ნაკვალევი თოვლში

ამაოება ამაოებათა როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია

211
(განახლებულია 15:30 18.06.2020)
განა ვინმეს სადმე, როდისმე, ვინმესთვის და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, მოიპარო, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის მოსაზრებებს.

ჭაბუა ამირეჯიბი (1921–2013) – ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. მის კალამს ეკუთვნის რომანები „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“; ასევე არის მოთხრობების ავტორი.

ჭაბუა ამირეჯიბი
ჭაბუა ამირეჯიბი

მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია რომანი „დათა თუთაშხია“. ამჯერად წარმოგიდგენთ ამონარიდებს ნაწარმოებიდან „გორა მბორგალი“, რომელიც ავტობიოგრაფიული რომანია. რომანი მოგვითხრობს იაგორ კარგარეთელის, იგივე გორა მბორგალის, ე.წ. ხალხის მტრის თავგადასავალს, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკებიდან. რომანში ძალიან ბევრი რეალური პიროვნებაა წარმოდგენილი და რეალური ამბავია მოთხრობილი.

ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.

მოგეხსენებათ, რევოლუცია კინოსეანსი როდია, რომ დაიწყოს და წინასწარ ცნობილი საათნახევრის შემდეგ დამთავრდეს. იგი კომეტას ჰგავს, უზარმაზარი კუდი იცის.

საზოგადოებრივი კატაკლიზმები გონსასეირო შემთხვევებსა და ბიოგრაფიებს უხვად ჰქმნიან. ამაში საწუწუნოსა და უკმაყოფილების საბაბს მხოლოდ სულმოკლენი პოულობენ.

პატიმარს უფლება სრულიად არაფრისა ჰქონდა, ყველაფერი აკრძალული იყო, და როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია... განა ვინმეს სადმე, როდისმე, ვინმესთვის და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მოიპარო, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა, სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს.

მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა – სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...>>

აირია მონასტერი, ძალზე სერიოზულად აირია. ასე იმიტომ მოხდა, რომ პატიმარს უფლებები მიეცა. როცა საქმე ხელიდან იმ ზომამდე წავა, რომ უფლებებს ნებაყოფლობით მოგცემენ, აი, მაშინ იცოდეთ, რომ უკვე ნამდვილად აღარაფერი შეიძლება, გარდა იმისა, რისი უფლებაც მოგცეს!

სავსებით ნორმალურები, უკომპლექსო ადამიანები, ცივი გონების ამარა, პიროვნულად თუ კაცობრიულად დიდმნიშვნელოვანს ბევრს ვერაფერს აღწევენ. ნეტარი უნდა იყო, ახირებული. მიზანი იდეა ფიქსად უნდა გქონდეს ქცეული... მაგრამ არც მხოლოდ ნეტარობაა საკმარისი, ნიჭია საჭირო, სპეციფიკური ნიჭი.

ცხოვრება გამოცდილების დაგროვების პროცესია... სასაცილოა, რომ ადამიანი მთელი თავისი გამოცდილებიანად მიემგზავრება საიქიოს, ვითომ იქ უამისოდ არ მიიღებენ...

...დღესაც არავინ იცის, რას ნიშნავს იღბლიანობა – იმას, რომ სიკვდილამდე მცირედი გასაჭირიც კი არ გარგუნოს განგებამ, თუ იმას, რომ ას სიკვდილს დაუძვრე ხელიდან?

სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის>>

მეცხრამეტე საუკუნეში ყოველი წესიერი ქართველი საქართველოს დამოუკიდებლობით იყო მაკედ. ყველა ბერწი აღმოჩნდა. ვერც ხბო მოვიგეთ, ვერც ბოჩოლა. ცხრაას თვრამეტში მკვდარი ვშობეთ და ბერწები ვართ, მაშ ვინა ვართ?!

ბოლშევიკებმა გააუქმეს ყველა კლასი და შეჰქმნეს ერთი კლასი – მეზობლების კლასი!

ცოლსა და საყვარელს არაფერი სთხოვო, თორემ ერთი ასად გაგიხდებაო!

იმპერია მპყრობელი ერის სახელმწიფოა და არა ყველა შემადგენელი ერისა ერთად.

პაპაჩემი იაგორი იტყოდა ხოლმე – რევოლუცია არის ქაოსი, სადაც პოლიტიკური ავანტიურისტები ფანატიკოსების ხელით ამღვრეული წყლიდან ამოყვანილ ზვიგენს ინტელექტუალების ხორცით ჰკვებენო.

მე თუ მკითხავს ვინმე, სისხლის აღების პრინციპი ადამიანის სიცოცხლის სიძვირემ განაპირობა... ადამიანთა რიცხობრივი სიჭარბე რას მოიტანს?.. უკვე გაუფასურდა... მთელი კაცობრიობის, თვით პლანეტის სიცოცხლეა გაუფასურებული... აგერ, მასობრივი განადგურების უდახვეწილესი საშუალებები! ხუთ მილიარდს პირი დაუღია, ელის პარანოიკები როდის მოუღებენ ბოლოს და უხარია!..

სიცრუის მთქმელის მთავარი დანაშაული სიცრუის თქმა კი არა, მსმენელის სიცრუით შეურაცხყოფაა.

პირადს ნურავის ნურაფერს ჰკითხავ. თუ თავად გეტყვის, მტკნარი სიცრუე რომ იყოს, სიმართლედ მიიღე! რასა ჰკარგავ?..

არსებობს ერთი კანონზომიერება – გარემოებათა საწინააღმდეგო მონაცვლეობა... კანონზომიერება კი ის იყო, რომ წვიმიანსა თუ ღრუბლიან ამინდს, როგორც წესი, მზიანი მოსდევს და პირიქით; ალკოჰოლითა თუ რითიმე სხვით გამოწვეულ ეიფორიას – დეპრესია; ხანგრძლივ იღბლიანობას – უიღბლობა და ხელის მოცარვა...

რევოლუცია დრომოჭმულის აგონია, დასანგრევის ნგრევაა. მის ბელადად მხოლოდ ისეთი კაცი მოდის, ვისაც ახლის შენების ჟინი ბუნებით არ გააჩნია ან ამ ასპარეზზე ხელი აქვს მოცარული, მაგრამ კარგად აქვს შესწავლილი მასების პოლიტიზების, მათი დამუხტვისა და ამოძრავების ხერხები. ახლის შექმნა ტალანტია. დრომოჭმულის ნგრევა – სტიქია, ვითარების გამოყენების ცხოველური ინსტიქტია. ხელმოცარულებს თვითდამკვიდრების წყურვილი რევოლუციური ასპარეზისკენ მიერეკება, რადგან მათი ადამიანური თვისებები და შესაძლებლობები ნგრევის უნარით ამოიწურება... მათ ძალუძთ, მოახდინონ რევოლუცია, ანუ დაანგრიონ დრომოჭმული, მაგრამ არ შესწევთ უნარი, ააგონ სისტემა, ააშენონ სახელმწიფო, რადგან ახლის შექმნა შემოქმედებაა და მათ კი ეს მადლი არ გააჩნიათ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი, რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს. ეს სხვათა ხვედრია...

სხვის ჯიბეში ფულის თვლა შურიანობა და მოპარვაზე უარესია. სხვისას ნუ დაითვლი, შენი დაითვალეო.

ცხელი სატირა, თბილი იუმორი, თაკარა გული და უმზესი სული>>

თავკაცი იმითაც იყო გენიალური, რომ საწერ მაგიდაზე გამოგონილი იდეოლოგიით შესძლო მასების გადმობირება, ხოლო მისი [ლენინის] შეგირდი იმით, რომ ეს იდეოლოგია სახელმწიფო წყობილებისა და მისი ეკონომიკის საფუძვლად გამოიყენა. კაცობრიობის ისტორიაში, მგონია, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკურმა თავისებურებებმა კი არ შეჰქმნა იდეოლოგია, არამედ ბელადმა იდეოლოგიის მიხედვით გამოიგონა წყობილება, მისი ეკონომიკა და ამით ტრაბახობდა კიდეც...

დიდი გაიძვერა ბრძანდებოდა ჩვენი ბელადი, რანაირი ფოკუსები იცოდა!.. ამ მიზნის განხორციელებას ადამიანის, მთელი ხალხის სრული მორჩილება სჭირდებოდა. როგორ მიეღწია მასებში ასეთი ფსიქოლოგიური განწყობილებისთვის?.. დაუწყო ცემა, მაგრამ ნაირ-ნაირი წახალისებებისა და იდეების პროპაგანდის თანხლებით. ამით დამორჩილების პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყდა... საჭირო იყო მოქალაქე, ქვეშევრდომი, რომელსაც ეტყოდნენ, თავი უნდა მოიკლაო და ის მხოლოდ იმას იკითხავდა – ყულფით, საწამლავითა თუ ტყვიითო? აქვე თუ სადმე სხვაგანო? – ბელადმა ესეც შესძლო და, აი, როგორ: შექმნა იმდენად დაბალი ხელფასების სისტემა, რომ თავისი ალალი შრომით ოჯახს კი არა, მარტოხელა კაცი თავსაც ვერ დაირჩენდა. სამაგიეროდ, დასტოვა ონკანი, საიდანაც დიოდა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ქონება, უფრო სწორად კი – დოვლათი, რომელიც მშრომელმა შექმნა და მას ბელადმა წაართვა. როცა ადამიანს შვილები დაემშა, მივიდა, ონკანს პეშვი შეუშვირა და დახვრიპა, ესე იგი, მოიპარა. მოიპარა და იმავ წამს დამნაშავის კომპლექსი შეეძინა... დანაშაული რეგულარულ ქმედებად იქცა, რადგან ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად გამუდმებული ქურდობა იყო საჭირო. დაიწყო საყოველთაო პარვა, მექრთამეობა და სახელმწიფოს ქონების განიავება. სამაგიეროდ, შეიქმნა საზოგადოება, რომელშიც ყოველი ადამიანი კანონის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა; როცა ასეა... რაღა თქმა უნდა, მორჩილი, დამჯერი და ყურმოჭრილი მონა იქნები. ბელადს ისიც გამოთვლილი ჰქონდა, რომ რასაც მას ჰპარავდნენ, ასჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ის, რასაც იგი ხალხს თავად ჰპარავდა.

ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალა გამუდმებით უნდა არსებობდეს და ეს მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ეს ლამპარი, იმედი და სასოებაა. უამისოდ ხალხი მასაა და არა ერი. ხელისუფლება, თავის მხრივ, მუდამ უნდა გრძნობდეს, რომ მას ვიღაც ებრძვის და წინააღმდეგობას უწევს ოპოზიციას. ამ ბრძოლაში ხორციელდება ხელისუფლების თავდაცვითი რეფლექსების გამომუშავება, ყოველგვარი გადატრიალებების საწინააღმდეგო ხერხების ათვისება. დიქტატორები სცდებიან, როცა ცდილობენ მოსპონ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები. ამით ისინი ვარჯიშის, თვითდახვეწის საშუალებას ისპობენ...

სოფელი! მწარმოებელი გლეხობა განადგურდა. სოფელი უსწავლელ, წერა-კითხვის უცოდინარ დემაგოგებს შერჩათ ხელში. შერჩათ–მეთქი, რადგან ნიჭიერ, მშრომელ გლეხთაგან თუკი განკულაკებას გადაურჩა ვინმე, ქალაქს მიაშურა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის “ვახტზე დასადგომად“.

ყველა ცდილობდა, აღარაფერზე ეფიქრა, გულის დარდი ქეიფით ჩაეხშო. ყალბი უდარდელობა თავდაცვის საშუალებად იქცა... ადამიანის ფუნქცია თავისუფლებაა. ეს შიშმა შეცვალა, სულს ვორკილი დაედო... უმნიშვნელოვანესი, რაც განუწყვეტელმა რეპრესიებმა მოიტანა, მაინც ის არის, რომ ადამიანებმა იუმორსა და ცინიზმს შორის ზღვარი დაკარგეს.

სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება>>

...ახალ რელიგიებსა თუ იდეოლოგიებს პარანოიკები ამკვიდრებენ. მასას პარანოიკისა მეტად სჯერა, ვიდრე ბრძენისა, მიჰყვება მას, ამკვიდრებს პარანოიკსაც, მის მოძღვრებასაცა და ყოველივე ეს ქურუმთა თვალთმაქცობით თავდება. ასე იყო, ასე არის, ასე იქნება...

ზნეობრივი იდეალი შეიცავს ოთხ სათნოებას – ვაჟკაცობას, სამართლიანობას, თავშეკავებასა და გონიერებას...

ადამიანს მიაჩნია, რომ სიცოცხლის განმავლობაში რაღაცას მისდევს და იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ კი არ მისდევს – გასაჭირს, სიკვდილს გაურბის! მერე გაუთავებელი ლტოლვა ბეზრდება, აუცილებლობას ურიგდება და საიქიოში წასვლისთვის მზადებას იწყებს. ყოველივე ეს ქვეცნობიერი პროცესებია. სიკვდილის წვართვა აღსრულებათა ასაკშივე იწყება, როგორც წარსულში დევს ყველაფრის ფესვი, ჩემი გამოქცევა აღსრულებათა ჟამს განეკუთვნება, მაგრამ სიკვდილის წვართვის დასაწყისიც გახლავთ. თვით გზა კი კორიდის ენაზე – „სუერტე დე მუერტე“ – მოკვდინების მსვლელობაა და ამას ახორციელებს უდიდესი, უმკაცრესი ესპადა – გარდაუვალობა!..

ადამიანს თავისი დანაშაულის აღიარება ნაკლებად უჭირს, ვიდრე წარუმატებლობის, მარცხის, ფიასკოსი.

...ეს ომია. ომი – რაღაცის ბოლო და ახლის დასაწყისი. ომი, ანუ უხეში ძალის ზეიმი და მისივე სიკვდილის დასაწყისი. ხარი ამ უსუსური წინააღმდეგობით იღლება, იქანცება, ძალა ეცლება და იწყება მისი სიკვდილი!

კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება>>

მაგ პროცესს კორიდის პროფესიულ ენაზე სუერტე დე მუერტე ჰქვია – მოკვდინების მსვლელობა.

ესპანელები და თქვენ, ქართველები, დამპყრობლებთან საუკუნეების მანძილზე ნაომარი ხალხი ხართ. ჩვენ, ამერიკელები, უსასტიკესი დამპყრობლები და ჯიჰადგირები თავად ვიყავით. თქვენ თქვენი წარსულის ტკივილი გაქვთ და კორიდას ამ პოზიციიდან იხილავთ. ჩემში თქვენეული ისტორიულ–ფსიქოლოგიური წინაპირობები ძნელად საპოვნელია.

კორიდის დედააზრი სწორედ ეგ არის – ამაოება ამაოებათა.

211
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (64)
ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ კუნძულზე ჩემ გარდა სხვა ქართველს არასოდეს უცხოვრია

624
(განახლებულია 19:10 30.10.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი წარმოშობით ახმეტიდანაა, ბავშვობიდან მოყოლებული სცენასა და მომღერლობაზე ოცნებობდა. ბედმა ინება, რომ უკვე ორგზის ემიგრანტი იყო. ბოლო წლები იმყოფებოდა საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც კუნძულის ისტორიაში აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველია. მან კარგად იცის უცხოეთში ცხოვრების პერიპეტიები, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა. შრომისმოყვარეობისა და ოპტიმიზმის წყალობით ცხოვრება არაერთხელ დაიწყო სუფთა ფურცლიდან...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი ლომისობაზე საქართველოში

დავიბადე და გავიზარდე ახმეტაში, სადაც მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, ვოცნებობდი, რომ ოდესღაც სცენაზე დავდგებოდი. გამორჩეული სამეგობრო მყავდა - ყველა მღეროდა და ჩვენს შორის ემოციების გაცვლაც მუსიკის საშუალებით ხდებოდა. ცხოვრებაში პირველი ტკივილი მამის გარდაცვალების დროს განვიცადე… მერე დაიწყო 90-იანი წლები და მე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. გათხოვებაზე არც ვოცნებობდი, მაგრამ ერთ დღეს, როგორც იმ დროს ხდებოდა ხოლმე, წამიყვანეს და სახლში აღარ დავბრუნდი... ჩემი პირველი მეუღლე ეროვნებით ბერძენი იყო. ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე და ბევრი ცუდიც და კარგიც რეალურად მაშინ ვნახე. მერე ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ ვარდისფერი ოცნება მომიკლა და დავრჩი ხუთი და შვიდი წლის ორი პატარა ბავშვით მარტო და მხოლოდ 50 დოლარის ამარა. სახლში, სადაც ვბრუნდებოდი, უმუშევარი დედა და პატარა ძმა მელოდა. ჩემი პირველი ემიგრაციაც მაშინ დაიწყო...

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი მეუღლესთან ერთად
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი მეუღლესთან ერთად

იმ პერიოდში ჩემი და და მისი მეგობარი მზია დამეხმარნენ. სხვა გზა არ იყო, უნდა მებრძოლა. არასოდეს დამავიწყდება, რა რთული იყო, როცა შვილებს მომწყვიტეს. მაშინ ვთქვი, ორ წელიწადში ბინას ვიყიდი და სამ წელიწადში ჩემ შვილებს დავუბრუნდები–მეთქი. უცხოეთში ყველაზე ძნელი გადასალახი ენის ბარიერია.ზუსტად ერთ თვეში ინგლისური ვისწავლე, რადგან კუნძულ კვიპროსზე ეს ენა ყველას ესმოდა. ურთიერთობების დროს ბერძნულიც ვისწავლე და ცოტა ხანში ბერძნულად კითხვაც ვიცოდი.

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ, არც ის, როცა მიცოდებენ, ამიტომ ფეხზე მყარად ვიდექი, ვეხმარებოდი ყველას რამდენადაც შემეძლო და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი იმ საბუთების წყალობით, რომელიც ყოფილი ქმრისგან დამრჩა. მერე, როგორც საკუთარ თავს დავპირდი, სამ წელიწად-ნახევარში შვილებს დავუბრუნდი. თბილისში ჩამოსულს მუსიკა ისევ ოცნებად დამრჩა, რადგან შვილები უნდა მერჩინა და საამისოდ ყველგან ვმუშაობდი, სადაც უცხო ენის სპეციალისტი და მენეჯერი სჭირდებოდათ, იქნებოდა ეს ტურისტული სფერო, სარესტორნო ბიზნესი თუ სასტუმროების ქსელი. ერთი პერიოდი საკალთბურთო დარბაზის მენეჯერიც ვიყავი. ეს ყველაფერი მოსაყოლად ადვილია, მაგრამ რეალურად საკმაოდ რთული...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

მინდა ყველა ქალს, რომელიც მარტო დარჩა შვილებით, ვუთხრა, რომ თუ იშრომებენ, ღმერთი მათ არასდროს მიატოვებს. ყოველ საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი და შვილებს ვეფერებოდი. მეორე დღისთვის საჭმელს ვუმზადებდი და სკოლაში მოწესრიგებულებს ვუშვებდი...

ჩემი მეორე ემიგრაცია გამოწვეული იყო იმით, რომ მინდოდა შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლათ. არ მიყვარს, როცა 40 წლის შვილები ისევ ბავშვები არიან და 70 წლის დედისგან დახმარებას ელიან... იმ დროისათვის ორივე მუშაობდა და თან უნივერსიტეტს ამთავრებდნენ. გადავწყვიტე სამუშაოდ წავსულიყავი ისრაელში, სადაც ცხოვრება და მუშაობა იმაზე ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე მეგონა. არც აქ მიფიქრია დიდხანს გაჩერება, რომ იტყვიან, წამზომი ჩართული მქონდა და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. ებრაელმა ხალხმა გამაოცა იმით, რომ ისინი სხვის შრომას აფასებენ და როცა ხედავენ, რომ სანდო ადამიანი ხარ, ბოლომდე გიდგანან გვერდში.

კუნძულის მეგობრებთან ერთად
კუნძულის მეგობრებთან ერთად

ოჯახში, სადაც ვიყავი, ჩემი ბედით სერიოზულად დაინტერესდნენ, გულწრფელად მირჩიეს, რომ მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი. მაგრამ ახალი ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი. ერთ დღესაც მათ ოჯახში ჩემი ახლანდელი მეუღლე, მათთან სტუმრად ჩამოსული ფრანგი ებრაელი გამაცნეს.

გაცნობიდან უკვე სამ კვირაში მე და დანიელ ბენაუდმა საქართველოში ვიქორწინეთ. მან გაიზიარა ჩემი სურვილი და თბილისში, რესტორან „თავადურში“ ნამდვილი ქართული ქორწილი გადავიხადეთ. დანიელს ჩოხა-ახალუხი ეცვა, მე - ქართველი ქალის ტრადიციული კაბა...

მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად
მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად

ამის მერე აღმოვჩნდი საფრანგეთის შორეულ კუნძულ რეუნიონზე, სადაც სამხრეთ აფრიკული ჰავა და კლიმატია, ანუ მარადიული ზაფხული. ზუსტად ვიცი, რომ ამ კუნძულის ისტორიაში ჯერჯერობით აქ მცხოვრები ერთადერთი ქართველი ვარ. ეს კუნძული ისეთი ადგილია, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი: მცხუნვარე მზე და თვალუწვდენელი ოკეანე, მარადმწვანე პალმები და ულამაზესი ჩანჩქერები, მთები და საშიში, მაგრამ სასწაული სანახავი – მოქმედი ვულკანი... იქ ადგილობრივი ფლორით დავინტერესდი და ეგზოტიკური ყვავილები მოვაშენე, სხვადასხვა ხილი დავაფესვიანე.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

საერთოდ, კულინარია მიყვარს და იქაურ ფერადკანიან მეგობრებს ქართული კერძები არაერთხელ გავასინჯე, რის შემდეგად ისინი სულ იცინოდნენ – ახლა ვხვდებით, ასე რატომ მოიმატა წონაში დანიელმაო. რეუნიონის ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას, აქ ყველას ვეუბნებოდი, თბილისი პატარა პარიზია–მეთქი. რეუნიონში ისეთი ადგილებია, რომ ზოგჯერ თავი ბებიაჩემის სოფელში მეგონა. მიხაროდა, როდესაც ვიტყოდი საქართველოდან ვარ–მეთქი და მათ იცოდნენ ის სად მდებარეობს. როცა მითხრეს, ჩვენ ვიცით, ევროპელები კავკასიიდან წამოსული ტომები არიანო, საბოლოოდ გავიშალე მხრებში, რადგან საქართველო სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. იცით, რა მენატრება? – მეზობლებთან ერთად დილით ყავის დალევა... მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ჩვენთვის ჩვეული სიყვარული ისევ შემოგვრჩა.

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდი

ჰო, არ დამავიწყდეს, ძაღლები მიყვარს ძალიან, რეუნიონში მანქანის საბარგულით ძაღლების საკვები დამქონდა და უპატრონო ძაღლებს ვაჭმევდი. თბილისში ჰასკის ჯიშის ძაღლი, სახელად მაქსი მყავს. აქ კი ჩემი სამი ძაღლიდან ორი ქუჩიდან ავიყვანე. ამჟამად საფრანგეთში ვართ, მალე ისრაელში გადავალთ საცხოვრებლად და შორეული რეუნიონიდან სამივე ოთხფეხა მეგობარი თან წამოვიყვანე, აბა იქ ხომ არ დავტოვებდით?!.

ნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი
ნინო შეფიაშვილი-ბენაუდის და დანიელ ბენაუდის ქართული ქორწილი

ბოლოს გეტყვით, რომ სიცოცხლე მიყვარს, თანაც ისე, რომ სულ პატარა სიხარულიც კი ბედნიერებას მანიჭებს ხოლმე. სირთულე, რაც აქამდე გადავიტანე, თითქმის დავივიწყე და ახლა მარტო უკეთესის მოლოდინით ვცხოვრობ...

 

624
ირაკლი დევაძე

მაღალი შენობების მიღმა გადარჩენილი ქალაქის სული და უჩვეულოდ პუნქტუალური ბათუმელი

156
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
გარდა იმისა, რომ მეხუთე თაობის ბათუმელია, თავისი ბავშვობის ქალაქი გულწრფელად უყვარს, თანაც მისი წინაპრები გმირი ბათუმელები არიან და ამიტომ თავს ვალდებულადაც თვლის, რომ მასზე იზრუნოს.

ირაკლი დევაძეზე მოგახსენებთ, რომელიც მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პროფესიით მუსიკათმცოდნე, ცხოვრების სტილით კი მისი თაობის ერთ-ერთი კოლორიტული ადამიანია...

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- ბატონო ირაკლი, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, საკუთარ თავზე რას იტყოდით, რომელი თვისების წყალობით ხართ ის, ვინც ხართ?

- საკუთარი თავის დახასიათებას იმით დავიწყებდი, რომ საოცრად პუნქტუალური ვარ, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან იშვიათი ამბავია. მე რომ ვიტყვი „9 საათი“, ეს არის 9 საათი და არა 9 საათი და 10 წუთი.

ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს
ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს

- ალბათ გიჭირთ ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც პუნქტუალურობას მაინცდამაინც არ აფასებენ?

- გიდასტურებთ, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩვენში ეს თვისება ცოტას თუ გააჩნია. ჩემი აზრით, ამ თვისებაზეა დამოკიდებული ყველა სხვა თვისება – წესრიგი, საქმის სიყვარული და სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა. ამავე დროს საშინლად მოუთმენელი ვარ, ყველაფრის უცებ გაკეთება მიყვარს. სანამ რაც ჩავიფიქრე, იმას არ გავაკეთებ, შანსი არ არის, რომ მოვეშვა. ვცდილობ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანო სისრულეში.

ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად
ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად

- ბოლოს რა გახსენდებათ ისეთი, როცა საკუთარი თავით და საქმის შედეგით კმაყოფილი დარჩით?

- ბათუმელ ბავშვებს ქალაქის გარეუბანში მოვუწყვეთ თანამედროვე მოდერნიზებული სკვერი, რომლის გაკეთებას არავინ ელოდა. ეს ჩემი ინიციატივით და მეგობრების დახმარებით შევძელი. ამ სკვერის სანახავად ბათუმის მერი იყო მისული და ძალიან მოეწონა, მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. გულწრფელად მიხარია, რომ იმ უბნის ბავშვები გავახარეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- როგორც ამ ქალაქის მოყვარულ ადამიანს გკითხავთ – როგორ უნდა შეინარჩუნოს ბათუმმა თავისი თვითმყოფადობა?

- როგორც ხდება ხოლმე, ახალმა დრომ ახალი ღირებულებები და მოთხოვნები მოიტანა, ამ მხრივ არც ბათუმია გამოაკლისი. ქალაქის გარეგნული იერსახეც ახალი დროის გათვალიწინებით შეიცვალა. თუმცა ბათუმმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად იცვალა სახე, თავისი ავთენტურობა მაინც შეინარჩუნა. მისი სული ამ მაღალი შენობების მიღმა გადარჩა და უცვლელი დარჩა. მიხარია, რომ მერიაში ჩემს პოზიციაზე ყოფნის დროს საშუალება მომეცა ყველაფერი განსხვავებულად, უფრო გემოვნებიანი თვალით დამენახა და წარმომეჩინა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საერთოდ ძველისა და ახლის სინთეზს ხელოვანი ადამიანი უფრო სხვა ხარისხში აღიქვამს. ელემენტარულს გეტყვით, როდესაც რაიმე შეხვედრებია, ხელოვან ადამიანს ბევრ ხალხში ადვილად გამოარჩევ, თუნდაც ჩაცმის თავისებური სტილით, მანერებით, საუბრით. ბავშვობაში, როდესაც ვინმე მუსიკალურ სკოლას ამთავრებდა, ან რაიმე სახელოვნებო ზოგად განათლებას იღებდა, ის ბავშვიც კი გამოირჩეოდა სხვებისგან. დღეს კი ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გააუბრალოვა. ამიტომ ვცდილობთ პატარა ბათუმელებს ქალაქში ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თანამედროვეც იყოს და სათანადო გემოვნებაც ჩამოუყალიბდეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- თქვენი აზრით, საიდან იწყება ქალაქის სიყვარული?

- ბათუმელობა, ბათუმის სიყვარული პირველ რიგში იწყება იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობ. სახლის სადარბაზოდანაც ჩანს მასში მცხოვრები ადამიანების კულტურა და საკუთარი ქალაქისადმი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, თუ სახლში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს ღირსეული, ის არ დაუშვებს, რომ მისი სახლის სადარბაზო დაბინძურებული იყოს, ან უცენზურო ფრაზებით გადაჭრელებული. ქალაქი არ უნდა დააბინძურო – ეს ხომ იგივე შენი ოჯახია და შენი სახლია!

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში?

- საყვარელი ადგილი ბათუმში ცენტრალური პარკია, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობა, უბედნიერესი წლებია დაკავშირებული. სხვათა შორის, მე მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ.

- თქვენი ბაბუა ბათუმის კოლორიტი და გამორჩეული ადამიანი იყო...

- ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა დიდი მსახიობი აკაკი ხორავა ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეიქმნა. მან ბევრ ადამიანს შორის ოთხი ლამაზი ბიჭი შეარჩია – ავთო მეგრელიძე, იუსუფ კობალაძე, მურად ხინიკაძე და ჩემი ბაბუა ჯემალ დევაძე. ისინი ერთად შეკრიბა და მიიწვია სუფრაზე, სადაც თამადა, რა თქმა უნდა, თავად ხორავა იყო. იმ სუფრის ამბავს ბაბუა დიდხანს იხსენებდა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რა არის ის, რისი წყალობითაც ბათუმი თავის სახეს არ დაკარგავს?

- ზემოთ გავიხსენე ბაბუა, რომელიც თავის სამ ძმასთან ერთად სამამულო ომში დაიღუპა. ოთხივე გმირია. ის ფაქტი, რომ მე ასეთი გმირების შთამომავალი ვარ, დამატებითი ვალდებულებაა საიმისოდ, რომ ამ ქალაქს მაქსიმალურად ბევრი რამ გავუკეთო. საერთოდ ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანების წყალობით შემორჩა ბათუმს ის სული, ტრადიციები და ხასიათი, რაც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ჩვენ კი ეს ყველაფერი მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ...

 

156
ცესკო

ინციდენტი ცესკოში: თამარ ჟვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

0
(განახლებულია 04:25 01.11.2020)
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 საარჩევნო უბნიდან 1085 უბნის მონაცემები დაამუშავა,

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როდესაც თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, ინციდენტი მოხდა.  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცესკოს წევრებმა „ქართული ოცნების“ მაღალი შედეგი გააპროტესტეს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვიდნენ აქ. მათ კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს. მოვუწოდებ ადგილობრივ დამკვირვებლებს და იმ პირებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეები, საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების დათვლის საშუალება მისცენ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ჟვანიას განმარტებით, ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 საარჩევნო უბნიდან 1085 უბნის მონაცემები დაამუშავა, რომლის თანახმად, პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54,72% (193 418 ხმა)

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 23,61% (83 447)

 „ევროპული საქართველო“ (დავით ბაქრაძე) – 3,99% (14 117)

 „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) – 3,34 (11810)

„ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე)– 2,66% %(9 408)

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46% (8705)

„გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 1,91% (6 753).

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში ოირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020