სცენაზე

მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია

284
(განახლებულია 20:30 02.07.2020)
პანდემიამ სამყაროში ჩვენი არსებობის და საქმიანობის ჩვეული ფორმები რამდენადმე შეცვალა. ხელოვანმა ადამიანებმა მაყურებელთან ურთიერთობის ახალი გზების ძიება დაიწყეს.

ამ კავშირის შენარჩუნების საკმაოდ ორიგინალურ ფორმას მიაგნო ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა. მან გადაწყვიტა, რომ თავის ერთგულ მაყურებელს თეატრში დადგმული სპექტაკლების კომიქსური ვარიანტი შესთავაზოს.

ლაშა ჩხვიმიანი
photo: courtesy of Lasha Chkhvimiani
ლაშა ჩხვიმიანი

- ბატონო ლაშა, როგორ გადაინაცვლა თქვენმა თეატრმა კომიქსებში?

- თეატრს ხუთი სარეპერტუარო სპექტაკლი გვაქვს და ხუთივე ვაქციეთ კომპიქსად. დავამზადეთ საერთო აფიშაც, რომელზეც სპექტაკლები მნიშვნელოვან თარიღებს თემატურად დავამთხვიეთ. კომიქსებში მთავარ როლს „თამაშობს“ მუსიკა ამავე სპექტაკლებიდან, რაც ემოციურ ფონს გამოხატავს. ეს კომიქსები სპექტაკლის ფოტოების მიხედვითაა ანიმაციად გადაკეთებული.

ლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი
photo: courtesy of Lasha Chkhvimiani
ლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი

- სპექტაკლებიდან რა შევიდა კომიქსებში?

- კომიქსებში სპექტაკლებიდან გამოყენებულია მთავარი ფრაზები. ზოგი სპექტაკლი ორსაათნახევრიანია, მაგრამ ამდენი ხანი კომიქსის ყურება დამღლელი იქნება, ამიტომ მათში მხოლოდ მნიშვნელოვანი ფრაზები და რეპლიკები გამოვიყენეთ. აგრეთვე ისეთი ფოტოები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავს სპექტაკლების ემოციურ მდგომარეობას.

- ამ კომიქსების შექმნის მთავარი არსი მაინც ისაა, რომ მაყურებელმა არ გაწყვიტოს თეატრთან კავშირი?

- დიახ, ამის მიზანი ძირითადად ისაა, რომ მაყურებელს ჩვენი სპექტაკლები არ დაავიწყდეს. ვისაც ისინი ნანახი არ აქვს, მათთვის სარეკლამო რგოლივით იქნება, რათა ამ კომიქსის მერე, როცა თეატრი გაიხსნება, სპექტაკლის ნახვის ინტერესი გაუჩნდეს.

- მსგავსი ფორმით ამ კავშირის შენარჩუნებაზე თქვენ გარდა ვინმეს უფიქრია?

- არ ვიცი, მე ნამდვილად არ მსმენია, რომ ვინმეს სპექტაკლები გაეკომიქსებინოს. აქვე გაცნობებთ, რომ კომიქსის ჩვენება 26 ივლისს გვაქვს ჩანიშნული.

- თავად მსახიობები როგორ აღიქვამენ საკუთარ კომიქსურ პერსონაჟებს?

- ისინი ძალიან ხალისობენ და ყველაზე მეტად ეს კომიქსები, მგონი, მათ მოსწონთ, რადგან მოუთმენლად ელოდებიან.

- მხატვარზეც მითხარით, თუ შეიძლება, ვინ შექმნა ეს კომიქსები?

- კომიქსების ხელოვნება თეატრთან არანაირ კავშირში არ არის. ამის ნიჭი ჩემს ძმას აღმოაჩნდა, თან კარანტინის გამო მასაც სახლიდან უწევდა მუშაობა. მოკლედ, მე და ჩემი ძმა ერთად ვმუშაობდით კომიქსებზე. მას მერე, რაც თეატრები ჩაიკეტა, მაყურებელთან ურთიერთობის ერთადერთი ალტერნატივა ონლაინ–სივრცე დარჩა. ზოგი ამბობს, რომ სპექტაკლი მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობის გარეშე არ შედგებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თეატრმა არ უნდა მიატოვოს მაყურებელი და საამისოდ ყველა მოსახერხებელი გზა უნდა გამოიყენოს.  

თეატრალური სტუდიის მსახიობები
თეატრალური სტუდიის მსახიობები

- ამის მაგალითად ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული შემოქმედებითი ბრიგადები გამოდგება...

- დიახ, ომის დროს თეატრის საჭიროება თითქოს არ არსებოდა, მაგრამ მაშინაც აუცილებელი გახდა რაღაცის მოფიქრება. ამიტომ მსახიობებისა და მომღერლებისგან შექმნილი იყო ბრიგადები. ისინი პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე ჩადიოდნენ და ამხნევებდნენ ჯარისკაცებს. მერე რა, რომ პანდემიაა და თითქოს ერთ სივრცეში ჩავიკეტეთ, ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ სახლში დავსხდეთ და უსაქმურობაში ავიღოთ ფული, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ჰოდა, ჩვენ მაყურებელთან პირისპირ დარჩენის ასეთი გზა გამოვნახეთ.

დმანისის თეატრი
დმანისის თეატრი

- სეზონის დახურვა როდის იქნება და რას აპირებთ?

- სეზონის დახურვა ღია სივრცეში გადავწყვიტეთ. ეს იქნება სპექტაკლი დმანისის ნაქალაქარზე, რომელიც ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, ქალბატონმა თამარ ხიზანიშვილმა დადგა. ესაა სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“. რადგან სულხან-საბა ჩვენი რეგიონიდან იყო, ნაქალარი კი მას ახალგაზრდობაში მემკვიდრეობით ერგო, აქედან გამომდინარე, სპექტაკლს „სიბრძნე-სიცრუისა“ ღია ცის ქვეშ, ნაქალაქარზე ვითამაშებთ. ეს ივლისის ბოლოს იქნება. 6 ივლისის მერე შეზღუდვები იხსენება და სპექტაკლების ცოცხლად გამართვას საჭირო რეგულაციების დაცვით შევძლებთ.

 

284
თამარ კეცხოველი

ძველთბილისური სახლების ნოსტალგია და პანდემიის დროს გამოფენილი ნახატები

33
(განახლებულია 17:07 07.08.2020)
ხატვა მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო... მანამდე მის მეხსიერებაში ქვეცნობიერად გროვდებოდა ნანახისა და განცდილის ფრაგმენტები. მისი ნახატების სახელწოდებებიც ამის დასტურია: „ქალაქი”, „სამკითხველო”, „საზაფხულო სახლი”, „მწვანე აბაჟური”, „ძველი ბუფეტი“.

ამაში უჩვეულოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რაც გახდა ხატვის დაწყების სტიმული და ერთგვარად, მისი განკურნების საუკეთესო საშუალებაც...

თამარ კეცხოველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით არქეოლოგია, ხატვა 2019 წლის სექტემბერში, ინსულტის გადატანის შემდეგ დაიწყო. დღეში ძალიან ბევრს, დაახლოებით ათ საათს ხატავდა. პირველი პერსონალური გამოფენა პანდემიის დროს ჰქონდა.

თამარ კეცხოველი
თამარ კეცხოველი

- ქალბატონო თამარ, თქვენს ნახატებში წარსულის ნოსტალგიური განწყობაა და ამ გზით გამუდმებით ცდილობთ ბავშვობაში „დაბრუნებას“, ასეა?

 - საერთოდ სადმე დაბრუნება მაშინ გინდა როცა იქ კარგი იყო და კარგად გრძნობდი თავს. დიახ, შესაძლოა, არის რაღაც ნოსტალგიური მომენტები, თუმცა უფრო მეტად ძველებური ინტერიერი მომწონს და ვხატავ, ვიდრე ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროს იყო. სიძველის მომხიბვლელობას ასაკთან ერთად ვხვდები და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- როგორი იყო თქვენი პლეხანოვური ბავშვობა, თუ არ ვცდები პლეხანოვზე არსებული 23-ე სკოლა თბილისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლათა რიცხვშია, თქვენთვის თუ ჰქონდა ამგვარ იარლიყს მნიშვნელობა?

- დიახ, ჩემი 23-ე სკოლა „ელიტარული” სკოლების სიაში შედიოდა, მაგრამ იქ ამიტომ არ მოვხვედრილვარ. უბრალოდ უბნით მეკუთვნოდა (მაშინ ასე იყო) და ტრადიციითაც, რადგან თავის დროზე იქ დედა და დეიდა სწავლობდნენ და ჩვენც იქ მიგვიყვანეს. პლეხანოვი და ჩემი უბანი ძალიან მიყვარს, ჩემი სახლი ეგაა... საერთოდ  მაპატიონ ახალუბნელმა თბილისელებმა და, თბილისი ჩემთვის ძველი უბნები და ძველი თბილისია. როდესაც ყველა ხეს ცნობ, ყველა მეეზოვეს, ფეხსაცმლის მწმენდავს და ქუჩის მოვაჭრეს სახელით იცნობ, ისაა შენი სახლი და შენი უბანი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- 90 -იანი სტუდენტობა არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც, იმ „ბნელი“ დროის რომელ ნათელ მომენტს გაიხსენებდით?

- თავისი ხიბლი იმ ბნელი, 90-იანების სტუდენტობასაც ჰქონდა. მაშინ დაიწყო მიტინგების ეპოქა და ჩამოინგრა „სსრკ“. ჩვენ, სტუდენტები კი მიტინგებიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან კარვებით პირდაპირ ქალაქგარეთ მივდიოდით. რაც კი ლამაზი ადგილი იყო ქალაქის გარშემო სწორედ მაშინ შემოვიარე ყველა, უფრო სერიოზულად კი მთაში სიარულით ვიყავი დაკავებული. მაშინ სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა ბევრი ახალი ყაიდის ლექცია, სადაც ვესწრებოდით და თავისუფალ აზროვნებას ვცდილობდით... მოკლედ ძალიან დატვირთული და საინტერესო სტუდენტობა მქონდა და მას არაფერში გავცვლიდი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- ინსულტის მერე დაწყებული ხატვა თქვენთვის ერთგვარი შვება და გადარჩენის გზა იყო?

- ინსულტამდე სხვა ცხოვრება იყო, სახლი-სამსახური და სხვა არაფერი.  ხატვით ყოველთვის ვხატავდი, უბრალოდ ამის დრო არასდროს მქონდა. აი, ინსულტის მერე კი, როცა სამსახურიდანაც წამოვედი და სახლში დავჯექი, უცებ და ინტენსიურად დავიწყე მეგობრების პორტრეტების ხატვა. ვეღარ გავჩერდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ათი საათი მაინც ვხატავდი. ხატვა არ მბეზრდებოდა და სწორედ ამან გადამარჩინა და პანდემიის დროს მძიმე კარჩაკეტილობაც ამან გადამატანინა.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- პანდემიის დროს პირველი პერსონალური გამოფენის გამართვა  მონატრებული სამყაროს გამომზეურება იყო? 

- დიახ, ეს გამოფენა მეგობრებთან შეხვედრის და მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის მიზნითაც მოვაწყვეთ. ამაში გალერისტი მეგობარი დამეხმარა. ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა.

თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები
თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები

- თქვენს ნახატებში ხშირად ჩნდება ძველი სახლი, რომელიც სიმყუდროვის განცდას გიჩენს...

- ამჟამად არ ვარ ქალაქში და აქ, აგარაკზეც დავხატე რაღაცეები. სიმყუდროვე თითქოს არ მაკლია სახლში, მაგრამ ეტყობა, ეს უფრო ბავშვობის და ბებიების, ძველთბილისური სახლების ნოსტალგიაა, სადაც გაიარა ჩვენი თაობის უმრავლესობის სტუდენტობამ. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი და ის, რაც ფანჯრებს მიღმა ხდებოდა ძველ უბნებში, სულ ესაა...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- რაშია დეპრესიიდან გამოსავალი და ხსნა?

- რაშია ხსნა? ცხადია, ერთ-ერთი გზა საამისოდ ხელოვნებაცაა, რომელიც თერაპიაა... ჩემი აზრით, თუკი ადამიანს რაიმეს შექმნა ხელეწიფება,  უნდა გააკეთოს და არ გაჩერდეს, მერე ყველა მძიმე სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს...

 

33
საჰაერო ბურთები

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...

150
(განახლებულია 21:57 06.08.2020)
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი...

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ ანატოლ ფრანსის გამონათქვამებს.

ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
© photo: Sputnik /
ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი

ანატოლ ფრანსი (Anatole France, ნამდვილი გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგულად Anatole Thibault, 1844-1924) - ფრანგი მწერალი, რომანტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1921). მისი ნაწარმოებებია: „თაისი“, „ჟერონ კუანიარის აზრები“, „სილვესტერ ბონარის დანაშაული“, „პინგვინთა კუნძული“, „ანგელოზთა აჯანყება“ და სხვა.

სიყვარულში მამაკაცებს ფორმები და ფერები სჭირდებათ, მამაკაცები სურათს ითხოვენ. ხოლო ქალები - მხოლოდ შეგრძნებებს. მათ უკეთესად უყვართ, ვიდრე მამაკაცებს, ისინი ბრმანი არიან.
ჩვენ საშიშად მიგვაჩნია ისინი, ვისი ტვინიც სხვაგვარადაა მოწყობილი, და უზნეოდ ისინი, ვისი ზნეობრიობაც ჩვენსას არ ჰგავს. სკეპტიკოსებს ვუწოდებთ მათ, ვისთვისაც უცხოა ჩვენი ილუზიები და კითხვაც არ გვიჩნდება, ხომ არ იციან მათ რაიმე სხვა ილუზიებიც.
გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ხოლო როცა ვუყვარვართ, ან გვაწამებენ, ან ყელში ამოჰყავთ.
მტრები მყავს, და ამით ვამაყობ.
ირონია - იმედგაცრუების ბოლო სტადიაა.
რელიგიამ სიყვარულს დიდი სამსახური გაუწია, როცა ის ცოდვად აქცია.

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს>>

ცივილიზაცია - ეს მეცნიერული ბარბაროსობაა.
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი.


ადამიანს სჩვევია ბრძნული მსჯელობა და სულელური საქციელი.
ყველა ილუზიას შორის დიდება ყველაზე აბსურდული და ყველაზე დამღუპველია.
ძალზე ბრძენი უნდა იყო, რომ სიბრძნე ტვირთად არ აქციო.
ყველაზე იშვიათი სიმამაცე - ეს აზრის სიმამაცეა.
ის, ვინც რევოლუციები მოაწყო, სხვებს არ მისცემს უფლებას, მის მაგალითს მიბაძონ.
კანონები კარგია ან ცუდი არა თავისთავად, არამედ მათი გამოყენების ხერხის მიხედვით. ამა თუ იმ უკიდურესად უსამართლო დადგენილებას ბოროტება არ მოაქვს, თუ მოსამართლე მას ცხოვრებაში არ იყენებს. ზნეობა კანონებზე ძლიერია. ზნეობისა და ჩვეულებების კულტურულობა და სირბილე ერთადერთი წამალია კანონიერი ბარბაროსობის წინააღმდეგ.
სისულელე ხშირად ხელს უშლის სისულელის ჩადენას. ყველაზე სულელურად ყველაზე სულელი ადამიანები არ იქცევიან.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

უფრთხილდით მათ, ვინც საკუთარ თავს იტანჯავს: ისინი უნებლიეთ თქვენც დაგასახიჩრებენ.
კაცობრიობას ყველა დროში სიგიჟისა და სისულელის ერთნაირი მარაგი გააჩნია.
გიყვარდეს მგზნებარედ - ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ გიყვარდეს თავდადებით - კიდევ უკეთესი... ჭეშმარიტად უყვართ ის, ვინც უყვართ თავიანთი სისუსტეებით... დანდობა, პატიება, ნუგეში - აი, სიყვარულის მთელი მეცნიერება.

როცა ადამიანები შეწყვეტენ ერთმანეთზე გამარჯვებას, ისინი, ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან საკუთარ თავზე გამარჯვებას.
გონებრივი კულტურის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი გრძნობები.
ომი - ბარბაროსობაა, რომელიც ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად გაქრება.
მოგზაურობა სხვა ყველაფერზე მეტად გვასწავლის. ხანდახან სხვა ადგილას გატარებული ერთი დღე მეტს გვაძლევს, ვიდრე სახლში ათი წელი ცხოვრება.
გონივრულ დასკვნებს ჯერ არავინ დაურწმუნებია.
სჯობს, ცოტა გაიგო, ვიდრე ცუდად.
სიტყვაზე მძლავრი არაფერია... სიტყვა ამარცხებს მრისხანეს და ანგრევს ციხესიმაგრეებს. ეს უხილავი იარაღია. მის გარეშე სამყარო უხეში ძალის ხელში იქნებოდა.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

ხშირად ბედნიერებას იმას ვუწოდებთ, რაც ჩვენ თვითონ არ განგვიცდია.
თვალმომჭრელი ჭეშმარიტება ფუჭი სიტყვაა იქ, სადაც მას თავს გახვევენ.
ყველა ღიმილი სიხარულს არ გამოხატავს ისევე, როგორც ყველა ცრემლი - უბედურებას.
ქალი მამაკაცის უდიდესი აღმზრდელია.

გულს შეუძლია ჭკუის მომატება, მაგრამ ჭკუა გულს ვერ გაზრდის.
როცა ადამიანი აზროვნებს, მას ეჭვები იპყრობს, მაგრამ როცა მოქმედებს - დარწმუნებულია.
არ ვიცით, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეს, მაგრამ მაინც მარადიული სიცოცხლე გვინდა.
გულწრფელს ვუწოდებთ ქალს, რომელიც აუცილებლობის გარეშე არ ტყუის.
შური დემოკრატიული სახელმწიფოების კეთილისმყოფელია და მათ ტირანებისგან იცავს.
მხოლოდ ქალებმა და ექიმებმა იციან, როგორი აუცილებელი და სასარგებლოა ტყუილი.
ჭეშმარიტი სიყვარული არ საჭიროებს არც სიმპათიას, არც პატივისცემას, არც მეგობრობას; ის ცოცხლობს სურვილით და იკვებება სიცრუით. ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან.
არ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე იყო ეჭვიანობაზე უფრო დამამცირებელი ტანჯვა.
დაიმორჩილეთ თქვენი ვნებები და მათი ძალა გახდება თქვენი ძალა, მათი სიდიადე - თქვენი სილამაზე.
დემოკრატია ცუდად მართავს, სამაგიეროდ - ცოტას.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

მომავალი - აწმყოშია, მაგრამ მომავალი წარსულშიცაა. ეს ჩვენ ვქმნით მას. თუ ის ცუდია, ჩვენი ბრალია.
ყოველთვის მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო ვიტანჯებით.
მამაკაცები სიყვარულში უტყდებიან, სანამ მას იგრძნობენ, ხოლო ქალები - მას შემდეგ, რაც სიყვარულს გამოცდიან.

150
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში: სახელდება ფარული ნიშნები

0
(განახლებულია 15:54 07.08.2020)
ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა მათი შფოთვისა და სტრესის დონე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს. ზოგი მშობელი შეიძლება დიდად არც რეაგირებდეს ამაზე და წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ რეალურად ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს (Seattle Children's) ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ ესაუბრება და უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას.

თურმე ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ სწორედ შფოთვა (რაც მუცლის ტკივილს იწვევს) ხდება დეპრესიის მიზეზი ბავშვებში, რაც, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველი ხდება.

 

0
თემები:
მშობლები და შვილები