია და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, სხვას რომ ჰგონია რაღაც დამთავრდაო, აი, ზუსტად მაშინ ვიწყებ მე...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- თქვენს ერთი საოცარ ლექსს არაჩვეულებრივად კითხულობს პატარა ლუკა შუბითიძე...

- ეს ლექსი ლუკასთვის მის მასწავლებელს შეურჩევია. ეს ვიდეო შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა. ტელეგადაცემის შემდეგ დამიკავშირდა ამ ბავშვის დედა და მადლობა გადამიხადა, ამ ლექსმა ლუკა პოპულარული გახადა და მისგან ლექსების კრებულს ნამდვილად იმსახურებთო.

- რაიმე ამბავი ხომ არ გახდა ლექსის დაწერის წინაპირობა?

- დაწერილი მაქვს ლექსი „მოკტა კირილე ბაბუა” და ამ ლექსის ისტორია ასეთია: მოკტა საწყალი კირილე ბაბუა და თრიაქით გაბრუებულმა მესაფლავეებმა თქვეს: ეყოფა ძამა, კოტია, ამაში კირილე კი არა, კამეჩი ჩეეტევა და პაწა პერეკოსადაც თუ წევიდა, უცფათ არ გვიჩივლოს საბჭოშიო... ჰოდა, ამეიტანეს კირილე და არ ჩეეტია საფლავში. ამ შემთხვევას მივუძღვენი ლექსი "მოკტა კირილე ბაბუა", რომელიც ასე მთავრდება:

ძვლივსღა დამარხეს კირილე

და მიაყარეს გოროხი,

მესაფლავეებს სირცხვილით

ეხურათ გვიმბრის ბოხოხი.

გაახაზირეს ქელეხი....

სული უხსენეს კირილეს,

გადაავიწყდათ საფლავზე რა გულიანად იცინეს.

ასეა წუთი-სოფელი,

გაგვინაპირებს სულ ყველას,

ტირილს სიცილი მოჰყვება

და მწუხარებას დალხენა.

- იშვიათია, რომ ერთი პოეტი ასე ერთნაირად კარგად რომ წერდეს ლირიულ და იუმორისტულ ლექსებს, თქვენ მათ შორის ხართ...

 - მადლობა. ეს იმიტომ, რომ გაუსაძლისად მტკივა, როგორც ქართველს და ამავდროულად უზომოდ მიყვარს -როგორც ქართველს…

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- „წარსული ნალებს აჭედებდა ოფლიან მერნებს,

მხრებს ატოლებდა პაპის ჩოხას კავკასიონი.

არ დაიჩოქებს!

წამოდგება ქართველი ფეხზე

და გამოსტაცებს “ორპირ ღამეს"

“ქორფა ალიონს"

არ შეიძლება მთა-წმინდაზე ახსენო ღმერთი

და...

ცრემლით სავსე "თიხის ქვევრი" მტერთან დალიო! -ეს სტროფი თქვენი ლექსიდანაა, სამშობლო რა არის თქვენთვის, რა ასოციაციები გიჩნდებათ?

 - ნება მომეცით, ამ კითხვაზე ისევ ლექსით გიპასუხოთ...

„ზეცა მზეს იფარებს ოქროს კრეტსაბელით,

სიღრმე სიბრძნის ჭაში გადამალულია.

მრავალ ენაზეა ლოცვა აღვლენილი,

მაგრამ ზეცის კლიტე ჩემი ქართულია!

აი, ესაა ჩემთვის სამშობლო. არა ეროვნული განწყობა კი გიგანტური ხაფანგია, რომელშიც სატყუარად კეთილდღეობაა, ფარჩა -სულის წილ. ფესვიდან კენწერომდე მანძილი ტოლია „მანძილისა" დაბადებიდან კვლავ დაბადებამდე...

მარიამ ბაქანიძე
მარიამ ბაქანიძე

- საინტერესოა, თავად როგორ გააცნობდით უცნობ ადამიანს მარიამ ბაქანიძეს?  

- მარიამი არის ადამიანი, რომელსაც: უყვარს წამების აქარიშხლება და წუთის შეკვრა ძეწნის სიმშვიდით. მარიამი არის ადამიანი, რომელსაც არ იზიდავს ზედაპირი და ცდილობს სილამაზე, სიმართლე და შეიძლება ხსნაც სიღრმიდან ამოქაჩოს. მარიამმა არ იცის როგორი შეგრძნებაა როცა გძულს. მისთვის ღირსეული - დიდია, უღირსი კი - საბრალო...

 

637
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე

27 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 20:35 26.09.2020)
გაეცანით 27 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

27 სექტემბერს დაბადებულები

27 სექტემბერს კეთილმოსურნე, მეგობრული, კომუნიკაბელური, სხვების განცდების მიმართ მგრძნობიარე ნატურები იბადებიან. ასევე, ისინი გამოირჩევიან თავაზიანობით. იციან კომპრომისების მოძიება; ვერ იტანენ უსამართლობას. მწვავედ რეაგირებენ თავხედობაზე, მაგრამ საპასუხო უხეშობისთვის ძალზე ჭკვიანი და კარგად აღზრდილი არიან.

ამ დღეს დაბადებულები ზომიერად ემოციური არიან. გულღია დამოკიდებულების გამო ადვილად ამყარებენ კონტაქტებს. ბუნებით მკვლევარები არიან, განსაკუთრებით აინტერესებთ ადამიანი და მისი საქციელი, აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიის სფეროში არაერთ აღმოჩენას აკეთებენ. მაგრამ თავიანთი დაკვირვებების შედეგებს ცხოვრებაში იშვიათად იყენებენ.

27 სექტემბერს დაბადებულები უნიკალური შესაძლებლობით გამოირჩევიან - შეუძლიათ შეეგუონ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას. კომპანიაში თავის გამოჩენა და ყურადღების მიქცევა არ უყვართ.

დაკვირვების უნარი მათ, პრაქტიკულად, არასდროს ღალატობს და მატყუარების წინაშე თითქმის ყოველთვის დაცული არიან. ისინი სიცრუეს მაშინვე ცნობენ. მაგრამ ეს უნარი მათ დროთა განმავლობაში, გამოცდილებით უჩნდებათ.

ამ დღეს დაბადებულები არიან რაციონალური, არ არიან მიდრეკილი ავანტიურისადმი. ხასიათი რთული აქვთ და მათი გაგება არცთუ ადვილია.

არიან მრავალმხრივი პიროვნებები და მათთვის საქმიანობის უინტერესო სფეროები არ არსებობს. 27 სექტემბერს დაბადებულებს ნებისმიერი საქმის გაკეთება შეუძლიათ. მათ, უბრალოდ, მოსაწყენი რუტინა არ მოსწონთ, უყვართ კვლევები, ინოვაციები, სხვადასხვა პროექტები.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ ბუნება და ხშირად საქმიანობის სფეროდ ბუნებასთან დაკავშირებულ საქმეს ირჩევენ. ისინი წარმატებებს აღწევენ ბიოლოგიაში, ოკეანოგრაფიაში, ანთროპოლოგიაში, გეოლოგიაში.

ჯანმრთელობა

27 სექტემბერს დაბადებულებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თვითმიზანს არ წარმოადგენს. მათ უყვართ ზომიერი ფიზიკური დატვრითვა, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი სუსტი ორგანოებია თირკმელები და რეპროდუქტიული სისტემა, რასაც სისტემატურად უნდა მიაქციონ ყურადღება.

რჩევა:

სასწორებს განწყობის ხშირი ცვლა ახასიათებს, რაც არცთუ კარგი მხარეა მათი ხასიათისა. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ დეპრესიული მდგომარეობის გადალახვა ისე, რომ საკუთარ ფსიქიკას ზიანი არ მიაყენოთ. თუ გაგიჭირდებათ, სჯობს, სპეციალისტს მიმართოთ.

0