ნესი დანიელი

„როცა პირველად გავიარე ძველ იაფოში, მივხვდი, ეს იყო ჩემი თბილისი“ ნესი დანიელის ოცნება

2074
(განახლებულია 20:29 17.08.2020)
ეს მასალა იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ბავშვობის ოცნებები აუცილებლად ახდება, თუ „საჭირო დროს საჭირო ადგილზე“ აღმოჩნდები და ამასთან მათ ასრულებას ცდასაც არ დააკლებ...

ჩვენი რესპონდენტი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, მასთან ერთად ამ ქვეყანაშივე „გაჩნდა“ მისი ოცნებაც, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ისრაელში აისრულა...

თუ რა გზა გაიარა ამ ქალბატონმა ნესტან მენთეშაშვილიდან ნესი დანიელამდე და როგორ შექმნა დღეს ასე პოპულარული თავისივე სახელობის ბრენდი, ამის შესახებ მასალაში შეიტყობთ.

ნესი დანიელი
ნესი დანიელი

- ქალბატონო ნესი, როგორია თქვენი თბილისური ბავშვობა და მოგონებები, რომლებიც დღემდე თქვენთანაა?

- ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, სავსე სილაღით, სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით. ალბათ ძალიან გამიმართლა იმაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემს გონებაში დღემდეა ჩაბეჭდილი ეს სასიამოვნო შეგრძნებები. დღეს ვინც ვარ და რასაც წარმოვადგენ, იმ ადამიანების გარემოცვისა და სიყვარულის გარეშე არ იქნებოდა. უზომოდ მადლიერი ვარ უფლის, იმის გამო, რომ ქართველი ვარ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ისრაელში ხშირად იღებენ ჩემგან ინტერვიუს, სადაც ამას ყოველთვის აღვნიშნავ. მეამაყება ჩემი ქართველობა. საქართველოში დღემდე მყავს მეგობრები, ამ მეგობრობას და სიყვარულს მანძილი და დრო ვერ მოერია…

ნესი დანიელი
ნესი დანიელი

- გაიხსენეთ ისრაელში ასვლის პირველი დღე, თქვენი შეგრძნებები და პირველი შთაბეჭდილება...

- ისრაელში 2001 წლის 31 ივლისს ჩამოვედი. დღემდე მახსოვს, რომ ეს იყო იმედის, სიხარულისა და შიშის შეგრძნება. როცა პირველად გავიარე ძველ იაფოში, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი თბილისი… რამდენიმე წელი უზომოდ მიჭირდა შევჩვეოდი აქაურობას, ენას, მენტალიტეტს, ადამიანებს. დიდხანს ვოცნებობდი უკან დაბრუნებას, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ეს შეუძლებელი იყო.

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- ოჯახი ძალიან ადრე შექმენით, მეათე კლასში იყავით...

- დიახ, ჩემი ყოფილი მეუღლე როცა გავიცანი, 15 წლის ვიყავი, ის კი 16-ის იყო. ეს იყო საოცარი და ლამაზი სიყვარული, ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე და მეგობრები რომეოს და ჯულიეტას გვეძახდნენ. როცა გავიპარეთ, მეათე კლასში ვიყავით, სექტემბრის დასაწყისი იყო. მე მამა და ბებია მზრდიდნენ. 13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. დღემდე ვერ ვხვდები ეს თამამი ნაბიჯი მაშინ როგორ გადავდგი, მაგრამ მაშინ ჩემ გარშემო ასეთი შეუღლება იმ დროს ძალიან აქტუალური იყო. შემდეგ საღამოს სკოლა დავამთავრე.

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- საკუთარ შესაძლებლობებში როდის დარწმუნდით?

- იმისთვის, რომ საკუთარი თავი მეპოვა და ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი, ისრაელში დიდი და მძიმე გზა გავიარე. გარდა იმისა, რომ დედა და მეუღლე ვიყავი, არასდროს მიფიქრია, რომ სხვა რამე შემეძლო. თუმცა ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ჩემი სამკაულების ხაზი მქონოდა, მაგრამ წლებმა ეს ოცნება ჩააქრო. ერთხელაც სრულიად მოულოდნელად მერგო დიდი პატივი, რომ საიუველირო კომპანიის დირექტორი გავმხდარიყავი.

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- როგორ აიხდინეთ ბავშვობის ოცნება?

- როდესაც პირველად შევეხე სამკაულებს, ვერ მწყვეტდნენ, ისეთი სიყვარულით ვალამაზებდი ვიტრინებს. ყველას და მათთან ერთად მეც მიკვირდა, რადგან არსად მქონდა ნასწავლი, ასე კარგად რატომ გამომდიოდა? და, აი, მაშინ იფეთქა პატარა ნესტანის ოცნებამ, რომელიც დამარხული იყო. მისი ოცნება მე, უკვე როგორც ნესი დანიელმა ავასრულე. ძალიან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რადგან მან საკუთარი თავი მაპოვნინა…

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- დღეს საკუთარი სამკაულების ბრენდი გაქვთ, რა სახის სამკაულებს ამზადებთ, რა მასალისგან და ვინ არიან თქვენი ძირითადი შემკვეთები და მომხმარებლები?

- ჩემი სამკაულები ვერცხლისგან მზადდება და ბუნებრივ ქვებს ვიყენებ. ორი ხაზი მაქვს ძირითადი, რომელიც მხოლოდ ვერცხლისგან მზადდება. არის გადათამაშება რამდენიმე ფერის – შავის, თეთრის და ოქროსფერის. ექსკლუზიურ ხაზში კი აქცენტს ქვებზე ვაკეთებ. ჩემი ძირითადი მომხმარებლები აქაური ქალბატონები არიან, მეტი წილი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წამოსული ემიგრანტია.

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- თქვენი ბრენდი სხვადასხვა ქვეყნებშია ცნობილი…

- ჩემს სამკაულებს ვყიდი უკრაინაში, გერმანიაში, კანადაში და მქონია შემთხვევები ამერიკაშიც გამიყიდია. მაქვს ოთხი სტილური ხაზი: კლასიკური, რომანტიკული, ყოველდღიური და ტრენდული. ასე რომ, ნებისმიერ ქალბატონს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მისი სამკაული ჩემს კოლექციაში იპოვოს...

ნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი

- დღეს, როცა ბავშვობის ოცნება აისრულეთ, რაში ხედავთ ბედნიერებას?

- ბედნიერება არის სიყვარული და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია...

 

2074
სალომე ხოტივარი

მხატვარ-ილუსტრატორის „ცენზორები“ და სამი სახლი, როგორც სიმბოლური კავშირი ბავშვობასთან

542
(განახლებულია 15:23 22.09.2020)
ნიჭიერი მხატვარ-ილუსტრატორის სალომე ხოტივარის დღევანდელი საქმიანობა დასტურია იმისა, რომ ნიჭი თუ გაქვს, ადრეულ წლებში მიღებული ნათელი შთაბეჭდილებები ერთ დღეს აუცილებლად იქცევა ხელოვნებად – პერსონაჟებად, რომელთაც ქვეყნად ყველაზე მკაცრი შემფასებელი – ბავშვები ჰყავს.

ილუსტრატორობაზე თავიდანვე ოცნებობდა. მისი პირველი სერიოზული შეკვეთა გამომცემლობა „ელფის“ 200 გვერდისგან შემდგარი „ქრესტომათია" იყო. წლების მანძილზე საბავშვო დიზაინერი იყო ჟურნალში „საბავშვო კარუსელი". არაერთი საინტერესო საბავშვო პერსონაჟი შექმნა და დახატა. სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი აქვს.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- სალომე, იყო საბავშვო ილუსტრატორი, ალბათ გაცილებით რთულია, რადგან ამისთვის მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ასეა?

- დიახ, ასეა. პირველ რიგში, საბავშვო ილუსტრატორი ვერ გახდები, თუ არ გიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და თამაშიც კი. რაც მთავარია, გულწრფელად უნდა შეგეძლოს მათი მოსმენა, ბავშვების მსგავსად გაიგო და იაზროვნო, რომ სწორედ ისე აღიქვა სამყარო, როგორც ისინი აღიქვამენ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ანუ დღეს აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ...

- დიახ, აკადემიაში ჩაბარებაც სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ დავუფლებოდი პროფესიას, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა, ანუ საბავშვო ილუსტრატორობას. ჩემი ამჟამინდელი ოცნების ასრულებაში დიდი როლი დედის გარდა ბებიამ და ბაბუამ ითამაშეს. ბებო, ლიანა ციცქიშვილი ხშირად მიყვებოდა მის მიერ გამოგონილ ზღაპრებს, რომლის სიუჟეტები არასოდეს მეორდებოდა. ჩემი ფანტაზია იმ ზღაპრებით დღემდე საზრდოობს...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- თქვენი საყვარელი ბავშვობისდროინდელი პერსონაჟი რომელი იყო?

- ეს იყო ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა, სხვათა შორის, ბავშვობაში მეც წითური და ოდნავ ჭორფლიანი ვიყავი. კიდევ „დაჩის ზღაპრები“ და ძმები გრიმებიც ძალიან მიყვარდა. წიგნებში ილუსტრაციებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი. დედა თბილისში მუშაობდა. მისი გავლენაა, რომ წიგნები მიყვარდა, ჟურნალ „დილის“ თითქმის ყველა გამოშვება მქონდა. დედამ მიმიყვანა პირველად ზესტაფონში არსებულ გალერეაში, მას სხვა სახელი არ ჰქონდა, ყველა გალერეას ეძახდა. ჩემი პირველი პედაგოგი ქალბატონი ირინა ნებიერიძეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- პირველი სამუშაო გამოცდილება სად მიიღეთ?

- ბევრი წელი ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთ დღესაც, რვა წლის მუშაობის შემდეგ, სამუშაო ადგილი დავტოვე იმის გამო, რომ მეკეთებინა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მიყვარს. საკმაოდ ბევრი წელი საბავშვო დიზაინერიც ვიყავი ჟურნალში “საბავშვო კარუსელი", რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ უშვებს, თუმცა მივხდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ილუსტრატორობაა.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- რომელია პირველი საბავშვო წიგნი თქვენი ილუსტრაციებით?

- ჩემი პირველი ილუსტრირებული წიგნი გამომცემლობა „ელფმა" გამოსცა, რედაქტორი თინა დიდებულიძე გახლდათ. ეს იყო პირველი გამომცემლობა, რომელმაც საკმაოდ დიდი წიგნი, 200 გვერდისგან შემდგარი “ქრესტომათია" ჩამაბარა. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე და ამ პროფესიაში გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ბავშვებზე თუ ტესტავთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბავშვების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ჩემი ნახატები მათი განხილვის გარეშე მთავარ დამკვეთამდე არასოდეს მიდის. ბავშვების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისიც, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. ერთხელ სხვისგან გავიგე, თუ რა აზრის არიან ჩემზე: „სალომე, დედაჩემის დაქალი, ძალიან მკაცრია, მაგრამ სამართლიანიო“. მართლაც ასეა: რამდენადაც კარგად ვარ ბავშვებთან, იმდენად არ მიყვარს ხოლმე, თუ რაიმე ზღვარს გადადიან. მე ექვსი ნათლული მყავს, ახლა მეშვიდეს ველოდები. სხვებსაც აღუნიშნავთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის. ჩემი ნათლულებიდან ბევრი გაიზარდა და დღეს თინეიჯერები არიან, პატარებს კი აინტერესებთ, რასაც ვაკეთებ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- კონკრეტული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- მინდა ერთი გოგონა ვახსენო. წელს ზღვაზე ვიყავი მასთან ერთად და ამ გოგოს საქციელი და სიტყვები შოკში მაგდებდა. როდესაც ვმუშაობდი ჩეხოვის „კაშტანკაზე“, რომელიც „პალიტრა L“-ის გამომცემლობის შეკვეთაა, ის გოგონა სახლში მყავდა და, შეიძლება ითქვას, მისი „მითითებებით“ შევქმენი ეს გმირი, რომელიც გაახმოვანა კიდეც.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- ხშირად ილუსტრატორები ანიმაციაში გადადიან, თქვენ თუ გაგჩენიათ მსგავსი სურვილი?

- ჩემთვის როგორც ილუსტრირება, ასევე ანიმაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. სულ ახლახან ჩავერთე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელზეც ღიად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვება ადამიანს ბავშვობიდან და თქვენ შემთხვევაში რა არის ასეთი?

- ჩემ შემთხვევაში ასეთი გულწრფელობა და ბუნების სიყვარულია, იმერეთის სიყვარული. ჩემი როგორც მხატვარ-ილუსტრატორის გამოძერწვა სწორედ იქ და მაშინ დაიწყო. ამის მიზეზი ბავშვობაა, სადაც ადამიანი იზრდება და საიდანაც სულიერ საზრდოს იღებს. მე უკვე ორ წელზე მეტია, რაც აღარ მყავს ბებო, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და უმისობას ძლივს მივეჩვიე. სიცოცხლეში სულ მთხოვდა ხოლმე, რომ მისთვის დიდი ნახატი დამეხატა. პანდემიის დროს იმერეთში ვიყავი ჩასული და გვიან, მაგრამ მაინც შევუსრულე ბებოს თხოვნა – დავხატე სამი პატარა სახლი, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ სამნი ვართ: მე, დედა და ბებო...

542
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

1440
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

1440
მოსამართლის ჩაქუჩი

წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა: ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

0
(განახლებულია 20:19 22.09.2020)
მკვლელობა წნორში მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ბოროტმოქმედი მომდევნო 16 წელს ციხის საკანში გაატარებს.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში საკუთარი დეიდის განზრახ მკვლელობისთვის და მისი ქუთვნილი ძვირფასეულობისა და ფულის ქურდობისთვის ბრალდებული 26 წლის ილია გურაშვილი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის ნაკრძალში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს >>

პროკურატურის ცნობით, მამაკაცს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

წნორში მკვლელობა 2 იანვარს მოხდა. ილიკო გურაშვილმა საკუთარი დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა დისშვილმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

გამოძიების მიხედვით, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მკვლელობა მიმდინარე წლის 2 იანვარს მოხდა. ილია გურაშვილმა საკუთარ დეიდას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

„ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.   

სამართალდამცველებმა გურაშვილი ცხელ კვალზე, 3 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ბრალი აღიარა. ჩხრეკისას მას მოპარული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა აღმოაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 177-ე (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში