თამუნა ზირაქიშვილი

„როცა შედეგს ვხედავ, ბედნიერებას განვიცდი” Tamara’s line განწყობისთვის

491
(განახლებულია 21:28 27.07.2020)
წლებია, რაც თამუნა ზირაქიშვილი ტყავზე მუშაობს და მისგან ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს ქმნის. დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი ნივთები დადებით ენერგეტიკას ინახავს...

თავიდან სამედიცინო განათლება მიიღო, შემდეგ ისევ მიუბრუნდა ბავშვობის ოცნებას და ხელოვნების აკადემია დაამთავრა. ხელსაქმის სიყვარულს ბებიას უმადლის, დანარჩენი დროთა განმავლობაში თავად და, რაც მთავარია, კარგად შეისწავლა.

თამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი

- თამუნა, ვიცი, რომ ხელსაქმით ბავშვობიდან დაინტერესდით, თქვენი პირველი ნახელავი თუ გახსოვთ რა იყო?

- დიახ, ხელსაქმით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. დიდ დროს ვუთმობდი ხატვას და თოჯინების სტილის შეცვლას. ჩემს პირველ „ექსპერმენტს“ მოდის სფეროში ბავშვობაში ჰქონდა ადგილი, მაშინ 11 წლის ვიყავი. მახსოვს, სტუმრად ვიყავით და იქ ბევრი ბავშვი იყო. გოგოები შევედით ოთახში, სადაც სარკესთან ვიპრანჭებოდით. მე, რა თქმა უნდა, ყველას „ვალამაზებდი“. ერთ გოგოს თმები შევაჭერი, ჩემებურად დიდების ტანსაცმელში გამოვაწყვე და სტუმრებთან გავიყვანე. მერე ამაყად ველოდი უფროსები როდის შემაქებდნენ. ამ ამბავს წლების მანძილზე ყველა ღიმილით მახსენებს. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარიც კარგად მახსოვს, ეს იყო ლამაზად მოქარგული ყვავილი, რომლითაც ყველა გავაოცე.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- ქარგვა და ქსოვა დამოუკიდებლად შეისწავლეთ?

- ქარგვა და ქსოვა ბებიის დახმარებით ვისწავლე. სამწუხაროდ, ბებია უკვე რამდენიმე წელია ცოცხალი აღარ არის. საოცრად თბილი ადამიანი იყო და პირველად მან მასწავლა ჩხირების ხელში დაჭერა და თვლების ამოყვანა. მეც რაღაც დეტალი მოვქსოვე, მერე ვთხოვდი, რომ ჩემთვის ორნამენტები ესწავლებინა, მაგრამ მეუბნებოდა, შენთვის ადრეა, ჯერ პატარა ხარო. მაშინ დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი. დანარჩენი უკვე თვითონ ვისწავლე. კერვაც ვცადე, მაგრამ სანამ სრულყოფილად არ შევისწავლე სპეციალისტთან, ისეთი არ გამომდიოდა, როგორიც ჩანაფიქრში მქონდა.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- მიუხედავად ასეთი შემოქმედებითი ბუნებისა, მაინც სამედიცინო განათლების მიღება გადაწყვიტეთ, რატომ?

- სამედიცინო განათლება რომ მიმეღო, ეს უფრო მშობლების სურვილი იყო, სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბოლოს მაინც ჩემს მოწოდებას მივუბრუნდი და თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში ტანსაცმლისა და აქსესუარების ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პერიოდში ახალი დაოჯახებული ვიყავი და, სამწუხაროდ, გამოფენებში მონაწილეობა ვერ მივიღე. აკადემიაში ძირითადად ესკიზებს ვხატავდი და სტილზე ვმუშაობდი. სწორედ მაშინ დავიწყე პროფესიულ დონეზე ტანსაცმლის შექმნა. განსაკუთრებით საქორწინო კაბებით ვიყავი გატაცებული და ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდიდა.

თამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი

- საბოლოოდ ტყავზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი? რამდენადაც ვიცი, მასზე მუშაობა არ არის ადვილი...

- თავიდან ტყავის აქსესუარებით დავიწყე, რადგან ძალიან მიზიდავდა ნატურალური ტყავისგან შექმნილი განსხვავებული ჩანთები. ამ სიყვარულმა ლამაზი ნივთების გაკეთება შემაძლებინა. ტყავზე მუშაობა საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ყველა პროცედურას მხოლოდ ხელით ვაკეთებ. ჯერ ვხაზავ თარგს და მერე მის მიხედვით ვჭრი ტყავს, რომელსაც ვამუშავებ, ბოლოს მოხატვას ვიწყებ. ტყავის მოხატვას ვაკეთებ კვეთით, რაც რთულია, მაგრამ როცა შედეგს ვხედავ, სირთულე მავიწყდება და ბედნიერებას განვიცდი.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- ძირითადად რას ამზადებთ ტყავისგან?

- ძირითადად ვაკეთებ ჩანთებს, საფულეებს და სამკაულებს. ჩემს ბრენდს Tamara,s line ჰქვია. მახარებს ის ამბავი, რომ ჩემი მომხმარებლებიდან ბევრს უკვე დავუმეგობრდი. უკვე ვიცი მათი გემოვნება და ეს ფაქტი ურთიერთობას მიადვილებს. ძალიან ბევრი „შეკვეთა“ მაქვს ოჯახის წევრებისგანაც, საერთოდ, გარშემო ყველა ჩემ გაკეთებულ აქსესუარს ატარებს.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- დიდი დროა საჭირო დამზადებისთვის?

- როცა თავიდან დავიწყე ჩანთების კეთება, საკმაოდ დიდ დროს ვანდომებდი, თვეში დაახლოებით ერთ ან ორ ჩანთას ვაკეთებდი, მაგრამ წლებთან ერთად ჩემი ხელებიც და გონებაც გაიწაფა. ახლა ერთი ჩანთა ან საფულე შეიძლება 2-3 დღეშიც გავაკეთო. ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ მათზე არ მინდა წინასწარ ვისაუბრო. როცა ეს საშინელი ვირუსი ჩაცხრება, მათ განხორციელებას მერე დავიწყებ.

თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი

- მითხარით გავიწაფეო და განწყობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

- განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შენ გაკეთებულ ნივთებზე და მათ ენერგეტიკაზეც აისახება. ნივთები თავისთავად ბევრს ამბობენ მათ შემქმნელზე. პოზიტიური ადამიანი ვარ და გარშემო ყველაფერს ლამაზად აღვიქვამ. მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ბუნება და, საერთოდ, სამყარო. არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ და სხვების ცუდად ყოფნას მართლა განვიცდი. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი. იმედია, ჩემი ნივთებით ადამიანებს ცოტათი მაინც ვულამაზებ დღევანდელ ყოფას...

 

491
დავით მურაჩაშვილი

„სამყარო ხელისგულზე“ ანუ მხატვარი, რომელიც სინათლეს და „სინათლის სიჩქარით“ ხატავს

1950
(განახლებულია 09:51 01.08.2020)
როცა ბავშვობიდან ხდები ხელოვნების მსახური, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სულის ადამიანი გაიზრდები და ბედნიერებას საკუთარი თავის გარდა სხვებსაც მიანიჭებ.

დავით მურაჩაშვილს ერთნაირი წარმატებით შეეძლო გამხდარიყო მუსიკოსიც და მხატვარიც, ბავშვობაში ხატვის დროს ყოველთვის მღეროდა. ტყუპ ძმასთან ერთად ნამღერი მისი ხალხური სიმღერა ოქროს ფონდშიც კი მოხვდა.

თუმცა წლების მერე საბოლოოდ მხატვრობა არჩია. ხატავს თითქმის ყველა მიმდინარეობაში და იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრისთვის ეს შესაძლებელია. 504 ნახატი -1,6 წელში, ასეთია მისი პირადი შემოქმედებითი რეკორდი. ამასთან ხატავს იმას, რაც ყველაზე ზოგადად რთულ დასახატავად ითვლება...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ბატონო დავით, სანამ ხატვას დაიწყებდით, ჯერ კიდევ ბავშვობაში საკმაოდ კარგად აითვსეთ ქართული ხალხური მუსიკა, სად მღეროდით? 

- ძალიან ადრეული ასაკიდან ვხატავდი და ვმღეროდი. აქვე გეტყვით, რომ ტყუპისცალი ვარ, ჩემი და ჩემი ძმის ყველაზე კარგი გართობა იყო, როცა თან ვმღეროდით და თან ვხატავდით, თუმცა არც ცელქობას ვიკლებდით. ძირითადად ვმღეროდით, უფრო ქართულ ხალხურ სიმღერებს. მაშინ გორში ვცხოვრობდით და სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა იქ ხალხური სიმღერის ვაჟთა კაპელა „ქართლი“, რომლის ყველაზე პატარა წევრები მე და ჩემი ძმა ვიყავით. უდიდესი ამაგი აქვს ჩვენზე და რომ იტყვიან, მომღერლებად გვაქცია ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიორგი საძაგლიშვილმა, რომლის ძალიან მადლობელი ვართ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც. მან შეგვასწავლა მე და ჩემს ძმას ისეთი ურთულესი სიმღერები როგორიც მანამდე (ალბათ არც მერე) ჩვენი ასაკის (8-9 წლის) ბავშვს არ შეუსრულებია. ესენი იყო: „შაშვი-კაკაბი, „ბერიკაცი ვარ“,“ ჩაკრულო“, „მეტივური“, „დიამბეგო“ და ბევრი სხვა. თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. მოკლედ, ხელოვნებასთან ჩემი პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთანაა დაკავშირებული.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ძმებს იშვიათი პატივი გერგოთ, ალბათ მიხვდით რაზე გეკითხებით?

- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩემი და ჩემი ძმის შესრულებით სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ შეტანილია მე-20 -ე საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში, რაც დღემდე გვახარებს და გვეამაყება.

 - ამის მიუხედავად პროფესიად მაინც მხატვრობა არჩიეთ?

- სიმღერის პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და  პირველი ნაბიჯებს მხატვრობაში იქ ვდგამდი. თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფერწერაზე ჩამებარებინა, რატომღაც მეგონა დიზაინი უფრო ახლოს იყო ჩემთან, რადგან მამა დიზაინერი მყავს და ეს პროფესია ძალიან მომწონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ ხატვაა ჩემი მოწოდება. ჩარჩოები არ მიყვარს და ვთვლი, რომ თუ ხელოვანი ჩარჩოში ჩაჯდება, საკუთარ თავს დაკარგავს. მე ვფიქრობ, ზუსტად ვიპოვე საკუთარი თავი...

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ, ალბათ უფრო ხშირად ის ხდება ინსპირაცია თქვენთვის, ასეა?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბუნება, ახალი ადგილები, ცხოველები. თუმცა ჩემთვის ინსპირაცია მარტო მოგზაურობა კი არა, შეიძლება სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთი გახდეს, ან მოხუცი, რომელიც ქუჩაში ზის სევდიანი, ან ქუჩის მუსიკოსი. ბავშვობაში საბავშვო ბაღში, სადაც დავდიოდი, შესასვლელში დიდი ტილო ეკიდა ზამთრის პეიზაჟით, ყოველთვის მიხაროდა ამ სურათის დანახვა და ემოციით მავსებდა. ახლა, როცა მინდა უბრალოდ ჩემთვის ვხატო და სულიერი საზრდო მივიღო, ზამთრის პეიზაჟს ვხატავ ხოლმე…

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-„სამყარო  ხელისგულზე“-ასე გსურთ დაარქვათ თქვენს გამოფენას…

- დიახ, გამოფენას სექტემბრის თვეში ვგეგმავ. ეს ნამდვილად იქნება ჩემი სამყარო, რომელიც თავისთავად ძალიან დიდია და ამავე დროს ისეთი პატარაც, რომ ხელისგულზე მინდა დავტიო და ჩემი ხელოვნების მოყვარულებს და შემფასებლებს მივუძღვნა.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-  თაყვანისმცემლებისგან რამდენად განებივრებული ხართ?

- ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩემი შემოქმედებისთვის თუნდაც, გაუგებარი ეწოდებინა, სხვა სახის კრიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. ზოგჯერ უხერხულობაშიც ვარ ხოლმე, როცა იმაზე მეტ საქებარ სიტყვას მეუბნებიან, ვიდრე ამას ვიმსახურებ.  ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე თქვენთვის ვხატავ ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, ამ ნახატებში გულწრფელი ვარ და მადლობას გეუბნებით ყველას, ვინც ჩემს ასეთ გულწრფელობას აფასებს. სხვათა შორის ყველაზე მეტი ნახატი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გავყიდე.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- თქვენზე ამბობენ, რომ ხართ მხატვარი, რომელიც სინათლეს ხატავს, რას ნიშნავს ეს?

- საერთოდ ცნობილია, რომ მხატვრისთვის სინათლისა და წყლის დახატვა ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, რამდენად რთულია, მე არ ვიცი… მე უბრალოდ ვიღებ ფუნჯს, ტილოს, ვრთავ მუსიკას და მერე ვერ გეტყვით რა ხდება: ფუნჯი თავისით „ხატავს“, მიმდინარეობასაც თავისით „არჩევს”, ფერებსაც თვითონ „უხამებს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ყველა ნახატს მართალა ერთ საათში ასრულებთ?

-დიახ, ასეა, ნახატს ერთ საათში ვამთავრებ, მაქსიმუმ, ორში, ტილოს ზომას გააჩნია და იმას, რა მასალაზე ვმუშაობ. ზეთზე მუშაობას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე აკრილზე. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის ნახატი აუცილებლად დასრულდება, თანაც, მოკლე დროში. ჩემეული ხედვა მაქვს და ძალიან ბევრი მიმდინარეობა მაინტერესებს: კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი, ჰიპერრეალიზმი, იმპრესიონიზმი, გრაფიკაც მომისინჯავს, იმუშავია მინანქარზეც, რომლის რამდენიმე ნამუშევარი შემომრჩა მხოლოდ და მას დედაჩემი სათუთად ინახავს.

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- სირთულეებსაც არ ერიდებით და ამ მხრივ რას გაიხსენებთ?

- წლების წინ მოვსინჯე ერთი ძალიან უცნობი და ტექნიკურად  ურთულესი ჟანრი, რომელსაც მხოლოდ მამაჩემი აკეთებდა როცა დიზაინზე მუშაობდა. ესაა აპლიკაცია, სადაც მასალად გამოიყენება   ფერადი ორგანული მინა, წებვადი ქაღალდი (ორაკალი) და საკანცელარიო დანა. ამ მასალებით შევქმენი მხატვრული კომპოზიციები, რომლებიც შენახული მაქვს. როცა გამოფენა მექნება, მათ აუცილებლად წარმოვადგენ, მაგრამ არასოდეს გავყიდი, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- ბოლო დროს თქვენ ცხოვრებაში ბედნიერი ამბავი მოხდა...

- დიახ, ორი კვირის წინ უბედნიერესი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-ტყუპი ვაჟი შემეძინა. მე კიდევ მყავს ერთი ვაჟი, რომელიც წელს სკოლაში წავა და მამიკოს ძალიან უყვარს. მეტი რა უნდა ვინატრო?- ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც, როცა მიჭირდა და მაშინაც, როცა მილხინდა. მყავს მშობლები, და, ტყუპისცალი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ხელოვნებას, თუ ადამიანებს ჩემმა ნახატებმა ნაცრისფერი დღეები ცოტათი მაინც გაუფერადა, ჩავთვლი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ...

 

1950
სალომე თვაური

როგორია თავისუფალი მხატვრის ოცნების სახლი და ვინ არის „მონა ნინო“?

473
(განახლებულია 20:33 30.07.2020)
როცა ხატვა დაიწყო, სურვილი ჰქონდა, რომ ხატვის საკუთარი სტილისთვის მიეგნო და ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა.

სალომე თვაურმა საკუთარი თავის ძიებაში არჩევანი არაერთხელ შეცვალა. სამხატვრო აკადემიაში ჯერ ინტერიერის დიზაინზე ჩააბარა, შემდეგ ფერწერის ფაკულტეტზე გადავიდა. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისი ძირითადი სფერო არქიტექტურა იყო.

თვლის, რომ აქ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს და ამ საქმეში მხატვრული ფანტაზიაც წაადგება. აპრილის თვეში საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დაგეგმილი იყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. ჩავთვალოთ, რომ ეს მასალა იმ ჩაშლილი გამოფენის მცირე კომპენსაციაა...

სალომე თვაური
სალომე თვაური

- სალომე, როდესაც ხატვა დაიწყეთ, რა იყო ის, რისკენაც ისწრაფოდით?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხელწერის მიგნება იყო. ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია, რომ მისი ინდივიდუალიზმი იყოს გამოკვეთილი. თავიდან ბევრი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ ისე მეხატა, რომ ყველა ჩემს ნამუშევარს საერთო ხაზი ჰქონოდა. თუმცა ისიც კარგია, თუ სამომავლოდ რადიკალურად განსხვავებულ ნამუშევრებს შევქმნი.

- როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?

- ყველა ხელოვანი ინდივიდუალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ მხატვრები, რომლებიც უკვე ცნობილი ნამუშევრების ასლებით ცდილობენ სახელის მოხვეჭას, რასაც, რა თქმა უნდა, არ მივესალმები. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, ვფიქრობ, თითოეულ ნამუშევარში კარგად ჩანს ადამიანის ხასიათი, ფერების ასეთი კონტრასტი, რაც ჩემს ნახატებშია, ხასიათთან პირდაპირ კავშირშია და მნახველში სხვადასხვა ემოციას იწვევს.

სალომე თვაურის საყვარელი ნახატი  მონა ნინო
სალომე თვაურის საყვარელი ნახატი "მონა ნინო"

- ძირითადად პორტრეტებზე მუშაობთ...

- დიახ, ჩემი ძირითადი მიმართულება პორტრეტებია. ჩემი ნახატების პერსონაჟებს მეტყველი თვალები გამოარჩევს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც დახატული მყავს, ამ პორტრეტით თავის ისტორიას ჰყვება.

- რა არის მხატვრისთვის მნიშვნელოვანი?

- მხატვარს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება, და არა მარტო მხატვარს. თუ ნებისმიერ პროფესიაში ადამიანი თავისუფალი არ არის, ის ღირებულს ვერაფერს შექმნის, ჩარჩოში ყოფნა არ შემიძლია.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- დღეს არქიტექტურის სფეროში გადაინაცვლეთ, როგორც ამ სფეროს მომავალი სპეციალისტი, რას იტყვით საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ქართულ არქიტექტურაზე?

- ჩემი აზრით, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აშენებულა საქართველოს მასშტაბით, არქიტექტურული ხედვით ყველაზე თვალსაჩინოდ დახვეწილი მაინც ახალი ბათუმის სახე და არქიტექტურაა. მე მომწონს ბათუმში აგებული თანამედროვე შენობები, რაც რადიკალურად განსხვავდება დუბაის არქიტექტურისგან, რასთანაც ხშირად ავლებენ ხოლმე პარალელს. ვფიქრობ, ასეთი ბათუმი მუდმივად ცვლილებებისადმი განაწყობს ადამიანს, რაც თავისთავად კარგია.  

- განწყობა ახსენეთ, შენობების დაპროექტებისას ფსიქოლოგიასაც ითვალისწინებენ...

- დიახ, არქიტექტურა გადაბმულია ფსიქოლოგიის სფეროზე. როდესაც ვხედავ კონკრეტულ შენობას, მისი ფორმებიდან და ფერებიდან გამომდინარე მიჩნდება კონკრეტული განცდები. ესა თუ ის ნაგებობა ადამიანის მსგავსად გიყალიბებს მისდამი შენს დამოკიდებულებას და კონკრეტულ შთაბეჭდილებას ახდენს.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- თანამედროვე ადამიანი, ბედნიერი რომ იყოს, როგორ სახლში უნდა ცხოვრობდეს?

- სახლს, რომელშიც ადამიანი ბედნიერი იქნება, აუცილებელია ჰქონდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, რადგან მწვანე საფარი ადამიანზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს, ასევე უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და ინტერესების ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი-გასართობი სივრცე, სადაც ყველა კონფორტულად იგრძნობს თავს. რაც შეეხება სახლის არქიტექტურას, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ნათელი, ფართო, ვიტრაჟებიანი, ამ უკანასკნელს უჩვეულო ფორმას მივუსადაგებდი.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- თქვენი ოცნების სახლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ჩემი ოცნების სახლში აუცილებლად იქნებოდნენ ბავშვები და შინაური ცხოველები. კიდევ სახლის ეზოში იქნებოდა სხვადასხვა ჯიშის ბევრი ყვავილი, ყველაფერი იქნებოდა საინტერესო დიზაინით აწყობილი და გაშლილი. მას ექნებოდა გასართობი ზონა და საცურაო აუზი. ჩემს სახლში წამყვანი დიზაინი იქნებოდა და თითოეული დეტალი პირდაპირ თანხვედრაში სახლის საერთო დიზაინთან. სახლის კედლებზე კი ჩემი ნახატები იქნებოდა გამოფენილი.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- რომელ ნახატს მიუჩენდით გამორჩეულ ადგილს?

- ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი, რაც კი შემიქნია ამ ხნის მანძილზე. "მონა ნინო" – ასე ჰქვია ამ პორტრეტს. ამის შემდეგ ბევრი პორტრეტი შევქმენი, მაგრამ ის დამახასიათებელი შტრიხები, რაც ამ ნამუშევარს გამოარჩევს (ჩემი აზრით), ვერც ერთმა პორტრეტმა ვერ გაიმეორა. ამიტომ ძალიან მიყვარს და ჩემი ფავორიტია. მას რომ ვუყურებ, ვივსები და ყოველ შეხედვაზე სხვადასხვა თვალით აღვიქვამ.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- ვინ არის ნინო, კონკრეტული პიროვნებაა?

- ნინო ამაყი ქალბატონია, რომელიც ამავე დროს არის "მონა". ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და როცა ვხატავდი, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია. ნინო იმიტომ შევარქვი, რომ ეს სახელი ძალიან უხდება, უფრო ალამაზებს და საინტერესოს ხდის. ნინო ვიღაცის ტყვეა, მონა, რომლის ყველა სურვილი უგულებელყოფილია. თუმცა მისი მზერა მაინც გამოხატავს სიამაყეს და, ვფიქრობ, ბევრს ამბობს მის ხასიათზე. რაც მთავარია, ნინოს არ აქვს განათლება, მას გამართულად საუბარიც არ შეუძლია და კანონებიც უცნობია მისთვის. ზოგადად, ადამიანში მონის აღმოცენებას ხშირ შემთხვევაში სწორედ განათლების არქონა იწვევს, თუმცა გამონაკლისებიც არიან...

 

473
ილია ფილფანი

საქართველოში მესამე კვირაა 13 წლის მოზარდს ეძებენ

0
(განახლებულია 15:16 03.08.2020)
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში მესამე კვირაა ეძებენ სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს, სამძებრო ოპერაციაში მაშველები და პოლიციაა ჩართული,  განაცხადა  „Sputnik საქართველოსთან“ ბიჭის დედამ ქსენია ფილფანმა.  

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

„გარკვეული ადგილები ხელახლა მოწმდება, მაშველების ახალი ჯგუფები ჩამოდიან, თავიდან სწავლობენ ტერიტორიას. მუშაობენ მდინარეზე, წყალსაცავზე, ზუგდიდის მხარეს ტრასაზე. ძებნის არეალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ქსენიამ.

მისი თქმით, სამძებრო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული პოლიცია.

 „პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის ზონებს, და რა თქმა უნდა, თბილისს. დედაქალაქში, მერიის მხარდაჭერით, მეტროში საკუთარი ძალებით განცხადებები გავაკარით. შეტყობინებები მოდის, ადამიანები ხედავენ მსგავს ბავშვებს, მაგრამ იმის დადასტურება, რომ იგი ილიაა, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ფილფანმა.

პოლიცია მოქალაქეებიდან შესულ ყველა შეტყობინებას ამოწმებს, მაგრამ ბიჭის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში