ნიკოლოზ მებაღიშვილი

„ვერ გაექცევა ვალდებულებებს, ვისაც ასხია მხრებზე მანტია“, ანუ ლირიკული იურისპრუდენცია

525
(განახლებულია 21:06 07.07.2020)
იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი წარმოშობით მუხრანიდანაა, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. იურისპრუდენციაზე ადრე პოეზიით დაინტერესდა.

ლექსებსაც ბავშვობიდან წერს. დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და მის ანგარიშზე არაერთი მოგებული პროცესია.

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე ახერხებს, რომ საოცრად ლირიკული და ემოციური ლექსები წეროს, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ უჩვეულო – იურიდიული ტერმინების გამოყენებითაც...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

   

- ბატონო ნიკოლოზ, პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ, იქნებ ეს ოჯახური ტრადიციაა?

- ეს პროფესია ყოველთვის, ადრეული ასაკიდან იწვევდა ჩემში ინტერესს, ამიტომ პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. მამა ეკონომისტი გახლდათ, დედა – მასწავლებელი, ასე რომ, ოჯახური ტრადიცია ამ მხრივ არ ყოფილა განმსაზღვრელი.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- მართალია, საკმაოდ პრაგმატული პროფესია აირჩიეთ, მაინც პოეზიის ერთგული დარჩით...

- ლექსების წერა ახლა არ დამიწყია, ბავშვობიდან ვწერ. პოეზია ჩემი გულივით იყო და მეც ყოველთვის სავსე ვიყავი მისით. ყველა ჩემი ლექსი უზომოდ დიდი გრძნობების მოზღვავებითაა ნაკარნახევი. ვწერ იმას, რაც მტკივა, რაც მაწუხებს, რაც მაშფოთებს და მაღელვებს. რაზეც ცრემლები მომდის, რაც მტკივა ძალიან...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი ჟანრი შექმენით პოეზიაში. ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რას გეკითხებით, მცირე ამონარიდს შევთავაზებ თქვენი ერთი ლექსიდან:

„ასე დასრულდა ეს გარინდება,

ვკითხულობ სარჩელს დასაბუთებულს,

და ხვალინდელ დღეს, დამეფიცება -

არ ველოდები განსაკუთრებულს.

რა სამყაროა ან რა მიწაა?

ვეფხვის ზოლებით წვება ბუნება,

და როგორც ჭადრაკს თითქმის წაგებულს,

საქმესაც უნდა შემობრუნება…

ზოგჯერ ბრალმდებლის, ზოგჯერ დამცველის,

ხან მოსამართლის გხვდება მისია,

და რაც გამარცხებს თითქმის ყოველთვის -

სწორედ ის მცირე კომპრომისია…

აი, დაიწყო მისი პროცესი,

ახლა დრო უფრო მეტად ზანტია,

ვერ გაექცევა ვალდებულებებს,

ვისაც ასხია მხრებზე მანტია“…

- რაც შეეხება ახალ ჟანრს, არ ვიცი რა გიპასუხოთ. იურიდიულ ამბებსა და საქმეებზე ამ ფორმით წერა, ვფიქრობ, განსხვავებულია და საინტერესო მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს. პირველი თუ ვარ, ვერ გეტყვით, მსგავს თემებზე და ამ ფორმით შეიძლება სხვა პოეტებიც წერენ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა თუ იციან მათი ადვოკატის ამ ნიჭის შესახებ?

- დიახ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა იციან, რომ პოეტი ვარ. ყოფილა შემთხვევა, რომ მათთვის ლექსებიც წამიკითხავს. რაც ჩემი მხრივ იმის მცდელობა ყოფილა, რომ მათთვის რამდენადმე შემემსუბუქებინა მეტისმეტად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩემი აზრით, გამომსვლია კიდეც, რადგან ჩვენ საქმეში შინაგან მზადყოფნას, რომ საკუთარ უდანაშაულობაში დაარწმუნო სხვები, დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ყველაზე წარმატებული რომელი საქმე გახსენდებათ?

- წარმატებული საქმეები ბევრი მქონია, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო მათი გახსენებისგან თავს შევიკავებ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საკმაოდ დაძაბული საქმიანობა გაქვთ და ლექსების წერას რა სიხშირით ახერხებთ?

- ლექსებს ყოველდღე ვწერ. ჩემთვის ლექსის გარეშე ჩავლილი დღე მკვდარია. პოეზია ჩემი გულია, სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე ხომ ვერ ძლებს დიდხანს ადამიანი? პოეზიაც ასეა ჩემი სულისთვის. წერისთვის იმპულსი და ინსპირაცია კი ღმერთს ყოველდღე მოაქვს ჩემთვის...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- ბოლოს რა ლექსი დაიწერა ამგვარი იმპულსის წყალობით?

- სულ რამდენიმე დღის წინ დაწერილ ლექსს გაგაცნობთ:

„მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით...

არ მინდა ბგერა, სიჩუმით გეტყვი:

ამოუხსნელი თრთოლვის მარწუხებს,

რომელი სიტყვით გამოითქმება

რაც ასე ძლიერ მწვავს და მაწუხებს?!

ამაო სოფლად რა დამრჩენია?!

ყოფიერება გულს არ მსახურებს,

სიტყვა გრძნობასთან ისე მცირეა,

როგორც კლდეებთან თეთრი საყურე...

და სინანულით გაფენილ დღეებს,

ოჰ, რა გაუძლებს, ველი ნათებას,

რომის დიდების ვინ ახსნის მზეებს?!

ყველა გზა შენსკენ მოემართება...

არ დაიღლება გული ოცნებით,

სიჩუმეც ზოგჯერ ხომ ასე კივის!

და, აბა, სიტყვას სად შეუძლია

რაც შეუძლია ცრემლებს და ტირილს...

მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით“...

- თქვენს ლექსებში ლირიზმის გარდა იუმორიც არის...

- იუმორი ნიჭიერ, ხალას ადამიანს ყოველთვის და ყველა სფეროში ეხმარება, გამონაკლისი არც იურისპრუდენციაა. სასამართლო პროცესებზე როდესაც დაძაბული პაუზა დგება ხოლმე, ვცდილობ, რომ ის ზომიერი იუმორით განვმუხტო.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საქართველოში რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ადვოკატი იყო?

- ვფიქრობ, ადვოკატი რომ წარმატებული იყოს, საქართველოში კი არა, ყველა ქვეყანაში საჭიროა, პირველ რიგში, პატიოსანი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ადამიანი იყოს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ წესიერებითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა – ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

 

525
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

538
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

538
მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი 90: ტოტალური აზროვნების სიმარტივე

289
(განახლებულია 16:58 15.09.2020)
ადამიანი სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგან...

დღეს უდიდეს ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ დიდი მოაზროვნის გამონათქვამებს „Sputnik–საქართველოს“ სერიიდან „აზრების ფოიერვერკი".

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი

მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.

მამარდაშვილი 1930 წელს დაიბადა გორში. მან 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალი „ვოპროსი ფილოსოფიის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

1990 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ქართველი ფილოსოფოსი მოსკოვის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის თბილისში გამოფრენას აპირებდა.

• თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა, თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც.

• ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>

• ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.

• შეგიძლია ისე მოკვდე, რომ ვერასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი…

• ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…

• ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა.

სიბრძნე სამართლიანობის გარეშე და უდიდესი თავისუფლების შედეგი - ტირანია>>

• ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

• ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისგან.

• ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

• ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.

„სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე>>

• არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.

• ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან.

• მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

• ფილოსოფია — ესაა განსჯა სიკვდილის შესახებ.

• სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივი, სწორედ იმიტომ, რომ არის დანაშაულის სისავსე, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლებიანი, ესე იგი, თავისუფალი.

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

• არჩევანის პრობლემას თავისუფლების პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავისუფლება — ეს ფენომენია, რომელსაც ადგილი აქვს იქ, სადაც არანაირი არჩევანი არაა. თავისუფლება არის რაღაც, რაც თავის თავშივე მოიცავს აუცილებლობას… რაღაც, რაც თავისი თავის აუცილებლობას წარმოადგენს, არის კიდეც თავისუფლება.

• ფილოსოფიაში თავისუფლებას შინაგანი აუცილებლობა ეწოდება. თავისი თავის აუცილებლობა.

289
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში