დავით მურაჩაშვილი

„სამყარო ხელისგულზე“ ანუ მხატვარი, რომელიც სინათლეს და „სინათლის სიჩქარით“ ხატავს

2959
(განახლებულია 09:51 01.08.2020)
როცა ბავშვობიდან ხდები ხელოვნების მსახური, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სულის ადამიანი გაიზრდები და ბედნიერებას საკუთარი თავის გარდა სხვებსაც მიანიჭებ.

დავით მურაჩაშვილს ერთნაირი წარმატებით შეეძლო გამხდარიყო მუსიკოსიც და მხატვარიც, ბავშვობაში ხატვის დროს ყოველთვის მღეროდა. ტყუპ ძმასთან ერთად ნამღერი მისი ხალხური სიმღერა ოქროს ფონდშიც კი მოხვდა.

თუმცა წლების მერე საბოლოოდ მხატვრობა არჩია. ხატავს თითქმის ყველა მიმდინარეობაში და იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრისთვის ეს შესაძლებელია. 504 ნახატი -1,6 წელში, ასეთია მისი პირადი შემოქმედებითი რეკორდი. ამასთან ხატავს იმას, რაც ყველაზე ზოგადად რთულ დასახატავად ითვლება...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ბატონო დავით, სანამ ხატვას დაიწყებდით, ჯერ კიდევ ბავშვობაში საკმაოდ კარგად აითვსეთ ქართული ხალხური მუსიკა, სად მღეროდით? 

- ძალიან ადრეული ასაკიდან ვხატავდი და ვმღეროდი. აქვე გეტყვით, რომ ტყუპისცალი ვარ, ჩემი და ჩემი ძმის ყველაზე კარგი გართობა იყო, როცა თან ვმღეროდით და თან ვხატავდით, თუმცა არც ცელქობას ვიკლებდით. ძირითადად ვმღეროდით, უფრო ქართულ ხალხურ სიმღერებს. მაშინ გორში ვცხოვრობდით და სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა იქ ხალხური სიმღერის ვაჟთა კაპელა „ქართლი“, რომლის ყველაზე პატარა წევრები მე და ჩემი ძმა ვიყავით. უდიდესი ამაგი აქვს ჩვენზე და რომ იტყვიან, მომღერლებად გვაქცია ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიორგი საძაგლიშვილმა, რომლის ძალიან მადლობელი ვართ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც. მან შეგვასწავლა მე და ჩემს ძმას ისეთი ურთულესი სიმღერები როგორიც მანამდე (ალბათ არც მერე) ჩვენი ასაკის (8-9 წლის) ბავშვს არ შეუსრულებია. ესენი იყო: „შაშვი-კაკაბი, „ბერიკაცი ვარ“,“ ჩაკრულო“, „მეტივური“, „დიამბეგო“ და ბევრი სხვა. თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. მოკლედ, ხელოვნებასთან ჩემი პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთანაა დაკავშირებული.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ძმებს იშვიათი პატივი გერგოთ, ალბათ მიხვდით რაზე გეკითხებით?

- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩემი და ჩემი ძმის შესრულებით სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ შეტანილია მე-20 -ე საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში, რაც დღემდე გვახარებს და გვეამაყება.

 - ამის მიუხედავად პროფესიად მაინც მხატვრობა არჩიეთ?

- სიმღერის პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და  პირველი ნაბიჯებს მხატვრობაში იქ ვდგამდი. თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფერწერაზე ჩამებარებინა, რატომღაც მეგონა დიზაინი უფრო ახლოს იყო ჩემთან, რადგან მამა დიზაინერი მყავს და ეს პროფესია ძალიან მომწონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ ხატვაა ჩემი მოწოდება. ჩარჩოები არ მიყვარს და ვთვლი, რომ თუ ხელოვანი ჩარჩოში ჩაჯდება, საკუთარ თავს დაკარგავს. მე ვფიქრობ, ზუსტად ვიპოვე საკუთარი თავი...

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ, ალბათ უფრო ხშირად ის ხდება ინსპირაცია თქვენთვის, ასეა?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბუნება, ახალი ადგილები, ცხოველები. თუმცა ჩემთვის ინსპირაცია მარტო მოგზაურობა კი არა, შეიძლება სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთი გახდეს, ან მოხუცი, რომელიც ქუჩაში ზის სევდიანი, ან ქუჩის მუსიკოსი. ბავშვობაში საბავშვო ბაღში, სადაც დავდიოდი, შესასვლელში დიდი ტილო ეკიდა ზამთრის პეიზაჟით, ყოველთვის მიხაროდა ამ სურათის დანახვა და ემოციით მავსებდა. ახლა, როცა მინდა უბრალოდ ჩემთვის ვხატო და სულიერი საზრდო მივიღო, ზამთრის პეიზაჟს ვხატავ ხოლმე…

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-„სამყარო  ხელისგულზე“-ასე გსურთ დაარქვათ თქვენს გამოფენას…

- დიახ, გამოფენას სექტემბრის თვეში ვგეგმავ. ეს ნამდვილად იქნება ჩემი სამყარო, რომელიც თავისთავად ძალიან დიდია და ამავე დროს ისეთი პატარაც, რომ ხელისგულზე მინდა დავტიო და ჩემი ხელოვნების მოყვარულებს და შემფასებლებს მივუძღვნა.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-  თაყვანისმცემლებისგან რამდენად განებივრებული ხართ?

- ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩემი შემოქმედებისთვის თუნდაც, გაუგებარი ეწოდებინა, სხვა სახის კრიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. ზოგჯერ უხერხულობაშიც ვარ ხოლმე, როცა იმაზე მეტ საქებარ სიტყვას მეუბნებიან, ვიდრე ამას ვიმსახურებ.  ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე თქვენთვის ვხატავ ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, ამ ნახატებში გულწრფელი ვარ და მადლობას გეუბნებით ყველას, ვინც ჩემს ასეთ გულწრფელობას აფასებს. სხვათა შორის ყველაზე მეტი ნახატი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გავყიდე.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- თქვენზე ამბობენ, რომ ხართ მხატვარი, რომელიც სინათლეს ხატავს, რას ნიშნავს ეს?

- საერთოდ ცნობილია, რომ მხატვრისთვის სინათლისა და წყლის დახატვა ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, რამდენად რთულია, მე არ ვიცი… მე უბრალოდ ვიღებ ფუნჯს, ტილოს, ვრთავ მუსიკას და მერე ვერ გეტყვით რა ხდება: ფუნჯი თავისით „ხატავს“, მიმდინარეობასაც თავისით „არჩევს”, ფერებსაც თვითონ „უხამებს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ყველა ნახატს მართალა ერთ საათში ასრულებთ?

-დიახ, ასეა, ნახატს ერთ საათში ვამთავრებ, მაქსიმუმ, ორში, ტილოს ზომას გააჩნია და იმას, რა მასალაზე ვმუშაობ. ზეთზე მუშაობას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე აკრილზე. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის ნახატი აუცილებლად დასრულდება, თანაც, მოკლე დროში. ჩემეული ხედვა მაქვს და ძალიან ბევრი მიმდინარეობა მაინტერესებს: კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი, ჰიპერრეალიზმი, იმპრესიონიზმი, გრაფიკაც მომისინჯავს, იმუშავია მინანქარზეც, რომლის რამდენიმე ნამუშევარი შემომრჩა მხოლოდ და მას დედაჩემი სათუთად ინახავს.

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- სირთულეებსაც არ ერიდებით და ამ მხრივ რას გაიხსენებთ?

- წლების წინ მოვსინჯე ერთი ძალიან უცნობი და ტექნიკურად  ურთულესი ჟანრი, რომელსაც მხოლოდ მამაჩემი აკეთებდა როცა დიზაინზე მუშაობდა. ესაა აპლიკაცია, სადაც მასალად გამოიყენება   ფერადი ორგანული მინა, წებვადი ქაღალდი (ორაკალი) და საკანცელარიო დანა. ამ მასალებით შევქმენი მხატვრული კომპოზიციები, რომლებიც შენახული მაქვს. როცა გამოფენა მექნება, მათ აუცილებლად წარმოვადგენ, მაგრამ არასოდეს გავყიდი, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- ბოლო დროს თქვენ ცხოვრებაში ბედნიერი ამბავი მოხდა...

- დიახ, ორი კვირის წინ უბედნიერესი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-ტყუპი ვაჟი შემეძინა. მე კიდევ მყავს ერთი ვაჟი, რომელიც წელს სკოლაში წავა და მამიკოს ძალიან უყვარს. მეტი რა უნდა ვინატრო?- ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც, როცა მიჭირდა და მაშინაც, როცა მილხინდა. მყავს მშობლები, და, ტყუპისცალი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ხელოვნებას, თუ ადამიანებს ჩემმა ნახატებმა ნაცრისფერი დღეები ცოტათი მაინც გაუფერადა, ჩავთვლი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ...

 

2959
მარიამ მაჩალაძე

„სამშობლოში ყოფნის თავისუფლება”, ანუ როგორ გახდა ყოფილი ემიგრანტი ფერმერი

1314
(განახლებულია 22:33 21.01.2021)
ჩვენი პერიოდული რუბრიკა „დაბრუნებულები“ გაცნობთ მათ, ვინც დაბრუნდა სამშობლოში და აქ შეძლო საკუთარი საქმიანობა წამოეწყო.

მათ რიცხვშია პროფესიით მუსიკოსი მარიამ მაჩალაძე. მისი ისტორია ასეთია: ემიგრაციიდან დაბრუნებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მეურნეობა მოაწყო და ფერმერი გახდა.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

მარიამს სოციალურ ქსელებში აქვს ჯგუფი „სოფლის მეურნეობის განვითარება“, სადაც ხშირად აქვეყნებს საკუთარი საქმიანობის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას. სულ ახლახან ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- მარიამ, პანდემიის პირობებში სოციალური ქსელების მეშვეობით მსურველებს აქტიურად აცნობთ დამწყები ფერმერის ცხოვრებასა და საქმიანობას, ბევრი გამოხმაურება გაქვთ?

- დიახ, მე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი მეხმიანება. საკუთარ გვერდზე ჩემი საქმიანობის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად ვდებ. ვაჩვენებ როგორ ვშრომობ სოფელში და როგორია დამწყები ფერმერის ცხოვრება. ამით ვცდილობ ახალგაზრდობას მაგალითი ვუჩვენო და დავარწმუნო იმაში, რომ თუ მოინდომებენ, სოფლად შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- თქვენმა აქტიურობამ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია, „ლაივ“ ჩართვაც ჰქონდათ თქვენთან...

- დიახ, პირველად შემამჩნია ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა მზია წულუკიძემ, რომელსაც ემიგრატების დიდი ჯგუფი აქვს და პირდაპირი ჩართვა მომიწყო. ჩემ შესახებ მას ახლობლებმა უამბეს, აქედან გაჩნდა იდეა, რომ ემიგრანტებისთვის პირადად მომეთხრო ყველაფერი. პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ამ პროფილით არასდროს მიმუშავია. 2012 წელს მუშაობა ერთ-ერთ ქართულ არხზე დავიწყე ჟურნალისტად, შემდეგ მოვყევი შემცირებაში და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- საკუთარი მეურნეობა როგორ დაიწყეთ?

- სამი წლის წინ გავყიდე პირადი ნივთები, ყველაფერი, რაც მქონდა და იმ ფულით საქონელი შევიძინე. ისინი გამრავლდნენ და ახლა მყავს ბოცვრები, ათი ბოჩოლა და სპეციალური ჯიშის ღორები, რომელთაც ვამრავლებ. მანამდე ოცი ფრთოსანი მყავდა, რომელიც უკვე დავყიდე. მაქვს ასევე სამი მოქმედი სათბური, სადაც ბოსტნეული მომყავს. სათბურებისთვის საჭირო თანხის ნახევარი მქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო, ამიტომ სესხი ავიღე ბანკიდან და ამით ავაშენე.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ახლა რვის ნახევარზე ვდგები, ზაფხულში ექვსზე მიწევს ხოლმე ადგომა. მანამდე ბავშვების გამო ვიღვიძებდი ადრე. როცა იტალიაში ვიყავი, ჩემი სამუშაო დღე შვიდ საათზე იწყებოდა, ამიტომ ექვსზე ვიღვიძებდი. ყველაფერი მიჩვევაზეა, ბოლო 13 წელი ასე ვარ...

მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად
მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად

- სანამ დამწყები ფერმერი გახდებოდით ემიგრაცია გამოიარეთ...

- იტალიაში 2015 წელს ჩავედი, ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიე, რომ იქ ბევრი ახლობელი მყავდა. დახმარების გარეშე უცხოეთში სამუშაოს პოვნა ძნელია. იტალიაში ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ძნელია, როდესაც არ იცი ენა, არ იცნობ უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ადგილობრივ კანონებსა და ცხოვრების სტილს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. პირველ ხანებში ოჯახში მოხუცის მომვლელად ვიმუშავე, შემდეგ სასტუმროში.

მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს
მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს

- რა გახდა აქ დაბრუნების მიზეზი, ანუ უცხოეთში ყველაზე უფრო რთულად გადასალახი რა აღმოჩნდა თქვენთვის?

- სანამ იქ აღმოვჩნდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ იქ მყოფ ქართველებს. ყველანაირად შეზღუდული ხარ და ფაქტობრივად თავისუფლება გაქვს წართმეული, რადგან სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ძნელია ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან მუშაობა, ღამეების თენება და მუდმივი დაძაბულობა. როცა მარტო ვრჩებოდი, მონატრება მკლავდა, განსაკუთრებით შვილები მენატრებოდა, ყოველღამ მათ ფოტოებს ვეფერებოდი. ემიგრანტობა ფიზიკურ ზიანს იმდენად არ გაყენებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურად გთრგუნავს...

მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად
მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად

- თქვენი რჩევები როგორი იქნება?

- ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავროს, ვურჩევ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად წინასწარ შეამზადოს და აქედანვე გაძლიერდეს. პირველ რიგში ელემენტარული, სასაუბრო უცხო ენა შეისწავლონ. სხვა ქვეყანაში რამდენი ახლობელიც არ უნდა დაგხვდეს, ძნელია ვინმეს იმედად ყოფნა, რადგან ყველას თავისი პრობლემები აქვს. კიდევ, მოთმინება და საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ, სხვანაირად გაუჭირდებათ….

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- პირადად თქვენ რა გასწავლათ ემიგრაციამ?

- ბევრი რამ მასწავლა. საკუთარ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ დავაფასე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. პირველ რიგში ესაა სამშობლოში ყოფნის თავისუფლება, შემდეგ ოჯახის წვერების სიყვარული, ქართული სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და, რაც მთავარია, შვილებისა და მშობლის ურთიერთობები. ევროპაში ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, დაკარგულია, იქ შვილი რომ დედასთან სტუმრად მივიდეს, საამისოდ მისგან ნებართვა წინასწარ უნდა აიღოს… როცა დედას სიმსივნე დაემართა, მაშინ რაც ვიშოვე, სულ სავადმყოფოებში გადავიხადე. შვიდი წელი ვიწვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვუშველე...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- ვიცი, რომ მარტოხელა დედა ხართ...

- დღეს უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალზე ძლიერი სამყაროში მართლა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მარტოხელა დედა ხარ. შვილების გამო ასჯერ ძლიერი და მოტივირებული ხდები და გამოსავალს, თუ მოინდომებ, ყველა სიტუაციიდან მოძებნი, ეს მე საკუთარი ცხოვრებითაც დავამტკიცე...

 

1314
თორნიკე ნინიკაშვილი

როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

2104
(განახლებულია 19:47 21.01.2021)
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა, 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემ მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულე. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა – ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე, იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ, მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა, გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი, მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგობარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენ შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ, გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

- როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს, დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა, უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650-ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზეც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია, ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისტრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა... ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება, სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

2104
ტურისტული სფეროს თანამშრომლების საპროტესტო აქცია

მთავრობას კოვიდშეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს: თბილისში პროტესტი გრძელდება

32
(განახლებულია 19:02 24.01.2021)
როგორც ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, პანდემიის გამო ტურიზმის სფერო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თუ საქართველოს მთავრობა 48 საათის განმავლობაში არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნასთან დაკავშირებით, მომიტინგეები კანონის ფარგლებში რადიკალურ ქმედებებზე გადავლენ, ამის შესახებ ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„სფერო, რომელიც არის ერთი წელი გაჩერებული და მთავარი შემომტანი იყო ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 25-27 პროცენტამდე ავსებდა ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ეს სფერო არის სრულიად გაჩერებული. ზარალი ძალიან მარტივად დათვლადია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსპექტივაც არ ჩანს, როგორ გავიხსნებით“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

გიორგიძის განცხადებით, ტურისტული სექტორი ითხოვს, რეგულაციების სრული დაცვით გაიხსნას საზღვრები და მთის კურორტები.

ამასთან, როგორც გიორგიძემ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერის თვეში დაახლოებით 1200 კომპანია გაკოტრდა, ხოლო 350 000-მდე ადამიანი, რომლებიც ტურიზმში იყვნენ დასაქმებული, უმუშევრად არიან დარჩენილი.

„მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყანაში შიმშილობის ზღვარზე და ამის ფონზე სახელმწიფო არ გვაძლევს გამომუშავების საშუალებას. უნდა გაიხსნას, სხვა გამოსავალი არ არის, თორემ ჩვენ გაზაფხული გვექნება ძალიან მძიმე და კიდევ რამდენიმე თვე რომ არ იმუშაოს სფერომ, ეს ნიშნავს დიდ სოციალურ აფეთქებას“, - განაცხადა გიორგიძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს. დღეს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა უკვე განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან არსებულ შეზღუდვებს და კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, 21:00 საათზე რუსთაველის გაზმირზე სეირნობას მოაწყობენ.

საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დღეს კომენდანტის საათის დროს რუსთაველზე ისეირნებენ >>

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

32