ხორხე ბუკაი

გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი

475
(განახლებულია 18:52 25.06.2020)
თავისუფლება შესაძლებლობების საზღვრებში არჩევანის ხელოვნებაა და არა ყველაფრის უფლება და აღვირახსნილობა. თავის თავისუფლად გამოცხადება ნიშნავს ნაბიჯს საკუთარი დამოუკიდებლობისკენ, იმის გაცნობიერებას, რომ ამიერიდან მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ხორხე ბუკაის (დაიბადა 1949 წელს) — არგენტინელ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოანალიტიკოსსა და მწერალს. თავისი ცხოვრების 30 წელზე მეტი მან ფსიქოთერაპიას მიუძღვნა, შემდეგ კი წიგნების წერაზე გადაერთო.

„ვცდილობ თითოეულ წინადადებაში ჩავდო მხოლოდ ის აზრები, რომელთა სარგებლობაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი", – აღნიშნავს ის.

ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...>>

გთავაზობთ ბუკაის 20 მარტივ ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებათ დაუახლოვდეთ საკუთარ თავს და უპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებსაც ცხოვრება გვიყენებს:

ნაბიჯი 1. შეიცანი საკუთარი თავი

მოიხსენით საფარი, რომელიც ხელს გიშლით დაინახოთ თავი ისეთი, როგორიც ხართ. მიიღეთ ცოდნა თქვენს თავზე, როგორიც სინამდვილეში ხართ. გადაყარეთ ყველა „ნიღაბი", რომლებსაც ირგვლივ მყოფთათვის იყენებთ. აიღეთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მათ შორის ყველა სიტყვასა და საქციელზე.

ნაბიჯი 2. გათავისუფლდი

არ მოიპოვოთ, არამედ მიეცით თავს თავისუფლება, შინაგანი დამოუკიდებლობა. თავისუფლება შესაძლებლობების საზღვრებში არჩევანის ხელოვნებაა და არა ყველაფრის უფლება და აღვირახსნილობა. თავის თავისუფლად გამოცხადება ნიშნავს ნაბიჯს საკუთარი დამოუკიდებლობისკენ, იმის გაცნობიერებას, რომ ამიერიდან მხოლოდ თქვენ, მარტო ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ნაბიჯი 3. გაიხსენი სიყვარულისთვის

სიყვარული, რომლისთვისაც გული უნდა გახსნათ, ყოველდღიური, რეალური და უბრალო გრძნობაა. ესაა ნამდვილი ზრუნვა ახლობელი ადამიანის კეთილდღეობაზე. გააღვიძეთ საკუთარ თავში ნამდვილი ინტერესი სხვა ადამიანის ცხოვრებისადმი, იქნება ეს თქვენი შვილი, დედა, მეუღლე, პარტნიორი, მეზობელი ან თუნდაც სრულებით უცხო ადამიანი.

გააადამიანურეთ ადამიანური გრძნობები>>

ნაბიჯი 4. იცინე მთელი გულით

ისწავლეთ ყოველ დილით სიხარულით გაღვიძება, მიუხედავად ტელევიზიისა და სხვა ნეგატიური ინფორმაციისა. ყოველდღე შეჩერდით სარკის წინ თუნდაც ერთი წუთი და საკუთარ თავს გაუღიმეთ. გაიღიმეთ, სანამ თქვენი ღიმილი ირგვლივ მყოფებს არ „გადაედებათ". სიცილი და ირონია აუცილებელია ადამიანისთვის, რომ ის უფრო გონივრულად მოიქცეს ისე, რომ არ უარყოს არსებული პრობლემები და მას არ გაექცეს.

ნაბიჯი 5. ისწავლე სხვების მოსმენა

ცნობილი სიბრძნე გვასწავლის: ყური ორი გვაქვს და პირი — ერთი. ეს ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი უნდა მოვისმინოთ, ვიდრე ვთქვათ. მოისმინეთ აქტიურად და ინტერესით, როდესაც გააანალიზებთ, დაეთანხმეთ თანამოსაუბრეს ან უარყავით მისი მოსაზრება. სხვა ადამიანს შეუძლია თქვენი დახმარება საკუთარი თავის გაგებაში, თქვენი პიროვნების საზღვრების დადგენაში.

ნაბიჯი 6. ისწავლე სწავლა, დაივიწყე სიამაყე

ცხოვრება ახალ-ახალი ცოდნის მუდმივი შეძენაა, რაც თვითდამკვიდრებისთვის არის აუცილებელი. იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, ვიდრე უკვე მიღებული ცოდნის საზღვრებიდან გასვლის უუნარობა. ადამიანი, რომელიც მზად არ არის ყოვლისმცოდნეობის კვარცხლბეკიდან ჩამოვიდეს, სხვებისგან ვერაფრის სწავლას ვერ შეძლებს, რადგან მას წინასწარ სძულს ირგვლივ მყოფნი და ფიქრობს, რომ მას ვერავინ ვერაფერს ასწავლის.

მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>

ნაბიჯი 7. ყოველთვის თავაზიანი იყავი

საკმაოდ ადვილია თავაზიანი იყო მათ მიმართ, ვინც თქვენ თბილად და პატივისცემით გეპყრობათ. მაგრამ არც ისე ადვილია ზრდილობის წესების დაცვა მათ მიმართ, ვინც იმავეთი არ გპასუხობთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ მოპყრობაზე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ყველამ უარი უნდა თქვას. სრულყოფილებისკენ გზის სრულ მარტოობაში გავლა ძნელია და შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ არ უყვარხართ.

ნაბიჯი 8. მოწესრიგდი გარეგნულადაც და შინაგანადაც

ისწავლეთ მიზნამდე მიღწევა ისე, რომ გზიდან არ გადაუხვიოთ. ამისთვის აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა, მთავრისა და მეორეხარისხოვნის გაყოფა. გახსოვდეთ ორი მნიშვნელოვანი მომენტი: 1) არანაირი წესრიგი არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და უცვლელად; ბ) თქვენეული წესრიგი სულაც არ უნდა ემთხვეოდეს სხვა ადამიანის წესრიგს.

ნაბიჯი 9. გახდი კარგი „გამყიდველი"

თვითგანვითარების რთულ გზაზე მეცხრე ნაბიჯს ღიად, ყველასთვის დასანახად ცოტა თუ დგამს. ესაა საკუთარი თავის ჭკვიანურად წარდგენის ცოდნა. გამყიდველი ამ შემთხვევაში „გამყიდველობას" არ ნიშნავს; ეს მხოლოდ უნარია, ირგვლივ მყოფებს წარუდგინო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კარგად რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

ნაბიჯი 10. შეარჩიე კარგი კომპანია

ადამიანები გულით უნდა შეარჩიოთ და არა გონებით. ეს შეიძლება მიამიტურად გეჩვენოთ, მაგრამ ამაში თვითონ დავრწმუნდი (როდესაც სიძნელეების გადალახვა მომიხდა), თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს მოსიყვარულე ადამიანები, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს: მეგობრები, ნათესავები, მკითხველი, მეზობელი, კოლეგა, მასწავლებელი… მათ ცხოვრების მეგზურებს ვუწოდებ. თუ ასეთი ადამიანები არ გყავთ, ან ისინი გავიწყდებათ, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევთ.

ნაბიჯი 11. არ შეუშინდე საკუთარი ცოდნის გადაფასებას

ხშირად ახალი ცოდნისთვის რბოლაში შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც უკვე გაქვთ, მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ. გადახედეთ თქვენს ცოდნას, უარი თქვით რაღაცაზე, აღმოაჩინეთ რაიმე ახალი, შეავსეთ და დახვეწეთ ის, რაც ყოველთვის უტყუარად მიგაჩნდათ. პირადად მე მუდმივად ძველი პრობლემების ახლებური გადაწყვეტილებების, ძველ კითხვებზე ახალი პასუხების მოძიებასა და გაცნობიერებაში ვარ.

ნაბიჯი 12. იყავი კრეატიული

შემეცნების ორი ხერხი არსებობს: ერთი ეფუძნება მოზრდილი ადამიანის გამოცდილებასა და ცოდნას, ხოლო მეორე — თითოეულ ჩვენგანში არსებული ბავშვის აღმოჩენებსა და განცდებს. სწორედ მეორე ხერხი უწყობს ხელს შემოქმედებითი ძალის გამოვლენას, იმის აღმოჩენას, რომ ნებისმიერ ვითარებაშია რაღაც ახალი, უცნობი ზღვარი. შეეცადეთ ააგოთ ცხოვრებისეული გზა შემდეგი თანმიმდევრობით: ემოცია, მკვლევარის ცნობისმოყვარეობა, კრეატიული ხედვა, შემოქმედებითი შეცდომები, შემეცნება, სიხარული, ზრდა.

არც ტკბილი და არც მწარე...>>

ნაბიჯი 13. გამოიყენე ყოველი წამი

აწმყო — ერთადერთი შესაძლო მომენტია აქტიური ცხოვრებისთვის. არც წარსულმა და არც მომავალმა არ უნდა გაგიფანტოთ ყურადღება აქ და ახლა არსებობისგან. აწმყო ყოველთვის გახსნილია ცვლილებებისთვის, მოულოდნელობებისთვის და შეუძლია ნებისმიერი სიურპრიზი გაგიმზადოთ — ამაშია მისი მთავარი ღირსება. გამოიყენეთ ის მაქსიმალურად.

ნაბიჯი 14. მოერიდე ვინმეზე და რამეზე დამოკიდებულებას

ეს ნაბიჯი ყველა შესაძლო დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს: ნივთებზე, ადამიანებზე, საქციელზე, პოზიციაზე, იდეოლოგიაზე. საუბარია იმის მოშორებაზე, რაც დასაწყისშივე, ასე თუ ისე, თქვენი არ არის. ამ „უსარგებლო ნივთების" სია თქვენი პატივმოყვარეობითა და ნარცისული „მე"-თი დაიწყეთ.

ნაბიჯი 15. დაუფიქრებლად ნუ გარისკავ

ერთ ძველ პოემაში ნათქვამია, რომ თითოეული ნივთი, აზრი, მოსაზრება, საქციელი რისკის გარკვეულ წილს შეიცავს. საშიშია სიცილი, ტირილი, რაიმე ახლის გაკეთება, სიყვარული, ადამიანების გაცნობა, თვითმფრინავით გაფრენა… მაგრამ იგივე პოემა კიდევ ერთ რამეს გვასწავლის: ყველაზე დიდი საშიშროებაა იმის სურვილი, რომ მთელი ცხოვრება გარისკვის გარეშე განვლო. გთავაზობთ, რომ გარისკოთ ცხოვრებაში, მაგრამ დაფიქრებით.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

ნაბიჯი 16. ივაჭრე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში

ისწავლეთ ვაჭრობა მხოლოდ კომერციული ან იურიდიული ურთიერთობების სფეროებში, სასამართლოში, ომში, კონფლიქტურ ვითარებებში. დანარჩენი შემთხვევებისთვის (და განსაკუთრებით — სიყვარულისთვის) ჯობს გამოიყენოთ სიტყვა „თანხმობა". მეგობრობაში, ოჯახში, სასიყვარულო ურთიერთობებში უფრო მომწონს გამოთქმა „ნებაყოფლობითი უარი", ვიდრე „მსხვერპლის გაღება".

ნაბიჯი 17. სრულყოფილებისკენ — მეტოქეობის გარეშე

საკუთარი გამოცდილებით გავაცნობიერე, რომ არ არსებობს „ჯანსაღი მეტოქეობა". რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანში არის სხვასთან შედარებისკენ მისწრაფება, მაგრამ ამგვარი მეტოქეობა მხოლოდ სპორტში გადაიზრდება თამაშად. მეტოქეობა ჯანსაღად მხოლოდ კომპეტენტურობისა და ოსტატობის დონეზე შეიძლება ჩაითვალოს.

ნაბიჯი 18. ნუ შეუშინდები მარცხს

წარუმატებლობის შიში, როგორც წესი, ბავშვობაში ჩვენი აღზრდის შედეგია. ყველა ადამიანს ეშინია მარცხის, და ყველას გვავიწყდება: გეგმების ნებისმიერი ჩაშლა ბიძგია სრულყოფილებისკენ. სულიერი ზრდა მხოლოდ ყოველდღიური გამოცდილებისა და შეცდომების გავლით არის შესაძლებელი. თუ პირველივე ჯერზე გამოგდით რაღაც, ამან, შესაძლოა, თქვენს პატივმოყვარეობას აამოს, მაგრამ არაფერს გასწავლით. სწავლა მხოლოდ შეცდომებზე და განვლილის გააზრებაზეა შესაძლებელი.

ნაბიჯი 19. დაიწყე ყველაფერი თავიდან

ცხოვრების გზაზე ჩიხში არაერთხელ მოქცეულხართ, სადაც სერიოზულ, ხანდახან გამოუსწორებელ შეცდომებს მიჰყავდით. ასეთ მომენტებში ღირს, ამ ნაბიჯის შესახებ გაიხსენოთ და ყველაფრის ახლიდან დაწყების გადაწყვეტილება მიიღოთ. ამ ნაბიჯის აზრია უკან, იმ ადგილზე დაბრუნება, სადაც გზას ასცდით ან სადაც გზა შეწყდა. როდესაც დაბრუნდებით, მიხვდებით — ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება: ვითარებაც, ადგილიც, სადაც ეს მოხდა, და თავად თქვენც. გახსოვდეთ, ყოველთვის არის ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა.

ნაბიჯი 20. საბოლოო შედეგში ეჭვი არ შეგეპაროს

მჯერა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმის მიღწევა, რაზეც ოცნებობს, თუ არ იჩქარებს და სასურველის მიღწევას დაჟინებით ეცდება. მთავარია, რომ ეს ნამდვილად მისი სურვილი იყოს და არა სხვა ადამიანების მოთხოვნები. ამბობენ, რომ წარუმატებლობას ჩვენი მოუთმენლობის გამო ვაწყდებით და არა რეალური შესაძლებლობების არარსებობის გამო. ალბათ ასეცაა.

475
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (56)
შეყვარებულები

ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...

253
(განახლებულია 16:48 09.07.2020)
უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჰენრი ლუის მენკენის მოსაზრებებს.

ჰენრი ლუის მენკენი (Henry Louis Mencken, 1880-1956) ამერიკელი ჟურნალისტი, ესეისტი, სატირიკოსი; როგორც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა აღნიშნა, „ადამიანი, რომელმაც ამერიკული ლიტერატურისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>

ჰენრი ლუის მენკენმა დაამთავრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ბალტიმორის პოლიტექნიკური ინსტიტუტი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ხოლო ლიტერატურულ მოღვაწეობას – ძირითადად მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში. მისი მთავარი ნაშრომებია: „ჯორჯ ბერნარდ შოუ. პიესები", „წინასიტყვაობათა წიგნი", „ცრურწმენები", „შენიშვნები დემოკრატიის შესახებ".

მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ჟურნალისტმა და დააარსა ჟურნალი „ამერიკენ მერკური". ის ცნობილია, როგორც „ბალტიმორელი ბრძენი“ (Sage of Baltimore), ასევე „ბალტიმორის ანტიქრისტე". ის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად მიიჩნევა.

რაც არ უნდა ბედნიერი იყოს ქალი ქორწინებაში, მაინც ყოველთვის კმაყოფილებით ამჩნევს, რომ არიან ამ ქვეყნად მამაკაცები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ ის გათხოვილი არ ყოფილიყო...

უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ, როცა იცით, რომ თქვენ მის ადგილზე მოიტყუებოდით.

სიყვარული – წამება, უსიყვარულობა – სიკვდილი>>

მამაკაცი ეძებს ისეთ ვინმეს, რომლის წინაშეც მას სიამაყე შეუძლია. ქალი ეძებს მხარს, რომელსაც მიეყრდნობა...

როცა ქალი ქმარს სიტყვაზე ენდობა, ის ეჭვის საბაბს იძლევა.

უსამართლობის გადატანა შედარებით ადვილია. რაც ნამდვილად გვაყენებს ტკივილს - ეს სამართლიანობაა.

სიყვარული - ეს წარმოსახვის გამარჯვებაა გონებაზე.

მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამიურია. ერთი ქალი მისით ყოველთვის მანიპულირებს, ხოლო მეორე – კისერზე აზის.

სიყვარულში ბედნიერების უდიდესი საიდუმლოა – გიხაროდეს, რომ მასზე სხვა დაქორწინდა.

იდეალისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც, როცა აღმოაჩენს, რომ ვარდს კომბოსტოზე უკეთესი არომატი აქვს, მიდის დასკვნამდე, რომ ვარდისგან უკეთესი სუპი გაკეთდება.

მამაკაცები ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ქალები. პირველ რიგში, ისინი გვიან ირთავენ ცოლს; მეორეც – ადრე კვდებიან.

სიყვარული – არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რომელიც არ იზომება>>

ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანები – ეს გათხოვილი ქალები და უცოლო მამაკაცები არიან.

ქალებს არ უყვართ მორცხვი მამაკაცები. კატებს არ უყვართ ფრთხილი თაგვები.

ქალები და მამაკაცები ერთ საკითხში თანხმდებიან: ორივენი არ ენდობიან ქალებს.

წარსულის წინაშე თავი დახარე, მომავლის წინაშე – სახელოები აიკაპიწე.

საყვარელი – მსხვერპლი ნომერი ორი.

ფსიქოთერაპია – ესაა მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი, დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელდება, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩამოყალიბებული იდიოტი.

ქველმოქმედება და პატრიოტიზმი – მთავარი თვისებებია ამერიკელისა, რომელსაც რამის გაყიდვა სურს.

პატარძალი საკურთხეველთან: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“. სიძე: „უკვე ძალიან გვიანია! ძალიან გვიანი!“

ქალი ქორწინებამდე – პროვოკატორია; ქორწინების შემდეგ – ჟანდარმი.

მთელი ფილოსოფია, არსებითად, მიდის იმ აზრამდე, რომ ერთი ფილოსოფოსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა დანარჩენი ფილოსოფოსი სახედარია. ის, ჩვეულებრივ, ამას ახერხებს, უფრო მეტიც, ის დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თვითონაც სახედარია.

შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...>>

რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრება აუტანელი გახადო! კენჭი ფეხსაცმელში, ტარაკანი მაკარონში, ქალის სიცილი!

ქმრები არასდროს ხდებიან კარგი; ისინი, უბრალოდ, გამოცდილებას იძენენ.

ჯენტლმენი – ესაა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ასიდან სულ ცოტა ოცდაათ შემთხვევაში ლაპარაკობს.

ყოველ წესიერ ადამიანს რცხვენია იმ მთავრობისა, რომლის მმართველობის დროსაც ცხოვრობს.

უცოლო – ეს ისაა, რომელსაც უნდა ცოლის შერთვა და თან, ამავე დროს, უხარია, რომ უცოლოა.

დემოკრატია – თეორია, რომლის შესაბამისად ორი ქურდი მოიპარავს ნაკლებს, ვიდრე ერთი; სამი – ნაკლებს, ვიდრე ორი; ოთხი – სამზე ნაკლებს და ასე, უსასრულობამდე.

სინდისი შინაგანი ხმაა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ვიღაც გვითვალთვალებს.

სიმართლე ისეთი რამაა, რომელსაც, ასე თუ ისე, ვინმეს დისკრედიტირება შეუძლია...

გაზეთი – საშუალება, რომ უვიცი ადამიანები მეტად უვიცნი გახდნენ, ხოლო შეშლილნი – უფრო შეშლილნი.

იმედი – შეუძლებლის პათოლოგიური რწმენაა.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

ჯოჯოხეთი – ადგილი, სადაც ათ მცნებას კანონი დევნის.

მამაკაცი შეიძლება სულელი იყოს, მაგრამ ამის თაობაზე ეჭვი არ ეპარებოდეს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცოლოა.

ქმარი – ესაა ადამიანი, რომელსაც სულ თვალი უნდა ადევნო; კისრის ზომა – 16, საყელოს – 15,5.

ეჭვიანობა – თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ცუდი გემოვნებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით.

მსახიობი – ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი უფრო უშლის ხელს, ვიდრე ხის თავი.

დემოკრატია – ესაა მეცნიერება და ხელოვნება, მართო მაიმუნების გალიისგან შემდგარი ცირკი.

დემოკრატია – ეს მხოლოდ ოცნებაა: ის ზღაპრული არკადიის, სანტა კლაუსისა და სამოთხის გვერდით დგას.

უზენაესი – კომედიანტი, რომლის მაყურებელს სიცილისა ეშინია.

ძალაუფლება – ღმერთისგან, იერარქია – ძალაუფლებისგან.

პურიტანობა – შიში, რომ ვიღაც სადღაც შეიძლება ბედნიერი იყოს.

კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება>>

ცუდად იფიქრო მოყვასზე – ცოდვაა, მაგრამ არა მგონია, რომ შეცდომა იყოს.

უცოლოებს ხანდახან სინდისი ქენჯნის. ცოლიანებს ამისთვის ცოლები ჰყავთ. „მე ჩემი ქმრის სინდისი ვარ“.

253
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (56)
სალომე გოგოლაძე

იტალიაში დადგმული ქართული სპექტაკლი, ანუ „შემინახეთ ჩემი წილი საქართველო“

423
(განახლებულია 13:38 09.07.2020)
დღევანდელ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად იტალიაში მცხოვრებ მწერალს სალომე გოგოლაძეს გაგაცნობთ.

პროფესიით ფილოლოგია, გაიარა ჟურნალისტიკის კურსი. სხვადასხვა დროს მისი ნაწარმოებები გამოიცა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში – „ლიტერატურა და ხელოვნება“, „მწერლის გაზეთი“, „ნუგეში“, „ანეული“, „ლიტერატურული საქართველო“. 2010 წელს გამოიცა მისი წიგნი „თამაში მარგალიტებით“. მისი ნაწარმოები „ანგელოზის დაბადება“ მეოცე საუკუნის ქართველ თანამედროვე მწერალთა ანთოლოგიაშია შესული. 

წერა არ შეუჩერებია იტალიაშიც, სადაც 2013 წლიდან ცხოვრობს. უცხოეთში მის ნაწერებში განსხვავებული თემები და ემოცია ჩნდება. სამშობლოში აქტიურად იღებს მონაწილეობას და იმარჯვებს სხვადასხვა კონკურსებში. მაგალითად, ლიტერატურულ კონკურსზე „ემიგრანტის წერილი 2017“ მისი მოთხრობა „კლანდესტინი“ საუკეთესოდ დასახელდა. 2018 წელს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის კონსკურსის“ გამარჯვებული გახდა. მოთხრობებისა და ნოველების გარდა წერს ლექსებს და საბავშვო ნაწარმოებებს, აქვეყნებს წერილებს ცნობილი ადამიანების შემოქმედებაზე. 2019 წელს დაიბეჭდა სალომე გოგოლაძის პოეტური კრებული „თავისუფლება სამოთხის ჩიტებს“ და პროზაული „მგლის ცოლის ჩანაწერები“.

არც ისე დიდი ხნის წინ მწერლის მოთხრობების მიხედვით იტალიაში დაიდგა ემიგრანტულ თემაზე შექმნილი მისივე პიესა Terra Nostra („ჩვენი მიწა“), რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად გახლდათ.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ქალბატონო სალომე, საკუთარი ამბის თხრობას, როგორც წესი, ბავშვობიდან იწყებენ, თქვენ რას მოგვიყვებით?

- რა უნდა მოგიყვეთ? - ყველაფერს ჩემი ნაწარმოებები ჰყვებიან. რასაც ვწერ, ჩემი ცხოვრების ანარეკლია, მტკივნეული და სათუთი მოგონებაა. დავიბადე თბილისში, უაღრესად განათლებული ადამიანების ოჯახში. საუცხოო, თბილი მოგონებები მაკავშირებს ბავშვობასთან. დედას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და სახლში კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. მახსოვს, ის სულ მიკითხავდა ძილის წინ წიგნებს. ჩემი ბავშვობა სიცოცხლითა და  სიყვარულის ემბაზით სავსე წყაროს ჰგავს. როცა ძალიან მიჭირს ხოლმე, ქვეცნობიერად ისევ მივდივარ იმ წყაროსთან, დახავსებულ, ქვიან ადგილზე, საიდანაც წვეთ-წვეთად მორაკრაკებს ჩემი სულის მკურნალი ენერგია... და ვითვლი მოგონებებს სულის ფსკერზე დარჩენილი სველი კენჭებივით.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- მაშინ ახლა იმ კენჭებივით სათითაოდ „გადავარჩიოთ“ მოგონებები, რომლებიც თქვენს შემოქმედებას დღემდე კვებავს...

- თბილისზე უფრო კარგად მახსოვს ჩემი საყვარელი სოფელი იმერეთის უმშვენიერეს მხარეში, სადაც ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდი. ამიტომ პირველად იმერეთს გავიხსენებ. წარმოიდგინეთ უზარმაზარი კლდეები, გარშემო შემოჯარული ლურჯი მთები. რაჭის ქედი, საწალიკის მთის თეთრი მწვერვალები და ულურჯესი ცის კაბადონი. კლდეებზე გადმომდინარე ჩანჩქერები და მათ შორის დაკიდებული ბეწვის ხიდი, რომელიც დღემდე შემორჩა. გაზაფხულზე საუცხოო ფერის სურნელოვანი ყვავილებით ირთვებოდა გარემო, სადაც თეთრი ჟასმინი ჭარბობდა – გეგონება კლდეებმა მარმაშიანი კაბები ჩაიცვესო. ივნისში ველურ ყაყაჩოთა გუნდი შეესეოდა ხოლმე ფერდობებს და გამაბრუებელი სურნელი დგებოდა. კლდის თავზე უძველესი ციხის ნანგრევი იდგა, სულ მეგონა, თითქოს ამ კლდის ძირში ჩემმა წინაპარმა უდიდესი საიდუმლო დაფლა. ამ სილამაზის მაცქერალი როგორ შეიძლებოდა გულგრილი ვყოფილიყავი...

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ალბათ თქვენი ბავშვობის პერსონაჟებიც ასე ლამაზად დაგამახსოვრდათ...

- წარმოიდგინეთ ლამაზი, კოხტა იმერული სახლი და მწვანე ბალახით დაფარული ეზო - ასეთი იყო გარემო, სადაც ბავშვობა გავატარე. საყვარელი ბებია და ბაბუა, გულთბილი, სტუმართმოყვარე მასპინძლები. მუდამ შრომაში გართული ჩემი მოხუცები. ბაბუაჩემმა განძად დამიტოვა თავისი ნიჭიერება, რომელსაც დღემდე მზესავით დავატარებ, როგორც ძვირფას საჩუქარს. ყველაზე მეტად მე მესმოდა ამ ბრძენი მოხუცის, რომელსაც მთელი ცხოვრება აწვალებდა ნიჭი, წვავდა და ფერფლავდა საკუთარი „მე“. ეს ნიჭი შუა მკის ან თოხნის დროს მიატოვებინებდა საქმეს და ოფლში გახვითქულს საწერად დასვამდა... პოეტი იყო ჩემი დიდი ბებიაც და მეც ასე მეღვრებოდა პოეზიის მადლი, რომელსაც მთელი არსებით ვისრუტავდი. ბებიამ ისეთი თხრობა იცოდა, რომ მეგონა ზანზალაკები ირხეოდნენ მისი ხმის იოგებიდან. მიყვებოდა უძველეს ზღაპრებს, თქმულებებს, იგავებს და მეც წარმოსახვაში ხან ობოლი გოგო ვიყავი, ხან ტყეში დაკარგული, ბუდ გადაქცეული სეითო ბიჭი. ეს ყველაფერი ისე მიძლიერება ფანტაზიისა და აღქმის უნარს, რომ შემდეგში ჩემი ლამაზი სულიერი სამყარო შევქმენი...

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- ალბათ არც სხვა ბავშვებს ჰგავდით?

- დიახ, მართლა არ ვგავდი სხვა ბავშვებს, რომლებიც ლამაზ ჩასაცმელზე და თოჯინებზე ოცნებობდნენ. იდუმალი ბავშვი ვიყავი, მუდამ დაფიქრებული და შორეთს მომზირალი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ჩემი გონება ყველაფერს ერთბაშად ისრუტავდა. ჩემი თავის ძებნაში ხან ხატვა დავიწყე, ხან ცეკვა, ხან სიმღერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სულ სხვა რამ მაწუხებდა, რაღაც უფრო ღრმა და ღვთიური. ერთხელაც მზის თვალებში ცქერისას ჩემი პირველი ლექსი დაიბადა, რომელიც დედას გავანდე. დედა მიხვდა რაც მაწუხებდა და ჩემ უცნაურ დაბადებას სიხარულით შეხვდა. ჩემი შემოქმედებითი უნარის გაღვივებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ჩემი ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ მაყვალა გოგოჭურს. სკოლამ განსაკუთრებული ბავშვების სიაში ჩამწერა და მიმავლინა ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც ორი წლის განმავლობაში უნიჭიერესი ადამიანი ნოდარ ტაბიძე მასწავლიდა. მახსოვს მისი ლექციები და საუბრის დინჯი ტონი. მალე მივხვდი, რომ მე არ მქონდა ის სითამამე, რაც, მისი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა, მორიდებული და წყნარი ბავშვი ვიყავი. ლექსებს რომ ვწერდი, ამასაც დიდი ხანი ვერ ვამხელდი.

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- იტალიაში, სადაც 2013 წლიდან ხართ, საქართველოში დაწყებული შემოქმედებითი საქმიანობა არ შეგიწყვეტიათ, ეს ალბათ ნაწილობრივ მაინც გეხმარებათ ნოსტალგიასთან გასამკლავებლად...

- ემიგრაცია ის ადგილია, სადაც სულიერ ძალებს ეყრდნობი და არსებობას ისე აგრძელებ. სწორედ ეს ძალა გეხმარება გაუძლო დიდ მონატრებას, ტკივილსა და მარტოობას. აქედან სულ სხვა თვალით უყურებ შენს სამშობლოს, აქ აღმოაჩენ ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები და უყვარხარ თუ არა შენს ახლობლებს, ნათესავებს... უცნაურია, მაგრამ ემიგრაციაში შეძენილი უცხო ადამიანები უფრო ახლობლები ხდებიან ხოლმე შენთვის, ვიდრე შორს მყოფი, ერთ დროს უახლოესი ადამიანები. ემიგრაცია არის ადგილი, სადაც ადამიანის სულის წიაღში ახალი ძალა იღვიძებს. ბევრმა ადამიანმა აქ დაიწყო წერა, ზოგმა ხატვა, ზოგმა ხელსაქმე. ქართველის ფენომენი ამოუწურავია. კარგია, როცა ქართველს აქვს თავის წარმოჩენის, პირველობის სურვილი, მაგრამ არის მეორე მხარე – რა დონის შემოქმედებას ქმნის?.. მე ვფიქრობ, ლექსს არ სჭირდება გადამეტებული მოკაზმვა და მორთვა, როგორც ლამაზ ქალს არ უნდა ზედმეტი სამკაული და ფერუმარილი.

სალომე გოგოლაძის წიგნი
სალომე გოგოლაძის წიგნი

- დღემდე აქტიურად იბეჭდებით საქართველოში, რომელია სამშობლოდან მიღებული ძვირფასი ჯილდო?

- ვცდილობ, არ დავავიწყდე მკითხველს, ინერნეტ-სამყაროში მყავს ჩემი მკითხველი, მაგრამ სულ სხვაა, როცა ღირებულ ჟურნალ-გაზეთებში გბეჭდავენ და შენს ქვეყანაში კიდევ ახსოვხარ ხალხს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი მართლა ნიჭიერი ადამიანია წამოსული საზღვარგარეთ, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია საქართველოსთვის. ეს ადამიანები თავის ქვეყანაში უნდა შრომობდნენ და ქმნიდნენ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შეფასება იყო ემირგანტთა კონკურზე მიღებული ჯილდო „მეკეში“, რომელიც გადმომეცა როგორც პირველი ადგილის მფლობელს.

ემირგანტთა კონკურსზე მიღებული ჯილდო - „მეკეში“
ემირგანტთა კონკურსზე მიღებული ჯილდო - „მეკეში“

- მაინტერესებს, თქვენი ნაწარმოები „თამაში მარგალიტებით“ სიმბოლურად ცხოვრების დიდი თამაშის ნაწილია?

- დიახ, ეს სათაური სიმბოლურია და ცხოვრების მარგალიტებს გულისხმობს. დროთა განმავლობაში უამრავი შემთხვევა და მოგონება ილექება გონების ფსკერზე როგორც თვითნაბადი მარგალიტი. ამ წიგნში მარტო პროზა არ არის, მასში ლექსებიცაა. ის მაშინ გამოიცა, როცა აქტიურად ვთანამშრომლობდი ჟურნალთან „ლიტერატურა და ხელოვნება“.  ამ პერიოდში ბევრი საინტერესო შემოქმედი გავიცანი, რამაც დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ასეთია ჟურნალის დამაარსებელი, ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, ასევე მაიკო მიქაია, ტარიელ ხალხელაური, დავით შემოქმედელი, დავით წერედიანი, ედუარდ უგულავა, როი აბუსერიძე, გენრი დოლიძე და ბევრი სხვა.

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- ანთოლოგიაში შესულია თქვენი „ანგელოზის დაბადება“, მინდა გკითხოთ, ვინ არიან მიწაზე მოარული ანგელოზები?

- ვინ არიან მიწაზე მოარული ანგელოზები? - ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დარჩნენ ადამიანებად და უანგაროდ აკეთონ სიკეთე. თანამედროვე ადამიანი მარტოსული და ობოლია, ხელოვნება კი, როგორც სიბნელეში ანთებული  სანთელი, ისე უნათებს გზას მარტოსულებს. ჩემი მოთხრობაც ამ შინაარს ატარებს და იმაზეა, თუ როგორ იზრდება ადამიანი და ემატება თვალისაწიერი. იმაზეა, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის დღე...

სალომე გოგოლაძე
სალომე გოგოლაძე

- უცხოეთში დაიდგა ემიგრანტულ თემაზე შექმნილი თქვენი პიესა Terra Nostra, რომლის რეჟისორიც თავად ხართ, სად შედგა პრემიერა?

- ჩემივე მოთხრობების მიხედვით შექმნილი ეს პიესა დაიდგა იტალიაში, როდესაც დაიბეჭდა ჩემი მესამე წიგნი „მგლის ცოლის ჩანაწერები“. წიგნის პრეზენტაცია და პიესის პრემიერა ერთად შედგა. ამ წიგნში შესული მოთხრობები გავაერთიანე და პიესა დავწერე. პიესა ყველა ემიგრანტისთვის ახლობელ და მტკივნეულ თემებზეა. პრემიერა შედგა 6 იანვარს იტალიის ქალაქ ბარის თეატრის მცირე დარბაზში, სადაც ქართველი ემიგრანტები მოვიდნენ. შეიძლება ითქვას, მსგავსი ფაქტი ემიგრაციის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. სპექტაკლმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და მასზე დიდხანს საუბრობდნენ. იყო ბევრი ცრემლი და გულწრფელი აღფრთოვანება.

- ვინ მონაწილეობდა სპექტაკლში და ვინ გაგიწიათ დახმარება?

- თავიდან ბევრ სირთულეს წავაწყდით, რადგან ხელშეწყობა არავის მხრიდან არ გვქონდა. არ იყო სარეპეტიციო დარბაზი, ამიტომ პიესის უდიდესი ნაწილი სცენაზე რეპეტიციის გარეშე მოვამზადეთ. ცოცხალ რეპეტიციებზე მოგვიანებით გადავედით. მინდა აუცილებლად ვახსენო ბარში მოღვაწე ქალბატონი რუსუდან ქობულაძე, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო საკუთარი ფართი, რომ ცოცხალი რეპეტიციები ჩაგვეტარებინა. მხოლოდ ბოლო დღეს მოგვეცა საშუალება, რომ რეპეტიცია სცენაზე გაგვევლო. მინდა გამოვყო რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი – მთავარი როლის შემსრულებელი მარიკა სამანიშვილი, რომელმაც დამაჯერებელად განასახიერა თავისი გმირი. ასევე ბებია გრაციელას როლის შემსრულებელი ნატალია შავაძე, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ირმა ბაზერაშვილი, სპექტალში ასევე მონაწილეობდნენ ხათუნა აბულაძე, ჯანინა ხერგიანი, სოფიკო კოპალიანი და სხვები. სპექტაკლისთვის მოწვეული გვყავდა იტალიელი ოპერატორი, რომელიც გადაღების მომენტში ისე შეიჭრა ემოციებში, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა ქართული, ჩვენთან ერთად ატირდა. სპექტაკლი არ იყო მხოლოდ ტრაგედიაზე აწყობილი, მასში იუმორიც იყო, რადგან არ მინდოდა მაყურებლისთვის მძიმე საყურებელი ყოფილიყო.

სალომე გოგოლაძის ვაჟი ლევან კვენეტაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დედისკუთვნილი ჯილდოს მიღების დროს
სალომე გოგოლაძის ვაჟი ლევან კვენეტაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დედისკუთვნილი ჯილდოს მიღების დროს

- სპექტაკლი ყველა ქართველისთვის მტკივნეულ ემიგრაციის თემაზეა...

- იცით, რა არის ემიგრაცია? - ეს უამრავი დანგრეული ოჯახია, დაკარგული თაობები, გარდაცვლილი ადამიანები, რომელთაც სიკვდილის წინ სამშობლოს ნაგლეჯი ენატრებათ. ემიგრაცია ქართველი კაცის ტკივილი, ცოლის და დედის ნაწვალები ფული და შვილის მონობაა. ეს ტრეფიკინგი, დაუსრულებელი პატიმრობა და დაუფასებელი შრომაა. კიდევ – მონატრება და იმის შიშია, ვაითუ დავავიწყდი, იქნებ არ ვახსოვარ... თუ ამ ყველაფერს გაუძლებ ადამიანი და, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდები ნანატრ ქვეყანაში, მაშინ მართლა ძლიერი ხარ!..

სალომე გოგოლაძის სპექტაკლის აფიშა
სალომე გოგოლაძის სპექტაკლის აფიშა

- თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ქართველს ვერასოდეს მოსწყვეტს საკუთარ ფესვებს?

- ბოლომდე ამოუხნელია კავშირი, რაც ქართველს აქვს სამშობლოსთან. არც ერთი ერის წარმომადგენელს არ გააჩნია ასეთი უცნაური დამოკიდებულება. როგორც ბავშვს დედის გარეშე არ შეუძლია ყოფნა, ისე ქართველს - საკუთარი ქვეყნის გარეშე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კი არ ცხოვრობ, უსულოდ დადიხარ. სუნთქვა გიჭირს და ელოდები დროს, როდის გაგიშვებენ ყელში მოჭერილ ხელებს. მერვე წელია აქ ვარ და ჯერ არ მიგრძვნია სიხარული, როცა გაზაფხული მოდის, ან როცა ახალი წელი დგება, როცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდება... პატარა სიხარულის ნაპერწკლები ჩემი მეგობრებია, რომლებიც ცოტა, მაგრამ მყავს და ვიცი, როცა გამიჭირდება, გვერდით დამიდგებიან. სიცოცხლის ძალას ჩემი მეუღლე და შვილები მაძლევენ. გადის დრო და ითვლი წლებს, როდის შეძლებ აქედან გაღწევას. მანამდე კი... სხვებთან ერთად დგახარ და შორიდან უყურებ ყველაფერს, რაც შენს ქვეყანაში ხდება და ღრიალებ: შემინახეთ, შემინახეთ ჩემი წილი საქართველო!..

 

423
თემები:
ქართველები უცხოეთში
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86400
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86400
თემები:
COVID-19 საქართველოში