საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო!

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლ'ამპრედუზო მედუზო!“ – ალბათ ყველას გახსოვთ ეს შეძახილი კინოფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც მას ფილმის გმირები ქუთაისში, თეთრი ხიდიდან რიონში გადაშვების წინ ყვირიან.

ხუმრობა იქით იყოს და ამ ქალაქში, ზუსტად ამ ადგილიდან მდინარეში თავით გადაშვება მოზარდების დავაჟკაცების გარკვეული ტრადიცია იყო.

ამას წინათ რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა სოციალური ქსელებით საზოგადოებას წარუდგინა თავისი ახალი საპროექტო იდეა – ქუთაისში საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდების“ ჩატარების თაობაზე. კონკურსის მიზანი წლების წინ არსებული თეთრი ხიდიდან წყალში ხტომის ტრადიციის აღდგენა, მისი გავრცობა და, უფრო მეტიც, მისთვის საერთაშორისო სტატუსის მიცემა და მასშტაბური სახით ორგანიზებაა.

რეჟისორს წლების მანძილზე ქუთაისთან დაკავშირებული არაერთი სატელევიზიო თუ რადიოპროექტი აქვს მომზადებული, ის არაერთხელ გახდა ამ ქალაქში სხვადასხვა კონკურსებისა და ღონისძიებების ინიციატორი, მომზადებული აქვს თემატური დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმები.

ამჟამად ირაკლი ჯაოშვილი „ევროპული სკოლის“ სატელევიზიო სტუდიის რეჟისორია. ამავე სკოლის ბაზაზე ის წლებია, რაც საერთაშორისო კინოკონკურსის „ოქროს პეპელას“ დამაარსებელი და ორგანიზატორია.

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliირაკლი ჯაოშვილი
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
ირაკლი ჯაოშვილი

- ბატონო ირაკლი, არც ისე დიდი ხნის წინ თქვენ საზოგადოების წინაშე გამოხვედით საპროექტო იდეით „თეთრი ხიდის რაინდები", თუ შეიძლება, ჩვენს მკითხველსაც გააცანით, რას გულისხობს ის?

- დიახ, მე ქუთაისელების და არა მარტო მათ წინაშე გამოვიტანე იდეა – პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესოა. საქართველოს უძველესი ქალაქი ქუთაისი ოდითგანვე ცნობილი იყო განსაკუთრებული ვაჟკაცური და რაინდული ტრადიციებით. გასული საუკუნის დასაწყისიდან ქუთაისელი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი გატაცებული იყო ფიზიკური კულტურით და სპორტით (ტანვარჯიში, ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, ჯირითი, ფარიკაობა, ფეხბურთი, ცურვა). იმ დროს (1900-1930 წლებში) ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთ კოლორიტულ ადგილს წარმოადგენდა თეთრი ხიდი (განახლებული ხიდი დამონტაჟდა 1872 წელს) და მისი მიმდებარე ტერიტორია.

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliმოსწავლეებთან ერთად
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- ამ ადგილს, რომელიც ქუთაისელებისთვის გამორჩეული იყო, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა...

- ეს ხიდი, თეთრი ქვები, რესტორანი „იალტა" და მიმდებარე ტერიტორია გვიანი გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე ქუთაისელებისთვის ურთიერთობის, განტვირთვის, გართობის საუკეთესო ადგილად მიიჩნეოდა. ახალგაზრდები, მოზარდები, ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეები და უფროსი ასაკის მოქალაქეებიც ლამაზ ხტომებს მდინარე რიონში ხშირად თეთრი ხიდის ორივე მოაჯირიდან ასრულებდნენ. ხტომებს აგრეთვე ასრულებდნენ მიმდებარე შენობების სახურავიდანაც და მდინარის კალაპოტში ბუნებრივად წარმოქმნილი თეთრი ქვებიდან. გიმნაზიელი მოსწავლეები ხიდიდან ცოტა უფრო მაღლა (ქუთაისის გიმნაზიის ახლოს), ე.წ. „გიმნაზიის ჩქერებში“ და „მწვანეყვალილას" უბანში სწავლობდნენ ცურვას. უფროსი ასაკის ქუთათურების მოგონებებიდან ცნობილია, რომ თეთრი ხიდიდან გამბედავი მოზარდების რიონში გადახტომა სიმბოლურად დაკაცების, დავაჟკაცების ნათლობად მიიჩნეოდა.

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliმოსწავლეებთან ერთად
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- რომელი ცნობილი ადამიანის ისტორიაა ამ ადგილთან დაკავშირებული?

- ცნობილი ფაქტია, რომ დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა იმ დროს ულამაზესი ათლეტური აღნაგობის მოზარდი, მომავალი მსახიობი გიორგი (ჟორა) შავგულიძე სწორედ თეთრი ხიდიდან შენიშნა, როდესაც ის რესტორან „იალტის“ ერთ-ერთი საყრდენი ქვიდან რიონში ნახტომს ე.წ. „მერცხლის“ პოზით ასრულებდა. სულ მალე გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი გახდა. ხოლო წლების შემდეგ, 1959 წელს, როდესაც გიორგი შავგულიძე ტრაგიკულად დაიღუპა, ის ადგილი (ქვა), საიდანაც ის თავის ულამაზეს ხტომებს ასრულებდა, მისმა თანამედროვეებმა შავად შეღებეს...

© photo: courtesy of Irakli Jaoshvili"ოქროს პეპელაზე"
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
"ოქროს პეპელაზე"

- ალბათ ცალკე თემაა თეთრი ქვები – როგორც შემოქმედებითი შთაგონების წყარო...

- თეთრი ხიდი და მასთან დაკავშირებული არეალი ყოველთვის იყო ქართველი ხელოვანების შთაგონების წყარო. აქ, ამ ადგილებში უამრავი მხატვრული ნაწარმოებია შექმნილი. ესენია ლიტერატურული ნაწარმოებები – ესეები, პოეზიისა და პროზის უნიკალური ნიმუშები, ფერწერული ტილოები, მუსიკალური ქმნილებები, კინოფილმები. რამდენიმე ქართველმა კინორეჟისორმა და დრამატურგმა თავიანთ ფილმებში გააცოცხლეს და შთამომავლობას შემოუნახეს თეთრი ხიდის კოლორიტი. ეს ფილმებია: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „თეთრი ქვები“, „პიერი მილიციის თანამშრომელი", „გაქცევა განთიადისას“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „გამოაღეთ ფანჯრები“ და სხვ. 1960 წელს გადაღებულ ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ შესანიშნავადაა ნაჩვენები 60-იანი წლების ქუთაისი და, კერძოდ, „თეთრი ხიდი“, ყველაფერი, რაც ხდებოდა თეთრ ხიდზე, თეთრ ქვებზე, მიმდებარე ტერიტორიაზე – წყალში ხტომები, მოზარდები, მოსეირნე ქალაქელები. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ „თეთრი ხიდი“ განუმეორებელ რომანტიკულ ხიბლს სძენდა ამ ქალაქს. წლების შემდეგ ხიდიდან ხტომის ტრადიცია დავიწყებას მიეცა. ალბათ ამის მიზეზად ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სხვა სახის სოციალური თუ კულტურული სიახლეების დამკვიდრება უნდა მივიჩნიოთ (კინო, ტელევიზია, კომუნიკაციის საშუალებების შემოსვლა, ტრანსპორტის განვითარება, საგანმანათლებლო და გასართობი დაწესებულების მომრავლება, ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ.).

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliოჯახთან ერთად
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

- შევახსენებ მკითხველს, რომ მოგვიანებით ეს თემა ხშირად ჩნდებოდა თქვენს სატელევიზიო და რადიოგადაცემებში...

- 80-იანი წლების ბოლოს და 90-იან წლებში ქუთაისის ტელევიზიასა და საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ და რადიოში ქუთაისის კოლორიტულ ადამიანებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებზე ჩემ მიერ რამდენიმე გადაცემა მომზადდა. მათ შორის იყო ცნობილი ადამიანების „თეთრ ხიდთან“ დაკავშირებული მოგონებები, სადაც ყოველთვის ხაზგასმული იყო „თეთრი ხიდიდან“ რიონში ხტომის ტრადიცია. ასეთი იყო რადიოგადაცემების ციკლი „აბი გლუკოზა“, ტელეგადაცემები „გინდ დაიჯერეთ გინდ არა“, „კარდიოგრამა - ქუთაისში“, „არ იდარდო“ (2004 წელი). თეთრ ხიდზე „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკების განთავსებამ 2006 წელს სიმბოლურად კიდევ უფრო გააცოცხლა ხიდიდან წყალში ხტომის ტრადიცია. მაშინ ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე მოვიწვიეთ ფილმ „არაჩვეულებრივ გამოფენაში" თეთრი ხიდის ეპიზოდში მონაწილე ერთ-ერთი წყალში მხტომელი, რომელმაც თავისი ნახტომი თეთრი ხიდიდან რიონში 40 წლის შემდეგ ისევ გაიმეორა. თავად "პიკასოს ბიჭის" ქანდაკება წლებია, რაც ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ ქანდაკების ხილვით ადამიანები თავისთავად იგებენ წყალში ხტომის ტრადიციის არსებობის შესახებ. ამ ადგილზე უამრავი ქუთათური თუ ქალაქის სტუმარი იღებს ფოტო- თუ ვიდეოკადრებს და ავრცელებს მას სოციალური ქსელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ გარკვეულ დონეზე ამ ტრადიციის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რაც მნიშვნელოვანია.

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliრეზო ჩხეიძესთან ერთად
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
რეზო ჩხეიძესთან ერთად

- როგორ წარმოგიდგენიათ საერთაშორისო კონკურსი „თეთრი ხიდის რაინდები“?

- ბოლო წლებში ინტერესი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ საგრძნობლადაა გაზრდილი და მიმაჩნია, რომ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილებისა და კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულების გარდა, რომელიმე ქალაქი, ამ შემთხვევაში ქუთაისი, გამორჩეული ტრადიციების კუთხითაც უნდა იწვევდეს ინტერესს. ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად შესაძლებელია იქცეს ფესტივალი ან კონკურსი სახელწოდებით „თეთრი ხიდის რაინდები“, რომელიც გაიმართება ყოვეწლიურად, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას და იქნება საერთაშორისო მასშტაბის. ანუ მასში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (წინასწარი განაცხადების საფუძველზე) მონაწილეობას მიიღებენ წყალში მხტომელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამარჯვებულები „პიკასოს ბიჭის“ ქანდაკების მცირე ზომის ასლით დაჯილდოვდებიან.

© photo: courtesy of Irakli Jaoshviliქალიშვილთან ერთად
საერთაშორისო კონკურსის „თეთრი ხიდის რაინდები“ საპროექტო იდეა, ანუ ლ'ამპრედუზო მედუზო! - Sputnik საქართველო
ქალიშვილთან ერთად

- კონკრეტულ სამუშაო გეგმაზე თუ გაქვთ ნაფიქრი?

- პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სტრატეგიული განვითარების გეგმა, სადაც ეტაპობრივად გაიწერება სამოქმედო პროგრამა. პირველ ეტაპზე კონკურსი–ფესტივალი უნდა განხორციელდეს, როგორც რეგიონული მასშტაბის პროექტი და მისი შედეგის მიხედვით უნდა დაიგეგმოს მორიგი ეტაპები. პროექტის პარტნიორები შესაძლებელია იყვნენ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, კომპანია "რედ ბულის" წარმომადგენლობა საქართველოში.

- მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს მსგავსი რამ?

- მსგავსი ტიპის ქალაქური ტრადიცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. ერთ-ერთი, რომელიც უკვე მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, არის ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალაქი მოსტარი (თარგმანში - ძველი ხიდი). ამ ქალაქში ყოველი წლის 8 სექტემბერს კომპანია „რედ ბული“ ატარებს წყალში ხტომის არაკლასიკურ ჩემპიონატს 

მოსტარის გარდა ეს ტურნირი ტარდება მსოფლიოს კიდევ შვიდ ქალაქში (ბალი - ინდონეზია, ლა როშელი - საფრანგეთი, ტექსასი - აშშ, პოლინანო ა მარე - იტალია, ოსლო - ნორვეგია, საო მიგელ აზორესი - პორტუგალია, სიდნეი - ავსტრალია) და ის სარგებლობს უდიდესი ინტერესით. მას აშუქებენ მსოფლიოს ცნობილი ტელეკომპანიები. ტურისტები და გულშემატკივრები სპეციალურად ჩადიან ტურნირზე, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. თავისუფალ დროს სტუმრები და მონაწილენი ეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებს. პერსპექტივაში ანალოგიური სანახაობის განხორციელება შესაძლებელია ქუთაისშიც, რაც, დარწმუნებული ვარ, ქალაქს, რეგიონს და მთლიანად საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0