ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“

© photo: courtesy of Avtandil Giuneliპატრიარქთან შეხვედრის დროს
პატრიარქთან შეხვედრის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში, კერძოდ, ათენში მცხოვრებ ავთანდილ გიუნაშვილს გაგაცნობთ.

პროფესიით რელიგიათმცოდნე და ფსიქოლოგია. თეოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა თბილისის სასულიერო აკადემიაში დაამთავრა. საქართველოში საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის და ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივის" სოციალური ზრუნვის პროგრამების კოორდინატორი იყო.

2010 წლიდან სწავლას ათენის იოანის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს. მოგვიანებით სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართულ ასოციაციას აფუძნებს და ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს აარსებს. 2017 წლიდან დიასპორული მედია-მაუწყებლის Diaspora.ge-ს დამფუძნებელი გახდა. ამჟამად ათენში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროგრამების კოორდინატორია.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- ავთანდილ, თქვენ იმ თაობიდან ხართ, რომელსაც სკოლაში ათეისტური პროპაგანდა არ შეხებია, ყველაზე ნათელ მოგონებად რა გამოგყვათ ბავშვობიდან?

- ბავშვობა გავატარე მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმის ყველაზე ძლევამოსილი დიქტატორის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქად ითვლება, ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდ ნათელთან – ქრისტესთან და მის ეკლესიასთან ზიარებასთან ასოცირდება. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ეს ქალაქი დღემდე განსაზღვრავს ჩემს ცხოვრებისეულ ნაბიჯებს. ბავშვობის ყველაზე ნათელ მოგონებად ისევ რჩება ჩემი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში, სადაც ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ პარალელურად წიგნის მკითხველადაც ვმსახურობდი. ხშირად მახსენდება ჩემი მასწავლებლები, მოძღვრები და მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანდრია, რომლებმაც განაპირობეს ჩემი შემდგომი ნაბიჯები. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში გავაგრძელე. უდიდესი ბედნიერება მერგო იქ მესწავლა იმ პერიოდში, როდესაც რექტორი თავად მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანდებოდა.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliშვილთან ერთად
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
შვილთან ერთად

- სწავლის დროს უწმიდესთან ურთიერთობის რომელ ამბავს გაიხსენებთ?

- იმ პერიოდში ალბათ ვერ ვიაზრებდით სტუდენტები და პირადად მე, თუ რამხელა მადლი და პატივი გვერგო, რომ თითქმის ყოველ დილით სასულიერო აკადემიის დარბაზში მისი უწმინდესობის გვერდით ვყოფილიყავით და დილის ლოცვა მოგვესმინა. შემდეგ სხვადასხვა თემებზე გვეფიქრა და გვესაუბრა. მახსოვს, როგორი სიბრძნით აძლევდა იგი სწორ მიმართულებას ჩვენს ნააზრევს. ის დრო დღემდე რჩება ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდად. მინდა გითხრათ, რომ მის უწმიდესობასთან შეხვედრის პატივი ხშირად მქონდა და რთულია რომელიმე მათგანის დავიწყება, თუმცა შეიძლება გამოვყო ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი შექმნა და განსაზღვრა. როცა 2008 წლის თებერვალში მედია-ჯგუფის ინტელექტუალური გადაცემა „ეტალონის“ გამარჯვებული გავხდი, რექტორის კაბინეტში როგორც წარმატებული სტუდენტი აღმოვჩნდი. მახსოვს, როგორ ვიდექი ჩემთვის ყველაზე დიდ, ცოცხალ ავტორიტეტთან, რომელიც მამობრივი და მზრუნველი თვალებით გახარებული მიყურებდა და ვგრძნობდი, რომ ამ სიხარულის მიზეზის შექმნაში წვლილი მიმიძღოდა.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- იმ შეხვედრაზე თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა?

- დიახ, ეს შეხვედრა ჩემთვის უდიდესი სტიმულისა და თავდაჯერების მომცემი იყო. მაშინ უწმინდესმა დაწვრილებით გამომკითხა ჩემი გამარჯვების შესახებ და ბოლოს მკითხა – მისგან საჩუქრად წიგნი მერჩივნა თუ ხატი. ეს კითხვა იმდანად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ დღემდე არ მახსოვს, როგორ გავბედე და გავანდე ჩემი დიდი ხნის სურვილი უცხოეთში სწავლის გაგრძელების თაობაზე და კურთხევა ვთხოვე. მახსოვს, ამ პასუხმა უწმინდესი როგორ გაახარა და მისი სემინარიაში ჩაბარების ამბავი გაიხსენა. ჩემდეგ გულში ჩამიკრა, ხატების კუთხიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აიღო და მითხრა – ამ ხატის წინ მელოცა და ჩემი სურვილი შესრულდებოდა. მამა გიორგის კი რეკომენდაციის შედგენა დაავალა. 2010 წელს, როდესაც ბაკალავრიატი დავასრულე და აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე გადავედი სასწავლებლად, მისი უწმიდესობის სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტიპენდია დამინიშნა და სწავლის გასაგრძელებლად ელადის დედაქალაქში აღმოვჩნდი.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- როგორ დააარსეთ საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია?

- საბერძნეთში საკმაოდ პატარა ასაკში, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი. თბილისში ვაქტიურობდი თავდაპირველად საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, შემდეგ სტუდენტურ თვითმმართველობაში და, ბუნებრივია, დამებადა იდეა, რომ საბერძნეთშიც შევკრებილიყავით ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები და ინოვაციური პროექტები ერთად განგვეხორციელებინა. ამ იდეით მალევე დავუკავშირდი ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ ელჩს საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბატონ ირაკლი თავართქილაძეს, რომელსაც ასევე თეოლოგიური განათლება აქვს მიღებული. მისი მხარდაჭერით შევკრიბე სტუდენტები და დავაარსე სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, რომელიც დღემდე არსებობს.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- ყველაზე საინტერესო აქტივობა რომელი გახსენდებათ?

- ეს ასოციაცია დღემდე აგრძელებს საქმიანობას. უკვე განხორციელებულიდან გამოვყოფდი 2011 წელს განხორციელებულ პროექტს, რომელიც მაკედონელთა დედაქალაქ თესალონიკში შედგა და ქართული დიასპორის და ერთობის ნამდვილი ზეიმი იყო. თესალონიკის ცენტრალურ მოედანზე ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშების წარმოჩენის შემდეგ უცხოელი და ბერძენი ახალგაზრდებით და სტუმრებით სავსე მოედანზე გამოვიტანეთ უზარმაზარი ხაჭაპური, რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა მათზე და რომელიც ადგილობრივი ქართველი ბიზნესმენის ზოია სულხანიშვილის მხარდაჭერით გავაკეთეთ. ხაჭაპური სტუმრებთან ერთად დავჭერით. მახსოვს ამ ფაქტით ადგილობრივი ტელევიზიის ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებიც აღფრთოვანდნენ. მათ საქართველოზე მოამზადეს ძალიან კარგი სიუჟეტი, სადაც ჩვენს ქვეყანაზე ძალიან პოზიტიურად ისაუბრეს, რაც არცთუ ხშირია ბერძნულ მასმედიაში.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- რადგან აქტიური კავშირი გაქვთ ქართულ ემიგრაციასთან და დიასპორასთან, ალბათ შეგიძლიათ იმის თქმა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად საბერძნეთში ჩასული ქართველები?

- შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ქართული დიასპორა და ემიგრანტები ჩემი ცხოვრების ბოლო ათეული წლის მთავარი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე არაერთი პრობლემური საკითხი გადაწყდა. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და დეტალურად შეუძლებელია ერთ პასუხში მისი ჩატევა. უამრავი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტი ელოდება ღირსეული ცხოვრების უფლებას, დასაქმებისთვის მხარდაჭერას და თავისუფალი გადაადგილებისთვის ელემენტარული დოკუმენტაციის მოწესრიგებას, რაც არცთუ ისე რთული და გადაუჭრელი საკითხია.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliღონისძიებაზე
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე

- თქვენთვის ღირებულ რომელ შეხვედრას გაიხსენებთ ელადაში?

- ყველაზე ღირებული და გამორჩეული ჩემთვის მომავალ მეუღლესთან სოფია სარიდთან შეხვედრა იყო. ამ ადამიანმა ჩემ მიმართ შეუფასებელი თანადგომა გამოიჩინა და, რაც მთავარია, ჩემთვის შეუფასებელი საგანძური, შვილები – ელისაბეტი და დანიელი მოავლინა ქვეყანაზე და ამისთვის ვმადლობ ღმერთს...

- როგორია შორიდან დარჩენილი სამშობლო, როგორ შეიგრძნობთ მას?

- რამდენიმე თვის წინ ჩემი შვილი ელისაბეტი მეუბნება: „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე", და მობილურში საქართველოს დროშას მაჩვენებს. ეს სიტყვები ძალიან ჩამრჩა გულში. ბოლო დროს საქართველოს დანახვა შორიდან უკვე ძალიან მიჭირს, ფიქრის დროს უფრო მეტად ჩამესმის მისი ხმა და უწმინდესის სიტყვები, რომელიც იანვარში შეხვედრისას მითხრა: „მალე დაბრუნდით საქართველოში“… ძალიან მინდა, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე შევძლო.

© photo: courtesy of Avtandil Giuneliავთანდილ გიუნაშვილი
ქართველები ათენში, ღირსეული ცხოვრების უფლება, ანუ „მამა, შეხედე, შენი საქართველო დავინახე“ - Sputnik საქართველო
ავთანდილ გიუნაშვილი

- რა გზას გადის ადამიანი ტაძრამდე და საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენამდე?

- ტაძარში ძალიან პატარა ასაკში აღმოვჩნდი და ეს ჩემი მასწავლებლების და დედის დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი. ვიცით, რომ დედის ლოცვა უდიდესი ძალის მქონეა. ალბათ ამ ლოცვამ განაპირობა ის, რომ უკვე ტაძრის საკურთხევლიდან სტიქარით შემოსილს, საკუთარ თავში ღმერთის პოვნაზე მეტი მეფიქრა. არ ვიქნები გულწრფელი, თუ გეტყვით, რომ ეს ძიება წარმატებით დავასრულე... დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის პოვნა ყოველდღიურად და ყველგან შეგვიძლია: ქუჩაში – გამოწვდილ ხელებში, ტრანსპორტში – ადგილის დათმობისას მადლიერ გამოხედვაში, მაღაზიაში გამოჩენილი თავაზიანობისას, თავად ტაძარში ქრისტიანის შესაფერისად მოქცევის დროს და ასე შემდგომ დაუსრულებლად…

ყველა ახალი ამბავი
0