ნინო მოდრეკილაძე

უხვთოვლიანი ზამთრები და უხვბავშვიანი ზაფხულები, ანუ ლექსი, რომელშიც ცხოვრობ

478
(განახლებულია 20:11 27.08.2020)
ბავშვობა მისთვის წიგნია, რომელიც ერთხელ წაიკითხა და დაიზეპირა, დღემდე შთაბეჭდილებებით და შეგრძნებებით ცხოვრობს და თუ უყვარს, უყვარს ბოლომდე...

ასეთია პოეტი ნინო მოდრეკილაძე, ამავე დროს ჟურნალისტი, ლოგოპედი და სპეცპედაგოგი. ამჟამად თბილისის 123-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი და „ბი-დი-სი“ აკადემიის ტრენერი გახლავთ. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები „სულის ქარვები“, „ფერნაცვალ ფიქრთან“, „ქვაკაცა“, არის ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის წევრი და შემდგენელ-რედაქტორი წიგნისა „სიკეთის წიგნი“. გაიმარჯვა არაერთ ლიტერატურულ კონკურსში, მიღებული აქვს გიორგი შატბერაშვილის სახელობის პრემია და სხვ.

ეს საუბარი პოეზიის თაყვანისმცემლებს ალბათ მისი პიროვნების უკეთ გაცნობაში დაეხმარება...

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- ქალბატონო ნინო, როგორ გაჩნდა თქვენს აზროვნებაში პირველად სამშობლოს მცნება?

- ჩემი ბავშვობა, მიუხედავად იმისა, რომ მასში რთული ამბებიც იყო, ძალიან ლამაზად მახსენდება. სირთულეებში ვგულისხმობ იმას, რომ 80-იან წლებში დაბადებულებს ძალიან მალე მოგვიწია იმის გააზრება, რომ ვიღაც გამუდმებით გვართმევდა სამშობლოს. ჩემთვის სამშობლო თავიდან მხოლოდ პატარა სოფელი იყო, მთებში ჩასმული, ძველი სახლებითა და ალალი, საოცრად თბილი ადამიანებით. მერე სამშობლო ნელ-ნელა „გაიზარდა“, მას მიემატა ქალაქები, სხვა მთები, სხვა სოფლები... მერე კი, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ომებით ისევ გამოაკლდა...

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- რა ჰქვია ადგილს, საიდანაც თქვენთვის დაიწყო სამყაროს აღქმა?

- თვალადი - ასე ჰქვია სოფელს, სადაც გავიზარდე და ყველაფერი დაიწყო. ეს მთა და სოფელი კასპის რაიონშია. ვისაც გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება ახსოვს, ისიც კარგად ემახსოვრება, რადგან მწერალი ქართული ზეპირსიტყვიერების სიტკბოებას სწორედ ამ სოფელში ეზიარა და ამ ზიარების ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ჩემთვისაც ასეა, ცხადად დამრჩა ყველაფერი, რაც ამ სოფელთან მაკავშირებს: სალოცავები, უხვთოვლიანი ზამთრები თუ უხვბავშვიანი ზაფხულები... ბავშვობა თითქოს წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე და დავიზეპირე. შემდეგ იყო კასპი და კასპის პირველი სკოლა, სადაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავდა. მალე აღმოჩნდა, რომ კარგად ვწერდი და ვსწავლობდი. მახსენდება სასკოლო ტურები და ოლიმპიადები, რის შემდეგაც ბევრი სიგელი და დიპლომი დამრჩა...

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- როგორი ბავშვი იყავით და თუ გაუმართლეთ თქვენი ბავშვობის ორეულს?

- თუ გავუმართლე ბავშვობისდროინდელ „მეს“? ვფიქრობ, გავუმართლე, რადგან ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მქონია წინააღმდეგობა საკუთარ მესთან. შესაძლოა, ცხოვრება ხელისგულზე გადაშლილი არ მერგო, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემი ამბავი თავიდან ბოლომდე ჩემი დაწერილია. ვიყავი ძალიან ფიქრიანი გოგო, ალბათ ზედმეტად ფიქრიანიც. მეოცნებე - ნაკლებად. თუმცა, ერთხელ ჩემს დეიდას ვუთხარი, როცა გავიზრდები, ქალბატონი ნინო გავხდები–მეთქი და ამაზე დიდხანს ვიცინოდით...

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- თქვენი პოეტური ბიოგრაფია როდიდან იწყებს ათვლას?

- პირველი ლექსი ცხრა აპრილის თემაზე დავწერე, შავოსან დედებზე. მერე სულ საქართველოზე ვწერდი. ძალიან რთულად აღვიქვი ცხრა აპრილის ტრაგედია. ამ დროს რვა წლის ვიყავი. ის ლექსები, რა თქმა უნდა, ბავშვური და გაუმართავი იყო, თუმცა ემოციური. თავიდან არ მიჯერებდნენ, რომ მე ვწერდი, მერე მიძღვნებიც დავწერე და დაიჯერეს. მოგვიანებით, მაშინ კასპში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, ჩემი ლექსები მეზობელმა, ქალბატონმა ვალიდა უზნაძემ წაიკითხა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, რამდენიმე ლექსი რაიონულ გაზეთშიც დაუბეჭდავს, სადაც რედაქტორი იყო. სწორედ აქედან აღმოჩნდა ჩემი ერთი ლექსი გორში, მოსწავლეთა შემოქმედებით კონკურსზე, რომელიც ჩაატარა გამომცემლობა „ქართლმა“. ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში წერილი მოვიდა, რომ ჩემი ლექსი წიგნში დაიბეჭდა და გორში უნდა ჩავიდე. გორში დიდი პოეტივით მიმიღეს. იქ გავიცანი დღეს უკვე ჩემი ძვირფასი მეგობარი და გულშემატკივარი, პოეტი ჯემალ ინჯია. შემდეგ ჩემი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთში „ყაყაჩო“. ხშირად ვსტუმრობდი მწერალ გიორგი ხორგუაშვილს, კასპის მხარეთმცდონეობის მუზეუმში და ჩემს ახალ ლექსებს ვაკითხებდი...

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან

- თქვენი კრებულებიდან რომელია უფრო მნიშვნელოვანი და რატომ?

- თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, „ჩემი პოეტური ბიოგრაფია“ საუკუნის წინ დაიწყო. გამოცემული კრებულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი კრებული – „ოცნება“, რაზეც უკვე ვისაუბრე და რომელიც 1995 წელს გორში დაიბეჭდა. ჩემს სასაჩუქრე ეგზემპლარს აქვს ჯემალ ინჯიას და მარინე ჯალიაშვილის ჩემთვის ძვირფასი ავტოგრაფები. ხოლო პერსონალური კრებული, რომელიც ყველაზე მეტად გამაბედნიერებს, ალბათ შეიქმნება...

პოეზიის საღამოზე
პოეზიის საღამოზე

- თურქული პოეზიით თქვენი გატაცება როდის დაიწყო?

- სოციალურ ქსელში არის მთარგმნელთა ჯგუფი, სადაც ბატონ ალექსანდრე ელერდაშვილის დამსახურებით აღმოვჩნდი. პანდემიის პირობებში თარგმნა აღმოჩნდა ჩემთვის ერთგვარი გამოსავალი, რომ დეპრესიას არ მივცემოდი. პირველად ვთარგმნე იან კუპალას ლექსები ბელორუსულიდან, ეს ენა ძალიან ჰგავს რუსულს და არ გამჭირვებია, ხოლო შემდეგ უკვე თურქული და იტალიური ლიტერატურის თარგმნისას ბწკარედის მიხედვით ვთარგმნიდი. ასე „შემომეთარგმნა“ პეტრარკას რამდენიმე სონეტი და თანამედროვე თურქი ავტორების ლექსები, რომლებმაც საკმაოდ კომპეტენტური რედაქტორის ხელში გაიარა და სულ მალე წიგნებშიც შევა.

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- ამჟამად ტრენერი ხართ „ბი-დი-სი“ აკადემიაში, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- „ბი-დი-სი“ აკადემიაში რამდენიმე წელია ვმუშაობ, ეს ჩემთვის დამატებითი საქმიანობაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ვარ, ასევე პრაქტიკოსი ლოგოპედი და სპეცპედაგოგი. აქედან გამომდინარე, მაქვს ურთიერთობა ბავშვებთანაც და დიდებთანაც. პედაგოგიკაც და ანდრაგოგიკაც ძალიან ფაქიზი სფეროებია. ბედნიერი ვარ, როცა „ბი-დი-სის“ მსმენელი გზას იკვალავს და ამაში ჩემი მცირედი წვლილიც თუ არის, მით უმეტეს. ახალ თაობას, ძირითადად, ფსიქოლოგიური თემები აინტერესებს, ეს ურთიერთობა ორმხრივია და ერთმანეთს ვავსებთ ჩვენი ცოდნით, შეხედულებებით, დამოკიდებულებებით და, რაც მთავარია, განვითარების სურვილით, გნებავთ, პიროვნული, გნებავთ, პროფესიული.

ტარიელ ხარხელაურთან ერთად
ტარიელ ხარხელაურთან ერთად

- რომელია თქვენი სავიზიტო ლექსი, რომელიც ყველაზე მთავარ სათქმელს გამოხატავს?

- ჩემი სავიზიტო ლექსი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო. დღეს ეს არის ლექსი „ზარი“. ლექსებს იშვიათად ვკითხულობ პუბლიკის წინაშე და როცა ვკითხულობ, ისეთ დაღლილობას ვგრძნობ ხოლმე, რომ მგონია, მთელი ცხოვრება ამ ლექსში ვიცხოვრე. თქვენს მკითხველს მინდა გავაცნო ჩემი ლექსი „ფერნაცვალ ფიქრთან“.

დღეს, როცა ამინდმა, ფერნაცვალმა,

გახვითქულ მიწას ჩამობანა

ჩოქვით და ხოხვით დამტვერილი მუხლისთავები,

ვაზმა მტევნები, ნამიანი, მარცვალ-მარცვალ ჩამოარიგა…

მზე გადაყლაპა ღრუბლის ქულამ, ციცქნა აბივით…

ქალაქმა შუბლი მიუშვირა მწუხრის გრილ ნიავს,

გავირინდე

ტირილისგან დაღლილ ბავშვივით,

ჩავუთქვი ჩემს თავს…

შევჩერდე უნდა, მოვიცადო,

ფიქრით ცხოვრებას გავუსწარი და ვერ ვეწევი.

ნინო მოდრეკილაძე
ნინო მოდრეკილაძე

- რას ვერ შეელევით ცხოვრებაში და რას ვერ შეცვლით?

- ასეთია დამოკიდებულებები, შთაბეჭდილებები და გრძნობები რომელსაც ძალიან ველოლიავები. ვინც მიყვარს, მიყვარს სულ. მაწყენინებს - მიყვარს, მიმატოვებს - მიყვარს, გარდაიცვლება - მიყვარს, ზურგს შემაქცევს - მიყვარს, დამაიგნორებს - მიყვარს, ხელს გამიშვებს - მიყვარს, გამექცევა - მიყვარს... ალბათ ბევრად ადვილი იქნებოდა, გადაყვარება რომ შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია. რაც შეეხება ცვლილებებს, იმ აზრზე ვარ, რომ ცვლილებები საჭირო და აუცილებელია. ვერ შევეგუები ისეთ ცხოვრებას, სადაც ჩემი გემის კაპიტანი მე არ ვიქნები...

- ოჯახი, როგორც სულიერი ნავსაყუდელი...

- ჩემთვის ოჯახი ყველაფერია. უდიდესი სტიმულია ჩემი შვილების ანთებული თვალები, მეუღლის გულშემატკივრობა ყველგან და ყველაფერში, მშობლებისა და ძმის უსაზღვრო სიყვარული. ოჯახის გარეშე, ამ ადამიანების გარეშე ასეთად ვერ ვიქცეოდი. იმის ჩრდილიც ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ...

 

478
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

999
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

999
მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი 90: ტოტალური აზროვნების სიმარტივე

299
(განახლებულია 16:58 15.09.2020)
ადამიანი სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგან...

დღეს უდიდეს ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ დიდი მოაზროვნის გამონათქვამებს „Sputnik–საქართველოს“ სერიიდან „აზრების ფოიერვერკი".

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი

მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.

მამარდაშვილი 1930 წელს დაიბადა გორში. მან 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალი „ვოპროსი ფილოსოფიის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

1990 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ქართველი ფილოსოფოსი მოსკოვის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის თბილისში გამოფრენას აპირებდა.

• თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა, თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც.

• ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>

• ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.

• შეგიძლია ისე მოკვდე, რომ ვერასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი…

• ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…

• ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა.

სიბრძნე სამართლიანობის გარეშე და უდიდესი თავისუფლების შედეგი - ტირანია>>

• ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

• ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისგან.

• ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

• ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.

„სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე>>

• არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.

• ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან.

• მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

• ფილოსოფია — ესაა განსჯა სიკვდილის შესახებ.

• სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივი, სწორედ იმიტომ, რომ არის დანაშაულის სისავსე, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლებიანი, ესე იგი, თავისუფალი.

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

• არჩევანის პრობლემას თავისუფლების პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავისუფლება — ეს ფენომენია, რომელსაც ადგილი აქვს იქ, სადაც არანაირი არჩევანი არაა. თავისუფლება არის რაღაც, რაც თავის თავშივე მოიცავს აუცილებლობას… რაღაც, რაც თავისი თავის აუცილებლობას წარმოადგენს, არის კიდეც თავისუფლება.

• ფილოსოფიაში თავისუფლებას შინაგანი აუცილებლობა ეწოდება. თავისი თავის აუცილებლობა.

299
პეიზაჟი

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 21–27 სექტემბერი

0
(განახლებულია 22:47 19.09.2020)
სექტემბერიც მალე მიილევა. ასტროლოგები მოგვითხრობენ, როგორ იმოქმედებენ ღამის მანათობლები ამ პერიოდში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ.

ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ჩვეულებრივზე ნაკლები ძალა და მოტივაცია ექნება, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. თითოეულ ნიშანს ძალისა და ენერგიის თავისი წყარო აქვს. ასტროლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ჩვენი ფარული რეზერვები, რათა მანათობლების ნეგატიურ ზემოქმედებას გავუმკლავდეთ.

ვერძი

ვერძებს არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ, რადგან საქმე ბევრი გექნებათ და ხშირად მათი კონტროლი გაგიჭირდებათ. რაღაც მომენტებში შეიძლება დაიბნეთ კიდეც.

მოგიწევთ მოთმინებით აღჭურვა და ამასთან ფრთხილად მოქმედება. ასეთ რიტმში მუშაობა გიჭირთ, რადგან სწრაფად გინდათ წარმატების მიღწევა ყველაფერში, მაგრამ ახლა არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა თქვათ დაუფიქრებელი ფრაზები. ამან, შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ყველაფერი გააცამტვეროს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23 და 24 სექტემბერს.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

კურო

კუროებს ტოქსიკურ ადამიანებთან გელოდებათ შეხვედრები, ასევე უსიამოვნებები სამსახურში ან საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ აურას გაასუფთავებთ. საუკეთესო ხერხია, არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, რადგან ფიქრი ცუდ რამეებზე ცნობიერებას აბინძურებს და იღბალს დევნის. თუ შინაგანად მისცემთ თავს ბედნიერების უფლებას, ფორტუნაც არ დააყოვნებს.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები იქნება პარასკევი და უქმეები. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან. შაბათ–კვირას გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ, ან სულაც არაფერი გააკეთოთ – ეს თქვენს ნება–სურვილზეა დამოკიდებული.

ტყუპი

სექტემბრის ბოლოს ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მეტოქეებისა და კონკურენტების ფხიზლად შეფასება. არ ღირს არაკეთილმოსურნეების არასათანადოდ შეფასება – მათ შორის, შესაძლოა, ძალზე ეშმაკი ადამიანები აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, მნიშვნელობის მხრივ ის ფინანსურ სფეროს არ ჩამორჩება. მარტოხელა ტყუპებმა სიყვარულის მიზიდულობის ოქროს წესებს უნდა მისდიოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, გამოიჩინეთ მის მიმართ მეტი ყურადღება და სიკეთე.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

კირჩხიბი

კვირის პირველი ორი დღე ძალზე დაძაბული და რთული იქნება. თუნდაც არაფერი ცხოვრებისეული გაუგებრობა და უსიამოვნება არ გელოდებოდეთ, მაინც მოსალოდნელია, რომ დათრგუნული განწყობა და აპათია დაგეუფლოთ. ოთხშაბათს ვარსკვლავების განწყობა აღდგება და კვირის ბოლომდე პოზიტიური დარჩება.

ეს იქნება შესანიშნავი პერიოდი დასვენების, გარემოს გამოცვლის, მოგზაურობისა და შოპინგისთვის. შეგიძლიათ ფულის თამამად დახარჯვა გართობაზე, თვითგანათლებაზე. კვირის ბოლოს დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სარბიელზე. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი გაქვთ – მოიმატებს თქვენი ქარიზმა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ისინი ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უსიამოვნებების მოგვარებას შეძლებენ.


ლომი
გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, იყავით ის, ვინც ხართ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეასრულოთ სხვისი როლი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე, ხელმძღვანელობაზე ან მეგობრებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ბევრად მნიშვნელოვანია, დარჩეთ პატიოსანი, გულღია და გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარებისთვის მზადმყოფი. ასეთ ლომს გარშემომყოფები ნამდვილად დააფასებენ.

ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. იღბლიანი იქნება კვირა მომსახურების სფეროში მომუშავე ლომებისთვის. გაითვალისწინეთ გარშემომყოფი ადამიანების ინტერესები. კვირის ყველაზე პროდუქტიული დღეებია 23, 24 და 25 სექტემბერი.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

ქალწული

21 სექტემბერს, სჯობს, სამუშაოზე თუ სახლში მოერიდოთ გაუგებრობებსა და პრობლემებს. ვარსკვლავები და პლანეტები მცირე დისონანსში იქნებიან, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ცხელ გულზე. ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

არ ღირს იმის დანგრევა, რასაც უკვე მიაღწიეთ. არ იჩხუბოთ მეგობრებთან, არ გაწყვიტოთ საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობები. ეს ეხება არა მხოლოდ ორშაბათს, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს. სჯობს, მოიცადოთ, კარგად დაფიქრდეთ და ვნებები რომ ჩაცხრება, შემდეგ ობიექტურად შეაფასოთ არსებული ვითარება.

სასწორი

სასწორებს ამ კვირაში, შესაძლოა, ისეთი უარყოფითი გრძნობები მოგეძალოთ, როგორიცაა შური, ბრაზი, წყენა ან ეჭვიანობა. ახლა მთავარია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, გააანალიზოთ თითოეული აზრი და ნებისმიერი მოქმედება.

არა აქვს აზრი აჩქარებას. ვარსკვლავები და პლანეტები მშვიდი სასწორების მხარეს არიან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ორომტრიალის გარეშე შეუძლია. ეს ის დროა, როცა საჭიროა გარშემომყოფების, განსაკუთრებით ყველაზე ახლობელი ადამიანების რჩევების მოსმენა. ეს სასურველია მას მერეც, რაც ხელსაყრელი პერიოდი დადგება თქვენთვის – 25 სექტემბრიდან.

სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი>>

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა პოზიტიური და იღბლიანი იქნება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. შეგიძლიათ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი იდეების განვითარება ბიზნესში, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მივლინებაში წასვლა.

სიყვარულში დიდი წარმატებები ელოდება თამამ და გაბედულ მორიელებს, რომლებიც მიჩვეული არ არიან ლოდინს. საჭიროა ადამიანების დამოუკიდებლად გაცნობა, სიმორცხვის ან მერყეობის დაძლევა. ეს ის დროა, როცა ინიციატივისა და სითამამის წყალობით ცხოვრების სიყვარული შეიძლება იპოვოთ. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, მათთვის რეკომენდებულია ერთობლივი საქმიანობა.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ორშაბათსა და შაბათს ცუდ განწყობაზე იქნებიან. მოგიწევთ შიშებთან, განგაშთან და აკვიატებულ აზრებთან ბრძოლა. დანარჩენ დღეებში ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კვირა დღე, რომელიც კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღე გახდება.

ამ დღეს შეგიძლიათ შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. იყავით გულღია ახლობლებთან, ესაუბრეთ მათ საკუთარ გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები. ისინი მიხვდებიან, რომ მათ ენდობიან და აფასებენ მათ აზრს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

თხის რქა

თხის რქებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 21–25 სექტემბერს ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან და დაგეხმარებიან მეორე ნახევრის პოვნაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკეთესობისთვის განეწყოთ.

სამუშაო დღეებში ასევე სასურველია, მეტი ურთიერთობები გქონდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან. შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმრები, მოაწყოთ მცირე ზეიმი–დღესასწაული. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მიხედოთ და დრო სიმშვიდეში გაატაროთ; არ იფიქროთ სამუშაოზე, პრობლემებზე და კვირის სასიამოვნო დღეები არ დაამძიმოთ.

მერწყული

მერწყულებმა ეს კვირა სულიერ განვითარებასა და ახალი ცხოვრებისეული მიზნების დასახვას უნდა მიუძღვნათ. არ ღირს ბრძნული რჩევების უგულებელყოფა. შეგიძლიათ იზრუნოთ თვითგანვითარებაზე, ცოდნის მიღებაზე, ასევე წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ შემეცნებით გადაცემებს.

ვისაც ამ კვირის მსუბუქად და მოდუნებულად გატარება სურს, ისინი მომავალში, სავარაუდოდ, სირთულეებს წააწყდებიან. ყველაზე რთული დღეებია 22 და 23 სექტემბერი. სამშაბათსა და ოთხშაბათს აჯობებს, თუ არ გადაიღლებით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. პარასკევსა და შაბათს ფორტუნა გაგიღიმებთ – ამ დღეებში შეიძლება ახალი საქმის დაწყება.

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები შესანიშნავ განწყობაზე არიან, რაც თქვენს იღბალსა და მოტივაციაზე აისახება. ამ კვირაში შესაძლებელია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება. კარგი იქნება, თუ საკუთარ ძალებს ერთი მიზნის მიღწევისკენ მიმართავთ, რადგან სხვადასხვა მიზანზე გამოდევნება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.

სიყვარულსა და ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ ტყუილუბრალოდ კონფლიქტი არ დაიწყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, აპატიოთ გარშემომყოფებს. კვირის დასაწყისი ძალიან კარგი დროა მივლინებისთვის, ხოლო კვირის ბოლო – სახლის დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

0