დათო ქრისტესიაშვილი

„შშმ პირისთვის ყველაფერი მარტივი არ არის“ დათო ქრისტესიაშვილის წარმატების ფორმულა

573
(განახლებულია 19:13 25.08.2020)
მებრძოლი ხასიათის გამო გარდაბანში მას ბევრი იცნობს. არადა, თავიდან იყო იმის საშიშროება, რომ სხვის დაუხმარებლად გადაადგილებასაც ვერ შეძლებდა.

დათო ქრისტესიაშვილი რეალობას თავიდანვე არ დანებდა. ბავშვობიდან მასში ჩადებული კოდი, რომ მამასავით ჯარისკაცი გამხდარიყო, ცხოვრების პერიპეტიების გადასალახად ამუშავდა. როდესაც მკურნალობამ შედეგი გამოიღო, იქიდან მოყოლებული არ გაჩერებულა.

გაიარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტრენინგები, მათ შორის გაეროს ასოციაციაში. დღეს ოფიციალურ სამსახურშია – გარდაბნის საკრებულოს მთავარი სპეციალისტია და პარალელურად ბევრ პროექტს ახორციელებს.  

დათო ქრისტესიაშვილი
დათო ქრისტესიაშვილი

- დათო, შენთან საუბარი მინდა ადრეული წლებიდან დავიწყოთ, როგორი ბავშვობა გქონდა?

- დავიბადე გარდაბანში 1999 წლის 26 თებერვალს, დავამთავრე გარდაბნის პირველი საჯარო სკოლა. რთული ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ შშმ პირი ვიყავი და ბავშვობის უმეტესი დრო გავატარე ექიმებთან სიარულში და სავარჯიშო ოთახებში, რათა საკუთარი ფეხით მევლო, ვიღაცის იმედად არ ვყოფილიყავი და ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს სხვა არ შემეწუხებინა. ამდენმა ვარჯიშმა და ოპერაციამ გაამართლა და შედეგი გამოიღო. ჩემი მხიარული ბავშვობა იწყება მეორე კლასიდან, როდესაც ჩემი ფეხით, ყველასგან დამოუკიდებლად გავიარე.

- ანუ შენთვის ეს ფაქტორი, პირიქით, სტიმული გახდა იმისთვის, რომ მეტი გეკეთებინა?

- ჩემი აზრით, ეს უფრო სტიმული გახდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

- იმ დღიდან მოყოლებული რაზე ოცნებობდი?

- როცა ჩემს თანატოლებთან ერთად დავიწყე თამაში და გართობა, უმეტესობა მაინც ისე მიყურებდა როგორც შშმ პირს. მათ თვალში ყოველთვის ვიყავი განსხვავებული და ასეთი განსხვავება არ მინდოდა. ბავშვობიდან მოყოლებული იმაზე ვოცნებობ, რომ ყველა ადამიანივით ვიყო. ყველაზე დიდი ოცნება ის მქონდა, რომ მამასავით ჯარისკაცი ვყოფილიყავი, რადგან სამშობლოს დამცველი ყველა ჯარისკაცი მეამაყება.

დათო ქრისტესიაშვილი
დათო ქრისტესიაშვილი

- როგორც ჩანს, მიაღწიე კიდეც, სკოლის შემდეგ სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩევი. არასამთავრობო სექტორში როდის ჩაერთე?

- არასამთავრობო ორგანიზაციებში 2014 წლიდან ჩავერთე. ჩემი პირველი კოორდინატორის, ვირჯინია სტორუენტოს დამსახურებაა ის, რომ ასეთი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ჩემს წარმატებაში ასევე დიდი წვლილია ჩემი ძმის და მეგობრის დიმიტრი თამაზაშვილის, მათი დღემდე მადლიერი ვარ.  

- საკრებულოში როდის დაიწყე მუშაობა?

- საკრებულოში მუშაობა 2018 წელს დავიწყე. ძალიან მადლიერი ვარ საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ ტარიელ ჯანხოთელის, რომლის დახმარებით ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე ავედი, მან უფრო მეტი ცოდნის მიღების საშუალება მომცა.

ერთ-ერთი აქტივობის დროს
ერთ-ერთი აქტივობის დროს

- გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრში ხარ დასაქმებული...

- დიახ, დასაქმებული ვარ გარდაბნის საკრებულოში, სადაც მთავარი სპეციალისტი ვარ. PITA-ს წევრი ვარ, რომელიც პირადად ჩემი მონაწილეობით გაკეთდა. ერთ-ერთი აქტივობის დროს თერაპიულ ცენტრში მივედით და ბავშვებისთვის ბევრი ტკბილეული მივიტანეთ. შშმ პირებისთვის გარდაბანში არის თერაპიული ცენტრი, სადაც ბევრი შშმ პირია, ისინი ძალიან თბილი და მშრომელი ადამიანები არიან.

სიგელის გადაცემის დროს
სიგელის გადაცემის დროს

- პირველი წარმატებული პროექტი რომელი იყო?

- ჩემი პირველი პროექტი იყო სრულყოფილი ბიბლიოთეკა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან გამოადგა ქალაქს. საერთოდ ჩემი ყველა პროექტი მომავალი თაობის ცოდნის სრულყოფისკენ არის მიმართული. მე გავიარე გაეროს ასოციაციაში ტრენინგები, რის შემდეგაც მონაწილეობა მივიღე გაეროს კონფერენციაში, რომლის დელეგატი ვიყავი. იმ კონფერენციით ძალიან კმაყოფილი ვარ. იქიდან მოყოლებული ბევრი დიპლომი მაქვს აღებული. შევისწავლე იურიდიული კანონები და ადამიანის უფლებები, რის შემდეგაც წარმატებით გავიარე ტესტირება და იურიდიული დიპლომიც გადმომეცა.

დათო ქრისტესიაშვილი
დათო ქრისტესიაშვილი

- შენი აზრით, რა არის ცხოვრებაში მთავარი?

- ცხოვრებაში მთავარია, რომ არ დანებდე. მე ბევრჯერ დავეცი და უკან დავიხიე, იმიტომ რომ შშმ პირისთვის ყველაფერი მარტივი არ არის. თანაც იმის შიშიც გაქვს, რომ დაიკარგები. თუ გინდა რამეს მიაღწიო ცხოვრებაში, ყველა შანსი უნდა გამოიყენო, დაეყრდნო საიმედო ადამიანებს და მათი დახმარებით ცხოვრების მორიგ საფეხურზე ასვლა შეძლო. ვოცნებობ, რომ ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, სხვა არაფერს, მართლა...

 

573
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

568
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

568
მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი 90: ტოტალური აზროვნების სიმარტივე

289
(განახლებულია 16:58 15.09.2020)
ადამიანი სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგან...

დღეს უდიდეს ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ დიდი მოაზროვნის გამონათქვამებს „Sputnik–საქართველოს“ სერიიდან „აზრების ფოიერვერკი".

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი

მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.

მამარდაშვილი 1930 წელს დაიბადა გორში. მან 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალი „ვოპროსი ფილოსოფიის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

1990 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ქართველი ფილოსოფოსი მოსკოვის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის თბილისში გამოფრენას აპირებდა.

• თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა, თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც.

• ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>

• ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.

• შეგიძლია ისე მოკვდე, რომ ვერასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი…

• ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…

• ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა.

სიბრძნე სამართლიანობის გარეშე და უდიდესი თავისუფლების შედეგი - ტირანია>>

• ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

• ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისგან.

• ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

• ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.

„სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე>>

• არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.

• ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან.

• მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

• ფილოსოფია — ესაა განსჯა სიკვდილის შესახებ.

• სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივი, სწორედ იმიტომ, რომ არის დანაშაულის სისავსე, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლებიანი, ესე იგი, თავისუფალი.

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

• არჩევანის პრობლემას თავისუფლების პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავისუფლება — ეს ფენომენია, რომელსაც ადგილი აქვს იქ, სადაც არანაირი არჩევანი არაა. თავისუფლება არის რაღაც, რაც თავის თავშივე მოიცავს აუცილებლობას… რაღაც, რაც თავისი თავის აუცილებლობას წარმოადგენს, არის კიდეც თავისუფლება.

• ფილოსოფიაში თავისუფლებას შინაგანი აუცილებლობა ეწოდება. თავისი თავის აუცილებლობა.

289
მეწყერი ონში

ქედაში მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა

0
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში