სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeვეფხია სამსონიძე
ვეფხია სამსონიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში, სადაც ენთუზიაზმი უკვე გაცვეთილი სიტყვა გახდა, როცა თავის საქმეზე გულწრფელად შეყვარებულ, პატრიოტ ადამიანს გადაეყრები, სურვილი გიჩნდება, რომ ის ყველას გააცნო, ხოლო ვინც იცნობს, მათ კიდევ ერთხელ შეახსენო მისი საქმიანობა.

საუბარია ტყიბულელ ჟურნალისტზე, ოპერატორსა და პოეტზე ვეფხია სამსონიძეზე. თავიდან ადგილობრივ გაზეთებში თანამშრომლობდა შტატგარეშე კორესპონდენტად. გაზეთში „ხვალინდელი დღე“ მისი 500-მდე სტატია გამოქვეყნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ტყიბულის ადგილობრივ ტელევიზიაში. 1997 წლიდან ტელეკომპანია „ოკრიბას“ ჟურნალისტი და ოპერატორი იყო. 1997 წელს გაიარა „ინტერნიუსის“ სემინარები და გადაწყვიტა, რომ თბილისში ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

მოგვიანებით პოეზიისადმი ბავშვობისდროინდელმა სიყვარულმა იჩინა თავი. 2017 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული „გამოიდარებს სიყვარულისთვის“.

ამჟამად მისი ინიციატივით სოციალური ქსელისა და YouTube-ის მომხმარებლებისთვის დაარსდა სატელევიზიო სტუდია „ტვ მემკვიდრეობა“. ბატონი ვეფხია იშვიათ საარქივო მასალებს ეძებს, პოულობს, ციფრულ ფორმატში გადაჰყავს და შემდეგ ინტერნეტში მაყურებელს უჩვენებს. ამ ძიებაში იშვიათ ვიდეოჩანაწერებსაც მიაგნო...

ბოლო დროს მის ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში სიახლეა: სულ რაღაც ათი დღის წინ აღდგა და ეთერში გავიდა 2012 წელს მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივით შექმნილი „ქართული ტვ“. ამჯერად ახალი სახეებით, საავტორო გადაცემებითა და, რაც მთავარია, ისევ ქართული სულისკვეთებით. ბატონი ვეფხია, ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ ტელევიზიის პროფესიონალთა რიგებში მიიღეს.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeვეფხია სამსონიძე
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
ვეფხია სამსონიძე

- ბატონო ვეფხია, საუბარი დავიწყოთ თქვენ მიერ შექმნილი სტუდიით, რას ემსახურება ის?

- თავიდანვე გეტყვით, რომ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებ იმ საქმის კეთებას, რაც აქამდე მიკეთებია. ჩემს მშობლიურ ტყიბულში, საკაბელო ტელევიზიაში ბოლომდე არ მომცეს მუშაობის საშუალება, ამიტომ ამ დრომდე დამოუკიდებლად ვაკეთებდი ყველაფერს. ნულიდან და მწირი ტექნიკით დავიწყე მუშაობა ჩემს ტყიბულელ მეგობართან მზეჭაბუკ არსენიძესთან ერთად, რომელიც ტყიბულის საქალაქო კულტურის ცენტრში მუშაობს. მას მრავალი წელია ვიცნობ. ის ამ ქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოპოვებაში დამეხმარა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. ბევრი სირთულის გამო უკან დახევა არ მიფიქრია, რადგან ჩემთვის მთავარია ის, რასაც ვაკეთებ. კარიერისკენ სწრაფვა არასოდეს მახასიათებდა და ყოველთვის ვცდილობდი, რომ საყვარელი საქმე მშვიდად მეკეთებინა, ახლაც ასეა.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeვეფხია სამსონიძე
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
ვეფხია სამსონიძე

- საარქივო მასალებს როგორ მოიპოვებთ?

- საარქივო მასალების მოძიება ტყიბულიდან დავიწყე. ნელ-ნელა ამ საქმიანობის მასშტაბებს გავზრდი. ძველ მასალებს ვეძებ ყველგან და ყველასთან. საკაბელო ტელევიზიის არქივში უნიკალური კადრები შემთხვევით აღმოვაჩინე და დღემდე გაოგნებული ვარ – როგორ გადაურჩა ისინი წაშლას. ამ მასალების გამომზეურებისთვის გადავწყვიტე, რომ YouTube-ზე სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ გამეხსნა. ამჟამად სტუდია ყოველდღე ჩემს განკარგულებაშია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის საინტერესო საარქივო მასალები, რაც მოიძიეთ?

- მინდა გავიხსენო უნიკალური ჩანაწერი, რომელიც ჩემთან ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა. ეს გახლდათ 1995 წელს ვახტანგ ბოჭორიშვილთან ჩაწერილი, სასწაულით გადარჩენილი უნიკალური ვიდეო, რომლის მფლობელს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა იყო მის სახლში. ჩემი ინიციატივით გაცოცხლდა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის არქივიდან 1996-1997 წლებში ჩაწერილი მეგობრული შეხვედრების ფრაგმენტები, რაც ამდენი წლის მერე არავის ჰქონდა ნანახი. ერთ-ერთ მეგობრულ შეხვედრაზე განუმეორებელი მედეა ძიძიგური მღერის. ახლა მის შვილს მინდა მივაწოდო ეს კადრები, რადგან, ვიცი, ძალიან გაუხარდება. სხვა ფრაგმენტებში გიგა ლორთქიფანიძე მღერის და ჯანსუღ ჩარკვიანი თამადობს. ეს ფრაგმენტი თაკო ჩარკვიანს მივაწოდე, რითიც გაკვირვებული და გახარებული დარჩა. შემთხვევით ჩამივარდა ხელში ფრანგული დოკუმენტური ფილმის კადრები, რომელიც კასეტებზეა და 1993 წელს საფრანგეთში გამოიცა. ყოველი ასეთი აღმოჩენა ჯერ მაოგნებს და შემდეგ ბედნიერებას მანიჭებს. ასე რომ, ძიება ყოველთვის ღირს. ზოგს, შესაძლოა, შეშლილი ვეგონო აკვიატებული აზრებით, მაგრამ მე ვიცი რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი აღმოჩენებიც მექნება.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeირმა სოხაძესთან ერთად
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
ირმა სოხაძესთან ერთად

- ფაქტობრივად ძველ ჩანაწერებს ახალ სიცოცხლეს აძლევთ...

- ასე გამოდის, რადგან მოძიებული საინტერესო მასალები, რომლებიც ვიდეოკასეტებზეა, ციფრულ ფორმატზე გადაგვყავს და ამ გზით ამ ჩანაწერების გადარჩენა-განახლება ხდება. ადრე კასეტები ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ჩემ მიერ გადაღებული სპექტაკლი შავგულიძის თეატრში თავის დროზე ყველას გადავუწერე. ახლა, 22 წლის შემდეგ მე უნდა გამოვართვა ის რეჟისორს, რადგან მანამდე კასეტის შეძენა ვერ მოვახერხე. ბედის ირონიაა, რომ საკაბელოს არქივიც ჩემთან მოხვდა ორი ათეული წლის შემდეგ.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeგოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად

- სატელევიზიო სივრცეში გასული თქვენი საინტერესო გადაცემები გაიხსენეთ...

- დიდ ტელევიზიებსა და გაზეთებში არასოდეს მიმუშავია და სურვილიც არ მქონდა. ვიყავი ტელეკომპანია „ოკრიბას“ ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა გადაცემათა ციკლზე „მონატრება“. მე ამ გადაცემის ოპერატორი ვიყავი, წამყვანი დავით ბეჟიტაშვილი იყო. უნიკალური გადაცემები მოვამზადეთ – ლეილა აბაშიძეზე, გივი ბერიკაშვილზე, თენგიზ არჩვაძეზე, დოდო ჭიჭინაძეზე, თემურ წიკლაურზე და სხვ. სხვათა შორის, ეს გადაცემები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და მათ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

- სულ ახლახან „ქართული TV“-ს კოლექტივს შეუერთდით...

- დიახ, ამჟამად „ქართული TV“-ს ოპერატორი და მემონტაჟე ვარ. ეს არხი სატელიტზე სილქნეთის სისტემაში და ინტერნეტ-სივრცეში 3 აგვისტოდან გადის ეთერში. ამჟამად პროგრამებზე ვმუშაობთ, რომ დავალაგოთ ბადე ეთერში გასაშვებად. ვცდილობ გავექცე ქუჩის ინტერვიუებს, სატელევიზიო საუბრებზეც უარი ვთქვი.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeვეფხია სამსონიძე
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
ვეფხია სამსონიძე

- ჟურნალისტობის სურვილი ბავშვობიდან გაგიჩნდათ?

– ჟურნალისტობის სურვილი მეათე კლასში გამიჩნდა. ბავშვობა და სკოლის წლები, რომელიც ტყიბულში გავატარე, ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. წერა მერვე კლასიდან მიყვარდა და ჩემი პირველი ჩანახატი „ტაძარი“ ჟურნალ „პიონერში“ 1983 წლის დეკემბერში დაიბეჭდა. ჟურნალის რედაქტორი ბაბულია შელია გახლდათ. ეს იყო ჩემი პირველი ჟურნალისტური ნათლობა. არ მინდა გამომრჩეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ტყიბულის მეოთხე საშუალო სკოლაში, ქალბატონი ეთერ მორჩაძე, ქალაქისთვის უძვირფასესი ადამიანი და ჩემი უპირველესი გულშემატკივარი. გაზეთში „ხვალინდელი დღე“ ცნობილ პიროვნებებზე და მოვლენებზე 500-მდე სტატია მაქვს დაბეჭდილი. ისეთ მასალებს ვეძებდი, რაც არსად იყო და ძიების პროცესი ინტერესს იწვევდა ჩემში.

© photo: courtesy of Vephkia Samsonidzeვეფხია სამსონიძე
სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ – შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე - Sputnik საქართველო
ვეფხია სამსონიძე

- გამოცემული გაქვთ ლექსების კრებული, მანამდე კი სოციალურ ქსელში ათავსებდით ლექსებს...

– ჩემი ლექსები ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რადგან ხალხის აზრი მაინტერესებდა. მათ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ არც ველოდი. ერთ-ერთმა პიროვნებამ, ბატონმა გელა ჩადუნელმა, რომელიც აუდიტორული ფირმა FMG-ს გენერალური დირექტორი გახლდათ, სურვილი გამოთქვა ჩემი ლექსების კრებული დაეფინანსებინა. ამ კრებულის სახით ჩემი 50 წლის იუბილეზე მშვენიერი საჩუქარი მივიღე. ამისთვის მისი დღემდე მადლიერი ვარ.

- კრებულს დაარქვით „გამოიდარებს სიყვარულისთვის“ და როდის დგება ასეთი დარი ადამიანის ცხოვრებაში?

- სიყვარულისთვის გამოდარება მაშინვე იწყება, როცა ადამიანი სიკეთეზე და სხვების თანადგომაზე ფიქრს და ზრუნვას იწყებს. სიკვდილს ორჯერ ისე გადავურჩი, რომ თმის ერთი ღერიც არ შემრხევია. როცა ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ეს გადარჩენა უფლის საჩუქარი იყო. ლექსი მაქვს დაწერილი „უფლისადმი სამადლობელი“, რომელიც  ჩემს უმთავრეს სათქმელს გადმოსცემს:

მადლობა ღმერთო, სიცოცხლის რომ კვლავ მაქვს უფლება,

შემინარჩუნე აზროვნების თავისუფლება,

ძვირფას საფლავთან რომ მაღირსე სანთლის დანთება,

სულის ზეიმად ზეციერში, ლოცვად დარჩება.

დიდება ღმერთო, გულში რწმენა შემინარჩუნე,

განწირულს მრუდე გზა სავალი აღარ მარგუნე,

სიყვარულისთვის მონა ღვთისა მე ვარ შობილი,

ქარიშხლებისგან შვილი შენი გამოწრთობილი.

მადლობა ღმერთო, ვერ დაბინდდეს ჩემი გონება,

სულის სიმდიდრე ვერასოდეს აიწონება,

დიდება ღმერთო, სტრიქონებად ვანთე ხანძარი,

სიყვარულისთვის ავაშენო მინდა ტაძარი.

მადლი ზეციდან ჩემს განსაცდელს აეფარება,

სიცოცხლე უნდა დაგიტოვო აელვარებად.

შენს სადიდებლად, დარჩება და მადლიერებად,

სულის სიმტკიცედ, სათნოებად და ძლიერებად,

მადლობა ღმერთო! დიდება ღმერთო!

ცხოვრებაში ურთულესი პერიოდების მიუხედავად, ვეცადე ადამიანური სახე არ დამეკარგა და ღმერთის თანადგომით თუ ეს მოვახერხე, ბედნიერი ვარ...

 

ყველა ახალი ამბავი
0